1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . სარაის, აბრამის ცოლს, შვილები არ უშვია; და ჰყავდა მას ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი.
2 . უთხრა სარაიმ აბრამს: "შვილები არ მომცა უფალმა. ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინძლო გავშვილიანდე მისგან”. და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
3 . სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი მისცა ცოლად თავის ქმარს.
4 . შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
5 . უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.
6 . უთხრა აბრამმა სარაის: "აგერ არის ეს მხევალი, შენს ხელთაა იგი და როგორც გენებოს, ისე მოექეცი”. და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ, ის კი გაექცა მას.
7 . და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, აშურის გზაზე, ჭასთან.
8 . ჰკითხა: "ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?” უპასუხა: "სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ”.
9 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე”.
10 . კვლავ უთხრა უფლის ანგელოზმა: "გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ დაითვლება იგი სიმრავლის გამო”.
11 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "ორსულად ხარ, ვაჟს შობ და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას.
12 . ველური კაცი იქნება იგი. მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი - მის წინააღმდეგ. თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი”.
13 . და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, "ელ როი” - "უფალი, რომელიც ხედავს!” და თქვა: "აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს”.
14 . ამიტომ შეარქვა ჭას "ბეერ ლაჰაი როი” - მხილველის ჭა. იგი კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს.
15 . და უშვა აბრამს ჰაგარმა ძე. აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი დაარქვა.
16 . ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ჰაგარმა ისმაელი უშვა.
1 . უთხრა უფალმა აბრამს: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ.
2 . დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
3 . ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.
4 . წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა; და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. სამოცდათხუთმეტი წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა.
5 . თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას; და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
6 . გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემამდე - მორეს მუხამდე; ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
7 . გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: "შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
8 . გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი: ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით; იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს.
9 . დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა.
10 . შიმშილი იყო იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან ძალიან მძვინვარებდა შიმშილი.
11 . ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრამმა სარაის, თავის ცოლს: "ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
12 . დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13 . ამიტომ თქვი, რომ და ხარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო.
14 . როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, იხილეს ეგვიპტელებმა ეს ქალი, რომელიც ძალიან მშვენიერი იყო.
15 . ნახეს ფარაონის დიდებულებმაც და უქეს ფარაონს; და წაიყვანეს ქალი ფარაონის კარზე.
16 . კარგად მოექცნენ აბრამს მისი ცოლის გამო. ჰყავდა აბრამს ცხვარი და პირუტყვი, ყმანი და მხევალნი, სახედრები და აქლემები.
17 . დიდად დაასნეულა უფალმა ფარაონი და მისი სახლი სარაის, აბრამის ცოლის გამო.
18 . იხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: "ეს რა მიყავი, რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო ეს ქალი?
19 . რატომ თქვი ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად შერთვას ვაპირებდი! აი, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი აქედან!”
20 . უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს და გაისტუმრეს აბრამი და ცოლი მისი, და წაიღეს თან, რაც გააჩნდათ.
1 . ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.
2 . ძალზედ მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
3 . ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის.
4 . იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს.
5 . ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
6 . და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.
7 . დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
8 . და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.
9 . განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.
10 . აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.
11 . და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.
12 . აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13 . ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.
14 . და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან გაყრის შემდეგ: "აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.
15 . რადგან, მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე.
16 . მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
17 . ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას”.
18 . აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია; და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . და მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას, ხორებს.
2 . და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: "ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3 . თქვა მოსემ: "მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.
4 . იხილა უფალმა, რომ მობრუნდა მოსე სანახავად და მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: "მოსე! მოსე!” უთხრა: "აქა ვარ”.
5 . უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.
6 . უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა”. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა.
7 . უთხრა უფალმა: "ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
8 . და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
9 . აჰა, მოაღწია ჩემამდე ისრაელის შვილთა ღაღადმა და ვიხილე ჩაგვრაც, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.
10 . ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან”.
11 . უთხრა მოსემ ღმერთს: "ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”
12 . უთხრა ღმერთმა: "მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.
13 . უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?”
14 . უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.
15 . კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16 . წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
17 . და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
18 . შეისმენენ შენს ნათქვამს, მიხვალ ეგვიპტის მეფესთან ისრაელის უხუცესებთან ერთად და ეტყვით მას: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფლისთვის, ჩვენი ღმერთისთვის.
19 . ვიცი, რომ არ დაგრთავთ ეგვიპტის მეფე წასვლის ნებას, თუ მაგარი ხელით არ ვაიძულებ.
20 . გავიწვდი ხელს და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ მის შუაგულში; და ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21 . მადლს ვაპოვნინებ ამ ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და როცა გამოხვალთ, არ იქნებით ხელცარიელნი.
22 . ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი მდგმური ქალისგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი და სამოსელი; შემოსეთ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი და ასე გაძარცვეთ ეგვიპტელნი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ახლა იხილავ, რას ვუზამ ფარაონს, რადგან აიძულებს ჩემი მაგარი ხელი გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გააძევოს თავისი ქვეყნიდან”.
2 . ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
3 . მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
4 . აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.
5 . და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6 . ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.
7 . მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი - თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
8 . და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.
9 . ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
10 . და კვლავ ელაპარაკა უფალი მოსეს:
11 . "შედი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან”.
12 . მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: "აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე - ბაგემძიმეს?”
13 . და ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს, და მისცა მათ ბრძანება ისრაელის შვილებისა და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გამოეყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის შვილები.
14 . ესენი არიან მთავრები თავ-თავისი მამების სახლეულისა: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი: ესაა რეუბენის სახლი.
15 . სიმონის ძენი: იემუელი და იამინი, ოჰადი და იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის სახლი.
16 . აჰა ლევის ძეთა სახელები თავ-თავისი გვარტომობით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იყო ლევის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
17 . ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავისი სახლეულით.
18 . კეჰათის ძენი: ყამრამი და იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იყო კეჰათის ცხოვრების წლები ას ოცდაცამეტი.
19 . მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის სახლეული თავ-თავისი გვარტომობით.
20 . და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
21 . იცჰარის ძენი: კორახი, ნეფეგი და ზიქრი.
22 . ყუზიელის ძენი: მიშაელი, ელცაფანი და სითრი.
23 . და მოიყვანა აჰარონმა ცოლად ელიშებაყი, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის და; და შვა ქალმა მისთვის ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
24 . კორახის ძენი: ასირი, ელკანა და აბიასაფი: ესენი არიან კორახის სახლეული.
25 . ელეაზარმა, აჰარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ასულთაგანი შეირთო; შვა ქალმა მისთვის ფინხასი. ესენია ლევის ტომთა მამამთავრები თავ-თავისი სახლეულებით.
26 . ეს ის აჰარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: "გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან თავ-თავისი რაზმების მიხედვით”.
27 . ისინი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ეგვიპტიდან ისრაელის ძეთა გამოსაყვანად. ესენი იყვნენ მოსე და აჰარონი.
28 . ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29 . უთხრა უფალმა მოსეს: "მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები”.
30 . და თქვა მოსემ უფლის წინაშე: "ბაგემძიმე ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?”
1 . მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: "ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.
2 . ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
3 . მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4 . ფარაონის ეტლები და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ წითელ ზღვაში.
5 . დაფარა ისინი წყალმა; ლოდებივით ჩაეშვნენ სიღრმეში.
6 . მარჯვენა შენი, უფალო, განდიდებულია ძალით, მარჯვენამ შენმა, უფალო, გააცამტვერა მტერი.
7 . შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.
8 . შენი ნესტოების ქარის ქროლვით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ტალღები, შედედდნენ მორევნი ზღვის გულში.
9 . თქვა მტერმა: "დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ამოვიყრი, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ხელი ჩემი”.
10 . დაჰქროლე შენი სუნთქვით და ზღვამ დაფარა ისინი - ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ წყალში.
11 . ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?
12 . გაიწოდე მარჯვენა და მიწამ შთანთქა ისინი.
13 . წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.
14 . ისმინეს ხალხებმა და ათრთოლდნენ; ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მკვიდრნი.
15 . მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთვარნი, აცახცახდნენ მოაბის თავკაცნი და შეკრთნენ მკვიდრნი ქანაანისა.
16 . დაეცათ შიში და ძრწოლა; შენი მკლავის სიმაგრემ ლოდივით დაადუმა ისინი, სანამ გაივლის შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლის ეს ხალხი, რომელიც შეისყიდე.
17 . მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.
18 . უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე”.
19 . როდესაც ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებით ზღვაში შევიდნენ, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ისრაელის შვილებმა კი მშრალ მიწაზე გაიარეს შუა ზღვაში.
20 . აიღო წინასწარმეტყველმა მირიამმა, აჰარონის დამ, დაფდაფი ხელში, და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21 . და ხოტბით უპასუხა მირიამმა: "უგალობეთ უფალს, რადგან ფრიად განდიდდა იგი; ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი”.
22 . წაიყვანა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23 . მივიდნენ მარას და ვერ შეძლეს წყლის დალევა მარაში, რადგან მწარე იყო, ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24 . და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: "რა დავლიოთ?”
25 . შეჰღაღადა მოსემ უფალს და უჩვენა მას უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26 . თქვა: "თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27 . მივიდნენ ელიმში და იყო იქ თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე; და იქ დაიბანაკეს წყლის პირას.
1 . და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2 . "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3 . არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4 . არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5 . თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
6 . და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
7 . არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.
8 . გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.
9 . ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;
10 . ხოლო მეშვიდე დღე - უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11 . რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12 . პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.
13 . არა კლა.
14 . არ იმრუშო.
15 . არ იქურდო.
16 . არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17 . არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
18 . ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.
19 . უთხრეს მოსეს: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”.
20 . უთხრა მოსემ ხალხს: "ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ”.
21 . მოშორებით იდგა ხალხი, მოსე კი მივიდა ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.
23 . ნუ გაიკეთებთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთებს, ვერცხლისა და ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24 . გამიკეთე სამსხვერპლო მიწისგან და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი; და ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25 . თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა სატეხს, წაბილწავ მას.
26 . საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
1 . ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.
2 . უმრავლესობას ბოროტებაში ნუ აჰყვები და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და სამართალი არ გაამრუდო.
3 . ნურც ღარიბ კაცს გაუწევ შეღავათს სადავო საქმეში.
4 . თუ შენი მტრის გზააბნეულ ხარს ან სახედარს წააწყდები, პატრონს დაუბრუნე.
5 . თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
6 . ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
7 . შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
8 . ქრთამს ნუ აიღებ, რადგან იგი თვალხილულებს აბრმავებს და მართალთა სიტყვებს აუკუღმართებს.
9 . ხიზანს ნუ შეავიწროებ; თავად იცით ხიზნის ყოფა, რადგან ხიზნად იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
10 . ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი.
11 . მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
12 . ექვსი დღე აკეთე შენი საქმეები და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.
13 . დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით, არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი და არც დასცდეს თქვენს ბაგეებს.
14 . წელიწადში სამჯერ იდღესასწაულე ჩემთვის.
15 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
16 . მკის დღესასწაული იზეიმე, შენი შრომის პირველნაყოფების მოწევისა, რაც ყანაში დაგითესავს; წელიწადის დამლევს კი მოსავლის აღება იდღესასწაულე, როცა შენს ნაშრომს მოიწევ მინდვრიდან.
17 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი მამაკაცი უფალ ღმერთთან.
18 . საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირის სისხლს, არ დარჩეს ჩემი სადღესასწაულო ცხიმი დილამდე.
19 . მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.
20 . აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის.
21 . იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
22 . თუ მოუსმენ მის ხმას და გააკეთებ ყველაფერს, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს.
23 . რადგან ჩემი ანგელოზი წაგიძღვება და მიგიყვანს ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან და მე შევმუსრავ მათ:
24 . თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს, არც ემსახურო და არ აკეთო მათნაირი საქმეები, არამედ ბოლომდე დაანგრიე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
25 . უფალს, თქვენს ღმერთს ემსახურეთ და ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს; და განვაშორებ ავადმყოფობას თქვენი წიაღიდან.
26 . არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმოწყვეტილი ან ბერწი; და ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27 . წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშის ზარს და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, ვისთანაც მიხვალ; შენი ყოველი მტრის ზურგს მოვაქცევ შენკენ.
28 . კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს შენგან.
29 . არ გავრეკავ მათ ერთი წლის განმავლობაში, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ ველური მხეცები.
30 . თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31 . გავავლებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ და გარეკავ მათ შენგან.
32 . ნუ დადებ აღთქმას ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან.
33 . არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, მახეში გაებმები”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "აიყარეთ ახლა აქედან და წადით, შენ და ხალხი, ეგვიპტის მიწიდან რომ გამოიყვანე, ქვეყანაში, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ასე: ‘შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.’
2 . წაგიმძღვარებ წინ ანგელოზს და განვდევნი ქანაანელებს, ამორელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
3 . ქვეყნისკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი; თვითონ მე კი აღარ ვივლი შენ შორის, რადგან ქედმაგარი ხალხი ხარ, ვაითუ მოგსპო გზაში”.
4 . როცა მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა, იგლოვა და არავის მიუბნევია სამკაული.
5 . უთხრა უფალმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ქედმაგარი ხალხი ხართ, ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენ შორის, მოგსპობთ; ახლა მოიხსენით თქვენი სამკაულები და ვიცი, როგორც მოგეგცევით.
6 . და ჩამოიხსნეს ისრაელის შვილებმა სამკაულები, ხორების მთასთან.
7 . აიღო მოსემ და ბანაკის გარეთ, შორს გაიშალა კარავი და უწოდა მას საკრებულო კარავი; ყოველი უფლის მაძიებელი საკრებულო კარავთან მიდიოდა, რომელიც ბანაკის გარეთ იდგა.
8 . როცა გადიოდა მოსე კარვისკენ, ფეხზე დგებოდა მთელი ხალხი; თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა.
9 . როდესაც შევიდოდა მოსე კარავში, ღრუბლის სვეტი ეშვებოდა და იდგა კარვის შესასვლელთან და ლაპარაკობდა უფალი მოსესთან.
10 . და ხედავდა მთელი ხალხი კარვის შესასვლელთან აღმართულ ღრუბლის სვეტს; დგებოდა მთელი ხალხი და თაყვანს სცემდა, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან.
11 . და ლაპარაკობდა უფალი მოსესთან პირისპირ, როგორც თავის მეგობარს ელაპარაკება კაცი. მერე ბრუნდებოდა ბანაკში; ხოლო მისი მსახური, ჭაბუკი იეშუა ნავეს ძე, არ შორდებოდა კარავს.
12 . უთხრა მოსემ უფალს: "აჰა, მეუბნები, წარუძეხიო ამ ხალხს, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად; აკი მითხარი, სახელით გიცნობ და ნაპოვნი გაქვსო მადლი ჩემს თვალში.
13 . თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გემუდარები, მაუწყე შენი გზები, რათა შეგიცნო და ვპოვო მადლი შენს თვალში; აჰა, გაითვალისწინე, რომ შენი ერია ეს ხალხი”.
14 . თქვა უფალმა: "მე თავად წამოვალ და დაგასვენებ”.
15 . უთხრა მოსემ: "თუ თავად შენ არ წაგვიძღვები, აქედან ნუ გაგვიყვან.
16 . როგორ გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი მე და შენმა ხალხმა შენს თვალში? განა იმით არა, რომ წამოხვალ ჩვენთან ერთად და ამით ვიქნებით გამორჩეული, მე და შენი ხალხი, ყოველი ერისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?”
17 . უთხრა უფალმა მოსეს: "მაგ შენ ნათქვამსაც შეგისრულებ, რადგან მადლი ჰპოვე ჩემს თვალში და გიცნობ სახელით”.
18 . უთხრა მოსემ: "მახილვინე შენი დიდება”.
19 . უპასუხა უფალმა: "ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”.
20 . თქვა: "ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს მიხილოს და ცოცხალი დარჩეს”.
21 . თქვა უფალმა: "აჰა, ადგილია ჩემთან: დადექი ამ კლდეზე,
22 . და როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მოგათავსებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე გავივლი;
23 . მოგაშორებ ხელს და დაინახავ ჩემს ზურგს, მაგრამ სახეს ვერ იხილავ”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.
1 . მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: "ისმინე, ისრაელ, წესდებანი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს შენს გასაგონად; რათა ისწავლო და შეასრულო ისინი.
2 . აღთქმა დაგვიდო ხორებში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
3 . ჩვენს მამებთან კი არა, უფალმა ეს აღთქმა ჩვენთან დადო, ვინც დღეს აქ ვართ, ცოცხლები.
4 . პირისპირ გელაპარაკებოდა უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან,
5 . მე კი იმ დროს უფალსა და შენს შორის ვიდექი, რათა უფლის სიტყვა მეუწყებინა შენთვის, რადგან გეშინოდა ცეცხლის და არ ამოსულხარ მთაზე. მან თქვა:
6 . "მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
7 . არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემ გარდა.
8 . არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია და მიწის ქვემოთ.
9 . არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;
10 . და წყალობისმყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა ათასეული თაობისთვის.
11 . არ ახსენო უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს უფალი მისი სახელის ფუჭად მხსენებელს.
12 . დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი, როგორც აქვს ნაბრძანები უფალს, შენს ღმერთს.
13 . ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,
14 . ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ და ასულმა, არც შენმა მონამ და მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა შენსავით დაისვენოს შენმა მონამ და მხევალმა.
15 . გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და უფალმა, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
16 . პატივი ეცი მამას და დედას, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი ღმერთი.
17 . არა კლა.
18 . არ იმრუშო.
19 . არ იქურდო.
20 . არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
21 . არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი და შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა და მსახური, არც მისი მხევალი და ხარი, არც სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
22 . ეს სიტყვები უთხრა უფალმა მთელ შენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლისა და ნისლის შუაგულიდან, დიადი ხმით და აღარაფერი დაუმატებია და დაწერა ქვის ორ დაფაზე და მე მომცა.
23 . როცა მოისმინეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, ხოლო მთა ცეცხლით იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ყველა ტომის მთავარი და უხუცესი;
24 . მითხარით: "აჰა, გვიჩვენა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე და გვესმა მისი ხმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა იგი.
25 . ახლა რად უნდა დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი: თუ კიდევ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, დავიხოცებით!
26 . რადგან ვინ არის ის ხორციელი, ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღმერთის ხმა რომ მოესმინოს და ცოცხალი დარჩენილიყოს ჩვენსავით?
27 . მიუახლოვდი და მოისმინე ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის და მერე გვითხარი ყველაფერი, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გეტყვის. ჩვენ მოვისმენთ და შევასრულებთ”.
28 . მოისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკი, მე რომ მელაპარაკებოდით და მითხრა: "ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკი, შენ რომ გელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგია, რაც ილაპარაკეს.
29 . ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ჩემი ყოველი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი ძენი უკუნისამდე.
30 . წადი და უთხარი მათ, დაბრუნდნენ თავიანთ კარვებში.
31 . ხოლო შენ აქ დადექი ჩემთან და გეტყვი ყველა მცნებას, წესს და სამართალს, რომელიც უნდა ასწავლო მათ, რათა შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც ვაძლევ დასამკვიდრებლად”.
32 . ისე დაიცავი, როგორც ნაბრძანები აქვს შენთვის უფალს, შენს ღმერთს; ნუ გადაიხრები ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ.
33 . იარე ყველა იმ გზით, რომელიც გამცნო შენმა ღმერთმა, რათა იცოცხლო, სიკეთე გქონდეს და დღეგრძელი იყო იმ ქვეყანაში, რომელსაც დაიმკვიდრებ.
1 . "ასეთია მცნებანი, წესები და სამართალი, რომელთა სწავლებაც მიბრძანა თქვენთვის უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რათა აღასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ.
2 . გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, რათა მთელი თქვენი ცხოვრების დღეებში დაიცვათ ყველა მისი დადგენილება და მცნება, რომელსაც გამცნებთ თქვენ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რათა იდღეგრძელოთ.
3 . ისმინე, ისრაელ და იფხიზლე მათ შესასრულებლად, რათა კარგად იყო და ფრიად გამრავლდე, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, იმ ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
4 . ისმინე ისრაელ, უფალი, ჩვენი ღმერთი - ერთი უფალია.
5 . შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.
6 . გულში ჩაიდე ეს სიტყვები, რომელთაც გამცნებ დღეს.
7 . შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
8 . ნიშნად შეიბი ხელზე და შუბლსაკრავად თვალთა შორის.
9 . დააწერე შენი სახლის წირთხლსა და კარებს.
10 . როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს - აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, რათა მოგცეს დიდი და კარგი ქალაქები, რომლებიც შენ არ აგიშენებია;
11 . და ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, რომლებიც შენ არ აგივსია და ამოკვეთილი ჭები, რომლებიც შენ არ ამოგიკვეთავს, ბაღ-ვენახები და ზეთისხილის ხეები, რომლებიც არ დაგირგავს; და, როცა შეჭამ და გაძღები,
12 . გაფრთხილდი, არ დაივიწყო შენი უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
13 . გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე და საფიცრად გქონდეს მისი სახელი.
14 . ნუ გაჰყვები უცხო ღმერთებს, შენს გარშემო მყოფი ხალხების ღმერთებს,
15 . ვინაიდან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენს შორის რომ არის, ეჭვიანია, არ აღინთოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ მოგსპოთ მიწის პირისგან.
16 . არ გამოსცადო უფალი, შენი ღმერთი, როგორც მასაში გამოსცადე.
17 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, მისი მოწმობანი და დადგენილებანი, რომლებიც ნაბრძანები აქვს.
18 . სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის წინაშე, რათა კარგად იყო, მიხვიდე და დაიმკვიდრო ბარაქიანი ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
19 . რათა განდევნოს ყოველი შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
20 . და როცა გკითხავს შენი შვილი: "რა მოწმობები, წესები და სამართალია ეს, უფლის, ჩვენი ღმერთისგან რომაა ნაბრძანები?”
21 . უპასუხე: "მონებად ვიყავით ფარაონთან ეგვიპტეში და უფალმა ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან.
22 . ჩვენს თვალწინ მოავლინა უფალმა ნიშნები და დამღუპველი სასწაულები ეგვიპტის ფარაონისა და მთელი მისი სახლეულის წინააღმდეგ.
23 . გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ და მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა ჩვენს მამებს;
24 . და ყველა ამ წესის აღსრულება გვიბრძანა უფალმა, რათა გვეშინოდეს უფლის, ჩვენი ღმერთის, კარგად ვიყოთ მუდამ და ვიცოცხლოთ, როგორც დღეს.
25 . სიმართლედ ჩაგვეთვლება თუ გულმოდგინედ აღვასრულებთ ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც ნაბრძანები გვაქვს”.
1 . "იმ დროს მითხრა უფალმა: "გამოთალე ქვისგან ორი დაფა, მსგავსი უწინდელისა, ამოდი ჩემთან მთაზე და გააკეთე ხის კიდობანი;
2 . და დავწერ დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც შენს მიერ დამსხვრეულ პირვანდელ დაფებზე ეწერა და ჩადე ისინი კიდობანში.
3 . აკაციის ხისგან გავაკეთე კიდობანი, გამოვთალე პირვანდელთა მსგავსი, ქვის ორი დაფა და ავედი მთაზე; ხელთ ორი დაფა მეპყრა.
4 . და დაწერა მან დაფებზე, როგორც მანამდე ეწერა, ათი მცნება, რომლებიც მთაზე შეკრების დღეს, შუაგულ ცეცხლიდან გითხრათ უფალმა, და მომცა ისინი უფალმა.
5 . დავბრუნდი, ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე დაფები ჩემს მიერ გაკეთებულ კიდობანში და აწყვია იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
6 . იაყაქანის ძეთა ჭებიდან მოსერასკენ დაიძრნენ ისრაელიანები; იქ გარდაიცვალა აჰარონი და იქვე დაიკრძალა; და დადგა მის მაგიერ ელეაზარი, მისი ძე.
7 . იქიდან გუდგოდასკენ დაიძრნენ და გუდგოდადან - იოტბათასკენ, ნაკადულთა ქვეყნისკენ.
