1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ახლა იხილავ, რას ვუზამ ფარაონს, რადგან აიძულებს ჩემი მაგარი ხელი გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გააძევოს თავისი ქვეყნიდან”.
2 . ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
3 . მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
4 . აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.
5 . და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6 . ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.
7 . მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი - თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
8 . და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.
9 . ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
10 . და კვლავ ელაპარაკა უფალი მოსეს:
11 . "შედი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან”.
12 . მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: "აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე - ბაგემძიმეს?”
13 . და ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს, და მისცა მათ ბრძანება ისრაელის შვილებისა და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გამოეყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის შვილები.
14 . ესენი არიან მთავრები თავ-თავისი მამების სახლეულისა: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი: ესაა რეუბენის სახლი.
15 . სიმონის ძენი: იემუელი და იამინი, ოჰადი და იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის სახლი.
16 . აჰა ლევის ძეთა სახელები თავ-თავისი გვარტომობით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იყო ლევის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
17 . ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავისი სახლეულით.
18 . კეჰათის ძენი: ყამრამი და იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იყო კეჰათის ცხოვრების წლები ას ოცდაცამეტი.
19 . მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის სახლეული თავ-თავისი გვარტომობით.
20 . და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
21 . იცჰარის ძენი: კორახი, ნეფეგი და ზიქრი.
22 . ყუზიელის ძენი: მიშაელი, ელცაფანი და სითრი.
23 . და მოიყვანა აჰარონმა ცოლად ელიშებაყი, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის და; და შვა ქალმა მისთვის ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
24 . კორახის ძენი: ასირი, ელკანა და აბიასაფი: ესენი არიან კორახის სახლეული.
25 . ელეაზარმა, აჰარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ასულთაგანი შეირთო; შვა ქალმა მისთვის ფინხასი. ესენია ლევის ტომთა მამამთავრები თავ-თავისი სახლეულებით.
26 . ეს ის აჰარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: "გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან თავ-თავისი რაზმების მიხედვით”.
27 . ისინი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ეგვიპტიდან ისრაელის ძეთა გამოსაყვანად. ესენი იყვნენ მოსე და აჰარონი.
28 . ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29 . უთხრა უფალმა მოსეს: "მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები”.
30 . და თქვა მოსემ უფლის წინაშე: "ბაგემძიმე ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?”
1 . მუსვრის შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აჰარონ მღვდლის ძეს:
2 . "აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი ოცი წლიდან მოყოლებული და უფროსი, თავისი მამისსახლების მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში”.
3 . და ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხოსთან:
4 . "აღრიცხეთ ოცი წლიდან მოყოლებული და უფროსი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და ისრაელის ძეებს, რომლებიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან”.
5 . ისრაელის პირმშოა რეუბენი. რეუბენის ძენი: ხანოქისგან - ხანოქელთა საგვარეულო, ფალუსგან - ფალუელთა საგვარეულო.
6 . ხეცრონისგან - ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან - ქარმელთა საგვარეულო.
7 . ესენია რეუბენის ძეთა საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო ორმოცდასამი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.
8 . ფალუს ძე: ელიაბი;
9 . ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი და აბირამი: ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ, თემის რჩეულები, რომლებიც კორახთან და მის კრებულთან ერთად გამოვიდნენ მოსესა და აჰარონის წინააღმდეგ, როდესაც აუჯანყდნენ უფალს.
10 . გახსნა მიწამ პირი და შთანთქა ისინი და კორახი; და განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. გაფრთხილებად იქცნენ ისინი.
11 . კორახის ძენი კი არ დახოცილან.
12 . სიმონის ძენი საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან - ნემუელის საგვარეულო; იამინისგან - იამინის საგვარეულო, იაქინისგან - იაქინის საგვარეულო;
13 . ზერახისგან - ზერახის საგვარეულო, საულისგან - საულის საგვარეულო.
14 . ესენია სიმონის საგვარეულ-ოები: ოცდაორი ათას ორასი.
15 . გადის ძენი თავისი საგვარეულოებით: ცეფონისგან - ცეფონის საგვარეულო, ხაგისგან - ხაგის საგვარეულო, შუნისგან - შუნის საგვარეულო,
16 . ოზნისგან - ოზნის საგვარეულო, ყერისგან - ყერის საგვარეულო;
17 . აროდისგან - აროდის საგვარეულო, არიელისგან - არიელის საგვარეულო.
18 . ესენია გადის ძეთა საგვარეულონი, მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი კაცი.
19 . იუდას ძენი: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.
20 . იუდას ძენი თავისი საგვარეულოებით იყვნენ: შელასგან - შელას საგვარეულო, ფერეცისგან - ფერეცის საგვარეულო, ზერახისგან - ზერახის საგვარეულო.
21 . ფერეცის ძენი იყვნენ: ხეცრონისგან - ხეცრონის საგვარეულო, ხამულისგან - ხამულის საგვარეულო.
