1 . მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: "მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩო-საბადებლით; უკვე გოშენის მიწაზე არიან”.
2 . ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
3 . ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: "რა საქმიანობას ეწევით?” უთხრეს: "ცხვრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა”.
4 . უთხრეს ფარაონს: "ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე”.
5 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მამაშენი და შენი ძმები მოგივიდნენ.
6 . შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. დაე იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინე ჩემს საქონელს”.
7 . მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8 . ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”
9 . უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.
10 . აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან.
11 . დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა.
12 . ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13 . და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14 . შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა.
15 . და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: "მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!”
16 . უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
17 . მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.
18 . გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19 . რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”.
20 . და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა.
21 . მონებად აქცია ხალხი ქალაქებში - ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
22 . მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები.
23 . უთხრა იოსებმა ხალხს: "აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა.
24 . მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”.
25 . თქვეს: "სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”.
26 . დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
27 . და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავლდნენ ფრიად.
28 . იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო მისი სიცოცხლის დღენი ასორმოცდაშვიდი წელი.
29 . როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე! ნუ დამმარხავ ეგვიპტეში!
30 . და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში”. უთხრა იოსებმა: "შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი!”
31 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” შეჰფიცა იოსებმა. და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.
1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . ამის შემდეგ მოსრა დავითმა ფილისტიმელნი და დაიმორჩილა ისინი. და გამოგლიჯა დავითმა ქალაქი მეთეგ ამა ფილისტიმელთა ხელს.
2 . დაამარცხა მოაბელნი, მიწაზე დააწვინა ისინი და საბლით გაზომა; საბლის ორი ზომა დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი კი - ცოცხლად დასატოვებლად. მონებად და მოხარკეებად გაუხდნენ დავითს მოაბელნი.
3 . დაამარცხა დავითმა ჰადადყეზერი, ცობას მეფე, რეხობის ძე, როდესაც ევფრატის მდინარეზე თავისი მმართველობის აღსადგენად მიდიოდა იგი.
4 . წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი. ძარღვები გადაუჭრა დავითმა საეტლე ცხენებს, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა.
5 . მოვიდნენ დამასკოელი არამელები ცობას მეფის, ჰადადყეზერის დასახმარებლად და გაჟლიტა დავითმა არამელთა ოცდაორი ათასი კაცი.
6 . მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა დავითმა დამასკოს არამს და მონებად და მსახურებად გაუხდნენ არამელნი დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.
7 . აიღო დავითმა ჰადადყეზერის მსახურთა ოქროს ფარები და იერუსალიმში მოიტანა.
8 . ჰადადყეზერის ქალაქებიდან ბეთახიდან და ბეროთაიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო მეფე დავითმა.
9 . გაიგო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ ჰადადყეზერის მთელი ლაშქარი მოსპო დავითმა.
10 . გაგზავნა თოყიმ იორამი, თავისი ძე, მეფე დავითის მოსაკითხად და სამადლობლად, რადგან გაილაშქრა ჰადადყეზერზე და გაანადგურა იგი, ვინაიდან ეომებოდა თოყის ჰადადყეზერი. ხელთ კი თან ვერცხლის, ოქროს და სპილენძის ჭურჭელი გაატანა იორამს.
11 . ეს ჭურჭელიც უფალს მიუძღვნა მეფე დავითმა, როგორც დაპყრობილ ხალხთაგან ნადავლად წამოღებული მთელი ოქრო-ვერცხლი;
12 . არამელთათვის, მოაბელთათვის, ყამონელთათვის, ფილისტიმელთათვის, ყამალეკელთათვის და რეხობის ძის, ცობას მეფის, ჰადადყეზერისთვის წართმეული ნადავლივით.
13 . და განითქვა დავითმა სახელი, თვრამეტი ათასი ედომელის დამარცხებით.
14 . მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა ედომს: მთელ ედომში დანიშნა მეფისნაცვალნი და მთელი ედომი მსახურად გაუხდა დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.
15 . მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი; სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა მთელი თავისი ხალხისთვის.
16 . იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო,
17 . ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი,
18 . ბენაია იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განაგებდა, დავითის ძენი კი პირველნი იყვნენ სამეფო კარზე.
1 . ქალაქის გალავანი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარიბჭისმცველები, მგალობლები და ლევიანები გავამწესე.
2 . ხანანი, ჩემი ძმა და ხანანია, ციხე-სიმაგრის მთავარი, იერუსალიმზე დავაყენე, ვინაიდან ერთგული კაცი იყო და ბევრს აღემატებოდა ღვთისმოშიშებაში.
3 . ვუბრძანე, მზის დაცხუნებამდე არ გაეღოთ იერუსალიმის კარიბჭენი და მანამდე დაეკეტათ და ჩაერაზათ კარნი, სანამ საგუშაგოზე იდგებოდნენ! მცველებად იერუსალიმის მკვიდრნი დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თავისი სახლის წინ.
4 . დიდი და ვრცელი იყო ქალაქი, თუმცა ხალხი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.
5 . გულში ჩამიდო ჩემმა ღმერთმა და შევკრიბე დიდებულები, მთავრები და ხალხი საგვარტომო ნუსხის შესადგენად. ვიპოვე იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნი; მასში ჩაწერილი იყვნენ:
6 . ოლქში დამკვიდრებულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ტყვეობიდან წამოვიდნენ და იერუსალიმსა და იუდაში დაბრუნდნენ - თითოეული თავის ქალაქში.
7 . ისინი, ვინც ზერუბაბელთან, იეშუასთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანთან ერთად ამოვიდნენ, ისრაელის ხალხის მამაკაცთა რიცხვი იყო:
8 . ფარყოსის ძენი - ორიათას ას სამოცდათორმეტი;
9 . შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი;
10 . არახის ძენი - ექვსას ორმოცდათორმეტი;
11 . ფახათ-მოაბის, იეშუასა და იოაბის ძენი - ორიათას რვაას თვრამეტი;
12 . ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;
13 . ზათუს ძენი - რვაას ორმოცდახუთი;
14 . ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი;
15 . ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდარვა;
16 . ბებაის ძენი - ექვსას ოცდარვა;
17 . ყაზაგიდის ძენი - ორიათას სამას ოცდაორი;
18 . ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაშვიდი;
19 . ბიგვაის ძენი - ორიათას სამოცდაშვიდი;
20 . ყადინის ძენი - ექვსას ორმოცდათხუთმეტი;
21 . ატერის ძენი ხიზკიაჰუს სახლეულიდან - ოთხმოცდათვრამეტი;
22 . ხაშუმის ძენი - სამას ოცდარვა;
23 . ბეცაის ძენი - სამას ოცდაოთხი;
24 . ხარიფის ძენი - ას თორმეტი;
25 . გაბაონის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი;
26 . ბეთლემის და ნეტოფას მკვიდრნი - ას ოთხმოცდარვა;
27 . ყანათოთის მკვიდრნი - ას ოცდარვა;
28 . ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი - ორმოცდაორი;
29 . კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი - შვიდას ორმოცდასამი;
30 . რამას და გებაყის მკვიდრნი - ექვსას ოცდაერთი;
31 . მიქმასის მკვიდრნი - ას ოცდაორი;
32 . ბეთელისა და ჰაღაის მკვიდრნი - ას ოცდასამი;
33 . ნებო-ახერის მკვიდრნი - ორმოცდათორმეტი;
34 . ყელამ-ახერის მკვიდრნი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;
35 . ხარიმის ძენი - სამას ოცი;
36 . იერხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი;
37 . ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდაერთი;
38 . სენაყას ძენი - სამიათას ცხრაას ოცდაათი.
39 . მღვდლები: იედაყიას ძენი, იეშუას სახლეულიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი;
40 . იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი;
41 . ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი;
42 . ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.
43 . ლევიანნი: იეშუას ძენი, კადმიელის სახლეულიდან, ჰოდევას ძენი - სამოცდათოთხმეტი.
44 . მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ორმოცდარვა;
45 . კარიბჭის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი - ას ოცდათვრამეტი.
46 . ნეთინელნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი,
47 . კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი,
48 . ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი,
49 . ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი,
50 . რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი,
51 . გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი,
52 . ბესაიას ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშესიმის ძენი,
53 . ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი,
54 . ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი,
55 . ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი,
56 . ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი.
57 . სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას,
58 . იაყალას, დარკონის, გიდელის,
59 . შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამონის შთამომავალნი.
60 . სოლომონისა და ტაძრის მსახურთა შთამომავალნი - სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
61 . ესენი იყვნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან ამოსულნი, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამის სახლსა და შთამომავლობის შესახებ - ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი:
62 . დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი - ექვსას ორმოცდაორი.
63 . მღვდელთაგან ძენი ხობაიასი, ჰაკოცისა და ბარზილაისა, რომელმაც ცოლი გილყადელი ბარზილაის ასულთაგან მოიყვანა და მათი სახელით იწოდებოდა.
64 . ესენი ეძებდნენ თავის საგვარტომო ნუსხის ჩანაწერებს, ვერ იპოვეს და გადაყენებულ იქნენ მღვდლობიდან.
65 . უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდისგან, ვიდრე აღდგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით.
66 . ერთად მთელი კრებული, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი კაცი იყო.
67 . გარდა თავიანთი მონებისა და მხევლებისა, რომლებიც შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ და ორას ორმოცდახუთი მგალობელი კაცისა და ქალისა.
68 . ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი და ორას ორმოცდახუთი ჯორი,
69 . ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსიათას შვიდას ოცი სახედარი.
70 . ზოგიერთმა, მამისსახლთა თავკაცთაგან, შემოწირულობა გაიღო საქმისთვის: განმგებელმა საგანძურისთვის ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი და ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი გაიღო.
71 . მამისსახლთა თავკაცთაგანაც, ოციათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი გაიღეს საგანძურისთვის.
72 . დანარჩენმა ხალხმა კი, ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო კვართი გაიღო.
73 . მკვიდრობდნენ მღვდლები, ლევიანნი, კარიბჭისმცველნი, მგალობელნი, დანარჩენი ხალხი, ტაძრის მსახურნი ანუ ნეთინელნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. მეშვიდე თვემაც მოაწია და თავის ქალაქებში იყვნენ ისრაელის ძენი.