1 . ეს არის სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გამოღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფას პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დიზაჰაბს შორის.
2 . ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთის გზაზე, კადეშ-ბარნეაყამდე.
3 . მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
4 . მას შემდეგ, რაც მოკლეს სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხებრონში მკვიდრობდა და ყოგი, ბაშანის მეფე, რომელიც ყაშთაროთში მკვიდრობდა, ედრეყში.
5 . იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
6 . "უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ ამ მთაზე ყოფნა;
7 . გაბრუნდით, წადით და მიდით ამორელთა მთაზე და ყველა მის მეზობელთან, ყარაბაში, მთასა და ბარში, სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე, ქანაანელთა ქვეყანაში და ლიბანში დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე.
8 . აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა, მიდით და დაიმკვიდრეთ მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს - აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მათ შთამომავლობას მათ შემდგომ.
9 . ასე გითხარით თქვენ იმ დროს: მე მარტოს არ შემიძლია-მეთქი თქვენი ტარება!
10 . გაგამრავლათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით აურაცხელნი ხართ დღეს.
11 . კიდევ ათასჯერ გამრავლოთ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ.
12 . მე მარტომ, როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, ტვირთი და შუღლი?
13 . ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ თავკაცებად.
14 . თქვენ კი მიპასუხეთ: კარგი საქმე დაგვავალე გასაკეთებლად.
15 . ავიყვანე მთავარნი თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგინიშნეთ ისინი: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, ტომების მიხედვით.
16 . მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის.
17 . მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.
18 . მაშინ გამცნეთ ყველა საქმე, რაც უნდა შეგესრულებინათ.
19 . დავიძარით ხორებიდან და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორელთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე.
20 . გითხარით: მოხვედით ამორელთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.
21 . აჰა, მოგცათ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ეს ქვეყანა, წადით და დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა; ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
22 . მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: "გავგზავნით კაცებს ჩვენ წინ, რომ გამოიკვლიონ ქვეყანა და მოგვითხრონ იმ გზის შესახებ, რომლითაც უნდა ვიაროთ და იმ ქალაქების ამბავი, რომლებშიც შევალთ”.
23 . მომეწონა ეს სიტყვა და ავიყვანე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან.
24 . გაემართნენ, გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს ქვეყანა.
25 . თავისი ხელით აიღეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოიტანეს ჩვენთან, ამბავი მოგვიტანეს და გვითხრეს: "კარგია ის ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
26 . თქვენ კი არ ინებეთ წასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
27 . დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: "ვძულვართ უფალს და ამიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორელთა ხელში ჩავეგდეთ გასანადგურებლად.
28 . სად წავიდეთ? გულები შეგვიშინეს ჩვენმა ძმებმა, ამბობდნენ - იქაური ხალხი ჩვენზე დიდი და მაღალია, დიდი ქალაქები და ცამდე აზიდული სიმაგრეები აქვთ და ბუმბერაზთა ძენიც ვიხილეთო იქ”.
29 . მე კი გითხარით: ნუ შეძრწუნდებით და ნუ შეუშინდებით-მეთქი მათ;
30 . უფალი, თქვენი ღმერთი, მიგიძღვით წინ, ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
31 . და უდაბნოში, სადაც ხედავდით, როგორ გატარებდათ უფალი, თქვენი ღმერთი, იმ კაცივით, თავის ძეს რომ ატარებს, მთელ გამოვლილ გზაზე, ვიდრე აქამდე მოაღწევდით.
32 . მაგრამ არც ამაში გჯეროდათ უფლის, თქვენი ღმერთის,
33 . რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.
34 . გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და დაიფიცა:
35 . "ვერავინ იხილავს ამ კაცთაგან, ამ ბოროტი თაობიდან, იმ ბარაქიან ქვეყანას, რომლის მიცემაც შევფიცე თქვენს მამებს.
36 . მხოლოდ ხალებ იეფუნეს ძე იხილავს მას; ის და მისი ძენი დაიმკვიდრებენ იმ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე მიჰყვა უფალს”.
37 . ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენ გამო და მითხრა: "ვერც შენ შეხვალ იქ.
38 . იეშუა ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ; გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს მიწას ისრაელს.
39 . და შევლენ იქ თქვენი პატარები, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო და თქვენი ძენი, რომლებიც ავსა და კარგს ვერ არჩევენ დღეს, მათ მივცემ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
40 . თქვენ კი გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით გაემგზავრეთ უდაბნოში”.
41 . მიპასუხეთ: "შევცოდეთ უფალს; წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო იარაღი და იოლ საქმედ მიიჩნიეთ მთაზე ასვლა”.
42 . მითხრა უფალმა: "უთხარი მათ, არ ახვიდეთ და არც შეებრძოლოთ, რადგან თქვენ შორის არა ვარ და შეიმუსრებით მტერთა წინაშე”.
43 . გელაპარაკეთ და არ შეისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას და გაამაყებულნი ახვედით მთაზე.
44 . გამოვიდნენ იმ მთის მკვიდრი ამორელნი თქვენს წინააღმდეგ, ფუტკარივით დაგედევნენ და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
45 . დაბრუნდით და ატირდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ხმა და არ შეისმინა თქვენი.
46 . და მრავალი დღე დარჩით კადეშში, იმდენი, რამდენ ხანსაც დარჩით”.
1 . ჩავიდა სამსონი თიმნათში, ნახა იქ ერთი ფილისტიმელი ქალი და მოეწონა.
2 . აბრუნდა და უთხრა თავის მამას და დედას: "ერთი ფილისტიმელი ქალი ვნახე თიმნათში, ის მომიყვანეთ ცოლად”.
3 . უთხრეს მამამ და დედამ: "ნუთუ ქალი დაილია შენს სანათესაოში და მთელს შენს ხალხში, წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს?” უთხრა სამსონმა მამამისს: "ის მომიყვანე, რადგან მომეწონა”.
4 . არ იცოდა მისმა დედ-მამამ, რომ უფლისგან იყო ეს, ფილისტიმელებზე შურის საძიებელ საბაბს ეძებდა; ფილისტიმელები ბატონობდნენ ისრაელზე იმ დროს.
5 . და წავიდა სამსონი თავის მშობლებთან ერთად თიმნათში. თიმნათის ვენახებს რომ მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი მოდის მათკენ ღრიალით.
6 . უფლის სული გადმოვიდა მასზე და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია, მაგრამ მშობლებისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
7 . ჩავიდა, ელაპარაკა ქალს და მოეწონა იგი სამსონს.
8 . რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა მის წასაყვანად; შეუხვია ლომის ჩონჩხის სანახავად და აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.
9 . მტევანზე გადმოიფხიკა თაფლი, მიდიოდა და ჭამდა გზადაგზა. წამოეწია თავის დედ-მამას, მისცა თაფლი და მათაც ჭამეს. და არ უთქვამს, რომ ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.
10 . ჩავიდა სასიძოს მამა ქალთან და იქვე გამართა სამსონმა ნადიმი, როგორც ამას ჭაბუკები აკეთებდნენ ხოლმე.
11 . როცა ნახეს იგი, გამოარჩიეს ოცდაათი მაყარი, რათა მასთან ყოფილიყვნენ.
12 . უთხრა მათ სამსონმა: "ერთ გამოცანას გეტყვით; თუ გამოიცნობთ ამ შვიდდღიანი ნადიმის დროს, ოცდაათ ხელ სელის სამოსსა და ოცდაათ ხელ საცვალს მოგცემთ.
13 . თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი სელის სამოსი და ოცდაათი ხელი საცვალი”. უთხრეს: "გვითხარი გამოცანა, მოგისმენთ”.
14 . უთხრა: "მჭამელისგან საჭმელი გამოვიდა და ძლიერისგან ტკბილი გამოვიდა”. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
15 . მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: "დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვად მოგვიპატიჟეთ?”
16 . ქვითინებდა სამსონის ცოლი მის წინაშე და ეუბნებოდა: "არ გიყვარვარ, არამედ გძულვარ - გამოცანა მიგიცია მაყრებისთვის, ახსნას კი არ მეუბნები”. უპასუხა: "ჩემი დედ-მამისთვის არ მითქვამს და შენ როგორ გეტყვი?”
17 . შვიდ დღეს შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ნადიმი გრძელდებოდა. მეშვიდე დღეს მობეზრდა და გაუმხილა პასუხი, მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა;
18 . და უთხრეს სამსონს ქალაქის კაცებმა, მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე: "რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?” მიუგო: "ჩემი დეკეულით რომ არ გეხნათ, ვერ ამოხსნიდით ჩემს გამოცანას”.
19 . გადმოვიდა მასზე უფლის სული, ჩავიდა აშკელონში, დახოცა ოცდაათი იქაური კაცი, გახადა სამოსელი და მისცა გამოცანის გამომცნობთ. რისხვით აღენთო და წავიდა თავისი მამის სახლში,
20 . სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მაყარს მისცეს ცოლად.
1 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2 . იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
3 . იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
4 . იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.
5 . სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
6 . უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
7 . უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
8 . უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
9 . უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
10 . ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
11 . გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
12 . გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
13 . დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
14 . ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
15 . ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
16 . უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
17 . არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
18 . დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
19 . გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
20 . ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.
21 . გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
22 . ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
23 . უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
24 . ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
25 . გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
26 . კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
27 . ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.
28 . ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.
29 . ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
1 . და იყო, იუდას მეფის, ახაზის - ყუზიას ძის, იოთამის ძის დღეებში - აღდგნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახი, ისრაელის მეფის, რემალიაჰუს ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა.
2 . შეატყობინეს დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდაო არამი, და აუთრთოლდა მას და მის ხალხს გული, როგორც ხეები თრთიან ტყეში ქარისგან.
3 . უთხრა უფალმა ესაიას: "გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, მრეცხავთა ველის ბილიკზე რომაა;
4 . უთხარი: შეინარჩუნე სიმშვიდე, ნუ დაფრთხება შენი გული ამ აბოლებული მუგუზლების ორი კუდის - რეცინისა და რემალიაჰუს ძის რისხვის გამო,
5 . ბოროტი რომ განიზრახეს შენზე არამმა, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ, და თქვეს:
6 . ავიდეთ იუდაში, შიშის ზარი დავცეთ, დავაქუცმაცოთ და მეფედ ტაბეყალის ძე დავუსვათო.
7 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: არ გამოვა და არ მოხდება.
8 . რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი - რეცინი; სამოცდახუთი წლის შემდეგ გაწყდება ეფრემის ხალხი და აღარ იქნება.
9 . ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიაჰუს ძე. თუ არ გჯერათ, ნამდვილად ვერ გაძლებთ”.
10 . კვლავ ელაპარაკა უფალი ახაზს და უთხრა:
11 . "სთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ნიშანი: ქვესკნელიდან ან მაღლა ციდან”.
12 . მაგრამ მიუგო ახაზმა: "არ ვთხოვ და არ გამოვცდი უფალს”.
13 . თქვა ესაიამ: "ისმინე ახლა, დავითის სახლო: ცოტაა თქვენთვის კაცთა მოთმინებას რომ სცდით, ახლა ჩემი ღმერთის მოთმინების გამოცდაც რომ გინდათ?
14 . ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად - იმანუელს!”
15 . ერბოსა და თაფლს შეჭამს, სანამ ბოროტის უკუგდებასა და კეთილის არჩევას ისწავლის.
16 . ვინაიდან, სანამ ყმაწვილი ბოროტის უკუგდებას და კეთილის არჩევას ისწავლის, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომლის ორი მეფის წინაშეც თრთიხარ.
17 . ისეთ დღეებს მოაწევს უფალი შენზე, შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე, როგორიც არასოდეს მოგწევია, იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ - აშურის მეფეს მოაწევს.
18 . და იქნება იმ დღეს: დაუსტვენს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია,
19 . მოვლენ და დაივანებენ ყველა ციცაბო ხევში, კლდეთა ნაპრალში და ყოველ სარწყავსა და ეკლიან ბუჩქნარზე.
20 . იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმა დაქირავებული სამართებლით - აშურის მეფით - თავს, ფეხის ბალანს და წვერსაც.
21 . და იქნება იმ დღეს: ასაზრდოებს კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს.
22 . და იქნება: რძის სიჭარბისაგან შეჭამს ერბოს, რამეთუ ერბოსა და თაფლს შეჭამს ყველა ამ ქვეყანაზე დარჩენილი.
23 . დადგება დღე, როცა ყოველ ადგილს, სადაც ათასი ვერცხლის საღირალი ათასი ვაზი ხარობდა, ნარ-ეკალი და ჯაგნარი გადაუვლის.
24 . ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარ-ეკლად და ჯაგნარად გადაიქცევა მთელი ქვეყანა.
25 . და ყოველ მთას, რომელიც ითოხნებოდა, ვერ მიუახლოვდები რადგან შეგეშინდება ნარ-ეკლისა და მჩხვლეტავი ბუჩქნარისა; თუმცა, ხარებს გადენიან იქ და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას.
1 . 1. თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს. 2. ხოტბას ნუ შეასხამ კაცს მისი სილამაზის გამო და ნუ შეიძაგებ მისი გარეგნობისთვის. 3. პატარაა მფრინავთა შორის ფუტკარი, მაგრამ ყველაზე ტკბილია მისი ნაყოფი. 4. დიდებული შესამოსელით თავი ნუ მოგაქვს და დიდების დღეს ნუ ამაღლდები, რადგანაც საკვირველია უფლის საქმენი და კაცთათვის დაფარულია მისი საქმენი. 5. ხელმწიფეთაგან მრავალნი ისხდნენ მიწაზე, ის კი, ვისგანაც არ მოელოდნენ, გვირგვინს ატარებდა. 6. განმგებელთაგან მრავალნი იქმნენ შეურაცხყოფილნი და სახელოვანნი ხელში ჩაუვარდნენ სხვებს. 7. ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე. 8. ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ. 9. საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ. 10. შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაეწევი და გაქცევითაც ვერ გაექცევი. 11. ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია. 12. ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული. მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან. 13. აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო. 14. სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, სიღატაკე და სიმდიდრე - უფლისაგანაა. 17. წყალობა უფლისა ღვთისმოსავებს ეძლევათ და კურთხევა მისი კეთილად გაჰყვებათ საუკუნოდ. 18. ზოგი მდიდრდება თავისი სიფრთხილისა და მომჭირნეობის გამო და ეს არის მისი საზღაურის წილი, 19. რომ იტყვის, ვიპოვე მოსვენება, ახლა დავტკბები ჩემი სიკეთითო. მაგრამ არ კი იცის, როდის მოაწევს ჟამი, როცა ქონებას სხვებს დაუტოვებს, ხოლო თავად აღესრულება. 20. მტკიცედ იდექი შენს აღთქმაზე, მისი ერთგული დარჩი და შეაბერდი შენს საქმეს. 21. ნუ გაგაოცებს ცოდვილის საქმენი, გწამდეს უფლისა და უერთგულე შენს საქმეს, რადგან ადვილია უფლის თვალში სწრაფი და უეცარი გამდიდრება გლახაკისა. 22. უფლის კურთხევა საზღაურია ღვთისმოსავისათვის და მოკლე ხანში ააყვავებს მისი წყალობა. 23. ნუ იტყვი, კიდევ რა მჭირდება, ამიერიდან კიდევ რა სიკეთე უნდა შევიძინოო? 24. ნუ იტყვი, საკმარისია ჩემთვის, ამიერიდან კიდევ რაღა უბედურება უნდა განვიცადოო? 25. ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას, 26. რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ. 27. წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი. 28. ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის ნაშობთაგან შეიცნობა. 29. ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა ცბიერისა. 30. მახეში მონადირებული კაკბის მსგავსია ამპარტავნის გული და მზვერავივით შენს სისუსტეს უთვალთვალებს. 31. გადააქცევს რა სიკეთეს ბოროტებად, უსაფრდება და რჩეულებს ლაქას სცხებს. 32. ცეცხლის ნაპერწკლისგან მრავლდება ნაკვერჩხალი და ცოდვილი კაცი ჩასაფრებულია სისხლის დასაღვრელად. 33. ერიდე ბოროტს - უკეთურ საქმეთა ოსტატს, რათა ოდესმე საუკუნო ლაქით არ მოგსვაროს. 34. შეიხიზნებ უცხოს და შეგშლის შფოთით, უცხოს გაგხდის შენიანთათვის.