1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "უბრძანე ისრაელიანებს, რომ ყოველი კეთროვანი, ლორწომდინარი და მიცვალებულით გაუწმიდურებული გაუშვან ბანაკიდან.
3 . ბანაკის გარეთ გაუშვით მამაკაციც და დედაკაციც, რათა არ შებილწონ თავისი ბანაკი, რომელშიც მე ვიმყოფები”.
4 . ასე მოიქცნენ ისრაელიანები და გაუშვეს ისინი ბანაკის გარეთ: როგორც უთხრა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ.
5 . უთხრა უფალმა მოსეს:
6 . "უთხარი ისრაელიანებს: როცა კაცი ან ქალი რომელიმე ადამიანურ ცოდვას ჩაიდენს და უფალს არ უერთგულებს, დამნაშავეა:
7 . აღიაროს თავისი ცოდვა, რომელიც ჩაიდინა, მთლიანად ზღოს თავისი ცოდვა და ზედ მეხუთედი წილიც მიუმატოს მას, რომლის მიმართაც შესცოდა.
8 . თუ იმ კაცს მემკვიდრე არ ჰყავს, რათა ანაზღაურდეს დანაკარგი, მაშინ ცოდვის საზღაური უფალს ეკუთვნის; მღვდლისა იყოს იგი, გარდა ცოდვის გამოსასყიდი ვერძისა, რომლითაც გამოისყიდის მას.
9 . ისრაელიანთა მთელი შესაწირი ყოველ წმიდად შერაცხულთაგან, რომელსაც მღვდელს მიუტანენ, მას ეკუთვნის;
10 . თითოეული წმიდა შესაწირი მას ეკუთვნის; თუ კაცი რამეს მისცემს მღვდელს, მას ეკუთვნის”.
11 . და უთხრა უფალმა მოსეს:
12 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,
13 . დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,
14 . მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;
15 . დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.
16 . მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს უფლის წინაშე.
17 . აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიწას, სავანის ძირიდან და ჩაყრის მიწას მღვდელი იმ წყალში.
18 . დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, გაუშიშვლებს თავს და ხელში ჩაუდებს მოსაგონარ და ეჭვიანობის შესაწირს, ხოლო დამლახვრელი მწარე წყალი მღვდლის ხელში იქნება.
19 . დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.
20 . ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,
21 . წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;
22 . შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!
23 . ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში და ჩამორეცხოს მწარე წყლით.
24 . დაალევინოს ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამაწყევარი წყალი და გამწარდება.
25 . აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის შესაწირი, შეარხიოს იგი უფლის წინაშე და მიიტანოს სამსხვერპლოსთან;
26 . აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირისგან, მისი მოსაგონარი წილი და აღავლინოს სამსხვერპლოზე, მერე კი დაალევინოს ქალს ის წყალი.
27 . როცა შეასმევს წყალს, თუ შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, მაშინ გამწარდება მასში დამაწყევარი წყალი და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება თეძო და წყეული იქნება თავის ხალხში.
28 . ხოლო თუ არ შებილწულა და სუფთაა იგი, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.
29 . ასეთია ეჭვიანობის რჯული, როცა წავა ქალი, უღალატებს თავის ქმარს და შეიბილწება;
30 . ან როცა ეჭვიანობის სული დაეუფლება მამაკაცს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ წარადგენს ქალს უფლის წინაშე და აღასრულებს ყოველივეს მღვდელი ამ რჯულისამებრ.
31 . და იქნება ქმარი დანაშაულისგან თავისუფალი, ქალი კი - თავისი ცოდვის მტვირთველი”.
1 . "თუ ნახავ მოკლულს ან ველზე დაცემულს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, და არავის ეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2 . უნდა გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა;
3 . რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ უზიდია,
4 . ჩაიყვანონ დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ მას ამ ხევში.
5 . მივიდნენ ახლოს ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით და მათი პირით წყდება ყველა დავა და ყველა ზარალი.
