1 . და დამკვიდრდა იაკობი ქანაანში, მამამისის ხიზნობის ქვეყანაში.
2 . აი, იაკობის მოდგმა: ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, როცა თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ძეებთან ერთად მწყემსავდა ფარას. და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მამასთან.
3 . ისრაელს თავის ყველა ძეზე მეტად უყვარდა იოსები, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი; და გაუმზადა მას ჭრელი კვართი.
4 . დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.
5 . და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.
6 . უთხრა მათ: "მოისმინეთ სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7 . აი, შუაგულ მინდორში ძნებს ვკონავთ; წამოდგა ჩემი ძნა და აღიმართა, გარსშემოეხვივნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს მას”.
8 . უთხრეს ძმებმა: "ნუთუ ჩვენზე გამეფდები? ნუთუ ბატონად გაგვიხდები?” და შეიძულეს იგი კიდევ უფრო მეტად მისი სიზმრისა და სიტყვების გამო.
9 . კიდევ დაესიზმრა სიზმარი და უამბო ძმებს; თქვა: "კიდევ დამესიზმრა სიზმარი, მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემდა თაყვანს”.
10 . უამბო ეს მამას და ძმებს; გაკიცხა იგი მამამისმა და უთხრა: "რა არის ეს სიზმარი, რომელიც დაგესიზმრა? ნუთუ მოვალთ მე, დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ მიწამდე?”
11 . შეშურდათ ძმებს მისი, მამამისმა კი გულში დაიმარხა ეს ამბავი.
12 . და წავიდნენ ძმები შექემში, მამის ფარის სამწყემსად.
13 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "შენი ძმები ხომ შექემში მწყემსავენ, მოდი, გამეგზავნე მათთან”. უპასუხა: "მზად ვარ”.
14 . უთხრა: "წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.
15 . ველზე გზა აებნა; იპოვა იგი ერთმა კაცმა და ჰკითხა: "ვის ეძებ?”
16 . უპასუხა: "ჩემს ძმებს ვეძებ; მიმასწავლე, სად მწყემსავენ”.
17 . უთხრა კაცმა: "წავიდნენ აქედან; ყური მოვკარი, რომ დოთანში მიდიოდნენ”. და გაჰყვა იოსები ძმების კვალს და დოთანში იპოვა ისინი.
18 . ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა.
19 . უთხრეს ერთმანეთს: "აჰა, მესიზმრეც მოდის!
20 . მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.
21 . გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა მათი ხელიდან; უთხრა: "ნუ მოვკლავთ!”
22 . თქვა რეუბენმა: "სისხლს ნუ დაღვრით! უდაბნოში რომ ორმოა, იქ ჩააგდეთ, ხელს ნუ აღმართავთ მასზე”. ეს იმიტომ თქვა, რომ დაეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23 . და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გააძვრეს კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24 . აიყვანეს და ჩააგდეს ორმოში; ცარიელი იყო ორმო, წყალი არ იდგა შიგ.
25 . როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.
26 . უთხრა იუდამ ძმებს: "რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27 . მოდით, ისმაელიანებს მივყიდოთ; ხელს ნუ აღვმართავთ მასზე, რადგან ჩვენი ძმაა იგი, ჩვენი სისხლი და ხორცი”. და გაუგონეს ძმებმა.
28 . ჩამოიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა და ამოსწიეს და ამოიყვანეს ორმოდან იოსები და ოც ვერცხლად მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს. მათ კი ეგვიპტეში წაიყვანეს იგი.
29 . მიბრუნდა რეუბენი ორმოსთან და ნახა, რომ აღარ იყო იქ იოსები; და შემოიხია სამოსელი.
30 . დაბრუნდა თავის ძმებთან და თქვა: "ბავშვი იქ აღარ არის! რაღა ვქნა, სადღა წავიდე?”
31 . აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში.
32 . წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?”
33 . იცნო მან კვართი და თქვა: "ჩემი შვილის კვართია; მძვინვარე მხეცს შეუჭამია! ნადირს დაუგლეჯია იოსები!”
34 . და შემოიხია იაკობმა სამოსელი, წელზე ძაძა შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა თავის ძეს.
35 . ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: "მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
36 . ხოლო მიდიანელებმა იოსები ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, მცველთა უფროსს, მიჰყიდეს.
1 . აიყარა ისრაელი, თან წაიღო ყოველივე, რაც გააჩნდა და მივიდა ბეერ-შებაყში; და შესწირა მსხვერპლი მამამისის, ისაკის ღმერთს.
2 . და ელაპარაკა ღამის ხილვაში ღმერთი ისრაელს: "იაკობ! იაკობ!” უპასუხა: "აქა ვარ!”
3 . უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლა, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4 . მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები”.
5 . გაემგზავრა იაკობი ბეერ-შებაყიდან და წაიყვანეს ისრაელის ძეებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ფარაონის მიერ გამოგზავნილი ურმებით.
6 . წამოასხეს თავიანთი პირუტყვი და წამოიღეს მთელი ქონება, რომელიც მოიხვეჭეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი შთამომავლობა მასთან ერთად.
7 . თავისი ძენი, და თავისი ძეთა ძენი, თავისი ასულნი და თავის ძეთა ასულნი, მთელი თავისი შთამომავლობა მიიყვანა თავისთან ერთად ეგვიპტეში.
8 . ესენი იყვნენ ეგვიპტეში მისული ისრაელის ძეები; იაკობი და მისი ძენი: იაკობის პირმშო რეუბენი.
9 . რეუბენის ძენი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
10 . სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ქანაანელი ქალის ძე.
11 . ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
12 . იუდას ძენი: ყერი, ონანი, შელა, ფერეცი და ზერახი; ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში დაიხოცნენ. ფერეცის ძენი იყვნენ: ხეცრონი და ხამული.
13 . ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.
14 . ზებულუნის ძენი: სერედი, ელონი და იახლელი.
15 . ესენი იყვნენ ლეას შვილები, რომლებიც ფადან-არამში უშვა იაკობს, და დინა, მისი ასული. სულ ოცდაცამეტი სული - ძენი და ასულნი.
16 . გადის ძენი: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ყერი, აროდი და არელი.
17 . აშერის ძენი: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და სერახი - მათი და. ბერიყას ძენი: ხებერი და მალქიელი.
18 . ესენი იყვნენ ზილფას ძენი, რომელიც ლაბანმა მოახლედ მისცა ლეას, თავის ასულს. თექვსმეტი სული უშვა მან იაკობს.
19 . რახელის, იაკობის ცოლის ძენი: იოსები და ბენიამინი.
20 . და შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში მენაშე და ეფრემი, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
21 . ბენიამინის ძენი: ბელაყი, ბექერი, აშბელი, გერა, ნაყამანი, ეხი, როში, მუფიმი, ხუფიმი და არდი.