8 . იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი უფლის აღთქმის კიდობნის სატარებლად, რომ მდგარიყვნენ და ემსახურათ უფლის წინაშე და მისი სახელით ეკურთხებინათ, როგორც დღემდეა.
9 . ამიტომ არ ჰქონდა ლევის ტომს წილი და სამკვიდრებელი თავის ძმებთან: უფალია მისი სამკვიდრებელი, როგორც უფალს, შენს ღმერთს აქვს ნათქვამი მისთვის.
10 . დავრჩი მთაზე, როგორც პირველ ჯერზე, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე; ამჯერადაც შეისმინა უფალმა ჩემი და არ ისურვა მან თქვენი მოსპობა.
11 . მითხრა უფალმა: "ადექი, წარუძეხი ამ ხალხს; დაე, მივიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც მათ მამებს შევფიცე მისაცემად”.
12 . ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;
13 . დაიცვა უფლის მცნებანი და დადგენილებანი, რომელთაც შენდა სასიკეთოდ გამცნებ დღეს.
14 . უფალს, შენს ღმერთს ეკუთვნის ცანი და ცა მათ ზემოთ, დედამიწა და ყოველივე, რაც მასშია.
15 . მხოლოდ შენი მამები აირჩია უფალმა, შეიყვარა ისინი და გამოგარჩიათ თქვენ - მათი შთამომავლობა, ყველა ხალხისგან, როგორც დღეს არის.
16 . დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და მეტად ნუღარ გაჯიუტდებით;
17 . ვინაიდან უფალი, შენი ღმერთი, ღმერთთა ღმერთია და უფალთ უფალი, დიადი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც არ პირმოთნეობს და ქრთამს არ იღებს;
18 . სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას.
19 . შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
20 . გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, მას ემსახურე, მას მიეწებე და მის სახელს ფიცულობდე.
21 . ისაა შენი დიდება და შენი ღმერთი, რომელმაც შენს თვალწინ მოიმოქმედა დიადი და საშინელი საქმეები.
22 . სულ სამოცდაათნი იყვნენ შენი მამები, ეგვიპტეში რომ ჩავიდნენ და ახლა ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლა უფალმა, შენმა ღმერთმა.
1 . მრავალი დღის შემდგომ, რაც უფალმა ყველა მისი მტრისგან მოასვენა ისრაელი ყოველი მხრიდან, მოხუცდა იეშუა და ხანში შევიდა.
2 . მოუხმო მან მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზედამხედველებს და უთხრა: "მოვხუცდი, ხანში შევედი,
3 . ნანახი გაქვთ ყველაფერი, რაც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ერებს თქვენ წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი თავად იბრძოდა თქვენთვის.
4 . აი, წილისყრით დაგინაწილეთ ეს დანარჩენი ერები, სამკვიდრებლად თქვენი ტომებისთვის და მოვსპე ყოველი ხალხი იორდანედან დიდ ზღვამდე, დასავლეთისკენ.
5 . უფალი, თქვენი ღმერთი, თავად განდევნის მათ თქვენგან და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც გელაპარაკათ უფალი, თქვენი ღმერთი.
6 . ძლიერ განმტკიცდით, რათა დაიცვათ და აასრულოთ ყველაფერი, რაც არის ჩაწერილი მოსეს რჯულის წიგნში, ნუ გადაიხრებით მისგან ნურც მარჯვნივ, ნურც მარცხნივ,
7 . რომ არ შეერიოთ იმ ერებს, რომლებიც დარჩნენ თქვენ შორის. ნურც მოიხსენიებთ და დაიფიცებთ მათი ღმერთების სახელს; არც ემსახუროთ და არც თაყვანი სცეთ მათ.
8 . არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით.
9 . განდევნა უფალმა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები და დღემდე ვერავინ აღგიდგათ წინ.
10 . ერთი თქვენგანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც გელაპარაკათ.
11 . ძალა დაატანეთ თქვენს თავებს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი;
12 . რადგან თუ კვლავ უკუიქცევით უფლისგან, მიეტმასნებით თქვენ შორის დარჩენილ ხალხებს, დაუმოყვრდებით და აღირევით მათთან,
13 . მაშინ, მტკიცედ იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი აღარ განდევნის ამ ხალხებს თქვენგან და მარყუჟად და მახედ გექცევიან ისინი, შოლტად თქვენი ფერდებისთვის და ეკლად თქვენი თვალებისთვის, სანამ არ მოისპობით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
14 . აჰა, მთელი ქვეყნის გზით მივდივარ დღეს. თქვენ კი იცოდეთ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი გონებით, რომ არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა იმ კეთილ სიტყვათაგან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა წარმოთქვა თქვენზე; ყოველივე ასრულდა და არ გამტყუვნებულა არცერთი სიტყვა.
15 . და როგორც აგისრულდათ უფლის, თქვენი ღმერთის მიერ თქვენზე წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ისე აგისრულებთ უფალი ყოველ ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ განადგურდებით ამ ბარაქიან მიწაზე, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
16 . როგორც კი დაარღვევთ უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებ აღთქმას, წახვალთ, ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება უფლის რისხვა თქვენზე და უმალვე დაიღუპებით ამ ბარაქიანი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა.
1 . აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და დაუდგინა ათასისთავები და ასისთავები.
2 . გაგზავნა დავითმა ხალხის მესამედი და იოაბს ჩააბარა, მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და მესამედი - ითაი გითელს. უთხრა მეფემ ხალხს: "მეც თქვენთან ერთად გამოვალ”.
3 . უპასუხა ხალხმა მეფეს: "არ უნდა გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ გავიქცევით, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ აღელდებიან, რადგან, შენ ერთი, ათიათას ჩვენნაირს უტოლდები. ამიტომ გვიჯობს, ქალაქიდან შეგვეწიო”.
4 . მიუგო მეფემ: "როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი”. კარიბჭესთან დადგა მეფე, მთელი ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად დაწყობილი გავიდა.
5 . უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: "დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.
6 . გავიდა ხალხი ისრაელის წინააღმდეგ ველზე და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7 . დამარცხდა ისრაელი დავითის მსახურებთან; დიდი ჟლეტა იყო იმ დღეს, ოცი ათასი კაცი დაეცა.
8 . მთელ იმ მხარეში განივრცო ბრძოლა; ტყემ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილმა იმ დღეს.
