1 .
ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს, მეორე თვის პირველ დღეს, სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში უთხრა უფალმა მოსეს:
2 .
"მთლიანად აღრიცხეთ ისრაელის ძენი, ოჯახების, მამის სახლეულისა და სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამაკაცი, მათი სულადობით.
3 .
ყველა, ოცი წლის და მასზე უფროსი, ვინც კი ბრძოლისუნარიანია ისრაელში, თავისი ლაშქრის მიხედვით აღრიცხეთ შენ და აჰარონმა.
4 .
და იყოს თქვენთან თითო კაცი ყოველი ტომიდან; თავკაცი უნდა იყოს იგი თავისი მამისეული სახლისა.
5 .
ეს არის მამაკაცთა სახელები, რომლებიც თქვენთან ერთად დადგებიან: რეუბენიდან ელიცური, შედეურის ძე;
6 .
სიმონიდან შელუმიელი, ცურიშადაის ძე,
7 .
იუდასგან ნახშონი, ყამინადაბის ძე;
8 .
ისაქარისგან ნათანელი, ცუარის ძე;
9 .
ზებულონისგან ელიაბი, ხელონის ძე;
10 .
იოსების ძეთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ყამიჰუდის ძე; მენაშედან გამალიელი, ფედაცურის ძე;
11 .
ბენიამინიდან აბიდანი, გედეონის ძე;
12 .
დანიდან ახიყეზერი, ყამიშადაის ძე;
13 .
აშერიდან ფაგეყიელი, ყაქრანის ძე;
14 .
გადიდან ელიასაფი, რეღუელის ძე;
15 .
ნაფთალიდან ახირაყი, ყენანის ძე.
16 .
ესენი იყვნენ გაწვეულნი მთელი ისრაელიდან, მთავარნი თავიანთი მამების ტომებისა, ათასეულთა მეთაურები.
17 .
მოიყვანეს მოსემ და აჰარონმა ეს კაცები, რომლებიც სახელებით იყვნენ მოწოდებულნი;
18 .
შეკრიბეს მთელი თემი, მეორე თვის პირველ დღეს და გამოაცხადეს თავისი გვარეულობა ოჯახებისა და მამის სახლეულის მიხედვით, სახელთა რიცხვით, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი სულადობისამებრ.
19 .
როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში.
20 .
ისრაელის პირმშოს, რეუბენის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
21 .
რეუბენის ტომიდან, ორმოცდაექვსი ათას ხუთასი აღრიცხა.
22 .
სიმონის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
23 .
სიმონის ტომიდან, ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი აღრიცხა.
24 .
გადის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
25 .
გადის ტომიდან, ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი აღრიცხა.
26 .
იუდას ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
27 .
იუდას ტომიდან, სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასი აღრიცხა.
28 .
ისაქარის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
29 .
ისაქარის ტომიდან, ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
30 .
ზებულონის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
31 .
ზებულონის ტომიდან, ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
32 .
იოსების ძეთაგან: ეფრემის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
33 .
ეფრემის ტომიდან, ორმოცი ათას ხუთასი აღრიცხა.
34 .
მენაშეს ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
35 .
მენაშეს ტომიდან, ოცდათორმეტი ათას ორასი აღრიცხა.
36 .
ბენიამინის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
37 .
ბენიამინის ტომიდან ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
38 .
დანის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
39 .
დანის ტომიდან, სამოცდაორი ათას შვიდასი აღრიცხა.
40 .
აშერის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
41 .
აშერის ტომიდან, ორმოცდაერთი ათას ხუთასი აღრიცხა.
42 .
ნაფთალის ძენი, მათი საოჯახო გვარტომებითურთ, მამის სახლეულით, სახელთა რიცხვით, სულადობით, ყოველი მამაკაცი ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყოველი ბრძოლისუნარიანი;
43 .
ნაფთალის ტომიდან, ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი აღრიცხა.
44 .
ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც მოსემ, აჰარონმა და ისრაელის თორმეტმა მთავარმა, თითო კაცმა თავისი მამის სახლეულიდან, აღრიცხა.
45 .
ისრაელის ყოველი ძე, მამის სახლთა მიხედვით აღრიცხული, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყველა, ვინც ბრძოლისუნარიანი იყო და ისრაელის დასაცავად გასვლას შეძლებდა,
46 .
ყოველმა აღრიცხულმა ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი შეადგინა.
47 .
არ აღრიცხულან მათ შორის ლევიანნი, მათი მამისეული ტომის მიხედვით.
49 .
"მხოლოდ ლევის ტომი არ აღრიცხო და ნუ მიათვლი მათ ისრაელის ძეებს.
50 .
დაადგინე ლევიანები მოწმობის კარავზე, ყოველ მის ჭურჭელზე და ყოველივეზე, რაც მასშია; დაე, ისინი ატარებდნენ მას თავის ჭურჭელთან ერთად და დაიბანაკონ კარვის გარშემო.
51 .
გამგზავრებისას ან დაბანაკებისას ლევიანებმა დაშალონ და აღმართონ სავანე; უცხოთაგან მიახლოებული კი მოიკლას.
52 .
ისრაელის ძეთ, თითოეულმა თავის ბანაკში, თავის დროშასთან დაიბანაკოს, თავისი ლაშქრით.
53 .
ლევიანებმა კი დაიბანაკონ მოწმობის კარვის ირგვლივ, რათა არ იყოს რისხვა ისრაელიანებზე; და იფხიზლებენ ლევიანები მოწმობის კარვის სადარაჯოზე”.
54 .
ყოველივე ისე აღასრულეს ისრაელის ძეებმა, როგორც უფალმა უბრძანა მოსეს.