1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . გუნდისლოტბარს, დავითის საგალობელი. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
2 . დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
3 . არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.
4 . მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
5 . და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
6 . ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
7 . რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
8 . მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
9 . შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
10 . სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
11 . და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
12 . ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
13 . ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
14 . დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
1 . აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2 . გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3 . წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4 . რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5 . დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6 . უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7 . შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8 . ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9 . საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10 . გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11 . დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12 . მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13 . რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14 . აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15 . და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16 . გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17 . რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18 . მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19 . შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20 . განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21 . ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22 . ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23 . გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24 . რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25 . ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26 . იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27 . ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28 . მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29 . დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30 . გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31 . იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32 . დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33 . ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34 . ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35 . გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
1 . 1. შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულნო, შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი. 2. რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი. 3. რადგან მრუდე ზრახვები უფალს გვაშორებს და გამოცდა მისი ძლიერებისა ამხელს უგუნურებას. 4. რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს. 5. რადგან სიბრძნის წმიდა სული მზაკვრობას გაექცევა, განუდგება უგუნურ ზრახვებსაც და მოწევნული უსამართლობისა შერცხვება. 6. კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით, რადგან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, მისი გულის მართალი მეთვალყურე და მსმენელი მისი ენისა. 7. რადგან ქვეყნიერება აავსო უფლის სულმა და ყოვლისმპყრობელმა ყოველი ნათქვამი უწყის. 8. ამიტომაც უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო. 9. რადგან ზრახვანი უღვთოსი გამოიძიება და უფლის სმენამდე ააღწევს მისი სიტყვები სამხილებლად. 10. რადგან შურისმგებლის ყური ყოველთვის ისმენს და გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება. 11. ფუჭ დრტვინვას ერიდეთ და მოეშვით ავსიტყვაობას, რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს. 12. ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ. 13. რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს; 14. რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. 15. რადგან უკვდავია სამართლიანობა, 16. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და, მასთან დამოყვრებულნი, დაიშრიტნენ, აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ.
1 . 1. მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება, 2. ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდაზებს და იგავთა ნართაულობას ჩაწვდება; 3. გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს; 4. დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარდგება; იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყანაში, რადგან გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის; 5. თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს. 6. თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს. 7. კეთილად წარმართავს თავის ნებასა და გონებას, და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს. 8. წარმოაჩენს თავისი დამოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს. 9. მის ცოდნას მრავალნი შეაქებენ და არ დაივიწყებენ უკუნისამდე; მისი სახსენებელი არ წაიშლება და მისი სახელი თაობიდან თაობაში იცოცხლებს. 10. მის სიბრძნეს განადიდებენ ერები და მის ქებას გამოაცხადებს საკრებულო. 11. სანამ ცოცხალია, ათასებზე უფრო დიდ სახელს მოიხვეჭს, და როცა განისვენებს, საკმარისი დარჩება თავისთვის. 12. კიდევ მაქვს სათქმელი, რაზეც მიფიქრია; სავსე ვარ, როგორც მთვარე აღვსებისას. 13. ისმინეთ ჩემი, ღირსეულო შვილებო, და გაიფურჩქნეთ ნაღვარევ ველზე დარგული ვარდივით. 14. და გამოეცით კეთილსურნელება საკმევლის ხესავით, აყვავდით, როგორც შროშანი, მოჰფინეთ სურნელება და იგალობეთ საგალობელი, ყოველი საქმით უფალი აკურთხეთ. 15. მიეცით მის სახელს სიდიადე, მადლი მიაგეთ მას ხოტბა-დიდებით, ბაგეთა გალობებით და ბარბითებით, და მადლობისას ასე წარმოთქვით: 16. ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღსრულდება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა. 17. მისი სიტყვით ზვინივით დადგა წყალი და მისი პირიდან თქმულით გაჩნდა წყალთა შესაკრებელნი. 18. მისი ბრძანებითაა ყველაფერი, რაც მას ეთნევა, და არავის ძალუძს დააკნინოს მისი მაცხოვრების ძალა. 19. მის წინაშეა ყოველი ხორციელის საქმენი და არაფერია მისი თვალებისთვის დაფარული. 20. ყოველივე დასაბამიდან განჭვრიტა საუკუნოდ და არაფერია მისთვის საკვირველი. 21. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე საჭიროებისამებრ შეიქმნა. 22. კურთხევა მისი ფარავს მდინარესავით და წარღვნასავით არწყულებს ხმელეთს. 23. მაგრამ მის რისხვასაც გამოსცდიან ერები, როგორც ოდესღაც, როცა წყლები მლაშობად აქცია. 24. ღირსეულთათვის მისი გზები სწორია, ურჯულოთათვის კი შემაბრკოლებელი. 25. დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის - ბოროტება. 26. ადამიანისთვის სიცოცხლის სახსართაგან მთავარია: წყალი და ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი, ზეთი და სამოსელი - 27. ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილებს კი სატანჯველად ექცევა. 28. არის ქარები, შურის საძიებლად შექმნილნი, სიშმაგეში რომ ასასტიკებენ თავიანთ შოლტებს; ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ. 29. ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი - ყოველივე ეს შურისგებადაა შექმნილი. 30. მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპავად. 31. მის ბრძანებაზე ხარობენ, საჭიროებისთვის მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ მისი სიტყვა. 32. ამიტომაც იმთავითვე გადავწყვიტე, განვსაჯე და დავწერე, 33. რომ მშვენიერია უფლის ყოველი ნამოქმედარი და დროულად მოგვმადლებს ყოველივეს საჭიროებისამებრ, 34. და რომ არ ეგების თქმა: ეს ამაზე უარესიაო, რადგან ყველაფერი თავის დროზე სასიკეთო გახდება. 35. ახლა, იგალობეთ მთელი გულითა და პირით, და აკურთხეთ უფლის სახელი.
1 . ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
2 . ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთა სინდისიც დადაღულია.
3 . ისინი კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების მცოდნეებმა.
4 . რადგან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,
5 . ვინაიდან იწმიდება ღვთის სიტყვითა და ლოცვით.
6 . თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური, გამოკვებილი რწმენის სიტყვებითა და კეთილი მოძღვრებით, რომლის მიმდევარიც გახდი.
7 . ოღონდ უღვთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე;
8 . ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
9 . სარწმუნოა ეს სიტყვა და სრულად მიღებას იმსახურებს.
10 . ვინაიდან ამიტომ ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ცოცხალი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, მეტადრე კი ერთგულებისა.
11 . ეს ამცნე და ასწავლე.
12 . აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის - სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
13 . სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.
14 . ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.
15 . ამაზე იბეჯითე და ამაში იდექი, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა.
16 . იფხიზლე საკუთარ თავსა და მოძღვრებაზე; მტკიცედ მიჰყევი ამას, ვინაიდან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.