1 . მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს.
2 . უთხრა: "მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3 . ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.
4 . კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.
5 . ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ.
6 . უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებში - წინა ადგილებზე.
7 . მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.
8 . თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ.
9 . ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.
10 . ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე.
11 . უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს.
12 . ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.
13 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან კეტავთ ცათა სამეფოს ადამიანთა წინაშე; არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ ანებებთ შესვლას!
14 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.
15 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ, და როცა მოაქცევთ, გეენის ძედ გადააქცევთ, თქვენზე ორჯერ უარესად!
16 . ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს - არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო.
17 . უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია - ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
18 . და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.
19 . ბრმანო, რომელი უფრო დიდია - ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს?
20 . ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
21 . ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც.
22 . ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
23 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
24 . ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!
25 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.
26 . ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
27 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28 . ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
29 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს.
30 . და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31 . ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
32 . ბარემ ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო.
33 . იქედნეთა ნაშობო გველებო! გეენის მსჯავრს როგორ გაექცევით?
34 . ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს; თქვენ კი ზოგიერთს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
35 . რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.
36 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.
37 . იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
38 . აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.
39 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”
1 . ადგა და იქიდან იუდეაში, იორდანეს გაღმა მივიდა. მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2 . მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: "ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”
3 . მან მიუგო და ჰკითხა: "რა დაგიწესათ მოსემ?”
4 . უთხრეს: "მოსემ დაგვრთო ნება დავწეროთ გაყრილობის წიგნი და გავუშვათ”.
5 . უთხრა მათ იესომ: "თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.
6 . მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7 . ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკვრება თავის ცოლს.
8 . და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9 . ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”.
10 . სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11 . უთხრა: "ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.
12 . თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
13 . და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14 . ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: "გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.
16 . მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
17 . გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
18 . ხოლო იესომ უთხრა: "რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
19 . იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.
20 . მან მიუგო: "მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”
21 . იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: "ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: "რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
24 . მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: "შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25 . აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: "ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
27 . შეხედა მათ იესომ და თქვა: "ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია”.
28 . დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”.
29 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,
30 . და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31 . მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი - პირველი”.
32 . იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას:
33 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34 . შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.
35 . მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე, და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”.
36 . ჰკითხა: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
37 . მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.
38 . იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
39 . უთხრეს: "შეგვიძლია”. იესომ მიუგო: "სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
40 . მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემგან არ არის, არამედ, ვისთვისაც გამზადებულია”.
41 . ეს რომ ათმა გაიგო, დრტვინვა იწყეს იაკობსა და იოანეზე.
42 . იესომ მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43 . თქვენ შორის კი ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი.
44 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45 . რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
46 . მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47 . როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48 . ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
49 . შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50 . გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51 . იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52 . იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.
1 . ისე მოხდა, რომ შაბათს, ფარისეველთა ერთ-ერთ მთავართან მივიდა პურის საჭმელად, ისინი კი უთვალთვალებდნენ.
2 . და აჰა, მის წინაშე ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი წარსდგა.
3 . ჰკითხა იესომ რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: "შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?”
4 . ისინი დუმდნენ. მაშინ შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.
5 . მათ კი უთხრა: "რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი ჭაში რომ ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს შაბათ დღეს?”
6 . და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის გაცემა.
7 . როცა დაინახა, რომ საპატიო ადგილებს ირჩევდნენ მოწვეულნი, უთხრა მათ იგავი:
8 . "თუ ვინმე ქორწილში მიგიწვევს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული.
9 . რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: დაუთმე ამას ადგილი! მაშინ შერცხვენილს ბოლო ადგილის დაკავება მოგიწევს.
10 . როცა მიგიწვევენ, მიდი და ბოლო ადგილზე დაჯექი, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, უფრო საპატიო ადგილზე გადაბრძანდიო! მაშინ მეტი პატივი დაგედება ყოველი თანამეინახის წინაშე.
11 . რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება”.
12 . თავის მასპინძელსაც უთხრა: "როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და სამაგიერო არ მიიღო.
13 . არამედ ლხინს რომ გამართავ, გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები მოიწვიე.
14 . ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.
15 . ეს რომ გაიგონა, ერთმა სტუმარმა უთხრა მას: "ნეტარია, ვინც ღმერთის სამეფოში ჭამს პურს”.
16 . მან კი უთხრა: "ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.
17 . სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
18 . ყველამ ერთიანად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
19 . მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
20 . მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლიაო მოსვლა.
21 . დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.
22 . უთხრა მონამ: ბატონო, რაც ბრძანე აღსრულებულია, მაგრამ კიდევ დარჩა ადგილი.
23 . უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ და აივსოს ჩემი სახლი;
24 . რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულ კაცთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს!”
25 . დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან. მიუბრუნდა და უთხრა:
26 . "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
27 . ვინც თავის ჯვარს არ იტვირთავს და ისე არ გამომყვება, ჩემი მოწაფე ვერ გახდება.
28 . რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?
29 . ვინაიდან საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს.
30 . იტყვიან: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.
31 . ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს?
32 . თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის მომხდური და ზავს სთხოვს.
33 . ასევე, ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას, თუ უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია.
34 . მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილმა გემო დაკარგა, რიღათი დამარილდეს?
35 . არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ გადაყრიან. ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
1 . უხუცესი - საყვარელ გაიუსს, რომელიც მიყვარს ჭეშმარიტებაში.
2 . ვინაიდან დიდად გავიხარე, ძმები რომ მოვიდნენ და დაამოწმეს შენს ჭეშმარიტებაზე, რომელშიც დადიხარ ჭეშმარიტებით.
3 . ვინაიდან დიდად გავიხარე, ძმები რომ მოვიდნენ და დაამოწმეს შენს ჭეშმარიტებაზე, რომელშიც დადიხარ ჭეშმარიტებით.
4 . არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.
5 . საყვარელო! ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც იქმ ძმებისთვის, თანაც უცხოთათვის,
6 . რომელთაც დაამოწმეს კიდეც შენს სიყვარულზე ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ ღვთის წინაშე, თუ ღირსეულად გამოისტუმრებ მათ.
7 . ვინაიდან მისი სახელის გულისთვის წამოვიდნენ და არაფერი აუღიათ წარმართთაგან.
8 . ამიტომ გვმართებს, რომ მივიღოთ ასეთები, რათა ჭეშმარიტების თანამშრომელნი გავხდეთ.
9 . ეკლესიას მივწერე, მაგრამ მათთან პირველობის მოყვარე დიოტრეფე არ გვღებულობს ჩვენ.
10 . ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ იმ საქმეებს, ის რომ სჩადის, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის; თითქოს ეს არ კმაროდეს, ძმებსაც არ ღებულობს და მსურველებსაც უკრძალავს და სდევნის ეკლესიიდან.
11 . საყვარელო! ბოროტს ნუ მიბაძავ, კეთილს მიბაძე. კეთილის მოქმედი ღვთისგანაა, ბოროტმოქმედს კი ღმერთი არ უხილავს.
12 . დიმიტრის შესახებ ყველამ დაამოწმა და თვით ჭეშმარიტებამაც. ჩვენც ვამოწმებთ და თავადაც იცი, რომ ჩვენი მოწმობა ჭეშმარიტია.
13 . ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე მელნითა და კალმით მომეწერა.
14 . ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ და პირისპირ ვისაუბრებთ. მშვიდობა შენდა! მოკითხვას გითვლიან მეგობრები. მოიკითხე მეგობრები სახელდებით.