1 . "თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბლით თუ დაუბამ ენას?
2 . ცხვირში თუ გაუყრი რგოლს და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას?
3 . თუ დაგიწყებს ძლიერ ვედრებას და მოწიწებით თუ დაგელაპარაკება?
4 . თუ დაგიდებს აღთქმას, რომ სამუდამო მსახურად დაგიდგება?
5 . თუ გაგართობს ჩიტივით და დააბამ მას შენი ქალიშვილებისთვის?
6 . თუ ივაჭრებენ მისით მეთევზენი და დაანაწილებენ ვაჭართა შორის?
7 . თუ დაუფარავ კანს ისრებით და მეთევზის კაპარჭებით - თავს?
8 . დაადე მას ხელი და დაგამახსოვრდება მასთან შერკინება, აღარასოდეს გააკეთებ ამას!
9 . აჰა, ფუჭია შენი მოლოდინი; მისი ერთი გამოხედვაც კი ძირს დაგცემს.
10 . მის შეწუხებას ვერავინ ბედავს, ჩემს წინ ვინღა დადგება?!
11 . ვის რა მოუცია, რომ ავუნაზღაურო? ჩემია მთელი ცისქვეშეთი.
12 . არ დავდუმდები მის კიდურებზე, მის ძლევამოსილებაზე და მშვენიერ აღნაგობაზე.
13 . ვის გაუხდია მისთვის ჯავშანი? მის ორმაგ ყბებში ვინ შეაღწევს?
14 . მისი სახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ შიშის ზარია!
15 . მისი ფარფლები ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული.
16 . ერთი მეორეს ერწყმის და ჰაერი ვერ ატანს მათ შორის:
17 . ერთმანეთს მიეკვრნენ, ჩაეჭიდნენ და არ განიყოფიან.
18 . მის დაცემინებაზე ნათელი ელვარებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა.
19 . მისი ხახიდან ცეცხლის ჩირაღდნები გამოდიან და ნაპერწკლები იფრქვევა.
20 . კვამლი გამოსდის ნესტოებიდან, როგორც მდუღარე ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან.
21 . მისი სუნთქვა ნაკვერჩხლებს აღვივებს და ხახიდან ალი გამოდის.
22 . მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში.
23 . მტკიცედ შეერწყა ერთმანეთს მისი ხორცის ფენები, მკვრივად აფენია, არ შეირყევა.
24 . ქვასავით მაგარია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
25 . როგორც კი წამოიმართება - ძლიერნი კრთებიან და ეცლებიან თავზარდაცემულნი.
26 . მისწვდება მას მახვილი და ვერას აკლებს - ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ისარი.
27 . რკინას ჩალად მიიჩნევს და სპილენძს - დამპალ ხედ.
28 . ვერ უკუაქცევს მას ისარი, ჩალასავითაა მისთვის შურდულის ქვები.
29 . ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.
30 . მუცელზე წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი ჭანჭყობში.
31 . ქვაბივით ადუღებს უფსკრულს და ზღვას ნელსაცხებლის ჭურჭლად აქცევს.
32 . ბილიკს ასხივებს თავის უკან, კაცი იფიქრებს, უფსკრულნი გაჭაღარავდნენო.
33 . არავინაა მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის შექმნილი.
34 . უმზერს ყველაფერს, რაც მაღლაა, მეფობს სიამაყის ყველა ნაშიერზე”.
1 . განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.
2 . "დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.
3 . სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;
4 . სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
5 . ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.
6 . ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.
7 . მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.
8 . იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
9 . გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10 . ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
11 . გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?
12 . მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?
13 . სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.
14 . უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.
15 . არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.
16 . ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.
17 . თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.
18 . იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.
19 . იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.
20 . და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.
21 . გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.
22 . დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
23 . იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.
24 . იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.
25 . რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.
1 . ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებო, სამარიის მთაზე რომ ხართ, ღარიბთა შემავიწროებელნო, გლახაკთა მჩაგვრელნო, თქვენს ბატონებს რომ ეუბნებით: მოიტანე, დავლიოთო.
2 . თავისი სიწმიდე დაიფიცა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოგეწევათ დღეები და წაგათრევენ კავებით, თქვენს ნარჩენს კი - სათევზაო ანკესებით.
3 . გარღვეული კედლებიდან გაგრეკავენ; გადაყრილ იქნებით ჰარმონში! - ამბობს უფალი.
4 . მიდით ბეთელში და შესცოდეთ, გაამრავლეთ დანაშაული გილგალში; ყოველ დილით შესწირეთ თქვენი მსხვერპლები და ყოველ მესამე დღეს - თქვენი მეათედები.
5 . სამადლობელ შესაწირს გაფუებული ცომისგან სწირავთ და ახმაურებთ თქვენს ნებაყოფლობით მსხვერპლებს, სახალხოდ ამზეურებთ, რადგან ასე გჩვევიათ, ძენო ისრაელისა! - ამბობს უფალი ღმერთი.
6 . კბილები აგიკაწკაწეთ ყველა თქვენს ქალაქში და პური მოგაკელით ყველა თქვენს ადგილზე, მაგრამ არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
7 . წვიმაც დაგიკავეთ სამ თვეს მკამდე. ერთ ქალაქზე ვაწვიმებდი, მეორეზე კი არ ვაწვიმებდი. ერთი ნაკვეთი გაჟღენთილი იყო, მეორე კი, რომელზეც არ ვაწვიმებდი - გამომშრალი.
8 . ქალაქიდან ქალაქში დადიოდა ხალხი, წყალი რომ დაელიათ; ვერ დაიცხრეს წყურვილი, მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან! - ამბობს უფალი.