22 . ესენია იუდას ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი კაცი.
23 . ისაქარის ძენი თავისი საგვარეულოებით: თოლაყისგან - თოლაყის საგვარეულო, ფუვასგან - ფუვას საგვარეულო,
24 . იაშუბისგან - იაშუბის საგვარეულო, შიმრონისგან - შიმრონის საგვარეულო.
25 . ესენია ისაქარის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, სამოცდაოთხი ათას სამასი კაცი.
26 . ზებულონის ძენი თავისი საგვარეულოებით: სერედისგან - სერედის საგვარეულო, ელონისგან - ელონის საგვარეულო, იახლეელისგან - იახლეელის საგვარეულო.
27 . ესენია ზებულონის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, სამოცდახუთი ათასი კაცი.
28 . იოსების ძენი თავისი საგვარეულოებით - მენაშე და ეფრემი.
29 . მენაშეს ძენი: მაქირისგან - მაქირის საგვარეულო; მაქირმა შვა გილყადი; გილყადისგან - გილყადის საგვარეულო.
30 . ესენია გილყადის ძენი: იყეზერისგან - იყეზერის საგვარეულო; ხელეკისგან - ხელეკის საგვარეულო.
31 . ასრიელისგან - ასრიელის საგვარეულო, შექემისგან - შექემის საგვარეულო.
32 . შემიდაყისგან - შემიდაყის საგვარეულო, ხეფერისგან - ხეფერის საგვარეულო.
33 . ცელაფხადს, ხეფერის ძეს, ძენი არ ჰყავდა, მხოლოდ ასულნი; ცელაფხადის ასულებს ერქვათ: მახლა და ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
34 . ესენია მენაშეს ძეების საგვარეულოები, აღრიცხულნი, ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი კაცი.
35 . ეფრემის ძენი თავისი საგვარეულოებით: შუთელახისგან - შუთელახის საგვარეულო, ბექერისგან - ბექერის
36 . ესენი არიან შუთელახის ძენი: ყერანისგან - ყერანის საგვარეულო.
37 . ესენია ეფრემის ძეების საგვარეულოები, აღრიცხულნი, ოცდათორმეტი ათას ხუთასი და ესენი არიან იოსების ძენი თავისი საგვარეულოებით.
38 . ბენიამინის ძენი თავისი საგვარეულოებით: ბელაყისგან - ბელაყის საგვარეულო, აშბელისგან - აშბელის საგვარეულო, ახირამისგან - ახირამის საგვარეულო.
39 . შეფუფამისგან - შეფუფამის საგვარეულო, ხუფამისგან - ხუფამის საგვარეულო.
40 . ბელაყის ძენი იყვნენ არდი და ნაყამანი: არდისგან - არდის საგვარეულო, ნაყამანისგან - ნაყამანის საგვარეულო.
41 . ესენია ბენიამინის ძეების საგვარეულოები, აღრიცხულნი - ორმოცდახუთი ათას ექვსასი კაცი.
42 . დანის ძენი თავისი საგვარეულოებით: შუხამისგან - შუხამის საგვარეულო. ესენია დანის საგვარეულოები.
43 . სულ შუხამის საგვარეულოში აღრიცხულნი სამოცდაოთხი ათას ოთხასი კაცი.
44 . აშერის ძენი თავისი საგვარეულოებით: იმნასგან - იმნას საგვარეულო, იშვისგან - იშვის საგვარეულო, ბერიყასგან - ბერიყას საგვარეულო;
45 . ბერიყას ძეთაგან: ხებერისგან - ხებერის საგვარეულო, მალქიელისგან - მალქიელის საგვარეულო.
46 . აშერის ასულის სახელი იყო ზერახი.
47 . ესენია აშერის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი კაცი.
48 . ნაფთალის ძენი თავისი საგვარეულოებით: იახცეელისგან - იახცეელის საგვარეულო, გუნისგან - გუნის საგვარეულო,
49 . იეცერისგან - იეცერის საგვარეულო, შილემისგან - შილემის საგვარეულო.
50 . ესენია ნაფთალის ძეთა საგვარეულონი, აღრიცხულნი, ორმოცდახუთი ათას ოთხასი კაცი.
51 . ეს არის ისრაელის აღრიცხული ძეების რაოდენობა: ექვსას ერთი ათას შვიდას ოცდაათი კაცი.
52 . ელაპარაკა უფალი მოსეს:
53 . "სახელთა რიცხვის მიხედვით დაუნაწილე მათ ქვეყანა სამკვიდრებლად.
54 . მრავალრიცხოვანს მეტი სამკვიდრო მიეცი, ხოლო მცირერიცხოვანს ნაკლები. თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო.
55 . ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მათი მამების ტომთა სახელების მიხედვით უნდა მიიღონ სამკვიდრო.
56 . წილის ყრით დანაწილდება მათი სამკვიდროები მრავალრიცხოვანთა და მცირერიცხოვანთა შორის”.
57 . ეს არის ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან - გერშონის საგვარეულო, კეჰათისგან - კეჰათის საგვარეულო, მერარისგან - მერარის საგვარეულო.
58 . ესენია ლევის ძეთა საგვარეულონი: საგვარეულო ლიბნისა, საგვარეულო ხებრონისა, საგვარეულო მახლისა, საგვარეულო მუშისა, საგვარეულო კორახისა. და კეჰათმა შვა ყამრამი;
59 . ყამრამის ცოლს ერქვა იოქებედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში შეეძინა ლევის. მან უშვა ყამრამს აჰარონი, მოსე და მირიამი, მათი და.
60 . შვა აჰარონმა ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
61 . დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიიტანეს.
62 . ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყოველი მამაკაცი, ერთი თვიდან მოყოლებული და უფროსი, არ აღრიცხულა ისრაელის ძეთა შორის, რადგან არ მიეცათ მათ სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
63 . ესენი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ აღირიცხნენ, რომლებმაც მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხოსთან აღრიცხეს ისრაელის ძენი.
64 . მოსესა და აჰარონ მღვდლის მიერ სინაის უდაბნოში ისრაელის აღრიცხული ძეებისგან არცერთი კაცი აღარ იყო მათ შორის,
65 . რადგან, ნათქვამი ჰქონდა უფალს მათზე: "უსათუოდ დაიხოცებიან ისინი უდაბნოში!” და არ დარჩა მათგან არც ერთი, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . ლევის ძენი იყვნენ: გერშომი, კეჰათი და მერარი.
2 . გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.
3 . კეჰათის ძენი იყვნენ: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
4 . მერარის ძენი: მახლი და მუში; ლევის საგვარეულონი თავ-თავისი მამის სახლებით:
5 . გერშომის ძე ლიბნი; მისი ძე იახათი, ხოლო მისი ძე ზიმა,
6 . მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
7 . კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი,
8 . მისი ძე ელკანა, მისი ძე ებიასაფი და მისი ძე ასირი,
9 . მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია და მისი ძე შაული.
10 . ელკანას შთამომავალნი: ყამასაი, ახიმოთი.
11 . ახიმოთის ძე იყო ელკანა, მისი ძენი: ცეფაია და ნახათი,
12 . მისი ძე ელიაბი; მისი ძე იეროხამი; მისი ძე ელკანა.
13 . სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია.
14 . მერარის ძენი: მახლი, ლიბნი, შიმყი და ყუზა,
15 . მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
16 . აი ისინი, ვინც მგალობლებად დაადგინა დავითმა უფლის ტაძარში, როცა კიდობანი დაასვენა იქ.
17 . მსახურობდნენ მგალობლებად, საკრებულო კარვის, სავანეს წინაშე, სანამ სოლომონი უფლის ტაძარს ააშენებდა იერუსალიმში; თავისი წესდებისამებრ დგებოდნენ მსახურებაზე.
18 . აჰა, მომსახურენი და მათი ძენი: კეჰათის ძეთაგან - ჰემან მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელის,
19 . ელკანას, იეროხამის, ელიელის, თოახის,
20 . ცუფის, ელკანას, მახათას, ყამასაის,
21 . ელკანას, იოელის, ყაზარიას, ცეფანიას,
22 . თახათის, ასირის, ებიასაფის, კორახის,
23 . იცჰარის, კეჰათის, ლევისა და ისრაელის შთამომავალი.
24 . მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ იდგა. ასაფ - ძე ბერექიაჰუ შიმყის ძისა,
25 . მიქაელის, ბაყასეიას, მალქიას,
26 . ეთნის, ზერახის, ყადაიას,
27 . ეთანის, ზიმას, შიმყის,
28 . იახათის, გერშომისა და ლევის შთამომავალი.
29 . მათ ხელმარცხნივ მერარის ძენი იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყაბდის, მალუქის,
30 . ხაშაბიას, ამაციას, ხილკიას,
31 . ამაცის, ბანის, შამერის,
32 . მახლის, მუშის, მერარისა და ლევის შთამომავალი.
33 . მათი ძმანი, ლევიანნი დაინიშნენ სავანის ყოველ მსახურებაზე, ღვთის სახლში,
34 . აჰარონი და მისი ძენი კი სრულადდასაწველისა და საკმეველის სამსხვერპლოზე აკმევდნენ, წმიდათა-წმიდაის ყოველი საქმისა და ისრაელის შენდობისათვის, როგორც ამცნო მათ მოსემ, ღვთის მსახურმა.
35 . ესენი იყვნენ აჰარონის ძენი: მისი ძე ელეაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი,
36 . მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახი,
37 . მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,
38 . მისი ძე ცადოკი და მისი ძე ახიმაყაცი.
39 . ეს არის მათი სამკვიდრებელი, რომელიც წილისყრით შეხვდა აჰარონის ძეთ, კეჰათის საგვარეულოდან.
