1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2 . "თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში.
3 . ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.
4 . და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.
5 . უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6 . შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.
7 . აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.
8 . იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი.
9 . არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10 . დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით.
11 . ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
12 . გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13 . იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
14 . დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
15 . შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.
16 . პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17 . დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
18 . პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.
19 . შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან - ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.
20 . საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.
21 . მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.
22 . აიღეთ უსუპის კონა, ამოაწეთ სისხლიან ჯამში და სცხეთ სისხლი რომელიც ჯამშია კარის ზედა ძელს და ორივე წირთხლს. დილამდე არავინ გახვიდეთ სახლიდან.
23 . რადგან უფალი გაივლის ეგვიპტის შესამუსრად, იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე, და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და უფლებას არ მისცემს გამანადგურებელს თქვენს შესამუსრად შემოვიდეს თქვენს სახლებში.
24 . წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.
25 . და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.
26 . და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ?
27 . ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.
28 . წავიდნენ ისრაელის შვილები და აღასრულეს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს, ისე აღასრულეს.
29 . და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30 . ადგნენ ღამით ფარაონი თავის მორჩილებთან ერთად და ყველა ეგვიპტელი; და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
31 . ღამითვე იხმო ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის შვილები, წადით და ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
32 . თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.
33 . და აიძულებდნენ ეგვიპტელები ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.
34 . წაიღო ხალხმა თავისი ცომი, სანამ გაფუვდებოდა, ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
35 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის შვილები, ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
36 . მადლი აპოვნინა უფალმა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ათხოვეს, რაც ითხოვეს; ასე გაძარცვეს ეგვიპტელნი.
37 . და გაემგზავრნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ფეხოსანი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.
38 . უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.
39 . და გამოაცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისგან ხმიადის კვერები. ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან; საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვნდნენ.
40 . ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.
41 . ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
42 . მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.
43 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
44 . ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ.
45 . ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.
46 . ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.
47 . ისრაელის მთელმა თემმა დაიცვას ეს წესი.
48 . თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.
49 . ერთი სჯული ჰქონდეს მკვიდრსა და მდგმურს თქვენ შორის”.
50 . და გააკეთეს ყოველივე ისრაელის შვილებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს.
51 . სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.
1 . ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში:
2 . "დაე, აღასრულონ ისრაელის ძეთ პასექი მისთვის დანიშნულ დროს.
3 . ამ თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, მისთვის დანიშნულ დროს, ყოველი მისი დადგენილებისა და წესისამებრ აღასრულეთ იგი”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელიანებს პასექის აღსრულების შესახებ
5 . და აღასრულეს პასექი, პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში; ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელიანებმა.
6 . და იყვნენ კაცები, რომლებიც ადამიანის გვამთან შეხებით გაუწმიდურდნენ და არ შეეძლოთ პასექის იმ დღეს აღსრულება; და მიეახლნენ ისინი მოსეს და აჰარონს
7 . და უთხრეს: "გავუწმიდურდით ადამიანის გვამთან შეხებით, ამიტომ, მოვაკლდით დანიშნულ დროს უფლისთვის მსხვერპლშეწირვას, ისრაელის ძეთა შორის”.
8 . უპასუხა მათ მოსემ: "მაცალეთ, მოვისმენ, რას ბრძანებს უფალი”.
9 . თქვა უფალმა:
10 . "უთხარი ისრაელის ძეთ: თუ ვინმე თქვენგანი მიცვალებულთან შეხებით გაუწმიდურდება ან შორეულ გზაზე იქნება, თქვენში თუ თქვენს შთამომავლობაში, აღასრულოს მან პასექი უფლისთვის,
11 . მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულოს იგი, ხმიადით და მწარე მწვანილით ჭამონ.
12 . არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.
13 . ხოლო კაცი, რომელიც სუფთაა, გზაზე არ იმყოფება და არ აღასრულებს პასექს, მოისპოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან თავის დროზე არ მიიტანა უფლის შესაწირი; ცოდვას იტვირთავს ასეთი კაცი.
