1 .
ჩაბერეთ საყვირს სიონზე და შემოსძახეთ ჩემს წმიდა მთაზე, შეძრწუნდით ყოველო მცხოვრებნო მიწისა, რადგან მოდის დღე უფლისა, მოახლოებულია.
2 .
დღე სიბნელისა და წყვდიადისა, დღე ღრუბლისა და ბურუსისა! ცისკარივით ეფინება მთებს მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსიც დასაბამიდან არ ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება თაობიდან თაობამდე.
3 .
მის წინ ცეცხლი შთანთქავს და მის უკან ალი ბუგავს; ედემის ბაღივითაა მიწა მათ წინ, მათ უკან კი გაპარტახებულია უდაბნოსავით; არსადაა გასაქცევი.
4 .
ცხენებივით გამოიყურებიან და რაშებივით დაჰქრიან;
5 .
ეტლებივით გრუხუნებენ მთათა მწვერვალებზე, ჩალას წაკიდებული ცეცხლის ალივით ბრიალებენ; გუგუნებენ როგორც საბრძოლველად დარაზმული ძლიერი ხალხი.
6 .
ხალხები ძრწიან მათ წინაშე, ყველა ფერს კარგავს.
7 .
ფალავნებივით დარბიან; მებრძოლებივით ძვრებიან გალავნებზე; თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდება.
8 .
ერთმანეთს არ ეჯახებიან, თითოეული თავის ბილიკს მიჰყვება; შუბებზე ეგებიან, მაგრამ მწყობრი არ ერღვევათ.
9 .
ქალაქში იჭრებიან, გალავნებზე ცოცდებიან, ქურდებივით ძვრებიან სარკმლებში;
10 .
მიწა ირყევა მათ წინაშე, ზეცა გრგვინავს, მზე და მთვარე ბნელდება, ვარსკვლავები სინათლეს კარგავენ;
11 .
უფალი გამოსცემს ხმას თავისი ლაშქრის წინაშე, რადგან ფრიად მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი და ძლიერია მისი სიტყვის შემსრულებელი. დიდია უფლის დღე და ფრიად საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
12 .
"თუმცა, ახლაც” - ამბობს უფალი, - "დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით;
13 .
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.
14 .
ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს და გვითანაგრძნოს, თან მოიყოლოს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევა, მარცვლეული და საღვრელი შესაწირი.
15 .
საყვირს ჩაბერეთ სიონზე, მარხვა დათქვით, გამოაცხადეთ შეკრება.
16 .
ხალხი შეკრიბეთ, კრებული განწმიდეთ, უხუცესნი მოიწვიეთ, ყრმანი და ძუძუმწოვარნი შეკრიბეთ, გამოვიდეს ნეფე თავისი საწოლი ოთახიდან და პატარძალი თავისი სამყოფელიდან.
17 .
დერეფანსა და სამსხვერპლოს შორის იტირონ მღვდლებმა, უფლის მსახურებმა და თქვან: შეიბრალე, უფალო, ხალხი შენი და ნუ მისცემ შენს სამკვიდრებელს შესარცხვენად და სალანძღად ერებს. რატომ უნდა ამბობდნენ ხალხები, სად არისო მათი ღმერთი?
18 .
მოშურნეა უფალი თავისი ქვეყნისთვის და შეიბრალებს თავის ხალხს.
19 .
უპასუხებს უფალი და ეტყვის თავის ხალხს: აჰა, მე გამოგიგზავნით პურს, მაჭარსა და ზეთს, გაძღებით და აღარ მიგცემთ სალანძღად ხალხებს.
20 .
ჩრდილოეთელსაც მოგაშორებთ, გავყრი უწყლო და გაუდაბურებულ მიწაზე. მის მეწინავეთ - აღმოსავლეთის ზღვაში, უკან მორჩენილთ კი - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან მრავალი ბოროტება აქვს ჩადენილი.
21 .
ნუ გეშინია, მიწავ, გაიხარე და იმხიარულე, რადგან დიადი საქმენი მოიმოქმედა უფალმა.
22 .
ნუ გეშინიათ, მინდვრის მხეცებო, რადგან ამწვანდება უდაბნოს საძოვრები, ხე ნაყოფს გამოიღებს, ლეღვიც და ვაზიც გამოიღებენ თავიანთ დოვლათს.
23 .
გაიხარეთ, სიონის ძენო, იმხიარულეთ უფლით, თქვენი ღმერთით, რადგან მოგცემთ ადრეულ წვიმას თქვენი სიმართლის მიხედვით და უწინდებურად გამოგიგზავნით ადრეულსა და საგვიანო წვიმებს.
24 .
გაივსება ბეღელი მარცვლეულით, უხვად იქნება საწნახლებიდან გადმოდინებული მაჭარი და ზეთი.
25 .
გადაგიხდით იმ წლებისას, როცა ჭამდა მღრღნელი და კალია, მატლი და მწერი - ჩემი დიდი ლაშქარი, თქვენ რომ შემოგისიეთ.
26 .
ბლომად შეჭამთ, გაძღებით და განადიდებთ უფლის, ღვთის სახელს, რომელიც საკვირველად მოგექცათ და აღარასოდეს შერცხვება ჩემი ხალხი.
27 .
მიხვდებით, რომ ისრაელის წიაღში ვარ და მე, უფალი ვარ თქვენი ღმერთი! სხვა არავინაა! და არ შერცხვება ჩემი ხალხი საუკუნოდ.
28 .
ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.
29 .
მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს.
30 .
მოგცემთ ნიშნებს ცაში და მიწაზე: სისხლს, ცეცხლსა და კვამლის სვეტებს.
31 .
მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად უფლის დიადი და საშინელი დღის დადგომის წინ.
32 .
და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.