1 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
2 . თუ უარს იტყვი მის გაშვებაზე და კვლავ დააკავებ,
3 . აჰა, უფლის ხელი იქნება შენს საქონელზე, რომელიც ველზეა - ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, ცხვარზე და ძროხაზე. გაჩნდება საშინელი ჭირი.
4 . და გამოარჩევს უფალი ისრაელის საქონელს ეგვიპტელთა საქონლისგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელის შვილებს”.
5 . დანიშნა უფალმა დრო და თქვა: ხვალ გააკეთებს უფალი ამ საქმეს ქვეყანაში.
6 . აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და ამოწყდა ეგვიპტის მთელი საქონელი. ისრაელიანთა საქონლისგან არც ერთი არ მომკვდარა.
7 . გაგზავნა ფარაონმა ამბის გასაგებად და, აჰა, ისრაელის საქონელთაგან არც ერთი არ მომკვდარა. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: "აიღეთ ქურიდან სავსე პეშვი ნაცარი და ააფრქვიოს იგი მოსემ ცისკენ ფარაონის თვალწინ;
9 . მტვრად მოეფინება ეგვიპტის მთელ ქვეყანას და გამოაჩნდება ადამიანებსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
10 . აიღეს ქურის ნაცარი, წარსდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია მოსემ ცისკენ; და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყარათ ადამიანებსა და პირუტყვს.
11 . ვერ შეძლეს გრძნეულებმა მოსეს წინაშე დადგომა, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებს და ყოველ ეგვიპტელსაც.
12 . გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
13 . და უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი სისხამ დილით, წარუდექი ფარაონს და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი - გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
14 . თორემ, ამჯერად ყველა ჩემს სენს შევყრი შენს გულს, შენს მსახურთ და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინ არის ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.
15 . ახლავე გავიწვდიდი ხელს და უსათუოდ მოგსრავდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს და მოისპობოდით დედამიწიდან.
16 . მაგრამ, იმისათვის გტოვებ, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რათა ეუწყოს მთელ დედამიწას ჩემი სახელი.
17 . ჯერ კიდევ იმაღლებ თავს ჩემი ხალხის წინააღმდეგ და არ უშვებ მათ.
18 . აჰა, ხვალ ამ დროს, ძალიან მაგარ სეტყვას ჩამოვყრი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში მისი დაარსების დღიდან აქამდე.
19 . ამიტომ წარგზავნე, რომ სწრაფად შეგიკრიბონ საქონელი და ყველაფერი, რაც ველზე გყავს; ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მინდვრად იქნება და უჭეროდ დარჩება, დაისეტყვება და მოისპობა”.
20 . ვინც შეუშინდა უფლის სიტყვას ფარაონის მსახურთა შორის, ჭერქვეშ შერეკა თავისი მონები და საქონელი.
21 . ხოლო, ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, თავისი მონები და საქონელი ველზე დატოვა.
22 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიწოდე ხელი ზეცისკენ, რათა მოვიდეს სეტყვა ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, ადამიანებზე, პირუტყვსა და ველის ყოველ ბალახზე ეგვიპტის ქვეყანაში”.
23 . გაიწოდა მოსემ კვერთხი ზეცისკენ და წარმოქმნა უფალმა გრგვინვა და სეტყვა და გადმოიღვარა ცეცხლი დედამიწაზე, და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
24 . მოდიოდა სეტყვა და გიზგიზებდა ცეცხლი სეტყვაში, ძალზე ძლიერი, რომლის მსგავსიც მთელი ეგვიპტის მიწაზე არ მოსულა, მათი ერად ქცევის დღიდან.
25 . ყველაფერი მოსპო სეტყვამ ეგვიპტის მიწაზე, რაც მინდვრად დარჩა, კაციც და პირუტყვიც. მოსრა სეტყვამ ყოველი ბალახი ველისა და დალეწა ყოველი ხე ველისა.
26 . მხოლოდ გოშენის ქვეყანა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელის შვილები ცხოვრობდნენ.
27 . წარგზავნა ფარაონმა, დაიბარა მოსე და აჰარონი და უთხრა: "ამჯერად შევცოდე; მართალია უფალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავენი ვართ.
28 . გვიშუამდგომლეთ უფალთან, გვაკმაროს ეს დიადი გრგვინვა და სეტყვა და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ”.
29 . მიუგო მოსემ: "როგორც კი გავალ ქალაქიდან აღვაპყრობ ხელებს უფლისადმი, დაცხრება გრგვინვა და სეტყვაც შეწყდება, რათა მიხვდე, რომ უფლისაა დედამიწა.
30 . მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მსახურები”.
31 . განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ამოთავთავებული, სელი კი აყვავებული იყო.
32 . ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან ორივე გვიან იმკება.
33 . გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, აღაპყრო ხელები უფლისადმი და აღარ იღვრებოდა წვიმა დედამიწაზე.
34 . როცა იხილა ფარაონმა რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა, უფრო მეტად შესცოდა და გაისასტიკეს გულები მან და მისმა მსახურებმა.
35 . და გამძვინვარდა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილნი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს:
2 . "თუ ადამიანს სიმსივნე, სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება ტანზე და გადაექცევა სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, უნდა მიუყვანონ იგი აჰარონ მღვდელს, ან მის ერთ-ერთ ძეს, მღვდელთაგანს.
3 . შეხედავს მღვდელი სხეულზე კანის წყლულს და თუ გათეთრებულია თმა წყლულზე და წყლულიც სხეულის კანშია ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრის წყლულია; დაინახავს მას მღვდელი და შერაცხავს უწმიდურად.
4 . თუ თეთრია წყლული მისი სხეულის კანზე და პირი სხეულის კანში არაა ჩაღრმავებული და არც თმაა გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა განამარტოვოს დაწყლულებული.
5 . ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ უცვლელი დარჩა წყლული და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მეორედ განამარტოვოს იგი შვიდი დღით.
6 . კვლავ ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ძლივსღა შეიმჩნევა და არც კანზე გავრცელებულა, მაშინ გაწმედილად გამოაცხადოს იგი მღვდელმა: სირსველია ეს; გაირეცხოს სამოსელი და წმიდა იქნება:
7 . მღვდლის მიერ მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ თუ სირსველმა კანზე იწყო გავრცელება, მაშინ მეორედ ეჩვენოს მღვდელს.
8 . თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელებულა სირსველი კანზე, მაშინ უწმიდურად შერაცხავს მას მღვდელი: ეს კეთრია.
9 . თუ კეთრის წყლული აქვს ადამიანს, მაშინ მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
10 . ნახავს მღვდელი და თუ თეთრია სიმსივნე კანზე, თმაც გათეთრებულა და სიმსივნეზეც ცოცხალი ხორცმეტია,
11 . მაშინ ძველისძველი კეთრი ჰქონია კანზე; შერაცხავს მღვდელი უწმიდურად და არ განამარტოებს, რადგან ის უკვე უწმიდურია.
12 . თუ გაეფურჩქნა კანზე კეთრი და დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე მთლიანად დაუფარავს, სადამდეც გასწვდება მღვდლის თვალი,
13 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ მთელი სხეული დაფარა კეთრმა, მაშინ წყლული წმიდად მიიჩნიოს: თუ მთლიანად გათეთრებულია, წმიდაა იგი.
14 . როცა ცოცხალი ხორცი გამოჩნდება მასზე, უწმიდურია იგი.
15 . დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად მიიჩნევს მას: უწმიდურია ცოცხალი ხორცი, კეთრია იგი.
16 . თუ კვლავ გათეთრდა ცოცხალი ხორცი, მაშინ მივიდეს მღვდელთან;
17 . შეხედავს მღვდელი და ნახავს, რომ გათეთრებულია წყლული, მაშინ სუფთად მიიჩნევს წყლულს: სუფთაა იგი.
18 . თუ ვინმეს კანზე ჩირქოვანი მუწუკი ექნება და განიკურნება,
19 . ხოლო ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე თეთრი სიმსივნე, ან თეთრ-წითელი ლაქა დააჩნდება, მივიდეს მღვდელთან.
20 . შეხედავს მას მღვდელი, თუ პირი კანშია ჩაღრმავებული, ხოლო თმა გათეთრებულია, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას: ეს კეთრის წყლულია, ჩირქოვან მუწუკზე აყვავებული.
21 . თუ ნახავს მღვდელი, რომ არც თმაა გათეთრებული და არც წყლულია კანში ჩაღრმავებული და ნაკლებადაა შესამჩნევი, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
22 . თუ ძლიერ გავრცელდა იგი კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს წყლულია.
23 . თუ თავის ადგილზე რჩება ეს ლაქა და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა; სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი.
24 . თუ ვინმეს სიდამწვრე აქვს სხეულის კანზე და თუ შეხორცებულ სიდამწვრეზე თეთრ-წითელი ან თეთრი ლაქა აღმოაჩნდება,
25 . ნახავს მღვდელი, თუა გათეთრებული თმა ლაქაზე და პირი კანში ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრია, სიდამწვრეზე აყვავებული; უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: კეთრის წყლულია იგი.
