1 .
პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის,
2 .
წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში
3 .
თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
4 .
სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
5 .
რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
6 .
რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ მოწოდებულნი,
7 .
ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.
8 .
უპირველესად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა მთელს მსოფლიოში ეუწყება.
9 .
მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10 .
მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
11 .
ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
12 .
რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13 .
მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში, თუმცა აქამდე ვბრკოლდებოდი.
14 .
ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15 .
ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
16 .
ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
17 .
ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: "მართალი იცოცხლებს რწმენით”.
18 .
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19 .
იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ.
20 .
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.
21 .
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22 .
თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23 .
და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24 .
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში.
25 .
რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ!
26 .
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი.
27 .
ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28 .
და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
29 .
აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30 .
ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31 .
უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
32 .
იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც უწონებენ.