9 . ჟანგითა და ობით გმუსრავდით, თქვენს ბაღ-ვენახს, ლეღვსა და ზეთისხილს მუხლუხო ჭამდა, მაგრამ, მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
10 . გამოგიგზავნეთ მომსვრელი ჭირი, როგორც ეგვიპტეს, მახვილით ვხოცავდი თქვენს ჭაბუკებს, ნადავლად იტაცებდნენ თქვენს ცხენებს, თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს სწვდებოდა, მაგრამ მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
11 . ჩამოგამხეთ, როგორც სოდომი და გომორა დაამხო ღმერთმა; ცეცხლისგან გადარჩენილი, ნახევრად დანახშირებული ტოტივით იყავით, თქვენ კი მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.
12 . ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ; ასე ვიმოქმედებ, მოემზადე შენს ღმერთთან შესახვედრად, ისრაელ!
13 . რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
1 . ხილვა, რომელიც იხილა წინასწარმეტყველმა აბაკუმმა.
2 . როდემდე უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? ვღაღადებდე შენ წინაშე ძალადობის გამო და არ მიხსნიდე?
3 . რატომ მაჩვენებ ურჯულოებას და მახილვინებ ბოროტებას? ძარცვა და ძალადობაა ჩემ წინაშე, დავა და შუღლი მატულობს.
4 . ამიტომაც დაუძლურდა რჯული და ვეღარ იმარჯვებს სამართალი, ბოროტმოქმედი ჯაბნის მართალს და გამრუდდა სამართალი.
5 . შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით, გაოცდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ.
6 . რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, სასტიკ და ფიცხ ხალხს, მთელ ქვეყანაზე რომ მიმოდიან, იმ საცხოვრებლების დასაპატრონებლად, მათ რომ არ ეკუთვნით.
7 . საშიშნი და შემზარავნი თვითონ არიან საკუთარი თავების რჯულიცა და სამართალიც.
8 . ჯიქზე უსწრაფესნი არიან მათი ცხენები და ღამის მგლებზე მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრები, შორიდან მოფრინავენ მსხვერპლზე შემართული არწივებივით.
9 . დასარბევად მოდიან, ქარბუქივით მოექანებიან მათი რაზმები და ქვიშასავით ხვეტენ ტყვეებს.
10 . მეფეებს დასცინიან, მთავრებს მასხრად იგდებენ. ყველა ციხე-სიმაგრეს დასცინიან, მიწაყრილებს ახვავებენ და იპყრობენ.
11 . ქარივით გადაივლიან ზღვას, გადაივლიან და დანაშაულს ჩაიდენენ, მათი ძალა მათი ღმერთია.
12 . განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.
13 . მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?
14 . ზღვის თევზებივით აქციე ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით გახდნენ.
15 . ანკესით იჭერენ მათ ქალდეველნი, ბადეში აბამენ; ამიტომ ხარობენ და ზეიმობენ.
16 . ამიტომ სწირავენ მსხვერპლს თავიანთ ბადეს და საკმეველს უკმევენ თავიანთ თევზსაჭერს, რადგან მათგან აქვთ დიდი თევზჭერა და უხვია მათი საჭმელი.
17 . ნუთუ უსასრულოდ უნდა აშიშვლებდნენ მახვილებს და უმოწყალოდ უნდა ხოცავდნენ ხალხებს?
1 . ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე; და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
2 . და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა.
3 . და აჰა, ეჩვენენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.
4 . მიუგო პეტრემ იესოს და უთხრა: "უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას”.
5 . ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”
6 . ამის გამგონე მოწაფენი, პირქვე დაემხნენ და ძლიერ შეშინდნენ.
7 . მიუახლოვდა იესო, შეეხო მათ და უთხრა: "წამოდექით და ნუ გეშინიათ”.
8 . თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
9 . მთიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: "არაფერი მოყვეთ ამ ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება”.
10 . ჰკითხეს მას მოწაფეებმა: "მაშ, რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?”
11 . მან კი მიუგო: "ელია ნამდვილად მოდის და აღადგენს ყოველივეს.
12 . მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, თუმცა ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა”.
13 . მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა იგი.
14 . ხალხთან რომ მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა მას მუხლმოდრეკით.
15 . უთხრა: "უფალო! შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში ან წყალში ვარდება.
16 . მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება”.
17 . იესომ თქვა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!”
18 . მოყვანისთანავე შერისხა იგი იესომ და გამოვიდა მისგან ეშმაკი. იმ ჟამიდან განიკურნა ყმაწვილი.
19 . მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და ჰკითხეს: "ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?”
20 . ხოლო მან უთხრა: "თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას - აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
21 . ეს მოდგმა კი არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.
22 . უთხრა მათ იესომ გალილეაში ყოფნისას: "ძე კაცისა ადამიანთა ხელთ გადაეცემა,
23 . მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება”. და მეტისმეტად დანაღვლიანდნენ ისინი.
24 . კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: "დიდრაქმას ხომ არ გადაიხდის თქვენი მოძღვარი?”
25 . მან უთხრა: კიო. სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან მოსაკრებლებს - თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?”
26 . პეტრემ თქვა: "უცხოთაგან”; უთხრა მას იესომ: "მაშ, ძენი თავისუფალნი ყოფილან!
27 . მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე და ანკესი ისროლე; და პირველი თევზი, რომელიც ამოყვება, გაუღე პირი და შიგ სტატირს იპოვი. წამოიღე და მიეცი შენთვის და ჩემთვის”.