26 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ თეთრი თმა არაა ლაქაზე, არც კანშია ჩაღრმავებული და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
27 . შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ გავრცელდა კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს კეთროვანი წყლულია.
28 . თუ თავის ადგილზე დარჩა ლაქა, არ გავრცელდა კანზე და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ ეს სიდამწვრის სიმსივნეა და სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება
30 . და ნახავს მღვდელი, რომ ღრმადაა კანში ჩამჯდარი წყლულის პირი, თმა კი მოყვითალო და თხელია მასზე, არაწმიდად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს ქეცია, თავის ან წვერის კეთრი.
31 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ჩაღრმავებული არ არის ქეცის წყლულის პირი კანში და არც შავი თმაა მასზე, შვიდი დღით განამარტოვოს მღვდელმა ქეცით დაწყლულებული.
32 . ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს და თუ არ გავრცელებულა ქეცი, არც მოყვითალო თმაა მასზე და ქეცის პირიც არაა ჩაღრმავებული კანში,
33 . მაშინ გაიპარსოს, მაგრამ ქეცით დაავადებულ ადგილს ნუ გაიპარსავს და მეორედ განამარტოვებს მღვდელი ქეცით დაავადებულს შვიდი დღით.
34 . მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი ქეცს და თუ არ გავრცელებულა იგი კანზე და არც პირია ჩაღრმავებული კანში, მაშინ სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი; გაირეცხოს სამოსელი და სუფთა იქნება.
35 . თუ გასუფთავების შემდეგ გავრცელდა ქეცი კანზე,
36 . შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი კანზე, მაშინ ნუღარ მოძებნის მოყვითალო თმას - უწმიდურია იგი.
37 . თუ ხილულად დარჩა ქეცი და ზედ შავი თმა ამოვიდა, განკურნებულია იგი; სუფთაა და მღვდელიც სუფთად მიიჩნევს.
38 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს სხეულის კანზე ლაქები გამოაჩნდებათ, თეთრი ლაქები,
39 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ ფერმკრთალია მათი სხეულის კანზე გამოსული თეთრი ლაქები, ღია ფერის ქეცი იქნება ეს, რომელიც კანზე აყვავდა: სუფთაა იგი.
40 . თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა; სუფთაა იგი.
41 . თუ წინა მხრიდან გასცვივდა თმა, მაშინ მელოტია ის, სუფთაა იგი.
42 . თუ მელოტ ან ქაჩალ ადგილზე თეთრ-წითელი წყლული გაუჩნდება, მაშინ ეს კეთრია, მელოტ ან ქაჩალ ადგილზე აყვავებული.
43 . შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ თეთრ-წითელი წყლულის სიმსივნეა მელოტ ან ქაჩალ ადგილზე, ისეთივე, როგორიც კეთრია ხოლმე სხეულის კანზე,
44 . მაშინ კეთროვანი კაცია ის, უწმიდურია იგი; უწმიდურად უნდა გამოაცხადოს მღვდელმა: წყლული აქვს თავზე.
45 . დაწყლულებულის სამოსი უნდა დაიხეს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, ულვაშებამდე შებურვილი უნდა იყოს და იძახოს: "უწმიდური! უწმიდური!”
46 . უწმიდურია მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს; უწმიდურია იგი, განცალკევებით იცხოვროს, თავისი სადგომის ბანაკის გარეთ.
47 . თუ კეთროვანი წყლული იქნება სამოსელზე, მატყლის ან სელის სამოსელზე,
48 . ქსელზე, სელის ან მატყლის მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
49 . თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსელზე: ტყავზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს კეთრის წყლულია; მღვდელს უნდა ეჩვენოს.
50 . ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით.
51 . ნახავს წყლულს მეშვიდე დღეს და თუ გავრცელდა წყლული სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს მწვავე კეთრია: უწმიდური წყლულია იგი.
52 . უნდა დაიწვას სამოსელი: მატყლის, სელის ქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რაზეც წყლული იქნება; რადგან ეს მწვავე წყლულია: ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,
54 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, გარეცხავენ იმას, რაზეც წყლულია და მეორედ განამარტოებს მას შვიდი დღით.
55 . ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ და აჰა, არ იცვალა სახე წყლულმა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმიდურია ის; ცეცხლზე დაწვი იგი; ამოჭმულია მისი წაღმა ან უკუღმა პირი.
56 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ნაკლებად შესამჩნევია წყლული მისი გამორეცხვის შემდეგ, მაშინ ამოგლიჯოს იგი სამოსელიდან, ტყავიდან, ქსელიდან ან მისაქსელიდან.
57 . თუ კვლავ გამოჩნდება იგი სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ აყვავებულია იგი: ცეცხლში დაიწვას, რაზეც წყლულია.
58 . სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება.
59 . ეს არის რჯული კეთროვან წყლულზე, მატყლის, სელის, ქსელის, მისაქსელის ტანისამოსზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მის სუფთად ან უწმიდურად მისაჩნევად.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ეს იქნება რჯული კეთროვანისთვის, მისი განწმენდის დღეს: მიყვანილ იქნას იგი მღვდელთან;
3 . და გამოვა მღვდელი ბანაკის გარეთ, შეხედავს, და თუ განიკურნა კეთროვანი კეთრის წყლულისგან,
4 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, რომ მოიყვანონ ორი ცოცხალი, წმიდა ფრინველი განწმენდილისთვის, კედრის ტოტი, ძოწეულის ნართი და უსუპი.
5 . უბრძანებს მღვდელი ერთი ფრინველის დაკვლას თიხის ჭურჭელში, გამდინარ წყალზე.
6 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს, ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში.
7 . შვიდჯერ მოასხურებს კეთრისგან განსაწმედელს, წმიდად გამოაცხადებს მას, ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
8 . სამოსელი გაირეცხოს განსაწმედელმა, გაიპარსოს მთელი თმა, განიბანოს წყლით და განიწმიდება. მერე მივიდეს ბანაკში და თავისი კარვის გარეთ შვიდი დღე დაჰყოს.
9 . მეშვიდე დღეს, მთლიანად გაიპარსოს თავი, წვერი, წარბები და მთელი თმა. გაირეცხოს სამოსელი, განიბანოს სხეული წყალში და განიწმიდება.
10 . მერვე დღეს აიყვანს ორ უნაკლო მამალ ბატკანს, ერთ უნაკლო, წელგამოვლილ დედალ ცხვარს, აიღებს ზეთში შეზელილ ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს პურეულ ძღვნად და ერთ საწყაო ზეთს;
11 . მღვდელი, რომელიც წმენდს მას, დააყენებს განსაწმედ კაცს მოტანილთან ერთად უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან.
12 . აიღებს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს, შესწირავს მას დანაშაულის შესაწირად და ზეთის საწყაულს და შეარხევს მათ შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
13 . დაკლავს მამალ ბატკანს იმ ადგილზე, სადაც ცოდვის მსხვერპლსა და სრულადდასაწველს კლავენ, საწმიდრის ადგილზე; რადგან ცოდვის მსხვერპლის მსგავსად, დანაშაულის შესაწირიც მღვდელს ეკუთვნის; წმიდათა წმიდაა ის.
14 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის სისხლიდან და სცხებს განწმედილის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს და მარჯვენა ფეხის ცერს.
15 . აიღებს მღვდელი ზეთს საწყაულიდან და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე,
16 . ჩააწობს მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და შვიდჯერ მოაპკურებს თითით ზეთს უფლის წინაშე;
17 . სცხებს ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედის მარჯვენა ყურის ბიბილოს, მარჯვენა ხელის ცერს, მარჯვენა ფეხის ცერსა და დანაშაულის შესაწირის სისხლს.
18 . თავზე დაადებს მღვდელი ხელისგულზე დარჩენილ ზეთს განსაწმედს და გამოისყიდის მას უფლის წინაშე.
19 . შესწიროს მღვდელმა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი რათა განიწმინდოს უწმიდური მისი უწმიდურობისგან; მერე კი სრულადდასაწველი დაკლას.
20 . აღავლენს მღვდელი სრულადდასაწველსა და პურეულ შესაწირს სამსხვერპლოზე. გამოისყიდის და განიწმიდება.
21 . თუ ღარიბია ის და არ მიუწვდება ხელი, აიყვანოს ერთი მამალი ბატკანი დანაშაულის შესაწირისთვის, შესარხევად, თავისი გამოსყიდვისთვის; ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი პურეულ შესაწირად და საწყაო ზეთი,
22 . მტრედის ორი ხუნდი ან ორი გვრიტი, რაზეც ხელი მიუწვდება და იქნება ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე კი - სრულადდასაწველად.
