1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
2 . თუ უარს იტყვი მის გაშვებაზე და კვლავ დააკავებ,
3 . აჰა, უფლის ხელი იქნება შენს საქონელზე, რომელიც ველზეა - ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, ცხვარზე და ძროხაზე. გაჩნდება საშინელი ჭირი.
4 . და გამოარჩევს უფალი ისრაელის საქონელს ეგვიპტელთა საქონლისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელის შვილებს”.
5 . დანიშნა უფალმა დრო და თქვა: ხვალ გააკეთებს უფალი ამ საქმეს ქვეყანაში.
6 . აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და ამოწყდა ეგვიპტის მთელი საქონელი. ისრაელიანთა საქონლისგან არც ერთი არ მომკვდარა.
7 . გაგზავნა ფარაონმა ამბის გასაგებად და, აჰა, ისრაელის საქონელთაგან არც ერთი არ მომკვდარა. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აიღეთ ქურიდან სავსე პეშვი ნაცარი და ააფრქვიოს იგი მოსემ ცისკენ ფარაონის თვალწინ;
9 . მტვრად მოეფინება ეგვიპტის მთელ ქვეყანას და გამოაჩნდება ადამიანებსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
10 . აიღეს ქურის ნაცარი, წარსდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია მოსემ ცისკენ; და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყარათ ადამიანებსა და პირუტყვს.
11 . ვერ შეძლეს გრძნეულებმა მოსეს წინაშე დადგომა, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებს და ყოველ ეგვიპტელსაც.
12 . გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
13 . და უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი სისხამ დილით, წარუდექი ფარაონს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
14 . თორემ, ამჯერად ყველა ჩემს სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურთ და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინ არის ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.
15 . ახლავე გავიწვდიდი ხელს და უსათუოდ მოგსრავდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს და მოისპობოდით დედამიწიდან.
16 . მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.
17 . ჯერ კიდევ იმაღლებ თავს ჩემი ხალხის წინააღმდეგ და არ უშვებ მათ.
18 . აჰა, ხვალ ამ დროს, ძალიან მაგარ სეტყვას ჩამოვყრი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში მისი დაარსების დღიდან აქამდე.
19 . ამიტომ წარგზავნე, რომ სწრაფად შეგიკრიბონ საქონელი და ყველაფერი, რაც ველზე გყავს; ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მინდვრად იქნება და უჭეროდ დარჩება, დაისეტყვება და მოისპობა”.
20 . ვინც შეუშინდა უფლის სიტყვას ფარაონის მსახურთა შორის, ჭერქვეშ შერეკა თავისი მონები და საქონელი.
21 . ხოლო, ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, თავისი მონები და საქონელი ველზე დატოვა.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ზეცისკენ, რათა მოვიდეს სეტყვა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, ადამიანებზე, პირუტყვსა და ველის ყოველ ბალახზე ეგვიპტის ქვეყანაში”.
23 . გაიწოდა მოსემ კვერთხი ზეცისკენ და წარმოქმნა უფალმა გრგვინვა და სეტყვა და გადმოიღვარა ცეცხლი დედამიწაზე, და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
24 . მოდიოდა სეტყვა და გიზგიზებდა ცეცხლი სეტყვაში, ძალზე ძლიერი, რომლის მსგავსიც მთელი ეგვიპტის მიწაზე არ მოსულა, მათი ერად ქცევის დღიდან.
25 . ყველაფერი მოსპო სეტყვამ ეგვიპტის მიწაზე, რაც მინდვრად დარჩა, კაციც და პირუტყვიც. მოსრა სეტყვამ ყოველი ბალახი ველისა და დალეწა ყოველი ხე ველისა.
26 . მხოლოდ გოშენის ქვეყანა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელის შვილები ცხოვრობდნენ.
27 . წარგზავნა ფარაონმა, დაიბარა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ამჯერად შევცოდე; მართალია უფალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავენი ვართ.
28 . გვიშუამდგომლეთ უფალთან, გვაკმაროს ეს დიადი გრგვინვა და სეტყვა და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ”.
29 . მიუგო მოსემ: "როგორც კი გავალ ქალაქიდან აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, დაცხრება გრგვინვა და სეტყვაც შეწყდება, რათა მიხვდე, რომ უფლისაა დედამიწა.
