1 .
მოხუცდა მეფე დავითი, ხანში შევიდა; აფარებდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა.
2 .
უთხრეს მისმა მსახურებმა: "მოვძებნით ჩვენი ბატონი მეფისთვის ახალგაზრდა, ქალწულ ქალს, რომელიც მეფის წინაშე იდგება, მოუვლის და გვერდში დაუწვება. მაშინ გათბება მეფე, ბატონი ჩვენი”.
3 .
ეძებეს ლამაზი ყმაწვილი ქალი მთელ ისრაელში და იპოვეს აბიშაგ შუნამელი; და მიჰგვარეს მეფეს.
4 .
ძალიან ლამაზი იყო ეს ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა; მაგრამ არ შეუცვნია იგი მეფეს.
5 .
თავი აიმაღლა ადონიამ, ხაგითის ძემ; ამბობდა: "მე ვიქნები მეფე!” გაიჩინა ეტლები, მხედრები და ორმოცდაათი მორბენალი კაცი.
6 .
არ საყვედურობდა მამამისი, არც შეჰკითხვია, ასე რატომ იქცევიო. ლამაზი კაცი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ შეეძინა იგი დედამისს.
7 .
მოითათბირა იოაბ ცერუიას ძესა და აბითარ მღვდელთან; ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.
8 .
ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი და დავითის მამაცი მებრძოლები არ ემხრობოდნენ ადონიას.
9 .
მსხვერპლად მიიტანა ადონიამ ცხვრები, ხარები და ნასუქალი პირუტყვი ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომაა და მოიწვია თავისი ყველა ძმა, მეფისწულები, იუდას კაცები და მეფის მსახურები;
10 .
ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, დავითის მამაცი მებრძოლები და სოლომონი, თავისი ძმა, არ მიიწვია.
11 .
უთხრა ნათანმა ბათ-შებაყს, სოლომონის დედას: "გაიგე, რომ გამეფდა ადონია ხაგითის ძე? ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის.
12 .
ახლა, მოდი, რჩევას მოგცემ, უშველე საკუთარ თავსა და სოლომონს, შენს შვილს.
13 .
წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: განა შენ არ იყავი მეფევ, ჩემო ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს, სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე! მაშ რატომ გამეფდა-თქო ადონია?
14 .
აჰა, ჯერ კიდევ მეფესთან ლაპარაკში იქნები, რომ მეც შემოვალ და დავადასტურებ შენს ნათქვამს”.
15 .
შევიდა ბათ-შებაყი მეფესთან საწოლ ოთახში; ძალიან მოხუცებული იყო მეფე, აბიშაგ შუნამელი ემსახურებოდა მას.
16 .
თავი დახარა ბათ-შებაყმა და მიწამდე სცა მეფეს თაყვანი; ჰკითხა მეფემ: "რა გინდა?”
17 .
უთხრა ბათ-შებაყმა: "ბატონო, ხომ შეჰფიცე უფლით, შენი ღმერთით, შენს მხევალს: სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე!
18 .
აჰა, ადონია გამეფდა ახლა, შენ კი მეფევ, ჩემო ბატონო, არაფერი იცი ამის შესახებ.
19 .
მრავლად შესწირა ხარები, ნასუქალი პირუტყვი და ცხვარი, მიიწვია ყველა მეფისწული, აბიათარ მღვდელი და მხედართმთავარი იოაბი, ხოლო შენი მსახური სოლომონი არ მიუწვევია.
20 .
შენ ხარ მეფე, შენკენაა მოპყრობილი მთელი ისრაელის თვალი, რომ ბრძანო, ვინ დაჯდება მეფის, ჩემი ბატონის, ტახტზე შენ შემდეგ.
21 .
სხვაგვარად, როცა განისვენებს მეფე, ჩემი ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი აღმოვჩნდებით მე და ჩემი ძე სოლომონი”.
22 .
ჯერ კიდევ ელაპარაკებოდა მეფეს, რომ ნათან წინასწარმეტყველიც მოვიდა.
23 .
მოახსენეს მეფეს: "ნათან წინასწარმეტყველი მოვიდაო”. წარსდგა იგი მეფის წინაშე და სცა თაყვანი მიწამდე.
24 .
უთხრა ნათანმა: "მეფევ, ჩემო ბატონო, განა ასე გაქვს ნაბრძანები, ადონია გამეფდებაო ჩემ შემდეგ და ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე?
25 .
რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად შესწირა ხარები, ნასუქალი პირუტყვი და ცხვარი, მოიწვია ყველა მეფისწული, მხედართმთავრები და აბიათარ მღვდელი; ახლა ჭამენ და სვამენ მის წინაშე და ამბობენ: იცოცხლოსო მეფე ადონიამ!
26 .
არ მიგვიწვია მე, შენი მსახური, ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე და სოლომონი, შენი მსახური.
27 .
თუ მეფემ, ჩემმა ბატონმა, ბრძანა ეს საქმე, რატომ არ გამაგებინე შენს მსახურს, ვინ დაჯდება მეფის, ჩემი ბატონის ტახტზე მის შემდეგ?”
28 .
თქვა მეფე დავითმა: "ბათ-შებაყს დამიძახეთ!” შევიდა იგი მეფესთან და წარსდგა მის წინაშე.
29 .
დაიფიცა მეფემ და თქვა: "ცოცხალია უფალი, რომელმაც გამომისყიდა ყველა გაჭირვებისგან,
30 .
რომ, როგორც შემოგფიცე უფლით, ისრაელის ღმერთით, და გითხარი: სოლომონი, შენი ძე გამეფდება ჩემ შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე, ჭეშმარიტად ასე გავაკეთებ დღეს”.
31 .
სახით მიწამდე დაიხარა ბათშებაყი, თაყვანი სცა მეფეს და თქვა: "უკუნისამდე იცოცხლოს მეფე დავითმა, ჩემმა ბატონმა!”
32 .
თქვა მეფე დავითმა: "დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს და ბენაია იეჰოიადაყის ძეს”. და წარსდგნენ მეფის წინაშე.
33 .
უთხრა მათ მეფემ: "დაიმგზავრეთ თქვენი ბატონის მსახურები, ჩემს ჯორზე შესვით ჩემი ძე, სოლომონი და გიხონში ჩაიყვანეთ.
34 .
იქ სცხონ იგი ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა ისრაელის მეფედ; მერე ჩაჰბერეთ საყვირს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
35 .
მერე ამოჰყევით, მოვიდეს, დაჯდეს ჩემს ტახტზე და იმეფოს ჩემ ნაცვლად; ის დავადგინე მე, ისრაელისა და იუდას მთავრად!”
36 .
უპასუხა ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს: "ამინ! ასე თქვას უფალმაც, მეფის, ჩემი ბატონის ღმერთმა!
37 .
როგორც მეფესთან, ჩემს ბატონთან იყო უფალი, ისევე იყოს სოლომონთანაც და ჩემი ბატონის, დავითის ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი”.
38 .
გამოვიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფერეთელნი, შესვეს სოლომონი მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.
39 .
აიღო ცადოკ მღვდელმა კარვიდან ზეთის რქა და სცხო სოლომონს. ჩაჰბერა საყვირს და დაიძახა მთელმა ხალხმა: "იცოცხლოს მეფე სოლომონმა!”
40 .
უკან გაჰყვა მთელი ხალხი სოლომონს, სტვირებს უკრავდნენ და ხარობდნენ დიდი სიხარულით. მიწა ირყეოდა მათი ყიჟინისგან.
41 .
პურობას ამთავრებდნენ, რომ შემოესმათ ადონიასა და მის სტუმრებს ყიჟინა. გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და იკითხა: "რატომ ხმაურობს ქალაქი?”
42 .
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის ძე; უთხრა ადონიამ: "მოდი, მამაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს”.
43 .
მიუგო იონათანმა ადონიას: "არა, სოლომონი გაამეფა ჩვენმა ბატონმა, მეფე დავითმა,
44 .
და გაგზავნა მეფემ მასთან ერთად ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი და ბენაია იეჰოიადაყის ძე, ასევე ქერეთელნი და ფერეთელნი და სამეფო ჯორზე შესვეს იგი.
45 .
მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა, გამხიარულებულნი გამოვიდნენ იქიდან და ახმაურდა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.
46 .
სამეფო ტახტზე ზის უკვე სოლომონი.
47 .
მეფის მსახურებიც მივიდნენ მეფე დავითთან, ჩვენს ბატონთან და აკურთხეს ამ სიტყვებით: შენს სახელზე მეტად აღამაღლოს ღმერთმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი! და მოიდრიკა მეფე საწოლზე.
48 .
თქვა: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს ტახტის მემკვიდრე და ჩემი თვალები ხედავს ამას!”
49 .
შიშის ზარი დაეცათ ადონიას სტუმრებს, ადგნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.
50 .
შეეშინდა ადონიას სოლომონისა, ადგა, წავიდა და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.
51 .
შეატყობინეს სოლომონს: "აჰა, ეშინია ადონიას მეფე სოლომონისა და სამსხვერპლოს რქებს არის ჩაჭიდებული; ამბობს: შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა, რომ მახვილით არ მოკლავს თავის მსახურს”.
52 .
თქვა სოლომონმა: "თუ ღირსეულად მოიქცევა, მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე, ხოლო თუ ბოროტება განიზრახა, მოკვდება!”
53 .
გაგზავნა მეფე სოლომონმა და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. მივიდა და განერთხა ადონია მეფის წინაშე. უთხრა სოლომონმა: "წადი შენს სახლში”.