1 . მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: "ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.
2 . ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
3 . მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4 . ფარაონის ეტლები და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ წითელ ზღვაში.
5 . დაფარა ისინი წყალმა; ლოდებივით ჩაეშვნენ სიღრმეში.
6 . მარჯვენა შენი, უფალო, განდიდებულია ძალით, მარჯვენამ შენმა, უფალო, გააცამტვერა მტერი.
7 . შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.
8 . შენი ნესტოების ქარის ქროლვით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ტალღები, შედედდნენ მორევნი ზღვის გულში.
9 . თქვა მტერმა: "დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ამოვიყრი, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ხელი ჩემი”.
10 . დაჰქროლე შენი სუნთქვით და ზღვამ დაფარა ისინი - ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ წყალში.
11 . ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?
12 . გაიწოდე მარჯვენა და მიწამ შთანთქა ისინი.
13 . წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.
14 . ისმინეს ხალხებმა და ათრთოლდნენ; ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მკვიდრნი.
15 . მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთვარნი, აცახცახდნენ მოაბის თავკაცნი და შეკრთნენ მკვიდრნი ქანაანისა.
16 . დაეცათ შიში და ძრწოლა; შენი მკლავის სიმაგრემ ლოდივით დაადუმა ისინი, სანამ გაივლის შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლის ეს ხალხი, რომელიც შეისყიდე.
17 . მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.
18 . უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე”.
19 . როდესაც ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებით ზღვაში შევიდნენ, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ისრაელის შვილებმა კი მშრალ მიწაზე გაიარეს შუა ზღვაში.
20 . აიღო წინასწარმეტყველმა მირიამმა, აჰარონის დამ, დაფდაფი ხელში, და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21 . და ხოტბით უპასუხა მირიამმა: "უგალობეთ უფალს, რადგან ფრიად განდიდდა იგი; ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი”.
22 . წაიყვანა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23 . მივიდნენ მარას და ვერ შეძლეს წყლის დალევა მარაში, რადგან მწარე იყო, ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24 . და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: "რა დავლიოთ?”
25 . შეჰღაღადა მოსემ უფალს და უჩვენა მას უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26 . თქვა: "თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27 . მივიდნენ ელიმში და იყო იქ თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე; და იქ დაიბანაკეს წყლის პირას.
1 . ასე გალობდნენ იმ დღეს დებორა და ბარაკი, აბინოყამის ძე:
2 . "როცა წამოიმართნენ ისრაელის მთავარნი, ხალხი მოხალისედ გამოვიდა, აკურთხებდეთ უფალს!
3 . ისმინეთ მეფენო, ყურად იღეთ დიდებულნო: უფალს ვუმღერი, ვუგალობ უფალს, ისრაელის ღმერთს.
4 . უფალო, მიწა იძვროდა სეყირიდან და ედომის ველიდან შენი გამოსვლისას, ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდნენ,
5 . მთანი იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თვით სინაის მთაც კი, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
6 . გაუკაცრიელდა გზები შამგარ ყანათის ძისა და იაყელის დროს, და ოღრო-ჩოღრო ბილიკებს დაადგნენ სწორ გზაზე მავალნი.
7 . განადგურდა დაბა-სოფლები ისრაელში, მოისპო, სანამ აღვდგებოდი მე, დებორა, ვიდრე აღვდგებოდი მე, დედა, ისრაელში.
8 . არჩიეს ახალი ღმერთები, ამიტომ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გინახავთ ისრაელის ორმოცი ათასი ფარი და შუბი?
9 . ჩემი გული თქვენთანაა, ისრაელის მთავარნო, რომლებიც თქვენი ნებით გამოხვედით ხალხთან. აკურთხეთ უფალი!
10 . თეთრ სახედრებზე შემომსხდარნო, ძვირფას ხალიჩებზე მორთხმულნო და გზად მიმავალნო, იგალობეთ.
11 . მეისრეთა ხმაზე მეტად ისმის წყაროსთან შემოკრებილთა ხმა; ისინი უფლის სიმართლის საქმეებზე ლაპარაკობენ; სიმართლის საქმეებზე, რომლებიც მის სოფლებში მცხოვრებთათვის მოიმოქმედა! მერე კი ჩავა უფლის ხალხი კარიბჭეებთან.
12 . გაიღვიძე, გაიღვიძე დებორა, გაიღვიძე, გაიღვიძე! წარმოთქვი საგალობელი! ადექი ბარაკ, ტყვედ წამოასხი შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
13 . მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა უფალმა ხალხი; მე დამიმორჩილა უფალმა მებრძოლნი.