22 . ესენი იყვნენ რახელის ძენი, რომლებიც შეეძინა იაკობს - სულ თოთხმეტი სული.
23 . დანის ძე: ხუშიმი.
24 . ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
25 . ესენი იყვნენ ბილჰას ძენი, რომელიც ლაბანმა რახელს, თავის ასულს გაატანა მოახლედ. ესენი უშვა იაკობს, სულ შვიდი სული.
26 . ეგვიპტეში იაკობთან ერთად ჩასული ყოველი სული, მისი ნაშიერი, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა - სულ სამოცდაექვსი სული.
27 . იოსების ძენი, რომლებიც ეგვიპტეში შეეძინა, ორნი იყვნენ. იაკობის სახლეულის ყველა სული, მასთან ერთად ეგვიპტეში რომ მივიდნენ - სულ სამოცდაათი იყო.
28 . და გაგზავნა იუდა იოსებთან, რომ გოშენისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა მისთვის და მივიდნენ გოშენის ქვეყანაში.
29 . აღკაზმა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან, თავის მამასთან შესახვედრად. და რა იხილა იგი, გადაეხვია და დიდხანს ტიროდა.
30 . უთხრა ისრაელმა იოსებს: "ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!”
31 . და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და მამის სახლეულს: "წავალ, ვამცნობ ფარაონს და ვეტყვი: ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეული, ქანაანის ქვეყანაში რომ ცხოვრობდნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.
32 . ვეტყვი: მეცხვარეები არიან ეს კაცები, მესაქონლეები. და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, რაც გააჩნდათ - წამოასხეს.
33 . და როცა მოგიხმობთ ფარაონი და გკითხავთ: "რა საქმიანობას ეწევით?”
34 . ეტყვით: "მესაქონლე ხალხი იყვნენ შენი მონები სიყრმიდან დღემდე, ჩვენც და ჩვენი მამებიც”. რათა დამკვიდრდეთ გოშენის ქვეყანაში, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ყოველი მეცხვარე”.
1 . მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: "მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩო-საბადებლით; უკვე გოშენის მიწაზე არიან”.
2 . ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
3 . ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: "რა საქმიანობას ეწევით?” უთხრეს: "ცხვრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა”.
4 . უთხრეს ფარაონს: "ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე”.
5 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მამაშენი და შენი ძმები მოგივიდნენ.
6 . შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. დაე იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინე ჩემს საქონელს”.
7 . მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8 . ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”
9 . უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.
10 . აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან.
11 . დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა.
12 . ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13 . და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14 . შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა.
15 . და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: "მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!”
16 . უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
17 . მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.
18 . გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19 . რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”.
20 . და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა.
21 . მონებად აქცია ხალხი ქალაქებში - ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
22 . მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები.
23 . უთხრა იოსებმა ხალხს: "აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა.
24 . მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”.
25 . თქვეს: "სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”.
26 . დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
27 . და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავლდნენ ფრიად.
28 . იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო მისი სიცოცხლის დღენი ასორმოცდაშვიდი წელი.
29 . როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე! ნუ დამმარხავ ეგვიპტეში!
30 . და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში”. უთხრა იოსებმა: "შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი!”
31 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” შეჰფიცა იოსებმა. და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.
1 . ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: "მოდი - სახელით მოუხმო - აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა.
2 . მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.
3 . უთხრა ნათესავს: "მოაბის ველიდან დაბრუნებული ნაყომი, მინდვრის ნაკვეთს ჰყიდის, რომელიც ჩვენს ძმას - ელიმელექს ეკუთვნოდა.
4 . ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ”. უთხრა მას ნათესავმა: "თანახმა ვარ, გამოვისყიდი”.
5 . თქვა ბოყაზმა: "როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.
6 . თქვა იმ ნათესავმა: "ვერ გამოვისყიდი, ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრო, შენს თავზე აიღე გამოსყიდვის უფლება, მე ვერ გამოვისყიდი”.
7 . იმ დღეებში ასეთი წესი იყო ისრაელში: ყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს, ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
8 . უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: "შენ იყიდე”. და გაიძრო ფეხსამოსი.
9 . უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: "მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს.
10 . ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!
11 . უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!
12 . იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”.
13 . წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.
14 . დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: "კურთხეულია უფალი, რომელმაც არ დაგტოვა უმემკვიდრეოდ! სახელოვანი იყოს იგი ისრაელში!
15 . სიცოცხლეს განგიახლებს და მარჩენლად გეყოლება სიბერეში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია, გიშვა იგი”.
16 . აიყვანა ნაყომიმ ბავშვი, კალთაზე დაიწვინა და გახდა მისი გამდელი.
17 . სახელი მეზობელმა ქალებმა დაარქვეს, თქვეს: "ძე შეეძინა ნაყომის”. და დაარქვეს სახელად ყობედი. ის იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
18 . აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
19 . ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინადაბი,
20 . ყამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი,
21 . სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
22 . ყობედმა შვა იესე და იესემ შვა დავითი.
1 . შვიდი თვე იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
2 . მოიხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: "რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვირჩიეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე”.
3 . უპასუხეს: "თუ ისრაელის ღმერთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვენის გარეშე ნუ გაგზავნით, შესწირეთ დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი”.
4 . თქვეს: "რა უნდა გავატანოთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად?” მიუგეს: "ოქროს ხუთი ბუგრი და ოქროს ხუთი თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთი სასჯელი გეწიათ თქვენც და თქვენს მთავრებსაც.
5 . გააკეთეთ თქვენი ბუგრებისა და იმ თაგვების გამოსახულებანი, რომლებიც გინადგურებენ ქვეყანას და ამით მიაგებთ დიდებას ისრაელის ღმერთს; იქნებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებსა და ქვეყანაზე.
6 . რატომ იქვავებთ გულებს, როგორც იქვავებდნენ ეგვიპტელები და ფარაონი? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი სასტიკად დასაჯა ისინი უფალმა?!
7 . ახლა ადექით, გააკეთეთ ერთი ახალი ურემი, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდებელი ფური, ფურები ურემში შეაბით, ხბორები კი სახლისკენ წამოიყვანეთ.
8 . აიღეთ უფლის კიდობანი და დადეთ ურემზე. ის ოქროს ნივთები, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, სკივრში ჩააწყეთ და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით და წავიდეს.
9 . შეხედეთ, თუ დაადგა გზას თავისი ქვეყნის, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მისმა ხელმა კი არ შეგვმუსრა, შემთხვევით გვეწია ეს ამბავი”.
10 . ასეც მოიქცა ხალხი: შეარჩიეს ორი მეწველი ფური და შეაბეს ურემში; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
11 . ურემზე დადეს უფლის კიდობანი და სკივრი, ოქროს თაგვებითა და ბუგრების გამოსახულებებით.
12 . არც მარჯვნივ გადაუხვევიათ ფურებს და არც მარცხნივ, პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ბღაოდნენ. უკან კი ფილისტიმელთა მთავრები მიჰყვებოდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
13 . ამ დროს, ხალხი ხორბალს მკიდა ველზე, ბეთ-შემეშში; გაიხედეს, დაინახეს კიდობანი და დიდი სიხარულით გაიხარეს.
14 . მივიდა ურემი და გაჩერდა ბეთ-შემეშელი იეშუას ყანაში. დიდი ქვა იდო იქ. დაჩეხეს ურმის ხეები, ფურები კი სრულადდასაწველად შესწირეს უფალს.
15 . გადმოიღეს ლევიანებმა უფლის კიდობანი და მის გვერდით მდგარი სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები იყო და დადეს იმ დიდ ქვაზე. ბეთ-შემეშელებმა კი სრულადდასაწველი აღუვლინეს და მსხვერპლები შესწირეს უფალს იმ დღეს.
16 . ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ფილისტიმელთა ხუთი მთავარი ყეკრონისაკენ.
17 . ესენია ის ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი ღაზასთვის, ერთი აშკელონისთვის, ერთი გათისთვის და ერთიც ყეკრონისთვის.
18 . იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვისამებრ, რომელიც ხუთ მთავარს ეკუთვნოდა გამაგრებული ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო სოფლებამდე და იმ დიდ ქვამდე, რომელზეც დადეს უფლის კიდობანი და რომელიც დღემდე ბეთ-შემეშელი იეშუას ყანაშია.
19 . მოსრა უფალმა ბეთ-შემეშში მცხოვრები ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი, რომლებმაც ჩაიხედეს უფლის კიდობანში; და გლოვობდა ხალხი, რადგან დიდი მოსვრით მოსრა უფალმა ხალხი.
20 . თქვეს ბეთ-შემეშის მცხოვრებლებმა: "ვინ შეძლებს უფლის, ამ წმიდა ღმერთის წინაშე დგომას? ვისთან წავა იგი ჩვენგან?”
21 . ამ სიტყვებით გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას: "დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთ”.
1 . როდესაც გაიგო ხირამმა, ცორის მეფემ, რომ სოლომონი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად, გაუგზავნა თავისი მსახურები. დავითის მეგობარი იყო ხირამი მთელი თავისი სიცოცხლე.
2 . ასე შეუთვალა სოლომონმა ხირამს:
3 . "შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა, დავითმა უფლის, თავისი ღმერთის სახელზე სახლის აშენება, რადგან სულ ომში იყო ჩაბმული, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა მტრები.
4 . ახლა კი ყოველმხრივ მომასვენა უფალმა, ჩემმა ღმერთმა: აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე.
5 . და აჰა, ვთქვი, ავაშენებ სახლს უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის, დავითისთვის, უფალს: შენი ძე, ვისაც შენს ნაცვლად დავსვამ ტახტზე, ის ააშენებსო ჩემს სახელზე სახლს.
6 . ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან და მე მოგცემ შენი მსახურებისთვის გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან იცი, რომ არავის შეუძლია ხის მოჭრა ისე, როგორც ამას, თქვენ, ციდონელნი აკეთებთ”.
7 . მოისმინა ხირამმა სოლომონის სიტყვები, ფრიად გაიხარა და თქვა: "კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამდენი ხალხის განმგებლად!”
8 . უპასუხა ხირამმა სოლომონს: "მოვისმინე, რაც შემომითვალე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.
9 . ჩემი მსახურები ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, მერე ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ, იქ დავშლით და წაიღე. მხოლოდ ეს სურვილი შემისრულე, საკვებით მომიმარაგე სახლეული”.
10 . უგზავნიდა ხირამი სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს რამდენსაც ისურვებდა.
11 . ხოლო სოლომონი ამარაგებდა ხირამსა და მის სახლს ოცი ათასი ქორი ხორბლით და ოცი ქორი წმინდა ზეთით. ასე უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.
12 . სიბრძნე მისცა უფალმა სოლომონს, როგორც დაპირდა. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და აღთქმაში იყვნენ ერთმანეთთან.
13 . სავალდებულო სამსახური შემოიღო მეფე სოლომონმა მთელ ისრაელში და ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა სამუშაოდ.
14 . თვეში ათი ათას კაცს გზავნიდა ლიბანში მონაცვლეობით: ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავ-თავიანთ სახლებში. ადონირამი მმართველობდა ბეგარას.
15 . სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი ჰყავდა მთაში სოლომონს,
16 . გარდა სამიათას სამასი თავკაცისა, რომლებიც სამუშაოების მეთვალყურეებად ჰყავდა დადგენილი სოლომონს და მუშა ხალხს მართავდნენ.
17 . და ბრძანა მეფემ, რომ მოეზიდათ დიდი ლოდები, ძვირფასი, თლილი ქვები სახლის საძირკველისთვის.
18 . სოლომონისა და ხირამის მშენებლები, ასევე გებაყელები, ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად.
1 . და იყო, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
2 . მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
3 . უთხრა უფალმა: "შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.
4 . და თუ ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, გულის სიწმიდითა და სიმართლით, ისე მოიქცევი, როგორც მაქვს შენთვის ნაბრძანები და დაიცავ ჩემს წესებსა და სამართალს,
5 . მაშინ უკუნისამდე განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ მოგაკლდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომი.
6 . მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესდებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას და მათ სცემთ თაყვანს,
7 . მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის.
8 . ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
9 . იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა მათი მამები და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ. ამის გამო მოუვლინა უფალმა ყველა ეს უბედურება”.
10 . ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის: უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება.
11 . ხირამი, ცორის მეფე, აწვდიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს, ასევე ოქროს, მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა კი ოცი ქალაქი მისცა ხირამს გალილეის ქვეყანაში.
12 . მოვიდა ხირამი ცორიდან, სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
13 . თქვა ხირამმა: "ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ჩემო ძმაო?” და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა ამ დღემდე.
14 . და გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ტალანტი ოქრო.
15 . ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და მეფის სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
16 . ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და ცეცხლით გადაბუგა. დახოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
17 . ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
18 . ბაყალათი და თადმორი ქვეყნის უდაბნოში,
19 . სამარაგო ქალაქები, რომლებიც სოლომონს ჰქონდა, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა სოლომონს იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამეფოში.
20 . ხოლო ყველა ის ხალხი, რომელიც დარჩა ამორელთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომლებიც ისრაელის ძეთაგან არ ყოფილან,
21 . მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, რომელთა მოსპობაც ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა, მონა-მსახურებად განაწესა სოლომონმა და დღემდე ასე არიან.
