1 . შინყარის მეფის, ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედორლაღომერმა, ყელამის მეფემ და თიდყალმა, გოიმის მეფემ,
2 . ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
3 . ყველანი სიდიმის ველზე შეიკრიბნენ, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
4 . თორმეტ წელს ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს აუჯანყდნენ.
5 . მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი, მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და დაამარცხა რეფაიმელნი ყაშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელნი - ჰამში, ემიელნი - შავეკირიათაიმში.
6 . ხორიელები კი - სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
7 . უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, რომელიც კადეშშია და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, ასევე ამორელნიც, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი.
8 . და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა.
9 . ყელამის მეფე ქედორლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.
10 . და იყო სიდიმის ველზე უამრავი ფისოვანი ორმო; და შიგ ჩაცვივდნენ უკუქცეული სოდომისა და გომორას მეფენი; დანარჩენები კი მთებში გაიქცნენ.
11 . და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.
12 . ლოტიც, აბრამის ძმისწულიც წაიყვანეს, მთელი მისი ქონებითურთ და წავიდნენ.
13 . და მოვიდა ერთი ლტოლვილი ებრაელ აბრამთან და შეატყობინა ეს ამბავი. მაშინ იგი ამორელი მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმის მუხნარში ბინადრობდა; აბრამის მოკავშირენი იყვნენ ისინი.
14 . როცა აბრამმა მისი ძმისშვილის დატყვევების ამბავი გაიგო, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი კაცი და სდია მტერს დანამდე.
15 . გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
16 . დაიბრუნა მთელი ქონება და თავისი ძმისშვილი ლოტიც, მისი ქალებითა და ქონებითურთ.
17 . გამოეგება სოდომის მეფე შავეს ველზე, რომელსაც ახლა სამეფო ველს უწოდებენ, ქედორლაღომერსა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
18 . და გამოუტანა პური და ღვინო მელქისედეკმა, შალემის მეფემ; და იყო ის უზენაესი ღმერთის მღვდელი.
19 . აკურთხა იგი და თქვა: "კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.
20 . კურთხეულია უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტრები”. და მისცა მას აბრამმა მეათედი ყოველივედან.
21 . უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: "ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე”.
22 . უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: "აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, უზენაესი ღმერთისადმი, ცისა და დედამიწის მფლობელისადმი,
23 . რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო - მე გავამდიდრეო აბრამი!
24 . გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ხვდათ წილად; ყანერმა, ეშქოლმა და მამრემ თავ-თავიანთი წილი წაიღონ”.
1 . და მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს ფარას. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღმერთის მთას, ხორებს.
2 . და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: "ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3 . თქვა მოსემ: "მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი”.
4 . იხილა უფალმა, რომ მობრუნდა მოსე სანახავად და მოუწოდა მას ღმერთმა მაყვლოვანის შუაგულიდან: "მოსე! მოსე!” უთხრა: "აქა ვარ”.
5 . უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.
6 . უთხრა: "მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა”. სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა ღვთის ხილვისა.
7 . უთხრა უფალმა: "ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
8 . და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
9 . აჰა, მოაღწია ჩემამდე ისრაელის შვილთა ღაღადმა და ვიხილე ჩაგვრაც, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ.
10 . ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან”.
11 . უთხრა მოსემ ღმერთს: "ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”
12 . უთხრა ღმერთმა: "მე ვიქნები შენთან და აი, ნიშანი შენთვის, რომ მე მიგავლინე: გამოიყვან რა ხალხს ეგვიპტიდან, ამ მთაზე სცემთ თაყვანს ღმერთს”.
13 . უთხრა მოსემ ღმერთს: "აჰა, მივდივარ ისრაელის შვილებთან და ვეტყვი მათ: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და თუ მკითხეს რა არისო მისი სახელი? რა ვუპასუხო?”
14 . უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ”. და თქვა: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: ‘მე ვარ’-მა მომავლინა-თქო თქვენთან”.
15 . კიდევ უთხრა ღმერთმა მოსეს: "ასე უთხარი ისრაელის შვილებს: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაჰამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ესაა საუკუნოდ ჩემი სახელი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16 . წადი და შეკრიბე უხუცესნი ისრაელისა და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა; ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა, და მითხრა: გაგიხსენეთ თქვენ და ვიხილე, როგორ გექცევიან ეგვიპტეში.
17 . და ვთქვი, რომ გამოგიყვანდით ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში; ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
18 . შეისმენენ შენს ნათქვამს, მიხვალ ეგვიპტის მეფესთან ისრაელის უხუცესებთან ერთად და ეტყვით მას: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა; გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფლისთვის, ჩვენი ღმერთისთვის.
19 . ვიცი, რომ არ დაგრთავთ ეგვიპტის მეფე წასვლის ნებას, თუ მაგარი ხელით არ ვაიძულებ.
20 . გავიწვდი ხელს და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რომელთაც მოვახდენ მის შუაგულში; და ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21 . მადლს ვაპოვნინებ ამ ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და როცა გამოხვალთ, არ იქნებით ხელცარიელნი.
22 . ითხოვოს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი მდგმური ქალისგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი და სამოსელი; შემოსეთ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი და ასე გაძარცვეთ ეგვიპტელნი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2 . "თვეთა დასაბამად იყოს თქვენთვის ეს თვე; პირველი იყოს ის თქვენთვის წლის თვეებში.
3 . ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.
4 . და თუ კრავის შესაჭმელად მცირერიცხოვანია სახლეული, მაშინ შეუამხანაგდეს კარის მეზობელს სულადობისამებრ; ივარაუდეთ, ვინ რამდენს შეჭამს.
5 . უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6 . შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.
7 . აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.
8 . იმ ღამეს ჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი; ხმიადებით და მწარე მწვანილეულით ჭამონ იგი.
9 . არ ჭამოთ უმი ან წყალში მოხარშული, არამედ ცეცხლზე შემწვარი - თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10 . დილისთვის ნურაფერს მოირჩენთ; თუ დარჩა რამე - ცეცხლში დაწვით.
11 . ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
12 . გავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და გავგმირავ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და განვსჯი ეგვიპტის ყოველ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13 . იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
14 . დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული.
15 . შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.
16 . პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17 . დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
18 . პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.
19 . შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან - ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.
20 . საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.
21 . მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: "წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.
22 . აიღეთ უსუპის კონა, ამოაწეთ სისხლიან ჯამში და სცხეთ სისხლი რომელიც ჯამშია კარის ზედა ძელს და ორივე წირთხლს. დილამდე არავინ გახვიდეთ სახლიდან.
23 . რადგან უფალი გაივლის ეგვიპტის შესამუსრად, იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე, და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და უფლებას არ მისცემს გამანადგურებელს თქვენს შესამუსრად შემოვიდეს თქვენს სახლებში.
24 . წესად დაიცავთ ამას, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის სამარადისოდ.
25 . და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.
26 . და იქნება, რომ გკითხავენ თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ?
27 . ეტყვით: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის შვილთა სახლებს ეგვიპტეში, როდესაც შემუსრა მან ეგვიპტე და გადაარჩინა ჩვენი სახლები”. და მოიდრიკა ხალხი და თაყვანი სცა.
28 . წავიდნენ ისრაელის შვილები და აღასრულეს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს, ისე აღასრულეს.
29 . და შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან, საპყრობილეში მყოფი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30 . ადგნენ ღამით ფარაონი თავის მორჩილებთან ერთად და ყველა ეგვიპტელი; და იყო დიდი გოდება ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
31 . ღამითვე იხმო ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ადექით, გადით ჩემი ხალხისგან, თქვენ და ისრაელის შვილები, წადით და ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
32 . თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც წაასხით, როგორც ამბობდით; წადით და მეც მაკურთხეთ”.
33 . და აიძულებდნენ ეგვიპტელები ხალხს, რომ სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.
34 . წაიღო ხალხმა თავისი ცომი, სანამ გაფუვდებოდა, ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
35 . მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის შვილები, ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
36 . მადლი აპოვნინა უფალმა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ათხოვეს, რაც ითხოვეს; ასე გაძარცვეს ეგვიპტელნი.
37 . და გაემგზავრნენ ისრაელის ძენი რაყმესესიდან სუქოთისკენ, ექვსასი ათასამდე ფეხოსანი მამაკაცი, გარდა ბავშვებისა.
38 . უცხოტომელთა მრავალრიცხოვანი ბრბო გამოვიდა მათთან ერთად და წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ფრიად დიდი ჯოგი.
39 . და გამოაცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისგან ხმიადის კვერები. ცომი არ იყო გაფუებული, რადგან სწრაფად განდევნეს ეგვიპტიდან; საგზლის გასამზადებლადაც კი ვერ დაყოვნდნენ.
40 . ოთხასოცდაათი წელია ისრაელის ძეთა ეგვიპტეში ყოფნის ხანი.
41 . ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
42 . მღვიძარების ღამე იყო ეს უფლისათვის, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. უნდა იდღესასწაულონ ეს ღამე ისრაელის ძეებმა თაობიდან თაობაში.
43 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
44 . ფულით ნაყიდმა ყოველმა მსახურმა ჭამოს, მას შემდეგ, რაც წინადაცვეთ.
45 . ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამოს.
46 . ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.
47 . ისრაელის მთელმა თემმა დაიცვას ეს წესი.
48 . თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და მოინდომა უფლის პასექის გამზადება, წინადაიცვითოს მისმა ყოველმა მამაკაცმა და მერე შეუდგეს წესის შესრულებას; და შეირაცხება იგი ქვეყნის მკვიდრად; წინადაუცვეთელმა არავინ ჭამოს.
49 . ერთი სჯული ჰქონდეს მკვიდრსა და მდგმურს თქვენ შორის”.
50 . და გააკეთეს ყოველივე ისრაელის შვილებმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და აჰარონს.
51 . სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.
1 . "თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.
2 . თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, რამდენსაც იმსახურებს.
3 . ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
4 . პირს ნუ აუკრავთ ხარს ლეწვისას.
5 . თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი.
6 . პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.
7 . თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა.
8 . დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო,
9 . მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას.
10 . და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში.
11 . თუ კაცები ერთმანეთს ეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,
12 . ხელი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
13 . ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
14 . ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.
15 . სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
16 . რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყველა, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის.
17 . გახსოვდეს, როგორ მოგექცა ყამალეკი გზაზე, როცა გამოდიოდი ეგვიპტიდან,
18 . გზაზე რომ დაგხვდა და შეგიმუსრა დაქანცულები უკანა რიგებში, შენ კი დაღლილი იყავი და ღონემიხდილი; და არ შეეშინდა მას ღვთისა.
19 . როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისგან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, აღგავე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან და არ დაივიწყო ეს!
1 . ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.
2 . მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: "ყველაფერი ნახეთ, რაც ეგვიპტის ქვეყანაში თქვენს თვალწინ დამართა უფალმა ფარაონს, მის ყველა მსახურსა და მთელ ქვეყანას;
3 . დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ნიშნები და დიდი სასწაულები.
4 . და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები მოსასმენად.
5 . ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში: არ გაგცვეთიათ სამოსი და ფეხსაცმელი.
6 . პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7 . მოხვედით ამ ადგილამდე და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე, და დავამარცხეთ ისინი.
8 . ავიღეთ მათი ქვეყანა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
9 . დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10 . ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე: ტომთა თავკაცები, უხუცესები, ზემდგომები და ისრაელის ყოველი კაცი;
11 . თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,
12 . რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი,
13 . რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
14 . არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს,
15 . არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.
16 . რადგან იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოიარეთ.
17 . ნანახი გაქვთ მათი სისაძაგლენი, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც აქვთ მათ.
18 . ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.
19 . რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.
20 . არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21 . გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22 . და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:
23 . გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.
24 . იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25 . და იტყვიან: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა, რომელიც დადო მათთან, როცა გამოჰყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან.
26 . წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27 . და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.
28 . და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
29 . დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.
1 . როცა, იორდანეს გამოღმა, დასავლეთისკენ მცხოვრები ამორელებისა და ზღვისპირა ქანაანელების მეფეებმა გაიგეს, როგორ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გადალახავდნენ, შეუკრთათ გული და მხნეობა აღარ შერჩათ ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
2 . უთხრა უფალმა იმ დროს იეშუას: "გაიკეთე ბასრი დანები და კვლავ წინადაცვითე ისრაელის ძენი”.
3 . გაიკეთა იეშუამ ბასრი დანები და წინადაცვითა ისრაელის ძენი, ჩუჩის ბორცვთან.
4 . აი, რის გამო წინადაცვითა იეშუამ: ყოველი მამრი, ბრძოლისუნარიანი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, უდაბნოს გზაზე დაიხოცა, მას მერე, რაც გამოვიდნენ ეგვიპტიდან.
5 . წინადაცვეთილი იყო ეგვიპტიდან ყოველი გამომსვლელი, ხოლო ყველა, ვინც გამოსვლის შემდეგ დაიბადა უდაბნოში, არ ყოფილა წინადაცვეთილი.
6 . რადგან ორმოცი წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
7 . ამ ურჩი თაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა; სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში.
8 . დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა და დარჩნენ განკურნებამდე თავის ადგილებზე ბანაკში.
9 . უთხრა უფალმა იეშუას: "დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი”. და დღემდე ამიტომ ეწოდება ამ ადგილს სახელად გილგალი.
10 . დაიბანაკეს ისრაელის ძეებმა გილგალში და აღასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოს, იერიხოს ველებზე.
11 . პასექის მეორე დღეს კი ჭამეს ამ მიწის ნაყოფთაგან ხმიადი და იმავე დღეს - მოხალული მარცვლეული;
12 . და შეწყდა მანნა მას შემდეგ, მეორე დღეს, რაც შეჭამეს მიწის ნაყოფი; აღარ ყოფილა ისრაელიანთათვის მანნა და ჭამდნენ იმ წელს ქანაანის მოსავალს.
13 . აღაპყრო იეშუამ თვალი იერიხოში ყოფნისას და აჰა, კაცი იდგა მის წინაშე და გაშიშვლებული მახვილი ეპყრა ხელთ; წავიდა იეშუა მისკენ და ჰკითხა: "ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგე?”
14 . უპასუხა: "არა, უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი”. პირქვე დაემხო იეშუა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: "რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?”
15 . უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: "გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა”. ასეც მოიქცა იეშუა.
1 . როცა ესმათ იორდანეს გაღმა მთაში და დაბლობზე მყოფ მეფეებს, დიდი ზღვის მთელ სანაპიროზე ლიბანამდე - ხეთელებს, ამორელებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს,
2 . ერთად შეიკრიბნენ იეშუასა და ისრაელთან შესაბრძოლებლად.
3 . გაბაონის მკვიდრთაც გაიგეს, რაც დამართა იეშუამ იერიხოსა და ჰაღაის.
4 . და ცბიერად მოიქცნენ: ადგნენ და საგზალი დაიმზადეს, თითქოს ელჩები იყვნენ, აჰკიდეს სახედრებს ძველი, დახეთქილი და დაკერებული ტომრები და ღვინის ტიკები,
5 . ფეხზე გაცვეთილი ქალამნები ჩაიცვეს და ტანზე დაკერებულ-დაძველებული სამოსი შეიმოსეს; საგზლის მთელი პურიც გამხმარი და დაობებული იყო.
6 . მივიდნენ გილგალში დაბანაკებულ იეშუასთან და უთხრეს მას და მთელს ისრაელს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით და აღთქმა დაგვიდეთ ახლა”.
7 . უპასუხეს ისრაელიანებმა ხიველებს: "იქნებ ჩვენს ახლოს ცხოვრობთ და აღთქმა დაგიდოთ?”
8 . უთხრეს იეშუას: "შენი მსახურნი ვართ”. ჰკითხა მათ იეშუამ: "ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?”
9 . მიუგეს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვიდნენ შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდება და ყოველივე, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა.
10 . ყველაფერი, რაც ამორელთა ორ მეფეს დამართა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ: სიხონს, ხეშბონის მეფეს და ყაშთაროთელ ყოგს, ბაშანის მეფეს.
11 . გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყოველმა მკვიდრმა: საგზალი მოიმარაგეთ, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: თქვენი მსახურნი ვართ და აღთქმა დაგვიდეთ-თქო ახლა.
12 . ეს ჩვენი პური ჯერ კიდევ თბილი იყო იმ დღეს, როცა სახლებიდან თქვენთან შესახვედრად წამოვედით; აჰა, ახლა გამხმარი და დაობებულია.
13 . ეს ღვინის ტიკებიც, როცა ავავსეთ, ახლები იყო და, აჰა, დამსკდარია; ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც შემოგვაცვდა შორი გზის გამო”.
14 . აიღეს კაცებმა მათი საგზლიდან და არ დაეკითხნენ უფალს.
15 . შეუთანხმდა მათ იეშუა სამშვიდობოდ და ცოცხლად დატოვების აღთქმა დაუდო; შეჰფიცეს თემის მთავრებმაც.
16 . აღთქმის დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ ახლოს ყოფილან და მათ სიახლოვეს ცხოვრებულან.
17 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და მივიდნენ მესამე დღეს მათ ქალაქებში - გაბაონში, ქეფირაში, ბეეროთსა და კირიათ-იეყარიმში.
18 . არ მოუსრავთ ისინი ისრაელის ძეებს, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი დაიფიცეს თემის მთავრებმა; და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე.
19 . უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: "უფალი, ისრაელის ღმერთი დავიფიცეთ და ვეღარ შევეხებით.
20 . აი, როგორ უნდა მოვექცეთ: ცოცხლად დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს ფიცის გამო, რომლითაც დავიფიცეთ”.
21 . თქვეს მთავრებმა: "დაე იცოცხლონ, მაგრამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად დავაყენოთ მთელი თემისთვის; და ისე მოიქცა თემი, როგორც უთხრეს მთავრებმა.
22 . მოუხმო მათ იეშუამ და უთხრა: "რატომ მოგვატყუეთ და გვითხარით, ძალიან შორს ვართო თქვენგან, როცა ჩვენს სიახლოვეს მკვიდრობდით?
23 . აჰა, ამიერიდან წყევლაა თქვენზე! სამუდამოდ დაგვემონებით და შეშის მჭრელნი და წყლის მხაპავნი იქნებით ჩემი ღმერთის სახლისთვის”.
24 . მიუგეს იეშუას: "გავიგეთ შენმა მონებმა, რა უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ ამ მიწას და წარხოცავდა მის მკვიდრთ თქვენ წინაშე; ძალიან შეგვეშინდა თქვენი და ესღა მოვიფიქრეთ.
25 . ახლა შენს ხელში ვართ; როგორც უმჯობესია და სამართლიანი შენს თვალში, ისე მოგვექეცი”.
26 . ასეც მოექცა მათ იეშუა, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაუხოცავთ ისინი;
27 . იმ დღეს დააყენა ისინი იეშუამ შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისა და უფლის სამსხვერპლოსთვის აქამდე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევდა უფალი.
1 . ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: "მოდი - სახელით მოუხმო - აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა.
2 . მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.
3 . უთხრა ნათესავს: "მოაბის ველიდან დაბრუნებული ნაყომი, მინდვრის ნაკვეთს ჰყიდის, რომელიც ჩვენს ძმას - ელიმელექს ეკუთვნოდა.
4 . ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ”. უთხრა მას ნათესავმა: "თანახმა ვარ, გამოვისყიდი”.
5 . თქვა ბოყაზმა: "როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.
6 . თქვა იმ ნათესავმა: "ვერ გამოვისყიდი, ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრო, შენს თავზე აიღე გამოსყიდვის უფლება, მე ვერ გამოვისყიდი”.
7 . იმ დღეებში ასეთი წესი იყო ისრაელში: ყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს, ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
8 . უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: "შენ იყიდე”. და გაიძრო ფეხსამოსი.
9 . უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: "მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს.
10 . ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!
11 . უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!
12 . იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”.
13 . წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.
14 . დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: "კურთხეულია უფალი, რომელმაც არ დაგტოვა უმემკვიდრეოდ! სახელოვანი იყოს იგი ისრაელში!
15 . სიცოცხლეს განგიახლებს და მარჩენლად გეყოლება სიბერეში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია, გიშვა იგი”.
16 . აიყვანა ნაყომიმ ბავშვი, კალთაზე დაიწვინა და გახდა მისი გამდელი.
17 . სახელი მეზობელმა ქალებმა დაარქვეს, თქვეს: "ძე შეეძინა ნაყომის”. და დაარქვეს სახელად ყობედი. ის იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
18 . აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
19 . ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინადაბი,
20 . ყამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი,
21 . სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
22 . ყობედმა შვა იესე და იესემ შვა დავითი.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2 . ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.
3 . ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”
4 . ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
5 . წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.
6 . ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.
7 . ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: "გევედრები, წავალ ხებრონში და შევასრულებ უფლისთვის მიცემულ აღთქმას.
8 . რადგან აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნის დროს: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს”.
9 . უთხრა მეფემ: "მშვიდობით წადი”. ადგა და წავიდა ხებრონს.
10 . და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
11 . ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
12 . მსხვერპლის შესაწირად გილონელი ახითოფელი, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა გილონიდან, მისი ქალაქიდან. უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ და განმტკიცდა შეთქმულება.
13 . მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.
14 . უთხრა დავითმა ყველა თავის მსახურს, ვინც თან ახლდა იერუსალიმში: "ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ, რომ უცაბედად არ დაგვეცეს, თავს უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილს არ მისცეს ქალაქი”.
15 . უთხრეს მეფეს მსახურებმა: "რაც არ უნდა გადაწყვიტოს მეფემ, ჩვენმა ბატონმა, აჰა, აქ ვართ, შენი მსახურნი”.
16 . გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.
17 . გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი. და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
18 . გვერდით მიჰყვებოდნენ მსახურები, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გითელები, ექვსასი კაცი, გითიდან რომ წამოჰყვა, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19 . უთხრა მეფემ ითაი გითელს: "შენ რატომ მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ, შენი ქვეყნიდან გადმოსახლებული.
20 . გუშინ მოხვედი და დღეს ვერ გაიძულებ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მე წავალ, სადაც იქნება, შენ გაბრუნდი და შენი ძმებიც თან გაიყოლე. წყალობა და სიმართლე იყოს შენთან!”
21 . მიუგო ითაიმ მეფეს: "უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.
22 . უთხრა დავითმა ითაის: "კეთილი, გადმოდი მეორე მხარეს”. და წაჰყვა ითაი გითელი თავისი ხალხით და წვრილშვილით, ვინც მასთან იყო.
23 . ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
24 . აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25 . უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26 . თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
27 . უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: "განა წინასწარმეტყველი არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში, შენს ვაჟთან, ახიმაყაცთან, და აბითარის ვაჟთან იონათანთან ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
28 . აჰა, უდაბნოს ველზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან”.
29 . გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30 . დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.
31 . შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: "უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.
32 . ავიდა დავითი მთის წვერზე და თაყვანისცა ღმერთს. ხედავს, აჰა, მოდის ხუშაი არქელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერწაყრილი.
33 . უთხრა დავითმა: "თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34 . მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფეო. ადრე თუ მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები-თქო, ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას.
35 . განა შენთან ერთად არ იქნებიან ცადოკი და აბიათარ მღვდლები? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს შეატყობინე.
36 . ორი ვაჟი ჰყავთ, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. რასაც გაიგებთ, მათი მეშვეობით მომაწვდინეთ”.
37 . შევიდა დავითის მეგობარი ხუშაი ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
1 . მოახლოვდა დავითის გარდაცვალების დღე. უბრძანა სოლომონს, თავის ძეს და უთხრა:
2 . "მიწის ყოველი მკვიდრის გზით მივდივარ, ამიტომ გაძლიერდი და კაცი იყავი.
3 . დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ;
4 . რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!
5 . შენ თვითონ იცი, რაც იოაბ ცერუიას ძემ მიყო, როგორ მოექცა ისრაელის ორ მხედართმთავარს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს. მოკლა ისინი და საბრძოლო სისხლი დაღვარა მშვიდობის ჟამს; საბრძოლო სისხლში გაისვარა სარტყელი, რომელიც წელზე ერტყა და ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე ემოსა.
6 . შენი სიბრძნისამებრ მოექეცი, მშვიდობით ნუ ჩაიყვან მის ჭაღარას საფლავში.
7 . გილყადელი ბარზილაის ძეთ სიკეთე უყავ, სუფრასთან გესხდნენ, რადგან თვითონაც ასე მომექცნენ, აბესალომს, შენს ძმას რომ გავურბოდი.
8 . აჰა, შენთანაა შიმყი გერას ძე, ბენიამინელი, ბახურიმიდან, რომელიც მწარედ მწყევლიდა, მახანაიმში რომ მივდიოდი, მაგრამ იორდანესთან ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და ასე შევფიცე უფლის სახელით: არ მოგკლავ-მეთქი მახვილით!
9 . მაგრამ შენ ნუ დატოვებ დაუსჯელს, ვინაიდან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე! სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე საფლავში!”
10 . განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
11 . ორმოც წელს იმეფა დავითმა ისრაელზე, შვიდ წელიწადს ხებრონში მეფობდა და ოცდაცამეტ წელიწადს - იერუსალიმში.
12 . დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ფრიად განმტკიცდა მისი მეფობა.
13 . მივიდა ადონია ხაგითის ძე ბათ-შებაყთან, სოლომონის დედასთან; ჰკითხა ბათ-შებაყმა: "მშვიდობით მოხვედი?” მიუგო: "მშვიდობით”.
14 . თქვა: "სიტყვა მაქვს შენთან”. უთხრა ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
15 . უთხრა: "იცი, რომ ჩემი იყო სამეფო; მთელმა ისრაელმა მე მომაპყრო თვალი, რომ მეფედ დავმჯდარიყავი, მაგრამ შეტრიალდა სამეფო და ჩემს ძმას ერგო, რადგან მისთვის ჰქონდა უფალს მიცემული”.
16 . ახლა ერთი რამ უნდა გთხოვო და უარს ნუ მეტყვი!” მიუგო ბათ-შებაყმა: "ილაპარაკე”.
17 . თქვა ადონიამ: "მიშუამდგომლე მეფე სოლომონთან, შენ უარს არ გეტყვის, აბიშაგ შუნამელი მომცეს ცოლად”.
18 . უპასუხა ბათ-შებაყმა: "კეთილი, გადავცემ შენს თხოვნას მეფეს”.
19 . მივიდა ბათ-შებაყი მეფე სოლომონთან, რათა ადონიაზე დალაპარაკებოდა. ადგა მეფე მის შესახვედრად, თაყვანი სცა და კვლავ თავის ტახტზე დაჯდა. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და დაჯდა მის მარჯვნივ.
20 . უთხრა სოლომონს: "ერთ მცირე სათხოვარს ვითხოვ შენგან და უარს ნუ მეტყვი”. მიუგო მეფემ: "მთხოვე, დედაჩემო, არ გეტყვი უარს”.
21 . უთხრა: "ადონიას, შენ ძმას, აბიშაგ შუნამელი მიეცი ცოლად”.
22 . მიუგო მეფე სოლომონმა: "რად ითხოვ აბიშაგ შუნამელს ადონიასთვის? და რადგან ჩემი უფროსი ძმაა იგი ბარემ სამეფოც მთხოვე მისთვის; მასთან არიან აბიათარ მღვდელი და იოაბი, ცერუიას ვაჟი”.
23 . დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი: "ასე და ასე დამმართოს ღმერთმა და უარესიც, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ადონიას ეს სიტყვები!
24 . ახლა, როგორც ჩემი განმამტკიცებელი უფალია ცოცხალი, რომელმაც დამსვა მამაჩემის, დავითის ტახტზე და შეპირებისამებრ მომცა სამეფო სახლი, ისე დღესვე მოკვდება ადონია”.
25 . გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაჰკრა და მოკლა ადონია.
26 . უთხრა მეფემ აბიათარ მღვდელს: "წადი ყანათოთში, შენი ველებისკენ, სიკვდილს იმსახურებ, მაგრამ არ მოგკლავ, რადგან უფლის, ღმერთის კიდობანს ატარებდი დავითის, მამაჩემის წინაშე და ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა”.
27 . გააძევა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც ყელის სახლეულზე წარმოითქვა შილოში.
28 . მიუვიდა ეს ამბავი იოაბს, რომელიც ადონიასკენ იყო გადახრილი, თუმცა აბესალომს არ მიმხრობია. გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს ჩაეჭიდა.
29 . შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ, სამსხვერპლოსკენ გაიქცაო იოაბი; გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დაავალა: "წადი და მოკალი”.
30 . მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: "ასე ბრძანა მეფემ: გამოდი!” მიუგო: "არა, აქვე მოვკვდები”. და შეატყობინა ბენაიამ მეფეს ეს სიტყვები: "ასე თქვაო იოაბმა”.
31 . უთხრა მეფემ: "ისე მოექეცი, როგორც თვითონ თქვა, მოკალი და დამარხე, მომბანე უდანაშაულო სისხლი მეც და მამაჩემის სახლსაც, რომელიც იოაბმა დაღვარა.
32 . უფალი მის თავზევე მიაქცევს მის სისხლს, რადგან ორ მართალ და თავისზე უკეთეს კაცს დაეცა და მახვილით დახოცა: აბნერი, ძე ნერისა, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა, იეთერის ძე, იუდას მხედართმთავარი; მამაჩემმა დავითმა კი არა უწყოდა რა.
33 . მიექცეს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლობის თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მისი შთამომავლობის სახლსა და ტახტს კი საუკუნო მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან”.
34 . წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე და განგმირა იოაბი; თავისივე სახლში დაიმარხა იგი, უდაბნოში.
35 . მის ნაცვლად ბენაია იეჰოიადაყის ძე დანიშნა მეფემ ლაშქრის სარდლად, აბიათარის ნაცვლად კი - ცადოკ მღვდელი.
36 . წარგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "აიშენე სახლი იერუსალიმში, იქ იცხოვრე და არ გახვიდე იქიდან,
37 . რადგან როგორც კი გახვალ და გასცდები კედრონის ხევს, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება; შენზევე იქნება შენი სისხლი”.
38 . უპასუხა შიმყიმ მეფეს: "კეთილია ეს სიტყვა; როგორც მიბრძანა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური”. და დიდხანს ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში.
39 . სამი წლის თავზე ორი მსახური გაექცა შიმყის აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის: გათში არიანო შენი მსახურნი.
40 . ადგა შიმყი, შეკაზმა სახედარი და წავიდა გათში აქიშთან, რათა გაქცეული მსახურები მოეძებნა. მივიდა შიმყი და წამოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი.
41 . ეუწყა სოლომონს, შიმყი იერუსალიმიდან გათში წავიდა და დაბრუნდაო.
42 . გაგზავნა მეფემ, მოიხმო შიმყი და უთხრა: "განა უფალი არ დაგაფიცე და არ გაგაფრთხილე, როგორც კი გახვალ ქალაქიდან, მოკვდები-მეთქი? ხომ მიპასუხე, შენი ბრძანებისამებრ მოვიქცევიო.
43 . რატომ დაარღვიე უფლის ფიცი და ჩემი ნაბრძანები?!”
44 . კვლავ მიუგო მეფემ შიმყის: "იცის შენმა გულმა მთელი ის ბოროტება, რაც დავითს, მამაჩემს გაუკეთე; შენივე თავზე მოაქცია უფალმა შენი უკეთურება!
45 . მეფე სოლომონი კი კურთხეული იქნება და საუკუნოდ განმტკიცდება დავითის ტახტი უფლის წინაშე”.
46 . უბრძანა ბენაია იეჰოიადაყის ძეს, მანაც დაჰკრა და მოკლა შიმყი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
1 . გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე. ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ აღგვადგინე.
2 . შეაზანზარე მიწა, გაკვეთე; განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა.
3 . აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული.
4 . მიეცი შენს მოშიშებს დროშა ასაფრიალებლად ჭეშმარიტებისათვის. სელა.
5 . რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.
6 . ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის დაბლობს მივუზომავ“.
7 . ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.
8 . მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს გავიშვერ; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.
9 . ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
10 . თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.
11 . მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
12 . ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს.
1 . გალობა.ფსალმუნი დავითისა. მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით.
2 . გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს.
3 . გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.
4 . რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
5 . ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
6 . რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.
7 . ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
8 . ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.
9 . მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.
10 . ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
11 . ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?
12 . მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
13 . ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.
1 . მობრუნდი, მობრუნდი სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რათა ხელახლა გიხილოთ! რად უნდა უცქიროთ სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხულს?
2 . როგორ დაამშვენეს შენი ტერფები სანდლებმა, დიდებულთა ასულო, ოსტატის ნახელავი სამკაულივითაა შენი თეძოების სიმრგვალე.
3 . შენი ჭიპი მრგვალი თასია, რომელსაც არ მოჰკლებია შეზავებული ღვინო; შენი მუცელი ხორბლის ხვავია შროშანებით გარშემორტყმული.
4 . შენი მკერდი - ორი ნუკრი, ტყუპი ქურციკი.
5 . შენი ყელი კოშკია სპილოს ძვლისა, თვალები ხეშბონის აუზებია ბათ-რაბიმის ბჭესთან, ცხვირი კოშკია ლიბანისა, დამასკოსკენ მიმართული!
6 . ქარმელივით გამშვენებს თავი შენი; ნაწნავნი შენს თავზე, როგორც ძოწეული, მოხიბლეს მეფე შენმა კულულებმა.
7 . რა მშვენიერი და საწადელი ხარ, საყვარელო და სანატრელო, შენი სიტკბოებით
8 . ფინიკივით აშოლტილო, მტევნებს მიგიგავს მკერდი!
9 . ვთქვი, ავცოცდები-მეთქი ფინიკზე, მოვეჭიდები მის კუნწულებს; დაე, ვაზის მტევნებივით იყოს შენი მკერდი და ვაშლის სურნელივით - შენი ამონასუნთქი.
10 . ბაგე შენი, საუკეთესო ღვინოა; ლაღად რომ მირაკრაკებს ჩემი მიჯნურისთვის, ბაგეთა დამატკბობელი!
11 . მე ჩემს მიჯნურს ვეკუთვნი და ჩემსკენაა წადილი მისი.
12 . მოდი, ჩემო მიჯნურო, ველად გავიდეთ, სოფლებში გავითენოთ.
13 . ადრიანად გავიდეთ ვენახებში, ვნახოთ, თუ იფეთქა ვაზმა, კვირტი თუ გაიფურჩქნა, თუ აყვავდა ბროწეული. ჩემს ალერსს იქ მოგიძღვნი!
14 . სურნელება მოაფრქვიეს მანდრაგორებმა, რჩეული ხილია ჩვენს ზღურბლთან, ახალიც და ძველიც - შენთვის შევინახე ჩემო მიჯნურო!
1 . სიმღერას ვუმღერებ ჩემს მიჯნურს მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს საყვარელს ნაყოფიერ გორაკზე.
2 . დაამუშავა, გაასუფთავა ქვებისგან, ჩაყარა საუკეთესო ვაზი, კოშკი ააგო მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა; იმედოვნებდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ ველური ნაყოფი გამოიღო.
3 . ახლა კი, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცებო, გთხოვთ განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი.
4 . რაღა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? რატომ მოისხა ველური ნაყოფი, როცა ყურძენს ველოდებოდი?
