1 . საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
2 . თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.
3 . მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.
4 . სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.
5 . დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.
6 . გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.
7 . უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.
8 . აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.
9 . უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.
10 . მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.
11 . ხოლო ისინი, სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდიან-პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში.
12 . ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
13 . რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.
14 . გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.
15 . განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.
16 . მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.
17 . გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”
18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!
19 . აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”
20 . აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.
21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22 . იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.
24 . და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.
25 . დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26 . უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27 . ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
28 . გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.
29 . როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.
30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.
31 . უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.
33 . დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34 . და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.
35 . იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა
36 . და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37 . ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.
1 . ისევ აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ: "წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა”.
2 . უთხრა მეფემ მხედართმთავარ იოაბს, მასთან რომ იყო: "მოიარე ისრაელის ყოველი ტომი, დანიდან ბეე
3 . უთხრა იოაბმა მეფეს: "დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ხალხი, ვიდრე დღეს არის, ჩემი ბატონის სიცოცხლეშივე, მაგრამ რისთვის მოისურვა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ეს საქმე?”
4 . მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბსა და ლაშქართა მთავრებზე; და გამოვიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქართა მთავარნი ისრაელიანი ხალხის აღსაწერად.
5 . გადალახეს იორდანე და ყაროყერში, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში, იაყზერის პირდაპირ დაიბანაკეს.
6 . გილყადში, თახთიმ-ხოდშის მხარეში მივიდნენ, დანიაყანში გადავიდნენ და ციდონს შემოუარეს.
7 . მივიდნენ ცორის სიმაგრემდე, ხიველთა და ქანაანელთა ყველა ქალაქში და იუდას სამხრეთით ბეერ-შებაყისკენ გადავიდნენ.
8 . მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის დასასრულს დაბრუნდნენ იერუსალიმში.
9 . მისცა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის ჩამონათვალი: რვაასი ათასი ძლიერი, ხმლისამომწვდელი კაცი იყო ისრაელში, ხუთასი ათასი კი - იუდაში.
10 . გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: "დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.
11 . ადგა დილას დავითი და ესმა უფლის სიტყვა გადს, დავითის წინასწარმეტყველს:
12 . "წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამ სასჯელს გთავაზობ, ერთ-ერთი ამოირჩიე შენთვის და აგისრულებ”.
13 . მივიდა გადი დავითთან და უთხრა: "აირჩიე - შვიდწლიანი შიმშილობა შენს მიწაზე, სამთვიანი ლტოლვილება მტერთაგან და მათგან შენი დევნა, თუ სამდღიანი ჭირი შენს ქვეყანაში? ახლა განსაჯე, რა ვუპასუხო ჩემს მომავლინებელს?”
14 . მიუგო გადს დავითმა: "დიდად მემძიმება სამივე, მაგრამ უფლის ხელში ჩავარდნა მირჩევნია, რადგან დიადია მისი მოწყალება; ნუმც ჩავვარდნილვარ კაცთა ხელში”.
15 . ჭირი მოუვლინა უფალმა ისრაელს განთიადიდან დადგენილ დრომდე და მოისრა ხალხი დანიდან ბეერ-შებაყამდე, სამოცდაათი ათასი კაცი.
16 . ხელი ჰქონდა გაწვდილი ანგელოზს იერუსალიმის ასაოხრებლად. და გადაიფიქრა უფალმა ეს უბედურება და უთხრა ხალხის მომსვრელ ანგელოზს: "კმარა, შეაჩერე ხელი!” არავნა იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
17 . დაინახა დავითმა, როგორ მუსრავდა ანგელოზი ხალხს და უთხრა უფალს: "აჰა, მე შევცოდე! მე ჩავიდინე ბოროტება! ამ ხალხმა რა დააშავა?! ჩემი და მამაჩემის სახლის წინააღმდეგ იყოს შენი ხელი”.
18 . იმავე დღეს მივიდა გადი დავითთან და უთხრა: "წადი და სამსხვერპლო დაუდგი უფალს არავნა იებუსელის კალოზე”.
19 . და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც ბრძანა უფალმა.
20 . გაიხედა არავნამ და, აჰა, მეფე და მისი მსახურები მოდიან მისკენ; გამოვიდა არავნა და პირქვე დაემხო მეფის წინაშე.
21 . ჰკითხა არავნამ: "რისთვის მოსულა მეფე, ჩემი ბატონი, თავის მსახურთან?” მიუგო დავითმა: "კალოს საყიდლად მოვედი, რათა სამსხვერპლო ავაგო უფლისთვის, ვინძლო შეწყდეს სენი ხალხში”.
22 . უთხრა არავნამ დავითს: "აიღოს და აღავლინოს მეფემ, ჩემმა ბატონმა, რაც სათნოა მის თვალში. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, საცეხველი, ხარების აღკაზმულობა და უღელი კი შეშის სანაცვლოდ.
23 . ყოველივეს მოგცემ, მეფეო”. თან დააყოლა: "გისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა და მადლი გაპოვნინოს”.
24 . უპასუხა მეფემ არავნას: "არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან, რადგან მუქთ სრულადდასაწველს ვერ აღვუვლენ უფალს, ჩემს ღმერთს”. ვერცხლის ორმოცდაათ შეკელად იყიდა კალო დავითმა.
25 . და აუშენა იქ დავითმა სამსხვერპლო უფალს და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირები. შეისმინა უფალმა მათი ვედრება ქვეყნისთვის და შეწყდა უბედურება ისრაელში.
1 . გაიგონა ეს მეფე ხიზკიაჰუმ და ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
2 . გაგზავნა ელიაკიმი, სახლის ზედამხედველი, შებნა მწიგნობარი და ძაძებით შემოსილი უხუცესი მღვდლები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.
3 . უთხრეს: "ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღეა ეს დღე, რადგან საშოს კარს მოადგნენ ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
4 . ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა რაბშაკეს ყოველი სიტყვა, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, რომ დააბარა, რათა დაეძრახა ცოცხალი ღმერთი და დაეგმო სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა! აღავლინე ლოცვა ცოცხლად დარჩენილთათვის”.
5 . მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მსახურნი ესაიასთან.
6 . მიუგო ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7 . აჰა, მოვუვლენ სულს, მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისსავე ქვეყანაში დაეცემა მახვილით!”
8 . დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ებრძვის აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა.
9 . თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც გაიგო. უთხრეს: "აჰა, შენთან საბრძოლველად გამოვიდა”. ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით,
10 . ასე უთხარითო ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს "არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომელსაც ენდობი, ნუ იტყვი: არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
11 . ხომ გსმენია, რა დამართეს აშურის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი. შენ რა, გადარჩები?!
12 . განა იხსნეს ღმერთებმა თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა: გოზანი და ხარანი, რეფეცი და ედენის ძენი, თელასარში რომ არიან?
13 . სად არიან ხამათის, არფადის, სეფარ-ვაიმის მეფეები, ჰენაყისა და ყივას მეფე?”
14 . გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა და ავიდა უფლის სახლში. უფლის წინაშე გაშალა ხიზკიაჰუმ წერილი.
