1 . და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი.
2 . და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.
3 . და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
4 . ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას,
5 . არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა;
6 . ორთქლი ადიოდა დედამიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
7 . გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
8 . გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა.
9 . აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა.
10 . მდინარე გამოედინებოდა ედემიდან ბაღის მოსარწყავად და მერე ოთხ ტოტად იყოფოდა.
11 . ერთი ტოტის სახელია ფიშონი; ის გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12 . კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ბროლიც და ზურმუხტის ქვაც.
13 . მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი მთელ ეთიოპიის ქვეყანას უვლის გარს.
14 . მესამე მდინარეა ტიგროსი. იგი აშურის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარეა ევფრატი.
15 . აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
16 . უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: "ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო,
17 . ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.
18 . თქვა უფალმა ღმერთმა: "არ არის კარგი კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე”.
19 . გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი, ცის ყველა ფრინველი და მიუყვანა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა მათ. რასაც ადამი დაარქმევდა, თითოეული ცოცხალი არსების სახელიც ის იქნებოდა.
20 . დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა მისი შესაფერი შემწე.
21 . მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. ამოუღო მძინარეს ერთი ნეკნი და ხორცით დაფარა ის ადგილი.
22 . გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნისგან დედაკაცი და მიუყვანა იგი ადამს.
23 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
24 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.
25 . ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ.
1 . წავიდა იაკობი თავისი გზით; და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები.
2 . როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: "ეს ღვთის ბანაკია” და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი - ორბანაკი.
3 . გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა.
4 . უბრძანა: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვიყავი და მასთან ვცხოვრობდი აქამდე;
5 . მყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი; და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი ვპოვო შენს თვალში”.
6 . დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: "მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენს შესახვედრად”.
7 . ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები.
8 . თქვა: "ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება”.
9 . და თქვა იაკობმა: "მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.
10 . ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
11 . მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ ამომწყვიტოს.
12 . ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.
13 . ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.
14 . ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,
15 . ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16 . თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.
17 . უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,
18 . მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.
19 . ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:
20 . "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.
21 . და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ; ის ღამე ბანაკში გაათია.
22 . ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე.
23 . აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა.
24 . მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.
25 . როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას.
26 . უთხრა: "გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.
27 . ჰკითხა: "რა გქვია?” უპასუხა: "იაკობი”.
28 . და უთხრა: "ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!”
29 . ჰკითხა იაკობმა: "მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა.
30 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი _ ღვთის ხილვა, რადგან თქვა: "ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.
31 . როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
32 . ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.
1 . ადგა იეშუა დილაადრიანად, დაიძრა შიტიმიდან და მივიდა იორდანესთან, ის და ისრაელის ყველა ძე; იქ გაათიეს, ვიდრე გავიდოდნენ გაღმა.
2 . სამი დღის შემდეგ ზემდეგნი გავიდნენ ბანაკში;
3 . და ასე უბრძანეს ხალხს: "როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და მის მზიდველ, ლევიან მღვდლებს, მაშინ წამოიმართებით თქვენი ადგილიდან და გაჰყვებით მას.
4 . ორი ათასი წყრთის მანძილზე უნდა მიჰყვეთ მას, ნუ მიუახლოვდებით, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც ივლით, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ”.
5 . უთხრა იეშუამ ხალხს: "განიწმიდეთ, რადგან სასწაულებს აღასრულებს ხვალ თქვენ შორის უფალი”.
6 . უთხრა იეშუამ მღვდლებს: "აიღეთ აღთქმის კიდობანი და წაუძეხით ამ ხალხს”. აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ.
7 . უთხრა უფალმა იეშუას: "ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც.
8 . ასე უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მზიდველებს: "როგორც კი იორდანეს კიდეს მიაღწევთ, შეჩერდით!”
9 . უთხრა იეშუამ ისრაელის ძეებს: "მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები”.
10 . თქვა იეშუამ: "ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;
11 . აჰა, თქვენ წინაშე გადალახავს იორდანეს აღთქმის კიდობანი, რომელიც მთელი დედამიწის უფალს ეკუთვნის.
12 . ახლა გამოიყვანეთ თორმეტი კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან.
13 . როგორც კი იორდანეს წყალში მთელი დედამიწის უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლების ტერფები ჩაიდგმება, ზევიდან მომდინარე იორდანეს წყლები ქვემო წყლებს გამოეყოფა და ერთ კედლად აღიმართება”.
14 . დაიძრა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახად, აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მიუძღოდნენ წინ;
15 . და როგორც კი მივიდნენ კიდობნის მზიდველნი იორდანესთან და შეეხნენ წყალს კიდობნის მზიდველ მღვდელთა ტერფნი - იორდანე კი მკის მთელი ხნის განმავლობაში თავისი ნაპირებიდან გადმოდის
16 . - შეჩერდა დაღმა მომდინარე წყალი და ერთ კედლად აღიმართა შორ მანძილზე: ცართანის გვერდით, ქალაქ ადამიდან ყარაბას ანუ მარილოვან ზღვამდე, მთლიანად გაიპო და გადავიდა ხალხი იერიხოს პირდაპირ.
17 . მშრალად იდგნენ უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაში, ფსკერზე, და მშრალად გადადიოდა ყოველი ისრაელიანი, ვიდრე მთელმა ერმა არ დაასრულა იორდანეს გადალახვა.
1 . ესენი არიან იმ ქვეყნების მეფეები, რომლებიც მოსრეს ისრაელის ძეებმა და დაიკავეს მათი მიწები იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი ყარაბა აღმოსავლეთით:
2 . სიხონი, ამორელთა მეფე, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა; იგი მართავდა ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის ნაპირზეა, შუა ხევიდან და გილყადის ნახევრიდან, ვიდრე იაბოკის ხევამდე, ყამონის ძეთა საზღვრამდე;
3 . და დაბლობი ქინეროთის ზღვამდე, აღმოსავლეთით და ყარაბას (მარილოვან) ზღვამდე აღმოსავლეთით, ბეთ-იეშიმოთის გზით, სამხრეთით, ფისგას ფერდობთა ქვეშ.
4 . და ყოგის მიწა, ბაშანის მეფისა, რეფაიმთაგან შემორჩენილი, რომელიც ყაშთაროთსა და ედრეყში მკვიდრობდა,
5 . რომელიც ხერმონის მთაზე გამგებლობდა, სალქაზე და მთელს ბაშანზე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრამდე და გილყადის ნახევარზე, ხეშბონის მეფის, სიხონის საზღვრამდე.
6 . მოსემ, უფლის მსახურმა, და ისრაელის ძეებმა მოსრეს ისინი; და მისცა ეს მიწა სამკვიდრებლად უფლის მსახურმა მოსემ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
7 . ესენი არიან იმ ქვეყნის მეფენი, რომლებიც მოსრეს იეშუამ და ისრაელის ძეებმა გაღმა, დასავლეთით, ბაყალ-გადიდან ლიბანის დაბლობზე, ხალაკის მთამდე, რომელიც სეყირისკენ ადის. მისცა იგი იეშუამ სამკვიდრებლად ისრაელის ტომებს, მათი დანაყოფების მიხედვით.
8 . მთაში, დაბლობსა და ყარაბაში, ფერდობებზე, უდაბნოსა და სამხრეთში, ხეთების, ამორელებისა და ქანაანელების, ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების:
9 . იერიხოს მეფე - ერთი, მეფე ჰაღაისა, რომელიც ბეთელის გვერდზეა - ერთი;
10 . იერუსალიმის მეფე - ერთი, ხებრონის მეფე - ერთი;
11 . იარმუთის მეფე - ერთი, ლაქიშის მეფე - ერთი;
12 . ყეგლონის მეფე - ერთი, გეზერის მეფე - ერთი;
13 . დებირის მეფე - ერთი, გედერის მეფე - ერთი;
14 . ხორმას მეფე - ერთი, ყარადის მეფე - ერთი;
15 . ლიბნის მეფე - ერთი, ყადულამის მეფე - ერთი;
16 . მაკედას მეფე - ერთი, ბეთელის მეფე - ერთი;
17 . თაფუახის მეფე - ერთი, ხეფერის მეფე - ერთი;
18 . აფეკის მეფე - ერთი, შარონის მეფე - ერთი;
19 . მადონის მეფე - ერთი, ხაცორის მეფე - ერთი;
20 . შიმრონ-მერონის მეფე - ერთი, აქშაფის მეფე - ერთი;
21 . თაყანაქის მეფე - ერთი, მეგიდოს მეფე - ერთი;
22 . კადეშის მეფე - ერთი, იოკნეყამის მეფე ქარმელში - ერთი;
23 . დორის მეფე დორის ბორცვებთან - ერთი, გოიმის მეფე გილგალთან - ერთი;
24 . თირცას მეფე - ერთი. სულ ოცდათერთმეტი მეფე.
1 . იოსების შვილების წილხვედრი იორდანედან იერიხოს მახლობლად იყო, იერიხოს წყლებიდან აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც იერიხოდან ბეთელის მთაზე ადის.
2 . ბეთელიდან საზღვარი ლუზისკენ მიდის და არქისა და ყატაროთის საზღვრამდე აღწევს;
3 . ეშვება ზღვისკენ, იაფლეტის საზღვართან ქვემო ბეთ-ხორონის მიჯნამდე და გაზერამდე; და ზღვასთან მთავრდება.
4 . მიიღეს თავისი სამკვიდრო იოსების ძეებმა: მენაშემ და ეფრემმა.
5 . ეს იყო ეფრემის ძეთა საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით: აღმოსავლეთით ყატაროთ-ადარიდან ზემო ბეთ-ხორონამდე,
6 . მიქმეთათის ჩრდილოეთით ზღვისკენ გადადის საზღვარი, აღმოსავლეთით თაანათ-შილოსკენ უხვევს და იანოხის აღმოსავლეთით ჩაუვლის მას,
7 . იანოახადან ყატაროთისა და ნაარათისკენ ეშვება იერიხომდე და იორდანესკენ გადადის.
8 . თაფუახიდან საზღვარი ზღვისკენ მიიწევს, კანას ხევით და ზღვასთან მთავრდება. ეს არის ეფრემის ძეთა სამკვიდრო, მათი საგვარეულოების მიხედვით.
9 . მენაშეს ძეთა სამკვიდროს შუაგულში ჰქონდათ გამოყოფილი ეფრემის ძეებს ყველა ქალაქი თავისი სოფლებით.
10 . და არ განუდევნიათ მათ გეზერში მცხოვრები ქანაანელნი, დღემდე მკვიდრობენ ქანაანელნი ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.
1 . ასე გალობდნენ იმ დღეს დებორა და ბარაკი, აბინოყამის ძე:
2 . "როცა წამოიმართნენ ისრაელის მთავარნი, ხალხი მოხალისედ გამოვიდა, აკურთხებდეთ უფალს!
3 . ისმინეთ მეფენო, ყურად იღეთ დიდებულნო: უფალს ვუმღერი, ვუგალობ უფალს, ისრაელის ღმერთს.
4 . უფალო, მიწა იძვროდა სეყირიდან და ედომის ველიდან შენი გამოსვლისას, ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდნენ,
5 . მთანი იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თვით სინაის მთაც კი, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
6 . გაუკაცრიელდა გზები შამგარ ყანათის ძისა და იაყელის დროს, და ოღრო-ჩოღრო ბილიკებს დაადგნენ სწორ გზაზე მავალნი.
7 . განადგურდა დაბა-სოფლები ისრაელში, მოისპო, სანამ აღვდგებოდი მე, დებორა, ვიდრე აღვდგებოდი მე, დედა, ისრაელში.
8 . არჩიეს ახალი ღმერთები, ამიტომ გაჩაღდა ომი კარიბჭეებთან. თუ გინახავთ ისრაელის ორმოცი ათასი ფარი და შუბი?
9 . ჩემი გული თქვენთანაა, ისრაელის მთავარნო, რომლებიც თქვენი ნებით გამოხვედით ხალხთან. აკურთხეთ უფალი!
10 . თეთრ სახედრებზე შემომსხდარნო, ძვირფას ხალიჩებზე მორთხმულნო და გზად მიმავალნო, იგალობეთ.
11 . მეისრეთა ხმაზე მეტად ისმის წყაროსთან შემოკრებილთა ხმა; ისინი უფლის სიმართლის საქმეებზე ლაპარაკობენ; სიმართლის საქმეებზე, რომლებიც მის სოფლებში მცხოვრებთათვის მოიმოქმედა! მერე კი ჩავა უფლის ხალხი კარიბჭეებთან.
12 . გაიღვიძე, გაიღვიძე დებორა, გაიღვიძე, გაიღვიძე! წარმოთქვი საგალობელი! ადექი ბარაკ, ტყვედ წამოასხი შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
13 . მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა უფალმა ხალხი; მე დამიმორჩილა უფალმა მებრძოლნი.
14 . ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში ფესვგადგმულნი; ბენიამინიც მოგყვა შენს ხალხს შორის; მაქირისგან წამოვიდნენ მმართველნი და ზებულონისგან აღმრიცხველთა კვერთხის მპყრობელნი.
15 . მთავარნი ისაქარისა თან ახლდნენ დებორას; როგორც ისაქარი, ისე ბარაკი, ქვეითად წარიგზავნენ ველზე; დიდად ორჭოფობენ რეუბენის რაზმები.
16 . რისთვის იჯექი ფარეხებში, ჯოგთა ბღავილის მოსასმენად? დიადი ორჭოფობა იყო რეუბენის რაზმებში.
17 . გილყადი იორდანეს გაღმა დარჩა, დანი რაღად რჩება ხომალდებზე? აშერი ზღვათა სანაპიროზე ზის და ბინადრობს თავის ნავსადგურზე.
18 . ზებულონის ხალხმა გასწირა თავი სასიკვდილოდ და ნაფთალმა - მინდვრის მაღლობებზე.
19 . მოვიდნენ მეფენი და იომეს; იბრძოდნენ ქანაანელი მეფენი თანაქში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ ვერ ჩაიგდეს ვერცხლის ნადავლი.
20 . ციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას.
21 . წალეკა ისინი კიშონის ხევმა, კედუმის ხევმა, კიშონის მდინარემ. გაილაშქრე ძლიერებით თავო ჩემო.
22 . მაშინ ჭენებით იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები, როცა გარბოდნენ მისი მეომრები.
23 . თქვა უფლის ანგელოზმა: "დაწყევლეთ მეროზი, მწარედ დაწყევლეთ მისი მცხოვრებნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის შემწედ, უფლის შემწედ ძლიერებთან ერთად”.
24 . კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, კენიელი ხებერის ცოლი. კარვის დიაცთა შორის იკურთხოს.
25 . წყალი სთხოვა სისარამ იაყელს, რძე მისცა, ნაღები მიართვა დიდებულთა ფიალით.
26 . ერთი ხელით პალოს დასწვდა, მეორე უროსკენ გაიწოდა და დაჰკრა სისარას, თავი გაუპო, განგმირა, საფეთქელი შეუნგრია.
27 . მის ფეხებთან ჩაიჩოქა, დაეცა, განერთხა; მის ფეხებთან დაიჩოქა, დაეცა; სადაც დაიჩოქა, იქვე დაეცა განგმირული.
28 . სარკმლიდან იმზირება და მოსთქვამს სისარას დედა: რად იგვიანებს მისი ეტლი, რად ყოვნდებიან მისი ეტლის ნაკვალევნი?
29 . მიუგებენ გონიერი ასულნი, თვითონაც პასუხობს თავის თავს:
30 . "ალბათ იპოვეს და იყოფენ ნადავლს - თითოს ან ორ-ორ ქალწულს მეომარზე; ნადავლად ნაქარგი ფერადი სამოსელი სისარას: ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორმხრივად ნაქარგი”.
31 . ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! ხოლო მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით ანათებდნენ მთელი ძლიერებით!” და არ შეწუხებულა ქვეყანა ორმოც წელიწადს.
1 . ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი.
2 . სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.
3 . უთხრა თავის ქალბატონს: "ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.
4 . მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: "ასე და ასე თქვა ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილმა გოგომ”.
5 . თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.
6 . მიუტანა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: "ამ წერილთან ერთად, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან”.
7 . წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: "ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!”
8 . გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, კაცი გაუგზავნა და უთხრა: "რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და გაიგოს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში”.
9 . მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა.
10 . მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: "წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”.
11 . განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: "აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი.
12 . განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.
13 . მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: "მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”.
14 . ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.
15 . დაბრუნდა ნაყამანი ღვთისკაცთან მთელი თავისი ამალით; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "აჰა, ახლა ვიცი, რომ მთელ დედამიწაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი; ახლა გთხოვ, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან”.
16 . ელისემ უპასუხა: "ცოცხალია უფალი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არაფერს ავიღებ”. აძალებდა აღებას, მაგრამ უარი უთხრა.
17 . თქვა ნაყამანმა: "თუ ასეა, გთხოვ, მისცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი მსხვერპლი შენმა მსახურმა.
18 . ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა მეფე, ჩემი ბატონი, რიმონის სახლში თაყვანსაცემად, ჩემს ხელს დაეყრდნობა და მეც მომიხდება თავის დახრა რიმონის სახლში; გევედრები, უფალმა აპატიოს ეს შენს მსახურს”.
19 . უთხრა ელისემ: "მშვიდობით წადი”. წავიდა და მცირე მანძილზე გასცდა მას.
20 . იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: "აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”.
21 . დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: "ხომ მშვიდობაა?”
22 . მიუგო: "ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”.
23 . თქვა ნაყამანმა: "ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს.
24 . მაღლობთან რომ მივიდნენ, გამოართვა ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. უკან გაუშვა კაცები და ისინიც წავიდნენ.
25 . წავიდა გეხაზი, წარსდგა თავისი ბატონის წინაშე; უთხრა ელისემ: "საიდან მოდიხარ, გეხაზ?” უპასუხა: "არსად წასულა შენი მსახური”.