9 . შეეჩეხა აბესალომი დავითის მსახურებს. ჯორზე იჯდა აბესალომი. დიდი მუხის ხშირი ტოტების ქვეშ გარბოდა ჯორი; წამოედო აბესალომის თმები მუხას და ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, ხოლო მის ქვეშ მყოფმა ჯორმა გაიარა და გაიქცა.
10 . დაინახა ეს ერთმა კაცმა და უთხრა იოაბს: "მუხაზეა აბესალომი ჩამოკიდებული”.
11 . მიუგო იოაბმა კაცს, რომელმაც ამბავი მიუტანა: "თუ დაინახე, იქვე რატომ არ მოკალი? ვერცხლის ათ შეკელსა და ერთ სარტყელს მოგცემდი”.
12 . უპასუხა იმ კაცმა იოაბს: "ვერცხლის ათასი შეკელიც რომ ჩაგეთვალა ხელში, მაინც არ აღვმართავდი ხელს მეფისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის: დაზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13 . კიდეც რომ ჩამედინა ეს უმართლობა, მაინც არ დაიფარებოდა ეს მეფისგან და შენც განზე გადგებოდი”.
14 . მიუგო იოაბმა: "ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!” აიღო სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15 . გარშემოერტყა აბესალომს ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველები, და განგმირეს აბესალომი.
16 . ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და უკან გამობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეიწყალა ისინი იოაბმა.
17 . აიღეს აბესალომი და ტყეში, დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს. მერე თავ-თავის კარვებში მიმოიფანტა მთელი ისრაელი.
18 . თავის სიცოცხლეშივე დაიდგა აბესალომმა სვეტი სამეფო ველზე, რადგან ამბობდა: ძე არ მყავს, რომ ჩემი სახელი მოიხსენიოსო; და უწოდა იმ სვეტს თავისი სახელი, დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19 . და უთხრა იოაბს ახიმაყაც ცადოკის ძემ: "გავიქცევი და ვაუწყებ მეფეს, რომ იხსნა იგი მტრის ხელიდან უფალმა”.
20 . მიუგო იოაბმა: "ვერ იქნები დღეს კეთილის მაუწყებელი, სხვა დღეს ახარე. დღეს კი ვერ მიიტან ამბავს, რადგან მოკვდა მეფისწული”.
21 . უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: "წადი, უამბე მეფეს, რაც იხილე”. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22 . კვლავ მიმართა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: "რაც უნდა მოხდეს, მეც გავიქცევი ქუშელის უკან”. უპასუხა იოაბმა: "შვილო, რად უნდა გაიქცე, კარგ ამბავს ვერ მიიტან”.
23 . დაიჟინა ახიმაყაცმა: "რაც უნდა მოხდეს, გავიქცევი!” და დათანხმდა იოაბი: "გაიქეცი”. გაიქცა ახიმაყაცი იორდანეს დაბლობის გზით და გაუსწრო ქუშელს.
24 . იჯდა დავითი ორ კარიბჭეს შორის. ავიდა გუშაგი გალავნის კარიბჭეზე ერდოსკენ, აღაპყრო თვალები და ხედავს, კაცი მორბის მარტო.
25 . შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: "თუ მარტოა, კარგი ამბავი ექნება”. მორბენალი სულ უფრო ახლოვდებოდა.
26 . დაინახა გუშაგმა სხვა მორბენალი კაციც და უთხრა მეკარეს: "კიდევ ერთი კაცი მორბის”. თქვა მეფემ: "მასაც კარგი ამბავი ექნება”.
27 . თქვა გუშაგმა: "სირბილით ვცნობ, პირველი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს”. თქვა მეფემ: "კარგი კაცია და კარგის საუწყებლადაც უნდა მორბოდეს!”
28 . შესძახა ახიმაყაცმა მეფეს: "მშვიდობა!” თაყვანისცა მიწამდე და უთხრა: "კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!”
29 . ჰკითხა მეფემ: "ხომ მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” უთხრა ახიმაყაცმა: "დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი შენს მსახურს აგზავნიდა, ოღონდ არ ვიცი, რა ხდებოდა”.
30 . უთხრა მეფემ: "განზე გადი და იქ დადექი”. ისიც განზე გავიდა და დადგა.
31 . აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: "ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”.
32 . ჰკითხა მეფემ ქუშელს: "მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” მიუგო ქუშელმა: "ისე გახდნენ მეფის, ჩემი ბატონის მტრები და ყოველი, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგა, როგორც ის ჭაბუკია!”
33 . შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
1 . ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი.
2 . სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.
3 . უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.
4 . მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: "ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”.
5 . თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.
6 . მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”.
7 . წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!”
8 . გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.
9 . მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა.
10 . მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: "წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”.
11 . განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი.
12 . განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.
13 . მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.
14 . ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.
15 . დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.
16 . ელისემ უპასუხა: "ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არაფერს ავიღებ”. აძალებდა აღებას, მაგრამ უარი უთხრა.
17 . თქვა ნაყამანმა: "თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.
18 . ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს”.
19 . უთხრა ელისემ: "მშვიდობით წადი”. წავიდა და მცირე მანძილზე გასცდა მას.
20 . იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: "აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”.
21 . დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: "ხომ მშვიდობაა?”
22 . მიუგო: "ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”.
23 . თქვა ნაყამანმა: "ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს.
24 . მაღლობთან რომ მივიდნენ, გამოართვა ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაუშვა კაცები და ისინიც წავიდნენ.
25 . წავიდა გეხაზი, წარსდგა თავისი ბატონის წინაშე; უთხრა ელისემ: "საიდან მოდიხარ, გეხაზ?” უპასუხა: "არსად წასულა შენი მსახური”.
26 . თქვა ელისემ: "განა ჩემი გული არ მოგყვებოდა, როცა ის კაცი შენთან შესახვედრად ჩამოვიდა თავისი ეტლიდან? ახლა იმის დროა, რომ ფულსა და ტანისამოსს, ზეთისხილის ხეებს, ვენახებს, ცხვრებს, ხარებს, ყმებსა და მხევლებს იხვეჭდე?
27 . დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.
1 . შეიტანეს ღვთის კიდობანი და დადგეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის გაშალა დავითმა; და შესწირეს ღმერთს სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლები.
2 . დაასრულა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლების აღვლენა და აკურთხა ხალხი უფლის სახელით.
3 . გაუნაწილა მთელ ისრაელს, კაცსა და ქალს, თითო პური, ხორცის ნაჭერი და გამომშრალი ყურძნის ნამცხვარი.
4 . ლევიანთაგან ზოგი უფლის კიდობნის მსახურად დაადგინა, რათა მის საქმეებზე ელაპარაკათ, ექოთ და სამადლობელი აღევლინათ უფლის, ისრაელის ღმერთისადმი:
5 . ასაფი მათი მეთაური იყო და მეორე მის შემდგომ - ზაქარია; შემდეგ იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითიაჰუ, ელიაბი, ბენაიაჰუ, ყობედ-ედომი და იეყიელი, ბობღნებზე და ქნარებზე უკრავდნენ, ასაფი კი ხმამაღალ წინწილებზე უკრავდა.
6 . ბენაიაჰუ და იახაზიელ მღვდლები გამუდმებით ბუკებს აყვირებდნენ ღვთის აღთქმის კიდობნის წინ;
7 . იმავე დღეს, დავითმა უპირველესად სამადლობელი აღავლენინა ღვთისათვის ასაფსა და მის ძმებს:
8 . „მადლობა შესწირეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისი.
9 . უმღერეთ და უგალობეთ მას, ილაპარაკეთ მის ყოველ სასწაულზე.
10 . დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, დაე, იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა.
11 . ეძიეთ უფალი და ძალა მისი, მუდმივად ეძიებდეთ მის სახეს.
12 . გახსოვდეთ მისი ჩადენილი სასწაულები, მისი საოცრებანი და მისი ბაგის სამართალი.
13 . ო, თესლო ისრაელისავ, უფლის მსახურნო! ო, ძენო იაკობისა, უფლის რჩეულნო!
14 . ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელს დედამიწაზეა სამართალი მისი,
15 . გახსოვდეთ: მარადიულია აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ათასი თაობისთვის ბრძანა!
16 . აღთქმა, რომელიც აბრაჰამს დაუდო, და ფიცი თვისი - ისაკს.
17 . დაუდგინა იგი იაკობს კანონად, ხოლო ისრაელს - საუკუნო აღთქმად,
18 . უთხრა: შენთვის მომიცია ქანაანის ქვეყანა, როგორც წილი შენი მემკვიდრეობისა!
19 . როცა ცოტანი იყვნენ ისინი, ძალიან მცირერიცხოვანნი და ხიზნობდნენ მასში.
20 . ხეტიალობდნენ ისინი ერთი ერიდან მეორეში და ერთი სამეფოდან - მეორეში.
21 . არავის მისცა მათი დაჩაგვრის უფლება; და ასე გააფრთხილა მეფენი:
22 . ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველთ!
23 . მთელი დედამიწა უგალობდეს უფალს, მისი ხსნის სიკეთე გამოაცხადეთ ყოველ დღე.
24 . ერთა შორის გააცხადეთ მისი დიდება, ყველა ხალხში - მისი სასწაულები.
25 . რადგან დიადია უფალი და დიდად საქებარი; ყველა ღმერთზე შიშისმომგვრელია იგი,
26 . რადგან სხვა ხალხთა ღმერთები - კერპებია; უფალმა კი ცანი დააფუძნა.
27 . პატივი და დიდებაა მის წინაშე; ძალა და სიხარულია მის სამყოფელში.
28 . მიაგეთ უფალს, ხალხთა ტომებო, მიაგეთ უფალს დიდება და ძალა.
29 . მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.
30 . თრთოდე მის წინაშე, მთელო დედამიწავ, აჰა, მტკიცედაა დაფუძნებული სამყარო და არ შეირყევა!
31 . გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ; დაე, ერებს შორის გამოაცხადონ - უფალი მეფობს!
32 . დაე, გრგვინავდეს ზღვა და მთელი სავსება მისი; ამაღლდნენ ველები და ყოველივე, რაც მათზეა.
33 . მაშინ სიხარულით ამღერდებიან ხეები ტყეში, უფლის წინაშე. რადგან მოდის იგი დედამიწის განსასჯელად.
34 . უმადლოდეთ უფალს, რადგან კეთილია იგი; რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
35 . თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო! შემოგვკრიბე ჩვენ და გვიხსენი სხვა ერებისგან, რათა ვუმადლოდეთ შენს წმიდა სახელს და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენს საქებრად!
36 . კურთხეულ იყოს ისრაელის ღმერთი უკუნითი უკუნისამდე!” და თქვა მთელმა ხალხმა - „ამინ!” და აქებდნენ უფალს.
37 . და დატოვა იქ, უფლის აღთქმის კიდობანთან, ასაფი და მისი ძმანი, რათა მუდმივად, ყოველდღიური საჭიროებისამებრ ემსახურათ კიდობნის წინ;
38 . ყობედ-ედომი და მისი ძმანი - სამოცდარვა კაცი; და ყობედ-ედომ იედითუნის ძე და ხოსა - კარის მცველებად;
39 . ცადოკ მღვდელი და მისი ღვთისმსახური ძმები, უფლის სავანის წინაშე იყვნენ გაბაონის მაღლობზე,
40 . რათა მუდმივად აღევლინათ უფლისთვის სრულადდასაწველი სამსხვერპლოზე, დილა-საღამოს, როგორც წერია ეს უფლის სჯულში, რომელიც მან დაუწესა ისრაელს.
41 . მათთან ერთად ჰემანი, იედუთუნი და დანარჩენი რჩეულნი, რომლებიც სახელდებით დაადგინეს უფლისთვის სამადლობლის აღსავლენად: „ვინაიდან მარადიულია წყალობა მისი!”
42 . მათთან იყვნენ ჰემანი და იედუთუნი ბუკებისა და წინწილების ხმამაღლა ასაჟღერებლად და ღვთისთვის საგალობელი საკრავებით, ხოლო ძენი იედუთუნისა ჭიშკართან დასადგომად.
43 . და გაბრუნდა მთელი ხალხი, თითოეული თავის სახლში; დავითი კი თავისი სახლეულის საკურთხებლად დაბრუნდა.
1 . გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.
2 . ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
3 . წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
4 . და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
5 . შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
6 . ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
7 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
8 . მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
9 . მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
10 . მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
11 . და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
12 . და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
13 . მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
14 . მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
15 . მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
16 . შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
17 . გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
1 . გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება. ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით გამასამართლე.
2 . ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა.
3 . რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა.
4 . აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:
5 . მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი.
6 . ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია.
7 . რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.
1 . მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
2 . გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
3 . წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
4 . შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5 . ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6 . და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
7 . ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8 . თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9 . ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
10 . ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11 . რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
12 . ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
13 . შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
14 . შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15 . შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
16 . შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17 . შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18 . გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19 . მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20 . მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
21 . ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
22 . ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
1 . ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
2 . ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
3 . ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
4 . გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
5 . რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6 . შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7 . ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8 . მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9 . და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10 . და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11 . წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12 . და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
13 . აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14 . და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15 . და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16 . და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
17 . გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18 . და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19 . გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20 . და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21 . დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
22 . საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23 . დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
24 . მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
25 . დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26 . მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27 . და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
28 . დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
29 . განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
30 . წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
31 . ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32 . გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33 . რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34 . არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35 . აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36 . ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
37 . შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
38 . დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39 . შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40 . მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41 . და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
42 . ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43 . მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44 . იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45 . გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46 . აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
47 . გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
48 . კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
1 . "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2 . როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3 . შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4 . რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
5 . როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6 . შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7 . ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
8 . ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
9 . თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10 . მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
11 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12 . და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13 . და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
14 . ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15 . ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
16 . როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17 . ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,
18 . რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
19 . ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20 . დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21 . რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
22 . სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
23 . ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
24 . არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26 . შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
27 . ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?
28 . სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29 . მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30 . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?
31 . მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
32 . რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
33 . თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
34 . მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.
1 . ერთხელ, რომელიღაც ადგილას იყო და ლოცულობდა; როცა დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: "უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს”.
2 . უთხრა მათ: "როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.
3 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
4 . და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს; და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან”.
5 . უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, მიადგეს შუაღამისას და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,
6 . რადგან ნამგზავრი მეგობარი მესტუმრა და არაფერი გამაჩნიაო, რომ შევთავაზო!
7 . მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ჩემთან მიწვანან ლოგინში, არ შემიძლიაო წამოდგომა და პურის მოცემა;
8 . გეუბნებით: მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს პურის მისაცემად, მომაბეზრებლობის გამო მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება.
9 . მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
10 . ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
11 . რომელი თქვენგანი იქნება ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და მან თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცეს?
12 . ანდა კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს?
13 . ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
14 . და განდევნა ეშმაკი მუნჯისგან. როგორც კი ეშმაკი გავიდა, ალაპარაკდა მუნჯი; და გაოცდა ხალხი.
15 . ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით დევნისო ეშმაკებს.
16 . ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
17 . იცოდა რა მათი ზრახვები, უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა დაყოფილი, გაპარტახდება და თავისავე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაეცემა.
18 . თუ თავისავე წინააღმდეგ დაიყოფა სატანა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? რადგან ამბობთ, რომ ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.
19 . თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
20 . ხოლო თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო!
21 . როცა ძლიერი კაცი შეიარაღებული იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მის ქონებას არაფერი დაემუქრება.
22 . მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.
23 . ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა; ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს.
24 . როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.
25 . მივა და იპოვის მას დაგვილსა და მოწესრიგებულს.
26 . მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება”.
27 . სანამ ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი”.
28 . მან კი თქვა: "ნეტარი ის არის, ვინც ისმენს და იცავს ღვთის სიტყვას”.
29 . ვინაიდან ხალხი გროვდებოდა, იწყო ლაპარაკი: "ეს თაობა ბოროტი თაობაა; ნიშანს ითხოვს, ნიშანი კი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.
30 . ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ისე იქნება ამ თაობისთვის ძე კაცისა.
31 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად; და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
32 . ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით; და აჰა, აქ არის იონაზე დიდი”.
33 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ დაფარულ ადგილას ან ჭურჭლის ქვეშ დადგას, არამედ სალამპრეზე, რათა სინათლეს ხედავდნენ შემოსულნი.
34 . სხეულის ლამპარი თვალია; როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია; მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.
35 . გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!
36 . თუ მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად განათებული იქნება, თითქოს ლამპარი გინათებდეს თავისი ელვარებით”.
37 . ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ესადილა; ისიც შევიდა და სუფრას მიუჯდა.
38 . გაუკვირდა ფარისეველს, როცა ნახა, რომ სადილის წინ არ დაიბანა.
39 . უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.
40 . უგუნურნო, განა შინაგანიც გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა?
41 . ჰოდა გაეცით მოწყალებად, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და აჰა, სუფთა გექნებათ ყველაფერი.
42 . მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!
43 . ვაი თქვენ, ფარისეველნო, სინაგოგებში წინა ადგილებზე ჯდომა და მოედნებზე მოსალმებანი რომ გიყვართ!
44 . ვაი თქვენ, რადგან უხილავი სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!”
45 . ამაზე რჯულის ერთ-ერთმა მცოდნემ უთხრა: "მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვლანძღავ”.
46 . მან კი უთხრა: "ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
47 . ვაი თქვენ, წინასწარმეტყველთა სამარხებს რომ აშენებთ, თუმცა თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი!
48 . ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.
49 . ამიტომაც თქვა ღმერთის სიბრძნემ: მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და ზოგს დახოცავენ მათგან, ზოგს კი განდევნიან.
50 . რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -
51 . აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. გეუბნებით, ამ თაობას მოჰკითხავენ.
52 . ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, ვინაიდან წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შესულხართ და შემსვლელებიც შეაფერხეთ”.
53 . როცა იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გაშმაგებით შეუტიეს და მრავალი კითხვით აიძულებდნენ ელაპარაკა,
54 . რათა ისეთი რამ ეთქმევინებინათ, რომ მერე ბრალი დაედოთ მისთვის.