30 . მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მსახურები”.
31 . განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ამოთავთავებული, სელი კი აყვავებული იყო.
32 . ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან ორივე გვიან იმკება.
33 . გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, აღაპყრო ხელები უფლისადმი და აღარ იღვრებოდა წვიმა დედამიწაზე.
34 . როცა იხილა ფარაონმა რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა, უფრო მეტად შესცოდა და გაისასტიკეს გულები მან და მისმა მსახურებმა.
35 . და გამძვინვარდა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილნი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს:
2 . "თუ ადამიანს სიმსივნე, სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება ტანზე და გადაექცევა სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, უნდა მიუყვანონ იგი აჰარონ მღვდელს, ან მის ერთ-ერთ ძეს, მღვდელთაგანს.
3 . შეხედავს მღვდელი სხეულზე კანის წყლულს და თუ გათეთრებულია თმა წყლულზე და წყლულიც სხეულის კანშია ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრის წყლულია; დაინახავს მას მღვდელი და შერაცხავს უწმიდურად.
4 . თუ თეთრია წყლული მისი სხეულის კანზე და პირი სხეულის კანში არაა ჩაღრმავებული და არც თმაა გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა განამარტოვოს დაწყლულებული.
5 . ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ უცვლელი დარჩა წყლული და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მეორედ განამარტოვოს იგი შვიდი დღით.
6 . კვლავ ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ძლივსღა შეიმჩნევა და არც კანზე გავრცელებულა, მაშინ გაწმედილად გამოაცხადოს იგი მღვდელმა: სირსველია ეს; გაირეცხოს სამოსელი და წმიდა იქნება:
7 . მღვდლის მიერ მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ თუ სირსველმა კანზე იწყო გავრცელება, მაშინ მეორედ ეჩვენოს მღვდელს.
8 . თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელებულა სირსველი კანზე, მაშინ უწმიდურად შერაცხავს მას მღვდელი: ეს კეთრია.
9 . თუ კეთრის წყლული აქვს ადამიანს, მაშინ მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
10 . ნახავს მღვდელი და თუ თეთრია სიმსივნე კანზე, თმაც გათეთრებულა და სიმსივნეზეც ცოცხალი ხორცმეტია,
11 . მაშინ ძველისძველი კეთრი ჰქონია კანზე; შერაცხავს მღვდელი უწმიდურად და არ განამარტოებს, რადგან ის უკვე უწმიდურია.
12 . თუ გაეფურჩქნა კანზე კეთრი და დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე მთლიანად დაუფარავს, სადამდეც გასწვდება მღვდლის თვალი,
13 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ მთელი სხეული დაფარა კეთრმა, მაშინ წყლული წმიდად მიიჩნიოს: თუ მთლიანად გათეთრებულია, წმიდაა იგი.
14 . როცა ცოცხალი ხორცი გამოჩნდება მასზე, უწმიდურია იგი.
15 . დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად მიიჩნევს მას: უწმიდურია ცოცხალი ხორცი, კეთრია იგი.
16 . თუ კვლავ გათეთრდა ცოცხალი ხორცი, მაშინ მივიდეს მღვდელთან;
17 . შეხედავს მღვდელი და ნახავს, რომ გათეთრებულია წყლული, მაშინ სუფთად მიიჩნევს წყლულს: სუფთაა იგი.
18 . თუ ვინმეს კანზე ჩირქოვანი მუწუკი ექნება და განიკურნება,
19 . ხოლო ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე თეთრი სიმსივნე, ან თეთრ-წითელი ლაქა დააჩნდება, მივიდეს მღვდელთან.
20 . შეხედავს მას მღვდელი, თუ პირი კანშია ჩაღრმავებული, ხოლო თმა გათეთრებულია, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას: ეს კეთრის წყლულია, ჩირქოვან მუწუკზე აყვავებული.
21 . თუ ნახავს მღვდელი, რომ არც თმაა გათეთრებული და არც წყლულია კანში ჩაღრმავებული და ნაკლებადაა შესამჩნევი, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
22 . თუ ძლიერ გავრცელდა იგი კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს წყლულია.
23 . თუ თავის ადგილზე რჩება ეს ლაქა და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა; სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი.
24 . თუ ვინმეს სიდამწვრე აქვს სხეულის კანზე და თუ შეხორცებულ სიდამწვრეზე თეთრ-წითელი ან თეთრი ლაქა აღმოაჩნდება,
25 . ნახავს მღვდელი, თუა გათეთრებული თმა ლაქაზე და პირი კანში ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრია, სიდამწვრეზე აყვავებული; უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: კეთრის წყლულია იგი.
26 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ თეთრი თმა არაა ლაქაზე, არც კანშია ჩაღრმავებული და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
27 . შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ გავრცელდა კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს კეთროვანი წყლულია.
28 . თუ თავის ადგილზე დარჩა ლაქა, არ გავრცელდა კანზე და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ ეს სიდამწვრის სიმსივნეა და სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება
30 . და ნახავს მღვდელი, რომ ღრმადაა კანში ჩამჯდარი წყლულის პირი, თმა კი მოყვითალო და თხელია მასზე, არაწმიდად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს ქეცია, თავის ან წვერის კეთრი.
31 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ჩაღრმავებული არ არის ქეცის წყლულის პირი კანში და არც შავი თმაა მასზე, შვიდი დღით განამარტოვოს მღვდელმა ქეცით დაწყლულებული.
32 . ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს და თუ არ გავრცელებულა ქეცი, არც მოყვითალო თმაა მასზე და ქეცის პირიც არაა ჩაღრმავებული კანში,
33 . მაშინ გაიპარსოს, მაგრამ ქეცით დაავადებულ ადგილს ნუ გაიპარსავს და მეორედ განამარტოვებს მღვდელი ქეცით დაავადებულს შვიდი დღით.
34 . მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი ქეცს და თუ არ გავრცელებულა იგი კანზე და არც პირია ჩაღრმავებული კანში, მაშინ სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი; გაირეცხოს სამოსელი და სუფთა იქნება.
35 . თუ გასუფთავების შემდეგ გავრცელდა ქეცი კანზე,
36 . შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი კანზე, მაშინ ნუღარ მოძებნის მოყვითალო თმას - უწმიდურია იგი.
37 . თუ ხილულად დარჩა ქეცი და ზედ შავი თმა ამოვიდა, განკურნებულია იგი; სუფთაა და მღვდელიც სუფთად მიიჩნევს.
38 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს სხეულის კანზე ლაქები გამოაჩნდებათ, თეთრი ლაქები,
39 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ ფერმკრთალია მათი სხეულის კანზე გამოსული თეთრი ლაქები, ღია ფერის ქეცი იქნება ეს, რომელიც კანზე აყვავდა: სუფთაა იგი.
40 . თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა; სუფთაა იგი.
41 . თუ წინა მხრიდან გასცვივდა თმა, მაშინ მელოტია ის, სუფთაა იგი.
42 . თუ მელოტ ან ქაჩალ ადგილზე თეთრ-წითელი წყლული გაუჩნდება, მაშინ ეს კეთრია, მელოტ ან ქაჩალ ადგილზე აყვავებული.
43 . შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ თეთრ-წითელი წყლულის სიმსივნეა მელოტ ან ქაჩალ ადგილზე, ისეთივე, როგორიც კეთრია ხოლმე სხეულის კანზე,
44 . მაშინ კეთროვანი კაცია ის, უწმიდურია იგი; უწმიდურად უნდა გამოაცხადოს მღვდელმა: წყლული აქვს თავზე.
45 . დაწყლულებულის სამოსი უნდა დაიხეს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, ულვაშებამდე შებურვილი უნდა იყოს და იძახოს: "უწმიდური! უწმიდური!”
46 . უწმიდურია მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს; უწმიდურია იგი, განცალკევებით იცხოვროს, თავისი სადგომის ბანაკის გარეთ.
47 . თუ კეთროვანი წყლული იქნება სამოსელზე, მატყლის ან სელის სამოსელზე,
48 . ქსელზე, სელის ან მატყლის მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
49 . თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსელზე: ტყავზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს კეთრის წყლულია; მღვდელს უნდა ეჩვენოს.
50 . ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით.
51 . ნახავს წყლულს მეშვიდე დღეს და თუ გავრცელდა წყლული სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს მწვავე კეთრია: უწმიდური წყლულია იგი.
52 . უნდა დაიწვას სამოსელი: მატყლის, სელის ქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რაზეც წყლული იქნება; რადგან ეს მწვავე წყლულია: ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,
54 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, გარეცხავენ იმას, რაზეც წყლულია და მეორედ განამარტოებს მას შვიდი დღით.
55 . ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ და აჰა, არ იცვალა სახე წყლულმა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმიდურია ის; ცეცხლზე დაწვი იგი; ამოჭმულია მისი წაღმა ან უკუღმა პირი.
56 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ნაკლებად შესამჩნევია წყლული მისი გამორეცხვის შემდეგ, მაშინ ამოგლიჯოს იგი სამოსელიდან, ტყავიდან, ქსელიდან ან მისაქსელიდან.
57 . თუ კვლავ გამოჩნდება იგი სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ აყვავებულია იგი: ცეცხლში დაიწვას, რაზეც წყლულია.
58 . სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება.
59 . ეს არის რჯული კეთროვან წყლულზე, მატყლის, სელის, ქსელის, მისაქსელის ტანისამოსზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მის სუფთად ან უწმიდურად მისაჩნევად.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.
3 . ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.
4 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ: როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ.
5 . უთხრა უფალმა მოსეს:
6 . "უთხარი ისრაელიანებს: როცა კაცი ან ქალი რომელიმე ადამიანურ ცოდვას ჩაიდენს და უფალს არ უერთგულებს, დამნაშავეა:
7 . აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა.
8 . თუ იმ კაცს მემკვიდრე არ ჰყავს, რათა ანაზღაურდეს დანაკარგი, მაშინ ცოდვის საზღაური უფალს ეკუთვნის; მღვდლისა იყოს იგი, გარდა ცოდვის გამოსასყიდი ვერძისა, რომლითაც გამოისყიდის მას.
9 . ისრაელიანთა მთელი შესაწირი ყოველ წმიდად შერაცხულთაგან, რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მას ეკუთვნის;
10 . თითოეული წმიდა შესაწირი მას ეკუთვნის; თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის”.
11 . და უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,
13 . დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,
14 . მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;
15 . დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.
16 . მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს უფლის წინაშე.
17 . აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიწას, სავანის ძირიდან და ჩაყრის მიწას მღვდელი იმ წყალში.
18 . დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, გაუშიშვლებს თავს და ხელში ჩაუდებს მოსაგონარ და ეჭვიანობის შესაწირს, ხოლო დამლახვრელი მწარე წყალი მღვდლის ხელში იქნება.
19 . დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.
20 . ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,
21 . წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;
22 . შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!
23 . ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში და ჩამორეცხოს მწარე წყლით.
24 . დაალევინოს ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამაწყევარი წყალი და გამწარდება.
25 . აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის შესაწირი, შეარხიოს იგი უფლის წინაშე და მიიტანოს სამსხვერპლოსთან;
26 . აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირისგან, მისი მოსაგონარი წილი და აღავლინოს სამსხვერპლოზე, მერე კი დაალევინოს ქალს ის წყალი.
27 . როცა შეასმევს წყალს, თუ შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, მაშინ გამწარდება მასში დამაწყევარი წყალი და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება თეძო და წყეული იქნება თავის ხალხში.
28 . ხოლო თუ არ შებილწულა და სუფთაა იგი, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
29 . ასეთია ეჭვიანობის რჯული, როცა წავა ქალი, უღალატებს თავის ქმარს და შეიბილწება;
30 . ან როცა ეჭვიანობის სული დაეუფლება მამაკაცს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ წარადგენს ქალს უფლის წინაშე და აღასრულებს ყოველივეს მღვდელი ამ რჯულისამებრ.
31 . და იქნება ქმარი დანაშაულისგან თავისუფალი, ქალი კი - თავისი ცოდვის მტვირთველი”.
1 . ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი. უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.
2 . რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
3 . არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.
4 . რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.
5 . აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
6 . წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
7 . რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
8 . დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
9 . უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.
10 . ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც ის არის ჩემთან.
11 . ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ.
12 . მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.
13 . მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
14 . და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.
15 . რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.
16 . რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.
17 . რადგან მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ.
18 . რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე.
19 . ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი.
20 . კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
21 . ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
22 . გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.