14 . ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში ფესვგადგმულნი; ბენიამინიც მოგყვა შენს ხალხს შორის; მაქირისგან წამოვიდნენ მმართველნი და ზებულონისგან აღმრიცხველთა კვერთხის მპყრობელნი.
15 . მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; როგორც ისაქარი, ისე ბარაკი, ქვეითად წარიგზავნენ ველზე; დიდად ორჭოფობენ რეუბენის რაზმები.
16 . რისთვის იჯექი ფარეხებში, ჯოგთა ბღავილის მოსასმენად? დიადი ორჭოფობა იყო რეუბენის რაზმებში.
17 . გილყადი იორდანეს გაღმა დარჩა, დანი რაღად რჩება ხომალდებზე? აშერი ზღვათა სანაპიროზე ზის და ბინადრობს თავის ნავსადგურზე.
18 . ზებულონის ხალხმა გასწირა თავი სასიკვდილოდ და ნაფთალმა - მინდვრის მაღლობებზე.
19 . მოვიდნენ მეფენი და იომეს; იბრძოდნენ ქანაანელი მეფენი თანაქში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ ვერ ჩაიგდეს ვერცხლის ნადავლი.
20 . ციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას.
21 . წალეკა ისინი კიშონის ხევმა, კედუმის ხევმა, კიშონის მდინარემ. გაილაშქრე ძლიერებით თავო ჩემო.
22 . მაშინ ჭენებით იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები, როცა გარბოდნენ მისი მეომრები.
23 . თქვა უფლის ანგელოზმა: "დაწყევლეთ მეროზი, მწარედ დაწყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის შემწედ, უფლის შემწედ ძლიერებთან ერთად”.
24 . კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კენიელი ხებერის ცოლი. კარვის დიაცთა შორის იკურთხოს.
25 . წყალი სთხოვა სისარამ იაყელს, რძე მისცა, ნაღები მიართვა დიდებულთა ფიალით.
26 . ერთი ხელით პალოს დასწვდა, მეორე უროსკენ გაიწოდა და დაჰკრა სისარას, თავი გაუპო, განგმირა, საფეთქელი შეუნგრია.
27 . მის ფეხებთან ჩაიჩოქა, დაეცა, განერთხა; მის ფეხებთან დაიჩოქა, დაეცა; სადაც დაიჩოქა, იქვე დაეცა განგმირული.
28 . სარკმლიდან იმზირება და მოსთქვამს სისარას დედა: რად იგვიანებს მისი ეტლი, რად ყოვნდებიან მისი ეტლის ნაკვალევნი?
29 . მიუგებენ გონიერი ასულნი, თვითონაც პასუხობს თავის თავს:
30 . "ალბათ იპოვეს და იყოფენ ნადავლს - თითოს ან ორ-ორ ქალწულს მეომარზე; ნადავლად ნაქარგი ფერადი სამოსელი სისარას: ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორმხრივად ნაქარგი”.
31 . ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! ხოლო მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით ანათებდნენ მთელი ძლიერებით!” და არ შეწუხებულა ქვეყანა ორმოც წელიწადს.
1 . იმ დღეს, როცა უფალმა ყოველი მისი მტრის ხელთაგან იხსნა დავითი, ამ სიტყვებით უგალობა მან უფალს:
2 . "უფალი კლდეა ჩემი, ციხესიმაგრეა და მხსნელი ჩემი.
3 . ღმერთი კლდეა ჩემი, იგია ჩემი თავშესაფარი; ფარია ჩემი და ხსნის რქაა, სიმაგრეა და თავშესაფარი ჩემი, ჩემი მხსნელია, რომელმაც დამიფარა ძალადობისგან.
4 . მოვუხმე უფალს, დიდად საქებარს და გადამარჩინა ჩემი მტრებისგან.
5 . ალყაში მომიქციეს სიკვდილის ტალღებმა, განადგურების ნაკადები დამესხნენ თავს,
6 . ქვესკნელის ბორკილები შემომეხლართა და სიკვდილის ბადეებში გავები.
7 . გასაჭირში მოვუხმე უფალს, ჩემს ღმერთს შევღაღადე; და ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8 . შეირყა, იძრა დედამიწა, ათრთოლდა და შეირყა ზეცის საფუძველი ღვთის განრისხებისას.
9 . კვამლი ავარდა მისი ნესტოებიდან, მშთანმთქმელი ცეცხლი - მის ბაგეებიდან; ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
10 . მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა; უკუნი ნისლი იდგა მის ფეხქვეშ.
11 . ქერუბიმებზე ამხედრებული გაფრინდა და გამოჩნდა ქარიშხლის ფრთებზე;
12 . წყვდიადი შემოირტყა გარშემო კარვებად, წყლის ბინულებად ცათა ღრუბელნი.