6 . მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა ხელი დაიბანოს ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე,
7 . ილაპარაკებენ და იტყვიან: ჩვენს ხელს არ დაუღვრიაო ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ დაუნახავს;
8 . მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.
9 . უნდა მოაშორო უდანაშაულო სისხლი შენს წიაღს, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10 . როცა ომში შენი მტრის წინააღმდეგ გახვალ, ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი და წამოასხამ ტყვეებს,
11 . დაინახავ ტყვეთა შორის მშვენიერი გარეგნობის ქალს, ისურვებ მას და ცოლად წაყვანას დაუპირებ;
12 . მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,
13 . გაიხადოს ტყვეობის სამოსელი, დარჩეს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეუღლდით და გახდება შენი ცოლი.
14 . თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ფულზე არ გაყიდო, მონასავით არ მოექცე, რადგან დაიმორჩილე იგი.
15 . თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,
16 . ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;
17 . არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18 . თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,
19 . მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე.
20 . უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21 . ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.
22 . თუ სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს კაცი, მოკლავენ მას და ჩამოკიდებენ ხეზე.
23 . არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
1 . "როცა შენი მოძმის გზააბნეულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, ნუ აერიდები: აუცილებლად დაუბრუნე ისინი შენს ძმას.
2 . თუ შორსაა შენგან ან არ იცნობ მას, მაშინ სახლში წაასხი საქონელი და იყოს იქ, ვიდრე მოაკითხავს პატრონი. მაშინ დაუბრუნე.
3 . ასევე მოექეცი მის სახედარს, სამოსელს და ყოველ დანაკარგს, რასაც დაკარგავს ვინმე, შენ კი იპოვი; ნუ აერიდები.
4 . როცა გზაზე დაცემულ სახედარს ან ხარს დაინახავ, ნუ აერიდები მათ, წამოაყენე ისინი.
5 . დედაკაცმა მამაკაცის სამოსელი არ ჩაიცვას და მამაკაცი ქალის სამოსით არ შეიმოსოს, რადგან საზიზღარია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას სჩადის.
6 . ფრინველის ბარტყებიან ან კვერცხებიან ბუდეს თუ წააწყდები გზაზე - ხეზე ან მიწაზე, დედაც იჯდეს ბარტყებზე ან კვერცხებზე, შვილებითურთ ნუ აიყვან მას,
7 . გაუშვი დედა, შვილები კი თან წაიყვანე, რათა კარგად იყო და იდღეგრძელო.
8 . როცა ახალ სახლს აიშენებ, მოაჯირი გაუკეთე ბანს, რათა ვინმე არ ჩავარდეს და სისხლი არ დაიღვაროს შენს სახლში.
9 . ორნაირ თესლს ნუ დათესავ შენს ვენახში, რათა არ წაიბილწოს შენს მიერ დათესილი თესლის ნაყოფი და ვენახის მოსავალი.
10 . ხარითა და ვირით ერთად ნუ მოხნავ.
11 . მატყლისა და სელის ნარევი ქსოვილი არ ჩაიცვა.
12 . ოთხივე კიდეზე ფოჩები გაუკეთე შენს მოსასხამს, რომლითაც იმოსები.
13 . თუ ვინმე ცოლს შეირთავს, დაწვება მასთან და მერე მოიძულებს მას,
14 . ბოროტად დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის: შევირთე ეს ქალი, შევედი მასთან და არ აღმოჩნდაო ქალწული,
15 . მაშინ გამოუტანონ ყმაწვილქალის დედ-მამამ მისი ქალწულობის ნიშანი უხუცესებს ქალაქის კარიბჭესთან.
16 . უთხრას ყმაწვილქალის მამამ უხუცესებს: ცოლად მივეცი ამ კაცს ჩემი ასული, მან კი მოიძულა იგი.
17 . აჰა, ცილი დასწამა, ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ასული; აი, ნიშანი ჩემი ასულის ქალწულობისა. და გაშალოს სამოსი ქალაქის უხუცესთა წინაშე.