40 . მისცეს ხებრონი თავისი საძოვრებით, იუდას ქვეყანაში.
41 . ქალაქის ყანები კი, თავისი სოფლებით, ხალებ იეფუნეს ძეს მისცეს.
42 . მისცეს აჰარონის ძეებს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი და ლიბნა, იათირი და ეშთემოა თავ-თავისი საძოვრებით,
43 . ხილენი თავისი ყანებით, ასევე დებირი თავისი ყანებით,
44 . აშანი თავისი ყანებით და ბეთშემეში თავისი ყანებით.
45 . ბენიამინის ტომიდან: გებაყი და ყალამეთი თავ-თავისი საძოვრებით, აგრეთვე ყანათოთი თავისი საძოვრებით: მათი საგვარეულოების მთელი ქალაქები, სულ ცამეტი.
46 . კეჰათის დანარჩენ ძეებს, მენაშეს ნახევარტომიდან, ათი ქალაქი მისცეს წილისყრით.
47 . გერშომის ძეებს ცამეტი ქალაქი მისცეს ბაშანში თავისი საგვარეულოების მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ტომებიდან.
48 . მერარის ძეებს წილისყრით თორმეტი ქალაქი მისცეს თავისი საგვარეულოების მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულონის ტომიდან.
49 . აი, ეს ქალაქები მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს თავ-თავისი შემოგარენით.
50 . წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ტომების ძეთ სახელდებული ქალაქები.
51 . ხოლო კეჰათის ძეთა ზოგიერთ საგვარეულოს ეფრემის ტომის ქალაქები მისცეს.
52 . მისცეს მათ თავშესაფარი ქალაქები: შექემი და მისი საძოვრები ეფრემის მთაზე და გეზერი თავისი მიწებით,
53 . იაკმეყამი და ბეთ-ხორენი თავ-თავისი საძოვრებით,
54 . აიალონი და გათ-რიმონი თავ-თავისი საძოვრებით.
55 . კეჰათის დანარჩენ ძეებს მენაშეს ნახევარტომიდან ყანერი და ბილყამი გადასცეს თავ-თავისი საძოვრებით.
56 . მენაშეს ნახევარტომის საგვარეულოებისგან გერშონის ძეებს გადასცეს გოლანი ბაშანში და აგრეთვე ყაშთაროთი თავ-თავისი საძოვრებით.
57 . ისაქარის ტომიდან - კედეში და დაბრათი თავ-თავისი საძოვრებით,
58 . რამოთი და ყანემი თავ-თავისი საძოვრებით.
59 . აშერის ტომიდან - მაშალი და ყაბდონი თავ-თავისი საძოვრებით,
60 . ხუკოკი და რეხობი თავ-თავისი საძოვრებით.
61 . ნაფთალის ტომიდან - კედეში გალილეაში, ხამონი და კირიათაიმი თავ-თავისი საძოვრებით.
62 . მერარის დანარჩენ ძეებს ზებულონის ტომიდან - რიმონი და თაბორი თავ-თავისი საძოვრებით.
63 . მისცეს რეუბენის ტომიდან იორდანეს გაღმა - აღმოსავლეთით, იერიხოს პირდაპირ, უდაბნოში მდებარე ბეცერი და იაჰცა თავ-თავისი საძოვრებით,
64 . კედემოთი და მეფაყათი თავ-თავისი საძოვრებით.
65 . გადის ტომიდან - რამოთი გილყადში თავ-თავისი საძოვრებით,
66 . ხეშბონი და იაყზერი თავ-თავისი საძოვრებით.
1 . აღნუსხეს მთელი ისრაელი და ჩაწერეს ისრაელის მეფეთა წიგნში. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი ორგულობის გამო.
2 . პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ - ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები და ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი ანუ ნეთინელნი.
3 . იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან:
4 . ყუთაი, ყამიჰუდის ძე, ყომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, ფერეცის - იუდას ძის, ძეთაგან.
5 . შილონელთაგან - პირმშო ყასაია და მისი ძენი.
6 . ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები, ექვსას ოთხმოცდაათნი.
7 . ბენიამინის ძეთაგან: სალუ, მეშულამის ძე, ჰოდავიას ძე, ჰასენუას ძე;
8 . იბნეია, იეროხამის ძე, ელა, ყუზის ძე, მიხრის ძე, მეშულამი, შეფატიას ძე, რეღუელის ძე, იბნიას ძე.
9 . მათი ძმები თავ-თავისი გვარ-ტომების მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველანი გვარის თავკაცები იყვნენ მამისსახლში.
10 . მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი და იაქინი,
11 . ყაზარია, ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე და ახიტუბის ძე, ღვთის სახლის მთავარი;
12 . ყადაია, იეროხამის ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე და მაყასაი ყადიელის ძე, იახზერას ძე, მეშულამის ძე, მეშილემითის ძე, იმერის ძე,
13 . მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ღვთის სახლის სამსახურში ნაცადი ათას შვიდას სამოცი კაცი.
