1 . ბელშაცარის, ბაბილონის მეფის მეფობის პირველ წელს, იხილა დანიელმა სიზმარი და ხილვანი, როცა თავის სარეცელზე იწვა. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და მთავარი აზრი გადმოსცა.
2 . ალაპარაკდა დანიელი და თქვა: "ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აღელვებდა.
3 . ზღვიდან ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული დიდი მხეცი ამოვიდა.
4 . პირველი ლომის მსგავსი იყო და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, ვიდრე ფრთები დააწყდებოდა; იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.
5 . აჰა, მეორე მხეცი დათვის მსგავსი იყო, ცალ გვერდზე იდგა და სამი ეშვი ჰქონდა პირში, კბილებს შორის. უთხრეს: "ადექი და ჭამე ბევრი ხორცი”.
6 . შემდეგ დავინახე და აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, რომელსაც ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა; ოთხი თავი ჰქონდა მხეცს და მიეცა მას ხელმწიფება.
7 . ამის შემდეგ აჰა, მეოთხე მხეცს ვხედავ ჩემს ღამის ხილვაში, საშინელს, საზარელს და ძალზე ძლიერს, რომელსაც რკინის დიდი კბილები ჰქონდა. ჭამდა იგი, მუსრავდა და ფეხით თელავდა ნარჩენებს. ყველა წინა მხეცისგან გამოირჩეოდა და ათი რქა ჰქონდა.
8 . დავაკვირდი ამ რქებს და, აჰა, სხვა პატარა რქა ამოვიდა მათ შორის და სამი პირვანდელი რქა ძირიანად ამოაგდო. და აჰა, კაცის თვალების მსგავსი თვალები ჰქონდა ამ რქას და მისი პირი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.
9 . ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
10 . ცეცხლის მდინარე მოედინებოდა და მის წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე; დაჯდა მსაჯული და გადაიშალა წიგნები.
11 . აჰა, ვხედავდი მაშინ, რომ ჩემ თვალწინ იქნა მოკლული ის მხეცი, იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, შემუსვრილ იქნა მისი გვამი და ცეცხლს მიეცა დასაწვავად.
12 . დანარჩენ მხეცებს წაერთვათ ხელმწიფება, სიცოცხლე კი მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
13 . და ვხედავ ღამის ხილვაში: აჰა, ცაში, ღრუბლებზე მოდის კაცის ძის მსგავსი; მივიდა დღეთა უძველესთან და წარდგენილ იქნა მის წინაშე.
14 . მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და სამეფო, რათა ყველა ხალხი, ტომი და ენა მას ემსახუროს. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.
15 . შემიწუხდა სული მე, დანიელს, სხეულის შიგნით და ჩემმა ხილვებმა შემაშფოთეს.
16 . მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. და განმიმარტა მან ეს ამბები და ამიხსნა მნიშვნელობა.
17 . "ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომლებიც მიწიდან აღდგებიან.
18 . მაგრამ უზენაესის წმინდანები მიიღებენ სამეფოს და სამუდამოდ დაიმკვიდრებენ მას, უკუნითი უკუნისამდე”.
19 . მაშინ მეოთხე მხეცის ნამდვილი მნიშვნელობის გაგება მოვინდომე, რომელიც ყველასგან განსხვავებული და მეტად საშინელი იყო, თავისი რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით რომ ჭამდა, მუსრავდა და ფეხით თელავდა ნარჩენებს;
20 . იმ ათი რქის მნიშვნელობის გაგებაც მოვინდომე, თავზე რომ ჰქონდა; იმ სხვა რქისაც, რომელიც ამოვიდა და სამი რქა ამოაგდო; იმ რქას ჰქონდა თვალები და ამპარტავნულად მოლაპარაკე პირი და შესახედავად სხვებზე დიდი იყო.
21 . ვხედავდი, ის რქა როგორ შეებრძოლა წმიდანებს და მანამდე ჯაბნიდა მათ,
22 . ასე თქვა: "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება დედამიწაზე, რომელიც განსხვავებული იქნება ყველა სამეფოსგან და მთელ დედამიწას გადაჭამს, გათელავს და შემუსრავს.
23 . ასე თქვა: "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება დედამიწაზე, რომელიც განსხვავებული იქნება ყველა სამეფოსგან და მთელ დედამიწას გადაჭამს, გათელავს და შემუსრავს.
24 . ათი რქა კი იმ სამეფოდან აღმდგარი ათი მეფეა. მათ შემდეგ სხვა გამოვა, განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამხობს.
25 . უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, დადგენილი დროებისა და რჯულის შეცვლას განიზრახავს. მის ხელთ გადაეცემა ისინი, ვიდრე არ გავა დრო, ორი დრო და ნახევარი დრო.
26 . შემდეგ დაჯდება სამსჯავრო განსასჯელად და ხელმწიფებას წაართმევს მას, რათა საბოლოოდ მოისპოს და განადგურდეს.
27 . მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ხალხს, წმიდანებს მიეცემათ, მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება, ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.
28 . აქ არის გამოცხადების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ფრიად შემაშფოთა და სახე გამიფითრა, მაგრამ ეს ამბავი გულში შევინახე”.
1 . ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.
2 . ვხედავდი ხილვაში, რომ დედაქალაქ შუშანში ვიყავი, რომელიც ყელამის ოლქშია; ვხედავდი ხილვაში, რომ მდინარე ყულაის ნაპირზე ვიდექი.
3 . აღვაპყარი თვალები, გავიხედე და, აჰა, ვერძი იდგა მდინარის პირთან; ორი რქა ჰქონდა, ორივე გრძელი, მაგრამ ერთი უფრო გრძელი იყო მეორეზე; გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.
4 . დავინახე, რომ ირქინებოდა ვერძი დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით; ვერც ერთი მხეცი ვერ უდგებოდა წინ, არ იყო ხსნა მისი ხელიდან, რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა და სულ უფრო ძლიერდებოდა.
5 . ვაკვირდებოდი და, აჰა, ვაცი გამოვიდა დასავლეთიდან მთელი დედამიწის ზურგზე, ისე რომ მიწას არ ეხებოდა; და თვალსაჩინო რქა ჰქონდა ვაცს თვალებს შორის.
6 . მიიჭრა იმ რქიან ვერძთან, მე რომ ვნახე მდინარის პირთან მდგომი, გაექანა მისკენ და მძვინვარედ ეკვეთა.
7 . დავინახე როგორ მიადგა ვერძს, როგორ გაშმაგებით ეკვეთა მას, ორივე რქა მოსტეხა და განგმირა ვერძი. ძალა არ ეყო ვერძს, რომ წინააღმდეგობა გაეწია, მიწას დაენარცხა და გაითელა. არავინ იყო მისი ხელიდან ვერძის მხსნელი.
8 . ფრიად განდიდდა ვაცი და როცა გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა და მის ნაცვლად ოთხი რქა ამოვიდა, ცის ოთხი ქარისკენ მიმართული.
9 . ერთი მათგანიდან გამოვიდა პატარა რქა და მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
10 . ცის მხედრობამდე განდიდდა, დედამიწაზე დაანარცხა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა.
11 . იმ მხედრობის მთავრამდეც კი აღზევდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დაემხო მისი საწმიდრის ადგილი.
12 . და მუდმივ მსხვერპლთან ერთად მხედრობაც გადაეცა დანაშაულის გამო. მიწაზე დაანარცხა მან ჭეშმარიტება, თავის ნებისამებრ მოქმედებდა და წარმატებული იყო.
13 . გავიგონე, ერთი წმიდის ლაპარაკი, და მეორე წმიდა ეკითხებოდა მოლაპარაკეს: "როდემდე გაგრძელდება ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლსა და გატიალების სიბილწეზე, ანდა როდემდე იქნება ნებადართული საწმიდრისა და მხედრობის გათელვა?”
14 . მან მითხრა: "ორიათას სამასი მწუხრი და ცისკარი გადაივლის და მაშინ აღორძინდება წმიდა ადგილი”.
15 . რაკი მე, დანიელმა ეს ხილვა ვიხილე, შევეცადე გამეგო და, აჰა, ვიღაც, კაცის მსგავსი დადგა ჩემ წინაშე.
16 . მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: "გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა”.
17 . მოუახლოვდა იგი ჩემს სადგომს და ისე შემაძრწუნა მისმა მოსვლამ, რომ პირქვე დავემხე. მითხრა: "ძეო კაცისავ, იცოდე, რომ ჟამთა აღსასრულს ეხება ხილვა”.
18 . სანამ მელაპარაკებოდა, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს, მაგრამ შემეხო და დამაყენა ჩემს ადგილზე.
19 . მითხრა: "აჰა, გაუწყებ, რაც მრისხანების ბოლოს მოხდება, რადგან განსაზღვრული დროის დასასრულს ეხება ეს.
20 . ვერძი რომ იხილე ორი რქით, მიდიელთა და სპარსთა მეფენი არიან.
21 . ბანჯგვლიანი ვაცი კი საბერძნეთის მეფეა; ხოლო დიდი რქა მის თვალთა შორის პირველი მეფეა.
22 . გადატყდა იგი და სხვა ოთხი ამოვიდა მის ნაცვლად: ოთხი სამეფო აღდგება ამ ხალხებიდან, მაგრამ მათ მისი მსგავსი ძალა არ ექნებათ.
23 . მათი მეფობის ბოლოს, როცა ბოლომდე აღასრულებენ თავიანთ უმართლობას, თავხედი და მზაკვრობაში გამოცდილი მეფე აღდგება.
24 . დიდი იქნება თავის ძლევამოსილებაში, თუმცა არა საკუთარი ძალით, უჩვეულო განადგურებით გაანადგურებს და წარმატებულად იმოქმედებს; გაანადგურებს ძლიერ და წმიდა ხალხს.
25 . ხელთ იპყრობს წარმატებას თავისი მზაკვრული ცბიერების მეშვეობით და აღზევდება საკუთარ გულში; მრავალს გაანადგურებს უსაფრთხო ჟამს და მეფეთ მეფესაც აუმხედრდება, თუმცა, დაემხობა და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
26 . ხილვა მწუხრებისა და ცისკრებისა, რაც ითქვა, ჭეშმარიტია და დაიმარხე ეს ხილვა შენს გულში, ვინაიდან შორეულ დღეებს ეხება იგი”.
27 . მე, დანიელს, ღონე გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი. ბოლოს ავდექი და მეფის საქმეებს მივყავი ხელი. გაოცებული ვიყავი ხილვით და არავინ იყო გამგები.
1 . "დარიოს მიდიელის პირველ წელს მის შემწედ და მფარველად დავდექი.
2 . ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: "აჰა, კიდევ სამი მეფე აღდგება სპარსეთში, მეოთხე ყველას გადააჭარბებს თავისი დიდძალი სიმდიდრით; თავისი სიმდიდრით რომ გაძლიერდება, ყველას საბერძნეთის სამეფოს წინააღმდეგ გამოიყვანს.
3 . აღდგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ძალაუფლებით იხელმწიფებს და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.
4 . მისი დადგომისთანავე ნაწილებად დაიშლება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით დაიყოფა; არც მის შთამომავალთ გადაეცემა და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორიც იყო. აღმოიფხვრება მისი სამეფო, სხვების იქნება და არა მათი.
5 . გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ მასზე მეტად გაძლიერდება ერთ-ერთი მისი მთავართაგანი და ძალაუფლებასა და ხელმწიფებას მოიხვეჭს. მისი ხელმწიფება დიდი ხელმწიფება იქნება.
6 . წლების შემდეგ კავშირს შეკრავენ და სამხრეთის მეფის ასული მოვა ჩრდილოეთის მეფესთან მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს ასული თავისი მკლავის ძალას; ვერც ის მეფე და მისი მოდგმა გაძლებს; გადაცემულ იქნება ასული თავისი ამალით, თავისი შვილებითა და შემწეებით, რომლებიც ეწეოდნენ მას იმ ხანებში.
7 . მაგრამ მისი ფესვიდან მორჩი ამოვა მის ადგილზე; იგი გაილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ და ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეში შეიჭრება. შეებრძოლება და გაიმარჯვებს.
8 . თვით მათ ღმერთებსაც კი ტყვედ წაასხამს ეგვიპტეში, თავიანთი რკინის კერპებითა და ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულით. წლების განმავლობაში აღარ შეუტევს ჩრდილოეთის მეფეს.
9 . შემდეგ სამხრეთის მეფის სამეფოში შეიჭრება, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
10 . იარაღს აისხამენ მისი ვაჟები და მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებენ. ერთ-ერთი მათგანი წამოვა, წყალდიდობასავით წალეკავს და გაივლის. მერე მობრუნდება და იომებს თავის ციხე-სიმაგრემდე.
11 . გამძვინვარდება სამხრეთის მეფე, გამოვა და შეებრძოლება ჩრდილოეთის მეფეს, დიდ ლაშქარს გამოიყვანს იგი, მაგრამ ეს ლაშქარი სამხრეთის მეფის ხელში ჩავარდება.
12 . ლაშქარს რომ ჩაიგდებს ხელში, მისი გული აღზევდება და ათი ათასებს დასცემს, მაგრამ მაინც ვერ იმძლავრებს.
13 . ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე მრავალრიცხოვან ლაშქარს შეკრებს და რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა გაილაშქრებს მრავალრიცხოვანი ლაშქრითა და დიდი აღჭურვილობით.
14 . იმ ხანებში მრავალი აღდგება სამხრეთის მეფის წინააღმდეგ, მეამბოხენი წამოიმართებიან შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, მაგრამ წაიბორძიკებენ.
15 . მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და დაიპყრობს გამაგრებულ ქალაქს. ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც რჩეული ხალხი. აღარ ექნებათ ძალა წინააღმდეგობის გასაწევად.
16 . თავის ნებაზე მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული, წინ ვერავინ აღუდგება. მშვენიერ ქვეყანაში დადგება იგი და დაღუპვა იქნება მის ხელთ.
17 . განიზრახავს, რომ მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით მოვიდეს; მშვიდობის ხელშეკრულებას დადებენ მასთან. ცოლად მისცემს თავის ასულს სამხრეთის მეფეს, რათა დაღუპოს იგი, მაგრამ არ გამოუვა და არ მოხდება ეს.
18 . იბრუნებს სახეს ზღვისპირეთისკენ და მრავალს დაიპყრობს, მაგრამ ვინმე მთავარი აღკვეთს შერცხვენას და უკან დაუბრუნებს შერცხვენას.
19 . ამის შემდეგ თავისი ქვეყნის სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიბორძიკებს, დაეცემა და ვეღარავინ იხილავს.
20 . მის ნაცვლად აღმდგარი ხარკს აკრეფს სამეფოს სადიდებლად, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიღუპება, თუმცა არა მრისხანებაში და არა ბრძოლაში.
21 . მის ნაცვლად საძულველი კაცი აღდგება, რომელსაც მეფურ პატივს არ მიაგებენ. იგი მშვიდობის პერიოდში მოვა და ცბიერებით დაეუფლება სამეფოს.
22 . წამლეკავი ლაშქრები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მთავარიც.
23 . კავშირის შეკვრის შემდეგ ცბიერად იმოქმედებს, აღზევდება და მცირერიცხოვანი ხალხით გაძლიერდება.
24 . მშვიდობიან დღეებში ნაყოფიერ ქვეყანაში შევა და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს არ ჩაუდენიათ. ნაძარცვს, ნადავლსა და ნაალაფარ ქონებას დაანაწილებს. ციხე-სიმაგრეების წინააღმდეგ ექნება ზრახვები, მაგრამ გარკვეულ დრომდე.
25 . აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქრით. სამხრეთის მეფეც მრავალრიცხოვანი და ძლიერი ლაშქრით გამოვა საბრძოლველად, მაგრამ ვერ გაუმკლავდება მას, რადგან მზაკვრული განზრახვები იქნება მის წინააღმდეგ.
26 . მასთან ერთად პურის მჭამელნი დაღუპავენ მას, მისი ლაშქარი წაილეკება და მრავალი დახოცილი დაეცემა.
27 . ორივე მეფის გულში მზაკვრობა იქნება, სიცრუეს ეტყვიან ერთმანეთს სუფრაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან აღსასრული დათქმულ დროზე მოვა.
28 . ჩრდილოეთის მეფე დიდძალი ნადავლით გაბრუნდება თავის ქვეყანაში, მაგრამ გული წმიდა აღთქმის წინააღმდეგ ექნება მიმართული. შეასრულებს მას და დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
29 . დათქმულ დროს დაბრუნდება და მოვა სამხრეთში, მაგრამ პირვანდელივით აღარ იქნება ეს ლაშქრობა.
30 . ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. გაბრუნდება, წმიდა აღთქმაზე განრისხდება და იმოქმედებს. დაბრუნდება და წმიდა აღთქმის მიმტოვებლებთან შეკრავს კავშირს.
31 . ურდოები აღსდგებიან მისგან და შებღალავენ საწმიდარსა და ციხე-სიმაგრეს, მუდმივ შესაწირს გააუქმებენ და გაპარტახების სიბილწეს დაამყარებენ.
32 . თვალთმაქცური ენით მიიმხრობს აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი სიმტკიცეს გამოიჩენს და იმოქმედებს.
33 . ხალხთა შორის გონიერნნი მრავალთ შეაგონებენ, თუმცა კი მრავალი დღის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით, ტყვეობითა და ძარცვით იქნებიან შევიწროებულნი.
34 . შევიწროებისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცობით.
35 . ზოგიერთი გონიერთაგან წაბორძიკდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და გასუფთავდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო დათქმულ ვადამდე.
36 . თავისი ნებისამებრ იმოქმედებს მეფე, ყველა ღმერთზე მეტად აღზევდება, განდიდდება და საშინელებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ; წარმატებული იქნება რისხვის დასრულებამდე, ვინაიდან, უნდა აღსრულდეს, რაც ნაბრძანებია.
37 . არც თავისი მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სასურველს და არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.
38 . სამაგიეროდ ციხე-სიმაგრის ღმერთს მიაგებს პატივს; ღმერთს, რომელსაც მისი მამები არ სცნობდნენ; ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით მიაგებს პატივს.
39 . უმტკიცესი სიმაგრეების წინააღმდეგ იმოქმედებს უცხო ღმერთის შეწევნით; პატივს გაუმრავლებს მათ, ვინც მას აღიარებს, მრავალზე მისცემს ძალაუფლებას და საზღაურად მიწებს დაუნაწილებს.
40 . ბოლო დროს სამხრეთის მეფე შეებრძოლება მას; ქარიშხალივით ეკვეთება მას ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით; შევა ქვეყანაში, წალეკავს და გადაივლის.
41 . შევა მშვენიერ ქვეყანაში და მრავალი მხარე დაეცემა; ხოლო ედომი, მოაბი და ყამონის ძეთა მთავარი ნაწილი გადაურჩება მის ხელს.
42 . ხელს მოუღერებს ქვეყნებს; ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გაექცევა მას.
43 . ხელთ იგდებს იგი ეგვიპტის ძვირფასეულობასა და ოქრო-ვერცხლის დაფარულ განძეულს; ლიბიელნი და ეთიოპელნი გაჰყვებიან მის კვალს.
44 . მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაშფოთებენ მას და დიდი რისხვით გამოვა, რათა გაანადგუროს და დაღუპოს მრავალი.
45 . თავის სამეფო კარვებს გაშლის ზღვებსა და მშვენიერ წმიდა მთას შორის, მაგრამ თავის აღსასრულს მიაწევს და არავინ იქნება მისი მშველელი.
1 . 1. გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე. 2. გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი. 3. მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა. 4. შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად. 5. ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ კვდებოდა. 6. მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში. 7. იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა. 8. შემდეგ განაგებდნენ მისი მორჩილნი - თითოეული თავის სამფლობელოში. 9. მისი სიკვდილის მერე თითოეულმა დაიდგა თავზე გვირგვინი, მათ შემდგომ კი ასევე იქცეოდნვნ მათი ვაჟები მრავალი წლის განმავლობაში, და განამრავლეს ბოროტება ქვეყანაზე. 10. მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი - ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, რომელიც იყო მძევლად რომში, და გამეფდა ელინთა მეფობის ასოცდამეჩვიდმეტე წელს. 11. იმ დღეებში ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულონი და აცთუნებდნენ მრავალს, ამბობდნენ: წავიდეთ და შევეკრათ ჩვენს გარემოსახლე ხალხს, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი ბოროტება მოიწიაო ჩვენზე. 12. მოეწონათ მათ ეს სიტყვა. 13. ზოგიერთმა ხალხიდან მოიწადინა და გაეშურნენ მეფისაკენ, და მან დართო მათ ნება, დაეცვათ წარმართთა წეს-ჩვეულებანი. 14. ააშენეს იერუსალიმში სასწავლებელი წარმართთა წესისამებრ, 15. დაიწესეს თავიანთთვის წინდაუცვეთლობა და განდგნენ წმიდა რჯულისგან, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი. 16. როცა განმტკიცდა ქვეყანა ანტიოქოსის წინაშე, გადაწყვიტა მან ეგვიპტეზე გამეფებულიყო, რათა ორ სახელმწიფოზე ემეფა. 17. შევიდა ეგვიპტეში ურაცხვი ლაშქრით, ეტლებითა და სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით. 18. და შეებრძოლა ეგვიპტის მეფე პტოლემეოსს. დაფრთხა პტოლემეოსი მის წინაშე და გაიქცა, და მრავალი დაჭრილი დაეცა. 19. დაეუფლნენ ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქებს და აიღო ნადავლი ეგვიპტის ქვეყნიდან. 20. გაბრუნდა ანტიოქოსი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ასორმოცდამესამე წელს და გაილაშქრა ისრაელზე და მიადგა იერუსალიმს დიდძალი ჯარით. 21. ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო, სასანთლე და ყოველი მისი ჭურჭელი. 22. შესაწირავი ტაბლა, საღვრელი ფიალები, ოქროს ბარძიმი, ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა ოქროს მორთულობა. 23. მიითვალა ვერცხლი და ოქრო, ძვირფასი ჭურჭელი და მიიტაცა დამალული განძი, რაც კი იპოვა. 24. მოხვეტა ყოველივე და გაბრუნდა თავის ქვეყანაში; სჩადიოდა მკვლელობას და ამპარტავნულად ლაპარაკობდა. 25. შეიქნა დიდი გლოვა ისრაელის ყოველ მხარეში. 26. კვნესოდნენ მთავრები და უხუცესები, ქალიშვილები და ჭაბუკები დაუძლურდნენ, გაცუდდა ქალების სიტურფე. 27. გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა. 28. მიწაც კი შეიძრა მასზე მცხოვრებთათვის და მთელი სახლი იაკობისა სირცხვილმა დაფარა. 29. ორი წლის შემდეგ გაგზავნა მეფემ გადასახადის უფროსი იუდას ქალაქებისკენ და შევიდა იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით. 30. მიუთხრთ მათ სამშვიდობო სიტყვები ეშმაკობით და ერწმუნენ მას. მაგრამ უეცრად შეიჭრა ქალაქში და სასტიკად მოაოხრა. 31. მოკრიფა ალაფი ქალაქიდან და ცეცხლით გადაბუგა, დააქცია მისი სახლები და გარეშემო კედლები. 32. დაატყვევეს ქალები და ბავშვები და დაეუფლნენ საქონელს. 33. შემოზღუდეს დავითის ქალაქი დიდი და მტკიცე კედლით, მტკიცე კოშკებით და იქცა მათ ციხე-სიმაგრედ. 34. დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულო კაცები დაეფუძნენ იქ. 35. მოიმარაგეს იარაღი და საზრდო, მოხვეტეს იერუსალიმიდან ხარკი. განლაგდნენ იქ და შექმნეს დიდი მახე. 36. ჩაუსაფრდნენ საკურთხეველს და ექმნენ ბოროტ მტრად ისრაელს ყოველმხრივ. 37. დაღვარეს უცოდველი სისხლი საწმიდარის ირგვლივ წაბილწეს საწმიდარი. 38. მათ გამო გაიქცნენ იერუსალიმის მკვიდრნი; უცხოთა საცხოვრებელი გახდა იგი და უცხოდ ექცა მათ ჩამომავლებს, და მიატოვეს იგი მათმა შვილებმა. 39. გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი - სირცხვილად. 40. მისი დიდების წილ გამრავლდა მისი უპატიობა და მისი ზეობა გლოვად შეიცვალა. 41. მისწერა მეფემ მთელს თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო და 42. ყველას დაეგდო თავისი წეს-ჩვეულება. ყველა ხალხი დაჰყვა მეფის სიტყვას. 43. ისრაელიდან ბევრმა მოიწონა მისი სამსახური და მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს და ბილწავდნენ შაბათს. 44. გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა ქალაქებში, რომ ქვეყნისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ. 45. აეკრძალათ აღსავლენი, მსხვერპლშეწირვა და საღვრელი სამსხვერპლოზე, და წაებილწათ შაბათი და დღესასწაულები. 46. შეესვარათ საწმიდარი და წმიდა საგნები, 47. აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, შეეწირათ ღორები და უსურმაგები, 48. დაეტოვებინათ თავიანთი ვაჟები წინდაუცვეთლად, შეებღალათ თავი ყოველი უწმინდურობითა და სიბილწით. 49. რათა დავიწყებოდათ რჯული და ყოველი მცნება. 50. და თუკი ვინმე არ მოიქცეოდა მეფის სიტყვისამებრ, უნდა მომკვდარიყო. 51. ამ სიტყვების თანახმად მისწერა მთელ თავის სამეფოს და დაუდგინა ზედამხედველნი მთელ ხალხს და აიძულა იუდას ქალაქებს ზორვა. 52. ხალხიდან ბევრმა, ვინც დააგდო მცნება და შეუერთდა მათ, ყველამ დაიწყო ბოროტების ჩადენა ქვეყანაში. 53. აიძულეს ისრაელი, დამალულიყო ყოველ მის თავშესაფარში. 54. ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს, დაამკვიდრეს გატიალების სისაძაგლე სამსხვერპლოზე და ბომონები წამოჭიმეს იუდას გარშემო ქალაქებში, 55. და აკმევდნენ სახლების კარის წინ და ქუჩებში. 56. რჯულის წიგნს თუ იპოვნიდნენ, ფლეთდნენ და ცეცხლში წვავდნენ. 57. სადაც კი ვინმეს აღთქმის წიგნს აღმოუჩენდნენ, ან თუკი ვინმე რჯულს აღიარებდა, მეფის სამართლით კლავდნენ. 58. მძლავრობდნენ ისრაელზე, ყველაზე, ვინც კი თვიდან თვემდე ქალაქში აღმოჩნდებოდა. 59. თვის ოცდახუთს უზორავდნენ კერპს, რომელიც სამსხვერპლოს წინაშე იდგა. 60. ცოლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს წინდაცვეთდნენ, ბრძანებისამებრ აშთობდნენ; 61. ჩვილებს კისრებით ჰკიდებდნენ, მათ სახლებს არბევდნენ, წინდამცვეთლებს კი ხოცავდნენ. 62. მაგრამ მრავალნი გამხნევდნენ ისრაელში და მტკიცედ დადგნენ, რომ არ ეჭამათ უწმიდურება. 63. მიიღეს სიკვდილი, რათა არ წაბილწულიყვნენ საჭმელით და არ შეერყვნათ წმიდა აღთქმა. ასე დაიხოცნენ. 64. დიდზე დიდი რისხვა იყო ისრაელის თავზე.
1 . 1. მოიარა მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები და შეიტყო, რომ სპარსეთში ყოფილა ქალაქი ელიმაისი, სიმდიდრით, ვერცხლითა და ოქროთი განთქმული; 2. რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად. 3. მიადგა ქალაქს და ცდილობდა მის აღებასა და გაძარცვას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ცნობილი გახდა მისი განზრახვა ქალაქელებისთვის. 4. ბრძოლით დახვდნენ მას, გაიქცა იგი და დიდად შეწუხებული გაემართა იქიდან ბაბილონისკენ. 5. მაშინ ეახლა მას ვინმე სპარსი და მოახსენა, რომ დაფანტულია იუდას ქვეყნისკენ მომავალი ლაშქარი; 6. რომ პირველად ლისია მიდიოდა დიდძალი ჯარით, მაგრამ უკუიქცა მათ წინაშე; რომ იუდაელები გაძლიერდნენ საჭურვლით, ჯარით და დიდძალი ნადავლით, რომელიც დამარცხებული ლაშქრისგან აიღეს; 7. რომ იერუსალიმის საკურთხეველზე დაშენებული სისაძაგლე დალეწეს, საწმიდარი უწინდელივით მოზღუდვს მაღალი კვდლით, და ბეთ-ცურიც, მისი ქალაქი. 8. როდესაც მეფემ მოისმინა ეს ამბავი, გაოგნდა და შეშფოთდა დიდად, ლოგინად ჩავარდა და დასნეულდა მწუხარებისგან, რადგან არ აუსრულდა საწადელი. 9. ასე იწვა იქ მრავალი დღე, რადგან უახლოვდებოდა უზომო მწუხარება და ფიქრობდა, ვკვდებიო. 10. მოუხმო თავის ყველა მეგობარს და თქვა მათ წინაშე: განშორდა ძილი ჩემს თვალებს და გული შემიღონდა მწუხარებისგან. 11. ვუთხარი ჩემს თავს: ეს რა გასაჭირში ჩავვარდი-მეთქი! რა ნიაღვარმა წამლეკა, ჩემს ზეობაში კი საჭირო და ძვირფასი კაცი ვიყავი-მეთქი. 12. ახლაღა მაგონდება ბოროტებანი, იერუსალიმში რომ ჩავიდინე, გამოვზიდე იქიდან მთელი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მოსახლეობის მოსაოხრებლად. 13. მივხვდი, რომ მათი გულისთვის მეწია ეს უბედურება და, აჰა, უცხო მიწაზე ვიღუპები დიდ მწუხარებაში. 14. და უხმო ფილიპეს, ერთს თავის მეგობართაგანს, და დაუმტკიგა მას მთელი თავისი სამეფო. 15. მისცა თავისი გვირგვინი, მოსასხამი და ბეჭედი, რომ აღეზარდა ანტიოქოსი, მისი ვაჟი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი. 16. ასორმოცდამეცხრე წელს მიიცვალა იქ მეფე ანტიოქოსი. 17. როცა გაიგო ლისიამ, რომ მოკვდა მეფე, გაამეფა მისი ძე ანტიოქოსი, რომელსაც ზრდიდა ბავშვობისას, და სახელად ევპატორი უწოდა. 18. ამასობაში ციხე-სიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს სამსხვერპლოს მიდამოებში; მუდამ ცდილობდნენ ევნოთ მათთვის, ხოლო წარმართებისთვის მხარი დაეჭირათ. 19. გადაწყვიტა იუდამ მათი შემუსრვა და მოუწოდა მთელს ერს, გარსშემორტყმოდნენ. 20. შეიკრიბნენ და გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს ასორმოცდამეათე წელს, გააკეთეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები. 21. ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ მხარეზე გადავიდა ისრაელიდან. 22. წავიდნენ მეფესთან და უთხრეს: როდემდის აბრკოლებ სამართალს და არ იძიებ შურს ჩვენი ძმებისთვის? 23. ჩვენ კმაყოფილებით დავემორჩილეთ მამაშენს, ვცხოვრობთ მის ნებაზე და მივყვებით მის განკარგულებებს. 24. ჩვენი ხალხის შვილები გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს და მტრად გადაგვეკიდნენ; ჩვენიანს ვისაც წააწყდებიან, კლავენ და ჩვენს მამულს იტაცებენ. 25. მხოლოდ ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელს მათ მიწა-წყალზე. 26. და აჰა, შემოადგნენ დღეს იერუსალიმში ციხეს ასაღებად და გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური. 27. თუ არ დაასწარი მათ, მეტსაც იზამენ, და ვეღარ შეძლებ მათ დამარცხებას. 28. განრისხდა მეფე, ეს რომ მოისმინა, და შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი, ჯარის მეთაურები და ხელისუფალნი. 29. მივიდნენ მასთან მოქირავნე ჯარები სხვა სამეფოთაგან და ზღვათა კუნძულებიდან. 30. მათი ჯარების რიცხვი იყო: ასი ათასი ქვეითი, ოცი ათასი მხედარი და ოცდათორმეტი საომრად გაწვრთნილი სპილო. 31. გადაიარეს ედომი და შემოადგნენ ბეთ-ცურს. მრავალ დღეს იბრძოდნენ და აწყობდნენ საბრძოლო მანქანებს; მაგრამ გამოვიდნენ იუდაელები და ცეცხლით გადაწვეს ისინი და მამაცურად შეებრძოლენ. 32. გამოვიდა იუდა ციხიდან და დაბანაკდა ბეთ-ზაქარიასთან, მეფის ბანაკის პირისპირ. 33. დილაადრიანად ადგა მეფე და ჩქარი სვლით წაიყვანა ბანაკი ბეთ-ზაქარიას გზაზე; საომრად განემზადა ლაშქარი და დაჰკრეს ბუკებს. 34. დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელიბინათ. 35. ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა. 36. ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო, და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ. 37. სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომლებიც ფარავდა თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული; თითოეულ მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც მისი ინდოელი გამძღოლი. 38. დანარჩენი ცხენოსნები აქეთ-იქიდან დაუყენეს ლაშქარს, ორსავე მხარეს, რომ დაერტყათ მტრისთვის, თავად კი დაცულნი ყოფილიყვნენ გვერდებიდან. 39. როდესაც ოქროსა და სპილენძის ფარებზე მზე აკაშკაშდა, მთებმა ლაპლაპი დაიწყეს მათგან და აელვარდნვნ ცეცხლის ლამპრებივით. 40. ერთი ნაწილი მეფის ლაშქრისა მაღალ მთებში გაიშალა, სხვები კი ბარში, და მიაბიჯებდნენ შეუდრეკლად და მწყობად. 41. შეშფოთდა ყველა, ვინც კი გაიგო მათი სიმრავლის ხმა, ამ უამრავი ხალხის სვლა და იარაღთა ჟღარუნი, რადგან მართლაც ძალზე დიდი და ძლიერი ლაშქარი იყო. 42. ჩაერთო იუდა და მისი ბანაკი ბრძოლაში და დაეცა 43. დაინახა ელეაზარმა, ავარანის ძემ, ერთ-ერთი ცხოველი, სამეფო ჯავშნით დაფარული და აღმატებული ყველა ცხოველზე, და ეგონა, რომ მასზე იყო მეფე, 44. და გასწირა თავი, რათა ეხსნა თავისი ხალხი, ხოლო თავისთვის საუკუნო სახელი მოეხვეჭა. 45. შევარდა გაბედულად რაზმებს შორის, რომ გაეღწია მისკენ; კვეთდა მარჯვნივ და მარცხნივ, და აქეთ-იქით იჩეხებოდნენ მის წინაშე; 46. სპილომდე გააღწია, ქვემოდან შეუვარდა მას და გაფატრა იგი, მიწას დაენარცხა სპილო და ქვეშ მოიყოლა, და იქვე მოკვდა ელეაზარი. 47. როცა დაინახეს იუდაელებმა მეფის ძალა და ჯარების შემოტევა, გაბრუნდნენ მათგან. 48. მებრძოლები მეფის ლაშქრიდან იერუსალიმისკენ წავიდნენ მათ წინააღმდეგ, მეფემ კი იუდაში და სიონის მთასთან დაიბანაკა. 49. დაუზავდა ბეთ-ცურელებს და ისინიც ქალაქიდან გამოიშალნენ, რადგან არ ჰქონდათ იქ სარჩო ალყაში გასაძლებად. შაბათის წელი იდგა ქვეყანაში. 50. აიღო მეფემ ბეთ-ცური და დაცვა ჩააყენა იქ. 51. მერე საწმიდარს შემოადგა და დიდხანს ჰყავდა ალყაშემორტყმული; აღმართა იქ სატყორცნები და საომარი მანქანები: ცეცხლსატყორცნები, ლოდსატყორცნები და ისართსატყორცნები, რომ ისრები და ლოდები ეტყორცნათ. 52. იუდაელებმაც გააკეთეს საომარი მანქანები მათი საომარი მანქანების საპირისპიროდ და იბრძოდნენ მრავალი დღის განმავლობაში. 53. მაგრამ ჭურჭელში სურსათი აღარ იყო, რადგან მესამე წელი იდგა, და წარმართთაგან გადარჩენილმა იუდაელებმა მარაგის ნარჩენებიც შეჭამეს. 54. საწმიდარში ცოტანიღა დარჩნენ, რადგან შიმშილმა ძლია მათ და ყველანი თავ-თავისი ადგილებისკენ გაიფანტნენ. 55. როცა შეიტყო ლისიამ, რომ ფილიპე, რომელიც მეფე ანტიოქოსმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დააყენა თავისი ძის, ანტიოქოსის მეფედ აღსაზრდელად. 56. სპარსეთიდან მობრუნებულა და მოემართება; რომ მას მოჰყვება ურიცხვი ძალა და გადაწყვეტილი აქვს ხელში აიღოს სახელმწიფო საქმეები, 57. სასწრაფოდ გასცა ბრძანება, დაძრულიყვნენ და მიმართა მეფეს, ჯარების სარდლებსა და კარისკაცებს: დღითიდღე ვმცირდებით და საზრდოც აღარ გვყოფნის, ადგილიც, რომლისთვისაც ალყა გვაქვს შემორტყმული, მაგარია; სამეფო საქმეებიც მძიმედ გვაწევს. 58. მოდით, გავუწოდოთ ამ კაცებს მარჯვენა და დავუდოთ ზავი მთელ მათ ხალხს. 59. ნება მივცეთ მათ, მიჰყვნენ თავიანთ წესებს უწინდელივით, რადგან იმ წესების გულისთვის, რომლებიც ავკრძალეთ, გაშმაგდნენ, და ეს ყოველივე მოიმოქმედეს. 60. მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, შეუთვალეს და შესთავაზეს მათ ზავი, მათაც მიიღეს. 61. შეჰფიცეს მათ მეფემ და მთავრვბმა და ამ სიტყვაზე გამოვიდნენ სიმაგრიდან იუდაელები. 62. მაგრამ როცა ავიდა მეფე სიონის მთაზე და იხილა გამაგრებული ადგილი, გატეხა დადებული ფიცი, და ბრძანა, შემოენგრიათ ირგვლივ კედელი. 63. შემდეგ საჩქაროდ დაიძრა და ანტიოქიაში დაბრუნდა, სადაც ფილიპე დახვდა ქალაქის განმგებლად; შეება მას და ძალით დაიმორჩილა ქალაქი.