22 . ისრაელის ძეთაგან არავინ დაუმონებია სოლომონს, რადგან მეომრები იყვნენ ისინი, მისი მსახურები, მეთაურები და მხედართმთავრები, მისი ეტლებისა და მხედრების სარდალნი.
23 . ესენი იყვნენ ზემდგომთა მთავრები, სოლომონის სამუშაოების ზედამხედველნი: ხუთას ორმოცდაათი კაცი მმართველობდა მომუშავე ხალხს.
24 . და ავიდა ფარაონის ასული დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა სოლომონმა; მაშინ ააშენა მან მილო.
25 . წელიწადში სამჯერ აღავლენდა სოლომონი სრულადდასაწველებსა და სამშვიდობო მსხვერპლებს სამსხვერპლოზე, რომელიც აუშენა უფალს და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სოლომონმა სახლი.
26 . ხომალდები ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, წითელი ზღვის სანაპიროზე, ედომის ქვეყანაში.
27 . ზღვის მცოდნე მსახურები დაუმგზავრა ხირამმა ხომალდებით სოლომონის მსახურებს.
28 . მივიდნენ ისინი ოფირში, წამოიღეს ოთხას ოცი ტალანტი ოქრო და მოუტანეს მეფე სოლომონს.
1 . ესმა შებას დედოფალს სოლომონის მიერ უფლის სახელის სადიდებლად აღსრულებული საქმენი და მივიდა გამოცანებით მის გამოსაცდელად.
2 . ფრიად დიდი ქარავნით მივიდა იერუსალიმში: სურნელებებით, უამრავი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დაეტვირთათ აქლემები; ეახლა სოლომონს და ყველაფერი უთხრა, რაც გულში ჰქონდა.
3 . ყველა კითხვაზე პასუხი გასცა სოლომონმა; არაფერი იყო დაფარული მეფისგან, რომ ვერ გაეცა პასუხი.
4 . და იხილა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე და სასახლე, რომელიც მან ააშენა;
5 . ასევე მისი სუფრის სანოვაგე, მსახურთა სადგომი, სუფრის მომსახურეთა ქცევა და მათი ჩაცმულობა, ასევე ღვინის მწდენი, მისი სრულადდასაწველნი, რომელსაც აღავლენდა უფლის ტაძარში და გაოგნდა დედოფალი;
6 . უთხრა მეფეს: "ჭეშმარიტება ყოფილა ყველაფერი, რაც ჩემს ქვეყანაში მსმენია შენს საქმეებსა და სიბრძნეზე.
7 . არ ვუჯერებდი სიტყვებს, ვიდრე მოვიდოდი და ჩემი თვალით ვიხილავდი; აჰა, თურმე ნახევარიც კი არ მსმენია: იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა.
8 . ნეტარია შენი ხალხი და ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდმივად დგანან შენ წინაშე და ისმენენ შენს სიბრძნეს.
9 . კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც ისურვა შენთვის ისრაელის ტახტის მოცემა! ისრაელისადმი მარადიული სიყვარულით დაგადგინა მეფედ უფალმა, რათა აღასრულო სიმართლე და სამართალი”.
10 . და მისცა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო, ფრიად მრავალი კეთილსურნელება და ძვირფასი ქვა; არასოდეს შემოზიდულა ქვეყანაში ამდენი კეთილსურნელება, რამდენიც შებას დედოფალმა უძღვნა მეფე სოლომონს.
11 . ხირამის გემებმაც შემოიტანეს ოფირის ოქრო, დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი ქვა.
12 . სანდალოზის ხისგან მოაჯირი გაუკეთა მეფემ უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს, მგალობლებს კი - ქნარები და ჩანგები; აღარასდროს შემოზიდულა სანდალოზის ამდენი ხე და არც უნახავს ვინმეს დღემდე.
13 . ყველაფერი უბოძა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს, რაც კი ინება და ითხოვა, გარდა იმისა, რაც მეფე სოლომონმა თვითონ აჩუქა თავისი გულუხვობით; და დაუბრუნდა იგი თავის ქვეყანას თავის მსახურებთან ერთად.
14 . ოქროს წონა, რომელიც წელიწადში შემოსდიოდა სოლომონს, ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი იყო,
15 . იმ ოქროს გარდა, რაც მოქარავნეთაგან, ვაჭართაგან, არაბთა მეფეებისა და მხარეთა განმგებლებისაგან შემოსდიოდა.
16 . და გააკეთა მეფე სოლომონმა სამასი შუბი ნაჭედი ოქროსგან: ოქროს ექვსასი შეკელი დასჭირდა თითო ოქროს ფარს;
17 . ასევე ნაჭედი ოქროს სამასი ფარი: სამი მინა ოქრო დასჭირდა თითო ფარს და ლიბანის მაღნარის სახლში დააწყო ისინი მეფემ.
18 . გააკეთა მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი და სუფთა ოქროთი შემოჭედა.
19 . ექვსი საფეხური ადიოდა ტახტამდე, მომრგვალებული თხემი ჰქონდა უკან და სანიდაყვეები ერთვოდა დასაჯდომ ადგილს ორივე მხრიდან; ორი ლომი ედგა სანიდაყვეებთან.
20 . თორმეტი ლომი ედგა ექვსივე საფეხურს აქეთ-იქიდან. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ასეთი რამ.
21 . მეფე სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო და ლიბანის მაღნარის სასახლის ყველა ჭურჭელიც ასევე ხალასი ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან არაფრად ფასობდა ვერცხლი სოლომონის დღეებში.
22 . მეფის თარშიშული გემები ხირამის გემებთან ერთად ნაოსნობდნენ ზღვაში; სამ წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ ეს გემები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი და მაიმუნები და ფარშევანგები მოჰყავდათ.
23 . დედამიწის ყველა მეფეს გადააჭარბა მეფე სოლომონმა სიმდიდრითა და სიბრძნით.
24 . დედამიწის ყოველ მეფეს სურდა სოლომონის ხილვა და იმ სიბრძნის მოსმენა, რომელიც ღმერთმა ჩადო მის გულში.
25 . თითოეულ მათგანს საჩუქრები მოჰქონდა: ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, სამოსელი, საჭურველი, კეთილსურნელებანი, ცხენები და ჯორები. ასე იყო წლიდან წლამდე.
26 . შეკრიბა სოლომონმა ეტლები და მხედრები; ათას ოთხასი ეტლი ჰქონდა და თორმეტი ათასი მხედარი ჰყავდა; საეტლო ქალაქებში განალაგა ისინი და თავისთან ახლოს, იერუსალიმში.
27 . ქვის ფასი დაედო ვერცხლს იერუსალიმში სოლომონის დღეებში, კედარს კი - ლეღვის ხისა, რომელიც მრავლად ხარობს დაბლობზე.
28 . ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი სოლომონის ცხენები; მეფის ვაჭრები საფასურად ყიდულობდნენ მათ კევეში.
29 . ვერცხლის ექვსასი შეკელი ჯდებოდა ეგვიპტეში ეტლის შეძენა და გატანა, ას ორმოცდაათი კი - ცხენისა; ასევე ამარაგებდნენ ისინი ხეთელთა და არამელთა მეფეებს.
1 . იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,
2 . ვინაიდან არ შეეგებნენ ისრაელის ძეთ პურითა და წყლით და ბილყამი დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რათა დაეწყევლა ისინი, ღმერთმა კი კურთხევად აქცია წყევლა.
3 . და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.
4 . მანამდე კი ელიაშიბ მღვდელს, ტობიას ახლობელს, რომელიც ჩვენი ღვთის სახლის ოთახებზე იყო დადგენილი,
5 . მომზადებული ჰქონდა ტობიასთვის დიდი ოთახი, სადაც უწინ შენაწირს, გუნდრუკს, ჭურჭელს, ასევე ლევიანთა, მგალობელთა და კარისმცველთათვის დაწესებულ მარცვლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედსა და მღვდელთათვის შემონაწირს ინახავდნენ.
6 . ამ დროს იერუსალიმში არ ვიყავი, რადგან ართახშასთას მეფობის ოცდამეთორმეტე წელს, ბაბილონში მივედი მეფესთან და გარკვეული დროის შემდგომ კვლავ გამოვეთხოვე მას.
7 . ამოვედი იერუსალიმს და შევიტყვე ელიაშიბის ბოროტება, ოთახი რომ გაუკეთა ტობიას ღვთის ტაძრის ეზოში.
8 . დიდად განვრისხდი და ოთახიდან გარეთ გადმოვყარე ტობიას სახლეულის ნივთები.
9 . ვუბრძანე და განწმიდეს ეს ოთახები; და დავაბრუნე იქ ღვთის ტაძრის ჭურჭელი, შემონაწირი და გუნდრუკი.
10 . აღმოვაჩინე, რომ თავისი წილი არ ეძლეოდათ ლევიანებს და ყველა თავის ყანაში გაქცეულიყო - ლევიანნიც, მგალობლებიცა და საქმის მკეთებლებიც.
11 . დავტუქსე წინამძღოლნი და ვუთხარი, რად არის-მეთქი მიტოვებული ღვთის ტაძარი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.
12 . მთელ იუდას მოჰქონდა ხორბლეულის, მაჭრისა და ზეთის მეათედი საგანძურში.
13 . საგანძურთა ზედამხედველებად შელემია მღვდელი, ცადოკ მწერალი და ფედაია ლევიანი დავნიშნე და ეს იყო მათი საქმე. მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურ მათანიას ძისა, რადგან სანდოდ მიიჩნეოდნენ ისინი და მათზე იყო ძმათა შორის ყველაფრის დანაწილება.
14 . გახსოვდე მე, ღმერთო ჩემო, ამის გამო და ნუ წარხოცავ ჩემს ერთგულ საქმეებს, რომელიც ღვთის სახლისა და მისი სამსახურისთვის გავაკეთე.
15 . იმ დღეებში ვნახე იუდაში, რომ ზოგიერთნი ყურძენს წურავდნენ შაბათობით, ძნები მოჰქონდათ და ასაპალნებდნენ სახედრებზე, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყოველ ტვირთს და ეს ყველაფერი შაბათ დღეს მოჰქონდათ იერუსალიმში; და შევაგონებდი მათ სანოვაგის გაყიდვის დღეს.
16 . ცორელები მკვიდრობნდნენ იერუსალიმში; მოჰქონდათ თევზი და ყოველი გასაყიდი და შაბათობით ყიდდნენ იუდასა და იერუსალიმის ძეებზე.
17 . გავუწყერი იუდას დიდებულებს და ვუთხარი: "რატომ სჩადიხართ ბოროტებას, რატომ ბღალავთ შაბათ დღეს?
18 . განა ასე არ აკეთებდნენ თქვენი მამებიც და ამის გამო არ მოგვივლინა ჩვენმა ღმერთმა ჩვენ და ამ ქალაქს მთელი ეს უბედურება?! ისრაელზე რისხვის მოსაწევად ბღალავთ თქვენ შაბათს!”
19 . შაბათის წინ, როგორც კი, შებინდდა იერუსალიმის კარიბჭეებთან, ვბრძანე, რომ კარები დაეხშოთ და შაბათის გადასვლამდე არ გაეხსნათ. ჩემი მსახურნი დავაყენე კარიბჭეებზე, რომ არ შემოტანილიყო ტვირთი შაბათ დღეს.
20 . გაათიეს ვაჭრებმა და ყოველი გასაყიდის გამყიდველებმა იერუსალიმის გარეთ ერთხელ და მეორედაც.
21 . ვაფრთხილებდი მათ და ვეუბნებოდი: "რაღად ათევთ ღამეს ქალაქის გალავნის პირდაპირ? თუ კიდევ გაიმეორებთ, ხელს აღვმართავ თქვენზე”. ამის მერე აღარ მოდიოდნენ შაბათობით.
22 . ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ და მოსულიყვნენ კარიბჭეთა დასაცავად, რათა წმიდაეყოთ შაბათი. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შენი წყალობის სიდიადისამებრ მომეპყარი.
23 . ვნახე იმ დღეებში იუდეველნი, რომლებიც აშდოდელ, ყამონელ და მოაბელ ქალებს ირთავდნენ.
24 . მათ ძეთაგან ნახევარი აშდოდურად ლაპარაკობდა, ებრაული ენა არ იცოდა და სხვა ხალხთა ენებზე მეტყველებდა.
25 . გავუჯავრდი და ვწყევლე ისინი; ზოგიერთი ვცემე, თმა დავაგლიჯე, ღმერთს ვაფიცებდი: არ მისცეთ-მეთქი თქვენი ასულები მათ ძეებს და ნურც თქვენთვის და თქვენი ძეებისთვის მოიყვანთ-მეთქი მათ ასულებს!
26 . განა ასე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ, თუმცა არსად ყოფილა მისი მსგავსი მეფე! უყვარდა იგი თავის ღმერთს და მთელ ისრაელზე დაადგინა მეფედ! მაინც აცდუნეს უცხოელმა ქალებმა!
27 . განა თქვენზეც უნდა ვისმენდეთ, რომ ამ დიდ ბოროტებას სჩადიხართ და სცოდავთ ჩვენი ღმერთის წინაშე უცხოტომელი ქალების შერთვით?”
28 . იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავარის ძეთაგან ერთ-ერთის ვაჟი ხორონელი სანბალატის სიძე იყო და გავაგდე ჩემგან.
29 . გაუხსენე მათ, ღმერთო ჩემო, რადგან შებღალეს ღვთისმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა.
30 . განვწმიდე ისინი ყოველივე წარმართულისგან; მღვდლებსა და ლევიანებს ყველას დავუდგინე მოვალეობანი, თითოეულს - თავისი მსახურებისამებრ.
31 . შეშისა და პირველნაყოფთა შესაწირები დავადგინე განსაზღვრულ დროს. სასიკეთოდ გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "შენ კი, ძეო კაცისავ! გოდება გამართე ტვიროსზე.
3 . და უთხარი ზღვის შესასვლელთან დასახლებულ ტვიროსს, მრავალ ზღვისპირა ქვეყნების ხალხებთან მოვაჭრეს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, გითქვამს, სრულყოფილი ვარო მშვენებაში.
4 . ზღვების გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს მშვენება შენი.
5 . სენირის კვიპაროსებისგან დაგიმზადეს ყველა ფიცარი, ლიბანიდან კედარი ჩამოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
6 . ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.
7 . ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რომ დროშად გქონოდა. გადასახურავი ცისფერი და მეწამული ქსოვილისა იყო ელიშას ზღვისპირეთიდან;
8 . ციდონელები და არვადელები გყავდა მენიჩბეებად; შენი ბრძენკაცები გყავდა, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
9 . გებალის უხუცესნი და მისი ბრძენკაცები შენთან იყვნენ ბზარების შესაკეთებლად, ზღვის ყველა გემი და მათი მეზღვაურნი იყვნენ შენში, რომ ვაჭრობა წარემართათ.
10 . სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცები. ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ, ისინი გმატებდნენ ბრწყინვალებას.
11 . არვადის ძენი და შენი ლაშქარი იდგნენ კედლებზე გუშაგებად შენს გარშემო, გამადიმელნი იყვნენ შენს კოშკებში; თავიანთ ფარებს ირგვლივ შენს კედლებზე ჰკიდებდნენ. ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
12 . თარშიში ვაჭრობდა შენთან, ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ შენს საქონელში.
13 . იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი ვაჭრები, ცოცხალ ადამიანებს და სპილენძის ჭურჭელს გიცვლიდნენ საქონელში;
14 . თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებსა და ჯორებს გაძლევდნენ შენს საქონელში.
15 . დედანის ძენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი და მრავალი ზღვისპირა ქვეყანა იყო შენი სავაჭრო ადგილი. სპილოს ეშვები და შავი ხე მოჰქონდათ საფასურად.
16 . არამის ძენი ვაჭრობდნენ შენთან, შენი ნაკეთობების სიმრავლის გამო; ზურმუხტს, მეწამულსა და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანსა და ლალს იძლეოდნენ შენს საქონელში.
17 . იუდა და ისრაელის ქვეყანა იყვნენ შენთან მოვაჭრენი, მინითის ხორბალს, პანაგს, თაფლს, ზეთსა და ბალსამონს გაძლევდნენ სანაცვლოდ.
18 . დამასკო იყო შენთან მოვაჭრე, შენი მრავალი ნაკეთობისა და ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ხელბონის ღვინისა და თეთრი მატყლის გამო.
19 . დანი და იავანი ნაწრთობ რკინას, დარიჩინსა და ტკბილ ლერწამს გაძლევდნენ შენი საქონლის სანაცვლოდ უზალიდან.
20 . დედანი საუნაგირე მორთულობით გევაჭრებოდა.
21 . არაბეთი და კედარის ყველა მთავარი ვაჭრობდა შენთან; ბატკნებით, ვერძებითა და ვაცებით გევაჭრებოდნენ.
22 . შებასა და რაყმას მოვაჭრენიც შენთან ვაჭრობდნენ; ყველანაირ საუკეთესო ნელსაცხებელს, ყოველგვარ ძვირფას ქვასა და ოქროს გიცვლიდნენ შენს საქონელში.
23 . ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, ასევე აშური და ქილმადი შენთან ვაჭრობდნენ,
24 . შენთან ვაჭრობდნენ ძვირფასი სამოსელით, ლურჯი ნაქარგი მოსასხამებით, სხვადასხვაფერის ქსოვილით გაწყობილი ხალიჩებითა
25 . თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდათ შენი საქონელი, აივსე და დიდად განდიდდი ზღვის შუაგულში.
26 . დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა მენიჩბეებმა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა ზღვის შუაგულში.
27 . შენი სიმდიდრე, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი მეზღვაურნი და მესაჭეები, ბზარების შემკეთებელნი და შენი საქონლით მოვაჭრენი, ყველა შენი მეომარი, ვინც შენთანაა და მთელი კრებული, შენ შორის მყოფი, ზღვის შუაგულში ჩაცვივდებიან შენი დაცემის დღეს.
28 . შენი მესაჭეების ყვირილი შეარყევს შემოგარენს.
29 . თავ-თავიანთი ხომალდიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგებიან.
30 . ხმას აიმაღლებენ შენ გამო და მწარედ აქვითინდებიან, მტვერს დაიყრიან თავზე და ნაცარში გაგორდებიან.
31 . შენ გამო თავს გადაიპარსავენ, ჯვალოს ჩაიცვამენ და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
32 . კვნესით დაგიტირებენ და გიგლოვებენ: "ვინ არის ტვიროსივით? მასავით ვინ დადუმებულა შუაგულ ზღვაში?”
33 . როცა ზღვებით გადიოდა შენი საქონელი, მრავალ ხალხს აძღობდი შენი უხვი დოვლათით და შენი ვაჭრობით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს.
34 . ახლა კი ზღვამ ჩაგლეწა წყლების სიღრმეებში, შენი საქონელი და მთელი შენი კრებული გაქრა შენთან ერთად.
35 . შენ გამო შეძრწუნდა ყველა ზღვისპირა ქვეყანა, მათ მეფეებს შიში დაეცათ, სახე აელეწათ.
36 . ხალხებში მოსიარულე ვაჭრები უსტვენენ შენ გამო, საშინელი აღსასრული გეწია, აღარ იქნები უკუნისამდე!”
1 . აჰა, იმ დღეებში და იმ დროს იქნება: დავაბრუნებ ტყვეობაში მყოფ იუდასა და იერუსალიმს.
2 . შევკრებ ყველა ხალხს და იოშაფატის ველზე ჩავიყვან; იქ გავასამართლებ მათ ჩემი ხალხისა და ჩემი სამკვიდროს, ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებში და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
3 . წილი ჰყარეს ჩემს ხალხზე, ბიჭი მეძავში გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს, რომ დაელიათ.
4 . რა ხართ ჩემთვის, ტვიროსო, ციდონო და ფილისტიმის ყველა მხარევ? სამაგიერო გინდათ მომაგოთ? თუ სამაგიეროს მოგებას აპირებთ, სწრაფად და იოლად მოვაქცევ თქვენზევე თქვენს სამაგიეროს.
5 . იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო წაიღეთ და ჩემი ძვირფასი საგანძური თქვენს ტაძრებში შეიტანეთ;
6 . ბერძენთა ძეებს მიჰყიდეთ იუდასა და იერუსალიმის ძენი, რომ თავიანთი საზღვრებიდან მოგეშორებინათ ისინი.
7 . აჰა, ავიყვან მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ და თქვენზევე მოვაქცევ თქვენს საქმეებს;
8 . თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს მივყიდი და ისინი მათ შაბაელთ მიჰყიდიან, შორეულ ხალხს, რადგან უფალმა ბრძანა.
9 . აუწყეთ ეს ამბავი ხალხებს, მოემზადეთ საომრად; გამოაღვიძეთ ძლიერი ვაჟკაცები, ამოვიდნენ და ახლოს მოდგნენ მეომრები.
10 . სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისგან - შუბები; დაე, თქვას სუსტმა: "ძლიერი ვარ!”
11 . იჩქარეთ, მოდით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! უფალო, დაუძახე შენს ძლიერ მებრძოლებს.
12 . გამოიღვიძონ ხალხებმა და იოშაფატის ველს მიაშურონ, რადგან იქ დავჯდები, რომ გავასამართლო ირგვლივ მცხოვრები ხალხები.
13 . მიუშვით ნამგლები, რადგან მოიწია სამკალმა; მოდით და დაწურეთ, რადგან სავსეა საწნახელი; გაივსო კოდები, რადგან დიდია მათი ბოროტება.
14 . ხალხთა სიმრავლე, ხალხთა სიმრავლეა განაჩენის ველზე! რადგან უფლის დღე მოახლოვდა განაჩენის ველზე.
15 . მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ.
16 . სიონიდან დაიგრგვინებს უფალი და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას; ცანი და მიწა თრთიან; მაგრამ თავშესაფარია უფალი თავისი ხალხისთვის და ციხე-სიმაგრე ისრაელის ძეთათვის.
17 . მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.
18 . იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.
19 . გაპარტახდება ეგვიპტე და უკაცრიელ უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან იძალადეს იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლი დაღვარეს მათ ქვეყანაში.
20 . იუდა კი სამუდამოდ დარჩება და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
21 . და მოვიკითხავ მათ სისხლს, რომელიც არ მომიკითხავს, რადგან სიონზე მკვიდრობს უფალი”.
1 . აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
2 . უთხრა მათ: "როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: "არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”.
3 . უთხრა: "მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: "იოანეს ნათლობაში”.
4 . თქვა პავლემ: "იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე.
5 . ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ.
6 . როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
7 . სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.
8 . შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ.
9 . მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
10 . ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც.
11 . ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
12 . ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
13 . ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14 . ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი.
15 . მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?”
16 . დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.
17 . და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდეველისა და ბერძენისთვის; თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
18 . მრავალი მოდიოდა მათგან, ვინც ირწმუნა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
19 . ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.
20 . ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.
21 . ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: "იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”.
22 . მაკედონიაში ორი თავისი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი გაგზავნა, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
23 . იმ დროს, არამცირე მღელვარება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.
24 . ვერცხლისმჭედელმა დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა, რითაც არამცირე საქმეს აძლევდა ხელოსნებს,
25 . შეკრიბა ამ ხელობის ხალხი და უთხრა: "კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
26 . ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში, ამ პავლემ თავისი ქადაგებით გადააცდინა ამდენი ხალხი, რაკი ამბობს, ადამიანის ხელით შექმნილნი, არ არიანო ღმერთები.
27 . მალე არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც აღარაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, ახლა რომ თაყვანს სცემს მთელი აზია და მსოფლიო”.
28 . ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: "დიდია ეფესელთა არტემისი!”
29 . მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.
30 . პავლემ ხალხში გასვლა მოინდომა, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს;
31 . ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, მის მეგობართაგან, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, არ გამოჩენილიყო თეატრონში.
32 . ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი - მეორეს, ვინაიდან ძალზე დაბნეული იყო კრებული და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
33 . ხალხიდან იუდეველთა წარმომადგენელი, ალექსანდრე გამოიყვანეს, მან ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე,
34 . მაგრამ, როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰკიოდნენ: დიდიაო ეფესელთა არტემისი!
35 . ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: "ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ქალაქი ეფესო დიდი არტემიდეს და ციდანმოვლენილის ტაძრის მცველია?
36 . და რაკი ამაში ეჭვი არავის ეპარება, მშვიდად ყოფნა გმართებთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
37 . მოგიყვანიათ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველნი არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელნი.
38 . თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს ვინმეზე აქვთ საჩივარი, სამსჯავროც გვაქვს და პროკონსულებიც გვყვანან, და უჩივლონ ერთმანეთს.
39 . ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე უნდა გადაწყდეს.
40 . ვინაიდან საფრთხე გვაქვს, რომ დღევანდელი არეულობისთვის ბრალი დაგვდონ, რადგან არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შევძლოთ".
41 . ეს თქვა და დაითხოვა შეკრებილნი.
1 . იტალიაში ჩვენი გადაცურვა რომ გადაწყდა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის კოჰორტის ასისთავს, სახელად იულიუსს გადასცეს.
2 . ავედით ადრამიტიუმის ხომალდზე, რომელსაც აზიის სანაპიროებზე უნდა გაევლო, და გავემგზავრეთ. თესალონიკელი არისტარქოს მაკედონელიც ჩვენთან იყო.
3 . მეორე დღეს სიდონს მივადექით. იულიუსმა პავლეს მიმართ კაცთმოყვარეობა გამოიჩინა და ნება დართო მეგობრებთან წასულიყო, რათა შემწეობა მიეღო მათგან.
4 . იქიდან გამგზავრებულებმა კვიპროსისკენ გავცურეთ პირქარის გამო.
5 . განვვლეთ ზღვა კილიკიისა და პამფილიის გასწვრივ და ლიკიას მირაში მივედით.
6 . იქ ასისთავმა ალექსანდრიული ხომალდი მონახა, რომელიც იტალიისკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა.
7 . მრავალი დღე ნელა მივცურავდით და როგორც იქნა გავუსწორდით კნიდონს; ჩვენთვის არახელსაყრელი ქარის გამო წინ ვეღარ წავიწიეთ და სალმონის მხრიდან, კრეტასთან მივცურეთ.
8 . მას რომ გავცდით, მივადექით "კეთილ ნავსაყუდლად” წოდებულ ადგილს, რომლსაც ქალაქი ლასეა ემიჯნება.
9 . რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობაც გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:
10 . "კაცნო, ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დანაკარგიანი იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისთვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც”.
11 . მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის მეპატრონეს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
12 . ნავსადგური მოუხერხებელი იყო გამოსაზამთრებლად, ამიტომ უმრავლესობამ იქიდან გამგზავრება ისურვა, რომ როგორმე ფინიკიამდე მიეღწიათ და იქ გამოეზამთრათ, კრეტას ნავსადგურში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთისკენაა მიქცეული.
13 . სამხრეთის ქარმა რომ დაუბერა, იფიქრეს, საწადელს ვეწიეთო, ღუზა ასწიეს და გაცურეს კრეტას გასწვრივ.
14 . მაგრამ სულ მალე ევროკლიდონად წოდებული ქარბორბალა ამოვარდა,
15 . წარიტაცა ხომალდი და რაკი აღარ შეგვეძლო ქარის გამკლავება, დავნებდით და დაგვაქროლებდა.
16 . ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, რომელსაც კაუდა ერქვა, როგორღაც მოვახერხეთ ნავის შენარჩუნება.
17 . მაღლა რომ ამოათრიეს, მერე ხომალდს ბაგირები შემოარტყეს ირგვლივ. შეშინებულებმა, სირტისზე არ გავირიყოთო, აფრა დაუშვეს და ასე გაქროლდნენ.
18 . რაკი კვლავ ძლიერად დაგვაქროლებდა ქარიშხალი, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დავიწყეთ.
19 . მესამე დღეს კი საკუთარი ხელით გადაყარეს ხომალდიდან აღჭურვილობა.
20 . რადგან მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები, და არც ქარიშხალი ცხრებოდა, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.
21 . დიდი ხნის უჭმელობის შემდეგ პავლე დადგა მათ შორის და თქვა: "კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და არ წამოსულიყავით კრეტადან, ამ ზიანსა და დანაკარგს აღარ ნახავდით.
22 . ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ. ყველანი გადარჩებით ხომალდის გარდა,
23 . რადგან წუხელ იმ ღმერთის ანგელოზი გამომეცხადა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები,
24 . და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარსდგე და აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთად მოცურავს ხომალდით.
25 . ამიტომ გამხნევდით, კაცნო, ვინაიდან მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა:
26 . რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ”.
27 . ადრიატიკის ზღვაში ქროლვის მეთოთხმეტე ღამეს, შუაღამისას, მიხვდნენ მეზღვაურები, რომ რომელიღაც სანაპიროს უახლოვდებოდნენ.
28 . გაზომეს სიღრმე და ოცი მხარი აღმოჩნდა. შემდეგ კვლავ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.
29 . შეეშინდათ, კლდოვან ადგილებზე არ მოვხვედრილიყავით და კიჩოდან ოთხი ღუზა ჩააგდეს გათენების მოლოდინში.
30 . მეზღვაურებმა ხომალდიდან გაქცევა დააპირეს, და ზღვაში ნავის ჩაშვება დაიწყეს იმ საბაბით, თითქოს ხომალდის წინიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზა.
31 . მაშინ, პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: "თუ ისინი ხომალდზე არ დარჩნენ, ვეღარ გადარჩებით”.
32 . მაშინ ჯარისკაცებმა საბელები გადაჭრეს და ნავი ზღვაში ჩავარდა.
33 . სანამ გათენდებოდა, ყველას შეაგონებდა პავლე, საჭმელი ეჭამათ. ეუბნებოდა: "დღეს მეთოთხმეტე დღეა, რაც უჭმელნი ხართ და არაფერი გიგემიათ.
34 . ამიტომ გთხოვთ ჭამოთ, ვინაიდან ეს თქვენივე გადასარჩენადაა საჭირო, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ბეწვიც კი არ დაიკარგება”.
35 . ეს რომ თქვა, აიღო პური, ყველას წინაშე მადლობა შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.
36 . მაშინ ყველანი გამხნევდნენ და მათაც მიიღეს საკვები.
37 . ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
38 . დანაყრებულებმა, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება.
39 . რომ გათენდა, სანაპირო ვერ იცნეს, მხოლოდ ერთი ყურე შენიშნეს. სწორედ იქ არჩიეს ხომალდის შეყენება, თუკი მოახერხებდნენ.
40 . გადაჭრეს ღუზები და მიატოვეს ზღვაში, ერთდროულად ახსნეს საჭის თოკები. ქარის საწინააღმდეგოდ მცირე აფრა აუშვეს და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
41 . მეჩეჩს ვეღარ მოერიდნენ და მასზე დაჯდა ხომალდი; ცხვირი უძრავად ჩაერჭო წყალში, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისგან ილეწებოდა.
42 . ჯარისკაცები მზად იყვნენ პატიმრები დაეხოცათ, რომ რომელიმეს არ გაეცურა და არ გაქცეულიყო.
43 . მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება; ბრძანა, ვისაც ცურვა შეეძლო, პირველი გადაშვებულიყო და ხმელეთზე გასულიყო,
44 . დანარჩენები კი - ზოგი ფიცარს მოსჭიდებოდა, ზოგიც - ხომალდის ნამსხვრევებს, რომ როგორმე თავი გადაერჩინათ. ამგვარად, ყველამ მიაღწია ხმელეთს.
1 . ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან რომ ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა; დედამიწა განათდა მისი დიდებით.
2 . დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: "დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის საპყრობილედ; და ყოველი ბილწი მხეცისა და არაწმიდა ფრინველის საპყრობილედ;
3 . ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისგან სვა ყველა ერმა; დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ”.
4 . გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: "გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.
5 . ვინაიდან ზეცამდე მიაღწია მისმა ცოდვებმა და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.
6 . მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით; სასმისი, რომელსაც ღვინით გივსებდათ, ორმაგად შეუვსეთ მას.
7 . რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.
8 . ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
9 . და დაიტირებენ და იგლოვებენ მას დედამიწის მეფეები, მასთან რომ მეძავობდნენ და ნებივრობდნენ, როცა მისი ხანძრის კვამლს დაინახავენ.
10 . მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში დადგა შენი განკითხვა.
11 . დედამიწის ვაჭრები დაიტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
12 . ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხესა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,
13 . დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სიცოცხლეს.
14 . შენი გულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყველაფერი პოხიერი და ბრწყინვალე გაგიქრა და ვეღარავინ იპოვის მათ.
15 . ყოველივე ამით მოვაჭრენი, მისგან რომ გამდიდრდნენ, შორს გადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.
16 . იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირითა და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო,
17 . რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე. ყოველი მესაჭე, და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს გადგა.
18 . მოსთქვამდნენ მისი ხანძრის კვამლს რომ უყურებდნენ, და ამბობდნენ: რომელი ქალაქი ჰგავდა ამ დიდ ქალაქს?
19 . თავზე მტვერი დაიყარეს და მოსთქვამდნენ ტირილითა და გლოვით: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებითაც გამდიდრდა ყველა, ვინც ხომალდით დაცურავდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაუდაბურდა.
20 . გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.
21 . ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა, გადააგდო ზღვაში და თქვა: "ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება.
22 . ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესალამურეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში; აღარ დარჩება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, აღარც დოლაბის ხმა გაისმება შენში.
23 . ლამპრის სინათლე აღარ გაგინათებს; აღარ გაისმება შენში ნეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ დედამიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.
24 . მასში იქნა ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდანთა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი”.