1 . გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
2 . როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: "წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო”.
3 . უთხრა იუდამ: "მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა: თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო.
4 . თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5 . თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა”.
6 . თქვა ისრაელმა: "რად მიბოროტეთ, რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
7 . უთხრეს: "გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი; აინტერესებდა, მამათქვენი ცოცხალიაო თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა. ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგვთხოვდა?”
8 . უთხრა იუდამ მამამისს: "გამოუშვი ყმაწვილი; ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები!
9 . მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!
10 . რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით”.
11 . თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: "სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები; ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში.
12 . ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენს ტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო.
13 . წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან.
14 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაპოვნინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე, დაე, ასე იყოს”.
15 . წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინიც თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარსდგნენ იოსების წინაშე.
16 . დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: "ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუადღისას”.
17 . ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18 . როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები. თქვეს: "აქ, ალბათ, ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები”.
19 . მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკნენ ჭიშკართან.
20 . "გთხოვთ ჩვენო ბატონო! აქ უწინაც ჩამოვსულვართ საზრდოს საყიდლად!
21 . ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და, აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია! ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ.
22 . კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”
23 . უთხრა მათ: "მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი”. და გამოუყვანა სიმონი.
24 . შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის.
25 . და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26 . დაბრუნდა იოსები სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდე სცეს თაყვანი.
27 . გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: "ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?”
28 . უთხრეს: "ჯანმრთელადაა შენი მსახური მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია”. დაიჩოქეს და თაყვანი სცეს.
29 . აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: "ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: "ღმერთი გწყალობდეს, შვილო!”
30 . და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
31 . პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.
32 . ცალკე მიართვეს მას, იმათაც - ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც - ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა - სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის
33 . და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34 . უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; მაგრამ ხუთჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2 . "თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში.
3 . ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.
4 . და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.
5 . უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6 . შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.
7 . აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.
8 . იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი.
9 . არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10 . დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით.
11 . ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
12 . გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13 . იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
14 . დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
15 . შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.
16 . პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17 . დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
18 . პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.
19 . შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან - ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.
20 . საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.
21 . მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.
22 . აიღეთ უსუპის კონა, ამოაწეთ სისხლიან ჯამში და სცხეთ სისხლი რომელიც ჯამშია კარის ზედა ძელს და ორივე წირთხლს. დილამდე არავინ გახვიდეთ სახლიდან.
23 . რადგან უფალი გაივლის ეგვიპტის შესამუსრად, იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე, და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და უფლებას არ მისცემს გამანადგურებელს თქვენს შესამუსრად შემოვიდეს თქვენს სახლებში.
24 . წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.
25 . და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.
26 . და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ?
27 . ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.
28 . წავიდნენ ისრაელის შვილები და აღასრულეს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს, ისე აღასრულეს.
29 . და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30 . ადგნენ ღამით ფარაონი თავის მორჩილებთან ერთად და ყველა ეგვიპტელი; და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
31 . ღამითვე იხმო ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის შვილები, წადით და ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
32 . თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.
33 . და აიძულებდნენ ეგვიპტელები ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.
34 . წაიღო ხალხმა თავისი ცომი, სანამ გაფუვდებოდა, ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
35 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის შვილები, ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
36 . მადლი აპოვნინა უფალმა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ათხოვეს, რაც ითხოვეს; ასე გაძარცვეს ეგვიპტელნი.
37 . და გაემგზავრნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ფეხოსანი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.
38 . უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.
39 . და გამოაცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისგან ხმიადის კვერები. ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან; საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვნდნენ.
40 . ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.
41 . ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
42 . მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.
43 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
44 . ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ.
45 . ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.
46 . ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.
47 . ისრაელის მთელმა თემმა დაიცვას ეს წესი.
48 . თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.
49 . ერთი სჯული ჰქონდეს მკვიდრსა და მდგმურს თქვენ შორის”.
50 . და გააკეთეს ყოველივე ისრაელის შვილებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს.
51 . სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.
1 . ამ ამბების შემდეგ განადიდა მეფე ახაშვეროშმა ჰამანი, აგაგელი ჰამედათას ძე, აღამაღლა იგი და მისი ტახტი ყველა იმ მთავარზე მაღლა დაადგმევინა, მასთან რომ იყვნენ.
2 . მეფის ყველა მსახური, რომელიც სამეფო კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი ბრძანება გასცა მეფემ. მორდექაი კი არც უჩოქებდა და არც თაყვანს სცემდა.
3 . ეუბნებოდნენ მორდექაის მეფის მსახურნი, რომლებიც სამეფო კარიბჭესთან იყვნენ, "რატომ არღვევ მეფის ბრძანებას?”
4 . ყოველდღე ეუბნებოდნენ, ის კი ყურს არ უგდებდა მათ; მაშინ უთხრეს ეს ჰამანს, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა მორდექაი თავის სიტყვაზე, რადგან ნათქვამი ჰქონდა, ებრაელი ვარო.
5 . იხილა ჰამანმა, რომ არ უჩოქებს და არც თაყვანს სცემს მას მორდექაი და აღივსო რისხვით ჰამანი.
6 . ითაკილა მხოლოდ მორდექაის ხელყოფა; რაკი იცოდა მისი წარმომავლობის შესახებ, ამიტომ ახაშვეროშის მთელ სამეფოში მცხოვრები ყველა ებრაელის, მორდექაის ხალხის მთლიანად განადგურება განიზრახა ჰამანმა.
7 . პირველი თვიდან, რომელიც ნისანის თვეა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ყრიდნენ ფურს, ანუ წილს, რათა განესაზღვრათ დღე და თვე, და ხვდა წილი მეთორმეტე თვეს, რომელიც ადარის თვეა.
8 . უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: "არის ერთი ხალხი, მიმოფანტული ხალხთა შორის, შენი სამეფოს ყოველ მხარეში. მათი რჯული ყველა ხალხის რჯულისგან განსხვავდება, არ ასრულებენ ისინი მეფის კანონებს; არ შეშვენის მეფეს ამ ქვეყნად მათი დატოვება.
9 . თუ ინებებს მეფე, დაიწეროს ბრძანება მათი მოსპობის შესახებ და ათი ათას ტალანტ ვერცხლსაც მივუწონი მეფის მოხელეებს, რომ შეიტანონ მეფის საგანძურში”.
10 . გაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ჰამანს, აგაგელი ჰამედათას ძეს, ებრაელთა მტერს.
11 . მიუგო მეფემ ჰამანს: "ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი”.
12 . მოუხმეს მეფის მწერალთ პირველ თვეში, მეცამეტე დღეს და დაიწერა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა ჰამანმა მეფის სატრაპთ და ოლქის განმგებელთ, ყოველი ოლქის მთავარს თავისი დამწერლობით და ყველა ხალხს მათ ენაზე; მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და მეფის ბეჭედით დაიბეჭდა.
13 . წარიგზავნა წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროში, რათა ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც იყო ადარის თვე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი - ჩვილიდან მოხუცამდე, ბავშვი და ქალი - და ნადავლად დაეტაცათ მათი ქონება.
14 . წერილის პირი კანონად უნდა მიეღოთ ყოველ სამთავროში, და ყველასთვის უნდა გამოეცხადებინათ, რომ დათქმული დღისთვის მომზადებულიყვნენ.
15 . სწრაფად გავიდნენ მალემსრბოლნი მეფის ბრძანებით და გამოცხადდა განკარგულება შუშანში, სატახტო ქალაქში. და დასხდნენ მეფე და ჰამანი დასალევად, ხოლო ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა.
1 . როცა შეიტყო იესომ, რომ გაიგეს ფარისევლებმა, იესო იოანეზე მეტ მოწაფეებს იძენს და ნათლავსო,
2 . თუმცა ნათლავდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები,
3 . დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა.
4 . გზად სამარიაზე უნდა გაევლო.
5 . მივიდა სამარიელთა ქალაქში, სიქარი რომ ჰქვია, იმ მიწის ნაკვეთის მახლობლად, იაკობმა რომ მისცა თავის ძეს - იოსებს.
6 . და იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაქანცული იესო წყაროსთან ჩამოჯდა. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
7 . მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: "წყალი დამალევინე,”
8 . რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად.
9 . სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: "შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”.
10 . უპასუხა იესომ: "შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.
11 . უთხრა დედაკაცმა: "ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი?
12 . ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?”
13 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.
14 . ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.
15 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ”.
16 . უთხრა იესომ: "წადი, შენს ქმარს დაუძახე და აქ მოდი”.
17 . დედაკაცმა მიუგო: "ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: "მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო,
18 . რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.
19 . დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20 . ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშია ის ადგილი, სადაც თაყვანს უნდა სცემდნენო”.
21 . იესომ მიუგო: "დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22 . თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს; ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგან არის.
23 . მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
24 . ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემლებიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს”.
25 . უთხრა დედაკაცმა: "ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. ის რომ მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს”.
26 . იესომ უთხრა: "მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.
27 . ამ დროს მისი მოწაფეები დაბრუნდნენ და გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცს ესაუბრებოდა, მაგრამ არცერთს არ უკითხავს, რას ეძიებ ან რას ელაპარაკებიო მას.
28 . დედაკაცმა თავისი ჭურჭელი მიატოვა, ქალაქში დაბრუნდა და ხალხს უთხრა:
29 . "წადით, ნახეთ კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი რამ ჩამიდენია; ის ხომ არ არის ქრისტე?”
30 . გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან.
31 . ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: "რაბი, ჭამე!”
32 . იესომ უთხრა მათ: "მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”.
33 . მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჩემი საჭმელია - ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და დავასრულო მისი საქმე.
35 . განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36 . მომკელი საზღაურს ღებულობს და ნაყოფს აგროვებს საუკუნო სიცოცხლისთვის, რათა ერთად გაიხარონ მთესველმაც და მომკელმაც.
37 . ამიტომ ჭეშმარიტია ეს ანდაზა: ერთი თესავს, მეორე იმკის.
38 . მე თქვენ იმის მოსამკელად გგზავნით, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ შრომაში შეხვედით”.
39 . იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ დედაკაცის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო.
40 . ამიტომ სამარიელები მასთან რომ მოვიდნენ, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და ისიც ორ დღეს დარჩა იქ.
41 . კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო.
42 . იმ დედაკაცს კი უთხრეს: "უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”.
43 . ორი დღე რომ გავიდა, იქიდან გალილეაში წავიდა.
44 . თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივი არა აქვს;
45 . მაგრამ გალილეაში რომ მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც იერუსალიმში დღესასწაულზე მოიმოქმედა, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46 . ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.
47 . როგორც კი გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი შვილი, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48 . იესომ უთხრა: "არ ირწმუნებთ, თუკი ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ”.
49 . მეფის მოხელემ მიუგო: "უფალო, წამოდი სანამ ჩემი შვილი არ მომკვდარა”.
50 . უთხრა მას იესომ: "წადი, ცოცხალია შენი შვილი”. ირწმუნა იმ კაცმა იესოს ნათქვამი სიტყვა და წავიდა.
51 . შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი იყო მისი ვაჟი.
52 . გამოიკითხა, რომელ საათზე გამოკეთდაო და უთხრეს: გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.
53 . მამა მიხვდა, რომ ის დრო იყო ეს, როცა უთხრა იესომ: ცოცხალიაო შენი შვილი; და ირწმუნა მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54 . ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
1 . "კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენ წინაშე”.
2 . გაიგონეს თუ არა, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა:
3 . "მე იუდეველი კაცი ვარ, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფეხებთან აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის ისეთივე მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს.
4 . ამ გზაზე მავალთ სასიკვდილოდ ვდევნიდი, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებს.
5 . ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და უხუცესთა საბჭოც; მათგან წერილებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისთვის და წავედი, რომ იქაურებიც იერუსალიმში მომეყვანა დასასჯელად.
6 . მაგრამ გზაზე მდგარი, დამასკოს რომ ვუახლოვდებოდი, შუადღისას, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა ჩემს ირგვლივ ზეციდან.
7 . მიწაზე დავეცი და ხმა მომესმა, რომელმაც მითხრა: სავლე, სავლე, რად მდევნი მე?
8 . მივუგე: ვინა ხარ, უფალო? მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ დევნი.
9 . ჩემთან მყოფებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოლაპარაკის ხმა არ სმენიათ.
10 . ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მითხრა: ადექი, შედი დამასკოში და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.
11 . რაკი იმ ნათლის დიდებისგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთანმყოფებმა ხელჩაკიდული მიმიყვანეს დამასკოში.
12 . ვინმე ანანია, რჯულის მიხედვით ღვთისმოშიში კაცი, რომელსაც იქ მცხოვრები ყველა იუდეველი ემოწმებოდა,
13 . მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: სავლე, ძმაო, აგეხილოს თვალი! და მე იმ წამსვე დავინახე იგი.
14 . მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა.
15 . რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.
16 . ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და უფლის სახელს მოუხმე.
17 . ხოლო იერუსალიმში რომ დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, ხილვა მქონდა.
18 . ვიხილე უფალი და მითხრა მან: იჩქარე, მალე გაეცალე იერუსალიმს, რადგან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე.
19 . ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს.
20 . როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი ამას და მისი მკვლელების ტანისამოსს ვდარაჯობდი.
21 . მითხრა: წადი, შორს გაგზავნი წარმართებთან”.
22 . მითხრა: წადი, შორს გაგზავნი წარმართებთან”.
23 . ამ სიტყვამდე მოუსმინეს, მერე ხმა აღიმაღლეს და თქვეს: "აღიგავოს მიწის პირისგან ასეთი კაცი, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!”
24 . ამას გაჰყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ.
25 . ათასისთავმა ბრძანა ციხე-სიმაგრეში შეეყვანათ იგი, გაეშოლტათ და დაეკითხათ, რათა გაეგოთ, ასე რატომ ღრიალებდნენ მის წინააღმდეგ.
26 . ეს რომ ასისთავმა გაიგო, ათასისთავთან მივიდა და უთხრა: "რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!”
27 . მივიდა ათასისთავი და ჰკითხა: "მითხარი, რომაელი ხარ?” მიუგო: "დიახ”.
28 . უთხრა ათასისთავმა: "მე დიდი თანხით მოვიპოვე რომის მოქალაქეობა”. ხოლო პავლემ მიუგო: "მე კი - დაბადებით”.
29 . მაშინ მყისვე მოეშვნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა; ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ რომის მოქალაქეა, მან კი შეაბორკინა იგი.
30 . მეორე დღეს გადაწყვიტა დანამდვილებით გაეგო, რა ბრალს სდებდნენ იუდევლები. შეხსნა ბორკილები და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; მოიყვანა პავლე და მათ შორის ჩააყენა.