13 . მისმა ელვარებამ ცეცხლის ნაკვერჩხლები ააგიზგიზა.
14 . ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.
15 . ისრებით გაფანტა ჩემი მტრები, ელვით გაანადგურა ისინი.
16 . შერისხა უფალმა, თავისი ნესტოების სუნთქვა მიაქცია და გამოჩნდნენ ზღვის დინებანი და გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი.
17 . მაღლიდან მომწვდა, ამიყვანა და წყალთა მორევიდან გამომიყვანა.
18 . უძლიერესი მტრისგან მიხსნა, მათგან, ვისაც ვძულდი, ვინც ძლიერი იყო ჩემზე.
19 . თავს დამესხნენ ჩემი გასაჭირის დღეს და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20 . გაშლილ სივრცეში გამიყვანა და მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.
21 . ჩემი სიმართლისამებრ მომაგო უფალმა, ჩემი ხელის სიწმინდისამებრ გადამიხადა.
22 . რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისთვის არ შემიცოდავს.
23 . რადგან ჩემ წინაშეა მისი მცნებები და არ გადამიხვევია მის დადგენილებათაგან;
24 . უბიწო ვიყავი მის წინაშე და ცოდვას გავურბოდი.
25 . საზღაური მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისა და სიწმიდის გამო მის თვალში.
26 . წყალობის მქნელს - წყალობით ექცევი და წრფელ კაცთან წრფელი ხარ.
27 . წმიდასთან - წმიდა ხარ და მზაკვართან - მისი ცბიერებისამებრ.
28 . დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;
29 . რადგან შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო; უფალი გამინათებს ბნელს.
30 . რადგან შენით შევმუსრავ ლაშქარს და ჩემი ღვთით გადავევლები გალავანს.
31 . უმწიკვლოა ღვთის გზა; წმიდაა უფლის სიტყვა, ფარია მათთვის, ვინც მასში ეძებს თავშესაფარს.
32 . რადგან ვინაა ღმერთი უფლის გარდა ან ვინაა კლდე გარდა ჩვენი ღმერთისა?
33 . ღმერთი მტკიცე ციხესიმაგრეა ჩემი; უბიწოებს, თავის გზაზე აყენებს იგი,
34 . ფურირმის ფეხებს მომცემს და მწვერვალებზე დამაყენებს.
35 . გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
36 . შენგან მომეცა ხსნის ფარი და შენმა მოწყალებამ შემმოსა დიდებით.
37 . შენ გამიფართოვე ნაბიჯები, რათა არ მომიცურდეს ფეხები.
38 . ვდიე ჩემს მტრებს და არ მოვბრუნებულვარ, ვიდრე არ წარვხოცე ისინი.
39 . ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარასოდეს წამოდგებიან, ჩემს ფეხქვეშ დაეცნენ ისინი.
40 . შენ მმოსავ ძალით ბრძოლისთვის და ჩემს წინ აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ.
41 . შენ უკუაქციე ჩემგან მტრები, და მეც გავანადგურე ჩემი მოძულენი.
42 . ეძიებენ და არავინ ჰყავთ მშველელი; უფალსაც კი უხმობენ და არ პასუხობს უფალი.
43 . მიწის მტვერივით ვფანტავ, ქუჩის ტალახივით ვთელავ მათ.
44 . შენ მიხსენი ჩემი ხალხის ამბოხისგან; შენ შემინახე, რათა ერების მთავარი ვიყო; ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45 . უცხოტომელთა შვილები მეპირფერებიან, მემორჩილებიან, როგორც კი ესმით ჩემს შესახებ.
46 . უცხოტომელთა შვილები მისავათდებიან და თავისი სიმაგრეების მიღმა შეძრწუნდებიან.
47 . ცოცხალია უფალი! კურთხეულ იყოს სიმტკიცე ჩემი! ამაღლდეს ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა;
48 . ღმერთი იძიებს ჩემთვის შურს და ის დამიმორჩილებს ხალხებს.
49 . ის მიხსნის მტრისგან და ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემს წინააღმდეგ აღსდგა; მიხსნის მოძალადე კაცისგან.
50 . ამიტომ გმადლობ, შენ უფალო, ერებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.
51 . ხსნის გოდოლია უფალი თავისი ცხებული მეფის, დავითისა და მისი შთამომავლობისთვის უკუნისამდე!
1 . დასრულდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა დავითის, მამამისის მიერ მიძღვნილი ვერცხლი და ოქრო, ასევე ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დადო.
2 . მაშინ შემოიკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის თავკაცი და ისრაელის მამისსახლთა მთავრები, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, იგივე სიონიდან.
3 . შეიკრიბა მეფესთან ყველა ისრაელიანი სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.
4 . მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს ლევიანებმა კიდობანი.
5 . გამოიტანეს კიდობანი და საკრებულო კარავი და მთელი წმიდა ჭურჭელი, რომელიც კარავში იყო. მღვდლები და ლევიანნი ეზიდებოდნენ.
6 . მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის თემი, რომელიც მასთან შეიკრიბა, კიდობნის წინ სწირავდნენ ცხვრებსა და ხარებს, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
7 . მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე, სახლის შიდა ოთახში, წმიდათაწმიდაში, ქერუბთა ფრთებქვეშ.
8 . ვინაიდან კიდობანზე ჰქონდათ ფრთები გაშლილი ქერუბებს და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის კეტებს.
9 . გრძელი იყო კეტები და საწმიდრიდან ჩანდა მათი ბოლოები, დაბირის წინ, მაგრამ გარედან არ ჩანდა; დღემდე იქ არის ისინი.
10 . არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, რომლებიც მოსემ ჩააწყო ხორებთან, როცა აღთქმა დაუდო უფალმა ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.
11 . და როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან, - რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა განურჩევლად დასებისა;
12 . ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი მოძმენი, ბისონით შემოსილნი, წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი და მათთან ერთად ას ოცმა მღვდელმა ჩაჰბერა საყვირს.
13 . ხმები შეუწყვეს მესაყვირეთ და მგალობელთ, რათა ერთხმად ექოთ და ედიდებინათ უფალი; აღიმაღლეს ხმა საყვირების, წინწილების და საკრავების თანხლებით, აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა და სიკეთე მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
14 . ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.
1 . გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
2 . რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
3 . უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
4 . თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
5 . დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
6 . აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
7 . გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
8 . უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
9 . შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
10 . ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
11 . ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
12 . მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
13 . მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
14 . აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
15 . ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
16 . მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
17 . ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
1 . გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
2 . ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
3 . ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
4 . რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
5 . განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
6 . მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
7 . ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
8 . და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
9 . უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
10 . შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
11 . უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
12 . რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
13 . შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
14 . რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
15 . ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
16 . ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
17 . დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
18 . სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
19 . აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
20 . უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
21 . რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
22 . ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
23 . რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
24 . ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
25 . გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
26 . თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
27 . მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
28 . ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
29 . დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
30 . მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
31 . თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
32 . აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
33 . რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
34 . უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
35 . გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
36 . უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
37 . უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
38 . გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
1 . საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
2 . რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
3 . ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
4 . ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
5 . ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
6 . ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა.
7 . მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
8 . ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
9 . მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
10 . ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.
1 . ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
2 . ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
3 . ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
4 . გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
5 . რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6 . შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7 . ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8 . მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9 . და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10 . და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11 . წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12 . და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
13 . აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14 . და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15 . და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16 . და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
17 . გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18 . და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19 . გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20 . და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21 . დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
22 . საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23 . დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
24 . მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
25 . დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26 . მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27 . და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
28 . დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
29 . განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
30 . წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
31 . ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32 . გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33 . რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34 . არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35 . აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36 . ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
37 . შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
38 . დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39 . შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40 . მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41 . და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
42 . ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43 . მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44 . იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45 . გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46 . აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
47 . გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
48 . კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
1 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2 . იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
3 . და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.
4 . აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი.
5 . შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.
6 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
7 . და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
8 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
9 . რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
10 . მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
11 . რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
12 . მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
13 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
14 . გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა.
15 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
16 . რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
17 . ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
18 . ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
19 . შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
20 . მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
21 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
22 . შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
23 . ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
24 . მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
25 . ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
26 . ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.
27 . წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
28 . და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა.
29 . გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
30 . გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
31 . დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
32 . დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
33 . გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
34 . ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
35 . გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
36 . დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად.
37 . დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ.
38 . აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
39 . დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან.
40 . სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
41 . გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
42 . ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს პირი აეკვრება.
43 . ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.
1 . გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
2 . ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
3 . გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.
1 . და იტყვი იმ დღეს: "გმადლობ შენ, უფალო, რომ განმირისხდი, მაგრამ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.
2 . აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.
3 . ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.
