1 . და ერთი კაცივით შეიკრიბა მთელი ხალხი იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
2 . მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.
3 . განთიადიდან შუადღემდე კითხულობდა მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, მამაკაცთა, დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; მთელი ხალხის ყურადღება რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
4 . იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გააკეთეს. გვერდში ედგნენ: მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია - მარჯვნივ, მარცხნივ კი - ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშულამი.
5 . გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა იგი; და როდესაც გახსნა, მთელი ხალხი წამოდგა ფეხზე.
6 . და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა "ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.
7 . იეშუა, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე.
8 . გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.
9 . ნეემია განმგებელმა, ეზრა მღვდელმა და მწიგნობარმა და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: "ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის - ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!” რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვების მოსმენისას.
10 . უთხრა: "წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა”.
11 . ლევიანებიც ამშვიდებდნენ მთელ ხალხს ამ სიტყვებით: "დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ ნაღვლობთ”.
12 . წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, წილობების გასაგზავნად და დიდი ზეიმის აღსანიშნავად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომლებიც განუცხადეს მათ.
13 . მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან შეიკრიბნენ მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.
14 . აღმოაჩინეს რჯულში დაწერილი, როგორ ამცნო უფალმა თავის ხალხს მოსეს მეშვეობით, რომ ისრაელის ძეებს კარვებში უნდა ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულზე.
15 . ისინიც ადგნენ, გამოაცხადეს და ხმა გაავრცელეს ყველა ქალაქსა და იერუსალიმში: "გადით მთაზე და მოიტანეთ ზეთისხილის რტოები, ნაძვის ხის რტოები, პალმისა და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით”.
16 . გავიდა ხალხი, მოიტანეს და გაიკეთეს კარვები, თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.
17 . კარვები გაიკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდნენ მათში, რადგან იეშუა ნავეს ძის დღეებიდან ამ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ. და იყო ფრიად დიდი სიხარული.
18 . კითხულობდა ეზრა ღმერთის რჯულის წიგნს ყოველდღე, პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი შეკრება ჰქონდათ წესისამებრ.
1 . მისმინეთ კუნძულებო და დადუმდით ჩემს წინაშე, ძალა განიახლეთ ერებო; მერე კი მომიახლოვდით და თქვით: ერთად წარვსდგეთ განსასჯელად.
2 . ვინ აღაზევა აღმოსავლეთიდან იგი, ვინც სიმართლეს მოუხმო თავის კვალზე, ერები დაუმკვიდრა მას და მეფენი დაუმორჩილა? მტვრად აქცევს თავისი მახვილით, გაფანტულ ჩალად - თავისი მშვილდით.
3 . დაედევნება მათ და უსაფრთხოდ გაივლის გზაზე, რომელზეც ფეხი არ დაუდგამს მანამდე.
4 . ვინ ჰქმნა და აღასრულა ეს? ვინც თავიდანვე უხმობს თაობებს! მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ!
5 . დაინახეს კუნძულებმა და შეძრწუნდნენ, თრთიან ქვეყნის კიდეები, მოახლოვდნენ და მოდგნენ.
6 . თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და ეუბნება თავის ძმას - გამაგრდი!
7 . ხურო ოქრომჭედელს ამხნევებს, შემდუღებელი - მჭედელს; ნაწიბურზე ეუბნება: კარგიაო! და ლურსმნებით ამაგრებს, რომ არ ირყეოდეს.
8 . შენ კი, ისრაელ, მსახურო ჩემო, და, იაკობ, რჩეულო ჩემო, თესლო ჩემი საყვარელი აბრაჰამისა,
9 . რომელიც დედამიწის კიდეებიდან მყავს გამოყვანილი, მოგიხმე მისი კუთხეებიდან და გითხარი: "ჩემი მსახური ხარ!” მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.
10 . ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.
11 . აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი.
12 . მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი.
13 . რადგან მე, უფალი - შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: "ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
14 . ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!
15 . აჰა, დაგადგინე დაკბილულ, ორლესულ სალეწად; შენ გალეწავ და დააქუცმაცებ მთებს, ბორცვებს კი ზედ მიაქცევ.
16 . გაანიავებ მათ, აიტაცებს ქარი და გაფანტავს ქარიშხალი, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში და აღმატებულად განმადიდებ.
17 . ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ.
18 . კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას - წყაროებით ავავსებ.
19 . უდაბნოში კედარს დავრგავ, აკაციას, მვირსინს და ზეთისხილს; ერთად ვახარებ უდაბნოში - კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს.
20 . რათა დაინახონ, შეიტყონ, გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა და ისრაელის წმიდამ მოიმოქმედა ეს”.
21 . "წარმოადგინეთ თქვენი საჩივრები!” - ამბობს უფალი; "მოიყვანეთ თქვენი მტკიცებულებანი!” -ამბობს მეფე იაკობისა.
22 . მოვიდნენ და გაგვიცხადონ რა მოხდება. მანამდე გვითხრან რა იქნება, სანამ მოხდება! ჩავწვდებით და გავიგებთ, როგორ დასრულდება; ან მომავალზე გვაუწყონ.
23 . გვითხარით, რა მოხდება და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. ჰო, მოიმოქმედეთ კეთილი ან ბოროტი, რათა შევხედოთ და ერთად დავაკვირდეთ.
24 . აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; საზიზღრობაა თქვენი ამომრჩეველი.
25 . აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.
26 . ვინ განაცხადა თავიდან, რომ ვიცოდეთ? წინასწარ, რომ ვთქვათ: მართალია? მაგრამ არვის უთქვამს, არვის უამბნია, არვის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27 . მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!
28 . გავიხედე და არავინ იყო; არავინაა მათ შორის მრჩეველი, რომ ვკითხო და გამცეს პასუხი.
29 . აჰა, ყველა ყალბია, უსარგებლოა მათი საქმეები, ქარია და სიცარიელე მათი ჩამოსხმული გამოსახულებანი.
1 . ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.
2 . რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს - რაც არ აძღობს? ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში.
3 . მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.
4 . აჰა, მოწმედ დაგადგინე ხალხთათვის, მთავრად და მბრძანებლად ერთათვის,
5 . აჰა, მოუხმობ ერს, რომელსაც არ იცნობდი და ერი, რომელიც არ გიცნობდა, გამოიქცევა შენთან, უფლის, შენი ღმერთისა და ისრაელის წმიდის გულისთვის, ვინაიდან მან განგადიდა შენ.
6 . ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა.
7 . მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ - თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, - ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
8 . რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! - ამბობს უფალი;
9 . და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები - თქვენს ზრახვებზე.
10 . რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური - მჭამელს;
11 . ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან - ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.
12 . მხიარულებით გახვალთ და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი, მთანი და მაღლობნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს.
13 . კვრინჩხის ნაცვლად კვიპაროსი ამოვა და ჭინჭრის ნაცვლად - მურტი; და იქნება იგი უფლის სახსენებლად, მარადიულ ნიშნად და არ მოიკვეთება.
1 . დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
2 . ფრიად განურისხდა უფალი თქვენს მამებს.
3 . მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
4 . თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს - ამბობს უფალი.
5 . სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?
6 . მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.
7 . მეთერთმეტე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
8 . ღამით ვიხილე, აჰა, კაცი იყო წითელ ცხენზე ამხედრებული. ის მურტის ხეებს შორის იდგა, ხეობაში. მის უკან წითელი, ალისფერი და თეთრი ცხენები იდგნენ.
9 . ვკითხე: რა არიან-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მიპასუხა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: გაჩვენებ, რა არიან ესენი.
10 . მურტის ხეთა შორის მდგარმა კაცმა მითხრა: უფალმა ქვეყნის შემოსავლელად მოავლინა ესენი.
11 . და მიუგეს მურტის ხეთა შორის მდგარ უფლის ანგელოზს: შემოვიარეთ ქვეყანა და აჰა, მშვიდია და წყნარი მთელი ქვეყანა.
12 . შემდეგ თქვა უფლის ანგელოზმა: ცაბაოთ უფალო! როდემდე არ შეიბრალებ იერუსალიმს და იუდას ქალაქებს, რომლებზეც განრისხებული ხარ აგერ უკვე სამოცდაათი წელია?
13 . მიუგო უფალმა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს კეთილი და ნუგეშისმცემელი სიტყვები.
14 . და მითხრა ანგელოზმა, მე რომ მელაპარაკებოდა: განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ.
15 . დიდად ვმრისხანებ უდარდელ ხალხზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი - ამბობს ცაბაოთ უფალი - საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
17 . კიდევ განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით, კვლავ ანუგეშებს უფალი სიონს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
18 . აღვაპყარი თვალები და აჰა, ოთხი რქა იყო.
19 . ვკითხე ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა, ისრაელი და იერუსალიმი რომ გაფანტა.
20 . შემდეგ ოთხი მჭედელი დამანახა უფალმა.
21 . ვკითხე: ამათ რა უნდა გააკეთონ-მეთქი? მიპასუხა: ეს ის რქებია, იუდა რომ გაფანტა ისე, რომ ვერავინ შეძლო თავის აწევა; ხოლო ეს მჭედლები იმ ხალხთა დასაშინებლად და რქების დასახრელად მოვიდნენ, რქა რომ აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტად.