1 .
ყოველივეს დადგენილი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ:
2 .
ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისა;
3 .
ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა;
4 .
ჟამი მოთქმისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა;
5 .
ჟამი ქვის გადაყრისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი ხვევნისა და ჟამი ხვევნისაგან შეკავებისა;
6 .
ჟამი ძიებისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა;
7 .
ჟამი ხევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა;
8 .
ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
9 .
რა სარგებელი აქვს მუშას თავისი ნაშრომისაგან?
10 .
ვიხილე საქმენი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანებს საკეთებლად.
11 .
მან თავის დროზე, ყოველივე მშვენივრად შექმნა; თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, თუმცა, თავიდან ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდება ადამიანი ღვთის ნამოქმედარს.
12 .
ვიცი, რომ არ არის მათთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე მხიარულება და სიკეთის ქმნა თავის სიცოცხლეში.
13 .
და თუ ვინმე ჭამს და სვამს და ხედავს სიკეთეს მთელ მის ნაშრომში, ეს ღვთის საჩუქარია.
14 .
ვიცი, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი იქმს - საუკუნოდ რჩება, არც მიემატება მას და არც მოაკლდება. ღმერთმა დაადგინა ასე, რომ მისი ეშინოდეთ.
15 .
რაც არის - უკვე იყო და რაც იქნება - უკვე ყოფილა; ღმერთი მოიძიებს გარდასულს.
16 .
ესეც ვიხილე მზის ქვეშ: სამართლის ადგილას - უკანონობა, სიმართლის ადგილას - უმართლობაა.
17 .
ვთქვი ჩემს გულში: "მართალსა და ბოროტს ღმერთი გაასამართლებს, რადგან ყველა მოვლენას და ყველა საქმეს თავისი ჟამი აქვს”.
18 .
ვთქვი ჩემს გულში ადამის ძეებზე, რომ გამოცადა ისინი ღმერთმა, რათა ეჩვენებინა, რომ თავისთავად პირუტყვივით არიან ისინი.
19 .
ვინაიდან ხვედრი ადამის ძეთა და ხვედრი პირუტყვისა - ერთნაირია: როგორც ერთი კვდება, ისე - მეორეც; ერთი სუნთქვა აქვს ყველას, და არ აღემატება ადამიანი პირუტყვს, ამიტომ ამაოებაა ყოველივე.
20 .
ყველა ერთ ადგილზე მიდის, ყოველივე მიწისაგან წარმოიშვა და მიწასვე უბრუნდება.
21 .
ვინ უწყის - ადის კი მაღლა ადამიანის ძეთა სული? ჩადის კი დაბლა მიწაში პირუტყვის სული?
22 .
და მივხვდი, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, ესაა მისი წილი, ვინაიდან - ვინ ამოიყვანს მას იმის სანახავად, თუ რა იქნება მას შემდეგ?