4 . იმ დღეს იტყვით: "მადლობა მიაგეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, ხალხებში განაცხადეთ მისი საქმენი, გაახსენეთ, რომ ამაღლებულია მისი სახელი.
5 . უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული საქმეები მოიმოქმედა, მთელ ქვეყნიერებას აუწყეთ ეს ამბავი.
6 . ხმამაღლა შესძახე და სიხარულით იყიჟინე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია შენს წიაღში ისრაელის წმიდა”.
1 . ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს:
2 . "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
3 . მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4 . მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5 . მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
6 . ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო,
7 . მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა.
8 . ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა?
9 . ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”.
10 . იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა.
11 . ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12 . ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
14 . მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა.
15 . ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.
16 . მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
17 . უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
18 . მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.
19 . მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
20 . რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21 . ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.
22 . ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”
23 . ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.
24 . ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
25 . მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
26 . ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
27 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან,
28 . რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29 . და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
30 . იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.
31 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.
32 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.
33 . მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”.
34 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
35 . უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36 . მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.
37 . თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38 . მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
39 . ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.
40 . მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
42 . მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
43 . კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44 . მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45 . მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
46 . ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48 . ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”
49 . მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
50 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51 . და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52 . მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53 . ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?
54 . მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
55 . და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56 . მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57 . იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.
58 . ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59 . მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60 . და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61 . და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
62 . მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”
63 . იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”
64 . უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
65 . მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66 . რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”.
67 . მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ.
68 . და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
69 . პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”.
70 . მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.
71 . კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.
72 . მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
73 . ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”.
74 . მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
75 . და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
1 . მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა;
2 . იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.
3 . ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.
4 . ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება,
5 . რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.
6 . არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
7 . ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8 . ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,
9 . რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;
10 . გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.
11 . და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
12 . რადგან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
13 . და მაინც, ყველაფერი სინათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია.
14 . ამიტომ ითქვა: "გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.
15 . მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16 . გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.
17 . მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.
18 . ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
19 . ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
20 . მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
21 . დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.
22 . ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23 . ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი.
24 . და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
25 . მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26 . რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით.
27 . და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
28 . ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს.
29 . ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.
30 . იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.
32 . დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე.
33 . ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს - მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.
1 . და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
2 . ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: "ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?”
3 . და არავის შეეძლო არც ცაში, არც დედამიწაზე და არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა.
4 . ბევრი ვიტირე იმის გამო, რომ არ მოიძებნა ამ წიგნის გადაშლისა და მასში ჩახედვის ღირსი.
5 . და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: "ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.
6 . შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილნი მთელ დედამიწაზე.
7 . მივიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომის მარჯვენიდან.
8 . წიგნი რომ აიღო, ოთხი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმიდათა ლოცვებია.
9 . ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: "შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან.
10 . და გვქმენი ჩვენ სამეფოდ და მღვდლებად ჩვენი ღმერთისთვის, და ვიმეფებთ დედამიწაზე”.
11 . ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ; და მათი რიცხვი იყო ათიათასთა ათიათასები და ათასთა ათასები;
12 . დიდი ხმით ამბობდნენ: "ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”.
13 . და გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, ამბობდა: "ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე”.
14 . და თქვა ოთხმა არსებამ: "ამინ!” და დაემხო ოცდაოთხი უხუცესი და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
1 . და ვიხილე, აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.
2 . გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
3 . ახალ საგალობელს გალობდნენ ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე; არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისგან გამოსყიდული ას ორმოცდაოთხი ათასისა.
4 . ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის.
5 . სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.
6 . და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც შუა ცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარა დედამიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად.
7 . დიდი ხმით ამბობდა: "გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.
8 . სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: "დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”.
9 . მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და დიდი ხმით თქვა: "ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,
10 . ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.
11 . მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.
12 . აქაა წმიდანთა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
13 . და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: "დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.
14 . და ვიხილე, აჰა, თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე კაცის ძის მსგავსი; თავზე ოქროს გვირგვინი ადგას და ხელში ბასრი ნამგალი უჭირავს.
15 . გამოვიდა ტაძრიდან სხვა ანგელოზი და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: "გაგზავნე შენი ნამგალი და მოიმკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი დედამიწაზე”.
16 . ჩამოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა.
17 . სხვა ანგელოზიც გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია; მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი.
18 . გამოვიდა სამსხვერპლოდან სხვა ანგელოზიც, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.
19 . ჩამოაგდო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოკრიფა დედამიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში.
20 . დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახელიდან ცხენების აღვირებამდე, ათას ექვსას სტადიონამდე.
1 . და ვიხილე სხვა ნიშანი ზეცაში, დიდი და საკვირველი; შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის რისხვა.
2 . და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.
3 . და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: "დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!
4 . ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.
5 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, გაიხსნა მოწმობის კარვის ტაძარი ზეცაში.
6 . გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსელით შემოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ.
7 . ოთხი ცხოველიდან ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით სავსე.
8 . და აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.
1 . 1. თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი, 2. რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან. 3. მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა დაფარა ბორცვები. 4. ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის. 5. მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით. 6. არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა, მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით. 7. ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე, 8. თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ საცთუნებლად. 9. მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი. 10. შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა გულადობამ გააოგნა. 11. მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ. 12. მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით. 13. გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით საკვირველი, დაუძლეველი, 14. შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ გაუძლოს შენს ხმას. 15. წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ. 16. რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი ყველაფერზე დიდია. 17. ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს და მწარედ იტირებენ უკუნისამდე. 18. როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი. 19. შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა, რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო ოლოფერნეს საწოლიდან. 20. სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და ივდითიც მათთან ერთად იყო. 21. ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე. 22. ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის ერს შეუერთდა. 23. უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში. 24. შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის საგვარეულოში. 25. ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც.
1 . 1. სიბრძნემ დაიცვა პირველდასახული მამა სამყაროსი, მარტოდ შექმნილი, და იხსნა იგი დაცემისგან; 2. და მისცა მას ძალა ყოველთა განსაგებლად. 3. მაგრამ წარწყმდა მისგან ბრაზით განმდგარი უკეთური, როცა რისხვამორეულმა ძმა მოკლა. 4. მის გამო წარღვნილი მიწა კვლავ სიბრძნემ იხსნა, როცა ხის ნაგლეჯით გადაარჩინა მართალი. 5. მან გამოიცნო მართალი კაცი ბოროტებაში შეთანხმებულ ხალხთა შორის და უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე, და შვილის სიბრალულით სიძლიერე შეუნარჩუნა. 6. მანვე გადაარჩინა მართალი, როცა ღუპავდა ურჯულოებს; გაექცა ცეცხლს, გარდმოვლენილს ხუთ ქალაქზე, 7. რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი. 8. სიბრძნისთვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს, ვერ შეძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს. 9. სიბრძნემ კი იხსნა თავისი მსახურნი სატანჯველთაგან. 10. ძმის რისხვისგან გაქცეულ მართალს სწორ გზებზე უწინამძღვრა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, მწედ ეყო ტანჯვა-წამებაში და ნაყოფი მისი ღვაწლისა გაამრავლა. 11. როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, გვერდში ამოუდგა მას და გაამდიდრა. 12. დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია. 13. არ მიატოვა გაყიდული მართალი, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი; 14. ჯურღმულში ჩავიდა მასთან და ბორკილებში როდი დატოვა, არამედ მიუტანა კვერთხი მეფობისა და ძალაუფლება მის მჩაგვრელებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა. 15. წმიდა ერი და უბიწო თესლი დაიხსნა მჩაგვრელი ხალხებისგან. 16. შევიდა უფლის მსახურის სულში და სასტიკ მეფეებს წინ აღუდგა სასწაულებითა და ნიშნებით. 17. მისცა ღირსეულებს საზღაური მათი ღვაწლისა, საკვირველ გზაზე უწინამძღვრა და იქმნა მათთვის დღისით საფარველად, ხოლო ღამღამობით - ვარსკვლავთა ელვარებად. 18. გადაიყვანა ისინი მეწამულ ზღვაზე და ადიდებულ წყლებს გაღმა გადაუძღვა. 19. მათი მტრები კი ჩაძირა და უფსკრულის სიღრმიდან ამოტყორცნა. 20. ამიტომაც მართლებმა უღვთოებს საჭურველი აჰყარეს და შენს წმიდა სახელს უმღერეს და ერთსულოვნად აქეს შენი მფარველი ხელი. 21. რადგან სიბრძნემ პირი გაუხსნა მუნჯებს და ჩვილთა ენებს სიცხადე მისცა.
1 . 1. ხოლო უღვთოთათვის ბოლომდე გაგრძელდა უწყალო რისხვა, რადგან მათ ჩასადენ საქმეებს წინასწარ ჭვრეტდა, 2. იცოდა, გასვლის ნებას დართავდნენ მათ და საჩქაროდ გაისტუმრებდნენ, მაგრამ შემდეგ შეინანებდნენ და დაედევნებოდნენ. 3. რადგან სანამ მწუხარებაში იყვნენ და გლოვობდნენ მკვდართა საფლავებზე, სხვა უგუნური განზრახვა ჩაიფიქრეს: უკან გამოედევნებოდნენ მათ, როგორც ლტოლვილებს, რომელთაც წინათ წასვლას ევედრებოდნენ. 4. ამ აღსასრულისკენ მიიზიდა ისინი ბედისწერამ, რომლის ღირსნიც იყვნენ და დაავიწყა თავს გარდახდილი, რათა სასჯელით შეევსოთ, რაც მათ სატანჯველს დააკლდა; 5. რომ შენი ხალხი გაუგონარი მგზავრობით გამოგეცადა, იმათ კი უცხო სიკვდილი ეპოვათ. 6. რადგან ყოველმა ქმნილებამ თავისი ბუნება შეიცვალა შენს ბრძანებათა სამსახურად, რათა შენი შვილები უვნებლად დაცულიყვნენ. 7. ბანაკს ღრუბელი უჩრდილებდა, ხოლო სადაც ადრე წყალი იდგა, ხმელეთი გამოჩნდა; ასევე ბილიკი მეწამულ ზღვაში, დაუბრკოლებელი გზა და მწვანე ველი ბობოქარ ტალღებში, 8. რომლითაც გააღწია მთელმა ერმა, შენი ხელით დაცულმა და საკვირველ სასწაულთა მხილველმა; 9. რადგან ცხენებივით ძოვდნენ და კრავებივით ხტოდნენ, და გაქებდნენ შენ, უფალს - თავიანთ მხსნელს. 10. რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას მიწამ, ნაცვლად იმისა, რომ ცხოველები დაებადა, ჭიები წარმოშვა და მდინარემ თევზების ნაცვლად გომბეშოთა სიმრავლე ამოჰყარა. 11. ხოლო შემდეგ ჩიტების ახალი გვარიც კი იხილეს, როცა გულისთქმით შეპყრობილნი ნოყიერ საზრდელს ითხოვდნენ. 12. რადგან მათთვის შვების მისაცემად მწყერები გამოფრინდნენ ზღვიდან, 13. ცოდვილებზე კი სასჯელებმა მოაწია, რომელთა ნიშნები წინასწარ გამოჩნდა მეხისტეხაში; სამართლიანად იტანჯებოდნენ ჩადენილი ბოროტებისთვის, რადგან სასტიკ სტუმართმოძულეობას იჩენდნენ. 14. სხვანი თუ სტუმრად არ იღებდნენ მათთან მოსულ უცხოელებს, ესენი კეთილისმყოფელ სტუმრებს იმონებდნენ. 15. არა მხოლოდ ამათ, არამედ იმათაც დაედებათ მსჯავრი, რადგან მტრულად იღებდნენ სტუმრებს. 16. ამათ ჯერ ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ მათთან უკვე უფლებებით გათანაბრებულნი, მძიმე სატანჯველში ჩაყარეს. 17. თვალისჩინი წაერთვათ მათ იმათ მსგავსად, მართალის კართან მრუმე წყვდიადით გარემოცულნი, შესასვლელს რომ ეძებდნენ. 18. რადგან სტიქიებიც გარდაიქმნენ, ქნარის ხმებივით; ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, თავად კი არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს. 19. რადგან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად შეიცვალნენ და წყალში მცურავნი ხმელეთზე გადმოვიდნენ. 20. ცეცხლმა წყალშიც კი შეინარჩუნა თავისი ძალა და წყალმა დაივიწყა დამშრეტელის ბუნება. 21. ალმა, პირიქით, ვერაფერი ავნო მასში მოარულ ხრწნად ცხოველთა ხორცს და ვერც ადვილად დნობადი ყინულის მსგავსი ღვთაებრივი საზრდელი დაადნო. 22. რადგან შენ აამაღლე, უფალო, ყოველნაირად შენი ერი, განადიდე და არ მიატოვე, არამედ მხარში ედექი მარად და ყველგან.
1 . გაიგო ქანაანელმა ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა ისრაელს და ტყვედ წაიყვანა ზოგიერთი მათგანი.
2 . აღთქმა დაუდო ისრაელმა უფალს და თქვა: "თუ ხელში ჩამიგდებ ამ ხალხს, მაშინ ავაოხრებ მათ ქალაქებს”.
3 . და შეისმინა უფალმა ისრაელის ხმა, მისცა ქანაანელნი, ააოხრეს ისინი თავის ქალაქებიანად და უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა ანუ აოხრება.