14 . თუ ხიზანი იცხოვრებს თქვენთან და აღასრულებს პასექს უფლისთვის დადგენილებისა და წესისამებრ უნდა აღასრულოს. ერთი წესი იყოს ხიზნისთვისაც და ქვეყნის მკვიდრთათვისაც”.
15 . სავანის აღმართვის დღეს, ღრუბელმა დაფარა იგი, მოწმობის კარავი. საღამოდან განთიადამდე ცეცხლივით გამოიყურებოდა სავანის თავზე მდგარი ღრუბელი.
16 . მუდმივად ასე იყო: ღრუბელი ფარავდა მას, თუმცა ღამით ცეცხლივით გამოიყურებოდა.
17 . და როცა აიწეოდა კარვიდან ღრუბელი, მაშინ დაიძრებოდნენ გზად ისრაელის ძენი და იქ ბანაკდებოდნენ, სადაც გაჩერდებოდა ღრუბელი.
18 . უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით დაბანაკდებოდნენ და მანამდე ჩერდებოდნენ, სანამ ღრუბელი იდგა სავანის თავზე.
19 . თუ დიდხანს, მრავალი დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, იცავდნენ უფლის განკარგულებას ისრაელის ძენი და არ იძროდნენ.
20 . ზოგჯერ, როცა რამდენიმე დღე ყოვნდებოდა ღრუბელი სავანეზე, უფლის ბრძანებით რჩებოდნენ და უფლის ბრძანებით დაიძრებოდნენ ხოლმე ისინი.
21 . ხანდახან საღამოდან დილამდე აყოვნებდა ღრუბელი და როცა დილით აიწევდა, ისინიც დაიძრებოდნენ; დღისით იყო თუ ღამით, როცა აიწევდა ღრუბელი, მხოლოდ მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე.
22 . და თუ დღეები ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელიანნი და არ იძროდნენ. ხოლო, როცა ამაღლდებოდა, ისინიც დაიძრებოდნენ.
23 . უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით იძროდნენ: იცავდნენ უფლის განკარგულებებს, უფლის დავალებისამებრ, მოსეს მეშვეობით.
1 . როცა, იორდანეს გამოღმა, დასავლეთისკენ მცხოვრები ამორელებისა და ზღვისპირა ქანაანელების მეფეებმა გაიგეს, როგორ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გადალახავდნენ, შეუკრთათ გული და მხნეობა აღარ შერჩათ ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
2 . უთხრა უფალმა იმ დროს იეშუას: "გაიკეთე ბასრი დანები და კვლავ წინადაცვითე ისრაელის ძენი”.
3 . გაიკეთა იეშუამ ბასრი დანები და წინადაცვითა ისრაელის ძენი, ჩუჩის ბორცვთან.
4 . აი, რის გამო წინადაცვითა იეშუამ: ყოველი მამრი, ბრძოლისუნარიანი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, უდაბნოს გზაზე დაიხოცა, მას მერე, რაც გამოვიდნენ ეგვიპტიდან.
5 . წინადაცვეთილი იყო ეგვიპტიდან ყოველი გამომსვლელი, ხოლო ყველა, ვინც გამოსვლის შემდეგ დაიბადა უდაბნოში, არ ყოფილა წინადაცვეთილი.
6 . რადგან ორმოცი წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
7 . ამ ურჩი თაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა; სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში.
8 . დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა და დარჩნენ განკურნებამდე თავის ადგილებზე ბანაკში.
9 . უთხრა უფალმა იეშუას: "დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი”. და დღემდე ამიტომ ეწოდება ამ ადგილს სახელად გილგალი.
10 . დაიბანაკეს ისრაელის ძეებმა გილგალში და აღასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოს, იერიხოს ველებზე.
11 . პასექის მეორე დღეს კი ჭამეს ამ მიწის ნაყოფთაგან ხმიადი და იმავე დღეს - მოხალული მარცვლეული;
12 . და შეწყდა მანნა მას შემდეგ, მეორე დღეს, რაც შეჭამეს მიწის ნაყოფი; აღარ ყოფილა ისრაელიანთათვის მანნა და ჭამდნენ იმ წელს ქანაანის მოსავალს.
13 . აღაპყრო იეშუამ თვალი იერიხოში ყოფნისას და აჰა, კაცი იდგა მის წინაშე და გაშიშვლებული მახვილი ეპყრა ხელთ; წავიდა იეშუა მისკენ და ჰკითხა: "ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგე?”
14 . უპასუხა: "არა, უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი”. პირქვე დაემხო იეშუა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: "რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?”
15 . უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: "გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა”. ასეც მოიქცა იეშუა.
1 . ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ.
2 . მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.
3 . და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.
4 . ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5 . და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.
6 . როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
7 . ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
8 . როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
9 . პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი,
10 . ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი,
11 . როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
12 . ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "ნეტა, რას ნიშნავს ეს?”
13 . სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიანო მთვრალები.
14 . ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: "იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.
15 . ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გგონიათ, რამეთუ დღის მესამე საათია ახლა.
16 . არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით:
17 . იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
18 . ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
19 . ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს - დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.
20 . მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.
21 . და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
22 . ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,
23 . იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.
24 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
25 . ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე.
26 . ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს.
27 . რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
28 . შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.
29 . კაცნო, ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა ამ დღემდე.
30 . მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.
31 . მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწნილებას.
32 . ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.
33 . ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.
34 . რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
35 . ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
36 . მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.
37 . ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”
38 . ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
39 . რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
40 . და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო.
41 . ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.
42 . და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
43 . ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44 . ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45 . მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით.
46 . ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
47 . აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.
1 . პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული, პონტოში, გალატიაში, კაბადოკიაში, აზიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს.
2 . მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
3 . კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.
4 . უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისთვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,
5 . ღვთის ძალით დაცულნო - რწმენის მეშვეობით - ხსნისთვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად.
6 . ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად - თუ საჭიროა - სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.
7 . რათა თქვენი გამოწრთობილი რწმენა, ცეცხლში გამობრძმედილ, ხრწნად ოქროზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდეს, ქების, პატივისა და დიდებისთვის იესო ქრისტეს გამოჩენისას,
8 . ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ; და ხარობთ გამოუთქმელი, დიდი სიხარულით,
9 . რადგან იმკვიდრებთ თქვენი რწმენის მიზანს - სულის ხსნას,
10 . ამ ხსნას იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენთვის განკუთვნილ მადლზე რომ წინასწარმეტყველებდნენ.
11 . იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.
12 . რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
13 . ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
14 . როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.
15 . არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
16 . ვინაიდან დაწერილია: "იყავით წმიდანი, რადგან წმიდა ვარ მე”.
17 . თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.
18 . რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან,
19 . არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
20 . რომელიც წუთისოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს მოგვევლინა თქვენი გულისთვის,
21 . ვინც მის მიერ იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა მას დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.
22 . და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები - უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
23 . რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან - ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ.
24 . რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
25 . უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
1 . საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს.
2 . თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.
3 . თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. ამიტომ უკვე დავდე მსჯავრი ამ საქმის ჩამდენს, როგორც თქვენს შორის მყოფმა.
4 . და როცა შეიკრიბებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩემი სულის თანდასწრებით და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით,
5 . სატანას გადაეცეს ასეთი კაცი ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის, იესოს დღეს.
6 . არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
7 . სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
8 . ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით.
9 . წერილში გწერდით, გარყვნილ ხალხთან არ იქონიოთ-მეთქი ურთიერთობა;
10 . არ მიგულისხმია ამ ქვეყნიერების გარყვნილები, ხარბები, მტაცებლები ან კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ თქვენც მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან გასვლა.
11 . არამედ გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.
12 . რადგან მე რატომ განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?
13 . გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ ბოროტი თქვენს შორის.
1 . ამიტომ, მეტი გულისყური გვმართებს მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
2 . რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა დამსახურებულ საზღაურს,
3 . ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;
4 . რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.
5 . ვინაიდან ანგელოზებისთვის არ დაუმორჩილებია ღმერთს მომავალი მსოფლიო, რომელზეც ვლაპარაკობთ.
