1 .
"ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 .
წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 .
რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 .
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 .
გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 .
ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 .
გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 .
როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 .
რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 .
უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 .
როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 .
მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 .
წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 .
ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 .
გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 .
აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 .
ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 .
შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 .
იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 .
თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 .
მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 .
რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 .
უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 .
მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 .
გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 .
ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 .
რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 .
რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 .
ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 .
როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 .
რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 .
ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 .
გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 .
განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 .
ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 .
რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 .
და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 .
ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 .
ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 .
ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 .
თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 .
სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 .
მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 .
და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 .
და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 .
უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 .
რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 .
იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 .
"ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 .
და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 .
რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 .
შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.