23 . მიიტანოს ისინი მღვდელთან განწმენდის მერვე დღეს, საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
24 . აიღებს მღვდელი დანაშაულის შესაწირის კრავს, საწყაო ზეთს და შესარხეველ შესაწირად შეარხევს უფლის წინაშე.
25 . დაკლავს კრავს დანაშაულის შესაწირად, აიღებს მღვდელი მისი სისხლიდან და სცხებს განწმედილს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
26 . დაისხამს მღვდელი ზეთს მარცხენა ხელისგულზე.
27 . შვიდჯერ მოასხურებს მღვდელი მარჯვენა თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, უფლის წინაშე.
28 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს ზეთს ხელისგულიდან მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის ცერზე, დანაშაულის შესაწირის სისხლის ადგილზე.
29 . სცხებს მღვდელი განსაწმედელს თავზე ხელისგულზე დარჩენილ ზეთს, მის გამოსასყიდად უფლის წინაშე.
30 . შესწირავს მტრედის ხუნდთაგან ან გვრიტთაგან, ერთ-ერთს, რაზეც ხელი მიუწვდება, განსაწმედელს
31 . ერთს ცოდვის მსხვერპლად, ხოლო მეორეს - სრულადდასაწველად, პურეულ შესაწირთან ერთად; და გამოისყიდის მღვდელი განსაწმედს უფლის წინაშე.
32 . ესაა რჯული კეთროვანისთვის, რომელიც ხელმოკლე იქნება განწმედისას”.
33 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
34 . "როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ სამფლობელოდ და მოვგვრი კეთროვან წყლულს რომელიმე სახლს თქვენს სამფლობელო ქვეყანაში,
35 . წავიდეს სახლის პატრონი და ასე განუცხადოს მღვდელს: თითქოს წყლული გაჩნდა ჩემს სახლში.
36 . უბრძანებს მღვდელი და დაცლიან სახლს, სანამ მივა წყლულის სანახავად, რათა არ შეიბილწოს ყოველივე, რაც სახლშია; შემდეგ კი მივა მღვდელი სახლის სანახავად.
37 . შეხედავს წყლულს და, აჰა, თუ სახლის კედლებშია იგი, მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად და ღრმადაა კედლის ზედაპირზე;
38 . მაშინ გამოვა მღვდელი სახლის შესასვლელთან და შვიდი დღით დაკეტავს სახლს.
39 . მიბრუნდება მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ ნახავს, რომ გავრცელდა წყლული სახლის კედლებზე,
40 . მაშინ გამოანგრევინებს ქვებს, რომლებშიც წყლულია და გადააყრევინებს უწმიდურ ადგილზე, ქალაქგარეთ.
41 . მოფხეკენ მთელ სახლს შიგნიდან და მოფხეკილ მტვერს ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე გადაყრიან.
42 . აიღებენ სხვა ქვებს, ჩადგამენ იმ ქვების ადგილზე, მოიტანენ სხვა ბათქაშს და გალესენ სახლს.
43 . თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოანგრიეს ქვები, მოფხიკეს და გალესეს კედლები,
44 . მივა მღვდელი და ნახავს, რომ მოდებულია წყლული სახლზე, მაშინ მწვავე კეთრია სახლში, არაწმიდაა ის.
45 . დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, ძელები და გაიტანონ მთელი ნალესი ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე.
46 . და ყოველი, ვინც იმ დროს შევა სახლში, ვიდრე დაკეტილია იგი, არაწმიდაა საღამომდე.
47 . სამოსელი უნდა გაირეცხოს იმ სახლში დანაწოლმა და პურნაჭამმა კაცმა;
48 . მაგრამ თუ შევა მღვდელი და ნახავს, რომ არ გავრცელებულა სახლზე წყლული მისი გალესვის შემდეგ, წმიდად მიიჩნევს იგი სახლს, რადგან განიკურნა წყლული.
49 . აიღებს სახლის განწმედისთვის ორ ფრინველს, კედრის ხეს, ძოწეულ ნართს და უსუპს.
50 . დაკლავს ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელში, გამდინარე წყალზე.
51 . აიყვანს ცოცხალ ფრინველს, აიღებს კედრის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და ამოავლებს მათ და ცოცხალ ფრინველს გამდინარე წყალზე დაკლული ფრინველის სისხლში და შვიდჯერ მოასხურებს სახლს.
52 . განწმედს სახლს ფრინველის სისხლით, გამდინარე წყლით, ცოცხალი ფრინველით, კედრის ხით, უსუპით და ძოწეული ნართით.
53 . გაუშვებს ცოცხალ ფრინველს ქალაქგარეთ მინდორში, გამოისყიდის სახლს და განიწმიდება.
54 . ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და ქეცისა,
55 . სამოსელისა და სახლზე მოდებული კეთრისა.
56 . სიმსივნისა, მუნისა და ლაქებისა.
57 . იმის სასწავლებლად თუ როდის რა არის უწმიდური ან წმიდა. ეს არის კეთრის რჯული”.
1 . "და თუ გულდასმით მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო მისი ყველა მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ დაგაყენებს უფალი, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე მაღლა.
2 . გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და მოგეწევა, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას.
3 . კურთხეული იქნები ქალაქში და კურთხეული იქნები მინდორში.
4 . კურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
5 . კურთხეული იქნება შენი კალათა და გობი;
6 . კურთხეული იქნები შესვლისას და კურთხეული იქნები გამოსვლისას.
7 . და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
8 . კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9 . დაგადგენს უფალი თავის წმიდა ხალხად, როგორც შეგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს და ივლი მისი გზებით.
10 . იხილავს ყოველი ხალხი, რომ უფლის სახელით ხარ წოდებული და შეეშინდება შენი.
11 . სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
12 . გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.
13 . თავად გაქცევს უფალი და არა კუდად, მაღლა იქნები და არა ქვემოთ, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გამცნებ დღეს რომ დაიცვა და აღასრულო.
14 . ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
15 . მაგრამ თუ არ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, რათა დაიცვა და აღასრულო ყოველი მისი მცნება და დადგენილება, რომელსაც გამცნებ დღეს, მაშინ გადმოვა ყველა ეს წყევლა და გეწევა შენ.
16 . წყეული იქნები ქალაქში და წყეული იქნები მინდორში.
17 . წყეული იქნება შენი კალათა და გობი.
18 . წყეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფები, მონაგები შენი ნახირისა და ნამატი შენი ფარისა.
19 . წყეული იქნები შესვლისას და წყეული იქნები გამოსვლისას.
20 . გამოგიგზავნის უფალი წყევლას, დაბნეულობასა და უბედურებას ყოველ საქმეში, რასაც გააკეთებ, ვიდრე მოგსპობს და დაგღუპავს მალევე, შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მიმატოვე.
21 . მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ გაქრები შენი მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც შედიხარ.
22 . წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.
23 . ცა სპილენძად გექცევა თავზე და ფეხქვეშ მიწა - რკინად.
24 . წვიმის ნაცვლად მტვერს მისცემს უფალი შენს მიწას და ფერფლი დაგეყრება ციდან, სანამ არ განადგურდები.
25 . დაგცემს უფალი მტერთა წინაშე; ერთი გზით გახვალ მის წინააღმდეგ, მაგრამ შვიდი გზით გადაიხვეწები მისგან და გაიფანტები დედამიწის ყოველ სამეფოში.
26 . და იქნება შენი გვამი ცის ყველა ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად და არავინ იქნება მათი დამფრთხობი.
27 . მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ქავილით, ბუგრითა და ქეცით და ვერ განიკურნები მათგან.
28 . მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.
29 . ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის.
30 . საცოლეს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და ვერ იცხოვრებ მასში; ვენახს დარგავ და ვერ მოიხმარ;
31 . დაიკვლება შენი ხარი შენს თვალწინ და ვერ შეჭამ; მიიტაცებენ შენს სახედარს და აღარ დაგიბრუნდება; მიეცემა შენი ცხვარი შენს მტრებს და არავინ გეყოლება შემწე.
32 . სხვა ხალხები წარატყვევებენ შენს ძეთ და ასულთ; ყოველდღე მათ მოლოდინში დაგეღლება თვალები და არ გექნება ძალა მკლავში.
33 . და ხალხი, რომელსაც არ იცნობდი, შეგიჭამს შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენ ნაშრომს; ყოველთვის დათრგუნული იქნები და დაბეჩავებული.
34 . და ჭკუაზე შეგშლის ის, რასაც იხილავ შენს თვალწინ.
35 . გაგიჩენს უფალი სასტიკ წყლულებს მუხლებსა და წვივებზე, რომლისგანაც ვერ შეძლებ განკურნებას, ტერფიდან თხემამდე.
36 . წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიყენებ შენზე, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები და მოემსახურებით იქ ხისა და ქვის უცხო ღმერთებს.
37 . საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.
38 . უხვად გაიტან თესლს მინდორში და ცოტას მოიწევ, რადგან მოგისპობს კალია.