14 . ლევიანთაგან: შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, მერარის ძეთაგან.
15 . ბაკბარი, ხერეში, გალალი, მათანია, მიქას ძე, ზიქრის ძე, ასაფის ძე.
16 . ყობადია, შემაყიას ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე და ბერექია, ასას ძე, ელკანას ძე, ნეტოფათელთა სოფლებში მცხოვრებნი.
17 . კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და მათი ძმები; შალუმი მთავარი იყო.
18 . დღემდე ისინი დგანან მეფის კარიბჭეში, აღმოსავლეთით, ისევე როგორც ლევიანთა ბანაკის კარისმცველნი.
19 . შალუმი, კორეს ძე, ებიასაფის ძე, კორახის ძე და მისი ძმები. კორახელთა მამისსახლიდან მსახურებდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკის შესასვლელს დარაჯობდნენ.
20 . ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი მმართველი იყო და უფალი იყო მასთან.
21 . ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22 . სულ ორას თორმეტი კაცი შეირჩა ზღურბლების მცველებად; ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავისი სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. დავითმა და სამუელ მხედველმა დანიშნეს ისინი მათი ერთგულების გამო.
23 . თავის ძეებთან ერთად იდგნენ უფლის სახლისა და კარვის კარიბჭის სადარაჯოდ.
24 . ოთხივე მხრიდან იდგნენ კარისმცველები: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25 . მათი ძმები თავიანთ სოფლებში ცხოვრობდნენ, რათა დრო და დრო, შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან.
26 . რადგან კარიბჭის მცველთა ის ოთხი მთავარი, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებსა და ღვთის სახლის საგანძურებს მეთვალყურეობდნენ.
27 . ისინი ღვთის სახლის გარშემო ბანაკობდნენ მთელ ღამეს, ვინაიდან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28 . ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29 . ზოგიერთ მათგანს, წმიდა ნივთები ებარა, საწმიდრის ყველა ჭურჭელი, წმიდა პურის ფქვილი, ღვინო, ზეთი, საკმეველი და სურნელებანი.
30 . ზოგიერთი მღვდლის ძენი კი სურნელებათა შემზავებლები იყვნენ.
31 . მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, პურეულის ცხობის საქმე მიენდო.
32 . ზოგიერთ მათ ძმას კეჰათიანთაგან, წინადაგების პური ჩააბარეს, რათა მოემზადებინათ შაბათობით.
33 . ესენი არიან მგალობლები, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან, რადგან დღე და ღამე გალობის საქმით იყვნენ დაკავებულნი.
34 . ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავისი გვარ-ტომის მთავარნი. იერუსალიმში ცხოვრობდნენ ისინი.
35 . გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. სახელად მაყაქა ერქვა მის ცოლს.
36 . მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, მის შემდეგ ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი,
37 . გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38 . მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების პირისპირ ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39 . ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40 . იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი, მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41 . მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თახრეაყი და ახაზი.
42 . ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა;
43 . მოცამ შვა ბინყა; მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი;
44 . აცელს ექვსი ძე ჰყავდა. მათი სახელებია: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი; ესენი იყვნენ აცელის ძენი.
1 . აჰა, ესენი მივიდნენ დავითთან ციკლაგში, როცა ის ჯერ კიდევ ემალებოდა საულ კიშის ძეს. ძლევამოსილი ვაჟკაცები იყვნენ და ბრძოლაში ეხმარებოდნენ დავითს.
2 . მშვილდითა და შურდულით შეიარაღებულნი, ორივე ხელით ქვისა და ისრის მტყორცნელნი, საულის მოძმენი, ბენიამინისგან.
3 . მეთაურობდნენ ახიყეზირი და იოაში, გიბყათელი შემაყას ძენი; იეზიელი და ფელეტი, ყაზმავეთის ძენი; ბერაქა და იეჰუ ყანათოთელი,
4 . იშმაყია გაბაონელი, ძლევამოსილი ოცდაათთაგანი და ოცდაათის მეთაური. იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი იოზაბადი;
5 . ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ და ხარუფელი შეფატია;
6 . ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი იოყეზერი და იაშაბყამი - კორახიანები;
7 . იოყელა და ზებადია, გედორელი იეროხამის ძენი.
8 . გადელთაგან, ფარებითა და შუბებით შეიარაღებული ბრძოლისთვის გაწვრთნილი ვაჟკაცი მეომრები გადავიდნენ დავითის მხარეს უდაბნოს სიმაგრეში. სახეებით ლომის მსგავსნი და მთის ქურციკივით სწრაფნი.
9 . ყეზერი - მეთაური, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი;
10 . მეოთხე - მიშმანა, მეხუთე - იერემია.
11 . მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი.
12 . მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი.
13 . მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი.
14 . ესენი გადის ძეთაგან იყვნენ, ლაშქრის მეთაურნი; ყველაზე სუსტი ასს გაუტოლდებოდა, ყველაზე ძლიერი კი - ათასს.
15 . სწორედ მათ გადალახეს იორდანე პირველ თვეში, როდესაც ნაპირებიდან გადმოდის მდინარე და გააქციეს იქაური მკვიდრნი, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით.
16 . და მივიდნენ სიმაგრეში დავითთან ბენიამინისა და იუდას ძენი.
17 . გამოვიდა დავითი მათთან შესახვედრად და უთხრა: „თუ მშვიდობით მოხვედით ჩემთან, მზად ვარ გავერთიანდეთ, მაგრამ თუ საღალატოდ მოხვედით, აჰა სუფთაა ჩემი ხელები, დაე, ჩვენი მამების ღმერთმა დაინახოს ეს და განსაჯოს”.
18 . მაშინ სულმა მოიცვა ყამასა, ოცდაათმეთაური და თქვა: „შენი ვართ დავით და შენს მხარეს ვართ, იესეს ძეო! მშვიდობა, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, ვინაიდან ღმერთია შენი შემწე!” მიიღო ისინი დავითმა და ლაშქრის მეთაურებად დააყენა.
19 . მენაშესგანაც გადავიდნენ დავითისკენ, როცა ფილისტიმელებთან ერთად მოვიდა საულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა არ დახმარებიან მათ, რადგან თათბირის შემდეგ, უკან მიაბრუნეს იგი ფილისტიმელმა დიდებულებმა ამ სიტყვებით: „თავისი ბატონის, საულის მხარეზე გადავა ჩვენდა საზიანოდ”.
20 . როცა ციკლაგში დაბრუნდა, მენაშეს ტომიდანაც შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილათი - მენაშეს ტომის ათასისთავნი.
21 . ისინი შველოდნენ დავითს ყამალეკელთა ურდოების წინააღმდეგ, რადგან ყველა გმირი, მამაცი და ჯარის სარდალი იყო.
22 . დღითი დღე ემატებოდნენ დავითს და ეხმარებოდნენ, ვიდრე ღვთის დიადი ლაშქარივით არ გაიზარდა მისი ჯარი.
23 . ეს არის რიცხვი საომრად აღკაზმული მეთაურებისა, რომლებიც ხებრონში მივიდნენ დავითთან, რათა უფლის სიტყვისამებრ მისთვის გადაეცათ საულის სამეფო:
24 . იუდას ძენი, ფარ-შუბის მატარებელნი, ექვსიათას რვაასნი, საბრძოლველად იყვნენ გამზადებულნი.
25 . სიმონის ძენი, ვაჟკაცი მეომარნი - შვიდიათას ასი;
26 . ლევის ძეთაგან - ოთხიათას ექვსასი.
27 . იეჰოიადაყი აჰარონის სახლს წინამძღოლობდა და თან სამი ათას შვიდასი მებრძოლი ახლდა;
28 . ვაჟკაც ყმაწვილს, ცადოკს და მამამისის სახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
29 . ბენიამინის ძენი, საულის ძმათაგან, სამი ათასი იყვნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ საულის სახლს ემხრობოდა.
30 . ეფრემის ძეთაგან - ოციათას რვაასი მამაცი მებრძოლი, სახელგანთქმული კაცები იყვნენ თავ-თავის მამის სახლებში.
31 . მენაშეს ნახევარტომიდან - თვრამეტი ათასი მებრძოლი, რომლებიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ;
32 . ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც დრო-ჟამთა განსაზღვრა შეეძლოთ და უწყოდნენ, თუ რა უნდა ექნა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით მოქმედებდა.
33 . ზებულონის ტომიდან გამოვიდა და საომრად იყო დარაზმული ყოველგვარი საბრძოლო იარაღით შეიარაღებული ორმოცდაათი ათასი მებრძოლი, რათა ერთსულოვნად დახმარებოდნენ დავითს.
34 . ნაფთალის ტომიდან - ათასი მთავარი, რომელთაც თან ფარ-შუბით შეიარაღებული ოცდაჩვიდმეტი ათასი მოლაშქრე ახლდათ.
35 . დანის ტომელთაგან, საომრად იყვნენ დარაზმულნი - ოცდარვაათას ექვსასნი.
36 . აშერის ტომიდან საომრად დარაზმული ორმოცი ათასი გამოვიდა.
37 . იორდანეს გაღმა რეუბენიანთაგან, გადელთა და მენაშეს ნახევარტომისგან, ყოველგვარი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი - ასოცი ათასი მებრძოლი.
38 . ყველანი გამოცდილი მებრძოლნი იყვნენ, საომრად დარაზმულნი; მთელი გულით მოვიდნენ ხებრონს, დავითის გასამეფებლად ისრაელზე. დანარჩენი ისრაელიც ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად.
39 . იყვნენ იქ დავითთან სამი დღე, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან ყველაფერს ამზადებდნენ მათთვის მათი ძმები.
40 . მათთან ახლომყოფ ისაქარის, ზებულონის და ნაფთალის ტომებიდანაც მოჰქონდათ პური და საჭმელი სახედრებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით: საუკეთესო ფქვილისგან გამომცხვარი ლეღვის ნამცხვრები და ჩამიჩის ნამცხვრები, ღვინო და ზეთი, ცხვრები და ხარები, რადგან სიხარული იყო ისრაელში.
1 . და აიშენა დავითმა სახლები დავითის ქალაქში. ადგილი გაუმზადა ღვთის კიდობანს და კარავი გაუშალა.
2 . მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და მის მსახურებად უკუნისამდე”.
3 . შეკრიბა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ უფლის კიდობანი იმ ადგილზე მიეტანათ, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
4 . შეკრიბა დავითმა აჰარონის ძენი და ლევიანები:
5 . კეჰათის ძეთაგან: მთავარი ურიელი და მისი მოძმენი - ას ოცი კაცი;
6 . მერარის ძეთაგან: მთავარი ყასაია და მისი მოძმენი - ორას ოცი კაცი;
7 . გერშომის ძეთაგან: მთავარი იოელი და მისი მოძმენი - ას ოცდაათი კაცი;
8 . ელიცაფანის ძეთაგან: მთავარი შემაყია და მისი მოძმენი - ორასი კაცი;
9 . ხებრონის ძეთაგან: მთავარი ელიელი და მისი მოძმენი - ოთხმოცი კაცი;
10 . ყუზიელის ძეთაგან: მთავარი ყამინადაბი და მისი მოძმენი - ას თორმეტი კაცი.
11 . მოუხმო დავითმა მღვდლებს - ცადოკს, აბიათარსა და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელსა და ყამინადაბს.
12 . უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანების მამისსახლთა თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი, რათა შეძლოთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობნის იმ ადგილზე მიტანა, მე რომ მოვუმზადე მას.
13 . რაკი ასე არ მოიქეცით უწინ, ღმერთი გამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან წესისამებრ არ დავეკითხეთ მას”.
14 . განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანნი უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობნის წამოსაღებად.
15 . ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც ჰქონდა მოსეს ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე.
16 . უთხრა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით: ჩანგებით, ქნარებითა და წინწილებით, რათა სიხარულის ხმები აღემაღლებინათ.
17 . და დააყენეს ლევიანებმა ჰემან იოელის ძე, ხოლო მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე; ასევე მერარის ძეთაგან, მათი მოძმე ეთან კუშაიაჰუს ძე;
18 . მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორე რიგისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, ბენაიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარიბჭის მცველნი.
19 . მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი, სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.
20 . ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენაიაჰუ კი - ქნარს ალამოთზე.
21 . მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი და ყაზაზიაჰუ რვასიმიან ქნარზე, სალოტბაროდ.
22 . ქენანიაჰუ კი, ლევიანთა მთავარი - გალობას უძღვებოდა, ვინაიდან ამაში იყო დახელოვნებული.
23 . ბერექია და ელკანა კიდობნის კარიბჭის მცველები იყვნენ.
24 . ხოლო მღვდლები: შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარიაჰუ, ბენაიაჰუ და ელიეზერი საყვირებს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კიდობნის კარიბჭის მცველები იყვნენ.
25 . გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები, რათა მხიარულებით წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან.
26 . ღმერთი დაეხმარა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველებს და შესწირეს შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.
27 . წმიდა ბისონის მოსასხამი ემოსათ დავითს, ყველა ლევიანს, კიდობნის მტვირთველებს, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს კი სელის ეფოდიც ემოსა ზემოდან.
28 . მოჰყვებოდა უფლის აღთქმის კიდობანს მთელი ისრაელი ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების მაღალ ხმაზე.
29 . და როცა მიაღწია დავითის ქალაქს უფლის აღთქმის კიდობანმა, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა; დაინახა მეფე დავითი მროკველი და მოყიჟინე და დამცირდა იგი მის გულში.
1 . ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში; არ იქცეოდა სწორად უფლის თვალში, მამამისის, დავითისგან განსხვავებით.
2 . ისრაელის მეფეთა გზებით დადიოდა და ბაყალთა ქანდაკებებიც ჩამოასხა.
3 . საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე და ცეცხლში წვავდა თავის ძეებს, იმ წარმართთა საძაგელი წესისამებრ, რომლებიც უფალმა ისრაელის ძეთაგან განდევნა.
4 . სწირავდა და აკმევდა მაღლობებსა და მწვერვალებზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ.
5 . ჩააგდო იგი მისმა უფალმა ღმერთმა არამელთა მეფის ხელში; დაამარცხეს იგი და მრავალ ტყვესთან ერთად დამასკოში მიიყვანეს. გარდა ამისა, ისრაელის მეფის ხელშიც ჩააგდო, რომელმაც სასტიკად დაამარცხა.
6 . ფეკახ რემალიაჰუს ძემ, ისრაელის მეფემ, ერთ დღეში, ას ოცი ათასი იუდეველი ამოხოცა. მამაცი ვაჟკაცები, რადგან მიატოვეს მათ უფალი, თავიანთი მამების ღმერთი.
7 . დახოცა ზიხრიმ, ძლევამოსილმა ეფრემელმა, უფლისწული მაყასიაჰუ, მოურავი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის შემდეგ მეორე კაცი.
8 . დაატყვევეს ისრაელის ძეებმა თავიანთ ძმათაგან ორასი ათასი ქალი, ძე და ასული; დიდძალი ნადავლიც დაიტაცეს და მიიტანეს სამარიაში.
9 . იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: „აჰა, უფალი, თქვენი მამების ღმერთი განრისხებული იყო იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ისეთი სისასტიკით გაჟლიტეთ ისინი, რომ ზეცას მისწვდა ეს.
10 . და ახლა გინდათ, რომ იუდასა და იერუსალიმის შვილები მონებად და მხევლებად გაიხადოთ? განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე?
11 . ისმინეთ ჩემი, დააბრუნეთ ტყვეები, რომლებიც თქვენი მოძმეებისგან წამოასხით; რადგან უფლის რისხვა აღიგზნო თქვენზე”.
12 . ზოგიერთი ეფრემის ძეთა მეთაურთაგან - ყაზარია იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, ხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხადლაის ძე ბრძოლიდან მოსულთა წინააღმდეგ აღდგა.
13 . უთხრეს მათ: „ტყვეებს აქ ნუ მოიყვანთ, ნუღარ დაუმატებთ ჩვენს ცოდვა-ბრალს ჩვენსავე დანაშაულს უფლის წინაშე; რადგან დიდია ჩვენი ბრალი და ანთია უფლის რისხვა ისრაელზე”.
14 . და დატოვეს შეიარაღებულმა კაცებმა ტყვეები და ნადავლი მთავრებისა და მთელი კრებულის წინაშე.
15 . ადგნენ სახელდებით მოხსენიებული კაცები, მივიდნენ ტყვეებთან და ვინც შიშველი იყო, ნადავლიდან შემოსეს. ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს, ზეთით დაზილეს, დასუსტებულნი სახედრებზე შესვეს; მიიყვანეს იერიხოში, პალმების ქალაქში, მათ მოძმეებთან და დაბრუნდნენ სამარიაში.
16 . იმ დროს გაუგზავნა მეფე ახაზმა წერილი აშურის მეფეებს, რათა დახმარებოდნენ მას.
17 . კვლავ მოდიოდნენ ედომელნი, ხოცავდნენ იუდეველთ და ტყვეებად მიერეკებოდნენ.
18 . ფილისტიმელებიც შეესივნენ დაბლობის ქალაქებსა და იუდას სამხრეთს; დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი და გედეროთი; სოქო, თიმნა და გიმზო თავ-თავისი შემოგარენით და იქ დამკვიდრდნენ.
19 . რადგან დაამდაბლა უფალმა იუდა, ისრაელის მეფის, ახაზის გამო, ვინაიდან გარყვნა მან იუდა და დიდად განარისხა უფალი.
20 . მივიდა მასთან თიგლათ-ფილესერი, აშურის მეფე და დახმარების ნაცვლად კიდევ უფრო შეავიწროვა იგი.
21 . მისცა ახაზმა აშურის მეფეს ხარკი უფლის სახლიდან, მეფისა და მთავართა სახლებიდან, მაგრამ ვერც ამან უშველა.
22 . ამ გაჭირვების დროს უფრო სცოდავდა უფალს მეფე ახაზი.
23 . დამასკოს ღმერთებს სწირავდა მსხვერპლს, რომლებმაც დაღუპეს იგი და ამბობდა: „რადგან ასე შველიან არამის მეფეებს მათი ღმერთები, შევწირავ მათ, იქნებ შემეწიონ”. მაგრამ ისინი იყვნენ მისი და მთელი ისრაელის დამცემი.
24 . მოაგროვა ახაზმა ღვთის სახლის ჭურჭელი და დალეწა. უფლის სახლის კარნი დაკეტა და სამსხვერპლოები გაიკეთა იერუსალიმის თითოეულ კუთხეში.
25 . იუდას ყოველ ქალაქში გააკეთა მაღლობები, რათა უცხო ღმერთებისთვის ეკმია და განარისხა უფალი, თავისი მამების ღმერთი.
26 . დანარჩენი მისი ამბები და ყველა მისი საქმე, პირველი და უკანასკნელი, აღწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
27 . განისვენა ახაზმა თავის მამებთან და დაკრძალეს ის ქალაქ იერუსალიმში, თუმცა ისრაელის მეფეთა სამარხში არ მიუსვენებიათ. მის ნაცვლად კი ხიზკიაჰუ, მისი ძე გამეფდა.