18 . მაშინ ადგნენ იმ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი;
19 . ასი ვერცხლით დააჯარიმონ იგი და მისცენ ყმაწვილქალის მამას, რადგან ცუდი ხმა გაავრცელა ისრაელიან ქალწულზე; და დარჩება იგი მის ცოლად: ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
20 . ხოლო თუ ნათქვამი მართალი გამოდგა და ყმაწვილქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
21 . გამოიყვანონ იგი თავისი მამის სახლის კართან და სასიკვდილოდ ჩაქოლონ იმ ქალაქის კაცებმა, ვინაიდან სამარცხვინოდ მოიქცა ისრაელში - იმრუშა მამამისის სახლში; ასე ამოშანთავთ თქვენგან ბოროტს.
22 . თუ ქმრიან ქალთან წოლისას წაასწრებენ კაცს, ორივენი მოკვდნენ: ამ ქალთან მწოლი კაციც და ქალიც; ამოშანთეთ ბოროტი ისრაელისგან.
23 . მამაკაცთან დანიშნულ ახალგაზრდა ქალწულს რომ შეხვდეს ვინმე ქალაქში და დაწვეს მასთან,
24 . მაშინ იმ ქალაქის კარიბჭესთან გამოიყვანეთ ორივე და სასიკვდილოდ ჩაქოლეთ: ყმაწვილქალი იმისთვის, რომ კივილით არ უხმო მშველელს, მამაკაცი კი იმისთვის, რომ თავისი მოყვასის ცოლს ნამუსი ახადა; ასე ამოშანთავთ ბოროტს თქვენგან.
25 . ხოლო თუ მინდორში შეხვდება ვინმე დანიშნულ ყმაწვილქალს, და ძალით დაწვება მასთან, მხოლოდ კაცი მოიკლას, რომელმაც გააუპატიურა ქალი.
26 . ყმაწვილქალს კი ნურაფერს დაუშავებთ: ცოდვა არ ჩაუდენია მას, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოყვასზე აღდგეს და მოკლას;
27 . მინდორში შეხვდა მას და რომც ეკივლა ყმაწვილქალს, ვერავინ მიეშველებოდა.
28 . თუ კაცი ისეთ ქალწულს შეხვდება, რომელიც დანიშნული არ არის, შეიპყრობს, დაწვება მასთან და წაასწრებენ,
29 . მისცეს ქალთან ნაწოლმა კაცმა ყმაწვილქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და გახდეს ქალი იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას და ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
30 . მამამისის ცოლი არავინ შეირთოს და არ გადაწიოს თავისი მამის კალთა.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2 . ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.
3 . ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”
4 . ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
5 . წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.
6 . ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.
7 . ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: "გევედრები, წავალ ხებრონში და შევასრულებ უფლისთვის მიცემულ აღთქმას.
8 . რადგან აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნის დროს: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს”.
9 . უთხრა მეფემ: "მშვიდობით წადი”. ადგა და წავიდა ხებრონს.
10 . და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
11 . ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
12 . მსხვერპლის შესაწირად გილონელი ახითოფელი, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა გილონიდან, მისი ქალაქიდან. უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ და განმტკიცდა შეთქმულება.
13 . მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.
14 . უთხრა დავითმა ყველა თავის მსახურს, ვინც თან ახლდა იერუსალიმში: "ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ, რომ უცაბედად არ დაგვეცეს, თავს უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილს არ მისცეს ქალაქი”.
15 . უთხრეს მეფეს მსახურებმა: "რაც არ უნდა გადაწყვიტოს მეფემ, ჩვენმა ბატონმა, აჰა, აქ ვართ, შენი მსახურნი”.
16 . გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.
17 . გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი. და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
18 . გვერდით მიჰყვებოდნენ მსახურები, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გითელები, ექვსასი კაცი, გითიდან რომ წამოჰყვა, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19 . უთხრა მეფემ ითაი გითელს: "შენ რატომ მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ, შენი ქვეყნიდან გადმოსახლებული.
20 . გუშინ მოხვედი და დღეს ვერ გაიძულებ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მე წავალ, სადაც იქნება, შენ გაბრუნდი და შენი ძმებიც თან გაიყოლე. წყალობა და სიმართლე იყოს შენთან!”
21 . მიუგო ითაიმ მეფეს: "უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.
22 . უთხრა დავითმა ითაის: "კეთილი, გადმოდი მეორე მხარეს”. და წაჰყვა ითაი გითელი თავისი ხალხით და წვრილშვილით, ვინც მასთან იყო.
23 . ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
24 . აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25 . უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26 . თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
27 . უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: "განა წინასწარმეტყველი არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში, შენს ვაჟთან, ახიმაყაცთან, და აბითარის ვაჟთან იონათანთან ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
28 . აჰა, უდაბნოს ველზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან”.
29 . გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30 . დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.
31 . შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: "უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.
32 . ავიდა დავითი მთის წვერზე და თაყვანისცა ღმერთს. ხედავს, აჰა, მოდის ხუშაი არქელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერწაყრილი.
33 . უთხრა დავითმა: "თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34 . მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფეო. ადრე თუ მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები-თქო, ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას.
35 . განა შენთან ერთად არ იქნებიან ცადოკი და აბიათარ მღვდლები? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს შეატყობინე.
36 . ორი ვაჟი ჰყავთ, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. რასაც გაიგებთ, მათი მეშვეობით მომაწვდინეთ”.
37 . შევიდა დავითის მეგობარი ხუშაი ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
1 . უთხრეს იოაბს: "აჰა, ტირის მეფე, აბესალომს გლოვობს”.
2 . და გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვება მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, რომ წუხდა მეფე თავის ძეზე.
3 . ჩუმად მოიპარებოდა იმ დღეს ქალაქში ხალხი, როგორც ბრძოლის ველიდან უკუქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე.
4 . სახე დაიფარა მეფემ და ხმამაღლა მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
5 . მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: "სირცხვილში ჩააგდე დღეს ყველა შენი მსახური, რომელთაც გადაგირჩინეს ვაჟები, ასულები, ცოლები და ხარჭები.
6 . შენი მოძულენი შეგყვარებია და მოყვარულნი შეგძულებია; დღეს დაგვანახე, რომ არაფრად აგდებ არც მთავრებს და არც მსახურებს. ახლა ვხვდები, რომ გერჩია აბესალომი გყოლოდა ცოცხალი, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
7 . ახლა ადექი და გადი, გული გაუმაგრე შენს მსახურთ, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამაღამ. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია”.
8 . ადგა მეფე და დაჯდა კარიბჭესთან. ამცნეს ხალხს: აჰა, კარიბჭესთან ზის მეფე. და მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
9 . ასე ამბობდა ხალხი ისრაელის ყოველ ტომში: "მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და ფილისტიმელთაგან გაგვათავისუფლა. ახლა კი, თავად გაიქცა ქვეყნიდან აბესალომის გამო.
10 . ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?”
11 . კაცი გაგზავნა მეფე დავითმა ცადოკ და აბიათარ მღვდლებთან და შეუთვალა: "ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რაღად აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა უკვე მოაღწია მთელი ისრაელის სიტყვამ მეფემდე მის სახლში?
12 . ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
13 . ყამასას უთხარით: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ!”
14 . ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდას გული და მათაც შეუთვალეს მეფეს: "დაბრუნდი შენს მსახურებთან ერთად”.
15 . დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდა მივიდა გილგალს, რომ მიჰგებებოდა მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანა იგი.
16 . შიმყა გერას ძემ, ბენიამინელმა, რომელიც ბახურიმიდან იყო, იჩქარა და იუდასთან ერთად ჩამოვიდა მეფე დავითის შესახვედრად.
17 . თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.
18 . გაღმა გავიდა ბორანი, რომ მეფის სახლი გადმოეყვანა და კეთილად მომსახურებოდნენ. იორდანე რომ გადმოლახა მეფემ, დაემხო მის წინაშე შიმყა გერას ძე.