39 . დარგავ და დაამუშავებ ვენახებს, ღვინოს კი ვერ დალევ და ნაყოფს ვერ მოკრეფ, რადგან ჭია შეჭამს.
40 . ზეთისხილი გექნება მთელ შენს მიწაზე და ზეთს კი ვერ იცხებთ, რადგან დაცვივდება ნაყოფი.
41 . გააჩენ ძეებსა და ასულებს, მაგრამ არ შეგრჩებიან, რადგან ტყვედ წავლენ.
42 . ყოველი ხე და ნაყოფი შენი მიწისა კალიის მიერ გაჩანაგდება.
43 . ხიზანი, რომელიც შენთანაა, ამაღლდება და ამაღლდება შენზე, შენ კი დამცირდები და დამცირდები.
44 . ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი - კუდი.
45 . და გადმოვა ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და მოგეწევა, სანამ არ განადგურდები, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, რათა დაგეცვა მისი მცნებანი და წესები, რომლებიც გიბრძანა.
46 . საუკუნო ნიშნად და სასწაულად იქნება შენზე და შენს შთამომავლობაზე.
47 . რადგან არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით სიუხვისთვის;
48 . ამიტომ მოემსახურები შენს მტრებს, რომელთაც გამოგიგზავნის უფალი, შიმშილითა და წყურვილით, სიშიშვლითა და სიდუხჭირით ყოველივეში; და რკინის უღელს დაგადგამს კისერზე, სანამ არ განადგურდები.
49 . შორიდან, დედამიწის კიდიდან მოიყვანს უფალი ხალხს შენს წინააღმდეგ; არწივივით დაგეძგერება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ;
50 . ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
51 . შეჭამს შენი საქონლისა და მიწის ნაყოფს, სანამ არ გაგაღატაკებს ისე, რომ არ დაგიტოვებს არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირის მონაგებსა და არც შენი ფარის ნამატს, ვიდრე არ დაიღუპები.
52 . შეგავიწროებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომლებზეც დანდობილი ხარ მთელ შენს მიწაზე; შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, მთელ შენს მიწაზე, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა,
53 . და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ძეებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყასა და გაჭირვებაში, რომლითაც შეგაჭირვებს შენი მტერი.
54 . ფუფუნებაში მცხოვრები და განებივრებული კაცი შენში მტაცებლის თვალით შეხედავს თავის ძმას, ცოლსა და შვილებს, რომლებიც შერჩება,
55 . რომ არავის დაუთმოს ხორცი თავისი შვილებისა, რომელსაც შეჭამს, რადგან აღარაფერი დარჩება მას ალყასა და გაჭირვებაში, რითაც შეგაჭირვებს მტერი ყოველ შენს კარიბჭეში.
56 . შენში მცხოვრები განაზებული და განებივრებული ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო, მიწაზე ტერფის დადგმაც არ უცდია, მტრულად შეხედავს თავის ქმარს, ძესა და ასულს,
57 . და თანმოყოლილს, რომელიც დაბადებისას მოჰყვა თავის შვილებს მის ფერხთა შორის; რადგან ფარულად შეჭამს მათ გაჭირვებაში, ალყასა და სიდუხჭირეში, როცა შეგაჭირვებს მტერი შენს საცხოვრებლებში.
58 . თუ არ იფხიზლებ ამ წიგნში დაწერილი რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად, რათა გაშინებდეს ეს ამაღლებული და საშინელი სახელი: უფალი, შენი ღმერთი!
59 . მოავლენს უფალი შენზე და შენს შთამომავლობაზე უჩვეულო წყლულებს, დიად, სასტიკ და უკურნებელ წყლულებსა და სნეულებებს.
60 . მოგივლენს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისგანაც შეძრწუნებული იყავი და მოგეტმასნებიან.
61 . ყველა იმ ავადმყოფობასა და უბედურებასაც მოგივლენს უფალი, რომელიც არ არის ჩაწერილი რჯულის ამ წიგნში, სანამ არ მოისპობი.
62 . დარჩები მცირერიცხოვანი, ნაცვლად ცის ვარსკვლავებივით გამრავლებისა, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა.
63 . და როგორც ხარობდა უფალი შენზე, როცა გაკურთხებდა და გამრავლებდა, ისე გაიხარებს უფალი შენი დაღუპვისას და განადგურებისას; და აღმოიფხვრებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
64 . გაგაბნევს უფალი ხალხთა შორის, ქვეყნის კიდიდან კიდემდე და მოემსახურები ხისა და ქვის უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამები.
65 . ვერც იმ ერთა შორის ჰპოვებ სიმშვიდესა და ადგილს შენი ტერფისთვის; შეძრწუნებულ გულს, დაბრმავებულ თვალებსა და მჭმუნვარებას მოგცემს იქ უფალი.
66 . ბეწვზე ეკიდება შენი სიცოცხლე შენს წინაშე და შიშში იქნები დღე და ღამე; და არ იქნები გულდაჯერებულად შენს სიცოცხლეში.
67 . გათენდება და იტყვი: ოჰ, ნეტავ ღამდებოდეს! დაღამებისას კი იტყვი: ოჰ, ნეტავ თენდებოდეს! ძრწოლის გამო შენს გულში და შიშისა, თვალით დანახულის გამო.
68 . და კვლავ დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარასოდეს იხილავ-მეთქი! მიეყიდები იქ შენს მტრებს მონებად და მხევლებად, მყიდველი კი არ იქნება”.
1 . ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.
2 . მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: "ყველაფერი ნახეთ, რაც ეგვიპტის ქვეყანაში თქვენს თვალწინ დამართა უფალმა ფარაონს, მის ყველა მსახურსა და მთელ ქვეყანას;
3 . დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს თქვენმა თვალებმა, ნიშნები და დიდი სასწაულები.
4 . და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები მოსასმენად.
5 . ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში: არ გაგცვეთიათ სამოსი და ფეხსაცმელი.
6 . პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7 . მოხვედით ამ ადგილამდე და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე და ყოგი, ბაშანის მეფე, და დავამარცხეთ ისინი.
8 . ავიღეთ მათი ქვეყანა და მივეცით სამკვიდროდ რეუბენს, გადს და მენაშეს ნახევარ ტომს.
9 . დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.
10 . ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე: ტომთა თავკაცები, უხუცესები, ზემდგომები და ისრაელის ყოველი კაცი;
11 . თქვენი მცირეწლოვანნი, ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შეშის მჩეხავიდან წყლის მხაპავამდე,
12 . რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი,
13 . რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.
14 . არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმასა და ფიცს,
15 . არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან დღეს.
16 . რადგან იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოიარეთ.
17 . ნანახი გაქვთ მათი სისაძაგლენი, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც აქვთ მათ.
18 . ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს.
19 . რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.
20 . არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21 . გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22 . და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი შვილები, რომლებიც გაჩნდებიან თქვენს შემდეგ და უცხოტომელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა:
23 . გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.
24 . იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?
25 . და იტყვიან: იმის გამო, რომ მიატოვეს უფლის, თავისი მამების ღმერთის აღთქმა, რომელიც დადო მათთან, როცა გამოჰყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან.
26 . წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს.
27 . და აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი.
28 . და რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით აღმოფხვრა ისინი უფალმა მათი მიწიდან; განდევნა ისინი სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის.
29 . დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, გაცხადებული კი ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყოველი სიტყვა”.
1 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში გადაიტანეს.
2 . აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი, მიიტანეს დაგონის საკერპეში და დადგეს დაგონთან.
3 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მეორე დღეს და აჰა, ნახეს, პირქვე აგდია დაგონი უფლის კიდობნის წინაშე. აიღეს და დააბრუნეს დაგონი თავის ადგილზე.
4 . დილაადრიანად ადგნენ აშდოდელნი მომდევნო დღეს, და აჰა, ნახეს, პირქვე დაცემულა დაგონი უფლის კიდობნის წინაშე, ხოლო დაგონის თავი და ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი ეყარა ზღურბლთან; მხოლოდ ტანიღა შერჩენოდა დაგონს.
5 . ამიტომ ერიდებიან აშოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძარში შემსვლელნი დაგონის ზღურბლზე დაბიჯებას დღემდე.
6 . დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე, გვემდა და სპობდა მათ ბუგრებით, მთელ აშდოდსა და მის შემოგარენს.
7 . დაინახეს აშდოდელმა კაცებმა ყოველივე და თქვეს: "არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღმერთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე - დაგონზე”.
8 . შეუთვალეს და შეიკრიბა მათთან ფილისტიმელთა ყველა მთავარი; ჰკითხეს: "როგორ მოვექცეთ ისრაელის ღმერთის კიდობანს?” უპასუხეს: "გათში გადავიდეს ისრაელის ღმერთის კიდობანი”. და გადაიტანეს გათში.
