1 . დაემხო იოსები მამის პირსახეს, დასტიროდა და ჰკოცნიდა მას.
2 . უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.
3 . შეუსრულდა მას ორმოცი დღე, რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას. და დასტიროდა ეგვიპტე სამოცდაათი დღე.
4 . განვლო გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლეულს: "თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს:
5 . მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: "აჰა, ვკვდები მე, ჩემს სამარხში, ქანაანის ქვეყანაში რომ გავითხარე, იქ დამმარხეთ”. ახლა ნება მომეცი, წავიდე, დავმარხო მამაჩემი და დავბრუნდები”.
6 . უთხრა ფარაონმა: "წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა”.
7 . წავიდა იოსები მამის დასამარხად. და წაჰყვა ფარაონის ყველა მსახური, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი;
8 . იოსების მთელი სახლეული, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში.
9 . მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები, ფრიად დიდი კრებული იყო ეს.
10 . და მივიდნენ ჰატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა; იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. შვიდი დღე იგლოვა მამამისი.
11 . იხილეს ქანაანელებმა გლოვა ჰატადის კალოზე და თქვეს: "მძიმეა ეგვიპტელთა ეს გლოვა!” ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა.
12 . და ყველაფერი ისე აღუსრულეს მისმა ძეებმა, როგორც უანდერძა მათ.
13 . წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში და დაკრძალეს მახფელას ველის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ, რომელიც ამ ველთან ერთად იყიდა აბრაჰამმა ხეთელი ყეფრონისგან.
14 . დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, თავის ძმებთან და ყველასთან ერთად, ვინც კი მამამისის დასაკრძალად იყო წასული, მას შემდეგ, რაც დაკრძალა მამამისი.
15 . ხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს: "ვაითუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გავუკეთეთ!”
16 . და შეუთვალეს იოსებს ამ სიტყვებით: "სიკვდილის წინ დაგვიბარა მამაშენმა:
17 . ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ.
18 . მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: "აჰა, შენი მონები ვართ!”
19 . უთხრა მათ იოსებმა: "ნუ გეშინიათ, განა ღმერთის მაგიერი ვარ?
20 . ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე.
21 . ამიტომ ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენც და თქვენს ბავშვებსაც”. ანუგეშა ისინი და გულითადად ელაპარაკა.
22 . და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის სახლეულთან ერთად. ას ათი წელი იცოცხლა იოსებმა.
23 . და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე; მაქირის, მენაშეს ძის შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.
24 . უთხრა იოსებმა თავის ძმებს: "ვკვდები, მაგრამ უსათუოდ გაგიხსენებთ ღმერთი და გაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომლის შესახებაც შეჰფიცა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს”.
25 . და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: "როცა ღმერთი გაგიხსენებთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!”
26 . გარდაიცვალა იოსები ას ათი წლისა. შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.
1 . "თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.
2 . თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, რამდენსაც იმსახურებს.
3 . ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
4 . პირს ნუ აუკრავთ ხარს ლეწვისას.
5 . თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი.
6 . პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.
7 . თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა.
8 . დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო,
9 . მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას.
10 . და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში.
11 . თუ კაცები ერთმანეთს ეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,
12 . ხელი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
13 . ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
14 . ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.
15 . სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
16 . რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყველა, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის.
17 . გახსოვდეს, როგორ მოგექცა ყამალეკი გზაზე, როცა გამოდიოდი ეგვიპტიდან,
18 . გზაზე რომ დაგხვდა და შეგიმუსრა დაქანცულები უკანა რიგებში, შენ კი დაღლილი იყავი და ღონემიხდილი; და არ შეეშინდა მას ღვთისა.
19 . როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისგან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, აღგავე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან და არ დაივიწყო ეს!
1 . ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.
2 . მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა, მისი განმარისხებელი თავს საფრთხეში იგდებს.
3 . დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.
4 . ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.
5 . კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მას.
6 . ბევრს მოაქვს თავი ერთგულ ადამიანად, მაგრამ სანდო კაცს ვინ იპოვის?
7 . მართალი თავის უბიწობით დადის, ნეტარნი არიან მისი ძენი მის შემდეგ.
8 . მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
9 . ვინ იტყვის: გული გავისუფთავე, განწმედილი ვარო ჩემი ცოდვისგან?
10 . მრუდე საწონი, მრუდე საზომი - ერთიც და მეორეც სისაძაგლეა უფლისთვის.
11 . ბავშვიც კი იცნობა თავისი საქციელით, სუფთა და მართალი თუა მისი ნამოქმედარი.
12 . მსმენელი ყური და მხილველი თვალი - ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
13 . ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.
14 . არ ვარგა, არ ვარგაო - ამბობს მყიდველი; მაგრამ წავა და ნავაჭრით ტრაბახობს.
15 . არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული - გონიერი ბაგეებია.
16 . აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს უდგება თავდებად. უცხოს წილად გამოართვი გირაო.
17 . ტკბილია კაცისთვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაევსება პირი.
18 . ყველა გეგმა რჩევით მტკიცდება; ბრძნული მითითებით წარმართე ომი.
19 . დაიარება ცილისმწამებელი და საიდუმლოს ამხელს; ჭორიკანას ნუ დაუახლოვდები.
20 . დედ-მამის მაწყევარს უკუნეთ სიბნელეში ჩაუქრება ლამპარი.
21 . სწრაფად შეძენილი ქონება, საბოლოოდ კურთხეული არ იქნება.
22 . ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.
23 . სისაძაგლეა უფლისთვის ორგვარი საწონი, მატყუარა სასწორი არ არის კარგი.
24 . ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
25 . კაცისთვის მახეა რაიმეს ნაჩქარევად შერაცხვა ‘წმიდად’ და აღთქმის დადების შემდეგ დაფიქრება.
26 . გაფანტავს ბოროტეულთ ბრძენი მეფე და კევრით გალეწავს მათ.
27 . უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.
28 . წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.
29 . ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.
30 . ბოროტისგან განწმენდს მათრახით მიყენებული ჭრილობები და დარტყმები - შიგანს რომ წვდება.
1 . ვაი მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის.
2 . აჰა, უფლის ძლიერი, მაგარი, თავსხმა სეტყვასავით და წყლის მჩქეფარე ნიაღვრებივით დამღუპველი გრიგალი, მიწაზე რომ ანარცხებს ხელით.
3 . ფეხით გაითელება მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინი.
4 . მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი, ნაყოფიერი ხეობის თავზე რომ არის, ზაფხულის დადგომამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც დაინახავს თუ არა მნახველი, აიღებს და გადაყლაპავს.
5 . იმ დღეს, ცაბაოთ უფალი გახდება მშვენების გვირგვინი და დიდების ჯიღა თავისი ერის ნატამალისთვის.
6 . სამართლის სული - სამსჯავროში მსხდომთათვის და ძალა - კარიბჭიდან თავდამსხმელთა მომგერიებელთათვის.
7 . ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.
8 . ვინაიდან ყოველი სუფრა ბინძური ნარწყევით გაივსო, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
9 . ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?
10 . რადგან მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ.
11 . დიახ, ლუღლუღა ბაგეებით და უცხო ენით დაელა0არაკებ ამ ხალხს.
12 . ეუბნებოდნენ მათ: "აჰა, მოსვენება; მიეცით დაქანცულს მოსვენება, აჰა, სიმშვიდე”, მაგრამ არ უნდოდათ მოსმენა.
13 . ასეთი იქნება მათთვის უფლის სიტყვა: მცნება მცნებაზე, მცნება მცნებაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა იქ, ცოტა აქ, რომ წავიდნენ და გულაღმა დაეცნენ, დაილეწონ, მახეში გაებნენ და დატყვევდნენ.
14 . ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, დამცინავო კაცებო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში.
15 . რადგან ამბობდით: "აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით ქვესკნელთან; როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - სამალავად”.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, საიმედო საძირკველს და მასზე მინდობილს შიში ვერ ააჩქარებს.
17 . სამართალს დავდებ საზომად და სიმართლეს - საწონად, სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წალეკავს სიცრუის სამალავს.
18 . გაუქმდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და ვერ გაძლებს თქვენი კავშირი ქვესკნელთან. და როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
19 . რამდენჯერაც არ უნდა ჩამოიაროს, შეგიპყრობთ; ყოველ დილით ჩამოივლის. დღისით და ღამით; მისი ამბის გაგონებაზეც კი ძრწოლა შეგიპყრობთ.
20 . მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და საბანი - ვიწრო, მასში გასახვევად,
21 . რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე აღდგა, შეიძრება, როგორც გაბაონის ხეობაში შეიძრა, რათა აღასრულოს თავისი განზრახვა, უჩვეულო მიზანი; შეასრულოს თავისი საქმე, საქმე - უცნაური.
22 . ახლა კი, მოეშვით დაცინვას, თორემ განმტკიცდება თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების ამბავი მოვისმინე ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან.
23 . ყური დაუგდეთ და უსმინეთ ჩემს ხმას, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი.
24 . განა ყოველდღე ხნავს მხვნელი დასათესად, განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს მიწას?
25 . განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მოფანტავს შავკაკალას და კვლიავს მიმოყრის, ხორბალს რიგებად თესავს და ქერს თავის ადგილზე ჰყრის, ჭვავს კი ყანის კიდეებზე ათავსებს.
26 . ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
27 . რადგან კევრით არ ლეწავენ შავკაკალას და ურმის თვალს არ ატარებენ კვლიავზე; რადგან კეტით ბერტყავენ შავკაკალას და ჯოხით - კვლიავს.
28 . ლეწავენ საპურე ხორბალს, თუმცა ბოლომდე არ ნაყავენ; რადგან ურმის თვალი და ცხენები, ასე თუ გაგრძელდა, გააფუჭებენ მას, ამიტომ ჩერდება და აღარ ლეწავს.
29 . ესეც ცაბაოთ უფლისგანაა; საკვირველია მისი რჩევა და დიადი - მისი სიბრძნე.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . ასე ამბობს უფალი: "მე აღვძრავ დამღუპველ ქარს ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებლებზე.
2 . უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს, ისინი გაანიავებენ და გააცამტვერებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს, უბედურების დღეს.
3 . არ მოაზიდინოთ მშვილდი მშვილდოსანს, არავის დაანებოთ ჯავშნის ჩაცმა, ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, მთელი მისი ჯარი გაანადგურეთ.
4 . დაეცემიან განგმირულნი ქალდეველთა ქვეყანაში და დალახვრულნი მის ქუჩებში.
5 . რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა დანაშაულითაა სავსე მათი მიწა ისრაელის წმიდის წინაშე.
6 . გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.
7 . ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.
8 . უცებ დაეცა ბაბილონი და გაცამტვერდა, იქვითინეთ მასზე, მალამო მოიტანეთ მისი წყლულისთვის, იქნებ განიკურნოს.
9 . ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ და წავიდეთ თითოეული საკუთარ ქვეყანაში, ვინაიდან ცას მიაღწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა.
10 . უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე; მოდით და ვაუწყოთ სიონში საქმენი უფლისა, ჩვენი ღმერთისა.
11 . წაუმახეთ წვერები ისრებს, კაპარჭები შეავსეთ! გამოაღვიძა უფალმა მიდიელი მეფეების სული, ვინაიდან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისძიებაა ეს, შურს იძიებს თავისი ტაძრის გამო.
12 . ასწიეთ ალამი ბაბილონის კედლების წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და აღასრულებს კიდეც, რაც ბაბილონის მცხოვრებლებზე თქვა.
13 . დიდ წყალზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბის შესაბამისად.
14 . საკუთარი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: "კალიასავით გაგავსებ ადამიანებით, ისინი დაგცემენ ყიჟინას”.
15 . მან შექმნა დედამიწა თავისი ძალით, სამყარო სიბრძნით განამტკიცა და თავისი გონებით გადაჭიმა ზეცა.
16 . მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
17 . საკუთარი ცოდნისგან გამოსულელდა ყოველი კაცი, სირცხვილნაჭამია ყოველი ოქრომჭედელი თავისი გამოჭედილი კერპის გამო, რადგან ყალბია მისი ჩამოსხმული, სული არაა მათში.
18 . ამაოებაა იგი, გასაკიცხი ნახელავი; გაქრებიან მონახულების ჟამს.
19 . მათი მსგავსი არაა წილხვედრი იაკობისა, რადგან ყოველივეს შემქმნელია იგი, თავისი სამკვიდრებელი ტომისაც; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
20 . შენა ხარ ჩემი საბრძოლო კვერთხი; შენით შევმუსრავ ერებს და შენით მოვსპობ სამეფოებს;
21 . შენით შევმუსრავ ცხენსა და ეტლს თავისი მხედრებით;
22 . შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს;
23 . შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, მიწათმოქმედსა და მის ხარუღელს, ერის მთავრებსა და გამგებლებს;
24 . "თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს, ყველა იმ ბოროტების გამო, სიონზე რომ მოაწიეს! ამბობს უფალი.
25 . აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ გამოსული, დამანგრეველო მთავ, ამბობს უფალი, დამღუპველო მთელი ქვეყნისა; ხელს გავიწვდენ შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და ცეცხლმოკიდებულ მთად გაქცევ.
26 . ნუმც აიღებენ ქვას შენგან ქვაკუთხედად და საძირკვლისთვის, რადგან სამარადისო უდაბნოდ იქცევი! ამბობს უფალი.
27 . ასწიეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ერებში, მის წინააღმდეგ გამოიწვიეთ ხალხები, მოუხმეთ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, სარდალი დაადგინეთ მის წინააღმდეგ, ბუსუსებიანი კალიასავით შეასიეთ ცხენები.
28 . მოუხმეთ მასზე ხალხებს, მიდიის მეფეებს, მის ყველა მთავარსა და გამგებელს, მისი სამფლობელოს ყოველ ქვეყანაში.
29 . ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.
30 . მიატოვეს ბრძოლა ბაბილონის ვაჟკაცებმა, ციხე-სიმაგრეებში ჩასხდნენ, დაილია მათი ძალა, დიაცებივით გახდნენ; ცეცხლი მოედო მათ საცხოვრებლებს, დაილეწა მათი დარაბები.
31 . შიკრიკი შიკრიკს მიჰყვება და მოამბე მოამბეს, რათა ბაბილონის მეფეს აუწყონ, რომ ყოველი მხრიდან დაიკავეს მისი ქალაქი.
32 . ფონები დაკავებულია, ჭალები ცეცხლითაა დამწვარი. მებრძოლნი დაფეთებულნი არიან.
33 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "გალეწილი კალოსავითაა ბაბილონის ასული, ცოტაც და მკის დროც მოაწევს”.
34 . "შემჭამა, დამამსხვრია ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია! გველეშაპივით გაივსო მუცელი ჩემი ნუგბარით და წამლეკა.
35 . დაე, ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორც მე მომექცნენ იტყვის სიონის მკვიდრი; ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე”, იტყვის იერუსალიმი.
36 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "მე გავარჩევ შენს საქმეს და ვიძიებ შურს შენ გამო, მის ზღვას ამოვაშრობ და მის ნაკადულს დავაშრობ.
37 . ნანგრევების გროვად იქცევა გაუკაცრიელებული ბაბილონი, ტურების ბუნაგად, საფრთხობელად და დასაცინად.
38 . ბოკვრებივით ერთად იღრიალებენ და ლომებივით ბრდღვინვას მოჰყვებიან მისი მცხოვრებნი.
39 . როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ” - ამბობს უფალი.
40 . "ისე წავასხამ, როგორც კრავებს დასაკლავად, ვერძებს ვაცებითურთ.
41 . როგორ შეიპყრეს შეშაკი და გარდახდა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხთა შესაზარად!
42 . ზღვამ მოიქცია ბაბილონი, მღელვარე ტალღებმა დაფარა იგი.
43 . გაცამტვერდნენ მისი ქალაქები, უწყლო უდაბნოდ გადაიქცა მიწა, რომელზეც აღარავინ მკვიდრობს; ადამის ძენი აღარ დადიან მასზე.
44 . მე დავსჯი ბელს ბაბილონში, პირიდან ამოვგლეჯ გადაყლაპულს. აღარ იდინებენ მისკენ ერები; ბაბილონის გალავანიც დაეცემა.
45 . გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ხალხო, თითოეულმა საკუთარი სული გადაირჩინეთ უფლის მძვინვარებისგან.
46 . ნუ დაგისუსტდებათ გულები და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, ქვეყნად რომ გაისმის; ეს ხმა მოვა ამ წელს, მომდევნო წელს - სხვა ხმა; არ შეწყდება ძალადობა ქვეყანაზე და მბრძანებელი მბრძანებელზე აღდგება.
47 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, როცა განაჩენს გამოვუტან ბაბილონის კერპებს, შერცხვება მთელი ქვეყანა და მის წიაღში დაეცემა ყველა მისი მოკლული.
48 . იყიჟინებს ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი”, - ამბობს უფალი.
49 . "როგორც ბაბილონი დასცემდა ისრაელის განგმირულთ, ისე ბაბილონშიც დაეცემიან მოკლულნი მთელი ქვეყნიდან.
50 . წადით, მახვილისგან თავდაღწეულნო, ნუ გაჩერდებით. შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულებში.
51 . შერცხვენილნი ვართ, რადგან ვისმინეთ ლანძღვა; სირცხვილმა დაფარა ჩვენი სახე, ვინაიდან უცხონი შევიდნენ უფლის სახლის საწმიდარში.
52 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, მოვინახულებ მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.
53 . ცამდეც რომ ამაღლდეს ბაბილონი და სიმაღლეებშიც რომ გამაგრდეს, მაინც მოეწევიან მძარცველნი ჩემგან” - ამბობს უფალი.
54 . გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
55 . ვინაიდან უფალი გაატიალებს ბაბილონს და აღკვეთს მის ხმამაღალ ტრაბახს. ახმაურდება მისი ტალღები დიდი წყალივით და გაისმება მათი ჩოჩქოლის ხმა.
56 . რადგან გამტიალებელი მოდის ბაბილონზე, შეპყრობილ არიან მისი ვაჟკაცნი, შეიმუსრა მათი მშვილდები, ვინაიდან ღმერთი, შურისგების უფალი, ბოლომდე მიუზღავს მათ.
57 . "დავათრობ მის მთავრებსა და ბრძენკაცებს, მის მმართველებს, გამგებლებსა და ვაჟკაცებს, დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
58 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის განიერი გალავნები გაშიშვლდება, მისი მაღალი კარიბჭენი კი ცეცხლით დაიწვება; ამაოდ იშრომა ხალხმა, ცეცხლისთვის მოიქანცნენ ერები”.
59 . სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა იერემიამ უბრძანა სერაია ნერიას ძეს, მახსეიაის შვილიშვილს, როცა ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს; მესაწოლთუხუცესი იყო სერაია.
60 . ერთ გრაგნილში ჩაწერა იერემიამ ყველა ის უბედურება, ბაბილონს რომ მოეწევა; ყველა ეს სიტყვა ბაბილონზე იქნა დაწერილი.
61 . უთხრა იერემიამ სერაიას: "ბაბილონში რომ მიხვალ, მაშინ ნახე და წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.
62 . იტყვი: უფალო, შენ თქვი ამ ადგილზე, ისე გავანადგურებ, რომ ვეღარავინ იცხოვრებსო მასში, ვერც ადამიანი, ვერც პირუტყვი, რადგან საუკუნო უდაბნოდ ვაქცევო მას.
63 . ამ გრაგნილის კითხვას რომ დაასრულებ, დაგრაგნე, ქვა მოაბი და ეფრატში ჩააგდე.
64 . და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, მე რომ მოვაწევ; მოიქანცებიან ისინი!” აქამდეა იერემიას სიტყვები.
1 . განტოტვილი ვაზია ისრაელი, ნაყოფიერი: რაც უფრო მრავლადაა მისი ხილი, მით უფრო გაიმრავლა სამსხვერპლოები, რაც უფრო კარგი იყო მისი ქვეყანა, მით უფრო დაამშვენა სვეტები.
2 . გაიყო მათი გული, ამიტომაც დაისჯებიან - ის დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს, ის გაანადგურებს მათ ძეგლებს.
3 . ამბობენ: მეფე არა გვყავს, ვინაიდან არ გვეშინია უფლისა, მეფე კი - რას გაგვიკეთებსო ჩვენ?
4 . ფუჭად ლაპარაკობენ, ყალბად იფიცებენ, კავშირებს კრავენ; ამიტომაც აღმოცენდება განკითხვა, როგორც შხამიანი ბალახი ყანის კვლებში.
5 . ბეთ-ავენის ხბოს გამო შეშინდებიან სამარიის მკვიდრნი, ხბოს გლოვობენ ხალხი და მისი ქურუმები, მასზე რომ მხიარულობდნენ, რადგან გასცილდა მას მისი დიდება.
6 . თვითონაც აშურში იქნება წაყვანილი, საჩუქრად მეფე იარებთან. სირცხვილს იტვირთავს ეფრემი და შერცხვება ისრაელს თავისი ზრახვებისა.
7 . გაქრება სამარიის მეფე, როგორც ქაფი წყლის პირზე.
8 . აოხრდება სიმაღლენი ავენისა - ისრაელის ცოდვისა, ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს - დაგვიფარეთო; და მაღლობებს - ზემოდან დაგვემხეთო.
9 . გიბყას მთის დღეებიდან სცოდავდი, ისრაელო! იქ დაიდგი სამსხვერპლოები, განა არ მოეწევა გიბყას უმართლობის ძეთა წინააღმდეგ გალაშქრება?
10 . მოვისურვე მათი დასჯა - შეიკრიბებიან მათზე ხალხები და შეიბოჭებიან მათი ორმაგი ურჯულოების გამო.
11 . გაწვრთნილი დეკეულივითაა ეფრემი, ლეწვას მიჩვეული. მე გადავატარებ უღელს მის ნასუქალ ქედზე, დავადგამ და მოხნავს იუდა, იაკობი კი დაფარცხავს.
12 . სიმართლეში თესეთ თქვენთვის და მოიმკეთ წყალობაში. გატეხეთ თქვენი ყამირი, რადგან უფლის მოძიების ჟამია, სანამ მოვა და გაწვიმებთ სიმართლეს.
13 . ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.
14 . ჩოჩქოლი ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაინგრევა, როგორც შალმანმა დაანგრია ბეთარბელი ბრძოლის დღეს, როცა შვილებს დააკლეს დედა.
15 . ასე მოგექცევა ბეთელი შენი დიდი ბოროტების გამო, დადგება განთიადი და ბოლომდე აღმოიფხვრება ისრაელის მეფე.
1 . ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელზე იუდას მეფის ყუზიას დღეებში და ისრაელის მეფის იერობყამ იოაშის ძის დღეებში, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.
2 . თქვა: უფალი დაიგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; მწყემსთა საძოვრები გახმება და ქარმელის მწვერვალი გამოშრება.
3 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ დამასკოს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს.
4 . ცეცხლს დავცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის ციხე-დარბაზებს.
5 . დავლეწ დამასკოს ურდულს, მოვკვეთ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში! - ამბობს უფალი.
6 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ღაზას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან მთელი ხალხი გადახვეწეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი.
7 . ცეცხლს დავცემ ღაზას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
8 . მოვკვეთ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი! - ამბობს უფალი.
9 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ცორს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს და ძმური აღთქმა დაივიწყეს.
10 . ცეცხლს დავცემ ცორის გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს.
11 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ედომს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - რადგან მახვილით დევნა თავისი ძმა, ჩაიხშო სიბრალული, რისხვით ბრდღვინავს გამუდმებით და გულში ბრაზს ინახავს.
12 . ცეცხლს დავცემ თემანს და ცეცხლი შეჭამს ბოცრას ციხე-დარბაზებს.
13 . ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ყამონს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ორსულ ქალებს ფატრავდნენ გილყადში, თავიანთი საზღვრები რომ გაეფართოებინათ.
14 . ცეცხლს დავცემ რაბას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს: საომარი ყიჟინით - ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი - ქარიშხლიან დღეს;
15 . ტყვედ ჩავარდება მათი მეფე თავის მთავრებთან ერთად! - ამბობს უფალი.
1 . განა თავისუფალი არა ვარ? განა მოციქული არა ვარ? განა არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? განა თქვენ ჩემი ნამოღვაწარი არა ხართ უფალში?
2 . თუ სხვებისთვის არა, თქვენთვის ხომ მაინც ვარ მოციქული, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენ ხართ უფალში.
3 . აი, რა პასუხს გავცემ ჩემს განმკითხველებს:
4 . განა ჩვენ არა გვაქვს ჭამა-სმის უფლება?
5 . განა უფლება არა გვაქვს დავიმგზავროთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
6 . თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უმუშევრობის უფლება?
7 . რომელ ჯარისკაცს უომია ოდესმე საკუთარი ხარჯით? ვინ რგავს ვაზს და მის ნაყოფს კი არ ჭამს? ვინ მწყემსავს სამწყსოს და სამწყსოდან რძეს არ სვამს?
8 . განა ადამიანურად ვლაპარაკობ ასე? განა რჯულიც ამასვე არ ამბობს?
9 . რადგან დაწერილია მოსეს რჯულში: პირს ნუ აუკრავ მლეწავ ხარს. განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი?
10 . თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.
11 . თუ სულიერი დავთესეთ თქვენში, განა დიდი ამბავია, რომ ხორციელი მოვიმკათ თქვენგან?
12 . თუ სხვებს ძალაუფლება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა? მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას.
13 . ნუთუ არ იცით, რომ ტაძრისგან ჭამენ მღვდელმსახურნი? ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს?
14 . ასევე დაუწესა უფალმა სახარების მქადაგებლებს სახარებით ცხოვრება.
15 . თუმცა მე არც ამათგან გამომიყენებია რაიმე; და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქმნა ასე; ვინაიდან სიკვდილი მირჩევნია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას!
16 . ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა; და ვაი მე, თუ არ ვახარებ.
17 . რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ - სახლმართველობა მაქვს მონდობილი.
18 . მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.
19 . ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა ღვთისთვის.
20 . იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
21 . ურჯულოთათვის - როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღმერთის ურჯულო, არამედ - ქრისტეს რჯულის ქვეშ მყოფი, რათა ურჯულოები შემეძინა.
22 . უძლურებისთვის უძლური ვიყავი, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები.
23 . და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისთვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე.
24 . განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.
25 . ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა.
26 . ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე;
27 . არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.
1 . ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
2 . დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები - როგორც დები, მთელი სიწმიდით.
3 . პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.
4 . ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
5 . ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
6 . განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.
7 . ეს ამცნე, რათა ბრალდაუდებელნი იყვნენ.
8 . ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
9 . ქვრივებად უნდა ჩაითვალონ არანაკლებ სამოცი წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარნი,
10 . თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია.
11 . ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან, როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღგზნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ.
12 . ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.
13 . და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
14 . ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.
15 . ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.
16 . თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.
17 . ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.
18 . ვინაიდან წერილი ამბობს: "პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს”; და კიდევ: "მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა”.
19 . ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ ორი ან სამი მოწმე არ იქნება.
20 . შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.
21 . ვმოწმობ ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ჩემი რჩევები და მიკერძოებით არაფერი გააკეთო.
22 . არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი.
23 . ამიერიდან მარტო წყალს ნუღარ დალევ, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.
24 . ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და სამსჯავროსკენ მიუძღვიან წინ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
25 . ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადნი არიან, და თუ არა, მაინც ვერ დაიმალებიან.
1 . წინასწარმეტყველება ზღვისპირა უდაბნოზე: როგორც სამხრეთის ქარიშხალი აღგვის უდაბნოს, ისე მოდის იგი ძრწოლის ქვეყნიდან.
2 . სასტიკი ხილვა მეჩვენა: მოღალატე ღალატობს და ყაჩაღი ყაჩაღობს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდიავ! ყველა მის ოხვრას ბოლო მოვუღე.
3 . ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა.
4 . გული მითრთის, შიშის ზარი დამეცა; საამური საღამო საშინელებად მექცა.
5 . ტაბლას აწყობენ, სუფრას შლიან, ჭამენ და სვამენ - "ადექით, მთავარნო, ზეთი სცხეთ ფარს!”
6 . რადგან ასე ამბობს უფალი: "წადი, მსტოვარი გააგზავნე და მოგახსენოს რას ნახავს.
7 . დაინახავს წყვილ-წყვილად ამხედრებულთ, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს. ყურს მიუგდებს მათ, დიდი ყურადღებით”.
8 . ლომივით გასძახის მსტოვარი: "უფალო! მუდმივად საგუშაგოზე ვარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე.
9 . აჰა, ახლა წყვილ-წყვილად ამხედრებულნი მოდიან მხედარნი. თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი, მისი ღმერთების ყველა გამოსახულება მიწას დაენარცხა და დაიმსხვრა”.
10 . ძეო ჩემო, საცეხველში გალეწილო! რაც გაგონილი მაქვს ცაბაოთ უფლის, ისრაელის ღმერთისგან, ის გაუწყეთ.
11 . წინასწარმეტყველება დუმაზე: სეყირიდან მიხმობენ: "გუშაგო, რა მოხდა ღამით? გუშაგო, რა მოხდა ღამით?”
12 . ეუბნება გუშაგი: "დილა დგება, ღამეც მოდის; თუ დაეკითხებით, დაეკითხეთ! ისევ დაბრუნდით”.
13 . წინასწარმეტყველება არაბეთზე: არაბეთის უღრანში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო!
14 . შემხვედრი მწყურვალისთვის წყალი გამოჰქონდათ; პურით ეგებებოდნენ დევნილებს თემას მიწის მკვიდრნი.
15 . რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდსა და ომის სიმძიმეს.
16 . ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: "ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
17 . მშვილდოსანთა სიმრავლიდან გადარჩენილნი კი, მამაცი ძენი კედარისა, მცირედნი იქნებიან”, რადგან ასე აქვს ნათქვამი უფალს, ისრაელის ღმერთს.