19 . უთხრა მეფეს: "დანაშაულად ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი, ნუ გაიხსენებს, რომ დააშავა შენმა მსახურმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში წყენას ნუ ჩაიდებს მეფე.
20 . რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე. აჰა, იოსების მთელი სახლიდან პირველი მოვედი დღეს, რომ მივგებებოდი მეფეს, ჩემს ბატონს”.
21 . თქვა აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "განა არ უნდა მოკვდეს შიმყა, იმის გამო, რომ დაწყევლა უფლის ცხებული?”
22 . უთხრა დავითმა: "რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ გამოსულხართ დღეს ჩემს წინააღმდეგ? განა დღეს ვინმე უნდა მოკვდეს ისრაელში, როცა გავიგე, რომ კვლავ ისრაელის მეფე ვარ?”
23 . უთხრა მეფემ შიმყას: "არ მოკვდები”. და შეჰფიცა მეფემ.
24 . მეფიბოშეთიც ჩამოვიდა, საულის ძე, მეფესთან მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუსწორებია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლიდან მისი მშვიდობით დაბრუნების დღემდე.
25 . როდესაც მივიდა მეფესთან შესახვედრად, ჰკითხა მეფემ: "ჩემთან ერთად რატომ არ წამოხვედი, მეფიბოშეთ?”
26 . უპასუხა: "მეფევ ბატონო! ჩემმა მსახურმა მომატყუა. ვუთხარი შენმა მორჩილმა, სახედარი შემიკაზმე-მეთქი, რათა შევმჯდარიყავი და გავყოლოდი მეფეს, რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
27 . ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
28 . განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეთა შორის დაისვი შენი მსახური, რა უფლება მაქვს, ვიწუწუნო მეფის წინაშე?”
29 . მიუგო მეფემ: "რატომღა ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი მიწები”.
30 . უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: "ყველაფერი წაიღოს, რაკი მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში”.
31 . ბარზილაი გილყადელიც ჩამოვიდა როგელიმიდან და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინა მეფე იორდანეს გაღმა.
32 . ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან დიდი შეძლების კაცი იყო.
33 . უთხრა მეფემ ბარზილაის: "გადმომყევი მეორე მხარეს და მე გარჩენ იერუსალიმში”.
34 . მიუგო ბარზილაიმ მეფეს: "რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
35 . ოთხმოცი წლისა ვარ. განაღა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა გალობის მოსმენა? რატომ დავუმატო ტვირთი მეფეს, ჩემს ბატონს?
36 . ცოტაზე კიდევ გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასეთი წყალობით რისთვის უნდა მაჯილდოვებდეს მეფე?
37 . ნება მიეცი შენს მსახურს, რომ დაბრუნდეს თავის ქალაქში და თავისი დედ-მამის საფლავთან მოკვდეს. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს”.
38 . უპასუხა მეფემ: "ქიმჰამი გადმოვა ჩემთან ერთად მეორე მხარეს და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც მთხოვ, ყველაფერს გავაკეთებ”.
39 . და გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. აკოცა მეფემ ბარზილაის, აკურთხა და ისიც დაბრუნდა თავის ადგილზე.
40 . გილგალისკენ გაემართა მეფე და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ხალხის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
41 . აჰა, მთელი ისრაელი მოვიდა მეფესთან და უთხრა: "რატომ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა, რომ მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს მეორე მხარეს გადაეყვანათ?”
42 . უპასუხეს იუდას კაცებმა ისრაელის კაცებს: "იმიტომ, რომ ჩვენი ახლო ნათესავია მეფე. რატომ გაბრაზებთ ეს ამბავი? განა მეფის ხარჯზე გვიჭამია, ან განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?”
43 . მიუგეს ისრაელის კაცებმა იუდას კაცებს: "ათი წილი გვერგება მეფეში და დავითიც თქვენზე მეტად გვეკუთვნის. რად დაგვამცირეთ? განა პირველმა ჩვენ არა ვთქვით სიტყვა ჩვენი მეფის დასაბრუნებლად?” მაგრამ ისრაელზე უფრო მკაცრად ლაპარაკობდა იუდა.