9 . აჰა, გადაიტანეს იგი და უფლის ხელი იყო ქალაქზე და შეიქნა დიდი არეულობა; ქალაქის მკვიდრნი, დიდებიც და პატარებიც, დიდად იგვემნენ და ბუგრები გამოაჩნდათ.
10 . გაგზავნეს ღვთის კიდობანი ყეკრონში; როცა ყეკრონში მივიდა ღვთის კიდობანი, აყვირდნენ ყეკრონელები: "ისრაელის ღვთის კიდობანი მოგვიტანეს, რათა ჩვენც ამოგვხოცონ და ჩვენი ხალხიც”.
11 . კვლავ შეიკრიბა ფილისტიმელთა ყველა მთავარი და თქვეს: "წარვგზავნოთ ისრაელის ღმერთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რათა არ მოგვსრას ჩვენ და ჩვენი ხალხი”. დიდი შიში იყო მთელ ქალაქში, რადგან ფრიად დამძიმდა იქ ღმერთის ხელი.
12 . ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრებით დაწყლულდა; და ზეცამდე მიაღწია ქალაქის მოთქმამ.
1 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ; მივიდა მასთან ესაია წინასწარმეტყველი, ძე ამოცისა, და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ”.
2 . გადაბრუნდა კედლისკენ ხიზკიაჰუ და ასე ილოცა უფლისადმი:
3 . "უფალო! ახლა გაიხსენე, როგორ ერთგულად და მთელი გულით დავდიოდი და კეთილად ვიქცეოდი შენ წინაშე”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4 . ჯერ შუა ეზოდან არ გასულიყო ესაია, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა:
5 . "დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა, ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ უფლის ტაძარში მესამე დღეს.
6 . თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, გიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს; დავიცავ ამ ქალაქს ჩემთვის და ჩემი მსახური დავითისთვის”.
7 . თქვა ესაიამ: "აიღეთ ლეღვის ჩირი”. აიღეს, წყლულზე დაადეს და განიკურნა იგი.
8 . ჰკითხა ხიზკიაჰუმ ესაიას: "რა არის ნიშანი, რომ უფალი განმკურნავს და უფლის ტაძარში ავალ მესამე დღეს?”
9 . მიუგო ესაიამ: "ესაა შენთვის ნიშანი უფლისგან, რადგან აღასრულებს უფალი თავის ნათქვამს: ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი, თუ ათი საფეხურით უკან დაბრუნდეს?
10 . უპასუხა ხიზკიაჰუმ: "ადვილია აჩრდილის ათი საფეხურით წინ გადახრა; არა, ათი საფეხურით უკან მობრუნდეს ჩრდილი”.
11 . შეღაღადა ესაია წინასწარმეტყველმა უფალს და ათი საფეხურით უკან დააბრუნა ჩრდილი ახაზის გაკეთებულ მზის საათზე, როცა მასზე დაბლა ჩამოდიოდა.
12 . იმ დღეებში გაუგზავნა ბეროდახ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილები და ძღვენი ხიზკიაჰუს, რადგან შეიტყო, რომ სნეულად იყო იგი.
13 . მოუსმინა ხიზკიაჰუმ წარმოგზავნილთ და უჩვენა მათ საუნჯეთა სახლი: ვერცხლი და ოქრო, სურნელებანი და საცხებელი ზეთები, თავისი საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც საგანძურში მოეპოვებოდა; არაფერი დარჩენილა თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში, რაც არ უჩვენებია მათთვის ხიზკიაჰუს.
14 . მოვიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: "რას ამბობდნენ ეს კაცები და საიდან მოვიდნენ შენთან?" უპასუხა ხიზკიაჰუმ: "შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ".
15 . ჰკითხა ესაიამ: "რა იხილეს შენს სახლში?” მიუგო ხიზკიაჰუმ: "ყველაფერი იხილეს, რაც ჩემს სახლშია; არაფერი დარჩენილა, რომ არ მეჩვენებინოს ჩემს საგანძურში”.
16 . უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: "ისმინე უფლის სიტყვა:
17 . აჰა მოდის დღეები და ყოველივე, რაც შენს სახლშია და რაც შენმა მამებმა დააგროვეს დღემდე - ბაბილონს იქნება წაღებული, არაფერი დარჩება! - ამბობს უფალი.
18 . შენს ძეებსაც, რომლებიც შეგეძინება, წაიყვანენ და საჭურისებად დააყენებენ ბაბილონის მეფის სასახლეში”.
19 . მიუგო ხიზკიაჰუმ ესაიას: "კეთილია უფლის სიტყვა, რომელიც წარმოთქვი”. თან დასძინა: "რადგან მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ჩემს დღეებში!”
20 . ხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი გმირობანი, წყალი რომ გაიყვანა ქალაქში, წყალსატევი და არხი რომ ააშენა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
21 . განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, მენაშე გამეფდა.
1 . მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად; და მათ შორის სატანაც მივიდა უფლის წინაშე წარსადგომად.
2 . უთხრა უფალმა სატანას: "საიდან მოდიხარ?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
3 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.
4 . მიუგო სატანამ უფალს: "ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი;
5 . აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!
6 . უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, შენს ხელშია იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!”
7 . გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.
8 . აიღო იობმა თიხის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ჩაჯდა ნაცარში.
9 . უთხრა ცოლმა იობს: "ისევ შენს უბიწოებას ებღაუჭები? დაგმე ღმერთი და მოკვდი!”
10 . უპასუხა: "ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთის მიღება ვიცით ღვთის ხელიდან, სიავე კი არ უნდა მივიღოთ?” არც ამჯერად შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.
11 . გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს და მოვიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი. შეიკრიბნენ, რომ თანაგრძნობისა და ნუგეშისცემისათვის მისულიყვნენ.
12 . შორიდანვე აღაპყრეს თვალები, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ტირილი მორთეს, სამოსელი შემოიხიეს და თავს ზემოთ ცისკენ მტვერი აბნიეს.
13 . შვიდ დღესა და შვიდ ღამეს ისხდნენ მის წინ მიწაზე. სიტყვა არ დასცდენიათ, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.
1 . უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
2 . ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.
3 . რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.
4 . თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
5 . ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.
6 . შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.
7 . დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
8 . ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
9 . რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
10 . რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
11 . რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
12 . ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
13 . ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.
14 . რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი.
15 . მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
16 . დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . ასე ამბობს უფალი: "მე აღვძრავ დამღუპველ ქარს ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებლებზე.
2 . უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს, ისინი გაანიავებენ და გააცამტვერებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს, უბედურების დღეს.
3 . არ მოაზიდინოთ მშვილდი მშვილდოსანს, არავის დაანებოთ ჯავშნის ჩაცმა, ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, მთელი მისი ჯარი გაანადგურეთ.
4 . დაეცემიან განგმირულნი ქალდეველთა ქვეყანაში და დალახვრულნი მის ქუჩებში.
5 . რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა დანაშაულითაა სავსე მათი მიწა ისრაელის წმიდის წინაშე.
6 . გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
7 . ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.
8 . უცებ დაეცა ბაბილონი და გაცამტვერდა, იქვითინეთ მასზე, მალამო მოიტანეთ მისი წყლულისთვის, იქნებ განიკურნოს.
9 . ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ და წავიდეთ თითოეული საკუთარ ქვეყანაში, ვინაიდან ცას მიაღწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა.
10 . უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე; მოდით და ვაუწყოთ სიონში საქმენი უფლისა, ჩვენი ღმერთისა.
11 . წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.
12 . ასწიეთ ალამი ბაბილონის კედლების წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და აღასრულებს კიდეც, რაც ბაბილონის მცხოვრებლებზე თქვა.
13 . დიდ წყალზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბის შესაბამისად.
14 . საკუთარი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: "კალიასავით გაგავსებ ადამიანებით, ისინი დაგცემენ ყიჟინას”.
15 . მან შექმნა დედამიწა თავისი ძალით, სამყარო სიბრძნით განამტკიცა და თავისი გონებით გადაჭიმა ზეცა.
16 . მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
17 . საკუთარი ცოდნისგან გამოსულელდა ყოველი კაცი, სირცხვილნაჭამია ყოველი ოქრომჭედელი თავისი გამოჭედილი კერპის გამო, რადგან ყალბია მისი ჩამოსხმული, სული არაა მათში.
18 . ამაოებაა იგი, გასაკიცხი ნახელავი; გაქრებიან მონახულების ჟამს.
19 . მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
20 . შენა ხარ ჩემი საბრძოლო კვერთხი; შენით შევმუსრავ ერებს და შენით მოვსპობ სამეფოებს;
21 . შენით შევმუსრავ ცხენსა და ეტლს თავისი მხედრებით;
22 . შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს;
23 . შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, მიწათმოქმედსა და მის ხარუღელს, ერის მთავრებსა და გამგებლებს;
24 . "თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.
25 . აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ გამოსული, დამანგრეველო მთავ, ამბობს უფალი, დამღუპველო მთელი ქვეყნისა; ხელს გავიწვდენ შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და ცეცხლმოკიდებულ მთად გაქცევ.
26 . ნუმც აიღებენ ქვას შენგან ქვაკუთხედად და საძირკვლისთვის, რადგან სამარადისო უდაბნოდ იქცევი! ამბობს უფალი.
27 . ასწიეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ერებში, მის წინააღმდეგ გამოიწვიეთ ხალხები, მოუხმეთ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, სარდალი დაადგინეთ მის წინააღმდეგ, ბუსუსებიანი კალიასავით შეასიეთ ცხენები.
28 . მოუხმეთ მასზე ხალხებს, მიდიის მეფეებს, მის ყველა მთავარსა და გამგებელს, მისი სამფლობელოს ყოველ ქვეყანაში.
29 . ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.
30 . მიატოვეს ბრძოლა ბაბილონის ვაჟკაცებმა, ციხე-სიმაგრეებში ჩასხდნენ, დაილია მათი ძალა, დიაცებივით გახდნენ; ცეცხლი მოედო მათ საცხოვრებლებს, დაილეწა მათი დარაბები.
31 . შიკრიკი შიკრიკს მიჰყვება და მოამბე მოამბეს, რათა ბაბილონის მეფეს აუწყონ, რომ ყოველი მხრიდან დაიკავეს მისი ქალაქი.
32 . ფონები დაკავებულია, ჭალები ცეცხლითაა დამწვარი. მებრძოლნი დაფეთებულნი არიან.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.
34 . "შემჭამა, დამამსხვრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია! გველეშაპივით გაივსო მუცელი ჩემი ნუგბარით და წამლეკა.
35 . დაე, ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორც მე მომექცნენ იტყვის სიონის მკვიდრი; ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე”, იტყვის იერუსალიმი.
36 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "მე გავარჩევ შენს საქმეს და ვიძიებ შურს შენ გამო, მის ზღვას ამოვაშრობ და მის ნაკადულს დავაშრობ.
37 . ნანგრევების გროვად იქცევა გაუკაცრიელებული ბაბილონი, ტურების ბუნაგად, საფრთხობელად და დასაცინად.
38 . ბოკვრებივით ერთად იღრიალებენ და ლომებივით ბრდღვინვას მოჰყვებიან მისი მცხოვრებნი.
39 . როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ” - ამბობს უფალი.
40 . "ისე წავასხამ, როგორც კრავებს დასაკლავად, ვერძებს ვაცებითურთ.
41 . როგორ შეიპყრეს შეშაკი და გარდახდა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შესაზარად!
42 . ზღვამ მოიქცია ბაბილონი, მღელვარე ტალღებმა დაფარა იგი.
43 . გაცამტვერდნენ მისი ქალაქები, უწყლო უდაბნოდ გადაიქცა მიწა, რომელზეც აღარავინ მკვიდრობს; ადამის ძენი აღარ დადიან მასზე.
44 . მე დავსჯი ბელს ბაბილონში, პირიდან ამოვგლეჯ გადაყლაპულს. აღარ იდინებენ მისკენ ერები; ბაბილონის გალავანიც დაეცემა.
45 . გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ხალხო, თითოეულმა საკუთარი სული გადაირჩინეთ უფლის მძვინვარებისგან.
46 . ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
47 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, როცა განაჩენს გამოვუტან ბაბილონის კერპებს, შერცხვება მთელი ქვეყანა და მის წიაღში დაეცემა ყველა მისი მოკლული.
48 . იყიჟინებს ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი”, - ამბობს უფალი.
49 . "როგორც ბაბილონი დასცემდა ისრაელის განგმირულთ, ისე ბაბილონშიც დაეცემიან მოკლულნი მთელი ქვეყნიდან.
50 . წადით, მახვილისგან თავდაღწეულნო, ნუ გაჩერდებით. შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულებში.
51 . შერცხვენილნი ვართ, რადგან ვისმინეთ ლანძღვა; სირცხვილმა დაფარა ჩვენი სახე, ვინაიდან უცხონი შევიდნენ უფლის სახლის საწმიდარში.
52 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, მოვინახულებ მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
53 . ცამდეც რომ ამაღლდეს ბაბილონი და სიმაღლეებშიც რომ გამაგრდეს, მაინც მოეწევიან მძარცველნი ჩემგან” - ამბობს უფალი.
54 . გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
55 . ვინაიდან უფალი გაატიალებს ბაბილონს და აღკვეთს მის ხმამაღალ ტრაბახს. ახმაურდება მისი ტალღები დიდი წყალივით და გაისმება მათი ჩოჩქოლის ხმა.
56 . რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
57 . "დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
58 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის განიერი გალავნები გაშიშვლდება, მისი მაღალი კარიბჭენი კი ცეცხლით დაიწვება; ამაოდ იშრომა ხალხმა, ცეცხლისთვის მოიქანცნენ ერები”.
59 . სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უბრძანა სერაია ნერიას ძეს, მახსეიაის შვილიშვილს, როცა ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს; მესაწოლთუხუცესი იყო სერაია.
60 . ერთ გრაგნილში ჩაწერა იერემიამ ყველა ის უბედურება, ბაბილონს რომ მოეწევა; ყველა ეს სიტყვა ბაბილონზე იქნა დაწერილი.
61 . უთხრა იერემიამ სერაიას: "ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
62 . იტყვი: უფალო, შენ თქვი ამ ადგილზე, ისე გავანადგურებ, რომ ვეღარავინ იცხოვრებსო მასში, ვერც ადამიანი, ვერც პირუტყვი, რადგან საუკუნო უდაბნოდ ვაქცევო მას.
63 . ამ გრაგნილის კითხვას რომ დაასრულებ, დაგრაგნე, ქვა მოაბი და ეფრატში ჩააგდე.
64 . და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, მე რომ მოვაწევ; მოიქანცებიან ისინი!” აქამდეა იერემიას სიტყვები.
1 . მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.
2 . ორი დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს, რათა ვიცოცხლოთ მის წინაშე.
3 . უფალს შევიმეცნებთ, ვისრაფებთ მის შემეცნებას; განთიადივითაა მისი მოსვლა; მოვა, როგორც ადრეული და საგვიანო წვიმა, დაარწყულებს მიწას.
4 . რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.
5 . ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.
6 . რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.
7 . მათ კი ადამივით დაარღვიეს აღთქმა და იქ მიღალატეს.
8 . ბოროტმოქმედთა ქალაქია გილყადი, სისხლით გაკვალული.
9 . ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სამარცხვინო დანაშაულს სჩადიან.
10 . ვიხილე სისაძაგლე ისრაელის სახლში, ეფრემის სიძვით შეიბილწა ისრაელი.
11 . შენც დაგიდგინე მკა, იუდავ, როცა მობრუნდება ტყვეობიდან ჩემი ხალხი.
1 . აჰა, მოდის უფლის დღე და გაინაწილებენ ნადავლს შენს წიაღში.
2 . ყველა ერს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად შევაგროვებ და დაპყრობილ იქნება ქალაქი; გაიძარცვება სახლები და შეიბილწებიან დიაცნი. გადასახლებაში წავა ნახევარი ქალაქი, დანარჩენი ხალხი კი არ მოიკვეთება ქალაქიდან.
3 . მაშინ გამოვა უფალი და გაილაშქრებს იმ ერებზე ისე, როგორც ბრძოლის დღეს.
4 . დადგება მისი ფეხი იმ დღეს ზეთისხილის მთაზე, რომელიც იერუსალიმის პირდაპირაა, აღმოსავლეთით; გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ფრიად დიდ ხეობად და გადავა ნახევარი მთა ჩრდილოეთით და მეორე ნახევარი - სამხრეთით.
5 . და გაიქცევით ჩემი მთების ხეობით, ვინაიდან აცალამდე მიაღწევს მთების ხეობა. გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გაიქეცით იუდას მეფის, ყუზიას დღეებში; და მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი ყველა წმიდანთან ერთად.
6 . არ იქნება იმ დღეს ნათელი, არამედ - მძიმე და ბნელი ღრუბელი.
7 . ეს დღე იქნება ერთადერთი, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. საღამოს ჟამს გამოჩნდება სინათლე.
8 . უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.
9 . უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.
10 . ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა, გებაყის ველიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრეთით. იერუსალიმი კი ამაღლდება და დამკვიდრდება თავის ადგილზე, ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის სამყოფელამდე, კუთხის კარიბჭემდე და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე.
11 . დამკვიდრდებიან მასში ადამიანები და მეტად აღარ იქნება ნგრევა! უსაფრთხოდ იცხოვრებს იერუსალიმი!
12 . აჰა, ეს იქნება წყლული, რომლითაც დასცემს უფალი ყველა ხალხს, რომლებმაც გამოილაშქრეს იერუსალიმზე; სხეულები მათი გაიხრწნება ჯერ კიდევ მათი ფეხზე დგომისას, თვალები მათი დალპება თავის ბუდეებში და ენები მათი გაიხრწნება მათ პირში.
13 . დიდი აურზაური ჩამოვარდება იმ დღეს უფლისგან მათ შორის; თითოეული თავისი მოყვასის ხელს მოეჭიდება და მოყვასის ხელის წინააღმდეგ შეიმართება მისი ხელი.
14 . თვით იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს, და დახვავდება ყველა გარშემო ხალხების დოვლათი: ოქრო-ვერცხლი და ფრიად მრავალი სამოსელი.
15 . ასეთივე წყლულები ექნება ცხენებს, ჯორებს, აქლემებს, ვირებსა და ყველა ცხოველს, რომელიც იქნება მათ ბანაკებში. მსგავსი ამ წყლულისა.
16 . და იქნება, ყოველი გადარჩენილი ყველა იმ ერისგან, რომელიც იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა, წლიდან წლამდე ივლის მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ.
17 . თუ ვინმე დედამიწის ტომთაგან არ ავა იერუსალიმს მეფის, ცაბაოთ უფლის თაყვანსაცემად და კარვების დღესასწაულის საზეიმოდ, არ იქნება წვიმა მათზე.
18 . და თუ ეგვიპტის სახლეული არ ავა და არ შევა, არც მათზე იქნება წვიმა და ეწევა სენი, რომელსაც დაუშვებს უფალი იმ ხალხებზე, რომლებიც არ ავლენ, რათა იზეიმონ კარვების დღესასწაული.
19 . ეს იქნება ეგვიპტისა და ყველა ერის სასჯელი, რომელიც არ ავა კარვების დღესასწაულის საზეიმოდ!
20 . იმ დღეს ცხენთა მოსართავებზეც კი წარწერილ იქნება: ‘სიწმიდე უფალს’ და იქნება ქვაბები უფლის ტაძარში, როგორც თასები სამსხვერპლოს წინ.
21 . ყველა ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში ცაბაოთ უფლისადმი იქნება მიძღვნილი. ივლის მსხვერპლის ყველა შემწირავი, აიღებს მათგან და მოხარშავს მათში. და მეტად აღარ იქნება იმ დღეს მოვაჭრე ცაბაოთ უფლის ტაძარში.
1 . ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს:
2 . "თუ ადამიანს სიმსივნე, სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება ტანზე და გადაექცევა სხეულის კანზე კეთროვან წყლულად, უნდა მიუყვანონ იგი აჰარონ მღვდელს, ან მის ერთ-ერთ ძეს, მღვდელთაგანს.
3 . შეხედავს მღვდელი სხეულზე კანის წყლულს და თუ გათეთრებულია თმა წყლულზე და წყლულიც სხეულის კანშია ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრის წყლულია; დაინახავს მას მღვდელი და შერაცხავს უწმიდურად.
4 . თუ თეთრია წყლული მისი სხეულის კანზე და პირი სხეულის კანში არაა ჩაღრმავებული და არც თმაა გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა განამარტოვოს დაწყლულებული.
5 . ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ უცვლელი დარჩა წყლული და არ გავრცელდა კანზე, მაშინ მეორედ განამარტოვოს იგი შვიდი დღით.
6 . კვლავ ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ძლივსღა შეიმჩნევა და არც კანზე გავრცელებულა, მაშინ გაწმედილად გამოაცხადოს იგი მღვდელმა: სირსველია ეს; გაირეცხოს სამოსელი და წმიდა იქნება:
7 . მღვდლის მიერ მისი სუფთად მიჩნევის შემდეგ თუ სირსველმა კანზე იწყო გავრცელება, მაშინ მეორედ ეჩვენოს მღვდელს.
8 . თუ შეამჩნევს მღვდელი, რომ, აჰა, გავრცელებულა სირსველი კანზე, მაშინ უწმიდურად შერაცხავს მას მღვდელი: ეს კეთრია.
9 . თუ კეთრის წყლული აქვს ადამიანს, მაშინ მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.
10 . ნახავს მღვდელი და თუ თეთრია სიმსივნე კანზე, თმაც გათეთრებულა და სიმსივნეზეც ცოცხალი ხორცმეტია,
11 . მაშინ ძველისძველი კეთრი ჰქონია კანზე; შერაცხავს მღვდელი უწმიდურად და არ განამარტოებს, რადგან ის უკვე უწმიდურია.
12 . თუ გაეფურჩქნა კანზე კეთრი და დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე მთლიანად დაუფარავს, სადამდეც გასწვდება მღვდლის თვალი,
13 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ მთელი სხეული დაფარა კეთრმა, მაშინ წყლული წმიდად მიიჩნიოს: თუ მთლიანად გათეთრებულია, წმიდაა იგი.
14 . როცა ცოცხალი ხორცი გამოჩნდება მასზე, უწმიდურია იგი.
15 . დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად მიიჩნევს მას: უწმიდურია ცოცხალი ხორცი, კეთრია იგი.
16 . თუ კვლავ გათეთრდა ცოცხალი ხორცი, მაშინ მივიდეს მღვდელთან;
17 . შეხედავს მღვდელი და ნახავს, რომ გათეთრებულია წყლული, მაშინ სუფთად მიიჩნევს წყლულს: სუფთაა იგი.
18 . თუ ვინმეს კანზე ჩირქოვანი მუწუკი ექნება და განიკურნება,
19 . ხოლო ჩირქოვანი მუწუკის ადგილზე თეთრი სიმსივნე, ან თეთრ-წითელი ლაქა დააჩნდება, მივიდეს მღვდელთან.
20 . შეხედავს მას მღვდელი, თუ პირი კანშია ჩაღრმავებული, ხოლო თმა გათეთრებულია, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას: ეს კეთრის წყლულია, ჩირქოვან მუწუკზე აყვავებული.
21 . თუ ნახავს მღვდელი, რომ არც თმაა გათეთრებული და არც წყლულია კანში ჩაღრმავებული და ნაკლებადაა შესამჩნევი, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
22 . თუ ძლიერ გავრცელდა იგი კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს წყლულია.
23 . თუ თავის ადგილზე რჩება ეს ლაქა და არ ვრცელდება, მაშინ ეს ჩირქოვანი მუწუკის ანთებაა; სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი.
24 . თუ ვინმეს სიდამწვრე აქვს სხეულის კანზე და თუ შეხორცებულ სიდამწვრეზე თეთრ-წითელი ან თეთრი ლაქა აღმოაჩნდება,
25 . ნახავს მღვდელი, თუა გათეთრებული თმა ლაქაზე და პირი კანში ჩაღრმავებული, მაშინ ეს კეთრია, სიდამწვრეზე აყვავებული; უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: კეთრის წყლულია იგი.
26 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ თეთრი თმა არაა ლაქაზე, არც კანშია ჩაღრმავებული და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ შვიდი დღით განამარტოებს მას მღვდელი.
27 . შეხედავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს: თუ გავრცელდა კანზე, მაშინ უწმიდურად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს კეთროვანი წყლულია.
28 . თუ თავის ადგილზე დარჩა ლაქა, არ გავრცელდა კანზე და ძლივს შეიმჩნევა, მაშინ ეს სიდამწვრის სიმსივნეა და სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
29 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება
30 . და ნახავს მღვდელი, რომ ღრმადაა კანში ჩამჯდარი წყლულის პირი, თმა კი მოყვითალო და თხელია მასზე, არაწმიდად მიიჩნევს მას მღვდელი: ეს ქეცია, თავის ან წვერის კეთრი.
31 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ჩაღრმავებული არ არის ქეცის წყლულის პირი კანში და არც შავი თმაა მასზე, შვიდი დღით განამარტოვოს მღვდელმა ქეცით დაწყლულებული.
32 . ნახავს მღვდელი წყლულს მეშვიდე დღეს და თუ არ გავრცელებულა ქეცი, არც მოყვითალო თმაა მასზე და ქეცის პირიც არაა ჩაღრმავებული კანში,
33 . მაშინ გაიპარსოს, მაგრამ ქეცით დაავადებულ ადგილს ნუ გაიპარსავს და მეორედ განამარტოვებს მღვდელი ქეცით დაავადებულს შვიდი დღით.
34 . მეშვიდე დღეს ნახავს მღვდელი ქეცს და თუ არ გავრცელებულა იგი კანზე და არც პირია ჩაღრმავებული კანში, მაშინ სუფთად მიიჩნევს მას მღვდელი; გაირეცხოს სამოსელი და სუფთა იქნება.
35 . თუ გასუფთავების შემდეგ გავრცელდა ქეცი კანზე,
36 . შეხედავს მას მღვდელი და ნახავს, რომ გავრცელდა ქეცი კანზე, მაშინ ნუღარ მოძებნის მოყვითალო თმას - უწმიდურია იგი.
37 . თუ ხილულად დარჩა ქეცი და ზედ შავი თმა ამოვიდა, განკურნებულია იგი; სუფთაა და მღვდელიც სუფთად მიიჩნევს.
38 . თუ მამაკაცს ან დედაკაცს სხეულის კანზე ლაქები გამოაჩნდებათ, თეთრი ლაქები,
39 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ ფერმკრთალია მათი სხეულის კანზე გამოსული თეთრი ლაქები, ღია ფერის ქეცი იქნება ეს, რომელიც კანზე აყვავდა: სუფთაა იგი.
40 . თუ ვინმეს თავზე თმა გასცვივდა, ეს სიმელოტეა; სუფთაა იგი.
41 . თუ წინა მხრიდან გასცვივდა თმა, მაშინ მელოტია ის, სუფთაა იგი.
42 . თუ მელოტ ან ქაჩალ ადგილზე თეთრ-წითელი წყლული გაუჩნდება, მაშინ ეს კეთრია, მელოტ ან ქაჩალ ადგილზე აყვავებული.
43 . შეხედავს მას მღვდელი და აჰა, თუ თეთრ-წითელი წყლულის სიმსივნეა მელოტ ან ქაჩალ ადგილზე, ისეთივე, როგორიც კეთრია ხოლმე სხეულის კანზე,
44 . მაშინ კეთროვანი კაცია ის, უწმიდურია იგი; უწმიდურად უნდა გამოაცხადოს მღვდელმა: წყლული აქვს თავზე.
45 . დაწყლულებულის სამოსი უნდა დაიხეს, თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, ულვაშებამდე შებურვილი უნდა იყოს და იძახოს: "უწმიდური! უწმიდური!”
46 . უწმიდურია მთელი დღეები, სანამ წყლული აქვს; უწმიდურია იგი, განცალკევებით იცხოვროს, თავისი სადგომის ბანაკის გარეთ.
47 . თუ კეთროვანი წყლული იქნება სამოსელზე, მატყლის ან სელის სამოსელზე,
48 . ქსელზე, სელის ან მატყლის მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე,
49 . თუ მომწვანო ან მოწითალო წყლული იქნება სამოსელზე: ტყავზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ ეს კეთრის წყლულია; მღვდელს უნდა ეჩვენოს.
50 . ნახავს იგი წყლულს და განამარტოებს კეთროვანს შვიდი დღით.
51 . ნახავს წყლულს მეშვიდე დღეს და თუ გავრცელდა წყლული სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე, ტყავზე ან ტყავის რომელიმე ნაწარმზე, მაშინ ეს მწვავე კეთრია: უწმიდური წყლულია იგი.
52 . უნდა დაიწვას სამოსელი: მატყლის, სელის ქსელი, ან ტყავის რომელიმე საგანი, რაზეც წყლული იქნება; რადგან ეს მწვავე წყლულია: ცეცხლში უნდა დაიწვას.
53 . თუ დაინახავს მღვდელი, რომ არ გავრცელებულა წყლული სამოსელზე, ქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,
54 . მაშინ უბრძანებს მღვდელი, გარეცხავენ იმას, რაზეც წყლულია და მეორედ განამარტოებს მას შვიდი დღით.
55 . ნახავს მღვდელი წყლულს გამორეცხვის შემდეგ და აჰა, არ იცვალა სახე წყლულმა, თუმცა არ გავრცელებულა, უწმიდურია ის; ცეცხლზე დაწვი იგი; ამოჭმულია მისი წაღმა ან უკუღმა პირი.
56 . თუ ნახავს მღვდელი, რომ ნაკლებად შესამჩნევია წყლული მისი გამორეცხვის შემდეგ, მაშინ ამოგლიჯოს იგი სამოსელიდან, ტყავიდან, ქსელიდან ან მისაქსელიდან.
57 . თუ კვლავ გამოჩნდება იგი სამოსელზე, ქსელზე, მისაქსელზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მაშინ აყვავებულია იგი: ცეცხლში დაიწვას, რაზეც წყლულია.
58 . სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება.
59 . ეს არის რჯული კეთროვან წყლულზე, მატყლის, სელის, ქსელის, მისაქსელის ტანისამოსზე ან ტყავის რომელიმე საგანზე, მის სუფთად ან უწმიდურად მისაჩნევად.
1 . ხმამაღლა მოსთქვამდა მთელი თემი და იტირა ხალხმა იმ ღამეს.
2 . წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: "ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით!
3 . რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!”
4 . უთხრეს ერთმანეთს: "ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში”.
5 . და პირქვე დაემხნენ მოსე და აჰარონი ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე.
6 . და შემოიხიეს სამოსელი იეშუა ნავეს ძემ და ხალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც ქვეყნის მზვერავთაგანნი იყვნენ.
7 . უთხრეს ისრაელის მთელ თემს: "ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა.
8 . მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი.
9 . ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
10 . და თქვა მთელმა თემმა: "ქვებით ჩავქოლოთ ესენი!” მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა მგმოს ამ ხალხმა? როდემდე არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მოვახდინე მათ შორის?
12 . განვგმირავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ და შევქმნი შენგან ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს”.
13 . უთხრა მოსემ უფალს: "მოისმენენ ეგვიპტელნი, რომელთა შუაგულიდანაც გამოიყვანე ეს ხალხი შენი ძლიერებით,
14 . და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც გაიგეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორის ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები მათ, შენი ღრუბელი ადგას თავზე, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლოვან სვეტში;
15 . თუ ერთი კაცივით გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:
16 . რახან ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის იმ ქვეყანაში მიყვანა, რომელიც ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.
17 . ახლა, გთხოვ, განდიდდეს უფლის ძალა, როგორც ნათქვამი გაქვს:
18 . სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.
19 . გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე”.
20 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
21 . ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
22 . ვერცერთი იმ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი ნიშნები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვახდინე, ათჯერ რომ გამომცადეს და მაინც არ ისმინეს ჩემი ხმა,
23 . ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს; ვერცერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას.
24 . მხოლოდ ხალებს, ჩემს მსახურს, მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა; მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
25 . ყამალეკი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში წითელი ზღვის გზით”.
26 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
27 . "როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი ხალხი ჩემზე? ვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ისინი ჩემზე,
28 . უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი. როგორც ილაპარაკეთ ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29 . ამ უდაბნოში დაეყრება თქვენი გვამები, თქვენი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე.
30 . ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.
31 . და თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო, მათ შევიყვან იქ და იხილავენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ.
32 . თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაეყრება.
33 . მწყემსებივით იხეტიალებენ თქვენი ძეები უდაბნოში ორმოც წელს და დაისჯებიან თქვენი ორგულობის გამო, ვიდრე არ დაიყრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34 . იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით, რადგან ორმოცი დღე ზვერავდით - თითო დღე თითო წელიწადზე, ორმოცი წლის განმავლობაში დაისჯებით, რათა გამოსცადოთ ჩემთან დაპირისპირება.
35 . მე, უფალი, ვამბობ: ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც აღდგა ჩემს წინააღმდეგ: აქ, ამ უდაბნოში მოკვდებიან და შთაინთქმებიან”.
36 . ის კაცები კი ქვეყნის დასაზვერად რომ გაგზავნა მოსემ და დაბრუნებისას, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრით აღაშფოთეს მთელი თემი მის წინააღმდეგ,
37 . წყლულებით დაიხოცნენ უფლის წინაშე, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრის გამო.
38 . მხოლოდ იეშუა ნავეს ძე და ხალებ იეფუნეს ძე დარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომლებიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასულები.
39 . თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეთა წინაშე და ფრიად დამწუხრდა ხალხი.
40 . ადგნენ დილაადრიანად, ავიდნენ მთის მწვერვალზე და თქვეს: "მივიდეთ იმ ადგილზე, რომელზეც გვითხრა უფალმა, რადგან შევცოდეთ”.
41 . უთხრა მოსემ: "რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა.
42 . ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე.
43 . რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.
44 . მაგრამ არ შეისმინეს და ავიდნენ მთის მწვერვალზე; უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე კი არ გასულან ბანაკიდან.
45 . ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომლებიც იმ მთაზე მკვიდრობდნენ, და შემუსრეს და განდევნეს ისინი ხორმამდე.
1 . ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში.
2 . ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.
3 . ვინაიდან, ვისაც ჰგონია რომ რაიმეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს.
4 . ამიტომ, ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება საკვეხნი, მხოლოდ საკუთარ თავთან და არა სხვასთან.
5 . რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.
6 . სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სასიკეთოს უზიარებდესდამმოძღვრავს.
7 . ნუ ცდუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან, რასაც თესავს კაცი, იმას იმკის!
8 . ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.
9 . სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
10 . მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.
11 . ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით.
12 . ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი.
13 . ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, თუმცა უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხნონ.
14 . მე კი ნუმც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი - წუთისოფლისთვის.
15 . ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
16 . ვინც ამ წესში ივლის, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე.
17 . ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს ჭრილობებს ვატარებ ჩემს სხეულში.
18 . ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო, ამინ!