15 . ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: "უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბებზე მჯდომო! შენ ხარ დედამიწის ყველა სამეფოს ერთადერთი ღმერთი! შენ შეჰქმენი ცა და მიწა!
16 . ყური მომაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები.
17 . მართალია, უფალო, ააოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები.
18 . ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები კი არა, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით გამოთლილი ქმნილებანი იყვნენ და მოსპეს ისინი.
19 . ახლა, გევედრები, რომ გვიხსნა, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან; გაიგოს დედამიწის ყველა სამეფომ, რომ შენ, უფალო, ერთადერთი ღმერთი ხარ!”
20 . შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: შევისმინე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
21 . აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: მოგიძულა, დაგცინის ქალწული, ასული სიონისა; თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
22 . ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე თვალი მედიდურად? ისრაელის წმიდაზე!
23 . შენი მოციქულების მეშვეობით გალანძღე უფალი და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედიო მთის მაღლობებზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი კედრები, რჩეული კვიპაროსები, მისი სამყოფლის საზღვრებს მივაღწიე და შევედი მის ნაყოფიერ ტყეში.
24 . ამოვთხარე და შევსვი უცხო წყლები, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრეო ეგვიპტის მდინარეები!
25 . ნუთუ არ გსმენია, რომ ეს უძველესი დროიდან დავგეგმე, რომ წინა დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
26 . მათმა მცხოვრებლებმა ძალა დაკარგეს, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ბალახივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
27 . ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები.
28 . იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
29 . ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ველურად გაზრდილი ჭამეთ, მეორე წელიწადს მონარჩენიდან გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ვაზი ჩაყარეთ და მისი ნაყოფი ჭამეთ.
30 . კვლავ გაიდგამს ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და გამოიღებს ნაყოფს.
31 . რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და სიონის მთიდან ნატამალი. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
32 . ამიტომ, ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ გაისვრის მასში, ვერ მიეჭრება ფარით ხელში და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ.
33 . გაბრუნდება იმავე გზით უკან, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში! ამბობს უფალი.
34 . მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის”.
35 . იმ ღამეს გამოვიდა უფლის ანგელოზი და მოსრა აშურის ბანაკში ას ოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.
36 . გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე და ნინევეში მივიდა.
37 . ერთხელ, როცა თავის ღმერთს ნისროქს სცემდა თაყვანს, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ძეებმა და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე ესარხადონი გამეფდა.
1 . აღდგა სატანა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.
2 . უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და შემატყობინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი”.
3 . უთხრა იოაბმა: „დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ხალხი, განა ყველა მათგანი ჩემი ბატონი მეფის მონები არ არიან? მაშ რაღად ითხოვს ამას ჩემი ბატონი? ცოდვისკენ რად უნდა უბიძგო ისრაელს?”
4 . მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბზე. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და დაბრუნდა იერუსალიმში.
5 . მიუტანა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რიცხვი და მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღმოჩნდა ისრაელში, იუდაში კი ოთხას სამოცდაათი ათასი მახვილის ამღები კაცი იყო.
6 . ლევიანები და ბენიამინი არ აღურიცხავს, რადგან სისაძაგლედ მიიჩნია იოაბმა მეფის ბრძანება.
7 . ბოროტი იყო ეს საქმე ღმერთის თვალში და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.
8 . უთხრა დავითმა ღმერთს: „ფრიად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე! ახლა გევედრები, მიუტევე უფალო, დანაშაული შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი”.
9 . დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის წინასწარმეტყველს და უთხრა:
10 . „წადი და ელაპარაკე დავითს: ასე ამბობს უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო”.
11 . მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,
12 . სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვით შევიწროება შენი მტრისაგან და თან მისი მახვილი გემუქრებოდეს თუ სამი დღის მანძილზე შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი მძვინვარებდეს ისრაელის მთელ საზღვრებში. რა ვუპასუხო ჩემს წარმომგზავნელს?”
13 . უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან ძალზედ დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები”.
14 . მოუვლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელს და სამოცდაათი ათასი კაცი დაეცა ისრაელში.
15 . და წარგზავნა ღმერთმა ანგელოზი იერუსალიმში მის გასანადგურებლად. დაინახა უფალმა, როგორ ანადგურებდა და გადაიფიქრა ეს უბედურება. უთხრა უფალმა ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი”. ორნან იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
16 . აღაპყრო დავითმა თვალები და დაინახა დედამიწასა და ცას შორის მდგარი უფლის ანგელოზი, რომელსაც ხელში იერუსალიმზე გაწვდილი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. და პირქვე დაემხნენ ჯვალოთი შემოსილი დავითი და უხუცესნი.
17 . უთხრა დავითმა ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე შენი ხალხის აღრიცხვა? მე შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე, ამ ცხვრებს ხომ არაფერი დაუშავებიათ? უფალო, ღმერთო ჩემო! გევედრები, ჩემზე და მამაჩემის სახლეულზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად”.
18 . და უბრძანა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა ორნან იებუსელის კალოზე.
19 . წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.
20 . შემობრუნდა ორნანი, დაინახა ანგელოზი და დაიმალა თავის ოთხ ვაჟთან ერთად. ხორბალს ლეწავდა მაშინ ორნანი.
21 . მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
22 . უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი ამ კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ; სრულ ფასს გადაგიხდი, რათა შეწყდეს ხალხის განადგურება”.
23 . უთხრა ორნანმა დავითს: „მეფე ბატონო, აიღე და გააკეთე, რაც გენებოს. მოგცემ ხარებს სრულადდასაწველად, კევრებს - შეშად და ხორბალს - პურეულის შესაწირად. ყველაფერს მოგცემ!”
24 . უპასუხა ორნანს მეფე დავითმა: „არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, ვერც შენს საკუთრებას შევწირავ უფალს და ვერც მუქთ სრულადდასაწველს აღვუვლენ”.
25 . ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს იმ ადგილის საფასურად.
26 . იქ აუშენა დავითმა უფალს სამსხვერპლო და აღავლინა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო მსხვერპლები, მოუხმო უფალს, მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის დაშვებით უპასუხა.
27 . უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც ქარქაშში ჩააგო თავისი მახვილი.
28 . დაინახა დავითმა, რომ უპასუხა უფალმა ორნან იებუსელის კალოზე და იქ შესწირა მსხვერპლი.
29 . ხოლო უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა და სრულადდასაწველის სამსხვერპლო, იმჟამად გაბაონის მაღლობზე იყო.
30 . არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის ეშინოდა.
1 . ამ კეთილ საქმეთა შემდეგ, სანხერიბი მოვიდა, აშურის მეფე. იუდაში შემოიჭრა, გამაგრებულ ქალაქებთან დაბანაკდა და მათ აღებას ფიქრობდა.
2 . როცა დაინახა ხიზკიაჰუმ, რომ სანხერიბი მოვიდა და იერუსალიმის დალაშქვრას ლამობს,
3 . ითათბირა თავის მთავრებთან და მებრძოლებთან და ქალაქგარე წყაროს წყლების შეკავება გადაწყვიტა; ისინიც დაეხმარნენ.
4 . უამრავი ხალხი შეიკრიბა და დაწყვიტეს ყველა წყარო და ნაკადული, რაც იმ ადგილას მოედინებოდა; თქვეს: „რად უნდა იპოვონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?”
5 . მხნეობა მოიკრიბა, ჩამონგრეული გალავანი მთლიანად აღადგინა და კოშკებამდე აამაღლა, გარედან სხვა კედელი მიუშენა; დავითის ქალაქში მილო გაამაგრა და მრავალი ფარ-შუბი დაამზადა.
6 . საბრძოლო მეთაურები დაუდგინა ხალხს, ქალაქის კარიბჭესთან, მოედანზე შემოიკრიბა ისინი და გულითადად ელაპარაკა:
7 . „განმტკიცდით და გამხნევდით, ნუ შეშინდებით და ნუ შეუკრთებით აშურის მეფეს და მთელ მის ურდოს, რადგან ის უფრო დიდია, ვინც ჩვენთანაა, ვიდრე ის, ვინც მათთან.
8 . მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი, უფალი, ჩვენი ღმერთია, რათა შეგვეწიოს და ჩვენს ომებში იბრძოლოს!” და გამხნევდა ხალხი ხიზკიაჰუს, იუდას მეფის სიტყვების გამო.
9 . ამის შემდეგ გაგზავნა სანხერიბმა, აშურის მეფემ, თავისი ელჩები იერუსალიმს, თვითონ კი მთელი თავისი ძალებით ლაქიში მოაქცია ალყაში; წარგზავნა ხიზკიაჰუსთან, იუდას მეფესთან და ყველა იუდეველთან, რომელიც იერუსალიმში იყო და შეუთვალა:
10 . „ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ მაგ ალყაშემორტყმულ იერუსალიმში?
11 . განა არ გაცდუნებთ ხიზკიაჰუ, რათა შიმშილით და წყურვილით ამოგხოცოთ, როცა გეუბნებათ, უფალი, ღმერთი ჩვენი, გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?
12 . განა თვითონვე არ დაანგრია ხიზკიაჰუმ მისი მაღლობნი და სამსხვერპლონი და უთხრა იუდასა და იერუსალიმს: ერთ სამსხვერპლოსთან უნდა ეთაყვანოთ და აკმიოთო?
13 . განა არ იცით, რა დავმართეთ მე და ჩემმა მამებმა სხვა მიწის ხალხებს? განა შეძლეს მათმა ღმერთებმა მათი ქვეყნების დახსნა ჩემი ხელიდან?
14 . იმ ხალხთაგან, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ მოსპო, რომლის ღმერთმა შეძლო თავისი ხალხის დახსნა ჩემი ხელიდან? აბა, როგორღა შეძლებს თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან თქვენს გამოხსნას?
15 . ახლა არ გაცდუნოთ ხიზკიაჰუმ და არ მოგატყუოთ. ნუ ერწმუნებით მას, რადგან ვერ შეძლო ვერცერთი ერის ღმერთმა თავისი ხალხის სამეფოს ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელთაგან, აბა, როგორღა შეძლებს თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან თქვენს გამოხსნას?
16 . კიდევ ბევრი ილაპარაკეს მისმა ელჩებმა უფალი ღმერთისა და მისი მსახურის, ხიზკიაჰუს წინააღმდეგ.
17 . დაწერა მან უფლის, ისრაელის ღმერთის საგმობი წერილები, თან ამბობდა: როგორც ქვეყნის ღმერთებმა ვერ იხსნეს თავიანთი ხალხები ჩემი ხელიდან, ისე ვერ იხსნის ხიზკიაჰუს ღმერთი თავის ხალხს ჩემი ხელიდან.
18 . ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ იერუსალიმის ხალხის ენაზე იუდევლებს, რომლებიც გალავანზე იყვნენ, რომ შეეშინებინათ, დაეფრთხოთ და დაეპყროთ ქალაქი.
19 . ისე მოიხსენიებდნენ იერუსალიმის ღმერთს, როგორც ადამიანის ხელით შექმნილ დედამიწის ხალხთა სხვა ღმერთებს.
20 . ლოცულობდნენ მეფე ხიზკიაჰუ და წინასწარმეტყველი ესაია, ამოცის ძე და შეჰღაღადებდნენ ზეცას.
21 . წარგზავნა უფალმა ანგელოზი აშურის მეფის ბანაკში და დასცა ყოველი ძლევამოსილი და მამაცი სარდალი. პირშერცხვენილი დაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში, შევიდა თავისი ღმერთის ტაძარში და მახვილით მოკლეს საკუთარმა ძეებმა.
22 . იხსნა უფალმა ხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი სანხერიბის, აშურის მეფისა და ყველა მასთანმყოფის ხელიდან და მშვიდობა მისცა ყოველი მხრიდან.
23 . მრავალმა მოიტანა ძღვენი უფლისთვის და ძვირფასი საჩუქრები ხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის, იერუსალიმში და ამაღლებულ იქნა იგი ყველა ხალხის თვალში ამის შემდეგ.
24 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს, ისიც ელაპარაკა მას და ნიშანი მისცა.
25 . მაგრამ სათანადო პატივი არ მიაგო უფალს ხიზკიაჰუმ, მის მიმართ გამოვლენილი სიკეთის გამო, ვინაიდან გული გაუამაყდა. ამიტომ რისხვა მოვიდა მასზე, იუდასა და იერუსალიმზე.
26 . გული დაიმდაბლეს ხიზკიაჰუმ და იერუსალიმის მკვიდრთ და აღარ მოსულა მათზე უფლის მრისხანება ხიზკიაჰუს დღეებში.
27 . აურაცხელი სიმდიდრე და დიდება ჰქონდა ხიზკიაჰუს; გაიკეთა თავისთვის საგანძურები ოქროსა და ვერცხლის, ძვირფასი ქვების, კეთილსურნელებების, ფარებისა და ყოველგვარი სანუკვარი ჭურჭლისთვის,
28 . და ბეღლები - ხორცის, მარცვლეულის, მაჭრისა და ზეთისთვის და სადგომები - ყოველგვარი საქონლისა და ფარისთვის.
29 . თავისთვის ქალაქები აიშენა და ფრიად გაიმრავლა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, რადგან დიდძალი ქონება მისცა მას ღმერთმა.
30 . ხიზკიაჰუმ დაგმანა ზედა გიხონის წყლის სადინარი და ქვემოთ, დავითის ქალაქის დასავლეთისკენ მიაქცია იგი. ყველა საქმეში წარმატებას აღწევდა ხიზკიაჰუ.
31 . ერთხელ, ბაბილონის მთავართა ელჩების ჩამოსვლისას, რომლებიც მის ქვეყანაში მომხდარი საკვირველების გამოსაკვლევად გამოგზავნეს, თავის ნებაზე მიუშვა ღმერთმა მეფე, რათა გამოეცადა იგი და გაეგო, რა ედო გულში.
32 . აჰა, ხიზკიაჰუს დანარჩენი სიტყვა და კეთილი საქმე, წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის ხილვაშია აღწერილი, ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნში.
33 . განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან და დაკრძალეს იგი დავითის ძეთა სამარხების აღსავალზე. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდგომ, მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად კი მენაშე, მისი ძე გამეფდა.
1 . მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
2 . იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
3 . რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,
4 . არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება- დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
5 . დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.
6 . რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
7 . და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.
8 . და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
9 . ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
10 . მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
11 . გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.
12 . მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
13 . გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
14 . და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
15 . გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
16 . გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
17 . ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
18 . ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
19 . და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20 . ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
21 . ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
22 . რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
23 . და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
24 . და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
25 . ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
26 . აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.
27 . და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.
28 . და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა.
29 . ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
30 . ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;
31 . რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
32 . მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
33 . და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
34 . როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.
35 . და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
36 . და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.
37 . ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
38 . და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
39 . გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.
40 . რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
41 . ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას.
42 . არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი გასაჭირიდან.
43 . როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე.
44 . და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
45 . მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.
46 . და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.
47 . სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.
48 . და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.
49 . მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები.
50 . გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა.
51 . განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.
52 . წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.
53 . უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.
54 . მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.
55 . განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.
56 . კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
57 . იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.
58 . განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.
59 . მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.
60 . მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
61 . და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
62 . და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
63 . მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
64 . მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.
65 . და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
66 . და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
67 . დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
68 . ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
69 . მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
70 . ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.
71 . მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.
72 . და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
1 . ხმელი პურის ნაჭერი და სიმშვიდე სჯობს, საკლავით სავსე სახლსა და დავიდარაბას.
2 . გონიერი მსახური იბატონებს შემარცხვენელ შვილზე და ძმებს შორის გაინაწილებს მემკვიდრეობას.
3 . ბრძმედი ვერცხლისთვისაა, ღუმელი ოქროსთვის, გულებს კი უფალი გამოსცდის.
4 . ბოროტმოქმედი უსამართლოს ბაგეს უსმენს, ცრუ ადამიანი დამანგრეველ ენას უგდებს ყურს.
5 . ღარიბის აბუჩად ამგდები მის შემოქმედს დასცინის, მოყვასის უბედურებით გახარებულს სასჯელი არ ასცდება.
6 . სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.
7 . უგუნურს მჭევრმეტყველება არ უხდება, მითუმეტეს წარჩინებულს - ცრუ ბაგენი.
8 . ქრთამი ჯადოსნური ქვაა მისი მფლობელის თვალში, საითაც მიმართავს, წარმატებას აღწევს.
9 . დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულს ეძებს, ხოლო დანაშაულის შემხსენებელი ახლობლებს აშორებს.
10 . გაკიცხვა უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა.
11 . მეამბოხე მხოლოდ ბოროტებას დაეძებს, ამიტომ სასტიკი ანგელოზი გაეგზავნება მას.
12 . სჯობს ბელდაკარგული დათვი შეხვდეს კაცს, ვიდრე ბრიყვი თავისი სისულელით.
13 . ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.
14 . წყლის გაშვებას ჰგავს ჩხუბის დაწყება. შეწყვიტე დავა, სანამ გადმოხეთქავდეს.
15 . ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.
16 . რისთვის აქვს ბრიყვს სიბრძნის შესაძენი ფული ხელში, მას ხომ გონიერება არ გააჩნია?!
17 . მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ძმა კი უბედურებაში დასახმარებლად არის შობილი.
18 . უგუნური ადამიანი ხელს ხელზე ურტყამს და თავდებად უდგება სხვას.
19 . დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.
20 . გულმრუდი ვერ ჰპოვებს სიკეთეს, მზაკვარი ენის პატრონი უბედურებაში ჩავარდება.
21 . ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავისდა სამწუხაროდ; ვერ ხარობს უგუნურის მამა.
22 . მხიარული გული კარგი მკურნალია, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
23 . ქრთამს უბიდან იღებს უკეთური, რათა მართლმსაჯულების გზები გაამრუდოს.
24 . გონიერი კაცი სიბრძნეს უმზერს, ბრიყვი კი თვალებს დედამიწის კიდემდე აცეცებს.
25 . ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.
26 . არ არის კარგი მართლის დაჯარიმება და არც კეთილშობილთა ცემა მათი სიმართლის გამო.
27 . სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული - გაგების უნარის მქონე.
28 . მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული - გონიერად.
1 . 1. გამოჩნდა ელია წინასწარმეტყველი და მისი სიტყვა ლამპარივით ანათებდა; 2. ვინც მათ შიმშილი თავს დაატეხა და თავისი შურით შეამცირა მათი რიცხვი; 3. უფლის სიტყვით ჩაკეტა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი. 4. როგორ განდიდდი, ელია, შენი სასწაულებით და ვინ დაიქადებს შენსავით? 5. შენ აღადგინე გვამი სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან უზენაესის სიტყვით; 6. შენ ჩამოაგდე მეფეები დასაღუპავად და დიდებულნი მათი სარეცლებიდან; 7. სინაიზე მოისმინე მხილება და ქორებზე შურისგების მსჯავრი; 8. შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს მემკვიდრე წინასწარმეტყველებს; 9. ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე; 10. განწესებული იყავი დროზე სამხილებლად, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე სიშმაგემდე მიაღწევდა, შვილისკენ მოგექცია მამის გული და იაკობის შტოები აღგედგინა. 11. ნეტარ არიან შენი მხილველნი, სიყვარულში განმშვენებულნი და ჩვენც სიცოცხლით ვცხონდებით. 12. ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი. 13. ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. 14. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ. 15. და მაინც არ მოინანია ხალხმა და არ უკუაგდო თავის ცოდვები, ვიდრე ტყვეებად არ წაასხეს თავისი ქვეყნიდან და მთელ ქვეყნიერებაზე არ გაიფანტნენ. 16. დარჩა ძალზე მცირე ხალხი და მთავარი დავითის სახლიდან. მათგან ზოგიერთი სათნოდ იქცეოდა, ზოგიერთმა კი გაამრავლა ცოდვები. 17. ხიზკიამ გაამაგრა თავისი ქალაქი და მის შუაგულში წყალი შეიყვანა, რკინით გათხარა კლდე და ააშენა წყალსაცავი. 18. მის დროს გამოილაშქრა სანხერიბმა და გამოგზავნა რაბსაკე, ხელი აღმართა სიონზე და ამპარტავნულად მედიდურობდა. 19. მაშინ აუკანკალდათ გულები და ხელები, და იტანჯებოდნენ მშობიარეთა მსგავსად. 20. მოუხმეს უფალს, გულმოწყალეს, და ხელები გაიწოდეს მისკენ. უმალ შეისმინა მათი წმიდამ ზეციდან და იხსნა ისინი ესაიას ხელით. 21. მან დაამარცხა აშურელთა მხედრობა და მისმა ანგელოზმა შემუსრა იგი. 22. რადგან ხიზკია უფლის წინაშე სათნოდ იქცეოდა და განმტკიცდა მამამისის, დავითის გზაზე, როგორც ამცნო ესაია წინასწარმეტყველმა, დიდმა და სარწმუნომ თავისი ხილვებით. 23. მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს სიცოცხლეს ხანი. 24. თავისი დიდი სულით იხილა უკანასკნელი ამბები და ანუგეშა სიონში მგლოვარენი. 25. გამოაცხადა მოწევნადი საუკუნის დასასრულამდე და დაფარულნი - მათ ახდომამდე.
1 . 1. ეს არის ღვთის ბრძანებათა წიგნი და რჯული, რომელიც საუკუნოდ იქნება. ყოველი მისი დამჭერი, იცხოვრებს, მისი მიმტოვებელი კი მოკვდება. 2. მოიქეც, იაკობ, და აიღე იგი და გაემართე მისი სინათლის ბრწყინვალებისკენ. 3. ნუ მისცემ სხვას დიდებას შენსას და ნურც შენს სარგებელს - უცხო ხალხს. 4. ნეტარნი ვართ, ისრაელ, რადგან ჩვენ ვიცით, რაც ესათნოება ღმერთს. 5. გამხნევდი, ერო ჩემო, ხსოვნავ ისრაელისა! 6. ხალხებს მიეყიდეთ არა დასაღუპად, არამედ ღვთის განრისხების გამო ჩაუვარდით ხელში მტრებს. 7. რადგან გააჯავრეთ თქვენი შემოქმედი, რადგან ეშმაკებს სწირავდით მსხვერპლს და არა ღმერთს. 8. დაივიწყეთ თქვენი გამომკვებავი უკვდავი ღმერთი და დაამწუხრეთ თქვენი აღმზრდელი იერუსალიმიც. 9. რადგან იხილა თქვენზე მოწეული რისხვა და თქვა: ისმინეთ, სიონის მკვიდრნო, მომივლინა მე ღმერთმა დიდი მწუხარება, 10. რადგან ვიხილე ჩემს ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ; 11. რადგან სიხარულით აღვზარდე ისინი და გირილითა და მწუხარებით გავუშვი. 12. ნურვინ იხარებს ჩემზე, დაქვრივებულზე და მიტოვებულზე მრავალთა მიერ. მოვოხრდი მე ჩემი შვილების ცოდვათა გამო, რადგან ღვთის რჯულს გადაუხვიეს. 13. ხოლო მისი სამართალნთ უგულებელჰყვეს, არც ღვთის მცნებების გზით წარემართენ, არც სწავლის ბილიკებს დაადგნენ მისი სიმართლით. 14. მოდით, მკვიდრნო სიონისა, და გაიხსენეთ ჩემ ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ. 15. რადგან შორიდან მოუვლინა მათ ხალხი, ხალხი ურიცხვი და უცხოენოვანი, რომელსაც არც მოხუცებულის რიდი აქვს და არც ყრმის სიბრალული; 16. წაჰგვარეს ქვრივს საყვარელი შვილები და ასულთაგანაც გაამარტოვეს. 17. მაგრამ რით შემიძლია შეგეწიოთ? 18. რადგან ისევ თქვენზე უბედურებათა მომწეველი დაგიხსნით მტრების ხელიდან. 19. იარეთ, შვილებო, იარეთ, რადგან მარტო დავრჩი. 20. განვიძარცვე მშვიდობის სამოსელი და შევიმოსე ძაძა ჩემი ვედრებისა, ვიღაღადებ საუკუნოს მიმართ დღენი ჩემნი. 21. გამხნევდით, შვილებო, მოუხმეთ ღმერთს და დაგიხსნით მძლავრობისგან, მტერთა ხელიდან; 22. რადგან საუკუნოსგან ველოდებოდი თქვენს ხსნას და გადმოვიდა ჩემზე წმიდისაგან შეწყალების სიხარული, რომელიც მალე თქვენთანაც მოვა თქვენი საუკუნო მხსნელისგან; 23. რადგან მე გოდებითა და ტირილით გაგიშვით, ღმერთი კი თქვენს თავს საუკუნოდ დამიბრუნებს სიხარულითა და შვებით; 24. რადგან როგორც ახლა იხილეს სიონის მკვიდრთა თქვენი ტყვეობა, ასევე მალე იხილონ ღვთისგან თქვენი ხსნა, რომელიც მოვა თქვენთან დიადი დიდებით და საუკუნოს ბრწყინვალებით. 25. შვილებო, დაითმინეთ თქვენზე მოწეული ღვთის რისხვა; გდევნა შენმა მტერმა, მაგრამ ჩქარა იხილავ მის დამხობას და ფეხით გათელავ მის ქედს. 26. ჩემი ნებიერნი ფიცხელ გზას დაადგნენ; შეიპყრეს მტრებმა, როგორც მოტაცებული ფარა. 27. გამხნევდით, შვილებო, და შეჰღაღადეთ ღმერთს, რადგან გაგიხსენებთ ის, ვინც ეს მოაწია თქვენზე. 28. რადგან ფიქრში გქონდეთ უფლისგან განდგომა, მოქცეულებმა ათმაგი შურით ეძიეთ იგი. 29. რადგან ვინც უბედურება მოაწია თქვენზე, საუკუნო სიხარულსაც მოგივლენთ თქვენთ ხსნით. 30. გწამდეს, იერუსალიმო, ნუგეშს გცემს სახელმდებელი შენი. 31. საწყალობელნი არიან შენი ბოროტისმყოფელნი და შენი დაცემის მოხარულნი. 32. საწყალობელნი არიან ქალაქები, რომელთაც დაემონენ შენი შვილები, საწყალობელია მიწა, რომელმაც შეიწყნარა შენი ძენი. 33. რადგან რამდგნადაც გაიხარა შენი დაცემით და მოილხინა შენი დამხობით, იმდენად დამწუხრდება თავისი მოოხრებით. 34. წავართმევ მას ხალხმრავლობის სიხარულს და ლხენა მისი გლოვად შეიცვლება. 35. რადგან გადმოვა მასზე ცეცხლი საუკუნოსგან, ხანგრძლივად და დიდხანს იმკვიდრებენ იქ ეშმაკნი. 36. გახედე აღმოსავლეთს, იერუსალიმო, და იხილე სიხარული, შენთვის ღვთისგან მომავალი. 37. აჰა, მოდიან შენი ვაჟები, რომლებიც გაუშვი; მოდიან წმიდის სიტყვით შეკრებილნი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ღვთის დიდებით გახარებულნი.
1 . 1. ასორმოცდამეთერთმეტე წელს რომიდან გამოვიდა დემეტრიოსი, სელევკის ძე, გაემართა ზღვისპირა ქალაქის მცირეოდენი ხალხით და იქ გამეფდა. 2. როდესაც შედიოდა თავისი მამა-პაპის სამეფო სახლში, ჯარმა შეიპყრო ანტიოქოსი და ლისია, რომ მიეგვარათ მისთვის. 3. გაიგო მან ეს ამბავი და თქვა: ნუ მიჩვენებთ მათ სახეებს. 4. მეომრებმა დახოცეს ისინი და დაბრძანდა დემეტრიოსი სამეფო ტახტზე. 5. ყველა ურჯულომ და უღვთო კაცმა ისრაელიდან მას მიაშურა; მიუძღოდა მათ ალკიმოსი, მღვდელმთავრობის მოწადინე. 6. როცა შეიკრიბა ხალხი მის წინაშე, თქვეს: გაწყვიტეს იუდამ და მისმა ძმებმა ყველა შენი მოკეთე, ჩვენც გაგვაძევა ჩვენი ქვეყნიდან. 7. ახლა გაგზავნე კაცი, ვისაც ენდობი. წავიდეს, ნახოს მთელი უბედურება, რაც ჩვენ და მეფის ქვეყანას გვიყო, დასაჯოს ისინი ყველა მათ მშველელთან ერთად. 8. ამოირჩია მეფემ თავის მოკეთეთაგან ბაკხიდე, რომელიც მდინარისგაღმა მხარეს განაგებდა, დიდ კაცად შეირაცხებოდა სამეფოში და მეფის ერთგული იყო. 9. გაგზავნა იგი და მასთან ერთად უღვთო ალკიმოსი, რომელიც მღვდელმთავრად ჰყავდა დანიშნული, და ისრაელიანთა დასჯა დაავალა. 10. გაემართნენ და დიდძალი ჯარით იუდას ქვეყანას მიადგნენ; გაუგზავნა მოციქულები იუდას და მის ძმებს მშვიდობის სიტყვით, მაგრამ მზაკვრულად. 11. მაგრამ მათ ყურად არ იღეს მათი სიტყვები, რადგან დაინახეს, რომ დიდძალი ჯარით იყვნენ მოსულნი. 12. მაშინ ალკიმოსთან და ბაკხიდესთან შეიკრიბა მწიგნობართა კრებული სამართლის საძიებლად. 13. პირველნი ხასიდიანები იყვნენ ისრაელიანთაგან, რომლებიც მათგან მშვიდობას მოელოდნენ. 14. თქვეს: ჯარით არის მოსული სამღვდელო კაცი, აარონის მოდგმიდან, და არ შეურაცხგვყოფს. 15. სამშვიდობო სიტყვები უთხრა მათ და შეჰფიცა: ავს არაფერს შეგამთხვევთო არც თქვენ, არც თქვენს მეგობრებს. 16. და ერწმუნენ მას. მაგრამ მან გამოიყვანა მათგან ექვსასი კაცი და დახოცა ისინი ერთ დღეში თანახმად დაწერილისა: 17. შენს წმიდათა სხეული და მათი სისხლი დაღვარეს იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინ იყო. 18. და მოიცვა მათგან შიშმა და ძრწოლამ მთელი ხალხი და თქვეს: არ არის მათში სიმართლე და სამართალი, რადგან გატეხეს პირობა და ფიცი, რომლითაც დაიფიცეს. 19. ბაკხიდე კი წავიდა იერუსალიმიდან და ბეთსაიდაში დაბანაკდა. გაგზავნა და დააჭერინა ბევრნი, რომლებიც მისგან იყვნენ გაქცეულნი, და ზოგიერთნი ხალხიდანაც, და ერთ დიდ ჭაში ჩახოცა ისინი. 20. ჩააბარა ქვეყანა ალკიმოსს და დაუტოვა ჯარი დასახმარებლად. მერე გაბრუნდა მეფესთან. 21. ალკიმოსი მღვდელმთავრობისთვის იბრძოდა. 22. თავი მოიყარა მასთან მათი ხალხის ყველა მაშფოთებელმა. გაბატონდნენ იუდას ქვეყანაზე და დიდი რბევა მოაწყვეს ისრაელში. 23. როცა დაინახა იუდამ მთელი ბოროტება, რაც ჩაიდინეს ალკიმოსმა და მისმა თანამდგომებმა ისრაელიანებს შორის, რომ გადაამეტეს წარმართებს, 24. მოიარა იუდაელთა მთელი მიწა-წყალი ირგვლივ და შური იძია განდგომილ ხალხზე. და შეწყვიტეს მათ ქვეყანაში შემოსვლა. 25. დაინახა ალკიმოსმა, რომ გაძლიერდნენ იუდა და მისი თანამდგომნი, და მიხვდა, რომ ვერ გაუძლებდა მათ, დაბრუნდა მეფესთან და ბოროტად დაადანაშაულა ისინი. 26. მეფემ გაგზავნა ნიკანორი, ერთ-ერთი თავის სახელოვან მთავართაგანი, მოძულე და მტერი ისრაელისა, და უბრძანა მას ხალხის აწიოკება. 27. მიადგა ნიკანორი იერუსალიმს დიდძალი ჯარით და შეუთვალა იუდასა და მის ძმებს სამშვიდობო სიტყვები, მაგრამ მზაკვრულად: 28. ნუ მოხდება ბრძოლა ჩემსა და თქვენს შორის; მანდ ვიქნებით მცირეოდენი ხალხით, რათა პირისპირ გიხილოთ მშვიდობით. 29. გაემართა იუდასკენ და მშვიდობით შეხვდნენ ერთმანეთს. მეომრები კი მზად იყვნენ იუდას შესაპყრობად. 30. მაგრამ შეიტყო იუდამ, რომ მზაკვრობით იყო მოსული მის წინააღმდეგ, და მეტად აღარ მოუსურვებია მისი პირისხილვა. 31. მიხვდა ნიკანორი, რომ გამჟღავნდა მისი განზრახვა და გავიდა იუდასთან საბრძოლგვლად ხაფარსალამის მახლობლად. 32. დაეცა ნიკანორის მხრიდან ხუთიათასამდე კაცი და გაიქცნენ დავითის ქალაქისკენ. 33. ამ ამბების მერე იყო, რომ ავიდა ნიკანორი სიონის მთაზე და გამოვიდნენ საწმიდარიდან სამღვდელონი და ხალხის უხუცესები, რათა მშვიდობით მიგებებოდნენ და მეფისთვის შეწირული აღსავლენი ეჩვენებინათ მისთვის. 34. მან აბუჩად აიგდო ისინი, დასცინა მათ, წაბილწა ისინი და თავხედურად ლაპარაკობდა. 35. მერე რისხვით დაიფიცა და თქვა: თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, ასე მოხდება: მშვიდობით თუ მოვბრუნდი, გადავწვავ ამ სახლს. და გამოვიდა დიდად განრისხებული. 36. შევიდნენ მღვდლები და დადგნენ სამსხვერპლოსა და ტაძრის წინაშე, ატირდნენ და თქვეს: 37. შენ აირჩიე ეს სახლი, რომ შენი სახელით წოდებულიყო, რათა ჰქონოდა იგი შენს ერს სამლოცველო და სავედრებელ სახლად. 38. შური მიაგე ამ კაცსა და მის ლაშქარს, დაე, მოისრნენ მახვილით. მოიხსენე მათი მკრეხელობა და მეტს ნუღარ აცოცხლებ. 39. ხოლო ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან, ბეთხორონში დაბანაკდა და შეუერთდა მას სირიის ჯარი. 40. იუდა კი დაბანაკდა ხადაშაში სამი ათასი კაცითურთ. ილოცა იუდამ და თქვა: 41. როდესაც მოჰყვნენ მკრეხელობას მეფის მოციქულები, გამოვიდა შენი ანგელოზი და მოსრა მათგან ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი. 42. ასევე დააქციე ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე; დაე, იცნან დარჩენილებმა, რომ ბოროტად ილაპარაკა მან შენს საწმიდარზე, და უყავ სამართალი თავისი ბოროტებისამებრ. 43. შეიბნენ ჯარები საომრად ადარის თვის ცამეტს და განადგურდა ნიკანორის ლაშქარი; პირველი ის დაეცა ბრძოლაში. 44. როდესაც დაინახა მისმა ჯარმა, რომ დაეცა ნიკანორი, დაყარეს იარაღი და გაიქცნენ. 45. მისდიეს მათ ერთი დღის გზაზე ხადაშადან გეზერის მისადგომამდე და მათ უკან ომის მაუწყებელ ბუკებს აყვირებდნენ. 46. გამოვიდნენ იუდას გარშემო ყველა დაბიდან და გარსშემოერტყნენ მათ, მტერი შემობრუნდა მათკენ და მახვილით დაეცა ყველა. 47. ახვეტეს ნადავლი და სარჩო, ხოლო ნიკანორს მოჰკვეთეს თავი და მარჯვენა, რომელიც მედიდურად გაიშვირა. წაიღეს და იერუსალიმს გარეთ ჩამოკიდეს. 48. ძლიერ გაიხარა ხალხმა და ის დღე გაატარეს, როგორც დიდი სიხარულის დღე. 49. და დაადგინეს, რომ ედღესასწაულათ ეს დღე ყოველ წელიწადს ადარის ოცდაათში. 50. მცირე ხნით დაწყნარდა იუდას ქვეყანა.
1 . იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.
2 . მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა;
3 . და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო.
4 . შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
5 . ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6 . იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.
7 . და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: "ჩქარა ადექი!” და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.
8 . უთხრა ანგელოზმა: "სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: "მოსასხამი მოისხი და გამომყევი”.
9 . პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო.
10 . გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
11 . გონს მოეგო პეტრე და თქვა: "ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”.
12 . გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13 . პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა.
14 . როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო.
15 . უთხრეს: "ჭკუიდან გადახვედი?” ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: "ეს მისი ანგელოზი იქნება”.
16 . პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.
17 . მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: "შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს”. მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
18 . გამთენიისას ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა, პეტრე რა იქნაო?
19 . ჰეროდემ ეძება და ვერ მიაგნო. ბოლოს მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ყველანი დაეხოცათ. მერე იუდეიდან კესარიაში წავიდა და იქ დარჩა.
20 . ჰეროდე გაბრაზებული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს მეფის მესაწოლე ბლასტონი და მშვიდობა ითხოვეს, რადგან ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა მათი ქვეყანა.
21 . დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა.
22 . ხალხი კი ღაღადებდა: "ღმერთის ხმაა და არა კაცისა”.
23 . მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა.
24 . უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
25 . ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი მსახურება, იერუსალიმიდან უკან გაბრუნდნენ და თან წაიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
1 . ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
2 . რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს,
3 . ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;
4 . რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.
5 . ვინაიდან ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია ღმერთს მომავალი მსოფლიო, რომელზეც ვლაპარაკობთ.
6 . სადღაც ვიღაცამ დაამოწმა და თქვა: "რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ანდა ძე კაცისა, რომ მოინახულებ ხოლმე მას?
7 . ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე; დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე.
8 . და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე”. ხოლო, რაკი ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს;
9 . მაგრამ ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო.
10 . ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.
11 . რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ;
12 . ამბობს რა: "ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ”.
13 . და კიდევ: "მივენდობი მას”. და კიდევ: "აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა”.
14 . რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი;
15 . და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.
16 . ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს.
17 . ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.
18 . რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.
1 . ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კიდეზე მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც დედამიწის ოთხი ქარი ეჭირათ, რომ არ ექროლა ქარს არც დედამიწაზე, არც ზღვაზე და არც რაიმე ხეზე.
2 . და ვიხილე მზის აღმოსავლიდან ამომავალი სხვა ანგელოზი, ცოცხალი ღმერთის ბეჭდის მქონე, რომელმაც დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც უფლება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ დედამიწისა და ზღვისთვის,
3 . და უთხრა: "ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს”.
4 . და გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ასორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული ისრაელიანთა ყველა ტომიდან;
5 . იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი;
6 . აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი;
7 . სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი;
8 . ზებულონის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული.
9 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა.
10 . დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: "ხსნა ეკუთვნის ჩვენს ღმერთს, ტახტზე რომ ზის, და კრავს!”
11 . ყველა ანგელოზი, ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ რომ იდგა, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე. მათ თაყვანი სცეს ღმერთს
12 . და ამბობდნენ: "ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”
13 . შემდეგ მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მკითხა: "ვინ არიან ეს თეთრი სამოსით შემოსილები ან საიდან მოვიდნენ?”
14 . ვუპასუხე: "უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: "ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.
15 . ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე.
16 . აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება.
17 . ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.
1 . და ვიხილე, აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.
2 . გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
3 . ახალ საგალობელს გალობდნენ ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე; არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისგან გამოსყიდული ას ორმოცდაოთხი ათასისა.
4 . ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის.
5 . სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.
6 . და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც შუა ცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარა დედამიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად.
7 . დიდი ხმით ამბობდა: "გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.
8 . სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: "დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”.
9 . მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და დიდი ხმით თქვა: "ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,
10 . ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.
11 . მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.
12 . აქაა წმიდანთა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
13 . და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: "დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.
14 . და ვიხილე, აჰა, თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე კაცის ძის მსგავსი; თავზე ოქროს გვირგვინი ადგას და ხელში ბასრი ნამგალი უჭირავს.
15 . გამოვიდა ტაძრიდან სხვა ანგელოზი და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: "გაგზავნე შენი ნამგალი და მოიმკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი დედამიწაზე”.
16 . ჩამოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა.
17 . სხვა ანგელოზიც გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია; მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი.
18 . გამოვიდა სამსხვერპლოდან სხვა ანგელოზიც, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.
19 . ჩამოაგდო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოკრიფა დედამიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში.
20 . დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახელიდან ცხენების აღვირებამდე, ათას ექვსას სტადიონამდე.
1 . და ვიხილე სხვა ნიშანი ზეცაში, დიდი და საკვირველი; შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის რისხვა.
2 . და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.
3 . და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: "დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!
4 . ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.
5 . ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, გაიხსნა მოწმობის კარვის ტაძარი ზეცაში.
6 . გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსელით შემოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ.
7 . ოთხი ცხოველიდან ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით სავსე.
8 . და აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.
1 . და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, შვიდი ანგელოზისადმი მიმართული: "წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი”.
2 . წავიდა პირველი და გადმოღვარა თავისი თასი მიწაზე; და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები იმ ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
3 . გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა სისხლად თითქოს მკვდრისა; და დაიხოცა ყოველი ცოცხალი არსება ზღვაში.
4 . გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად.
5 . გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: "მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.
6 . ვინაიდან დაღვარეს მათ წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და სისხლი მიეცი მათ სასმელად, რადგან დაიმსახურეს”.
7 . გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: "დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.
8 . გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და ადამიანების ცეცხლით დაწვა მიეცა მას.
9 . იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს წყლულებზე; და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
10 . გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ.
11 . გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო; და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
12 . გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან.
13 . ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა.
14 . ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.
15 . "აი, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი”.
16 . და მოაგროვა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.
17 . გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელმაც თქვა: "აღსრულდა!”
18 . იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა!
19 . სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
20 . და გაიქცა ყველა კუნძული და აღარ იყო მთები.
21 . ციდან ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ადამიანებზე; და გმობდნენ დასეტყვილი ადამიანები ღმერთს, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მათი წყლული.
1 . მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს.
2 . რომელთანაც მეძავობდნენ დედამიწის მეფენი და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”.
