1 .
უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსია ბეერის ძის მიმართ, იუდას მეფეების: ყუზიას, იოთამის, ახაზის, იეხიზკიას დღეებში და ისრაელის მეფის, იერობოამ იოაშის ძის დღეებში.
2 .
როცა იწყო უფალმა ოსიას პირით ლაპარაკი, უთხრა ოსიას: "წადი, მოიყვანე ცოლად გარყვნილი ქალი და იყოლიე გარყვნილების შვილები; რადგან საშინელი მრუშობით გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს”.
3 .
წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი.
4 .
უთხრა მას უფალმა: "იზრეყელი დაარქვი სახელად, რადგან ცოტაც და მოვკითხავ იზრეყელის სისხლს იეჰუს სახლს და ბოლოს მოვუღებ ისრაელის სახლის მეფობას.
5 .
იმ დღეს გადავტეხ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე”.
6 .
კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა მას უფალმა: "ლორუხამა დაარქვი სახელად, რადგან აღარ შევიბრალებ ისრაელის სახლს და აღარასოდეს მივუტევებ.
7 .
იუდას სახლს კი შევიბრალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც ცხენებითა და არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
8 .
როცა მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა, კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი.
9 .
თქვა უფალმა: "ლოყამი დაარქვი სახელად, რადგან აღარ ხართ ჩემი ხალხი და აღარც მე ვარ თქვენი ღმერთი!”
10 .
მაგრამ ზღვის ქვიშასავით გახდება ისრაელის ძეთა რიცხვი, არც გაიზომება და არც აღირიცხება; იმის ნაცვლად, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან: "ცოცხალი ღმერთის ძენი ხართო”.
11 .
ერთად შეიყრებიან იუდას ძენი და ისრაელის ძენი, ერთ მთავარს დაისვამენ თავიანთთვის და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე.