1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: "ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!”
2 . უთხრა აბრამმა: "უფალო ღმერთო! რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია ჩემი სახლის განმგებელი”.
3 . თქვა აბრამმა: "შთამომავალი არ მომეცი და ჩემს სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრე”.
4 . და იყო აბრამის მიმართ უფლის სიტყვა: "არ გახდება იგი შენი მემკვიდრე; არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე”.
5 . გაიყვანა გარეთ და უთხრა: "ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა”. მერე უთხრა: "შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება”.
6 . და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.
7 . კვლავ უთხრა: "მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რათა დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა”.
8 . უპასუხა: "უფალო ღმერთო! როგორ უნდა მივხვდე, რომ მე დავიმკვიდრებ?”
9 . უთხრა: "სამწლიანი დეკეული, სამწლიანი დედალი თხა, სამწლიანი ვერძი, გვრიტი და მტრედის ხუნდი მომიყვანე”.
10 . მიიყვანა ეს ყველაფერი, შუაზე გაჭრა და ნაჭრები ერთიმეორის პირდაპირ დააწყო. მხოლოდ ფრინველები არ გაჭრა შუაზე.
11 . და დააცხრნენ მტაცებელი ფრინველები მძორს, მაგრამ განდევნა ისინი აბრამმა.
12 . მზის ჩასვლისას ღრმად ჩაეძინა აბრამს; მაშინ ძრწოლამ და დიდმა წყვდიადმა მოიცვა იგი.
13 . უთხრა უფალმა: "იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში; დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხასი წელი.
14 . და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი; ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან.
15 . შენ კი მშვიდობით მიხვალ შენს მამებთან; ტკბილი სიბერე გექნება და დაიკრძალები.
16 . მეოთხე თაობა დაბრუნდება აქეთ, რადგან ჯერ არ ავსებულა ამორელთა ურჯულოება”.
17 . როდესაც მზე ჩავიდა და წყვდიადმა მოიცვა იქაურობა, გამოჩნდა მბოლავი ღუმელი ცეცხლოვანი ლამპრით და გაკვეთილ ცხოველთა შორის გაიარა.
18 . იმ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: "შენი შთამომავლობისათვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარე ევფრატამდე.
19 . კენიელთა, კენიზელთა, კადმონელთა,
20 . ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
21 . ამორელთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსელთა მიწები”.
1 . დაინახა რახელმა, რომ ვერ გაუჩინა შვილი იაკობს, შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: "მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები”.
2 . განრისხდა იაკობი რახელზე და უთხრა: "ღმერთი ხომ არ ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი დაგიბრკოლა?”
3 . უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.
4 . მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
5 . დაორსულდა ბილჰა და ძე უშვა იაკობს.
6 . თქვა რახელმა: "ღმერთმა განმსაჯა, შეისმინა ჩემი ხმა და მომცა ძე”. ამიტომ დანი უწოდა სახელად.
7 . კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.
8 . თქვა რახელმა: ღვთიური ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას და ვძლიე კიდეც”. და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9 . დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.
10 . და შვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობისთვის.
11 . თქვა ლეამ: "როგორ გამიმართლა” და უწოდა სახელად გადი.
12 . და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ძე.
13 . თქვა ლეამ: "ბედნიერი ვარ, რადგან ბედნიერად მიმიჩნევენ ქალები”. და დაარქვა სახელად აშერი.
14 . გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15 . უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16 . საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.
17 . უსმინა ღმერთმა ლეას, დაორსულდა და მეხუთე ძე უშვა იაკობს.
18 . და თქვა ლეამ: "საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.
19 . კვლავ დაორსულდა ლეა და იაკობს მეექვსე ძე უშვა.
20 . თქვა ლეამ: "კარგი საჩუქარი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი ჩემთან დამკვიდრდება ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე გავუჩინე”. და უწოდა სახელად ზებულუნი.
21 . ამის შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22 . გაიხსენა ღმერთმა რახელი, ისმინა მისი და გაუხსნა საშო.
23 . დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.
24 . უწოდა სახელად იოსები და თქვა: "სხვა ძეც შემძინოს უფალმა!”
25 . მას შემდეგ, რაც იოსები გააჩინა რახელმა, უთხრა იაკობმა ლაბანს: "გამიშვი, რომ წავიდე ჩემს ქვეყანაში.
26 . მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთათვისაც გემსახურე და წავალ; რადგან იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე”.
27 . უთხრა ლაბანმა: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ჩემთან დარჩი! მივხვდი, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა”.
28 . უთხრა: "თქვი, რას ითხოვ ჩემგან საზღაურად და მოგცემ”.
29 . უთხრა იაკობმა: "შენც იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემს ხელში!
30 . რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და ფრიად გაგიმრავლდა. გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით, ჩემი სახლისთვის კი როდისღა ვიზრუნო?”
31 . ჰკითხა ლაბანმა: "რა მოგცე?” მიუგო იაკობმა: "ნურაფერს მომცემ. რასაც გეტყვი, იმ საქმეს თუ გამიკეთებ, კვლავ დავმწყემსავ და დავიცავ შენს ცხვარს.
32 . გავივლი დღეს შენს ფარაში; და გამოაცალკევე ყოველი დაწინწკლული და ჭრელი კრავი, ყოველი შავი ცხვარი და ჭრელი და დაწინწკლული თიკანი. და ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
33 . და მომეგოს ჩემი სიმართლისამებრ იმ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი გასამრჯელო შენს წინაშე: ყოველი თხა, რომელიც დაწინწკლული და ჭრელი არ იქნება, ხოლო ცხვარი - შავი, ნაქურდლად ჩამითვალე”.
34 . უთხრა ლაბანმა: "დაე იყოს შენი სიტყვისამებრ”.
35 . და გამოაცალკევა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნერბი, და ყველა რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის ძეებს ჩააბარა.
36 . და დაცილდა იაკობს ლაბანი სამი დღის სავალ მანძილზე და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37 . აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და წაბლის ნედლი წნელები და ისე შემოაჭრა ქერქი, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო.
38 . აჭრელებული წნელები გეჯებში ჩაალაგა, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მიდიოდა და ახურდებოდა ხოლმე.
39 . ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და იგებდა ზოლიან, დაწინწკლულ და ჭრელ ბატკნებს.
40 . გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და ლაბანის ზოლიანი და შავი ფარის პირდაპირ აყენებდა; ასე გამოყო თავისი სამწყსო და არ დატოვა ლაბანის ფარასთან.
41 . ჯანსაღი ფარის ახურებისას, იაკობი ცხვრის თვალწინ დაზოლილ წნელებს ჩაჰყრიდა ხოლმე გეჯებში, რათა წნელებთან შეწყვილებულიყვნენ.
42 . და როცა სუსტი იყო ფარა, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს კი - ჯანსაღი.
43 . და ძალიან გამდიდრდა ეს კაცი, ფრიად გაუმრავლდა ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და სახედრები.
1 . "აი, რა უნდა გააკეთო მათ განსაწმედად, რომ მღვდლობა გამიწიონ: აიყვანე ერთი ნორჩი მოზვერი და ორი უმანკო ვერძი,
2 . აიღე ხმიადები და ზეთში მოზელილი უფუარი კვერები, ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.
3 . ერთ კალათაში ჩააწყვე და მოიტანე; მოზვერი და ორი ვერძიც მოიყვანე.
4 . მიიყვანე აჰარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის კართან და განბანე წყლით.
5 . აიღე სამოსელი და შემოსე აჰარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით; და შემოარტყი ეფოდის სარტყელი.
6 . დაახურე თავსაბურავი და სიწმიდის ჯიღა მიამაგრე თავსაბურავზე.
7 . აიღე საცხებელი ზეთი, დაასხი თავზე და სცხე.
8 . მიაახლე მისი ძენი და ისინიც შემოსე კვართებით.
9 . შემოარტყი სარტყელი აჰარონსა და მის ძეებს, დაახურე თავსაბურავები და იქნება მათი მღვდლობა სამუდამოდ; ასე მიუძღვენი აჰარონი და მისი ძეები.
10 . მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან და თავზე დაადონ მოზვერს ხელები აჰარონმა და მისმა ძეებმა.
11 . და დაკლავ მოზვერს უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12 . აიღე მოზვრის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დარჩენილი სისხლი სამსხვერპლოს საძირკველზე დაღვარე.
13 . აიღე მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევლად.
14 . ხოლო მოზვრის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვი; ცოდვის შესაწირია იგი.
15 . აიყვანე ერთი ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
16 . დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და მოაპკურე ირგვლივ სამსხვერპლოს.
17 . დაჭერი ვერძი ნაწილებად, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დაალაგე მის ნაჭრებსა და თავზე.
18 . მთლიანი ვერძი აღავლინე საკმევლად სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველი შესაწირია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისთვის.
19 . აიყვანე მეორე ვერძი და ხელები დაადონ თავზე აჰარონმა და მისმა ძეებმა.
20 . დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და სცხე აჰარონს და მის ძეებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერსა და მარჯვენა ფეხის ცერზე; და ირგვლივ მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს.
21 . აიღე სამსხვერპლოდან სისხლი, საცხებელი ზეთი და ასხურე აჰარონს, მის სამოსელს, მის ძეებსა და მათ სამოსელს და განიწმიდებიან ის და მისი სამოსელი და მისი ძენი და მათი სამოსელი.
22 . აიღე ვერძისგან ქონი, დუმა, შიგნეულზე გამოკრული ქონი, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი ქონიანად და მარჯვენა ბეჭი, ვინაიდან მიძღვნის ვერძია ეს.
23 . ერთი მთლიანი პური, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი ფუნთუშა უფლის საწინაშეო ხმიადების კალათიდან.
24 . და ხელებზე დაუწყვე ყოველივე ეს აჰარონსა და მის ძეებს და შეარხიე შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
25 . მერე გამოართვი ყველაფერი ხელიდან და სრულადდასაწველ კეთილსურნელებად შესწირე სამსხვერპლოზე, უფლის წინაშე. საცეცხლო შესაწირია ეს უფლისთვის.
26 . აიღე აჰარონის მიძღვნისათვის განკუთვნილი ვერძის მკერდი და შეარხიე იგი შესარხევ შესაწირად უფლის წინაშე; ეს იქნება შენი წილი.
27 . გაწმიდე შესარხევი მკერდი და აღსავლენი ბეჭი, რომელიც მიძღვნის ვერძისგან შეირხა და აღიმართა; აჰარონისა და მისი ძეების კუთვნილებაა ეს.
28 . და იქნება ეს აჰარონისა და მისი ძეებისთვის საუკუნო წესად ისრაელიანთა მიერ აღსამართ მსხვერპლთაგან; ისრაელის ძეთა აღსამართ მსხვერპლთაგან უნდა იყოს იგი. და იქნება იგი ისრაელიანთა აღსამართი, სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლთაგან უფლისადმი.
29 . აჰარონის წმიდა სამოსელი, მის შემდგომ მის ძეთ დარჩეს, რათა მასში იყვნენ ცხებულნი და მიძღვნილნი.
30 . შვიდი დღე იმოსებოდეს მასში ღვთის მსახური - მისი მაგიერი მის ძეთაგან, რომელიც საკრებულო კარვის საწმიდარში შევა მსახურებისთვის.
31 . აიყვანე მიძღვნის ვერძი და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი;
32 . საკრებულო კარვის შესასვლელთან ჭამონ აჰარონმა და მისმა ძეებმა ვერძის ხორცი და საწინაშეო პური კალათიდან.
33 . ჭამონ ყველაფერი, რითაც გამოსყიდვა მოხდა, მათ მისაძღვნელად და გასაწმედად; მაგრამ უცხომ არ ჭამოს იქიდან, რადგან წმიდაა იგი.
34 . თუ დილამდე მორჩება მიძღვნის ხორცისა და პურისგან, მაშინ მორჩენილი ცეცხლში დაწვი: აღარ იჭამოს, რადგან წმიდაა იგი.
35 . ყოველივე ისე გაუკეთე აჰარონსა და მის ძეებს, როგორც გიბრძანე - შვიდი დღის მანძილზე მიუძღვენი ისინი.
36 . ყოველდღიურად შესწირე ცოდვისათვის შესაწირი მოზვერი გამოსასყიდად. ასე განწმედ სამსხვერპლოს, როცა მსხვერპლს მოიტან მასზე; სცხებ, და განიწმიდება იგი.
37 . შვიდ დღეს ასრულებდე სამსხვერპლოს გამოსყიდვას და განწმედას და შეიქნება სამსხვერპლო წმიდათაწმიდა; ყველაფერი, რაც სამსხვერპლოს შეეხება, განიწმიდება.
38 . აი, რა უნდა შესწირო სამსხვერპლოზე: ორი ერთწლიანი კრავი ყოველდღე, მუდმივად.
39 . ერთი კრავი დილით შესწირე, ხოლო მეორე - მწუხრის ჟამს.
40 . ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, მეოთხედი ჰინის გამოხდილ ზეთში შერეული და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად ერთი კრავისთვის.
41 . მეორე კრავი კი მწუხრის ჟამს შესწირე, დილის შესაწირის მსგავსად და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი, კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირად უფალს.
42 . მუდმივი, სრულადდასაწველი მსხვერპლია ეს, თაობიდან თაობამდე, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადები ხოლმე, რომ ვილაპარაკო შენთან.
43 . იქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით.
44 . გავწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს და აჰარონს თავის ძეებიანად ჩემი მსახურებისთვის.
45 . დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
46 . და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი”.
1 . "თუ ნახავ მოკლულს ან ველზე დაცემულს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, და არავის ეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2 . უნდა გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა;
3 . რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ უზიდია,
4 . ჩაიყვანონ დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ მას ამ ხევში.
5 . მივიდნენ ახლოს ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით და მათი პირით წყდება ყველა დავა და ყველა ზარალი.
6 . მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა ხელი დაიბანოს ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე,
7 . ილაპარაკებენ და იტყვიან: ჩვენს ხელს არ დაუღვრიაო ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ დაუნახავს;
8 . მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.
9 . უნდა მოაშორო უდანაშაულო სისხლი შენს წიაღს, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10 . როცა ომში შენი მტრის წინააღმდეგ გახვალ, ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი და წამოასხამ ტყვეებს,
11 . დაინახავ ტყვეთა შორის მშვენიერი გარეგნობის ქალს, ისურვებ მას და ცოლად წაყვანას დაუპირებ;
12 . მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,
13 . გაიხადოს ტყვეობის სამოსელი, დარჩეს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეუღლდით და გახდება შენი ცოლი.
14 . თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ფულზე არ გაყიდო, მონასავით არ მოექცე, რადგან დაიმორჩილე იგი.
15 . თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,
16 . ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;
17 . არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18 . თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,
19 . მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე.
20 . უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21 . ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.
22 . თუ სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს კაცი, მოკლავენ მას და ჩამოკიდებენ ხეზე.
23 . არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
1 . როგორც კი გაიგო იაბინმა, ხაცორის მეფემ ეს ამბები, მიავლინა იობაბთან, მადონის მეფესთან და შიმრონისა და აქშაფის მეფეებთან;
2 . აგრეთვე იმ მეფეებთან, რომლებიც ჩრდილოეთით მთასა და ველზე, ქინერეთის სამხრეთით, დაბლობსა და დასავლეთისკენ, დორის მაღლობებზე მკვიდრობდნენ;
3 . აღმოსავლეთით და დასავლეთით დამკვიდრებულ ქანაანელებთან; ამორელებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან და მთიელ იებუსელებთან, ხიველებთან ხერმონის ძირში, მიცფას ქვეყანაში.
4 . და გამოვიდნენ ისინი მთელ თავის ხალხთან ერთად - მრავალრიცხოვანნი ქვიშასავით, რომელიც ზღვის სანაპიროზეა; უამრავი ცხენითა და ეტლით.
5 . შეიკრა ყველა ეს მეფე, მოვიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერომის წყლებთან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
6 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია მათი, რადგან ხვალ ამ დროს ისრაელიანებს ჩავუგდებ ხელში ყველას დასახოცად; მათ ბედაურებს მყესები გადაუჭერით, ეტლები კი ცეცხლში დაწვით;
7 . ანაზდეულად მივიდა იეშუა ყველა მებრძოლთან ერთად მერომის წყლებთან და თავს დაესხა მათ.
8 . ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს და ამოხოცეს ისინი, სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე აღმოსავლეთით და ჟლეტდნენ მათ, ვიდრე აღარავინ დარჩა.
9 . ისე მოექცა მათ იეშუა, როგორც უფალმა უთხრა: ბედაურებს მყესები გადაუჭრა, ეტლები კი ცეცხლში დაწვა.
10 . მაშინ მობრუნდა იეშუა და დაიპყრო ხაცორი, მისი მეფე კი მახვილით განგმირა, რადგან უწინ ხაცორი მთავრობდა მთელ ამ სამეფოებზე.
11 . მახვილის პირით განგმირეს ყოველი სული, ვინც იქ იყო, არ დარჩენილა არცერთი; ხაცორი კი გადაწვეს.
12 . ყველა მეფე შეიპყრო იეშუამ, თითოეული თავისი ქალაქებიანად ჩაიგდო ხელში და მახვილის პირით გაანადგურა ისინი, როგორც უბრძანა მას მოსემ, უფლის მსახურმა.
13 . ყოველი ქალაქი, რომელიც მაღლობზე იდგა, არ გადაუწვავს ისრაელს, გარდა ხაცორისა, მარტო ის გადაწვა.
14 . ამ ქალაქების მთელი ნადავლი და პირუტყვი თავისთვის წამოასხეს ისრაელის ძეებმა; ადამიანები კი მახვილით განგმირეს, სანამ სრულად არ მოსპეს; არ დატოვეს არცერთი სული.
15 . როგორც ჰქონდა ნაბრძანები უფალს მოსესთვის, თავისი მსახურისთვის, ისე უბრძანა მოსემ იეშუას და ასე მოიქცა იეშუაც - შეუსრულებელი არ დაუტოვებია არცერთი სიტყვა, რაც ჰქონდა ნაბრძანები უფალს მოსესთვის.
16 . აიღო იეშუამ მთელი ეს მთიანეთი, მთელი სამხრეთის ქვეყანა და გოშენის მთელი მიწა დაბლობითა და ველებით და ისრაელის მთა და ბარი.
17 . ხალაკის მთიდან სეყირისკენ, ბაყალ-გადამდე, ლიბნის ველზე, ხერმონის მთის ძირთან; ყველა მათი მეფე შეიპყრო და ამოხოცა.
18 . მრავალი დღე ებრძოდა იეშუა ამ მეფეებს.
19 . არცერთი ქალაქი არ დაზავებულა ისრაელის ძეებთან გაბაონის მკვიდრი ხიველების გარდა: ბრძოლით აიღეს ყოველი მათგანი.
20 . რადგან უფალმა გაუქვავა გული, რათა ბრძოლაში შეხვედროდენ ისრაელს, რომ დაეხოცათ ისინი და არ ჰქონოდათ შეწყალება; ამოეჟლიტათ, როგორც უბრძანა მოსეს უფალმა.
21 . იმ დროსვე მივიდა იეშუა და ამოწყვიტა ყენაკელნი მთაში, ხებრონში, დებირში, ყანაბში, იუდასა და ისრაელის მთელ მთაზე; ქალაქებიანად ააოხრა ისინი იეშუამ.
22 . არავინ დარჩენილა ყენაკელთაგან ისრაელის ძეთა ქვეყანაში, მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.
23 . ასე დაიპყრო იეშუამ მთელი ქვეყანა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და მისცა იგი სამკვიდრებლად ისრაელს, თავისი ტომებისთვის დასანაწილებლად; და დამშვიდდა ქვეყანა ომისგან.
1 . წავიდა აბიმელექი, იერუბაყალის ძე, შექემში თავისი დედის ძმებთან და ელაპარაკა მათ და თავისი დედის მთელ მამისსახლს:
2 . "ჩააგონეთ შექემის ყველა მცხოვრებს: "რა გირჩევნიათ, იერუბაყალის სამოცდაათი ძე ბატონობდეს თქვენზე, თუ ერთი კაცი იყოს თქვენი ბატონი?” გახსოვდეთ, რომ მე ვარ თქვენი სისხლი და ხორცი”.
3 . ჩააგონეს დედის ძმებმა შექემელების ყურს ეს სიტყვები და მიიდრიკა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ჩვენი ძმააო იგი.
4 . და მისცეს სამოცდაათი შეკელი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან. დაიქირავა ამ ფულით აბიმელექმა უკეთური და უღირსი კაცები და თან გაიყოლა.
5 . მივიდა მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი; მხოლოდ იოთამი, იერუბაყალის უმცროსი ძე გადარჩა, რადგან დაიმალა.
6 . შეიკრიბა ყველა შექემელი და მილოს მთელი სახლეული, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი შექემში, მუხასთან აღმართულ სვეტთან.
7 . როცა ეს ამბავი შეატყობინეს იოთამს, წავიდა, დადგა გერიზიმის მთაზე, აღიმაღლა ხმა და გადმოსძახა მათ: "ისმინეთ ჩემი, შექემის მცხოვრებნო, რათა ღმერთმაც მოგისმინოთ!”
8 . მოინდომეს ხეებმა მეფის არჩევა; უთხრეს ზეთისხილს: "იმეფე ჩვენზე”.
9 . მიუგო მათ ზეთისხილმა: "მივატოვებ განა ჩემს სიმსუყეს, რომლითაც ღმერთსა და ხალხს პატივს მიაგებენ და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
10 . უთხრეს ხეებმა ლეღვს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
11 . უპასუხა მათ ლეღვმა: "მივატოვებ განა ჩემს სიტკბოებასა და კეთილ ნაყოფს და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
12 . უთხრეს ხეებმა ვაზის ლერწს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
13 . მიუგო მათ ვაზის ლერწმა: "მივატოვებ განა ჩემს მაჭარს - ღვთისა და ადამიანთა გამხარებელს - და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?
14 . უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
15 . და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: "თუ ნამვილად მეფედ გინდივართ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; თუ არადა, გამოვა ცეცხლი კვრინჩხიდან და შთაინთქმებიან ლიბანის კედრები”.
16 . განა ჭეშმარიტად და წრფელად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? ნუთუ ამით კეთილი მიაგეთ იერუბაყალსა და მის სახლეულს? დამსახურებისამებრ მოექეცით მას?
17 . თქვენთვის იბრძოდა მამაჩემი, საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს და გიხსნათ მიდიანელთაგან;
18 . თქვენ კი აუჯანყდით დღეს მამაჩემის სახლს და მისი სამოცდაათი ძე ერთ ქვას დააკალით, აბიმელექი კი, მისი მხევლის ძე, მეფედ დაუსვით შექემის მკვიდრთ, რადგან თქვენი ძმაა იგი.
19 . ახლა კი, თუ ჭეშმარიტად და კეთილსინდისიერად მოექეცით იერუბაყალსა და მის სახლეულს, იხარებდეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით;
20 . თუ არადა, გამოვიდეს ცეცხლი აბიმელექისგან და შთანთქას შექემის მკვიდრნი და მილოს სახლეული, გამოვიდეს ცეცხლი შექემის მკვიდრთაგან და მილოს სახლეულიდან და შთანთქას აბიმელექი!”
21 . გამოიპარა იოთამი, გაიქცა და ბეერში ჩავიდა; იქ მკვიდრობდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო.
22 . სამი წელი ბატონობდა აბიმელექი ისრაელზე.
23 . მიავლინა ღმერთმა ბოროტი სული აბიმელექსა და შექემის მკვიდრთა შორის და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს,
24 . რათა არ შერჩენოდათ იერუბაყალის სამოცდაათი ძის სისხლი აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი და შექემელებს, რომლებიც გვერდში ედგნენ ძმების დახოცვისას.
25 . ხალხი ჩაასაფრეს მის წინააღმდეგ შექემელებმა მთებზე და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ გვერდით გაივლიდა გზაზე. და მოახსენეს ამის შესახებ აბიმელექს.
26 . მოვიდნენ გაყალ ყებედის ძე და ძმანი მისნი, დადიოდნენ შექემში და მიემხრნენ შექემის მკვიდრნი.
27 . გადიოდნენ ვენახში, კრეფდნენ ყურძენს, წურავდნენ საწნახელში, დღესასწაულობდნენ, თავიანთი ღმერთის სახლში დადიოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
28 . თქვა გაყალ ყებედის ძემ: "სად აბიმელექი და სად შექემი, რომ ვემონებოდეთ? განა იერუბაყალის ძე არაა იგი და განა ზაბული არაა მისი მოურავი? ხამორის, შექემის მამის კაცებს დაემორჩილეთ, მაგას რატომ უნდა ვემსახურებოდეთ?
29 . ეს ხალხი, რომ ჩემს ხელქვეით იყოს, მოვაშორებდი აბიმელექს; ვეტყოდი აბიმელექს გაიმრავლე ჯარი და გამოდი!”
30 . ესმა ზებულს, ქალაქის მთავარს, გაყალ ყებედის ძის სიტყვები და ძალიან გაჯავრდა.
31 . ფარულად წარგზავნა მოციქულნი აბიმელექთან და შეუთვალა: "აჰა, მოდის გაყალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და შენს წინააღმდეგ განაწყობს ქალაქს.
32 . ადექი ღამე შენი ხალხით და ველზე ჩაუსაფრდი.
33 . დილაადრიანად, განთიადისას, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შეესიე ქალაქს; გამოვლენ შენს წინააღმდეგ ის და მისი ხალხი და ისე მოექეცი მას, რასაც შენი ხელი შეძლებს”.
34 . ღამიანად ადგნენ აბიმელექი და მთელი მისი ხალხი და ოთხი რაზმი ჩაუსაფრა შექემთან.
35 . გამოვიდა გაყალ ყებედის ძე და დადგა ქალაქის კარიბჭესთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად.
36 . გაყალმა რომ ხალხი დაინახა, უთხრა ზებულს: "შეხედე ხალხი ეშვება მთის ფერდობებზე”. უპასუხა ზებულმა: "მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება”.
37 . კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: "ხალხი ეშვება მაღლობიდან, ერთი რაზმი კი მისნების მუხნარის გზით მოდის”.
38 . უთხრა ზებულმა: "შენ არ ამბობდი, ვინაა აბიმელექი, რომ მას ვემსახუროთო? ეს ის ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ”.
39 . გავიდა გაყალი შექემელებთან ერთად და შეება აბიმელექს.
40 . გამოედევნა აბიმელექი გაქცეულ გაყალს და შექემელთაგან მრავალი დაეცა მოკლული კარიბჭემდე.
41 . ყარუმაში რჩებოდა აბიმელექი, ზებულმა კი განდევნა გაყალი და მისი ძმანი, რათა შექემში არ დამკვიდრებულიყვნენ.
42 . გავიდა ხალხი ველად მეორე დღეს და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.
43 . გაიყვანა თავისი ხალხი, სამ რაზმად დაჰყო და ველზე ჩასაფრდა. როცა ქალაქიდან გამომავალი ხალხი დაინახა, თავს დაესხა და მოსრა.
44 . აბიმელექი და მისი ხალხი წავიდნენ და ქალაქის კარიბჭესთან დადგნენ, ხოლო ორი სხვა რაზმი ველზე გამოსულებს ესხმოდა თავს და მუსრს ავლებდა.
45 . მთელი ის დღე იბრძოლა აბიმელექმა ქალაქში, ბოლოს აიღო, დახოცა მაცხოვრებლები, ქალაქი დაანგრია და მარილი დათესა.
46 . როდესაც ესმათ ეს ამბავი შექემის კოშკის მთავრებს, შეცვივდნენ ბერითის საკერპო სახლში.
47 . და ეუწყა აბიმელექს, სად შეიკრიბნენ შექემის კოშკის მკვიდრნი.
48 . ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე თავის ხალხთან ერთად, აიღო ცული, თავის ხელით მოჭრა ხის ტოტი, ასწია და მხარზე დაიდო; უთხრა თავის ხალხს: "ხომ დაინახეთ, რაც გავაკეთე, ისწრაფეთ და ჩემსავით მოიქეცით”.
49 . მოჭრა თითოეულმა თითო ტოტი და გაჰყვა აბიმელექს; შემოულაგეს ტოტები საკერპოს და ცეცხლით დაწვეს და მოკვდა შექემის კოშკის ყოველი მკვიდრი, დაახლოებით ათასი კაცი და ქალი.
50 . წავიდა აბიმელექი თებეცში, ალყა შემოარტყა და აიღო.
51 . მყარი კოშკი იდგა შუა ქალაქში, შიგ შეცვივდა ყველა კაცი, ქალი და ქალაქის მთავარი; ჩარაზეს კარი და ავიდნენ კოშკის ერდოზე.
52 . მივიდა აბიმელექი კოშკთან და ალყა შემოარტყა; ახლოს მივიდა კოშკის შესასვლელთან, რათა ცეცხლით დაეწვა.
53 . ისროლა ერთმა დედაკაცმა წისქვილის ქვის ნატეხი, მოხვდა აბიმელექს თავში და გაუტეხა თავის ქალა.
54 . მაშინვე მოუხმო თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: "იშიშვლე მახვილი და მომკალი, რათა არა თქვან, დედაკაცმა მოკლაო”. უგმირა მისმა მსახურმა და მოკლა.
55 . იხილეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, წავიდა თითოეული და დაუბრუნდა თავის სახლს.
56 . ასე მიაგო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რაც უყო მან მამამისს, როცა დახოცა თავისი სამოცდაათი ძმა.
57 . შექემელთა ბოროტება მათზევე მოაქცია ღმერთმა. ეწიათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა.
1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, აჰა, ყენგედის უდაბნოშიაო დავითი.
2 . წაიყვანა საულმა მთელი ისრაელიდან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად ველური თხების კლდეებში.
3 . ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას გამოქვაბულთან მივიდა და შევიდა საული შიგ მოსასაქმებლად, ხოლო დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.
4 . უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
5 . წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
6 . უთხრა თავის ხალხს: "ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.
7 . ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.
8 . ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: "ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.
9 . უთხრა დავითმა საულს: "რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს, აჰა, ბოროტს გიპირებსო დავითი?
10 . აჰა, შენი თვალით დაინახე, რომ ხელში ჩამიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში. ზოგიერთნი მეუბნებოდნენ, მოკალიო, მაგრამ დაგინდე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ-მეთქი ჩემს ბატონზე, რადგან უფლის მიერაა ცხებული!
11 . შეხედე, მამაჩემო; დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ ვარ ბოროტი და მეამბოხე; არც ბოროტება განმიზრახავს, არაფერი შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
12 . უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.
13 . როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
14 . ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რაღაც რწყილს!
15 . უფალი იყოს ჩვენს შორის მსაჯული, მან განგვსაჯოს. ის შეხედავს და განსჯის ჩემს სამართალს და დამიხსნის შენი ხელიდან”.
16 . ეს სიტყვები რომ დაასრულა დავითმა, თქვა საულმა: "ნუთუ ეს შენი ხმაა, დავით, შვილო?” და ხმამაღლა აქვითინდა საული.
17 . მერე უთხრა დავითს: "შენ უფრო მართალი ხარ, ვიდრე მე; კეთილად მექცეოდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.
18 . დღესაც დამიმტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, შენ კი არ მომკალი.
19 . განა უვნებლად გაუშვებს კაცი დაჭერილ მტერს თავის გზაზე? სიკეთით მოგიზღოს უფალმა იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
20 . აჰა, ახლა კი ვიცი, რომ ნამდვილად გამეფდები და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
21 . შემომფიცე უფლის სახელით, რომ ჩემს შემდეგ არ გასწყვეტ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლიდან”.
22 . შეჰფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. დავითი და მისი ხალხი კი თავშესაფარში ავიდნენ.
23 . გარდაიცვალა სამუელი და შეიკრიბა მთელი ისრაელი, იგლოვეს და დაკრძალეს რამაში, თავის მამულში. დავითი კი ადგა და ფარანის უდაბნოში ჩავიდა.
1 . მოკვდა ამ ამბების შემდეგ ყამონელთა მეფე და მისი ძე, ხანუნი გამეფდა მის ნაცვლად.
2 . თქვა დავითმა: "კეთილად მოვექცევი ხანუნს, ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მომექცა კეთილად”. სამძიმარზე გაუგზავნა დავითმა თავისი მსახურნი მამამისის გამო; და მივიდა დავითის ხალხი ყამონის ძეთა ქვეყანაში.
3 . უთხრეს ყამონელთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: "რას ფიქრობ, ნუთუ მამაშენის პატივსაცემად გამოგზავნა დავითმა ნუგეშისმცემელნი? განა ქალაქის დასათვალიერებლად და დასაზვერად არა? აჰა, მის ასაოხრებლად გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები”.
4 . ადგა ხანუნი და მოპარსა დავითის კაცებს ნახევარი წვერი, დუნდულებამდე შემოაჭრა სამოსელი და გაუშვა.
5 . შეატყობინეს დავითს და გაგზავნა მათ შესაგებებლად, რადგან ძლიერ იყვნენ ეს კაცები შეურაცხყოფილნი. უთხრა მათ მეფემ: "დარჩით იერიხოში, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით”.
6 . მიხვდნენ ყამონელნი, რომ თავი შეაძულეს დავითს, გაგზავნეს და დაიქირავეს ბეთ-რეხობისა და ცობას ოცი ათასი არამელი ქვეითი, მეფე მაყაქას ათასი კაცი და თორმეტი ათასი ტობელი მებრძოლი.
7 . გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი ძლევამოსილი ლაშქარი.
8 . გამოვიდნენ ყამონელები და კარიბჭესთან გამართეს ბრძოლა; ცობას და რეხობის არამელნი, მაყაქას და ტობის მეომრები კი ცალკე განლაგდნენ ველზე.
9 . დაინახა იოაბმა, რომ მტრის ჯარი წინიდან და ზურგიდან იყო განლაგებული, გამოაცალკევა მებრძოლნი ისრაელის რჩეულთაგან და არამელთა წინააღმდეგ განალაგა ისინი.
10 . დანარჩენი ხალხი აბიშაის, თავისი ძმის ხელს გადასცა; მან კი, ყამონელთა პირისპირ განალაგა ისინი.
11 . უთხრა იოაბმა აბიშაის: "თუ არამელნი გვძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ ყამონელები გაძლიერდებიან შენზე, მე მოვალ შენს დასახმარებლად.
12 . მტკიცედ იყავი, მაგრად დავდგეთ ჩვენი ხალხისა და ღმერთის ქალაქებისთვის, დაე, უფლის ნებისამებრ იყოს ყოველივე”.
13 . გავიდა იოაბი თავის ხალხთან ერთად არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
14 . დაინახეს ყამონელებმა, რომ გაიქცნენ არამელნი, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შებრუნდნენ. დაბრუნდა იოაბი ყამონელთაგან და მივიდა იერუსალიმში.
15 . დაინახა არამმა, რომ შეიმუსრა ისრაელის წინაშე და ერთად შეიკრიბა.
16 . გაგზავნა ჰადადყეზერმა, მდინარის გაღმელი არამელებიც გამოაყვანინა და შობაქის, ჰადადყეზერის სარდლის წინამძღოლობით, ამოვიდნენ ხელამში.
17 . შეიტყო ეს ამბავი დავითმა, შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და ხელამში მივიდა. დაეწყვნენ არამელნი დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ მას.
18 . უკუიქცნენ არამელნი ისრაელიანთაგან და გაანადგურა დავითმა არამელთაგან შვიდასი ეტლი და ორმოცი ათასი მხედარი; განიგმირა შობაქიც, მათი მხედართმთავარი და იქვე მოკვდა.
19 . დაინახეს ჰადადყეზერის ქვეშევრდომმა მეფეებმა, რომ შეიმუსრნენ ისრაელის წინაშე და დაუზავდნენ და დამორჩილდნენ ისრაელს. ეშინოდათ არამელებს, რომ კვლავ დახმარებოდნენ ყამონელებს.
1 . როდესაც გაიგო ხირამმა, ცორის მეფემ, რომ სოლომონი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად, გაუგზავნა თავისი მსახურები. დავითის მეგობარი იყო ხირამი მთელი თავისი სიცოცხლე.
2 . ასე შეუთვალა სოლომონმა ხირამს:
3 . "შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა, დავითმა უფლის, თავისი ღმერთის სახელზე სახლის აშენება, რადგან სულ ომში იყო ჩაბმული, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა მტრები.
4 . ახლა კი ყოველმხრივ მომასვენა უფალმა, ჩემმა ღმერთმა: აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე.
5 . და აჰა, ვთქვი, ავაშენებ სახლს უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის, დავითისთვის, უფალს: შენი ძე, ვისაც შენს ნაცვლად დავსვამ ტახტზე, ის ააშენებსო ჩემს სახელზე სახლს.
6 . ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან და მე მოგცემ შენი მსახურებისთვის გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან იცი, რომ არავის შეუძლია ხის მოჭრა ისე, როგორც ამას, თქვენ, ციდონელნი აკეთებთ”.
7 . მოისმინა ხირამმა სოლომონის სიტყვები, ფრიად გაიხარა და თქვა: "კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამდენი ხალხის განმგებლად!”
8 . უპასუხა ხირამმა სოლომონს: "მოვისმინე, რაც შემომითვალე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.
9 . ჩემი მსახურები ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, მერე ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ, იქ დავშლით და წაიღე. მხოლოდ ეს სურვილი შემისრულე, საკვებით მომიმარაგე სახლეული”.
10 . უგზავნიდა ხირამი სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს რამდენსაც ისურვებდა.
11 . ხოლო სოლომონი ამარაგებდა ხირამსა და მის სახლს ოცი ათასი ქორი ხორბლით და ოცი ქორი წმინდა ზეთით. ასე უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.
12 . სიბრძნე მისცა უფალმა სოლომონს, როგორც დაპირდა. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და აღთქმაში იყვნენ ერთმანეთთან.
13 . სავალდებულო სამსახური შემოიღო მეფე სოლომონმა მთელ ისრაელში და ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა სამუშაოდ.
14 . თვეში ათი ათას კაცს გზავნიდა ლიბანში მონაცვლეობით: ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავ-თავიანთ სახლებში. ადონირამი მმართველობდა ბეგარას.
15 . სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი ჰყავდა მთაში სოლომონს,
16 . გარდა სამიათას სამასი თავკაცისა, რომლებიც სამუშაოების მეთვალყურეებად ჰყავდა დადგენილი სოლომონს და მუშა ხალხს მართავდნენ.
17 . და ბრძანა მეფემ, რომ მოეზიდათ დიდი ლოდები, ძვირფასი, თლილი ქვები სახლის საძირკველისთვის.
18 . სოლომონისა და ხირამის მშენებლები, ასევე გებაყელები, ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად.
1 . ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
2 . უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.
3 . უთხრა ელისემ: "წადი და მთელი შენი სამეზობლოდან ითხოვე ჭურჭელი; ყველა მეზობლისგან წამოიღე, რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი ინათხოვრე.
4 . მერე შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა; ჩაასხი ზეთი ყოველ ამ ჭურჭელში და სავსეები განზე გადგი”.
5 . წავიდა და შეიკეტა კარი თავის ძეებთან ერთად. აწვდიდნენ მას ჭურჭელს, ის კი ზეთს ასხამდა.
6 . როცა ყველა ჭურჭელი აივსო, უთხრა თავის ძეს: "კიდევ მომიტანე ჭურჭელი”. უპასუხა: "აღარაა მეტი ჭურჭელი” და ზეთიც შეწყდა.
7 . მივიდა ქალი და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: "წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე შენი ვალი; დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა ძეებმა”.
8 . ერთ დღეს შუნამში მივიდა ელისე; იყო იქ ერთი დიდგვაროვანი ქალი; დაჟინებით მიიწვია პურის საჭმელად; გავლისას ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე მასთან პურის საჭმელად.
9 . უთხრა ქალმა თავის ქმარს: "აჰა, ვიცი, რომ წმიდაა ის ღვთისკაცი, რომელიც ჩვენთან დადის მუდამ.
10 . მოვუწყოთ პატარა ოთახი ზედა სართულზე, დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი, სასანთლე და როცა ჩვენთან შემოივლის, იქ გაჩერდეს”.
11 . ერთ დღესაც მივიდა ელისე, ავიდა ზედა ოთახში და დაწვა.
12 . უთხრა ელისემ გეხაზს, თავის მსახურს: "მოუხმე იმ შუნამელ ქალს”. მოუხმო და დადგა ქალი მის წინაშე.
13 . უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
14 . ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.
15 . უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.
16 . უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.
17 . დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.
18 . გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.
19 . შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.
20 . წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.
21 . ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა.
22 . მოიხმო ქმარი და უთხრა: "გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”.
23 . ჰკითხა ქმარმა: "რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: "მშვიდად იყავი!”
24 . შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: "წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”.
25 . წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: "აგერ, ის შუნამელი ქალი.
26 . ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: "მშვიდობით”.
27 . როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: "დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
28 . უთხრა ქალმა: "განა მე ვითხოვე შვილი ჩემი ბატონისგან? აკი ვთქვი, ამაოდ ნუ დამპირდები-მეთქი”.
29 . უთხრა გეხაზს: "შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
30 . უთხრა ბიჭუნას დედამ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ადგა ელისე და წაჰყვა.
31 . მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.
32 . შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.
33 . შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
34 . ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
35 . გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.
36 . უთხრა ელისემ გეხაზს: "მოუხმე იმ შუნამელს”. მანაც მოუხმო. მივიდა ქალი და უთხრა ელისემ: "წაიყვანე შენი ძე”.
37 . მის ფერხთით დაემხო ქალი, მდაბლად მოიდრიკა, მერე აიყვანა თავისი ძე და ოთახიდან გავიდა.
38 . ელისე გილგალში დაბრუნდა. შიმშილი იყო იმ მიწაზე; მის წინაშე ისხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. უთხრა თავის მსახურს: "დიდი ქვაბი შემოდგი ცეცხლზე და შეჭამანდი მოხარშე წინასწარმეტყველთა ძეთათვის”.
39 . ერთი მათგანი ველზე გავიდა მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური მცენარე, მოკრიფა მისი ველური ნაყოფი, აივსო სამოსელი, მივიდა და წვრილად ჩააჭრა შეჭამანდის ქვაბში _ მათ კი არ იცოდნენ რა იყო.
40 . დაუსხეს კაცებს საჭმელად და შეჭამანდს რომ შეექცეოდნენ, შეჰყვირეს: "სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეძლეს ჭამა.
41 . თქვა ელისემ: "მოიტანეთ ფქვილი”. ჩაყარა ქვაბში და თქვა: "დაუსხი ხალხს, რათა ჭამონ”. საზიანო აღარაფერი დარჩა ქვაბში.
42 . კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.
43 . ჰკითხა მსახურმა: "განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.
44 . მისცა, ჭამეს და კიდეც დარჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
1 . მოუხმო უფალმა მოსეს და ელაპარაკა მას საკრებულო კარვიდან:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ ვინმე თქვენ შორის შესწირავს უფალს, იყოს თქვენი მსხვერპლი პირუტყვი, მსხვილფეხასა და წვრილფეხასაგან.
3 . თუ სრულადდასაწველია მისი მსხვერპლი, მაშინ შესწიროს უნაკლო მოზვერი მსხვილფეხა საქონლიდან; საკრებულო კარვის
4 . თავზე დაადოს ხელი სრულადდასაწველს და მიღებული იქნება მსხვერპლი მის ცოდვათა გამოსასყიდად.
5 . დაკლას მოზვერი უფლის წინაშე და შესწირონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, და აპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც საკრებულოს კარვის შესასვლელთანაა.
6 . გაატყაოს სრულადდასაწველი მსხვერპლი და ნაწილებად დაჭრას.
7 . დაანთონ აჰარონ მღვდლის ძეებმა ცეცხლი სამსხვერპლოზე და დააწყონ ცეცხლზე შეშა.
8 . და განალაგონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, ეს ნაწილები, თავი და ქონი შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
9 . მისი შიგნეული და წვივები წყლით გარეცხოს; სამსხვერპლოზე დაწვას მღვდელმა ყველაფერი: სრულადდასაწველია ეს, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
10 . თუ ფარიდან იქნება მისი სრულადდასაწველი შესაწირი, ცხვარი ან თხა, შესწიროს უნაკლო მამალი.
11 . დაკლას იგი სამსხვერპლოს ჩრდილო მხარეს უფლის წინაშე და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
12 . დაჭრას იგი ნაწილებად და დააწყონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, ეს ნაწილები თავიანად და ქონიანად შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე.
13 . შიგნეული და წვივები წყლით გარეცხოს; და დაწვას მღვდელმა ყველაფერი სამსხვერპლოზე: სრულადდასაწველია ეს, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
14 . თუ უფლისთვის სრულადდასაწველი მსხვერპლი ფრინველი იქნება, მაშინ შესწიროს გვრიტი ან მტრედის ხუნდები.
15 . მოიტანოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოსთან, თავი წარკვეთოს და დაწვას სამსხვერპლოზე; მისი სისხლი კი სამსხვერპლოს კედელს მიაწუროს;
16 . მოაცალოს ჩიჩახვი ბუმბულიანად და დააგდოს სამსხვერპლოსთან, აღმოსავლეთით, ნაცრის ადგილზე.
17 . გადაუმტვრიოს ფრთები, ოღონდ არ გააცალოს და დაწვას იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელიც ცეცხლზეა; სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.
1 . როცა ესმათ იორდანეს გაღმა მთაში და დაბლობზე მყოფ მეფეებს, დიდი ზღვის მთელ სანაპიროზე ლიბანამდე - ხეთელებს, ამორელებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს,
2 . ერთად შეიკრიბნენ იეშუასა და ისრაელთან შესაბრძოლებლად.
3 . გაბაონის მკვიდრთაც გაიგეს, რაც დამართა იეშუამ იერიხოსა და ჰაღაის.
4 . და ცბიერად მოიქცნენ: ადგნენ და საგზალი დაიმზადეს, თითქოს ელჩები იყვნენ, აჰკიდეს სახედრებს ძველი, დახეთქილი და დაკერებული ტომრები და ღვინის ტიკები,
5 . ფეხზე გაცვეთილი ქალამნები ჩაიცვეს და ტანზე დაკერებულ-დაძველებული სამოსი შეიმოსეს; საგზლის მთელი პურიც გამხმარი და დაობებული იყო.
6 . მივიდნენ გილგალში დაბანაკებულ იეშუასთან და უთხრეს მას და მთელს ისრაელს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით და აღთქმა დაგვიდეთ ახლა”.
7 . უპასუხეს ისრაელიანებმა ხიველებს: "იქნებ ჩვენს ახლოს ცხოვრობთ და აღთქმა დაგიდოთ?”
8 . უთხრეს იეშუას: "შენი მსახურნი ვართ”. ჰკითხა მათ იეშუამ: "ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?”
9 . მიუგეს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვიდნენ შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდება და ყოველივე, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა.
10 . ყველაფერი, რაც ამორელთა ორ მეფეს დამართა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ: სიხონს, ხეშბონის მეფეს და ყაშთაროთელ ყოგს, ბაშანის მეფეს.
11 . გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყოველმა მკვიდრმა: საგზალი მოიმარაგეთ, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: თქვენი მსახურნი ვართ და აღთქმა დაგვიდეთ-თქო ახლა.
12 . ეს ჩვენი პური ჯერ კიდევ თბილი იყო იმ დღეს, როცა სახლებიდან თქვენთან შესახვედრად წამოვედით; აჰა, ახლა გამხმარი და დაობებულია.
13 . ეს ღვინის ტიკებიც, როცა ავავსეთ, ახლები იყო და, აჰა, დამსკდარია; ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც შემოგვაცვდა შორი გზის გამო”.
14 . აიღეს კაცებმა მათი საგზლიდან და არ დაეკითხნენ უფალს.
15 . შეუთანხმდა მათ იეშუა სამშვიდობოდ და ცოცხლად დატოვების აღთქმა დაუდო; შეჰფიცეს თემის მთავრებმაც.
16 . აღთქმის დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ ახლოს ყოფილან და მათ სიახლოვეს ცხოვრებულან.
17 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და მივიდნენ მესამე დღეს მათ ქალაქებში - გაბაონში, ქეფირაში, ბეეროთსა და კირიათ-იეყარიმში.
18 . არ მოუსრავთ ისინი ისრაელის ძეებს, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი დაიფიცეს თემის მთავრებმა; და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე.
19 . უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: "უფალი, ისრაელის ღმერთი დავიფიცეთ და ვეღარ შევეხებით.
20 . აი, როგორ უნდა მოვექცეთ: ცოცხლად დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს ფიცის გამო, რომლითაც დავიფიცეთ”.
21 . თქვეს მთავრებმა: "დაე იცოცხლონ, მაგრამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად დავაყენოთ მთელი თემისთვის; და ისე მოიქცა თემი, როგორც უთხრეს მთავრებმა.
22 . მოუხმო მათ იეშუამ და უთხრა: "რატომ მოგვატყუეთ და გვითხარით, ძალიან შორს ვართო თქვენგან, როცა ჩვენს სიახლოვეს მკვიდრობდით?
23 . აჰა, ამიერიდან წყევლაა თქვენზე! სამუდამოდ დაგვემონებით და შეშის მჭრელნი და წყლის მხაპავნი იქნებით ჩემი ღმერთის სახლისთვის”.
24 . მიუგეს იეშუას: "გავიგეთ შენმა მონებმა, რა უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ ამ მიწას და წარხოცავდა მის მკვიდრთ თქვენ წინაშე; ძალიან შეგვეშინდა თქვენი და ესღა მოვიფიქრეთ.
25 . ახლა შენს ხელში ვართ; როგორც უმჯობესია და სამართლიანი შენს თვალში, ისე მოგვექეცი”.
26 . ასეც მოექცა მათ იეშუა, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაუხოცავთ ისინი;
27 . იმ დღეს დააყენა ისინი იეშუამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისა და უფლის სამსხვერპლოსთვის აქამდე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევდა უფალი.