1 . გუნდისლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
2 . ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
3 . როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
4 . რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
5 . ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
6 . გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
7 . ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
8 . ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
9 . უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.
1 . მომბაძეთ მე, როგორც მე - ქრისტეს.
2 . იმისთვის გაქებთ თქვენ ძმებო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ისე ინახავთ მოძღვრებას, როგორც გადმოგეცით.
3 . ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი - ქმარია და ქრისტეს თავი - ღმერთია.
4 . ყოველი მამაკაცი, ვინც თავდაბურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს.
5 . ხოლო ყოველი დედაკაცი, რომელიც თავდაუბურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავს ირცხვენს, რადგან ეს იგივეა, ვითომც გადაპარსული იყოს;
6 . თუ დედაკაცი არ დაიხურავს, გადაიპარსოს, ხოლო თუ დედაკაცს რცხვენია იყოს თმაშეჭრილი ან გადაპარსული, თავდაბურული იყოს.
7 . მაშასადამე, მამაკაცმა არ უნდა დაიფაროს თავი, ვინაიდან ის ღვთის ხატება და დიდებაა; ცოლი კი ქმრის დიდებაა.
8 . ვინაიდან მამაკაცი კი არ არის დედაკაცისგან, არამედ დედაკაცი - მამაკაცისგან.
9 . ასევე, მამაკაცი კი არ შექმნილა დედაკაცისთვის, არამედ დედაკაცი - მამაკაცისთვის.
10 . ამიტომ დედაკაცი ვალდებულია თავზე ძალაუფლების ნიშანი ჰქონდეს ანგელოზების გულისთვის.
11 . თუმცა არც ქმარია ცოლის გარეშე და არც ცოლია ქმრის გარეშე უფალში.
12 . ვინაიდან, ისევე როგორც დედაკაცია მამაკაცისგან, მამაკაციც დედაკაცის მეშვეობით იშვება; ხოლო ყოველივე ღვთისგან არის.
13 . თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეშვენის დედაკაცს ღვთის წინაშე თავდაუბურავი ლოცვა?
14 . ანდა, განა თვით ბუნებაც არ გასწავლით, რომ მამაკაცისათვის სამარცხვინოა გრძელთმიანობა?
15 . მაგრამ დედაკაცის გრძელთმიანობა დიდებაა მისთვის: გრძელი თმა მას საბურველის ნაცვლად აქვს მიცემული.
16 . და თუ ვინმე დავას განიზრახავს, არც ჩვენ და არც ღვთის ეკლესიებს ასეთი ჩვეულება არა გვაქვს.
17 . ხოლო ამას რომ გამცნობთ, არ გაქებთ, იმიტომ რომ იკრიბებით არა უმჯობესისთვის, არამედ უარესისთვის.
18 . რადგან, ჯერ ერთი, მესმის, რომ როცა ეკლესიად იკრიბებით, დაყოფანია თქვენს შორის, რაც ნაწილობრივ მჯერა.
19 . თუმცა აზრთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენში, რათა გამოჩნდნენ თქვენს შორის გამოცდილნი.
20 . ამიტომ, ერთადშეკრებილნიც კი არ ჭამთ უფლის სერს.
21 . რადგან თითოეული ჯერ თავის საჭმელს მიირთმევს სერობისას და ზოგი მშიერია, ზოგი კი მთვრალი.
22 . განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.
23 . ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით; რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,
24 . მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: "მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”.
25 . სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.
26 . რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.
27 . ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე.
28 . ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოს ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან.
29 . ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული.
30 . ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს.
31 . თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.
32 . ხოლო მსჯავრდადებულნი, უფლის მიერ ვიწვრთნებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდადებულნი.
33 . ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ.
34 . და თუ ვინმეს შია, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაწესრიგებ.