1 . წავიდა იაკობი თავისი გზით; და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები.
2 . როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: "ეს ღვთის ბანაკია” და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი - ორბანაკი.
3 . გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა.
4 . უბრძანა: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვიყავი და მასთან ვცხოვრობდი აქამდე;
5 . მყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი; და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი ვპოვო შენს თვალში”.
6 . დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: "მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენს შესახვედრად”.
7 . ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები.
8 . თქვა: "ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება”.
9 . და თქვა იაკობმა: "მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.
10 . ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
11 . მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ ამომწყვიტოს.
12 . ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.
13 . ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.
14 . ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,
15 . ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16 . თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.
17 . უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,
18 . მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.
19 . ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:
20 . "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.
21 . და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ; ის ღამე ბანაკში გაათია.
22 . ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე.
23 . აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა.
24 . მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.
25 . როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას.
26 . უთხრა: "გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.
27 . ჰკითხა: "რა გქვია?” უპასუხა: "იაკობი”.
28 . და უთხრა: "ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!”
29 . ჰკითხა იაკობმა: "მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა.
30 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი _ ღვთის ხილვა, რადგან თქვა: "ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.
31 . როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
32 . ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.
1 . კვლავ ბოროტად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის წინაშე; დასაჯა ისინი უფალმა და ორმოცი წლით გადასცა ფილისტიმელთა ხელს.
2 . იყო ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, მანოახი ერქვა; ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა.
3 . გამოეცხადა ამ ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: "აჰა, ბერწი ხარ, შვილი არ გიშვია, მაგრამ დაორსულდები და ძეს შობ.
4 . ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო.
5 . რადგან დაორსულდები და ძეს გააჩენ. სამართებელი ნუ შეეხება მის თავს, ვინაიდან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა მუცლიდანვე; და ის დაიწყებს ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
6 . მივიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: "ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის შეხედულება ჰქონდა, ფრიად შემაძრწუნებელი; არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.
7 . მითხრა: დაორსულდები და ძეს გააჩენო; ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნებაო ეს ყრმა მუცლიდან სიკვდილამდე”.
8 . ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: "გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.
9 . შეისმინა ღმერთმა მანოახის ხმა და ისევ მოვიდა ღვთის ანგელოზი ქალთან; მდელოზე იჯდა, ხოლო მანოახი, მისი ქმარი, მასთან არ იყო.
10 . ისწრაფა ქალმა, გაიქცა და უთხრა ქმარს: "აჰა, გამომეცხადა ის კაცი, იმ დღეს რომ მელაპარაკა”.
11 . ადგა, გაჰყვა თავის ცოლს მანოახი, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: "შენ ხარ ის კაცი, ჩემს ცოლს რომ ელაპარაკა?” უპასუხა: "მე ვარ”.
12 . უთხრა მანოახმა: "აჰა, როცა ახდება შენი სიტყვები, როგორ მოვექცეთ და რა ვუყოთ ყრმას?”
13 . უთხრა მანოახს უფლის ანგელოზმა: "მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ქალს ვუთხარი.
14 . ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, ღვინო და მაგარი სასმელი არ დალიოს და უწმიდური არაფერი შეჭამოს; დაიცვას ყოველივე, რაც ვუბრძანე”.
15 . უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: "დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ”.
16 . უპასუხა მანოახს უფლის ანგელოზმა: "რომც დავყოვნდე, მაინც არ შევჭამ შენს პურს; თუ გინდა უფალს აღუვლინე სრულადდასაწველი”. რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
17 . ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: "რა არის შენი სახელი? როცა ასრულდება შენი სიტყვა, პატივს მოგაგებთ”.
18 . უპასუხა უფლის ანგელოზმა: "სახელს რატომ მეკითხები? საკვირველია იგი”.
19 . და აიყვანა მანოახმა თიკანი, პურეული ძღვენი და კლდეზე აღუვლინა უფალს, სასწაული მოახდინა ანგელოზმა, მანოახი და მისი ცოლი კი უყურებდნენ:
20 . როცა სამსხვერპლოდან ალი ავარდა ზეცისკენ, ალს აჰყვა უფლის ანგელოზი და ამაღლდა; და დაინახეს ეს მანოახმა და მისმა ცოლმა და პირქვე დაემხნენ.
21 . გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ; და მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
22 . უთხრა მანოახმა თავის ცოლს: "სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ”.
23 . მიუგო ცოლმა: "თუ ჩვენი სიკვდილი ენება უფალს, სრულადდასაწველსა და პურეულ ძღვენს არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან და არც ამ ყოველივეს გვახილვინებდა და მოგვასმენინებდა”.
24 . შვა ქალმა ძე და უწოდა სახელად სამსონი; წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.
25 . და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.
1 . ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 . გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
3 . ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
4 . ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
5 . გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6 . ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
7 . ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
8 . ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
9 . მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
10 . აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11 . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
12 . მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
13 . ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
14 . ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
15 . აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
16 . ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
17 . ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
18 . ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
19 . ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
20 . ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
21 . განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22 . ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23 . გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
24 . დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25 . "და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
26 . მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
27 . რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
28 . განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29 . დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
30 . უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31 . უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
1 . ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.
2 . ვხედავდი ხილვაში, რომ დედაქალაქ შუშანში ვიყავი, რომელიც ყელამის ოლქშია; ვხედავდი ხილვაში, რომ მდინარე ყულაის ნაპირზე ვიდექი.
3 . აღვაპყარი თვალები, გავიხედე და, აჰა, ვერძი იდგა მდინარის პირთან; ორი რქა ჰქონდა, ორივე გრძელი, მაგრამ ერთი უფრო გრძელი იყო მეორეზე; გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.
4 . დავინახე, რომ ირქინებოდა ვერძი დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით; ვერც ერთი მხეცი ვერ უდგებოდა წინ, არ იყო ხსნა მისი ხელიდან, რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა და სულ უფრო ძლიერდებოდა.
5 . ვაკვირდებოდი და, აჰა, ვაცი გამოვიდა დასავლეთიდან მთელი დედამიწის ზურგზე, ისე რომ მიწას არ ეხებოდა; და თვალსაჩინო რქა ჰქონდა ვაცს თვალებს შორის.
6 . მიიჭრა იმ რქიან ვერძთან, მე რომ ვნახე მდინარის პირთან მდგომი, გაექანა მისკენ და მძვინვარედ ეკვეთა.
7 . დავინახე როგორ მიადგა ვერძს, როგორ გაშმაგებით ეკვეთა მას, ორივე რქა მოსტეხა და განგმირა ვერძი. ძალა არ ეყო ვერძს, რომ წინააღმდეგობა გაეწია, მიწას დაენარცხა და გაითელა. არავინ იყო მისი ხელიდან ვერძის მხსნელი.
8 . ფრიად განდიდდა ვაცი და როცა გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა და მის ნაცვლად ოთხი რქა ამოვიდა, ცის ოთხი ქარისკენ მიმართული.
9 . ერთი მათგანიდან გამოვიდა პატარა რქა და მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
10 . ცის მხედრობამდე განდიდდა, დედამიწაზე დაანარცხა მხედრობისა და ვარსკვლავთა ნაწილი და გათელა.
11 . იმ მხედრობის მთავრამდეც კი აღზევდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დაემხო მისი საწმიდრის ადგილი.
12 . და მუდმივ მსხვერპლთან ერთად მხედრობაც გადაეცა დანაშაულის გამო. მიწაზე დაანარცხა მან ჭეშმარიტება, თავის ნებისამებრ მოქმედებდა და წარმატებული იყო.
13 . გავიგონე, ერთი წმიდის ლაპარაკი, და მეორე წმიდა ეკითხებოდა მოლაპარაკეს: "როდემდე გაგრძელდება ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლსა და გატიალების სიბილწეზე, ანდა როდემდე იქნება ნებადართული საწმიდრისა და მხედრობის გათელვა?”
14 . მან მითხრა: "ორიათას სამასი მწუხრი და ცისკარი გადაივლის და მაშინ აღორძინდება წმიდა ადგილი”.
15 . რაკი მე, დანიელმა ეს ხილვა ვიხილე, შევეცადე გამეგო და, აჰა, ვიღაც, კაცის მსგავსი დადგა ჩემ წინაშე.
16 . მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: "გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა”.
17 . მოუახლოვდა იგი ჩემს სადგომს და ისე შემაძრწუნა მისმა მოსვლამ, რომ პირქვე დავემხე. მითხრა: "ძეო კაცისავ, იცოდე, რომ ჟამთა აღსასრულს ეხება ხილვა”.
18 . სანამ მელაპარაკებოდა, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს, მაგრამ შემეხო და დამაყენა ჩემს ადგილზე.
19 . მითხრა: "აჰა, გაუწყებ, რაც მრისხანების ბოლოს მოხდება, რადგან განსაზღვრული დროის დასასრულს ეხება ეს.
20 . ვერძი რომ იხილე ორი რქით, მიდიელთა და სპარსთა მეფენი არიან.
21 . ბანჯგვლიანი ვაცი კი საბერძნეთის მეფეა; ხოლო დიდი რქა მის თვალთა შორის პირველი მეფეა.
22 . გადატყდა იგი და სხვა ოთხი ამოვიდა მის ნაცვლად: ოთხი სამეფო აღდგება ამ ხალხებიდან, მაგრამ მათ მისი მსგავსი ძალა არ ექნებათ.
23 . მათი მეფობის ბოლოს, როცა ბოლომდე აღასრულებენ თავიანთ უმართლობას, თავხედი და მზაკვრობაში გამოცდილი მეფე აღდგება.
24 . დიდი იქნება თავის ძლევამოსილებაში, თუმცა არა საკუთარი ძალით, უჩვეულო განადგურებით გაანადგურებს და წარმატებულად იმოქმედებს; გაანადგურებს ძლიერ და წმიდა ხალხს.
25 . ხელთ იპყრობს წარმატებას თავისი მზაკვრული ცბიერების მეშვეობით და აღზევდება საკუთარ გულში; მრავალს გაანადგურებს უსაფრთხო ჟამს და მეფეთ მეფესაც აუმხედრდება, თუმცა, დაემხობა და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
26 . ხილვა მწუხრებისა და ცისკრებისა, რაც ითქვა, ჭეშმარიტია და დაიმარხე ეს ხილვა შენს გულში, ვინაიდან შორეულ დღეებს ეხება იგი”.
27 . მე, დანიელს, ღონე გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი. ბოლოს ავდექი და მეფის საქმეებს მივყავი ხელი. გაოცებული ვიყავი ხილვით და არავინ იყო გამგები.
1 . დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა,
2 . მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
3 . პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.
4 . ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
5 . აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
6 . ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
7 . სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.
8 . უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ.
9 . უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
10 . ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
11 . დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
12 . დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა.
13 . როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.
14 . ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
15 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
16 . უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
17 . ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18 . ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
19 . უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
20 . ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,
21 . ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
22 . შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
23 . შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.
24 . სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
25 . ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
26 . სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
27 . იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
1 . და გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასენელთა მხარეში.
2 . ნავიდან გადმოსვლისთანავე მაშინვე შეხვდა არაწმიდა სულით შეპყრობილი კაცი სამარხებიდან.
3 . სამყოფელი სამარხებში ჰქონდა მას და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შებოჭვა.
4 . აქამდე უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამსხვრევდა; არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
5 . მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში იყო, ღრიალებდა და ლოდებს ეხეთქებოდა.
6 . შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
7 . ხმამაღლა იყვირა და უთხრა: "რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”
8 . რადგან ეუბნებოდა მას იესო: "გადი ამ კაცისგან, არაწმიდა სულო!”
9 . ჰკითხა: "რა არის შენი სახელი?” უპასუხა: "ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ”.
10 . და ძალიან ევედრებოდა, რომ არ გაეძევებინა ისინი იმ არემარედან.
11 . იქვე მთაზე მობალახე ღორების დიდი კოლტი იყო.
12 . ევედრებოდნენ მას და ამბობდნენ: "შეგვრეკე ღორებში, რომ შევიდეთ მათში”.
13 . დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები ღორებში შევიდნენ. კოლტი, დაახლოებით ორიათასამდე ღორი, კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო.
14 . მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს მომხდარი ამბავი; და გამოვიდა ხალხი, რომ ენახა, რა მოხდა.
15 . მოვიდნენ იესოსთან და დაინახეს: ეშმაკეული, ლეგიონი რომ ჰყავდა, შემოსილი და გონთმოსული ზის, და შეშინდნენ.
16 . უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
17 . და დაუწყეს მას ხვეწნა, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო.
18 . როდესაც ნავში ადიოდა, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, თან წამიყვანეო.
19 . მაგრამ ნება არ დართო, არამედ უთხრა: "წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა”.
20 . წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, როგორ მოექცა მას იესო და ყველას უკვირდა.
21 . როცა კვლავ გამოღმა გამოცურა ნავით იესომ, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი.
22 . მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა.
23 . ევედრებოდა და ეუბნებოდა: "ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.
24 . წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა.
25 . და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა,
26 . მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,
27 . მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო.
28 . რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
29 . იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან.
30 . მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: "ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?”
31 . მოწაფეებმა უთხრეს: "ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ: ვინ შემეხოო?”
32 . მიმოიხედა, რათა ამის ჩამდენი დაენახა.
33 . ხოლო ქალი, რომელმაც იცოდა, რაც დაემართა, შიშით ათრთოლებული მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე.
34 . მან კი უთხრა: "ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან”.
35 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავართან და უთხრეს: "შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?”
36 . მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: "ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!”
37 . და არავის დართო ნება წაჰყოლოდა, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
38 . მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.
39 . შევიდა და უთხრა: "რაზე სწუხხართ და შფოთავთ? არ მომკვდარა ბავშვი, არამედ სძინავს”.
40 . დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.
41 . აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”
42 . მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.
43 . მან კი მკაცრად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.
2 . ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;
3 . იოანა, ჰეროდეს სახლმმართველ ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
4 . დიდძალი ხალხი რომ მოგროვდა და ქალაქის მცხოვრებნიც მოვიდნენ, იგავის მეშვეობით ილაპარაკა მან:
5 . "გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6 . ზოგი კლდოვან ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და მაშინვე გახმა, რადგან სინოტივე აკლდა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო.
8 . ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო”. ეს თქვა და დაიძახა: "ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!”
9 . მოწაფეებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს იგავი?
10 . მან თქვა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11 . ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.
12 . გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
13 . კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14 . ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
15 . კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
16 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სალამპრეზე დებენ, რათა სინათლეს ხედავდნენ შემომსვლელნი.
17 . რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18 . ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა; და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს”.
19 . მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ ხალხის სიმრავლის გამო.
20 . შეატყობინეს: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21 . ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.
22 . და იყო, ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო, და გაცურეს.
23 . ცურვისას ჩაეძინა; ტბაზე გრიგალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში ჩავარდნენ.
24 . მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით”. წამოდგა, შერისხა ქარი და ტალღები, დაცხრნენ და მყუდროება ჩამოვარდა.
25 . მაშინ უთხრა მათ: "სად არის თქვენი რწმენა?” ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: "ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?”
26 . გაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარესაა.
27 . ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28 . როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”.
29 . რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.
30 . ჰკითხა მას იესომ: "რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: "ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული;
31 . და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32 . იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება.
33 . გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო.
34 . ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.
35 . გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.
36 . უამბეს მათ, ვინც იხილა, თუ როგორ განიკურნა ეშმაკეული.
37 . შეევედრა გერასენელთა შემოგარენის მთელი ხალხი, რომ გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38 . ხოლო კაცი, ვისგანაც ეშმაკები გავიდნენ, იესოს შეევედრა, წამოგყვებიო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39 . "შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.
40 . იესო რომ დაბრუნდა, ხალხი შეეგება მას, რადგან ყველანი ელოდნენ.
41 . და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო; დაემხო იესოს ფერხთით და შეევედრა, შინ გამომყევიო.
42 . რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. გზად მიმავალ იესოს კი ხალხი აწყდებოდა ზედ.
43 . და იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა; მთელი ქონება ექიმებში დახარჯა, მაგრამ ვერავინ განკურნა.
44 . უკნიდან მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
45 . და იკითხა იესომ: "ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: "მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?”
46 . ხოლო იესომ თქვა: "ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.
47 . დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48 . უთხრა მას: "ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!”
49 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა მას: "შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს”.
50 . იესომ კი ეს რომ მოისმინა, თქვა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება”.
51 . სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შიგნით შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას დედ-მამის გარდა.
52 . ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: "ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”.
53 . ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54 . მან კი დაიჭირა მისი ხელი, შესძახა და თქვა: "გოგონავ, ადექ!”
55 . დაუბრუნდა სული და უცებ წამოდგა, მან კი ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56 . გაოცდნენ ბავშვის მშობლები; ხოლო მან ბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.
1 . და გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი - დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე; ფერხთით მთვარე ჰქონდა, ხოლო თავზე გვირგვინი ედგა თორმეტი ვარსკვლავით.
2 . ფეხმძიმედ იყო და გაჰკიოდა, მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.
3 . სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში - აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა ედგა.
4 . ციდან კუდით წამოითრია ვარსკვლავების მესამედი და დედამიწაზე მოისროლა; დადგა გველეშაპი დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი.
5 . და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით; და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.
6 . დედაკაცი კი უდაბნოში გაიქცა, სადაც მისთვის ღვთის მიერ იყო ადგილი მომზადებული, რათა გამოეკვებათ იქ ათას ორას სამოცი დღე.
7 . შეიქნა ომი ცაში: და ებრძოდნენ მიქაელი და მისი ანგელოზები გველეშაპს; გველეშაპიც შეებრძოლა თავის ანგელოზებთან ერთად,
8 . მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში;
9 . და გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, ეშმაკი და სატანა რომ ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი; და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
10 . და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: "დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;
11 . და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე.
12 . ამიტომ იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვარდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ მცირე დროღა დარჩა.
13 . როცა დაინახა გველეშაპმა, რომ მიწაზე იქნა გადმოგდებული, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა;
14 . და მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში, თავისი ადგილისკენ გასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მიფარებული.
15 . ამოასხა გველმა პირიდან წყალი მდინარესავით დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი.
16 . მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს, და დააღო პირი და შთანთქა მდინარე, გველეშაპმა რომ ამოასხა პირიდან.
17 . განრისხდა დედაკაცზე გველეშაპი და წავიდა, დანარჩენებს რომ შებრძოლებოდა მისი თესლიდან, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს მოწმობა აქვთ. და დადგა ზღვის ქვიშაზე.
1 . 1. დამწუხრებული ვტიროდი და სევდიანად ვლოცულობდი, ვამბობდი: 2. მართალი ხარ, უფალო, და ყოველი შენი საქმე და ყოველი შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება; ჭეშმარიტი და მართალი სამართლით სჯი უკუნისამდე. 3. გამიხსენე მე და მომხედე! ნუ დამსჯი ჩემი ცოდვებისათვის და ჩემი მამა-პაპის უგნურებისათვის, რითაც კი შეგცოდეს, 4. ყურად რომ არ იღეს შენი მცნებანი, რომ მიგვცეს საძარცვავად, დასატყვევებლად და სასიკვდილოდ, საიგავოდ გაგვხადეს ხალხების პირში, რომელთა შორისაც განბნეულნი ვართ. 5. ახლა კი ღირსი ვარ ყოველი შენი სასჯელისა, რომ მომაგო ჩემი და ჩემი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, რადგან არ დავიცავით შენი მცნებები და არ გვივლია სიმართლით შენს წინაშე. 6. ახლა კი შენი ნებისაებრ განმსაჯე მე: ბრძანე ჩემი სულის ამოხდა, რათა აღვესრულო და მიწად ვიქცე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს, რადგან მოვისმინე უსამართლო საყვედური და დიდია ჩემი მწუხარება. ბრძანე, რომ განვთავისუფლდე ამ ბედისწერისაგან საუკუნო ადგილას. ნუ იბრუნებ პირს ჩემგან. 7. იმავე დღეს შეხვდა საყვედურები მამამისის მხევალთაგან მიდიის ეკბატანაში რაღუელის ასულსაც, სარას. 8. შვიდ ქმარს იყო იგი მიცემული. ხოლო ასმოდავსი, ბოროტი სული ხოცავდა მათ, ვიდრე დაიმკვიდრებდნენ მას ცოლად. ეუბნებოდნენ მას: ვერა ხვდები, რომ ღუპავ შენს ქმრებს? უკვე შვიდი გყავდა და მათგან ერთის სახელითაც ვერ იწოდეო. 9. ჩვენ რაღაზე გვტანჯავ? რაკი ისინი დაიხოცნენ. შენც მათ მიჰყევი, ნურასოდეს გვენახოსო შენი ძე ან ასული. 10. ეს რომ მოისმინა, ძლიერ დამწუხრდა. თავის ჩამოხრჩობა მოინდომა, მაგრამ იფიქრა: ერთადერთი ვყავარ მამაჩემს, ეს რომ ჩავიდინო, საყვედურებლად ექნება მას და სიბერე ჯოჯოხეთურ სატანჯველად გადაექცევაო. 11. მივიდა სარკმელთან და თქვა: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულია წმინდა სახელი შენი და დიდებით მოსილია უკუნისამდე. გაკურთხევდეს შენ ყოველი საქმე შენი უკუნისამდე. 12. ახლა, უფალო, შენდამი მომიპყრია თვალნი ჩემნი და პირი ჩემი. 13. გთხოვ დამიხსნა ამ წუთისოფლიდან, მეტად რომ აღარ ვისმენდე ამ საყვედურებს. 14. შენ უწყი, უფალო, რომ უბიწო ვარ კაცის ყველანაირ ცოდვისაგან. 15. არ წამიბილწავს სახელი ჩემი და არც სახელი მამაჩემისა. ჩემი ტყვეობის ქვეყანაში მხოლოდშობილი ვყავარ მამაჩემს და არა ჰყავს მას ვაჟიშვილი, რომ მისი მემკვიდრე იყოს. არც ძმა ჰყავს ახლობელი, არც ძმისწული, ცოლად რომ შევუნახო თავი. უკვე შვიდი ქმარი დამეღუპა. რაღასთვის ვიცოცხლო? და თუ არ მიმეტებ სასიკვდილოდ, მომხედე და შემიწყალე, რომ მეტად აღარ ვისმენდე საყვედურებს. 16. შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.
1 . 1. მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი. =2.5.28. 2. მითხრა: ამ წუთისოფელს ჩაწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ? 3. ვთქვი, ასეა-მეთქი, ჩემო უფალო. მიპასუხა: სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ. 4. თუ ამათგან ერთზე მაუწყებ რასმე, მეც გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს, და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული. 5. ვთქვი; მაუწყე-მეთქი, ჩემო უფალო, და მაუწყა: მოდი, ამიწონე ცეცხლი, ან გამიზომე ქარის ქროლვა, ან უკუიხმე დღე, რომელიც გავიდა. 6. ვუპასუხე და ვუთხარი: დაბადებულთაგან ვის შეუძლია ამის გაკეთება, რასაც მთხოვ-მეთქი? 7. მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს ზემოთ, ან რომელია სამოთხის შესასვლელები-მეთქი, 8. მეტყოდი: არც ქვესკნელში, არც ჯოჯოხეთში არასდროს ჩავსულვარ, არც ზეცად ავმაღლებულვარო. 9. ამიტომაც გკითხე ცეცხლისა და ქარის თაობაზე ან დღეებზე, რომლებიც გამოგივლია, და რომელთაგან არ შეგიძლია გამოცალკევება; შენ კი ვერ მიპასუხე. 10. მითხრა: რაც სიყრმიდანვე თან გახლავს, ის ვერ შეიმეცნე 11. და, აბა, როგორ შეუძლია მოიცვას შენმა ჭურჭელმა უზენაესის გზა, და ამ, უკვე გახრწნილ წუთისოფელში მყოფმა როგორ შეიმეცნოს უხრწნელება ჩემს წინაშე? 12. მე ვუთხარი: უმჯობესი იქნებოდა არ გავჩენილიყავით, ვიდრე უკეთურებებში გაგვეტარებინა ცხოვრება, გვეწვალა და არ გვცოდნოდა რისთვის-მეთქი. 13. ხოლო მიპასუხა: წავედი მინდვრის ტყეში და აჰა, ბჭობდნენ ერთმანეთში ხეები, 14. ამბობდნენ: მოდით, ზღვაზე გავილაშქროთ, რათა უკუიქცეს ჩვენგან და ტყისთვის ახალი ადგილები მოვიპოვოთო. 15. მსგავსადვე ზღვის ტალღებიც ბჭობდნენ ერთმანეთში, ამბობდნენ: მოდით, წავიდეთ, დავლაშქროთ მინდვრის ტყეები, რათა იქაც დავიმკვიდროთ ჩვენთვის ახალი ადგილებიო. 16. მაგრამ ამაო აღმოჩნდა ტყის განზრახვა, რადგან მოვიდა ცეცხლი და შთანთქა იგი. 17. ასე დაემართა ზღვის ტალღებსაც: ქვიშა გადაუდგა წინ და არ გაუშვა. 18. შენ რომ ყოფილიყავი მათი მსაჯული, ვის გაამართლებდი, ან ვის დასდებდი მსჯავრს? 19. მივუგე და ვთქვი: ფუჭი იყო ორივეს ბჭობა: მიწა ტყისთვისაა განკუთვნილი, და ზღვას კი თავისი ადგილი აქვს ტალღების სატარებლად. 20. მომიგო და თქვა: სწორად განსაჯე. რატომ არ განსაჯე ასე საკუთარი თავი? 21. როგორც მიწა ტყისთვის არის მოცემული და ზღვა - მისი ტალღებისთვის, ასევე, მიწის მკვიდრს მხოლოდ მიწაზე არსებულის შემეცნება შეუძლია; ცის მკვიდრთ კი იმისა, რაც ცაშია. 22. მივუგე და ვთქვი: გევედრები, უფალო, მომენიჭოს შემეცნების უნარი. 23. მე ხომ არ გეკითხები შენს უზენაეს საქმეებზე, არამედ იმაზე, რასაც ყოველდღე განვიცდით ჩვვნ: თუ რატომ მიეცა ისრაელი ხალხებს საგინებლად? ხალხი, რომელიც შეიყვარე, უღვთოთა ხელშია ჩაგდებული, ჩვენი წინაპრების რჯული დასაღუპადაა განწირული და აღარსად არსებობს დაწერილი მცნებები. 24. კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ. 25. მაგრამ რას უზამს თავის სახელს, რომელიც დაგვერქვა ჩვენ. აი, ეს არის ჩემი საკითხავი. 26. მომიგო და თქვა: რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები; რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი. 27. ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული: რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე. 28. ამაზე მეკითხები და გეტყვი: დათესილია ბოროტება და ჯერ არ დამდგარა მისი ამოძირკვის ჟამი. 29. ამიტომაც, თუ არ განადგურდა, რაც დათესილია, და არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი. 30. რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს. 31. განსაჯე შენთვის: უკეთურების რამდენ ნაყოფს გამოიღებს ბოროტების თესლის მარცვალი 32. და რა ფართო იქნება კალო, როცა უთვალავი თავთავი მოიმკება. 33. ვკითხე და ვთქვი: როდის და როგორ-მეთქი? რატომ არის ხანმოკლე და მძიმე ჩვენი წლები-მეთქი? 34. მიპასუხა და მითხრა: ნუ გაუსწრებ უზენაესს; ამაოდ ცდილობ გაუსწრო მას, რაც უნდა შორს იყო წასული. 35. განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი? 36. ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი; =2.5.27. 37. საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული. 38. მე ვუპასუხე: მბრძანებელო, უფალო, ჩვენც ყველანი ხომ აღსავსენი ვართ უკეთურებით? 39. იქნებ ჩვენს გამო არ აღვსებულა მართალთა კალოები, მიწის მკვიდრთა ცოდვების გამო? 40. ხოლო მან მიპასუხა და თქვა: წადი და ჰკითხე ფეხმძიმეს, თუ შეძლებს მისი საშო ნაყოფის შეკავებას, როცა ცხრა თვე შესრულდება-თქო? 41. მე ვთქვი: ვერ შეძლებს, უფალო. მან მითხრა: საშოს მსგავსია ქვესკნელში სულთა სამყოფელნი. 42. როგორც ჩქარობს მშობიარე მოითავოს შობის აუცილებლობა, ასევე ჩქარობს ისიც გასცეს, რაც მინდობილი აქვთ დასაბამიდან. 43. გამოგეცხადება ყველაფერი, რისი ხილვაც გსურს. 44. მე ვუპასუხვ და ვთქვი: თუკი ვპოვე მადლი შენს თვალში, თუ შესაძლებელია და თუ ღირსი ვარ, 45. გამომიცხადე, მეტია თუ არა მომავალი წარსულზე, ან თუ აღემატება განვლილი მომავალს? 46. რაც განვლილია, ვიცი; რაც მომავალია, არ ვუწყი. 47. მან მითხრა: დადექი მარჯვენა მხარეს და მსგავსების განმარტებას გამოგიცხადებ. 48. მეც დავდექი და დავინახვ: აჰა, ჩამიარა გავარვარებულმა ქურამ. ალმა რომ ჩაიარა, დავინახე, აჰა, დარჩა კვამლი. 49. შემდეგ ჩამიარა წყლით სავსე ღრუბელმა და მოვიდა მძაფრი წვიმა; წვიმამ რომ ჩაიარა, წვეთები დარჩა ღრუბელში. 50. და მითხრა: იფიქრე შენთვის: როგორც წვიმა აღემატება წვეთებს და ცეცხლი - კვამლს, ასე წარსულმა გადააჭარბა მომავალს; ხოლო წვეთები და კვამლი კი დარჩა. 51. ხოლო მე შევღაღადე და ვთქვი: როგორ ფიქრობ, მოვესწრები-მეთქი ამ დღეებს? ან რა იქნება-მეთქი მაშინ? 52. მიპასუხა და მითხრა: ნიშნები, რომლებზეც მეკითხები, ნაწილობრივ შემიძლია განგიმარტო; მაგრამ არა ვარ გამოგზავნილი იმისთვის, რომ შენს სიცოცხლეზე გელაპარაკო; რადგან არ ვიცი.
1 . 1. ახლა ნიშანთა თაობაზე: აჰა, მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში, დაიფარება გზა ჭეშმარიტებისა და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა. 2. გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხედავ და ვიდრე ოდესმე გსმენია; 3. სამეფო, რომელსაც ახლა გამართულს ხედავ, უკაცრიელი და უვალი გახდება და გაუდაბურებულს იხილავენ. 4. თუ უზენაესი მოგანიჭებს სიცოცხლეს, ამას იხილავ მესამე საყვირის შემდეგ; უეცრად გაანათებს მზე ღამეს და დღეში სამჯერ გამოჩნდება მთვარე. 5. ხიდან იწვეთებს სისხლი და ქვა გამოიღებს ხმას, და შეძრწუნდებიან ხალხები. 6. გამეფდება, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი, და ერთად გადაიხვეწებიან ფრინველები. 7. სოდომის ზღვა გამორიყავს თევზებს და ხმას გამოსცემს ღამე, რასაც ბევრი ვერ მიხვდება, თუმცა მის ხმას ყველა გაიგონებს. 8. იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ ცეცხლი და ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს დააჩენენ. 9. მტკნარი წყლები მლაშედ იქცევა და მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს; მაშინ დაიფარება გონება და განცალკევდება სიბრძნე თავის სამყოფელში. 10. ბევრი დაუწყებს მას ძებნას და ვერ იპოვის და გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე. 11. შეეკითხება ქვეყანა თავის მეზობელს და ეტყვის: ხომ არ გამოუვლია შენზე სამართლიანობას ან სამართლისმყოფელსო? არაო, მიუგებს. 12. მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ: იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები. 13. ნება მომეცა, რომ ეს ნიშნები გაგიმხილო. და კვლავაც თუ ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა, და იმარხულებ შვიდ დღეს, მოისმენ ამაზე მეტსაც. 14. გამოვფხიზლდი და ტანი მიცახცახებდა; ისე იყო დამაშვრალი ჩემი სული, ლამის წამსვლოდა. 15. მაშინ შემეწია ანგელოზი, რომელიც მომევლინა, რომელიც მელაპარაკებოდა, გამამხნევა და ფეხზე დამაყენა. 16. მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალათიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე; 17. ნუთუ არ იცი, რომ შენზეა მონდობილი ისრაელი თავისი გადასახლების ქვეყანაში? 18. მაშ, ადექი და იგემე პური და ნუ გაგვწირავ, როგორც მწყემსი თავის ფარას ბოროტი მგლების ხელში. 19. ვუთხარი: განვედი ჩემგან და ნუ მომიახლოვდები-მეთქი. მან გაიგონა ჩემი ნათქვამი და გამეცალა. 20. შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა. 21. შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ კვლავ დამიმძიმდა გულის ფიქრები. 22. მაშინ კვლავ მიიღო ჩემმა სამშვინველმა გონების სული და კვლავაც ღირსი შევიქენი საუბრისა უზენაესის წინაშე. 23. ვთქვი: მბრძანებელო უფალო, დედამიწის ტყეებისა და მის ხეთა შორის შენ ერთადერთი ვაზი აირჩიე; 24. დედამიწის ყველა ადგილს შორის ერთი მღვიმე აირჩიე, დედამიწის ყველა ყვავილს შორის ერთი შროშანი აირჩიე, 25. ზღვის ყველა უფსკრულიდან ერთი მდინარე აივსე შენთვის, ყველა აშენებულ ქალაქს შორის სიონი აკურთხე შენთვის, 26. ყველა შექმნილ ფრინველს შორის ერთადერთი მტრედი დაასახელე, შენ მიერ გამოსახულ ყველა პირუტყვს შორის ერთი ცხვარი განიკუთვნე, 27. ყველა მრავალრიცხოვან ხალხს შორის ერთი ხალხი შეიძინე და ყველასგან მოწონებული რჯული მიეცი ხალხს, რომელიც შეიყვარე. 28. მაგრამ ახლა, უფალო, ერთი მრავალს რად ჩაუგდე ხელში? ერთ ძირზე სხვები გაგიმზადებია და მრავალში გაგიფანტავს შენი ერთადერთი. 29. ფეხით გათელეს იგი მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ შენს აღთქმებს, ვისაც არ სწამდა შენი დაპირებებისა. 30. თუ ასე შეიძულე შენი ხალხი, ბარემ შენი ხელითვე დაისაჯოს. 31. ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამით იყო ჩემთან მოსული. 32. მითხრა: მისმინე და დაგარიგებ; ყური მიგდე და უფრო მეტს გეტყვი. 33. ვთქვი: ილაპარაკე-მეთქი, ჩემო უფალო. მითხრა: მეტისმეტად ბევრს ფიქრობ ისრაელზე. ნუთუ შენს შემოქმედზე მეტად გიყვარს? 34. ვუთხარი: არა, უფალო, შეწუხებული ვლაპარაკობ-მეთქი. რაკი ყოველწამს ნაწლავები მიშფოთავს უზენაესის ბილიკთა შეცნობის მოწადინეს, მისი სამართლის თუნდაც მცირედი წილის მაძიებელს-მეთქი. 35. მითხრა: ვერ შეძლებ. ვკითხე: რატომ-მეთქი, უფალო? რისთვის გავჩნდი, ან რად არ მექცა დედაჩემის საშო საფლავად, რომ იაკობის ტანჯვა და ისრაელის მოდგმის ჭაპანწყვეტა არ მეხილა-მეთქი? 36. მითხრა: დამითვალე, რაც ჯერ არ შემოსულა, შემიგროვე გაბნეული წვეთები, და ხელახლა ამიმწვანე დამჭკნარი ყვავილები, 37. გამიღე დაკეტილი საცავები და გამომიყვანე მათში ჩამწყვდეული ქარები, მაჩვენე ხმის ხატი და მეც გიჩვენებ ტანჯვას, რომლის ხილვასაც ითხოვ. 38. ვთქვი: მბრძანებელო უფალო, ვინ არის ის, ვისაც ამის ცოდნა ძალუძს, თუ არა იგი, ვისაც არა აქვს ადამიანებთან სამკვიდრებელი? 39. მე კი უმეცარმა რა გიპასუხო შენს შეკითხვებზე? 40. მითხრა: რაკი ერთიც ვერ შეასრულე ამ ნათქვამებიდან, ასევე ვერ შესძლებ ჰპოვო ჩემი სამართალი ან ის საბოლოო მადლი, რომელიც ხალხს აღვუთქვი. 41. ვთქვი: მაგრამ, აჰა, უფალო, შენ ახლოს ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ, ან ჩვენ, ან მათ, ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან? 42. მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს, არც უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე. 43. ვუპასუხე და ვთქვი: ნუთუ ვერ შეძლებ ერთად ქმნა ყველა, ვინც ყოფილა, ვინც არის და ვინც იქნება, რათა უფრო სწრაფად გააცხადო შენი სამართალი? 44. მიპასუხა და თქვა: არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო აჩქარდეს; ვერც წუთისოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს, რაც მასშია შესაქმნელი. 45. ვთქვი: მაშ, როგორ უთხარი შენს მორჩილს, რომ შენ, ცხოველმყოფელმა, ერთბაშად მიანიჭე სიცოცხლე შენს ქმნილებას და აიტანა ეს ქმნილებამ. ახლაც შეძლებდნენ ერთბაშად ამის ატანას ამჟამად არსებულნიც. 46. მითხრა: ჰკითხე დედაკაცის საშოს და უთხარი: თუკი ბადებ, რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ-თქო? მოსთხოვე, ბარემ ათივე ერთბაშად გააჩინოს. 47. ვთქვი: ვერაფრით შეძლებს, მხოლოდ დროგამოშვებით თუ შესძლებს-მეთქი. 48. მითხრა: და მეც მივეცი იმათ მიწის საშო, ჟამიდან ჟამზე რომ ითესებიან მასში. 49. როგორც ჩვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი. 50. შევეკითხე და ვთქვი: რაკი გზას მაძლევ, ამას გეტყოდი: ჩვენი დედა, ვისზეც მელაპარაკე, ჯერაც ახალგაზრდაა, თუ სიბერეში შევიდა უკვე? 51. მიპასუხა და თქვა: ჰკითხე მას, ვინც ბადებს და გეტყვის. 52. უთხარი: რატომ არ გვანან ისინი, ვინც ახლახან გააჩინე, წინათ გაჩენილებს? რატომ არიან უფრო ტანმორჩილნი-თქო? 53. თავად გეტყვის: სხვანი არიან ისინი, ვინც ჭაბუკური ძალით გავაჩინე და სხვანი არიან, ვინც სიბერის ხანაში, საშოს დაუძლურებისას იშვნენ. 54. თავად განსაჯე: თქვენ ხომ მათზე ტანმორჩილნი ხართ, ვინც თქვენს წინ იყვნენ. 55. შენი შემდგომნი კი შენზე კნინები იქნებიან, როგორც ქმნილებანი დაბერებულთა და სიჭაბუკის ძალაგამოცლილთა. მაშინ ვთქვი: გთხოვ, უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, აჩვენე შენს მორჩილს, როგორ ეცხადები შენს ქმნილებას?