6 . სადღაც ვიღაცამ დაამოწმა და თქვა: "რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ანდა ძე კაცისა, რომ მოინახულებ ხოლმე მას?
7 . ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე; დიდებითა და პატივით დააგვირგვინე და დაადგინე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე.
8 . და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე”. ხოლო, რაკი ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს;
9 . მაგრამ ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო.
10 . ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.
11 . რადგან, განმწმედელი და განწმედილნი, ყველანი ერთისგან არიან; ამიტომ არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ;
12 . ამბობს რა: "ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობებ შენ”.
13 . და კიდევ: "მივენდობი მას”. და კიდევ: "აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა”.
14 . რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი;
15 . და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.
16 . ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაჰამის თესლს ღებულობს.
17 . ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.
18 . რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს.
1თავი . 1. მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და ამსხვერპლა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. 2. განაწესა შემოსილნი მღვდელნი უფლის ტაძარში რიგის მიხედვით. 3. უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: განიწმიდეთ თავი უფლისათვის უფლის წმინდა კიდობნის დასავანებლად იმ სახლში, რომელიც ააშენა დავითის ძემ, მეფე სალომონმა. 4. მხრებით არ უნდა ატარებდეთ მას. ახლა კი თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და ემსახურეთ მის ერს, ისრაელს და განლაგდით თქვენ-თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, როგორც განაწესა ისრაელის მეფემ დავითმა და მისი ძის სოლომონის უდიდესობამ. 5. როცა დადგებით ტაძარში ლევიანების, თქვენ-თქვენ მოდგმათა რიგის მიხედვით, თქვენი ძმების, ისრაელიანების წინაშე, 6. ამსხვერპლეთ პასექი და განუმზადეთ მსხვერპლი თქვენს ძმებს და გადაიხადეთ პასექი უფლის მცნების შესაბამისად, რომელიც მისცა მან მოსეს. 7. უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს კრავი და თიკანი ოცდაათი ათასი, კურატი - სამი ათასი. ეს ყოველივე მიეცა ერს სამეფოსაგან, აღთქმისამებრ, მღვდლებსაც და ლევიანებსაც 8. მისცეს ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ტაძრის წინამძღვრებმა მღვდლებს ორი ათას ექვსასი ცხვარი და სამასი კურატი; 9. იექონიამ, შემაყიამ და ნათანიელმა, მისმა ძმამ, და ხაშაბიამ, იეყიელმა და იორამმა, ათასისთავებმა, მისცეს პასექისათვის ხუთი ათასი ცხვარი და შვიდასი კურატი. 10. ყოველივე ამის აღსრულების დროს წესისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები, 11. ეპყრათ ხმიადები ერის წინაშე ტომთა 12. და მოდგმათა რიგის მიხედვით, რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, როგორც განწესებულია მოსეს წიგნში. და იყო დილის ჟამი. 13. შეწვეს პასექი ცეცხლზე, როგორც ეგებოდა, და მოხარშეს მსხვერპლნი სპილენძის ქვაბებში და სხვა ჭურჭელში სურნელოვანი საკმაზითურთ, და დაურიგეს ყველას, ვინც კი იყო ერისაგანი. 14. ამის შემდგომ კი მოამზადეს თავისთვის და მღვდლებისთვის, თავისი ძმებისთვის - აარონიანთათვის, რადგან მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები, და ლევიანებმა მოამზადეს თავისთვისაც და მღვდლებისთვისაც, თავიანთი ძმებისთვის - აარონიანთათვის. 15. მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილებზე იდგნენ მეფე დავითის დადგენილი წესის მიხედვით; ასევე ასაფი, ზაქარია და იედუთუნი, რომლებიც მეფისაგან იყვნენ. მეკარეები თითოეულ კართან, არ უნდა მოსულიყვნენ თავიანთი რიგიდან, რადგან მათი ძმები ლევიანები ამზადებდნენ მათთვის. 16. იქმნა ყოველივე, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი, პასექის აღსრულებისას და მსხვერპლშეწირვას უფლის სამსხვერპლოზე, იოშია მეფის ბრძანებისამებრ. 17. შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს. 18. არ გადახდილა ამგვარი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან; 19. და არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა. 20. იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. 21. სწორად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე და მისი ღვთისმოსავობით სავსე გულით. 22. მის დროს აღიწერა წარსულში ღვთის წინაშე შემცოდეთა და უწმიდურთა საქმენი, რომლებიც აღემატებოდა ყველა ხალხისა და სამეფოს საქმეთ, და რითაც შეგნებით შეურაცხყოფდნენ მას და აღსრულდა ღვთის სიტყვები ისრაელზე. 23. იოშიას ყველა ამ საქმის შემდგომ გაემართა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, საომრად ქარხემიშში ევფრატზე და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად; 24. და წარგზავნა ეგვიპტის მეფემ მასთან მოციქულები და შეუთვალა: რა ჩემი და რა შენი, იუდას მეფევ? 25. შენს წინააღმდეგ არ წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, არამედ ევფრატზე მელის ჩემი ბრძოლა, ახლა უფალი ჩემთან არის და მასწრაფებს მე; ჩამომეცალე და წინ ნუ აღუდგები უფალს. 26. არ უკუიქცა იოშია თავისი ეტლით, არამედ მასთან შებრძოლება გადაწყვიტა, ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები უფლის პირისაგან. 27. არამედ ბრძოლა გაუმართა მას მეგიდოს ველზე და გამოვიდნენ მთავარნი მეფე იოშიას წინააღმდეგ. 28. უთხრა მეფემ თავის მსახურთ; გამიყვანეთ ბრძოლიდან, რადგან ძალზედ მოვუძლურდი და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან. 29. ავიდა იგი თავის მეორე ეტლზე და იერუსალიმში დააბრუნეს, მოკვდა და დაიმარხა მამა-პაპის სამარხში. 30. მთელს იუდამი დაიტირეს იოშია, გოდებდა იერემია წინასწარმეტყველიც იოშიასთვის, მთავრები და მათი ცოლები იგლოვდნენ მას ამ დღეს და გადმოეცა ამის ქმნა სამუდამოდ ისრაელის მთელს შთამომავლობას. 31. აღწერილია ესენი წიგნში, რომელიც მოგვითხრობს იუდაელ მეფეთა შესახებ; იოშიას საქმენი, მისი დიდება და მისი განსწავლულობა უფლის კანონებში, მისი უწინდელი ქმედებანი და ახლანდელნი ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია მოთხრობილი. 32. აიყვანა ხალხმა იექონია იოშიას ძე და დასვა მეფედ მისი მამის იოშიას ნაცვლად; და იყო ოცდასამი წლისა. 33. იმეფა იუდასა და იერუსალიმში სამ თვეს და გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ, რათა არ ემეფა იერუსალიმში. 34. შეაწერა მის ხალხს ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო. 35. დაადგინა ეგვიპტის მეფემ მეფედ იოაკიმი, მისი ძმა. იუდასა და იერუსალიმის მეფედ. 36. დაატუსაღა იოაკიმმა დიდებულნი, იოახაზი კი, თავისი ძმა, შეიპყრო და გამოიყვანა ეგვიპტედან. 37. ხოლო იოაკიმი ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა იუდაში და იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. 38. აღსდგა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, დაადო მას სპილენძის ბორკილი და წაიყვანა ბაბილონში. 39. გამოიტანა უფლის წმიდა ჭურჭელი ნაბუქოდონოსორმა, გაზიდა და დააწყო თავის ტაძარში, ბაბილონში. 40. იოაკიმის საქმენი, მისი უწმინდურებისა და ურჯულოების ამბები მეფეთა ცხოვრების წიგნშია აღწერილი. 41. გამეფდა მის ნაცვლად იოაკიმი, ძე მისი; თვრამეტი წლისა იყო, როდესაც იგი მეფედ დასვეს. 42. იმეფა სამ თვეს და ათ დღეს იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში. 43. ერთი წლის შემდგომ წააყვანინა იგი ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში უფლის წმინდა ჭურჭლითურთ. 44. გამოაცხადა ციდკია იუდასა და იერუსალიმის მეფედ. ოცდაერთი წლისა იყო ციდკია და იმეფა თერთმეტ წელს. 45. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და ყურს არ უგდებდა იერემია წინასწარმეტყველის წარმოთქმულ სიტყვებს უფლის პირისაგან. 46. მეფე ნაბუქოდონოსორისაგან ღვთის სახელით ფიცით შეკრულმა, დაარღვია ფიცი და განუდგა, გაიფიცხა თავისი ქედი და გული და შელახა უფლის, ისრაელის ღმერთის კანონები. 47. ერის წინამძღვართაც და მღვდლებმაც მრავლად სცოდეს და იბილწეს, გადაამეტეს ყველა ურჯულოთა უწმინდურებას, და შეაგინეს ღვთის კურთხეული ტაძარი იერუსალიმში. 48. მიუვლინებდა მათი მამა-პაპის ღმერთი თავის ანგელოზს და მოუწოდებდა მოქცეულიყვნენ, რადგანაც ინდობდა მათ და თავის სამკვიდრებელს. 49. ისინი კი დასცინოდნენ მის მიერ მოვლინებულთ, და, როცა არ უნდა ელაპარაკნა უფალს, მასხრად იგდებდნენ მის წინასწარმეტყველებას, ვიდრე თავის ხალხზე მისი ურჯულოების გამო განრისხებულმა არ ბრძანა, აღმდგარიყვნენ მის წინააღმდეგ ქალდეველთა მეფენი. 50. მათ მახვილით მოსრეს მათი ჭაბუკები მათივე წმიდა ტაძრის ირგვლივ და არ დაინდეს არც ვაჟი და არც ქალი, არც მოხუცი და არც ჩვილი, არამედ ყველა ხელში ჩაუგდო მათ. 51. უფლის მთელი წმიდა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის კიდობნის ჭურჭელი, და სამეფო საგანძური აიღეს და წარგზავნეს ბაბილონში. 52. დაწვეს უფლის სახლი, დაარღვიეს იერუსალიმის კედლები და მათი ციხე-კოშკები ცეცხლს მისცეს. 53. იავარ-იქმნა ყოველი დიდება მისი; მახვილს გადარჩენილნი წაასხეს ბაბილონში. 54. დაემონენ მას და მის შვილებს სპარსელთა მეფობამდე, რათა აღსრულებულიყო იერემიას მიერ თქმული უფლის სიტყვები: 55. ვიდრე გაიხარებდეს ქვეყანა თავისი შაბათებით, დაიცავს შაბათებს თავისი უდაბურ-ყოფის მთელ ხანს სამოცდაათი წელიწადის გასრულებამდე.
1 . 1. მაშინ სისინესი, კოილე-სირიისა და ფინიკიის მთავარი, ბეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანების კვალზე 2. სათავეში ჩაუდგნენ ამ წმინდა საქმეებს და გულმოდგინედ ეხმარებოდნენ იუდაელთა უხუცესებს და მღვდელმთავრებს. 3. წარმატებით წარიმართა წმინდა საქმე ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით. 4. და აღასრულეს ეს უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით; 5. კიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს - სპარსელ მეფეთა ნებით სრულ იქმნა წმინდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს. 6. შეასრულეს ყველაფერი უცვლელად მოსეს წიგნში დაწერილისამებრ, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან დაბრუნებულმა დანარჩენმა ხალხმა, ვინც მიემხრო მათ. 7. შესწირეს უფლის ტაძრის სატფურებისათვის ასი კურატი, ორასი ვაცი, ოთხასი კრავი; 8. და თორმეტი თხა მთელი ისრაელის ცოდვებისათვის ისრაელის თორმეტი შტოს მთავართა რიცხვის მიხედვით. 9. იდგნენ მღვდლები და ლევიანები, შემოსილნი, შტოთა მიხედვით უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთა წინაშე, შესაბამისად მოსეს წიგნისა, და მეკარენი თითოეულ ბჭესთან. 10. გაამზადეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმედილიყვნენ მღვდლები და ლევიანები. 11. ტყვეობიდან გამოსულთაგან ყველანი არ განწმედილან, რადგან ლევიანები განიწმინდნენ ყველანი ერთად. 12. ამსხვერპლეს პასექი ყველასთვის, ტყვეობიდან დაბრუნებულთათვის და თავიანთი ძმების, მღვდლებისა და თავიანთი თავისთვის. 13. ჭამეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა, ყველამ, ქვეყნის ხალხთა სიბილწეთაგან განდგომილებმა, უფლის მაძიებლებმა. 14. ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს, მოხარულნი ღვთის წინაშე. 15. რადგან შეაცვლევინა აშურელთა მეფეს გადაწყვვდ;ილება მათ შესახებ, რათა განმტკიცებულიყო მათი ხელები უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთათვის.
1 . ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, უთხრა იესომ თავის მოწაფეებს:
2 . "თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
3 . მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.
4 . მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.
5 . მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, ხალხი არ აჯანყდესო.
6 . ბეთანიაში, როცა სიმონ კეთროვანის სახლში იყო იესო,
7 . მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, ალებასტრონით ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა და სუფრასთან მჯდომს თავზე დაასხა.
8 . ამის შემხედვარე მოწაფეებს, ბრაზი მოუვიდათ და ამბობდნენ: "ასე ფუჭად რატომ დახარჯა?
9 . ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის კარგ ფასად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება”.
10 . იესო მიუხვდა და უთხრა მათ: "რას ერჩით ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა.
11 . ღარიბები მუდამ გვერდით გეყოლებათ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.
12 . ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.
13 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ წუთისოფელში, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად”.
14 . მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან წავიდა.
15 . ჰკითხა: "რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?” და მიუწონეს მათ ოცდაათი ვერცხლი.
16 . მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
17 . უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”
18 . მან უთხრა: "წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი, მოახლოვდა ჩემი დრო, შენთან მოვიმზადებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად”.
19 . მოწაფეებიც ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოამზადეს პასექი.
20 . რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
21 . ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.
22 . ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”
23 . ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.
24 . ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.
25 . მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”
26 . ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: "აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
27 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან,
28 . რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.
29 . და მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სამეფოში”.
30 . იგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.
31 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემ გამო, რადგან დაწერილია: დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ფარის ცხვრები.
32 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გალილეისკენ გაგიძღვებით”.
33 . მიუგო პეტრემ მას პასუხად: "ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები”.
34 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.
35 . უთხრა მას პეტრემ: "მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ”. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
36 . მივიდა იესო მათთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: "აქ ისხედით, ვიდრე იქ წავალ და ვილოცებ”.
37 . თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.
38 . მაშინ უთხრა მათ: "სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად”.
39 . ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ”.
40 . მობრუნდა მოწაფეებთან და მძინარენი ნახა ისინი; უთხრა პეტრეს: "ნუთუ ვერ შეძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
41 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
42 . მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
43 . კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ნახა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
44 . მიატოვა ისინი, კვლავ განშორდა და მესამედ ილოცა; ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
45 . მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.
46 . ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.
48 . ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”
49 . მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
50 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
51 . და აჰა, იესოსთან მყოფთაგან ერთ-ერთმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52 . მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.
53 . ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამაჩემს და ახლავე გამომიგზავნოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?
54 . მაშინ როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ეს უნდა მოხდეს?”
55 . და უთხრა იესომ იმ ხალხს: "თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.
56 . მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულდეს წინასწარმეტყველთა წერილები”. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.
57 . იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც მწიგნობრებსა და უხუცესებს მოეყარათ თავი.
58 . ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე; შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
59 . მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,
60 . და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი
61 . და თქვეს: "ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
62 . მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: "არაფერს უპასუხებ? რას მოწმობენ ეს კაცები შენს წინააღმდეგ?”
63 . იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა მას: "ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა?”
64 . უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
65 . მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: "მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.
66 . რას ფიქრობთ?” ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: "სიკვდილის ღირსია”.
67 . მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, ზოგიერთები კი სილას აწნავდნენ.
68 . და ეუბნებოდნენ: "გვიწინასწარმეტყველე ქრისტევ, ვინ დაგარტყა?”
69 . პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: "შენც იესო გალილეველთან იყავი”.
70 . მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.
71 . კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: "ესეც იესო ნაზარეველთან იყო”.
72 . მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
73 . ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: "ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”.
74 . მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
75 . და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.