3 . სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა.
4 . დედაკაცი შემოსილი იყო პორფირითა და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებით და ხელში მისი სიძვის სიბილწითა და უწმინდურებით სავსე ოქროს თასი ეჭირა.
5 . შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: "დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა”.
6 . და დავინახე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწმეთა სისხლით, და როცა ვიხილე, დიდად გამიკვირდა.
7 . მაშინ მითხრა ანგელოზმა: "რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, მას რომ ატარებს.
8 . მხეცი, შენ რომ იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ უფსკრულიდან ამოვა და დაღუპვისკენ წავა; დედამიწის მკვიდრთ, რომელთა სახელებიც ქვეყნიერების შექმნიდან არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, გაუკვირდებათ, მხეცს რომ დაინახავენ, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
9 . აქ არის გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზეც ეს დედაკაცი ზის;
10 . მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება.
11 . მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა, შვიდთა რიცხვიდან, და დაღუპვისკენ მიდის.
12 . ათი რქა, რომლებიც იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას როგორც მეფეები, ერთი საათით.
13 . მათ ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალასა და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.
14 . ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, ვინაიდან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან”.
15 . და მითხრა: "ეს წყლები, შენ რომ იხილე, სადაც მეძავი ზის, ხალხები და ბრბოები, ტომები და ენები არიან.
16 . ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ, მას კი ცეცხლში დაწვავენ.
17 . ვინაიდან ღმერთმა ჩაუდო გულებში, რომ განახორციელონ მისი ჩანაფიქრი, აღასრულონ ერთი აზრი და მისცენ მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები.
18 . ხოლო დედაკაცი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომელიც მეფობს დედამიწის მეფეებზე.
1 . ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა!
2 . რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.
3 . კიდევ თქვეს: "ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე”.
4 . დაემხნენ ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და ამბობდნენ: "ამინ! ალილუია!”
5 . გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: "აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
6 . და გავიგონე ხმა, როგორც ხმა დიდძალი ხალხისა და მრავალი წყლისა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.
7 . გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
8 . და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა”.
9 . და მითხრა: "დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო სერობაზე მიწვეულნი”. მითხრა: "ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვებია ესენი”.
10 . და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.
11 . ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12 . მისი თვალები მსგავსია ცეცხლის ალისა, თავზე მრავალი დიადემა ედგა და ზედ ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
13 . სისხლში ამოვლებული სამოსელი ემოსა. მისი სახელია ‘ღმერთის სიტყვა’.
14 . ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და სუფთა ბისონით შემოსილი.
15 . მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს; ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით; და დაწურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
16 . სამოსელსა და თეძოზე აწერია სახელი: "მეფეთა მეფე და უფალთა უფალი".
17 . ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. მან დიდი ხმით შესძახა და უთხრა ყოველ ფრინველს, შუა ცაში რომ დაფრინავდა: "მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ სერობაზე,
18 . რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, პატარებისა და დიდების ხორცი”.
19 . და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
20 . და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.
21 . დანარჩენები კი ცხენზე მჯდომის პირიდან გამოსული მახვილით ამოიხოცნენ, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
1 . დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბნენ აჰარონთან და უთხრეს: "ადექი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან არ ვიცით, რა შეემთხვა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
2 . უთხრა მათ აჰარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ძეებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან”.
3 . და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან და მიუტანეს აჰარონს.
4 . აიღო მათი ხელიდან აჰარონმა, გამოკვეთა საჭრეთელით დარიჯაგი და ხბო ჩამოასხა. თქვეს: "ესაა შენი ღმერთი, ისრაელო, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანა”.
5 . ეს რომ დაინახა აჰარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ და თქვა: "უფლის დღესასწაულია ხვალ!”
6 . ადგნენ მეორე დღეს დილაადრიანად, სრულადდასაწველი შესწირეს და სამშვიდობო მსხვერპლიც მიიტანეს; დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად, მერე ადგნენ და გამართეს ცეკვა-თამაში.
7 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩადი ძირს, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან.
8 . მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე: ხბო ჩამოასხეს, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ, ამბობენ: ეს არისო შენი ღმერთი, ისრაელ, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან”.
9 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვხედავ ამ ხალხს და აჰა, ქედმაგარი ხალხია.
10 . ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო, შენ კი დიდ ერად გაქცევ”.
11 . შეევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: "რად უნდა აინთოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც დიადი ძალითა და მაგარი ხელით გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან?
12 . რად უნდა ილაპარაკონ ეგვიპტელებმა: ბოროტი განზრახვით გაიყვანაო ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირიდან აღსაგველად? დაიცხრე მგზნებარე რისხვა და გადაიფიქრე შენი ხალხის დაღუპვა.
13 . გაიხსენე აბრაჰამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებო თქვენს შთამომავლობას და მთელ იმ ქვეყანას, რომელზეც ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ სამარადისოდ”.
14 . გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.
15 . პირი იბრუნა მოსემ და ჩავიდა მთიდან; ორივე მხრიდან ნაწერი, მოწმობის ორი ქვის დაფა ეჭირა ხელში; აქეთაც და იქითაც წარწერები ჰქონდა.
16 . ღვთის ნაკეთები იყო ეს დაფები, წარწერაც ღვთისა იყო, დაფებზე ამოკვეთილი.
17 . მოესმა იეშუას ხალხის მშფოთვარე ხმა და უთხრა მოსეს: "ბრძოლის ხმაა ბანაკში”.
18 . უთხრა მოსემ: "არც გამარჯვების ყიჟინაა ეს და არც დამარცხების გოდების ხმა: ლხინის ხმა მესმის მე”.
19 . ბანაკს რომ მიუახლოვდა, დაინახა ხბო და მოცეკვავენი, აინთო მოსე რისხვით, მოისროლა ხელიდან ქვის დაფები და დაამსხვრია მთის ძირას.
20 . აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.
21 . უთხრა მოსემ აჰარონს: "რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთი დიდი ცოდვა რომ მოაწიე მასზე?”
22 . უთხრა აჰარონმა: "ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23 . მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
24 . ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”
25 . იხილა მოსემ, რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა, მტერთაგან გასაქირდად.
26 . დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: "ვინც უფლისაა - ჩემკენ!” და შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე.
27 . უთხრა მათ: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი და ნათესავმა ნათესავი”.
28 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძენი: სამი ათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ხალხიდან;
29 . უთხრა მათ მოსემ: "მიუძღვენით დღეს თავები უფალს, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი, რათა კურთხევა გადმოვიდეს თქვენზე”.
30 . უთხრა ხალხს მოსემ მეორე დღეს: "დიდი ცოდვა ჩაიდინეთ; ახლა ავალ უფალთან, ეგებ გაპატიოთ მან თქვენი ცოდვა”.
31 . დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: "დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთი გაიკეთა.
32 . ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, მეც ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს: "ვინც შესცოდა ჩემს წინაშე, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34 . ახლა წადი, გაუძეხი ხალხს იქით, საითაც გითხარი; აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ; მონახულების დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს”.
35 . და მოსრა უფალმა ხალხი ჩადენილის გამო - ხბოსათვის, რომელიც გააკეთა აჰარონმა.