5 . ახლა კი გთხოვთ მათქმევინოთ, რის გაკეთებას ვუპირებ ჩემს ვენახს - შემოვარღვევ ღობეს და საძოვრად იქცევა, შემოვუნგრევ ზღუდეს და გაპარტახდება.
6 . გავაუდაბურებ მას, არ გაიმარგლება და არ გაითოხნება იგი; გაიზრდება ნარ-ეკლად და ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზე წვიმა.
7 . ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი - ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა - სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა - ტანჯვის მოთქმაა.
8 . ვაი თქვენ, სახლზე სახლს რომ მიიტაცებთ და მინდორზე მინდორს რომ იმატებთ და სხვას ადგილი აღარ რჩება, თითქოს მხოლოდ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაზე.
9 . გამაგონა ცაბაოთ უფალმა: "მრავალი სახლი დაიქცევა, დიდები და კარგად ნაშენები, მცხოვრებთა გარეშე დარჩება.
10 . რამეთუ ათი უღელი ხარის სათოხნი ვენახი ერთ ბათს მოიწევს და ხომერი თესლი - ეფას”.
11 . ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან.
12 . ქნარი და ებანი, დაფი, სტვირი და ღვინოა მათ ნადიმებზე; უფლის საქმეებს არ უმზერენ და მის ხელთა ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
13 . ტყვეობაში წავა ჩემი ხალხი უმეცრების გამო; მისი დიდებულნი შიმშილით დაიხოცებიან, ბრბო კი წყურვილით გაითანგება.
14 . ამიტომაცაა ქვესკნელი ხახადაფჩენილი და უსაზღვროდ გაფართოვებული; ის ჩაყლაპავს მის მშვენებას, მის ხმაურიანსა და მოზეიმე ბრბოს.
15 . დამდაბლდება ადამიანი, დამცირდება კაცი, დაიხრება ქედმაღალთა თვალები.
16 . ამაღლდება ცაბაოთ უფალი სამართალში და გამოჩნდება წმიდა ღმერთი სიმართლეში.
17 . დაიმწყემსება ცხვარი საძოვარზე და ნასუქთა ნარჩენებს მწირნი შეჭამენ.
18 . ვაი მათ, ვინც ამაოების ღვედებით იზიდავს უმართლობას, და ცოდვას - თითქოს და ურმის საბლებით.
19 . ამბობენ: "ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ; დაე, მოახლოვდეს და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმიდისა, რომ გავიგოთ!”
20 . ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.
21 . ვაი ბრძენთ საკუთარ თვალში და გონიერთ თავიანთი აზრით.
22 . ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში!
23 . ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და ალალ-მართალთათვის სიმართლის წამრთმევთ.
24 . ამიტომ, როგორც ბზეს შთანთქავს ცეცხლის ენები და თივა იფერფლება ალში, ისე დალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, ვინაიდან უკუაგდეს რჯული ცაბაოთ უფლისა და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს.
25 . ამის გამო აენთება უფლის რისხვა თავის ხალხზე, ხელს გაიწვდენს და შემუსრავს მას. შეირყევიან მთები და მათი გვამები სკორესავით ეყრება შუა ქუჩებში; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ შემართული ექნება.
26 . ალამს აღმართავენ შორეული ერებისთვის და დაუსტვენს მას ქვეყნიერების კიდეებამდე; და აჰა, ისინიც სწრაფად და მსუბუქად მოვლენ.
27 . არც დაღლილი ეყოლებათ, არც დაქანცული; არ ჩათვლემენ და არც ჩაეძინებათ. არ შეეხსნებათ წელშემოსარტყმელი და ფეხსაცმლის თასმები არ გაუწყდებათ.
28 . მათი ისრები წამახულია და ყველა მშვილდი მოზიდულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟივითაა და ეტლების ბორბლები - გრიგალივით.
29 . მათი ბრდღვინვა ლომის ბრდღვინვასავითაა; ღრიალებენ ლომის ბოკვრებივით, დაეცემიან ნადავლს, გაიტაცებენ და არავინ იქნება მხსნელი.
30 . შეღმუვლებენ იმ დღეს ზღვის ღმუილით. შეხედავს კაცი ქვეყანას და აჰა, სიბნელეა და სივიწროვე; სინათლეც დაუბნელებია ღრუბლებს.
1 . ამიტომ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის; თუმცა პირვანდელ ჟამს დამცირდა ზებულუნისა და ნაფთალის ქვეყანა, უკანასკნელ ჟამს განდიდდება ზღვის გზა იორდანეს გაღმა და წარმართთა გალილეა.
2 . დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.
3 . შენ გაამრავლე ერი და გული გაუმხიარულე; შენ წინაშე ხარობდნენ ისინი, როგორც მოსავლის აღებისას ხარობენ, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას.
4 . როგორც მიდიანის დღეს, ისე დაამსხვრიე მისი მძიმე უღელი, კვერთხი მის მხრებზე და მისი მჩაგვრელის მათრახი.
5 . რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება.
6 . რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
7 . განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
8 . სიტყვა გაუგზავნა უფალმა იაკობს და ისრაელზე მოვიდა იგი.
9 . გაიგებს ხალხი, მთელი ეფრემი და მცხოვრებნი სამარიისა, სიამაყითა და დიდგულობით მთქმელნი:
10 . "აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ; ნეკერჩხალი გაიჩეხა, კედარით შევცვლითო”.
11 . ამიტომ გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ რეცინის შემჭირვებლებს და წააქეზებს მის მტრებს:
12 . არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან და სიხარბით შთანთქავენ ისრაელს, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, ჯერ კიდევ შემართული იქნება მისი ხელი.
13 . ხალხიც არ მიუბრუნდა თავის მომსვრელს და ცაბაოთ უფალი არ მოიძია.
14 . ერთ დღეს წააცლის უფალი ისრაელს თავსა და კუდს, რტოსა და ღეროს.
15 . უხუცესი და დიდებული - თავია, წინასწარმეტყველი კი სიცრუეს რომ ასწავლის - კუდი.
16 . აცდენენ ამ ხალხს მათი წინამძღოლნი და, ვინც მათ მიყვება შთაინთქმებიან.
17 . ამიტომ არ ახარებს უფალს მათი ყმაწვილები და არც ქვრივ-ობლებს სწყალობს, ვინაიდან ყველა ურჯულო და ავის მქმნელია; უკეთურად მოლაპარაკეა ყოველი ბაგე; არც მისი რისხვა შებრუნდება და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
18 . ვინაიდან ცეცხლივით გიზგიზებს ბოროტება, შთანთქავს ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და ჯაგნარს, ტყის უღრანს წაეკიდება და ამოიმართება კვამლის სვეტები.
19 . გადაიბუგა ქვეყანა ცაბაოთ უფლის წყრომისგან და ცეცხლის კერძად იქცა ხალხი, ისე, რომ კაცი თავის ძმას აღარ ინდობს.
20 . მოჰკვეთს მარჯვნივ და მშიერი დარჩება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება; თითოეული თავის მკლავის ხორცს შეჭამს;
21 . მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს და ორივე ერთად იუდას წინააღმდეგ. მაინც არ შებრუნებულა მისი რისხვა და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.
1 . იმ წელს აშდოდს მიადგა თართანი, სარგონის, აშურის მეფის მიერ გამოგზავნილი; შეებრძოლა აშდოდს და დაიპყრო.
2 . მაშინ დაილაპარაკა უფალმა ესაია ამოცის ძის პირით და თქვა: "წადი, ჯვალო გაიძრე წელიდან და ფეხსაცმელი გაიხადე”. ასეც მოიქცა და ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული.
3 . და თქვა უფალმა: "როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად ეგვიპტისა და ქუშის წინააღმდეგ;
4 . ასე გაუძღვება აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და დევნილთ ქუშიდან, ყმაწვილთ და მოხუცთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, დუნდულებმოშიშვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.
5 . შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი იმედის - ქუშის გამო და მათი საკვეხარის - ეგვიპტის გამო;
6 . და იტყვიან ამ ზღვისპირეთის მცხოვრებნი იმ დღეს: "აჰა, ამათზე ვდებდით ჩვენს იმედს, დასახმარებლად რომ გავრბოდით იქ, რათა აშურის მეფისგან დაგვეხსნა თავი! ახლა როგორღა გადავირჩენთ თავებს?”
1 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! მიუთითე იერუსალიმს მის სისაძაგლეებზე.
3 . უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: წარმოშობა და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი - ამორელია და დედაშენი - ხეთელი.
4 . იმ დღეს, შენ რომ დაიბადე, არც ჭიპლარი მოუჭრიათ შენთვის და არც წყლით განბანილხარ გასასუფთავებლად, არც მარილით გახეხილხარ და არც საფენებში შეფუთულხარ.
5 . არავის თვალს არ შებრალებიხარ, რომ ერთი რამ მაინც გაეკეთებინა შენთვის თანაგრძნობის ნიშნად, ველზე გადაგაგდეს შენი შობის დღეს, რადგან მოგიძულეს.
6 . გვერდზე ჩაგიარე, საკუთარ სისხლში იყავი მოსვრილი. სისხლიანს გითხარი, იცოცხლე-მეთქი!
7 . მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე, გაიზარდე და სამკაულივით დამშვენდი, მკერდი დაგემჩნა და თმა გაგეზარდა, თუმცა შიშველ-ტიტველი იყავი.
8 . კვლავ ჩაგიარე, შემოგხედე და, აჰა, სიყვარულის ჟამი დაგდგომოდა; კალთა გადაგაფარე და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმა დაგიდე, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.
9 . როცა ჩვილი იყავი, წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგრეცხე და ზეთი გცხე.
10 . მოქარგული ქსოვილით შეგმოსე, ფეხზე რბილი ტყავი ჩაგაცვი, ბისონი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახვიე.
11 . სამკაულებით შეგამკე, ხელებზე სამაჯურები გაგიკეთე და ყელსაბამი ჩამოგკიდე.
12 . ნესტოზე რგოლი გაგიკეთე, ყურებზე - საყურეები, თავზე მშვენიერი გვირგვინი დაგადგი.
13 . ოქროთი და ვერცხლით მოირთე, სამოსლად ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი გქონდა; გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს მიირთმევდი; მეტად, მეტად გალამაზდი და სადედოფლო გახდი.
14 . სახელი გაგივარდა ხალხებში შენი სილამაზის გამო, რადგან სრულყოფილი იყო იგი ჩემი დიდებით, რითაც შეგამკე” - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . "შენ კი, შენს სილამაზეს მიენდე და გაგამეძავა შენმა სახელმა, ყოველ გამვლელს უწვებოდი და მისი ხდებოდი.
16 . აიღე შენს სამოსელთაგან, მაღლობები მოირთე და მეძავობდი მათზე, რისი მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება.
17 . აიღე შენი სამკაული ჩემი ოქრო-ვერცხლიდან, მე რომ მოგეცი, მამაკაცის გამოსახულება გაიკეთე და მეძავობდი მასთან.
18 . აიღე ნაქარგი ქსოვილის სამოსელი და მათ გადააფარე, ჩემს ზეთსა და საკმეველს სწირავდი მათ წინაშე.
19 . ჩემი მოცემული პური, გამტკიცული ფქვილი, ზეთი და თაფლი, მე რომ გაჭმევდი - მათ სწირავდი სასიამოვნო კეთილსურნელებად!” - ამბობს უფალი ღმერთი.
20 . "შენს ძეებსა და ასულებს, მე რომ გამიჩინე, მსხვერპლად სწირავდი კერპებს ჩასანთქმელად, თითქოს შენი მეძავობა არ იყო საკმარისი.
21 . შენ კლავდი ჩემს შვილებს და კერპებს აძლევდი.
22 . მთელ ამ სისაძაგლესა და სიძვობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი საკუთარ სისხლში იყავი ამოთხვრილი.
23 . ყველა ამ ბოროტების შემდეგ - ვაი, ვაი შენ! - ამბობს უფალი ღმერთი.
24 . აიშენე შენთვის სამეძაოები და გორაკი გაიკეთე ყველა მოედანზე.
25 . ყოველ ქუჩისთავში აიშენე გორაკი და გამოფინე შენი სილამაზე, ფეხებს უშლიდი ყველა გამვლელს და ამრავლებდი შენს სიძვას.
26 . მეძავობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს გულისთქმიან მეზობლებთან; ამრავლებდი შენს სიძვას ჩემს გასაჯავრებლად.
27 . აჰა, გამოვიწოდე ხელი და შეგიმცირე შენთვის გამზადებული მიწა. შენს მოძულეებს გადაგეცი, ფილისტიმელ ასულებს, რომელთაც რცხვენოდათ შენი გარყვნილი გზისა.
28 . აშურის ძეებთანაც მეძავობდი, გაუმაძღრობის გამო მეძავობდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ გაძეხი.
29 . მეტად გაამრავლე შენი სიძვა ქანაანის ქვეყანაში ქალდეამდე, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდი.
30 . როგორ გაგეთანგა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივეს ამას სჩადიოდი, როგორც აღვირახსნილი მეძავი ქალი.
31 . იშენებდი გორაკებს ყოველ ქუჩისთავში და საროსკიპოებს - ყველა მოედანზე, მაშინ მეძავივით არ იყავი, რადგან უარს ამბობდი საფასურზე.
32 . მრუში ცოლივით, რომელიც ქმრის ნაცვლად უცხოებს უწვება.
33 . ყველა როსკიპ ქალს საჩუქარს აძლევენ, შენ კი პირიქით, იქით ასაჩუქრებდი შენს საყვარლებს და ქრთამავდი შენთან მოსასვლელად ყოველი მხრიდან, შენთან სიძვისთვის.
34 . შენ სხვა ქალებისგან განსხვავებულად როსკიპობდი: შენ კი არ დაგდევდნენ საროსკიპოდ, არც საზღაურს გაძლევდნენ, პირიქით იქცეოდი.
35 . ამიტომ მოისმინე უფლის სიტყვა, როსკიპო.
36 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან გადმოღვარე შენი სიბილწე და გამოაჩინე შენი სიშიშვლე შენს სიძვაში შენს საყვარლებთან და ყველა შენს საზიზღარ კერპთან; ასევე შენი ძეების სისხლის გამო, მათ რომ შესწირე,
37 . აჰა, მოვაქუჩებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, ყველას, ვინც გიყვარდა, ვინც გძულდა; მოვაქუჩებ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან, ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სირცხვილს.
38 . გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
39 . გადაგცემ მათ ხელს, დაანგრევენ შენს საროსკიპოებს და დაამხობენ შენს გორაკებს, სამოსელს გაგხდიან, წაგართმევენ სამკაულებსა და მოკაზმულობას და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.
40 . ბრბოს აგიმხედრებენ, ქვებით ჩაგქოლავენ და მახვილებით აგჩეხენ.
41 . ცეცხლით გადაგიწვავენ სახლებს, მრავალი ქალის თვალწინ აღასრულებენ შენს განკითხვას; შეწყვეტ როსკიპობას და აღარც საჩუქრებს გასცემ.
42 . დავიცხრობ გულისწყრომას შენზე, ჩამიქრება ეჭვიანობა, დავწყნარდები და მეტად აღარ განვრისხდები.
43 . ვინაიდან არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, აჰა, შენს თავზევე მოვაქცევ შენს გზებს, ამბობს უფალი ღმერთი, რათა აღარ ჩაიდინო ამგვარი გარყვნილება ყველა შენი სისაძაგლის შემდეგ.
44 . და იტყვის შენზე ყოველი მეიგავე: რაც დედაა, შვილიც ის არისო.
45 . დედაშენის შვილი ხარ, თავისი ქმარ-შვილი რომ სძულდა; და ხარ შენი დებისა, საკუთარი ქმრები და ძეები რომ სძულდათ; ხეთელია დედაშენი და ამორელია მამაშენი.
46 . სამარია შენი უფროსი დაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ რომ მკვიდრობენ, უმცროსი და სოდომია, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს თავის ასულებთან ერთად.
47 . მათი გზებით არ დადიოდი, არც მათი სისაძაგლენი ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა; მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე.
48 . ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ გაუკეთებიათ ის, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით.
49 . აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული - სიამაყე, გაუმაძღრობა და არხეინობა მისი და მისი ასულებისა, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ.
50 . გადიდგულდნენ და სისაძაგლეს აკეთებდნენ ჩემ წინაშე; ამიტომაც დავღუპე ისინი, როცა ეს დავინახე.
51 . სამარიას კი შენი ცოდვების ნახევარიც არ შეუცოდავს. შენი სისაძაგლეებით გაუსწარი მათ; მართლები გამოჩნდნენ შენი დები ყველა შენი სისაძაგლით, რასაც სჩადიოდი.
52 . ახლა შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების განმკითხველო, საკუთარი ცოდვებით, რითაც მათზე მეტად შეიბილწე. ისინი შენზე მართლები არიან! ჰოდა, ატარე შენი სირცხვილი, რადგანაც შენ გაამართლე შენი დები.
53 . და დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომსა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიასა და მისი ასულების ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ წიაღში,
54 . რათა ატარო შენი სირცხვილი და გრცხვენოდეს ყველაფრის, რაც ჩაიდინე მათ სანუგეშოდ.
55 . შენი დები - სოდომი და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულნი თავიანთ პირვანდელს დაუბრუნდებიან; და შენ და შენი ასულებიც დაუბრუნდებით პირვანდელს.
56 . შენი სიამაყის დღეებში, შენი ბაგითაც კი არ მოიხსენიებოდა შენი და სოდომი,
57 . სანამ გამომჟღავნდებოდა შენი ბოროტმოქმედებანი შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს.
58 . შენი გარყვნილება და სისაძაგლე ატარე ახლა! ამბობს უფალი.
59 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა აბუჩად აიგდე ფიცი და აღთქმა დამირღვიე.
60 . გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში დადებულს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას.
61 . გაგახსენდება შენი გზები და შეგრცხვება, როცა მიიღებ შენს დებს - შენზე უფროსებსა და შენზე უმცროსებს; როცა დაგიდგენ მათ ასულებად, მაგრამ არა შენი აღთქმის გამო.
62 . აღვადგენ შენთან ჩემს აღთქმას და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
63 . რათა გაიხსენო და შეგრცხვეს, და პირს ვეღარ ხსნიდე სირცხვილით, როცა მოგიტევებ ყოველივეს, რაც ჩაიდინე” - ამბობს უფალი ღმერთი.
1 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს:
2 . "ძეო კაცისავ! ჩაიწერე, ჩაიწერე შენთვის ამ დღის სახელი, ზუსტად ამ დღისა; ზუსტად ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს.
3 . ელაპარაკე მეამბოხე სახლს იგავით და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქვაბი შემოდგი ცეცხლზე, შემოდგი და შიგ წყალი ჩაასხი.
4 . ნაჭრები ჩაყარე შიგ, კარგი ნაჭრები, ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით გაავსე.
5 . ნარჩევი ცხვრებისგან აიღე, ქვეშ შეშა შეუკეთე და ადუღე, რომ ძვლები მოიხარშოს.
6 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ჟანგიან ქვაბს რომ ჰგავს და რომლის ჟანგიც არ გადმოდის მისგან. ნაჭერ-ნაჭერ ამოიღე ნაჭრები, რჩევის გარეშე.
7 . რადგან მისი სისხლი მის წიაღშია, სალ კლდეზე დაასხა, მიწაზე არ დაუღვრია, მტვრით რომ არ დაფარულიყო.
8 . რათა რისხვით ავნთებულიყავი შურისძიებისთვის; მე დავასხი მისი სისხლი სალ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო.
9 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, მე გავაღვივებ კოცონს.
10 . შეშა მიუმატე, ცეცხლი გააღვივე, ბოლომდე ჩახარშე ხორცი, ისე, რომ ძვლებიც ჩაიხარშოს.
11 . ცარიელი იდგას ნაკვერჩხლებზე, რათა გაცხელდეს და სპილენძი გავარვარდეს, გადნეს შიგნით მისი სიბილწე და გამოიწვას მისი ჟანგი.
12 . ჯაფისგან მოიქანცე, და მაინც არ მოცილდა ღრმა ჟანგი, ამიტომ ცეცხლს მიეცი ქვაბი, თავის ჟანგთან ერთად.
13 . შენს უწმიდურებაშია შენი სისაძაგლე, რადგან გწმენდდი და არ განიწმინდე შენი უწმიდურებისგან! მეტად აღარ განიწმინდები, სანამ არ დაცხრება შენზე ჩემი გულისწყრომა.
14 . მე, უფალმა, ვილაპარაკე, ახლოვდება ეს და მე აღვასრულებ, არ გავაუქმებ, არ დავინდობ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი საქმეების მიხედვით განგიკითხავ!” - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
16 . "ძეო კაცისავ! ერთი ხელის მოსმით წაგართმევ შენი თვალისთვის სასურველს. არ დაიჩივლო, არც იტირო და არც ცრემლი გადმოყარო.
17 . მდუმარედ იგლოვე, მკვდრებს ნუ დაიტირებ, თავი დაიბურე და ფეხსაცმელი ჩაიცვი ფეხებზე, ულვაშს ნუ დაიფარავ და უცხოთა პურს ნუ შეჭამ”.
18 . დილით ხალხს ველაპარაკე საღამოს კი მოკვდა ჩემი ცოლი. და შევასრულე დილით, რაც ნაბრძანები მქონდა.
19 . მითხრა ხალხმა: "ნუთუ არ გვეტყვი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ?”
20 . ვუპასუხე: "ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი:
21 . უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, აჰა, შევბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალებისთვის სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენს ძეებსა და ასულებს კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დავცემ.
22 . იმას გააკეთებთ, რაც მე გავაკეთე, ულვაშს არ დაიფარავთ და უცხოთა პურს არ შეჭამთ.
23 . საბურველი გექნებათ თავზე და ფეხსაცმელი - ფეხებზე. ნუ იგლოვებთ და ნუ დაიტირებთ; დალპებით თქვენს უმართლობაში და იკვნესებთ თითოეული თქვენს ძმაზე.
24 . ეზეკიელი იქნება ყველა თქვენგანისთვის ნიშნად: როგორც ის მოიქცა, თქვენც ისე მოიქცევით. ეს რომ მოხდება, მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
25 . და შენ, ძეო კაცისავ! იმ დღეს იქნება, როცა წავართმევ მათ საყრდენს, მათი სიხარულის სიამაყეს და თვალთათვის სასურველს, მათი გულების დარდს - მათ ძეებსა და ასულებს.
26 . იმ დღეს მოგივა იქიდან თავდაღწეული, რათა გაცნობოს.
27 . და იმ დღეს გაგეხსნება პირი და ალაპარაკდები თავდაღწეულის ხილვისას და აღარ დამუნჯდები; იქნები მათთვის ნიშნად და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!”
1 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ მოაბს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - ედომის მეფის ძვლების კირად გამოწვის გამო.
2 . დავუშვებ ცეცხლს მოაბზე, შთანთქავს სასახლეებს კერიოთში და მოკვდება მოაბი ჩოჩქოლში, საომარ ყიჟინასა და საყვირის ხმაზე.
3 . მოვკვეთ მოსამართლეთ მისი წიაღიდან და ყველა მის მთავარს დავხოცავ მასთან ერთად! - ამბობს უფალი.
4 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ იუდას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავდნენ მის დადგენილებებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამები მიჰყვებოდნენ.
5 . დავუშვებ ცეცხლს იუდაზე და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს!
6 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე - ღარიბს.
7 . თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!
8 . გირაოში წამოღებულ ტანსაცმელზე წვებიან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში.
9 . მე გავანადგურე მათ წინაშე ამორელნი, რომელთა სიმაღლეც კედარივით იყო და სიმაგრე მუხასავით. მოვსპე მისი ნაყოფი ზევით და ფესვები ქვემოთ.
10 . მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოც წელიწადს გატარებდით უდაბნოში, რათა დაგემკვიდრებინათ ამორელთა ქვეყანა.
11 . დავადგინე თქვენი ძენი წინასწარმეტყველებად და თქვენი ჭაბუკნი - მოწმიდრებად. განა ასე არაა, ძენო ისრაელისა? - ამბობს უფალი.
12 . თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდრებს, წინასწარმეტყველთ კი უბრძანებდით: არ იწინასწარმეტყველოთო!
13 . აჰა, ისე გაგჭყლეტთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჭყლეტს.
14 . მალემსრბოლი ვეღარ გაიქცევა, ვეღარც ძლიერი მოიკრებს ძალას და ვერც მამაცი იხსნის თავის თავს.
15 . ვერც მშვილდის დამჭერი აღდგება, ვერც მალემსრბოლი გადარჩება და ვერც ცხენზე ამხედრებული იხსნის თავის სულს,
16 . მამაცთაგან ყველაზე გაბედულიც კი შიშველი გაიქცევა იმ დღეს! - ამბობს უფალი.
1 . გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.
2 . შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?
3 . განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.
4 . უთხრა მათ იესომ: "წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა”.
5 . და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
6 . უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.
7 . მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათგან ორ-ორის გაგზავნა; და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე.
8 . და დაარიგა, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა კვერთხისა: არც პური, არც ფუთა, არც სპილენძი სარტყლით.
9 . ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.
10 . და ეუბნებოდა: "რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან;
11 . თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან გამოსვლისას, თქვენი ფეხიდან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორასთვის უფრო ასატანი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის”.
12 . წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.
13 . და მრავალი ეშმაკი გამოდევნეს, ზეთს სცხებდნენ ბევრ ავადმყოფს და კურნავდნენ.
14 . გაიგო რა მეფე ჰეროდემ, რადგან ცნობილი გახდა მისი სახელი, თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში.
15 . ერთნი ამბობდნენ: ელიააო; სხვები კი წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.
16 . ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა: "ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით”.
17 . რადგან ჰეროდემ თვითონ გაგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად შეირთო იგი.
18 . ვინაიდან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: "არ გეკუთვნის შენი ძმის ცოლი ცოლად”.
19 . ჰეროდიას კი სძულდა იგი და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.
20 . რადგან ეშინოდა ჰეროდეს იოანესი; იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა; ბევრს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.
21 . დადგა მარჯვე ჟამი, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ვახშამი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულთ;
22 . შევიდა ჰეროდიას ასული, იცეკვა და აამა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს; და უთხრა მეფემ ქალიშვილს: "რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ”.
23 . დაუფიცა: "რაც გინდა მთხოვე, მოგცემ; ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი”.
24 . გამოვიდა და ჰკითხა დედამისს: "რა ვთხოვო?” იოანე ნათლისმცემლის თავიო - უპასუხა მან.
25 . მყისვე დაბრუნდა მეფესთან და უთხრა: "მინდა, რომ ახლავე იოანე ნათლისმცემლის თავი მომართვა ლანგრით”.
26 . შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო არ ისურვა მისთვის უარის თქმა.
27 . მაშინვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და იოანეს თავის მოტანა უბრძანა; ისიც წავიდა და საპყრობილეში მოჰკვეთა თავი.
28 . მოიტანა მისი თავი ლანგრით და ქალიშვილს გადასცა, ქალიშვილმა კი დედამისს მისცა.
29 . ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი ცხედარი და სამარხში ჩაასვენეს.
30 . შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყოველივე, რაც გააკეთეს და ასწავლეს.
31 . უთხრა მათ: "წამოდით უდაბურ ადგილას მხოლოდ თქვენ და მცირედ მოისვენეთ”. რადგან მრავლად იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
32 . და მარტონი წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას.
33 . მაგრამ დაინახეს ისინი მიმავალნი და იცნო ბევრმა; ყოველი ქალაქიდან აედევნენ ფეხით და მათზე ადრე მივიდნენ იქ.
34 . გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.
35 . უკვე გვიანი იყო; მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: "ეს ადგილი უდაბურია და თანაც უკვე გვიანია.
36 . გაუშვი ეს ხალხი გარშემო სანახებსა და სოფლებში, რომ საზრდო იყიდონ თავიანთთვის”.
37 . მაგრამ მიუგო მათ და უთხრა: "თქვენ მიეცით მათ საჭმელი”. უპასუხეს: "წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?”
38 . უთხრა: "რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!” ნახეს და უთხრეს: "ხუთი და ორიც თევზი”.
39 . მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანე ბალახზე.
40 . და დასხდნენ მწყობრად, ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.
41 . აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა.
42 . ყველამ ჭამა და გაძღა.
43 . დარჩენილი ნატეხებით კი თორმეტი გოდორი გაავსეს.
44 . და ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო პურის მჭამელი.
45 . და მყისვე აიძულა მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.
46 . ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცად.
47 . საღამოჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იყო ხმელეთზე.
48 . დაინახა, რომ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარმა დაუბერა. ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სიარულით წავიდა მათკენ და უნდოდა გვერდი აევლო.
49 . ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენებააო და შეჰყვირეს;
50 . რადგან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ; ის მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
51 . ავიდა მათთან ნავში და ჩადგა ქარი. დიდად გაუკვირდათ და გაოცდნენ ისინი;
52 . ვინაიდან ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გულები ჰქონდათ გაქვავებული.
53 . გაღმა გავიდნენ, გენესარეთის მიწას მიადგნენ და ღუზა ჩაუშვეს.
54 . როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, იქაურებმა უმალვე იცნეს იგი.
55 . მთელი ის ქვეყანა შემოირბინეს; ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო, საწოლებით გამოჰყავდათ ავადმყოფები.
56 . სადაც შედიოდა, სოფლებში, ქალაქებსა თუ სანახებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ ავადმყოფებს და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთას მაინც შეხებოდნენ და ყველა, ვინც შეეხო, განიკურნა.
1 . ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე - იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი - აბილინეს მეოთხედმთავარი.
2 . ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, ღმერთის სიტყვა იყო იოანე ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.
3 . დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
4 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
5 . ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება.
6 . და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”. .
7 . ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
9 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.
10 . და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათო?
11 . ეუბნებოდა მათ პასუხად: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.
12 . მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: "მოძღვარო, რა ვქნათ?”
13 . ხოლო მან უპასუხა: "თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”.
14 . ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: "ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: "ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
15 . ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო.
16 . იოანე ყველას პასუხობდა: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
17 . მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.
18 . ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19 . მეოთხედმთავარმა ჰეროდემ კი, რომელსაც ამხელდა იგი მისი ძმის ცოლის ჰეროდიას და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
20 . ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩასვა იოანე.
21 . როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა
22 . და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.
23 . თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
24 . მატთათისა, ლევისა, მელხისა, იანაისა, იოსებისა,
25 . მატათიასი, ამოსისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,
26 . მახათისა, მატათიასი, შემეინისა, იოსებისა, იუდასი,
27 . იოხანანისა, რესასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,
28 . მელხისა, ადდისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,
29 . იესოსი, ელიეზერისა, იორიმისა, მატათისა, ლევისა,
30 . სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იორამისა, ელიაკიმისა,
31 . მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32 . იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,
33 . ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,
34 . იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,
35 . სერუგისა, რეგისა, ფელეგისა, ყებერისა, შელახისა,
36 . კეინანისა, არფახშადისა, სემისა, ნოესი, ლამეხისა,
37 . მეთუშელახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კეინანისა,
38 . ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღმერთისა.
1 . უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.
2 . აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.
3 . მან კი იგავი უთხრა მათ:
4 . "რომელიმე თქვენგანს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის?
5 . იპოვის და სიხარულით შეისვამს მხარზე.
6 . შინ რომ დაბრუნდება, დაუძახებს მეგობრებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად გაიხარეთ, ვიპოვე ჩემი ცხვარი, დაკარგული რომ იყოო.
7 . თქვენ გეუბნებით: უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.
8 . ანდა დედაკაცს, რომელსაც ათი დრაქმა აქვს, ერთი დრაქმა რომ დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, სახლს არ გამოგვის და გულმოდგინედ არ დაუწყებს ძებნას, ვიდრე არ იპოვის?
9 . და როცა იპოვის, დაუძახებს დობილებსა და მეზობლებს და ეტყვის: ჩემთან ერთად იხარეთ, რადგან ვიპოვე დაკარგული დრაქმაო.
10 . ამას გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო”.
11 . კიდევ თქვა: "ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.
12 . უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: მომეცი ჩემი წილი ქონება. და გაუყო შვილებს მამამ ქონება.
13 . რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.
14 . ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.
15 . ადგა და იმ ქვეყნის ერთ მცხოვრებს მიეკედლა, რომელმაც თავის მინდვრებში გაგზავნა ღორების საძოვებლად.
16 . და ნატრობდა, მუცელი იმ რკოთი მაინც ამოეყორა, ღორები რომ ჭამდნენ, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.
17 . როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.
18 . ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,
19 . ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!
20 . ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
21 . უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.
22 . მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით!
23 . მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ!
24 . ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა.
25 . უფროსი ვაჟი კი მინდროში იმყოფებოდა. უკან რომ ბრუნდებოდა და სახლს მიუახლოვდა, სიმღერისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა.
26 . დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ეს რა ამბავია?
27 . მან უთხრა: შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ჯანსაღი დაუბრუნდა.
28 . ის გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა.
29 . მაგრამ მან უთხრა: რამდენი წელია გემსახურები, არასდროს გადავსულვარ შენს ბრძანებას და ციკანიც კი არასოდეს მოგიცია, რომ ჩემს მეგობრებში მემხიარულა.
30 . ხოლო, ეს შენი ვაჟი რომ მოვიდა, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაანიავა, ნასუქი ხბო დაუკალი.
31 . მან კი მიუგო: შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და, რაც კი რამ გამაჩნია, შენია.
32 . მაგრამ ახლა უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ნაპოვნ იქნა”.
1 . იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.
2 . მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა;
3 . და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო.
4 . შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
5 . ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6 . იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.
7 . და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: "ჩქარა ადექი!” და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.
8 . უთხრა ანგელოზმა: "სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: "მოსასხამი მოისხი და გამომყევი”.
9 . პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო.
10 . გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
11 . გონს მოეგო პეტრე და თქვა: "ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”.
12 . გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13 . პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა.
14 . როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო.
15 . უთხრეს: "ჭკუიდან გადახვედი?” ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: "ეს მისი ანგელოზი იქნება”.
16 . პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.
17 . მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: "შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს”. მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
18 . გამთენიისას ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა, პეტრე რა იქნაო?
19 . ჰეროდემ ეძება და ვერ მიაგნო. ბოლოს მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ყველანი დაეხოცათ. მერე იუდეიდან კესარიაში წავიდა და იქ დარჩა.
20 . ჰეროდე გაბრაზებული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს მეფის მესაწოლე ბლასტონი და მშვიდობა ითხოვეს, რადგან ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა მათი ქვეყანა.
21 . დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა.
22 . ხალხი კი ღაღადებდა: "ღმერთის ხმაა და არა კაცისა”.
23 . მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა.
24 . უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
25 . ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი მსახურება, იერუსალიმიდან უკან გაბრუნდნენ და თან წაიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
1 . შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
2 . პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
3 . რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
4 . თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
5 . მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
6 . არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
7 . გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.
8 . იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
9 . და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
10 . დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
11 . შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
12 . რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
13 . ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.
14 . მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
15 . და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
16 . და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
17 . აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
18 . ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19 . ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
20 . რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
21 . რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს ტვიქიკოსი გაუწყებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.
22 . რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
23 . მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
24 . მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!