26 . თქვა ელისემ: "განა ჩემი გული არ მოგყვებოდა, როცა ის კაცი შენთან შესახვედრად ჩამოვიდა თავისი ეტლიდან? ახლა იმის დროა, რომ ფულსა და ტანისამოსს, ზეთისხილის ხეებს, ვენახებს, ცხვრებს, ხარებს, ყმებსა და მხევლებს იხვეჭდე?
27 . დაე, შენზე და შენს შთამომავლობაზე იყოს ნაყამანის კეთრი უკუნისამდე”. თოვლივით კეთროვანი წავიდა მისგან გეხაზი.
1 . ახაზის, იუდას მეფის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და ათი წელი იმეფა.
2 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.
3 . წამოვიდა მის წინააღმდეგ შალმანესერი, აშურის მეფე. გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და ხარკს უხდიდა.
4 . გაუგო შეთქმულება აშურის მეფემ ჰოშეაყს, რადგან მოციქულები გააგზავნა ეგვიპტის მეფე სოსთან და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურ ხარკს. შეიპყრო იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში დაამწყვდია.
5 . შეიჭრა აშურის მეფე ქვეყანაში, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
6 . ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელს დაიპყრო სამარია აშურის მეფემ; აშურში გადაასახლა ისრაელი და დაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, გოზანის მდინარესთან და მიდიელთა ქალაქებში.
7 . ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან და სხვა ღმერთების მოშიშება დაიწყეს;
8 . იმ ხალხების წესებით დადიოდნენ, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელისგან და ისრაელის მეფეთა სახისგან, რომლებიც დაისვეს.
9 . ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე.
10 . სვეტები და აშერები დაიდგეს ყველა მაღალ ბორცვსა და ყოველი მწვანე ხის ქვეშ.
11 . საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად.
12 . ემსახურებოდნენ კერპებს, თუმცა ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: "ნუ გააკეთებთო ამ საქმეს!”
13 . აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: "მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.
14 . არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;
15 . უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
16 . მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;
17 . ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.
18 . ფრიად განურისხდა უფალი ისრაელს და განდევნა თავისი პირისგან. მხოლოდ ერთი, იუდას ტომიღა დარჩა.
19 . იუდამაც არ დაიცვა უფლის, თავისი ღმერთის მცნებები და ისრაელის მიერ დადგენილ წესებს მისდევდა.
20 . შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი შთამომავლობა და დატანჯა იგი, მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ განდევნა თავისი პირისგან;
21 . როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, ჩამოაშორა ისრაელი იერობყამმა უფლის კვალს და დიდი ცოდვებით აცდუნა.
22 . დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მან ჩაიდინა და არ განრიდებიან მათ,
23 . ვიდრე არ განდევნა უფალმა ისრაელი თავისი პირისგან, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახური წინასწარმეტყველების მეშვეობით. დღემდე აშურშია გადასახლებული ისრაელი თავისი მიწიდან.
24 . მოიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და დაასახლა ისინი სამარიის ქალაქებში ისრაელის ძეთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
25 . არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ ამ ხალხებს.
26 . უთხრეს აშურის მეფეს: "ერებმა, რომლებიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში დაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია ამ ხალხებს ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ”.
27 . ბრძანა აშურის მეფემ: "წაიყვანეთ იქ ვინმე მღვდელი, იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს, იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება”.
28 . მივიდა იქ ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული. ცხოვრობდა ბეთელში და ასწავლიდა მათ უფლის მოშიშებას.
29 . მაგრამ თავ-თავისი ღმერთები გაიკეთა თითოეულმა ერმა და დადგეს მაღლობთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ერმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
30 . ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა - ნერეგალი, ხამათელებმა კი - აშიმა,
31 . ყაველებმა ნიბხაზი და თართაკი გაიკეთეს, ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადარმელექისა და ყანამელექისთვის, სეფარიმის ღმერთებისთვის.
32 . უფლისაც ეშინოდათ და თავისი წიაღიდან ირჩევდნენ მაღლობების მღვდლებს, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობების სახლებში.
33 . უფლისაც ეშინოდათ და თავის ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ერების ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს.
34 . დღემდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან. უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს, რომელსაც ისრაელი უწოდა.
35 . ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: "ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ;
36 . მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
37 . მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
38 . ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდეთ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ;
39 . მხოლოდ უფლის, თქვენი ღმერთის გეშინოდეთ და ის გიხსნით ყველა თქვენი მტრის ხელიდან”.
40 . მაგრამ არ შეისმინეს მისი ხმა და წინანდელ ჩვეულებებს მისდევდნენ.
41 . ამ ერებს უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. ისევე როგორც მათი მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილიშვილები.
1 . ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
2 . არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
3 . და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
4 . უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს.
5 . ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი - მართალთა კრებულში.
6 . რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.
1 . გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,
2 . უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი,
3 . მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
4 . მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს.
5 . ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
6 . კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
7 . ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
8 . ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
1 . აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და სამართლით იმთავრებენ მთავრები.
2 . ისე იქნება ყოველი მათგანი, როგორც თავშესაფარი ქარში და სამალავი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები გამომშრალ ქვეყანაში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე.
3 . არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მათგან მსმენელთა ყურები გაიგონებენ.
4 . თავქარიანთა გული ჭეშმარიტებას ჩაწვდება და ენაბორძიკთა ენა სწრაფად და გარკვევით იმეტყველებს.
5 . უგუნურზე აღარ იტყვიან ღირსეულიაო და თაღლითზე აღარ იტყვიან პატიოსანიაო,
6 . რადგან უაზროდ ლაპარაკობს უგუნური, მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უღმერთოდ მოიქცეს და მრუდედ ილაპარაკოს უფალზე, უქონელი მშიერი დატოვოს და მწყურვალს სასმელი დაუკავოს.
7 . თაღლითს ბოროტება აქვს იარაღად, მზაკვრობას განიზრახავს, რათა ღატაკი და გაჭირვებული გაანადგუროს, თუნდაც ის სიმართლეს ლაპარაკობდეს.
8 . ღირსეული კი ღირსეულს განიზრახავს და ღირსეულ ზრახვებზე დგას.
9 . უზრუნველო ქალებო, წამოდექით, შეისმინეთ ჩემი ხმა! უდარდელო ასულნო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს!
10 . ერთი წლის და რამდენიმე დღის შემდეგ შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან აღარ იქნება რთველი, აღარ დადგება მოსავლის აღების ჟამი.
11 . თრთოდეთ უზრუნველნო, შეშფოთდით უდარდელნო, გაიხადეთ, გაშიშვლდით და ძაძა შემოირტყით წელზე.
12 . მკერდს იცემდეთ საამური მინდვრებისა და ნაყოფიერი ვენახების გამო,
13 . ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ნარი და ეკალი ამოვა; ყველა მხიარული სახლისა და მოზეიმე ქალაქის გამო.
14 . რადგან დაცარიელებულია სასახლე, მიტოვებულია ხმაურიანი ქალაქი, მაღლობი და საგუშაგო გოდოლი სამუდამოდ გამოქვაბულებად იქცნენ, ველური ვირების სალაღობოდ და ფარათა საძოვრად.
15 . სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული და უდაბნო ნაყოფიერ მინდვრად არ გადაიქცევა და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ შეირაცხება;
16 . აჰა, მაშინ დამკვიდრდება სამართალი უდაბნოში და სიმართლე ნაყოფიერ მინდორში დასახლდება,
17 . სამართალი შექმნის მშვიდობას და იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე.
18 . დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის სავანეში, უსაფრთხო სამკვიდრებელსა და უზრუნველ სადგომში.
19 . და იქნება სეტყვა - ტყე მოიკვეთება და ქალაქი დადაბლდება.
20 . ნეტარნი ხართ მთესველნი ყველა წყალთან და ხარისა და სახედრის ნებაზე მიმშვებნი.
1 . ვაი მძარცველო, რადგან ჯერ არ გაძარცვულხარ და, მოღალატევ, რადგან ჯერ არ უღალატიათ შენთვის! დაამთავრებ ძარცვას და შენც გაგძარცვავენ, შეწყვეტ ღალატს და შენც გიღალატებენ.
2 . უფალო! შეგვიწყალე, რამეთუ შენით ვსასოებთ; მკლავი განგვიმტკიცე ყოველ დილით და გვიხსენი გაჭირვების ჟამს.
3 . ჩოჩქოლის ხმაზე გაიქცნენ ხალხები, ფეხზე წამოდგები და იფანტებიან ერები.
4 . მოგროვდება თქვენი ნადავლი, როგორც მუხლუხო აგროვებს; კალიის სისწრაფით მივარდებიან მას.
5 . ამაღლებულია უფალი, რადგან სიმაღლეში მკვიდრობს, მან აავსო სიონი სიმართლითა და სამართლიანობით.
6 . დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში - რომელიც მისი საგანძურია.
7 . აჰა, ქუჩებში ტირიან მათი ვაჟკაცები და მშვიდობის მაცნენი მწარედ მოთქვამენ.
8 . გატიალდა გზები, აღარაა გამვლელი; დაარღვია მან აღთქმა, შეიზიზღა ქალაქები, არად ჩათვალა ადამიანი;
9 . გლოვობს, გაუბედურებულია ქვეყანა, შერცხვა ლიბანი, დაჭკნა; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, გაშიშვლებულია ბაშანი და ქარმელი.
10 . "ახლა ავდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა აღვზევდები.
11 . თივა ჩაგესახებათ და ჩალას შობთ, ცეცხლივით გშთანთქავთ თქვენივე სუნთქვა.
12 . გამომწვარი კირივით იქნებიან ხალხები, აჩეხილი ეკლებივით დაიწვებიან ცეცხლში.
13 . ისმინეთ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი და აღიარეთ ჩემი ძალა, ახლობელნო”.
14 . შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, კანკალმა აიტანა მლიქვნელნი; "ჩვენგან რომელი დამკვიდრდება მჭამელ ცეცხლთან და ჩვენგან ვინ იცხოვრებს საუკუნო კოცონთან?”
15 . ის, ვინც სამართლიანად დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი, ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისგან, ყურს იცობს სისხლისღვრის ამბის გაგონებაზე და თვალს ხუჭავს ბოროტების დანახვაზე.
16 . სიმაღლეებში დაბინავდება იგი; უმტკიცესი კლდეა მისი საყრდენი, თავისი პური მიეცემა და თავისი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
17 . იხილავენ შენი თვალები მეფის მშვენებას და დაინახავენ შორეულ ქვეყანას.
18 . გაიხსენებს შენი გული საშინელებას: სადაა აღმწერი? სადაა ამწონელი? სადაა გოდოლთა დამთვლელი?
19 . აღარ იხილავ დაუნდობელ ხალხს, გაურკვეველი, გაუგებარი, დამცინავი ენით მოლაპარაკეს.
20 . აგერ სიონი, ჩვენი შეკრების ქალაქი! იხილავენ შენი თვალები იერუსალიმს, მშვიდ სავანეს, უსაფრთხო კარავს, რომელიც არ დაიძვრება, რომლის პალოებსაც აღარასოდეს ამოიღებენ და არცერთი საბელი მისი - არ გაწყდება.
21 . არამედ დიადი უფალი იქნება იქ ჩვენთან, ფართო მდინარეებისა და ნაკადულების ადგილზე, სადაც ვერ შევლენ ნიჩბებიანი ნავები და უზარმაზარი საბრძოლო ხომალდები ვერ გაივლიან მასში.
22 . რადგან უფალია ჩვენი განმკითხავი და უფალია ჩვენი კანონმდებელი, უფალია ჩვენი მეფე - ის გვიხსნის ჩვენ.
23 . მოეშვა შენი საბელები, ვეღარ აკავებენ ანძის საყრდენს, იალქნებს ვეღარ ჭიმავენ; მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი და ხეიბარნიც წარიტაცებენ ნაძარცვს.
24 . და არ იტყვიან დამკვიდრებულნი ავად ვართო, რადგან ეპატია დანაშაული მასში მცხოვრებ ხალხს.
1 . აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
2 . არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
3 . რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
4 . არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.
5 . ასპიტის კვერცხს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. თუ მათ კვერცხს შეჭამს ვინმე - მოკვდება, თუ გაჭყლეტს - გველგესლა გამოძვრება.
6 . არც სამოსლად გამოდგება მათი ქსელი და ვერც თავისი ნაშრომით შეიმოსებიან ისინი; მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში.
7 . ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
8 . მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
9 . ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
10 . ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
11 . ყველანი დათვებივით ვღრიალებთ და მტრედებივით ვკვნესით; სამართალს მოველით და არ არის, გადარჩენას და - შორსაა ის ჩვენგან.
12 . ვინაიდან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენ წინაშე და ჩვენივე ცოდვები მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაული და ვიცით ჩვენი ურჯულოება:
13 . ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
14 . უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
15 . და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
16 . იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
17 . ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
18 . ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
19 . შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში - მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.
20 . და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
21 . მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.
1 . ასე ამბობს უფალი: "ცა ტახტია ჩემი, დედამიწა კი ჩემს ფეხთა სადგამი. სად არის სახლი, რომელიც უნდა ამიშენოთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?
2 . ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” - ამბობს უფალი. "აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
3 . უკეთური რომ ხარს მწირავს, თუნდაც კაცი დაეკლას; კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი დაეხრჩოს; ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს; გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპთან ელოცოს; მაგრამ მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზა და სისაძაგლენი სიამოვნებთ მათ სულებს.
4 . მეც ავარჩევ მათთვის სასჯელებს და რისიც ეშინიათ, იმას მოვუვლენ, რადგან ვეძახდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და რაც არ მახარებდა იმას ირჩევდნენ!”
5 . ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვენ, რომლებიც თრთიხართ მის სიტყვაზე: "თქვენი ძმები, თქვენი მოძულენი და უარმყოფელნი - ჩემი სახელის გამო - ამბობენ: "გვაჩვენოს უფალმა თავისი დიდება, რომ ვიხილოთ თქვენი სიხარული!” მაგრამ შერცხვებიან ისინი.
6 . ღრიალის ხმა მოდის ქალაქიდან, ხმა მოდის ტაძრიდან, ხმა უფლისა, თავისი მტრებისთვის სამაგიეროს მიმზღველისა.
7 . შვა, სანამ დაიტანჯებოდა; ვიდრე ტკივილი მოუწევდა, ვაჟი გააჩინა.
8 . ვის გაუგონია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ გაჩენილა ქვეყანა ერთ დღეში, თუ შობილა ერი ერთბაშად? როგორც კი ასტკივდა სიონს, შვა კიდეც თავისი ძენი.
9 . მშობიარობამდე მივიყვან და არ ვამშობიარებ? - ამბობს უფალი. როგორ დავხშავ, როცა მე ვარ მამშობიარებელი? - ამბობს შენი ღმერთი.
10 . გაიხარეთ იერუსალიმთან ერთად, ყველა მისმა მოყვარულმა მის გამო იმხიარულეთ! დიდად გაიხარეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც გლოვობთ მასზე!
11 . რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით, რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი სიუხვის დიდებისგან.
12 . რადგან ასე ამბობს უფალი: "აჰა, მდინარესავით გადავჭიმავ მასზე მშვიდობას, და ერებისდიდებას - როგორც ადიდებულ ნაკადს; გამოგკვებავენ, ხელში აყვანილს გატარებენ და მუხლებზე გალოლიავებენ.
13 . როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
14 . დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ბალახივით აბიბინდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი მის მსახურებს გამოეცხადება. მისი რისხვა კი მისი მტრების წინააღმდეგ მიიმართება.
15 . რადგან, აჰა, ცეცხლში მოვა უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლები, რათა მიუზღოს თავისი რისხვა მძვინვარებით და თავისი საყვედური ცეცხლის ალით.
16 . რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და მახვილით ყოველ ხორციელს; ბევრნი იქნებიან უფლის მიერ დახოცილნი.
17 . ისინი, რომლებიც ბაღებში წასასვლელად იწმიდებიან და სუფთავდებიან, რომლებიც მის შუაგულში ჭამენ ღორის ხორცს, სისაძაგლეს და თაგვებს, ერთიანად მოისპობიან! - ამბობს უფალი.
18 . ვიცი მათი საქმეები და მათი ფიქრები. მოდის ჟამი ყველა ერისა და ყველა ენის შეკრებისა, მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
19 . ნიშანს დავდებ მათ შორის და გავგზავნი მათ ნატამალს ხალხებთან: თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის მომზიდველებთან თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უნახავთ ჩემი დიდება. ისინი გამოაცხადებენ ჩემს დიდებას ერებში.
20 . ისინი მოიყვანენ ყველა თქვენს ძმას ყველა ერიდან, ძღვნად უფლისთვის, ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში! - ამბობს უფალი - როგორც ისრაელის ძეთ მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით უფლის სახლში.
21 . მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად! ამბობს უფალი.
22 . რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც ვქმნი მე, იქნებიან ჩემს წინაშე - ამბობს უფალი - ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.
23 . და იქნება, ახალმთვარიდან ახალმთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი თაყვანსაცემად ჩემს წინაშე! - ამბობს უფალი.
24 . გამოვლენ და დაინახავენ ჩემს წინააღმდეგ შემცოდე ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის!
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში.
3 . უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” - ამბობს
4 . ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო ოჯახო.
5 . ასე ამბობს უფალი: "რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ? ამაოებას მისდიეს და თვითონაც რომ ამაონი გახდნენ?
6 . არ უკითხავთ: სად არის უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან ამოგვიყვანა, რომელმაც უდაბნოში, ტრამალებზე და დახრამულ ადგილებში გვატარა, ურწყულ და ბნელ ქვეყანაში, სადაც კაცს არ გაუვლია და სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
7 . მოგიყვანეთ ნაყოფიერ ქვეყანაში, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და დოვლათი, მაგრამ მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ.
8 . მღვდლებს არ უკითხავთ: სად არის უფალი? რჯულის კაცნი ვერ მცნობდნენ, მმართველნი აღდგნენ ჩემ წინააღმდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და უსარგებლო გამოსახულებებს მიჰყვებოდნენ.
9 . ამიტომ კიდევ დაგიწყებთ დავას, ამბობს უფალი, თქვენ და თქვენს შვილთაშვილებსაც მოვედავები.
10 . რადგან, აბა, დაიარეთ ქითიმელთა ზღვისპირეთი და ნახეთ, კედარში გააგზავნეთ და ყურადღებით დააკვირდით, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამ?
11 . თუ შეუცვლია რომელიმე ერს თავისი ღმერთები, თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი უსარგებლო კერპებზე გაცვალა თავისი დიდება.
12 . გაოგნდით, ცანო, ამ ამბის გამო, შეძრწუნდით და შეშფოთდით” - ამბობს უფალი.
13 . "რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
14 . განა მონაა ისრაელი? თუ მონის სახლშია დაბადებული? მაშ რატომ იქცა ნადავლად?
15 . მასზე ღრიალებდნენ ლომის ბოკვერნი, ხმამაღლა ღრიალებდნენ. გააუდაბურეს ქვეყანა; მისი ქალაქები გადამწვარი და უკაცრიელია.
16 . ნოფის და თახფანესის ძეებმაც კი მოგპარსეს კეფა.
17 . განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, გზად რომ მიჰყავდი?
18 . ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? ნილოსის წყლის დასალევად? აშურის გზას რაღად დასდგომიხარ? ევფრატის წყლის დასალევად?
19 . შენივე ბოროტმოქმედება დაგსჯის და შენივე განდგომა გამხელს; დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და რა მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი და შიში აღარ გაქვს ჩემ წინაშე” - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
20 . "რადგან დიდი ხნის წინ მე დავლეწე შენი უღელი და დავწყვიტე შენი ბორკილები, მაგრამ შენ თქვი: "მაინც არ გემსახურები” და ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ დაწექი მეძავივით.
21 . მე კი რჩეულ ვაზად დაგრგე, სრულ და ჭეშმარიტ თესლად, როგორ გადაგვარდი და ველურ ვაზის ყლორტებად როგორ გადამექეცი?
22 . ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
23 . "როგორ ამბობ: არ შევბილწულვარ და ბაყალთა კვალზე არ მივლიაო? შეხედე შენს გზას ხეობაში, შეიგნე, რა ჩაიდინე, მარდო აქლემო, შენს გზებზე რომ დაწანწალებ;
24 . ვინ მოაბრუნებს მყვირალობის დროს უდაბნოს მიჩვეულ კანჯარს? ვნებით რომ ისუნთქავს ჰაერს. მისი მძებნელნი არ დაიღლებიან, მიაგნებენ, როცა დადგება დაწყვილების თვე.
25 . ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.
26 . როგორც ქურდი შერცხვება, როცა წაასწრებენ, ისე შერცხვა ისრაელის სახლი, შერცხვნენ მისი მეფეები, მისი მთავრები, მისი მღვდლები და მისი წინასწარმეტყველნი.
27 . ხეს რომ ეუბნებიან: ჩვენი მამა ხარო, და ქვას: შენ გვშობეო, რადგან ზურგი მაქციეს და არა სახე; ხოლო უბედურება რომ დაატყდებათ, ამბობენ: მოდი და გვიხსენიო!
28 . სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე? აბა, აღსდგნენ, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს; რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ!
29 . რისთვისღა მედავებით? ყველა ჩემ წინააღმდეგ აღდექით”, - ამბობს უფალი.
30 . "ამაოდ ვცემდი თქვენს ძეებს, დარიგება მაინც არ მიიღეს; თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც სასტიკმა ლომმა.
31 . თაობავ! შეიგნე უფლის სიტყვა; განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან წყვდიადის ქვეყანა? რატომ ამბობს ჩემი ხალხი: თავისუფალნი ვართ, მეტად აღარ მოვალთ შენთანო?
32 . განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულს, პატარძალი - თავის მორთულობას? ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა და დავიწყების დღეებს რიცხვი არა აქვს.
33 . რა კარგად გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად! ავხორცი ქალიც კი ისურვებდა შენი გზების სწავლას.
34 . შენი სამოსელის კალთებსაც ამჩნევია არა ქურდების, არამედ უდანაშაულო ღატაკთა სისხლი;
35 . მაინც ამბობ, უდანაშაულო ვარ, მისი რისხვა ჩემგან შებრუნდებაო! აჰა, მე გაგასამართლებ შენი ნათქვამის გამო, რადგან ამბობ, არ შემიცოდავსო!
36 . რას დაეხეტები და იცვლი გზებს? ეგვიპტისგანაც ისე შერცხვები, როგორც ასურეთისგან შერცხვი.
37 . მისგანაც თავშიცემით გახვალ, რადგან უფალმა ისიც უარყო, ვისი იმედიც გქონდა და არ გექნება მისგან გამორჩენა.
1 . გავიხედე და, აჰა, ცის თაღზე, ქერუბთა თავზე რომ არის, რაღაც საფირონის ქვის მსგავსი, თითქოს ტახტი გამოჩნდა.
2 . ელაპარაკა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: "შედი ბორბლებს შორის, ქერუბების ქვეშ, აივსე პეშვები ცეცხლის ნაკვერჩხლებით, ქერუბთა შორის რომაა და მოფანტე ქალაქზე”. და ჩემს თვალწინ შევიდა იგი.
3 . იმ კაცის შესვლისას ქერუბები ტაძრის მარჯვნივ იდგნენ; ღრუბელმა აავსო შიდა ეზო.
4 . ამაღლდა უფლის დიდება ქერუბებისგან ტაძრის ზღურბლისაკენ და ღრუბლით აივსო ტაძარი, ეზო კი - უფლის დიდების ბრწყინვალებით.
5 . ქერუბთა ფრთების ხმა გარე ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლისშემძლე ღმერთისა, როცა ლაპარაკობს.
6 . როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს - აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბთა შორისო - შევიდა და დადგა ბორბალთან.
7 . გაიწოდა ქერუბმა ხელი ცეცხლისკენ, ქერუბთა შორის რომ იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გამოვიდა.
8 . ქერუბებს ადამიანის ხელის მსგავსი რამ უჩანდათ ფრთებქვეშ.
9 . შევხედე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბებთან: თითო ბორბალი თითო ქერუბთან. ბორბლები ქრიზოლიტივით ბრწყინავდნენ.
10 . ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს ბორბალი ბორბალში იყო ჩამჯდარი.
11 . გადაადგილდებოდნენ ოთხი მიმართულებით, მიბრუნების გარეშე, საკუთარი მიმართულებით; იქითკენ, საითაც თავები ჰქონდათ მიმართული; მიბრუნების გარეშე მიდიოდნენ.
12 . მთელი მათი სხეული, ზურგი, ხელები, ფრთები და ბორბლები თვალებით იყო ირგვლივ სავსე, ოთხივე მათი ბორბალი.
13 . ჩემს გასაგონად "გრიგალი” უწოდეს ბორბლებს.
14 . ოთხი სახე ჰქონდა თითოეულს, ერთი - ქერუბისა, მეორე - ადამიანისა, მესამე - ლომისა და მეოთხე - არწივის სახე.
15 . ამაღლდნენ ქერუბნი. იგივე არსებანი იყვნენ, მდინარე ქებართან რომ ვიხილე.
16 . დაიძვრებოდნენ ქერუბები და გვერდით მიჰყვებოდნენ ბორბლებიც; ასწევდნენ ფრთებს ქერუბნი, მიწიდან ასამაღლებლად და არ ბრუნდებოდნენ ბორბლები, ისინიც თან მიჰყვებოდნენ.
17 . დადგომისას ისინიც დგებოდნენ, ამაღლებისას ისინიც მაღლდებოდნენ, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
18 . გამოვიდა უფლის დიდება ტაძრის ზღურბლიდან და დაივანა ქერუბებზე.
19 . გაშალეს ქერუბებმა ფრთები და ამაღლდნენ მიწიდან ჩემს თვალწინ. ბორბლებიც თან ჰქონდათ. დადგნენ უფლის ტაძრის აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელთან, ისრაელის ღმერთის დიდება ედგათ ზემოდან.
20 . ისინი იგივე არსებანი იყვნენ ისრაელის ღვთის ქვეშ რომ ვნახე მდინარე ქებართან. მიხვდი, რომ ქერუბნი იყვნენ.
21 . თითოეულს ოთხ-ოთხი სახე და ოთხი ფრთა ჰქონდა და ადამიანის ხელის მსგავსი რამ ფრთების ქვეშ.
22 . შესახედაობა მათი სახეებისა ისეთივე იყო, მდინარე ქებართან რომ ვნახე. თვითონ ისინიც და მათი შესახედაობაც; თითოეული საკუთარი სახის მიმართულებით მიდიოდა.
1 . ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.
2 . ვხედავდი ხილვაში, რომ დედაქალაქ შუშანში ვიყავი, რომელიც ყელამის ოლქშია; ვხედავდი ხილვაში, რომ მდინარე ყულაის ნაპირზე ვიდექი.
3 . აღვაპყარი თვალები, გავიხედე და, აჰა, ვერძი იდგა მდინარის პირთან; ორი რქა ჰქონდა, ორივე გრძელი, მაგრამ ერთი უფრო გრძელი იყო მეორეზე; გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.
4 . დავინახე, რომ ირქინებოდა ვერძი დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით; ვერც ერთი მხეცი ვერ უდგებოდა წინ, არ იყო ხსნა მისი ხელიდან, რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა და სულ უფრო ძლიერდებოდა.
5 . ვაკვირდებოდი და, აჰა, ვაცი გამოვიდა დასავლეთიდან მთელი დედამიწის ზურგზე, ისე რომ მიწას არ ეხებოდა; და თვალსაჩინო რქა ჰქონდა ვაცს თვალებს შორის.
6 . მიიჭრა იმ რქიან ვერძთან, მე რომ ვნახე მდინარის პირთან მდგომი, გაექანა მისკენ და მძვინვარედ ეკვეთა.
7 . დავინახე როგორ მიადგა ვერძს, როგორ გაშმაგებით ეკვეთა მას, ორივე რქა მოსტეხა და განგმირა ვერძი. ძალა არ ეყო ვერძს, რომ წინააღმდეგობა გაეწია, მიწას დაენარცხა და გაითელა. არავინ იყო მისი ხელიდან ვერძის მხსნელი.
8 . ფრიად განდიდდა ვაცი და როცა გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა და მის ნაცვლად ოთხი რქა ამოვიდა, ცის ოთხი ქარისკენ მიმართული.
9 . ერთი მათგანიდან გამოვიდა პატარა რქა და მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
10 . ცის მხედრობამდე განდიდდა, დედამიწაზე დაანარცხა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა.
11 . იმ მხედრობის მთავრამდეც კი აღზევდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დაემხო მისი საწმიდრის ადგილი.
12 . და მუდმივ მსხვერპლთან ერთად მხედრობაც გადაეცა დანაშაულის გამო. მიწაზე დაანარცხა მან ჭეშმარიტება, თავის ნებისამებრ მოქმედებდა და წარმატებული იყო.
13 . გავიგონე, ერთი წმიდის ლაპარაკი, და მეორე წმიდა ეკითხებოდა მოლაპარაკეს: "როდემდე გაგრძელდება ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლსა და გატიალების სიბილწეზე, ანდა როდემდე იქნება ნებადართული საწმიდრისა და მხედრობის გათელვა?”
14 . მან მითხრა: "ორიათას სამასი მწუხრი და ცისკარი გადაივლის და მაშინ აღორძინდება წმიდა ადგილი”.
15 . რაკი მე, დანიელმა ეს ხილვა ვიხილე, შევეცადე გამეგო და, აჰა, ვიღაც, კაცის მსგავსი დადგა ჩემ წინაშე.
16 . მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: "გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა”.
17 . მოუახლოვდა იგი ჩემს სადგომს და ისე შემაძრწუნა მისმა მოსვლამ, რომ პირქვე დავემხე. მითხრა: "ძეო კაცისავ, იცოდე, რომ ჟამთა აღსასრულს ეხება ხილვა”.
18 . სანამ მელაპარაკებოდა, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს, მაგრამ შემეხო და დამაყენა ჩემს ადგილზე.
19 . მითხრა: "აჰა, გაუწყებ, რაც მრისხანების ბოლოს მოხდება, რადგან განსაზღვრული დროის დასასრულს ეხება ეს.
20 . ვერძი რომ იხილე ორი რქით, მიდიელთა და სპარსთა მეფენი არიან.
21 . ბანჯგვლიანი ვაცი კი საბერძნეთის მეფეა; ხოლო დიდი რქა მის თვალთა შორის პირველი მეფეა.
22 . გადატყდა იგი და სხვა ოთხი ამოვიდა მის ნაცვლად: ოთხი სამეფო აღდგება ამ ხალხებიდან, მაგრამ მათ მისი მსგავსი ძალა არ ექნებათ.
23 . მათი მეფობის ბოლოს, როცა ბოლომდე აღასრულებენ თავიანთ უმართლობას, თავხედი და მზაკვრობაში გამოცდილი მეფე აღდგება.
24 . დიდი იქნება თავის ძლევამოსილებაში, თუმცა არა საკუთარი ძალით, უჩვეულო განადგურებით გაანადგურებს და წარმატებულად იმოქმედებს; გაანადგურებს ძლიერ და წმიდა ხალხს.
25 . ხელთ იპყრობს წარმატებას თავისი მზაკვრული ცბიერების მეშვეობით და აღზევდება საკუთარ გულში; მრავალს გაანადგურებს უსაფრთხო ჟამს და მეფეთ მეფესაც აუმხედრდება, თუმცა, დაემხობა და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
26 . ხილვა მწუხრებისა და ცისკრებისა, რაც ითქვა, ჭეშმარიტია და დაიმარხე ეს ხილვა შენს გულში, ვინაიდან შორეულ დღეებს ეხება იგი”.
27 . მე, დანიელს, ღონე გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი. ბოლოს ავდექი და მეფის საქმეებს მივყავი ხელი. გაოცებული ვიყავი ხილვით და არავინ იყო გამგები.
1 . დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
2 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
3 . ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
5 . იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
6 . აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.
7 . ქადაგებდა და ამბობდა: "ჩემს შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის, რომლის წინაშე დახრისა და სანდლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.
8 . მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.
9 . და იყო: მოვიდა იმ დღეებში იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იორდანეში იოანეს მიერ.
10 . და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
11 . ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
12 . და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
13 . ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
14 . მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.
15 . ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
16 . გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
17 . უთხრა მათ იესომ: "მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
18 . მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19 . ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.
20 . მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
21 . კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
22 . გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
23 . იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:
24 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.
25 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!”
26 . არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
27 . ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?
28 . და მყისვე გალილეის მთელ მხარეს მოედო მისი ამბავი.
29 . სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად.
30 . სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.
31 . მივიდა, ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
32 . საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.
33 . მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან.
34 . ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.
35 . განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
36 . სიმონი და მასთან მყოფნიც გაედევნენ მას.
37 . იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს”.
38 . უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.
39 . დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
40 . მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
41 . შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!”
42 . მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
43 . მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა.
44 . უთხრა: "აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად”.
45 . ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . და გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი - დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე; ფერხთით მთვარე ჰქონდა, ხოლო თავზე გვირგვინი ედგა თორმეტი ვარსკვლავით.
2 . ფეხმძიმედ იყო და გაჰკიოდა, მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.
3 . სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა ედგა.
4 . ციდან კუდით წამოითრია ვარსკვლავების მესამედი და დედამიწაზე მოისროლა; დადგა გველეშაპი დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი.
5 . და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით; და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.
6 . დედაკაცი კი უდაბნოში გაიქცა, სადაც მისთვის ღვთის მიერ იყო ადგილი მომზადებული, რათა გამოეკვებათ იქ ათას ორას სამოცი დღე.
7 . შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად,
8 . მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში;
9 . და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
10 . და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: "დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;
11 . და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე.
12 . ამიტომ იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვარდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ მცირე დროღა დარჩა.
13 . როცა დაინახა გველეშაპმა, რომ მიწაზე იქნა გადმოგდებული, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა;
14 . და მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში, თავისი ადგილისკენ გასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მიფარებული.
15 . ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი.
16 . მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს, და დააღო პირი და შთანთქა მდინარე, გველეშაპმა რომ ამოასხა პირიდან.
17 . განრისხდა დედაკაცზე გველეშაპი და წავიდა, დანარჩენებს რომ შებრძოლებოდა მისი თესლიდან, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს მოწმობა აქვთ. და დადგა ზღვის ქვიშაზე.
1 . მითხრა უფალმა: აიღე დიდი ფიქალი და ამოკვეთე მასზე ჩვეული ასოებით: "მაჰერ შალალ ხაშ ბაზ” (ისწრაფე სათარეშოდ, დააჩქარე ძარცვა).
2 . ავიყვანე სარწმუნო მოწმეები: მღვდელი ურია და ზაქარია, იბერექიაჰუს ძე.
3 . მივუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს, რომელიც დაორსულდა და შვა ვაჟი; მითხრა უფალმა: ‘უწოდე მას სახელად: მაჰერ შალალ ხაშ ბაზ!’
4 . რადგან სანამ ყმაწვილი "მამის” და "დედის” დაძახებას შეძლებს, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.
5 . კვლავ მელაპარაკა უფალი და მითხრა:
6 . "რადგანაც მოიძულა ხალხმა წყნარად მომდინარე შილოახის წყალი და რეცინსა და რამალიაჰუს ძე შეჰხარის,
7 . ამიტომ, აჰა, გადმოადენს უფალი მათზე ძლიერი და დიდი მდინარის წყლებს - აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას; აივსება მისი ყველა არხი და გადმოვა ყველა ნაპირიდან,
8 . გადმოდინდება, გადაუვლის და წალეკავს იუდას, ყელამდე მისწვდება, ფრთებს გაშლის და აავსებს ქვეყანას მთელ სიგანეზე, იმანუელ!
9 . გაბოროტდებიან ხალხები და შეიმუსრებიან! ისმინე, ქვეყნის ყველა შორეულო მხარევ! შეიარაღდით, მაგრამ შეიმუსრებით! შეიარაღდით, მაგრამ შეიმუსრებით!
10 . გეგმას დააწყობთ, მაგრამ დაირღვევა, სიტყვას იტყვით და არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი!”
11 . რადგან ასე მელაპარაკა უფალი ძლიერი ხელით და გამაფრთხილა - ამ ხალხის გზით არ მევლო. მითხრა:
12 . "ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; ნუ შეგეშინდებათ და შეგზარავთ ის, რისაც მათ ეშინიათ.
13 . ცაბაოთ უფალი შერაცხეთ წმიდად; ის იქნება თქვენი შიში და ის იქნება თქვენი ძრწოლა.
14 . ის იქნება თქვენი საწმიდარი და შებრკოლების ლოდი, რომელსაც ფეხს წამოჰკრავს ისრაელიანთა ორივე სამეფო; მახე და ხაფანგი იქნება ის იერუსალიმის მცხოვრებთათვის.
15 . მრავალი წაიბორძიკებს მასზე, დაეცემა და დაიმტვრევა, გაებმება და დაჭერილი იქნება.
16 . შეკარი მოწმობა, დაბეჭდე ეს დარიგება და ჩემს მოწაფეებს გადაეცი”.
17 . მე კი უფალს დაველოდები, რომელიც მალავს თავის სახეს იაკობის სახლისგან; მის მოლოდინში ვარ.
18 . აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა უფალმა ნიშნებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დამკვიდრებული.
19 . როცა გეტყვიან: "დაეკითხეთო მესულთნეებსა და გრძნეულებს, რომლებიც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენ; განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ ეკითხება, განა მკვდრებს უნდა ეკითხებოდნენ ცოცხალთა გამო?”
20 . რჯულსა და მოწმობას მიმართეთ! თუ ამ სიტყვის მიხედვით არ ამბობენ, სინათლე არ არის მათში.
21 . ტანჯულნი და დამშეულნი იხეტიალებენ ქვეყანაზე და შიმშილისა და სიბრაზის გამო დაგმობენ თავიანთ მეფესა და ღმერთს. მაღლა აიხედავენ,
22 . დახედავენ მიწას და აჰა, უბედურება, სიბნელე და ტკივილის წყვდიადია ყველგან და უკუნეთში განიდევნებიან.
1 . და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, შვიდი ანგელოზისადმი მიმართული: "წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი”.
2 . წავიდა პირველი და გადმოღვარა თავისი თასი მიწაზე; და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები იმ ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
3 . გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა სისხლად თითქოს მკვდრისა; და დაიხოცა ყოველი ცოცხალი არსება ზღვაში.
4 . გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად.
5 . გავიგონე წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: "მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.
6 . ვინაიდან დაღვარეს მათ წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და სისხლი მიეცი მათ სასმელად, რადგან დაიმსახურეს”.
7 . გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: "დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.
8 . გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და ადამიანების ცეცხლით დაწვა მიეცა მას.
9 . იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს წყლულებზე; და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
10 . გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ.
11 . გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო; და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
12 . გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან.
13 . ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა.
14 . ესენი ეშმაკთა სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისთვის.
15 . "აი, მოვდივარ, როგორც ქურდი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი”.
16 . და მოაგროვა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.
17 . გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელმაც თქვა: "აღსრულდა!”
18 . იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა!
19 . სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
20 . და გაიქცა ყველა კუნძული და აღარ იყო მთები.
21 . ციდან ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ადამიანებზე; და გმობდნენ დასეტყვილი ადამიანები ღმერთს, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მათი წყლული.
1 . მოხუცდა იეშუა, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: "მოხუცდი შენ და ხანში შეხვედი, მიწა კი ძალიან ბევრი რჩება დასამკვიდრებელი;
2 . ეს არის მიწა, რომელიც დარჩა: ფილისტიმელთა ყველა მხარე და მთელი გეშური;
3 . ეგვიპტის მოპირდაპირე შიხორიდან ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანის კუთვნილებად ითვლება; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზის, აშდოდის, აშკელონის, გათისა და ყეკრონის ანუ ყავიმისა.
4 . ქანაანელთა მთელი მიწა სამხრეთით და სიდონელთა გვერდით მეყარადან აფეკამდე, ამორელთა საზღვრამდე;
5 . გიბლელთა მიწა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლისკენ, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირში, ხამათის შესასვლელამდე.
6 . მთის ყველა მკვიდრს ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდე და ყოველ სიდონელს განვდევნი ისრაელის ძეთაგან. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე მიწები ისრაელს, როგორც ნაბრძანები მაქვს.
7 . დაუნაწილე ახლა ეს ქვეყანა სამკვიდრებლად ცხრა ტომსა და მენაშეს ნახევარ ტომს”.
8 . მეორე ნახევარმა კი რეუბენისა და გადის ძეებთან ერთად მიიღეს თავისი სამკვიდრებელი, რომელიც იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით მისცა მათ მოსემ, უფლის მსახურმა.
9 . ყაროყერიდან, არნონის ხევის პირას, ქალაქი, რომელიც შუა ხევშია და მედებას მთელი დაბლობი დიბონამდე;
10 . ყველა ქალაქი სიხონისა, ამორელთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, ყამონელთა საზღვრამდე;
11 . ასევე გილყადი, გეშურელთა და მაყაქათელთა მხარე და მთელი ბაშანი სალქამდე.
12 . ბაშანში - მთელი სამეფო ყოგისა, რომელიც ყაშთაროთსა და ედრეყში მეფობდა. ისღა დარჩა უკანასკნელ რეფაიმელთაგან, ვინაიდან მოსრა ისინი მოსემ და განდევნა.
13 . მაგრამ არ განუდევნიათ ისრაელის ძეებს გეშურელნი და მაყაქათელნი და ამ დღემდე მკვიდრობენ ისინი ისრაელის ძეთა შორის.
14 . მხოლოდ ლევის ტომისთვის არ მიუცია სამკვიდრებელი. უფლის, ისრაელის ღმერთის, საცეცხლო შესაწირები იყო მისი მემკვიდრეობა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის.
15 . და მისცა მოსემ სამკვიდრებელი რეუბენის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით:
16 . არნონის ხეობის გასწვრივ, ყაროყერიდან იყო მათი საზღვარი და ქალაქი, რომელიც შუა ხეობაშია, მედებას მთელ დაბლობთან ერთად.
17 . ხეშბონი და ყველა მისი ქალაქი, რომელიც ტაფობზეა: დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი;
18 . იაჰცა, კედემოთი, მეფაყათი;
19 . კირიათაიმი, სიბმა და ცერეთ-შახარი ყემეკის მთაზე;
20 . ბეთ-ფეღორი და ფისგას ფერდობები და ბეთ-იეშიმოთი.
21 . ყოველი ქალაქი დაბლობზე და მთელი სამეფო სიხონისა, ამორელი მეფისა, რომელიც ხეშბონში მეფობდა, მოსრა მოსემ ის და მიდიანის მთავრები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რებაყი, სიხონის მთავარნი, ამ ქვეყნის მკვიდრნი.
22 . ასევე ნათელმხილველი ბეყორის ძე, ბილყამიც მოაკვდინეს ისრაელის ძეებმა მახვილით.
23 . იორდანე იყო რეუბენის ძეთა საზღვრად. საგვარეულოთა მიხედვით დანაწილდა მათი სამკვიდრო, ქალაქები და სოფლები.
24 . და მისცა მოსემ სამკვიდრო გადის ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით:
25 . იაყზერი, გილყადის ყოველი ქალაქი და ყამონიანთა ნახევარი ქვეყანა იყო მათ საზღვრად, ყაროყერამდე, რომელიც რაბას პირდაპირაა.
26 . ხეშბონიდან რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან დებირის საზღვრამდე.
27 . დაბლობზე: ბეთ-ჰარამ, ბეთნიმრა, სუქოთი, ცაფონი და სიხონის, ხეშბონის მეფის მიწის დარჩენილი ნაწილი; იორდანე ესაზღვრებოდა ქინეროთის ანუ გალილეის ზღვამდე, იორდანეს მეორე მხარეს, აღმოსავლეთით.
28 . ეს იყო გადის ძეების სამკვიდრებელი, ქალაქები და სოფლები მათი საგვარეულოების მიხედვით.
29 . და მისცა მოსემ მენაშეს ნახევარ ტომს სამკვიდრებელი მათი საგვარეულოების მიხედვით:
30 . აჰა, მათი საზღვარი: მახანაიმიდან - მთელი ბაშანი, ყოგის, ბაშანის მეფის მთელი სამეფო და იაირის მთელი დასახლება, რომელიც ბაშანშია - სამოცი ქალაქი.
31 . ნახევარი გილყადი, ყაშთაროთი და ედრეყი, ყოგის სამეფო ქალაქები ბაშანში, მენაშეს ძის, მაქირის ძეთა ნახევარს ერგო, მათი საგვარეულოების მიხედვით.
32 . ეს არის, რაც გაანაწილა მოსემ მოაბის ველებზე, იორდანეს გაღმა, იერიხოს აღმოსავლეთით.
33 . ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს სამკვიდრებელი: უფალი, ისრაელის ღმერთი იყო მათი სამკვიდრებელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის.
1 . წავიდა ერთი კაცი ლევის ტომიდან და ლევიანი ქალი შეირთო ცოლად.
2 . დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. დაინახა, რომ მშვენიერი იყო ბავშვი და მალავდა სამ თვეს.
3 . დამალვა რომ ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კალათა, შეგლისა კუპრითა და ფისით, შიგ ყრმა ჩააწვინა და ლერწმიანში, ნილოსის პირას დადო.
4 . ხოლო ყრმის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოხდებოდა.
5 . ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მოახლენი კი მდინარის ნაპირზე მიმოდიოდნენ. დაინახა ლერწმიანში კალათა და გაგზავნა თავისი მოახლე მოსატანად.
6 . გახსნა და ბავშვი დაინახა; აჰა, ტირის ყრმა; შეიბრალა იგი და თქვა: "ებრაელის ბავშვია”.
7 . და უთხრა ყრმის დამ ფარაონის ასულს: "წავიდე და დავუძახო შენთვის ებრაელ ძიძას, რათა მან გამოგიკვებოს ეს ყრმა?”
8 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წადი”. წავიდა გოგო და დაუძახა ყრმის დედას.
9 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წაიყვანე ეს ყრმა, ძუძუ აწოვე და გასამრჯელოს მოგცემ”. ქალმაც წაიყვანა და აწოვებდა ძუძუს.
10 . გაიზარდა ყრმა და მიუყვანა ფარაონის ასულს და გახდა იგი ფარაონის ასულის ძე; და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: "რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი”.
11 . გავიდა დრო, გაიზარდა მოსე. გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა; ხედავს, ერთი ეგვიპტელი ებრაელს, მის თვისტომს, სცემს.
12 . მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
13 . გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს: "რად სცემ შენიანს?”
14 . მიუგო მოძალადემ: "ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელივით?” შეეშინდა მოსეს და თქვა: "გამჟღავნებულა ეს ამბავი”.
15 . ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.
16 . შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.
17 . მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.
18 . მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”
19 . მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.
20 . უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.
21 . და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.
22 . და უშვა ქალმა ძე, რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგან თქვა: "მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.
23 . გავიდა დიდი დრო და მოკვდა ეგვიპტის მეფე; და ისე კვნესოდნენ დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მისწვდა.
24 . გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
25 . მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.
1 . "მოვბრუნდით და დავიძარით უდაბნოში წითელი ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა; და გარს ვუვლიდით სეყირის მთას მრავალი დღე.
2 . მითხრა უფალმა:
3 . "გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ.
4 . და ასე უბრძანე ხალხს: თქვენი ძმების, ესავიანთა მიწას გაივლით, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ; შეეშინდებათ თქვენი, მაგრამ ფრთხილად იყავით.
5 . ნუ შეებრძოლებით მათ, ვინაიდან მათი ქვეყნიდან ნატერფალსაც არ მოგცემთ, რადგან სეყირის მთა ესავს მივეცი სამკვიდროდ.
6 . ვერცხლით იყიდეთ მათგან სასმელიც და საჭმელიც; და ჭამეთ და სვით.
7 . რადგან გაკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა საქმეში, ვინაიდან იცოდა ყოველი თქვენი გზა ამ დიდ უდაბნოში; აი, ორმოცი წელიწადია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ დაგკლებიათ არაფერი”.
8 . და მოვბრუნდით ეილათის ველიდან, ყეციონ-გებერიდან, ჩვენი ძმებისგან, ესავის ძეთაგან, რომლებიც სეყირში მკვიდრობენ, გადავუხვიეთ და გავიარეთ მოაბის უდაბნოს გზით.
9 . მითხრა უფალმა: "ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ წამოიწყებ მასთან, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს მისი ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.
10 . უწინ ემიელნი მკვიდრობდნენ იქ, დიდი ხალხი, მრავალრიცხოვანი და ყენაკელებივით ტანმაღალი.
11 . ყენაკელებივით რეფაიმელნად ითვლებოდნენ ისინიც, მაგრამ მოაბელნი ემიელებს უწოდებდნენ.
12 . ხორიელნი მკვიდრობდნენ უწინ სეყირში და ესავიანებმა განდევნეს, მოსრეს მიწის პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ, როგორც ისრაელმა დაიმკვიდრა თავისი მიწა, რომელიც მისცა უფალმა.
13 . ახლა ადექით და გადალახეთ ზარედის ხევი!” და გადავლახეთ ზარედის ხევი.
14 . იმ დღიდან, რაც კადეშ-ბარნეაყიდან ზარედის ხევამდე მივაღწიეთ, ოცდათვრამეტი წელი გავიდა, დაიხოცა ყველა მებრძოლი მამაკაცი ბანაკში, როგორც შეჰფიცა მათ უფალმა.
15 . მეტიც, უფლის ხელი იყო მათზე, რათა ამოეჟლიტა ისინი ბანაკში, ვიდრე ამოწყდებოდნენ.
16 . და როცა ყოველი მებრძოლი კაცი, უკანასკნელამდე, მოისპო ხალხიდან,
17 . მაშინ მითხრა უფალმა:
18 . "გადალახავ დღეს მოაბის საზღვარს ყართან
19 . და მიუახლოვდები ყამონის ძეთ, მაგრამ ნუ შეებრძოლები და ნუ შეავიწროებ მათ, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს ყამონის ძეთა ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი.
20 . რეფაიმელთა ქვეყნად ითვლება ისიც; უწინ რეფაიმელნი მკვიდრობდნენ მასში. მაგრამ ზამზუმელებს უწოდებენ მათ ყამონელნი.
21 . დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო, ყენაკელებივით, მაგრამ მოსპო უფალმა ყამონელთა პირისგან და მათ მაგიერ დასახლდნენ ისინი;
22 . როგორც სეყირში დამკვიდრებულ ესავის ძეებს გაუკეთა, მოსპო ხორიელნი მათი პირისგან და მათ მაგიერ დამკვიდრდნენ ისინი დღევანდელ დღემდე.
23 . ყავიმელებიც - სოფლებში, ღაზამდე, ქაფთორიდან გამოსულმა ქაფთორელებმა მოსრეს და დასახლდნენ მათ მაგიერ.
24 . ადექით, აღიჭურვეთ და გადალახეთ არნონის ხევი; აჰა, ხელში ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის ამორელი მეფე და მისი ქვეყანა: დაიწყეთ დამკვიდრება და შეებრძოლეთ მას.
25 . დღეიდან დავიწყებ; და ძრწოლასა და შიშს მოვგვრი თქვენ გამო ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში; ვინც მოისმენს თქვენს ამბავს - შეძრწუნდება და ათრთოლდება თქვენს წინაშე”.
26 . წარვგზავნე მოციქულნი სიხონთან, ხეშბონის მეფესთან კედემოთის უდაბნოდან, სამშვიდობო სიტყვებით:
27 . "გავივლი შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზად ვივლი, არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ;
28 . საკვებიც ვერცხლით მომყიდე საჭმელად და წყალსაც ვერცხლით ვიყიდი დასალევად; მხოლოდ ფეხით გავივლი,
29 . როგორც სეყირის მკვიდრმა ესავის ძეებმა და ყარში მაცხოვრებელმა მოაბელებმა გამიკეთეს, ვიდრე გადავლახავ იორდანეს იმ ქვეყნისკენ, რომელიც მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.
30 . მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი იქ გავლა, რადგან გააქვავა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მისი სული და გააჯიუტა მისი გული, რათა თქვენს ხელთ ჩაეგდო იგი, როგორც დღეს გამოჩნდა.
31 . და მითხრა უფალმა: "აჰა, დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის გადმოცემა; შენც დაიწყე მისი ქვეყნის დაკავება დასამკვიდრებლად”.
32 . და გამოვიდა სიხონი იაჰაცში, მთელ თავის ხალხთან ერთად, ჩვენთან შესახვედრად და საბრძოლველად.
33 . ხელში ჩაგვიგდო იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. შევმუსრეთ ის, მისი ძენი და მთელი მისი ხალხი.
34 . მაშინ დავიპყარით და ავაოხრეთ ყველა ქალაქი, მოსახლეობასთან, ქალებთან და ახალშობილებთან ერთად, ცოცხალი არავინ დაგვიტოვებია მათგან.
35 . მხოლოდ საქონელი და ნადავლი დავიტაცეთ იმ ქალაქებიდან, ხელში რომ ჩავიგდეთ.
36 . ყაროყერიდან, არნონის მდინარის სანაპიროდან და ხეობის ქალაქიდან გილყადამდე, არ დარჩენილა ჩვენთვის მიუწვდომელი ქალაქი; ყოველივე გადმოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
37 . მხოლოდ ყამონის ძეთა ქვეყანას არ მიახლოებიხარ: იაბოკის ხევის პირს, მთის ქალაქებს და ყოველივეს, როგორც ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა”.