4 . ჰორის მთიდან წითელი ზღვისაკენ მიმავალი გზით დაიძრნენ, რათა შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
5 . და ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: "რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში დავიხოცოთ? არც პურია, არც წყალი და ეს უვარგისი საჭმელიც შესძაგდა ჩვენს სულს”.
6 . მოუვლინა უფალმა ხალხს ცეცხლოვანი გველები, დაკბინეს ხალხი და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი.
7 . მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: "შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის.
8 . უთხრა უფალმა მოსეს: "გააკეთე ცეცხლოვანი გველი და სვეტზე მიამაგრე, შეხედავს რა მას ყოველი დაგესლილი, იცოცხლებს”.
9 . გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და სვეტზე მიამაგრა; თუ დაგესლავდა გველი კაცს, შეხედავდა სპილენძის გველს და უვნებელი რჩებოდა.
10 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და დაიბანაკეს ობოთში.
11 . აიყარნენ ობოთიდან და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირდაპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ.
12 . დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ ზარედის ხევში.
13 . გაემგზავრნენ იქიდან და არნონის მიღმა დაბანაკდნენ უდაბნოში, რომელიც ამორელთა საზღვრიდან გამოდის; ვინაიდან არნონი მოაბს ესაზღვრება, მოაბსა და ამორელებს შორის.
14 . ამიტომაა ნათქვამი უფლის ომების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ნაკადებში,
15 . ქანობი ნაკადებისა, რომელიც შებეთ-არასაკენ ეშვება და მოაბის საზღვარს ემიჯნება.
16 . იქიდან ჭისკენ წავიდნენ. ეს ის ჭაა, რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: "შეკრიბე ხალხი, რათა მივცე მათ წყალი”.
17 . მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: "აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას.
18 . ჭას, რომელიც მთავრებმა ამოთხარეს, წარჩინებულებმა ხალხთაგან, თავიანთი კვერთხითა და არგნებით!” ხოლო უდაბნოდან მათანასაკენ გაემართნენ.
19 . მათანადან - ნახალიელისკენ და ნახალიელიდან - ბამოთისკენ.
20 . ბამოთიდან - მოაბის ველის ხეობისკენ, ფისგას მწვერვალთან, უდაბნოს პირდაპირ.
21 . და წარგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონთან, ამორელთა მეფესთან, ამ სიტყვებით:
22 . "გავივლით შენს ქვეყანაზე; არც მდელოზე შევალთ და არც ვენახში, არ დავლევთ შენი ჭის წყალს და სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს”.
23 . მაგრამ არ მისცა სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება ისრაელს; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში; მივიდა იაჰცაში და შეებრძოლა ისრაელს.
24 . წარხოცა იგი ისრაელმა მახვილის პირით და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ტომებამდე, ვინაიდან გამაგრებული იყო ყამონელთა ტომების საზღვარი.
25 . აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა იგი ამორელთა ქალაქებში, ხეშბონსა და მის ყველა სოფელში.
26 . რადგან ხეშბონი ამორელთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო; ებრძოდა იგი მოაბის წინა მეფეს და წაგლიჯა ხელიდან მთელი ქვეყანა არნონამდე.
27 . ამიტომ ამბობდნენ: "შემოდით ხეშბონში, აშენდება იგი და განმტკიცდება ქალაქი სიხონისა!
28 . ვინაიდან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი.
29 . ვაი შენ, მოაბ! განადგურდა ხალხი ქემოშისა! მისცა თავისი ძენი ლტოლვილებად და ასულნი ტყვეებად ამორელთა მეფეს, სიხონს.
30 . ჩვენ განვგმირეთ ისინი; დაიღუპა ხეშბონი დიბონამდე და ავაოხრეთ ნოფახამდე, რომელიც მედების მახლობლადაა”.
31 . და დასახლდა ისრაელი ამორელთა ქვეყანაში.
32 . წარგზავნა მოსემ ჯაშუშები იაყზერის დასაზვერად; დაიპყრეს მისი გარეუბნები და განდევნეს იქაური ამორელნი.
33 . შემობრუნდნენ და წამოვიდნენ ბაშანის გზით. და გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით, ედ-რეყიში საბრძოლველად.
34 . უთხრა უფალმა მოსეს: "ნუ გეშინია მისი, რადგან შენს ხელს გადავეცი იგი, მთელი მისი ხალხი და ქვეყანა; მასაც ისე მოექეცი, როგორც სიხონს, ამორელთა მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
35 . განგმირეს იგი, მისი ძენი და მთელი ხალხი, არ დატოვეს არც ერთი გადარჩენილი და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა.