1 . დაამზადეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის - ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილისგან და წმიდა შესამოსელი აჰარონისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
2 . დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან.
3 . გამოჭედეს ოქროს ფურცლები და დაჭრეს ძაფებად, რათა ოსტატურად ჩაექსოვათ ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ ქსოვილსა და ბისონს შორის.
4 . გაუკეთეს შემაერთებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო შეერთებული.
5 . ოსტატურად ნახელავი სარტყელი კი, რომელიც ზედ ჰქონდა შემორტყმული, იმავე ნაკეთობისა იყო: ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
6 . დაამუშავეს ონიქსის ქვები, ჩასვეს ოქროს ბუდეებში და საჭრეთელით ამოკვეთეს ისრაელის ძეთა სახელები.
7 . და განალაგა ისინი სამახსოვრო ქვებად ეფოდის სამხრეებზე ისრაელის ძეთათვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
8 . ოსტატურად გააკეთა სამკერდული, ეფოდის ნაკეთობის მსგავსად - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან.
9 . ოთხკუთხედი იყო იგი; სამკერდული ორმაგი გააკეთეს - სიგრძით მტკაველი და სიგანით მტკაველი, ორმაგი.
10 . და ქვათა ოთხი მწკრივი ჩასვეს მასში. პირველი მწკრივი - ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა;
11 . მეორე მწკრივი - ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
12 . მესამე მწკრივი - იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
13 . მეოთხე მწკრივი - ქრიზოლითი, ონიქსი, იასპი; ოქროს ბუდეებში იყო ჩასმული.
14 . ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით; მსგავსად საჭრეთელით ამოკვეთილისა, თითოეული თორმეტი შტოდან, თავისი სახელის მიხედვით.
15 . გაუკეთეს სამკერდულს დაწნული, გრეხილი ძეწკვები სუფთა ოქროსგან
16 . გააკეთეს ოქროს ორი ბუდე და ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ორივე რგოლი სამკერდულის ორთავე ბოლოზე.
17 . გაუყარეს ოქროს ორივე წნული რგოლებში სამკერდულის ბოლოებზე.
18 . ხოლო მეორე ბოლოებით წნულები ორ ბუდეს მიამაგრეს და ეფოდის სამხრეების წინ მოათავსეს.
19 . გააკეთეს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრეს სამკერდულის ორ კიდეს, იმ არშიაზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
20 . გააკეთეს ოქროს ორი რგოლი და მიამაგრეს ეფოდის ორივე სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, ნაწიბურთან, ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელზე.
21 . ცისფერი ზონარით მიაბნიეს სამკერდულისა და ეფოდის რგოლები, რათა ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელზე ყოფილიყო და არ მოსცილდებოდა სამკერდული ეფოდს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
22 . გააკეთა ეფოდის ნაქსოვი მოსასხამი, მთლიანად ცისფერი.
23 . შუაში თავის გასაყრელი ჰქონდა ამოჭრილი, ჯაჭვის პერანგის მსგავსად; ჭრილს ოსტატური არშია ჰქონდა ირგვლივ კიდეზე, რათა არ შემორღვეულიყო.
24 . მოსასხამის კალთებს ბროწეულები გაუკეთეს ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული გრეხილი ქსოვილისგან.
25 . გააკეთეს სუფთა ოქროს ეჟვნები და ჩამოჰკიდეს ეჟვნები ბროწეულთა შორის მოსასხამის კალთებს გარშემო;
26 . ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთების გარშემო მსახურებისთვის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
27 . დაუმზადეს აჰარონსა და მის ძეებს ოსტატურად ნაქსოვი ბისონის კვართები.
28 . ბისონის დოლბანდი, ბისონის თავსაბურველი და სელის შარვალი გრეხილი ბისონისგან.
29 . სარტყელი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილისგან, მქარგავის ნახელავი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
30 . გაუკეთეს სუფთა ოქროს ფირფიტა, წმიდა გვირგვინი და ამოკვეთეს მასზე წარწერა: წმიდა უფლისათვის.
31 . მიამაგრეს მას ცისფერი ზონარი, რათა მიებნიათ იგი დოლბანდზე ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
32 . ასე დასრულდა საკრებულო კარვის ყოველი სამუშაო; ზუსტად ისე გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
33 . და მიიტანეს სავანე მოსესთან: კარავი და ყოველი მისი მოწყობილობა, მისი კაუჭები, ძელები, ძელაკები, სვეტები თავისი კვარცხლბეკებით,
34 . ვერძების ალისფერი ტყავებისა და მაჩვის ტყავების საბურველნი და კრეტსაბმელი;
35 . მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და თავსარქველი;
36 . მაგიდა, მთელი მისი მოწყობილობა და საწინაშეო პური;
37 . წმიდა სასანთლე თავისი ლამპრებით; გაწყობილი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობით და ზეთი გასანათებლად.
38 . ოქროს სამსხვერპლო, საცხებელი ზეთი, კეთილსურნელოვანი საკმეველი და ფარდა კარვის შესასვლელისთვის;
39 . სპილენძის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ბადით, მისი კეტები და ყოველი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
40 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ეზოს კარიბჭის ფარდები, თავისი თოკებითა და პალოებით; ყოველი მოწყობილობა სავანეში მსახურებისთვის, საკრებულო კარვისთვის.
41 . საწესო შესამოსელი წმიდაში სამსახურებლად, აჰარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი, მისი ძეების შესამოსელი, მღვდლობის გასაწევად.
42 . ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელის შვილებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
43 . იხილა მოსემ ყოველი საქმე და, აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და აკურთხა ისინი მოსემ.
1 . "როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ ჰპოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში - დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან.
2 . დატოვებს ქალი მის სახლს, წავა და გახდება სხვა კაცის ცოლი;
3 . თუ მეორე ქმარმაც მოიძულა იგი, დაუწერა განქორწინების წერილი, მისცა და გაუშვა თავისი სახლიდან ან მოუკვდა ეს მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად შეირთო ქალი,
4 . პირველ ქმარს, რომელსაც გაშვებული ჰყავდა, აღარ შეუძლია მისი ხელახლა ცოლად შერთვა, მას შემდეგ, რაც წაიბილწა იგი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე; ნუ ჩააგდებთ ცოდვაში ქვეყანას, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . თუ ცოლი ახალი შერთული ყავს კაცს, ლაშქარში ნუ გააგზავნით და ნურაფერს დაავალებთ; იყოს ერთი წელი თავისუფლად თავის სახლში და გაახაროს ცოლი, რომელიც შეირთო.
6 . ნურავინ აიღებს წისქვილსა და დოლაბს გირაოდ, რადგან სიცოცხლეს იღებს იგი გირაოდ.
7 . თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც თავისი მოძმე ისრაელიანი გაიტაცა, დაიმონა და გაყიდა, დაე მოკვდეს გამტაცებელი; ასე ამოშანთეთ ბოროტი თქვენგან.
8 . გაფრთხილდი, გულდასმით და იცავი კეთროვნების წყლულის მთელი რჯული, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები; როგორც მე ვუბრძანე მათ, ისე დაიცავით და აღასრულეთ.
9 . გახსოვდეს, რა უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას.
10 . თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,
11 . გარეთ დაელოდე და იქ გამოგიტანს შენი მოვალე გირაოს.
12 . თუ ღარიბია კაცი, შენთან ნუ გაათევინებ ღამეს გირაოს.
13 . დაუბრუნე გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; გაკურთხებს და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
14 . ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია.
15 . იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.
16 . ნუ მოკვდებიან მამები შვილების ცოდვებისთვის და შვილები - მამების ცოდვებისთვის; კაცი მხოლოდ თავისი ცოდვების გამო უნდა მოკვდეს.
17 . ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.
18 . გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში და იქიდან გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
19 . ყანის მკისას ძნა თუ დაგავიწყდა მინდორში, მის წამოსაღებად ნუღარ დაბრუნდები; ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის იყოს, რათა გაკურთხოს ყოველ საქმეში უფალმა, შენმა ღმერთმა.
20 . როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ხეზე მონარჩენს ნუღარ დაუწყებ ძებნას: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
21 . როცა შენი ვენახის მოსავალს მოკრეფ, დარჩენილს ნუღარ ააგროვებ: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
22 . გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში, ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
1 . მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.
2 . წარგზავნა იეშუამ კაცები იერიხოდან ჰაღაისკენ, რომელიც ბეთავენის მახლობლად, ბეთელის აღმოსავლეთით იყო და უთხრა: "ადით და დაზვერეთ ქვეყანა”. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.
3 . დაბრუნდნენ იეშუასთან და უთხრეს: "ნუ წავა მთელი ხალხი; ორი ან სამი ათასი კაცი ავიდეს და მოსრას ჰაღაი; ნუ გარჯი მთელ ხალხს, რადგან მცირედნი არიან ისინი”.
4 . ავიდა სამი ათასამდე კაცი ხალხიდან, მაგრამ უკუაქციეს ჰაღაის კაცებმა;
5 . დახოცეს მათგან ოცდათექვსმეტამდე ჰაღაის კაცებმა, კარიბჭიდან შებარიმამდე სდიეს და გაწყვიტეს მთის დამრეცზე; დაუდნა ხალხს გული, წყალივით გაუხდა.
6 . შემოიხია იეშუამ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე და მტვერი დაიყარა თავზე ისრაელის უხუცესებთან ერთად.
7 . მოსთქვამდა იეშუა: "ვაი, უფალო ღმერთო! რად გადმოალახვინე ამ ხალხს იორდანე, რათა ამორელთა ხელში ჩაგეგდო და დაგეღუპა? ნეტა იორდანეს გაღმა დამკვიდრება გვერჩია!
8 . გემუდარები, უფალო, რაღა ვთქვა, მას შემდეგ, რაც ზურგი აქცია ისრაელმა თავის მტრებს?
9 . გაიგებენ ქანაანელნი და ამ მიწის ყველა მკვიდრნი, გარს შემოგვადგებიან და წარხოცენ ჩვენს სახელს დედამიწის პირიდან. შენს დიად სახელს რაღას უზამ?”
10 . უთხრა უფალმა იეშუას: "ადექი, რას დამხობილხარ პირქვე?!
11 . შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი აღთქმაც, რომელიც ვამცნე; დარისხებულიდან აიღეს, კიდეც მოიპარეს, გადამალეს და თავის ჭურჭელთან დადეს.
12 . ამიტომ ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა მტრებთან გამკლავება და ზურგი აქციეს მათ, რადგან თვითონ შეიქნენ დარისხებულნი; აღარ ვიქნები თქვენთან თუ არ ამოშანთავთ დარისხებულს თქვენი წიაღიდან.
13 . ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი განიწმიდენით-თქო ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: დარისხებულია შენს შორის, ისრაელ; ვერ შეძლებ მტერთან გამკლავებას, ვიდრე არ მოიშორებ დარისხებულს წიაღიდან.
14 . დილას ტომებად დადექით და ტომი, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს საგვარეულოების მიხედვით; საგვარეულო, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს სახლეულების მიხედვით; სახლეული, რომელსაც დაიკავებს უფალი, დადგეს კაცების მიხედვით.
15 . ცეცხლით დაიწვას დარისხებულის დატაცებაში მხილებული, ის და ყოველივე, რაც მისია, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და ურჩობა გამოიჩინა ისრაელში”.
16 . ადგა იეშუა დილით და დააყენა ისრაელი ტომებად; დაკავდა იუდა.
17 . გამოვიდა იუდას ტომი და დაკავდა ზერახის საგვარეულო. გამოვიდა სახლეულებით ზერახის საგვარეულო და დაკავდა ზაბდი.
18 . სათითაოდ გამოიყვანა მამაკაცები მისი სახლეულიდან და დაკავდა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ზერახის შთამომავალი, იუდას ტომიდან.
19 . უთხრა იეშუამ ყაქანს: "შვილო, დიდება მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, აღიარე მის წინაშე და მითხარი, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ”.
20 . მიუგო ყაქანმა იეშუას: "ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ცუდად მოვიქეცი:
21 . დავინახე ნადავლში შინყარის ერთი მშვენიერი მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ოქროს ზოდი, მომინდა და ავიღე; აჰა, ჩემს კარავში, მიწაშია ჩამარხული, ვერცხლი კი მის ქვეშაა”.
22 . წარგზავნა იეშუამ შიკრიკნი და გაიქცნენ კარვისკენ; და აჰა, ყაქანის კარავშია დამალული, ვერცხლი კი - მის ქვეშაა.
23 . წამოიღეს კარვიდან, მიუტანეს იეშუას, ყველა ისრაელიანს და დაყარეს უფლის წინაშე.
24 . წაიყვანა იეშუამ ყაქანი, ზერახის ძე, თავისი ვერცხლით, მოსასხამითა და ოქროს ზოდით, ასევე მისი ძეები და ასულები, ხარი, სახედარი, ცხვარი, კარავი და ყოველივე, რაც გააჩნდა; მთელი ისრაელი ახლდა თან; და გაიყვანეს ყაქორის ველზე.
25 . უთხრა იეშუამ: "რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხს უბედურებას უფალი”. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და ცეცხლით დაწვეს, მას შემდეგ, რაც ჩაქოლეს.
26 . ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდე დგას; და დაცხრა უფლის მძვინვარე რისხვა. დღემდე ამიტომ ეწოდება იმ ადგილს ყაქორის ველი.
1 . აი, ის ხალხები, რომლებიც დატოვა უფალმა, რათა მათი მეშვეობით გამოეცადა ყოველი ისრაელიანი, რომელიც ვერ შეესწრო ქანაანელებთან გამართულ ვერც ერთ ომს.
2 . მხოლოდ იმისთვის, რომ სცოდნოდათ ისრაელიანთა შთამომავლებს და ესწავლათ ომი, რის შესახებაც უწინ არაფერი იცოდნენ:
3 . ხუთი ფილისტიმელი მთავარი, ყოველი ქანაანელი, ციდონელი და ხიველი, ლიბანის მთაზე რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ხამათის მისასვლელამდე.
4 . ისრაელის გამოსაცდელად იყვნენ ისინი, რათა გაცხადებულიყო შეისმენდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს მეშვეობით რომ ამცნო მათ მამებს.
5 . და დამკვიდრდნენ ისრაელის ძენი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის.
6 . შეირთეს ცოლებად მათი ასულნი, თავიანთი ასულები კი მათ ძეებს მიათხოვეს და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.
7 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის წინაშე: დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და აშერებს.
8 . აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და გადასცა ისინი ქუშან-რიშათაიმს, არამის, შუამდინარეთის მეფეს; რვა წელი ემსახურებოდნენ მას ისრაელის ძენი.
9 . შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა და აღუდგინა უფალმა ისრაელიანებს მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ხალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
10 . უფლის სული იყო მასზე ისრაელში სამსაჯულოდ. გავიდა საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშათაიმი, არამის შუამდინარეთის მეფე; და განამტკიცა თავისი ხელი ქუშან-რიშათაიმზე;
11 . დამშვიდდა ქვეყანა ორმოცი წელიწადი; და გარდაიცვალა ღოთენიელი, კენაზის ძე.
12 . კვლავ იწყეს ისრაელიანებმა ბოროტების ჩადენა უფლის წინაშე; და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მოაბის მეფე, ისრაელის წინააღმდეგ, რადგან ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში.
13 . შემოიკრიბა ყეგლონმა ყამონისა და ყამალეკის ძენი, წავიდა, დაამარცხა ისრაელი და დაიპყრო პალმების ქალაქი.
14 . თვრამეტი წელი ემსახურებოდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს;
15 . შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა, მოუვლინა მათ უფალმა მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძისა, ცაცია კაცი; და ძღვენი გაუგზავნეს ისრაელის ძეებმა მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს.
16 . გაიკეთა ეჰუდმა ორლესული მახვილი, ერთი წყრთა იყო მისი სიგრძე და მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე შეიბა იგი.
17 . და მიართვა ძღვენი ყეგლონს, მოაბის მეფეს; ყეგლონი კი ფრიად ხორცსავსე კაცი იყო.
18 . როგორც კი დაასრულა ძღვენის მირთმევა, მაშინვე გაისტუმრა ძღვენის მზიდველი ხალხი.
19 . მობრუნდა ეჰუდი გილგალის კერპთაგან და უთხრა: "საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო”. მიუგო: "ჩუმად იყავი!” და გამოვიდა მისგან ყველა იქ მდგომი.
20 . მივიდა მასთან ეჰუდი, ის კი ზემო გრილ ოთახში იჯდა, მხოლოდ თავისთვის რომ ჰქონდა. უთხრა ეჰუდმა: "ღვთის სიტყვა მაქვს შენთან”. და წამოიმართა მეფე სავარძლიდან.
21 . გაიწოდა ეჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოზე შებმული მახვილი და აძგერა მუცელში.
22 . ვადიანად შევიდა ხმალი და ქონმა გადაფარა იგი; მუცელშივე ჩაუტოვა მახვილი და გარეთ გამოუვიდა განავალი.
23 . გამოვიდა ეჰუდი ტალანში, გამოიკეტა კარი და ჩარაზა.
24 . მოვიდნენ მისი გამოსვლის შემდეგ მეფის მონები და ჩარაზული დახვდათ ზემო ოთახის კარი; თქვეს: ალბათ მოსასაქმებლადააო საგრილობელ ოთახში ჩაკეტილი.
25 . დიდ ხანს ელოდნენ, ვიდრე არ შეწუხდნენ, მაგრამ არ გაიღო ზემო ოთახის კარი. მაშინ აიღეს გასაღები, გახსნეს კარი და, აჰა, მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი.
26 . სამშვიდობოს გააღწია ეჰუდმა, ვიდრე გონს მოეგნენ ისინი, გასცდა კერპებს და სეყირში მიიმალა.
27 . მისვლისას ჩაჰბერა რქის საყვირში ეფრემის მთაზე, ჩამოვიდნენ მთიდან ისრაელის ძენი და წინ წაუძღვა მათ.
28 . უთხრა: "მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა თქვენი მტრები, მოაბელნი”. გაჰყვნენ მას, გადაჭრეს იორდანეზე გადასასვლელები მოაბისკენ და არავინ გაატარეს
29 . იმ დროს თითქმის ათი ათასი მოაბელი კაცი მოსრეს, ყველა ძლიერი და მამაცი, არავინ გადარჩენილა.
30 . ასე დამორჩილდნენ იმ დღეს მოაბელნი ისრაელს და ოთხმოცი წლით დამშვიდდა ქვეყანა.
31 . მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, რომელმაც ხარის საგმირით მოსრა ექვსასი ფილისტიმელი და იხსნა ისრაელი.
1 . უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: "ასე რატომ მოგვექეცი, რატომ არ გვიხმე, მიდიანთან რომ მიდიოდი საბრძოლველად?” მაგარი კამათი გაუმართეს.
2 . მიუგო გედეონმა: "თქვენოდენი რა გამიკეთებია? ეფრემის ყურძნის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?
3 . ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები, ყორები და ზეები; მე სად შემეძლო თქვენოდენი გამეკეთებინა?” და დაცხრა მათი რისხვა, როცა უთხრა ეს სიტყვები.
4 . მიადგნენ დევნისგან დაქანცული გედეონი და მასთან მყოფი სამასი კაცი და გადალახეს იორდანე.
5 . სთხოვა მან სუქოთელებს: "მიეცით პური ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან მოიქანცნენ; მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს”.
6 . ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: "განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთ შენს ლაშქარს?”
7 . თქვა გედეონმა: "როცა ხელში ჩამიგდებს უფალი ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცს”.
8 . იქიდან ფენუელს მიადგა და იგივე სთხოვა; ფენუელის მკვიდრებმაც უარი უთხრეს სუქოთელებივით.
9 . მაშინ ფენუელის მკვიდრთაც იგივე უთხრა: "უკან რომ მოვბრუნდები დავანგრევ ამ კოშკს”.
10 . კარკორში იდგნენ ზებახი და ცალმუნაყი თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტი ათასამდე კაცით, რომლებიც აღმოსავლეთის ძეთა ლაშქრიდან გადარჩენილიყვნენ; დაცემით კი ასოცი ათასი კაცი დაეცა, მახვილის ხელში ამღები.
11 . და წავიდა გედეონი კარვებში მობინადრეთა გზით, შემოუარა ნობახისა და იოგბოჰას აღმოსავლეთიდან და დაეცა ლაშქარს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
12 . გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიც და ცალმუნაყიც. შიშის ზარი დაეცა მთელ ლაშქარს.
13 . ბრძოლის შემდეგ ქერესის მაღლობიდან უკან გამობრუნდა გედეონ იოაშის ძე.
14 . შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი, დაჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი მთავრისა და უხუცესის სახელი.
15 . მოვიდა სუქოთის კაცებთან და უთხრა: "აჰა, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო დამცინოდით და მეუბნებოდით: განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთო შენს დაქანცულ ხალხს?”
16 . გაიყვანა ქალაქის უხუცესნი, აიღო უდაბნოს ეკალი და კვრინჩხის ტოტები და იმით დასაჯა სუქოთის კაცები.
17 . ფენუელის კოშკიც დაანგრია და მოსრა იმ ქალაქის კაცები.
18 . უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: "როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორში რომ დახოცეთ?” უპასუხეს: "შენი მსგავსნი იყვნენ, მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით”.
19 . თქვა გედეონმა: "ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. უფალს გეფიცებით არ დაგხოცავდით, ხელი რომ არ გეხლოთ მათთვის”.
20 . და უთხრა იეთერს, თავის პირმშოს: "ადექი და დახოცე ესენი!” ვერ გაბედა ყრმამ მახვილის ამოღება, შეშინდა, რადგან ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო.
21 . უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: "ადექი და შენ დაგვხოცე, რადგან როგორიც კაცია, ისეთივეა მისი ძალაც”. ადგა გედეონი, განგმირა ზებახი და ცალმუნაყი და მათ აქლემებს ნახევარმთვარეები ჩამოხსნა კისრიდან.
22 . უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: "იუფლე ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელისგან”.
23 . უპასუხა გედეონმა: "მე არ ვიუფლებ თქვენზე და არც ჩემი ძე იუფლებს თქვენზე, უფალი უფლობდეს თქვენზე”.
24 . უთხრა გედეონმა: "ერთი თხოვნა მაქვს: თითოეულმა ერთი საყურე მომცეს თავისი ნადავლიდან”. ოქროს საყურეები ეკეთათ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.
25 . უპასუხეს: "მოგცემთ”. გაშალეს მოსასხამი და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნადავლიდან.
26 . ათას შვიდასი შეკელი იყო გამოთხოვილი ოქროს საყურეების წონა. გარდა მიდიანის მეფეებისგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდებისა, მეფეთა ძოწეულისა და აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ჯაჭვებისა.
27 . ეფოდი გააკეთა ამისგან გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. და მეძავობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლეულს.
28 . დაემორჩილა მიდიანი ისრაელის ძეებს, მეტად აღარ აუწევიათ თავი და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლის დღეებში.
29 . წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე და ცხოვრობდა თავის სახლში.
30 . სამოცდაათი ძე ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა.
31 . შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.
32 . მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიკრძალა მამის, იოაშის აკლდამაში, აბიყეზერის ყოფრაში.
33 . ბაყალის კვალზე გადაუხვიეს ისრაელის ძეებმა გედეონის სიკვდილის შემდეგ და ღმერთად დაიდგეს ბაყალ-ბერითი.
34 . აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ირგვლივ მყოფი ყველა მტრის ხელიდან იხსნა ისინი.
35 . არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
1 . უთხრა სამუელმა საულს: "უფალმა წარმომგზავნა, რომ მეცხე მისი ხალხის, ისრაელის მეფედ; ახლა მოისმინე უფლის სიტყვები.
2 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მახსოვს, როგორ მოექცა ყამალეკი ისრაელს, როცა წინ აღუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
3 . ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაანადგურე ყველაფერი, რაც გააჩნია. ნუ დაზოგავ, მოკალი ყოველი მამაკაცი, დედაკაცი, ყრმა და ძუძუმწოვარი, ყოველი ხარი, კრავი, აქლემი და სახედარი”.
4 . შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი და ათი ათასი კაცი იუდას ტომიდან.
5 . მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6 . უთხრა საულმა კენიელთ: "წადით, განშორდით, გადით ყამალეკელთაგან, რომ თქვენც არ მოგსრათ მათთან ერთად, ვინაიდან კეთილად მოექეცით ისრაელს ეგვიპტიდან გამოსვლისას”. და განშორდნენ კენიელნი ყამალეკელებს.
7 . და გაანადგურა საულმა ყამალეკი ხავილადან შურის მისადგომებამდე, რომელიც ეგვიპტის პირდაპირაა.
8 . აგაგი, ყამალეკის მეფე ცოცხლად შეიპყრო, დანარჩენი ხალხი კი მოსპო, მახვილის პირით ამოხოცა.
9 . მაგრამ დაზოგეს საულმა და ხალხმა აგაგი, აგრეთვე საუკეთესო ცხვარი და საქონელი, ნასუქი ვერძები და ყოველივე საუკეთესო. არ ისურვეს მათი მოსპობა, ხოლო ყოველივე უმნიშვნელო და ცუდი მოსპეს.
10 . და იყო სიტყვა უფლისა სამუელის მიმართ:
11 . "ვწუხვარ, რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაჰყოლია ჩემს ბრძანებებს”. დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა უფალს.
12 . მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: "აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.
13 . მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: "კურთხეული ხარ უფლისგან; აღვასრულე უფლის ბრძანება”.
14 . მაგრამ თქვა სამუელმა: "მაშ ცხვრისა და საქონლის ბღავილი რატომ ესმის ჩემს ყურებს?”
15 . უთხრა საულმა: "ყამალეკისგან გამორეკეს; ხალხმა საუკეთესო ცხვარი და საქონელი დაზოგა, რომ უფალს, შენს ღმერთს შესწიროს. დანარჩენი კი გავანადგურეთ”.
16 . მიუგო სამუელმა საულს: "მაცადე და გეტყვი, რაც წუხელ მითხრა უფალმა”. თქვა საულმა: "ილაპარაკე”.
17 . უთხრა სამუელმა: "განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?!
18 . წარგგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა: წადი და ააოხრე ეს ცოდვილი ყამალეკი, მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!
19 . რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?”
20 . უპასუხა საულმა სამუელს: "ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკელი ავაოხრე.
21 . მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარ-ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, შეეწირათ მსხვერპლად გილგალში”.
22 . მაგრამ მიუგო სამუელმა: "განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
23 . რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.
24 . მიუგო საულმა სამუელს: "შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.
25 . ახლა გთხოვ, შემინდე ცოდვა, დაბრუნდი ჩემთან ერთად და ვცეთ უფალს თაყვანი”.
26 . უპასუხა საულს სამუელმა: "არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან უარყავი უფლის სიტყვა და უფალმაც უარყო შენი მეფობა ისრაელზე”.
27 . გამობრუნდა სამუელი წამოსასვლელად, მაგრამ მოსასხამის კალთას ჩაებღაუჭა საული და მოგლიჯა იგი.
28 . მაშინ უთხრა სამუელმა: "ასე გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის სამეფო და მისცა იგი შენს მოყვასს, შენზე უკეთესს.
29 . არ იცრუებს და არ გადაიფიქრებს ისრაელის დიდება, რადგან ადამიანი არაა, რომ გადაიფიქროს”
30 . მიუგო საულმა: "შევცოდე. გემუდარები, დამდე ახლა პატივი ჩემი ხალხის უხუცესებისა და ისრაელის წინაშე და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რათა თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს”.
31 . გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32 . მასთან შებორკილი აგაგი, რადგან ფიქრობდა ნამდვილად ამცდაო მწარე სიკვდილი!
33 . უთხრა სამუელმა აგაგს: "როგორც შენმა მახვილმა დატოვა ქალები შვილების გარეშე, ისე დედაშენი იყოს ქალთა შორის შვილმკვდარი”. და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში, უფლის წინაშე.
34 . წავიდა სამუელი რამაში, საული კი გიბყაში, თავის სახლისკენ გაემართა
35 . და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი დარჩენილი სიცოცხლის დღეებში, მაგრამ წუხდა სამუელი საულისთვის, რადგან ინანა უფალმა, საული რომ გაამეფა ისრაელზე.
1 . როგორც კი დაასრულა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, საკუთარი თავივით შეიყვარა იგი იონათანმა.
2 . წაიყვანა იმ დღეს საულმა დავითი და აღარ გაუშვა მამის სახლში.
3 . კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.
4 . გაიძრო იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ემოსა, და მისცა დავითს; ასევე სამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5 . ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.
6 . და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ, საულ მეფესთან შესახვედრად ისრაელის ყველა ქალაქიდან გამოვიდნენ გახარებული ქალები, სიმღერით, ცეკვით, დაფდაფებითა და სიმებიანი საკრავებით.
7 . უკრავდნენ ქალები, მღეროდნენ და გაიძახოდნენ: "შემუსრა საულმა ათასები, ხოლო დავითმა ათი ათასები”.
8 . დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: "დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”
9 . ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს.
10 . მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.
11 . ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: "კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი.
12 . ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13 . განიშორა საულმა დავითი და დანიშნა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14 . ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.
15 . დაინახა საულმა, რომ დიდ წარმატებებს აღწევდა დავითი და შეეშინდა მისი.
16 . მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17 . უთხრა საულმა დავითს: "აჰა, ჩემი უფროსი ასული მერაბი, ცოლად შეირთე, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და იბრძოლე უფლის ომებში!” ფიქრობდა საული, ჩემი ხელი ნუ იქნებაო მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზე.
18 . უპასუხა დავითმა საულს: "ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
19 . დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი.
20 . შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21 . თქვა საულმა: "მივათხოვებ, რომ მახედ იყოს მისთვის და ფილისტიმელთა ხელი იყოს მის წინააღმდეგ”. უთხრა საულმა დავითს: "ერთი ქალიშვილით მაინც დამიმოყვრდები დღეს”.
22 . უბრძანა საულმა თავის მსახურებს: "ფარულად ელაპარაკეთ დავითს და უთხარით, აჰა, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე მეფეს!”
23 . ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: "ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”.
24 . და აუწყეს მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25 . თქვა საულმა: "ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს.
26 . აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.
27 . ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
28 . და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს,
29 . კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.
30 . გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავარნი საბრძოლველად; და როცა გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე მეტ წარმატებას აღწევდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
1 . როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, აჰა, ყენგედის უდაბნოშიაო დავითი.
2 . წაიყვანა საულმა მთელი ისრაელიდან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად ველური თხების კლდეებში.
3 . ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას გამოქვაბულთან მივიდა და შევიდა საული შიგ მოსასაქმებლად, ხოლო დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.
4 . უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
5 . წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
6 . უთხრა თავის ხალხს: "ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.
7 . ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.
8 . ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: "ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.
9 . უთხრა დავითმა საულს: "რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს, აჰა, ბოროტს გიპირებსო დავითი?
10 . აჰა, შენი თვალით დაინახე, რომ ხელში ჩამიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში. ზოგიერთნი მეუბნებოდნენ, მოკალიო, მაგრამ დაგინდე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ-მეთქი ჩემს ბატონზე, რადგან უფლის მიერაა ცხებული!
11 . შეხედე, მამაჩემო; დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ ვარ ბოროტი და მეამბოხე; არც ბოროტება განმიზრახავს, არაფერი შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
12 . უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.
13 . როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
14 . ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რაღაც რწყილს!
15 . უფალი იყოს ჩვენს შორის მსაჯული, მან განგვსაჯოს. ის შეხედავს და განსჯის ჩემს სამართალს და დამიხსნის შენი ხელიდან”.
16 . ეს სიტყვები რომ დაასრულა დავითმა, თქვა საულმა: "ნუთუ ეს შენი ხმაა, დავით, შვილო?” და ხმამაღლა აქვითინდა საული.
17 . მერე უთხრა დავითს: "შენ უფრო მართალი ხარ, ვიდრე მე; კეთილად მექცეოდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.
18 . დღესაც დამიმტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, შენ კი არ მომკალი.
19 . განა უვნებლად გაუშვებს კაცი დაჭერილ მტერს თავის გზაზე? სიკეთით მოგიზღოს უფალმა იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
20 . აჰა, ახლა კი ვიცი, რომ ნამდვილად გამეფდები და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
21 . შემომფიცე უფლის სახელით, რომ ჩემს შემდეგ არ გასწყვეტ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლიდან”.
22 . შეჰფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. დავითი და მისი ხალხი კი თავშესაფარში ავიდნენ.
23 . გარდაიცვალა სამუელი და შეიკრიბა მთელი ისრაელი, იგლოვეს და დაკრძალეს რამაში, თავის მამულში. დავითი კი ადგა და ფარანის უდაბნოში ჩავიდა.
1 . უთხრა დავითმა აქიშს: "კარგი, ახლა გაიგებ, რისი გაკეთება შეუძლია შენს მსახურს”. მიუგო აქიშმა დავითს: "ამის გამო ჩემს მცველად დაგნიშნავ სამუდამოდ”.
2 . მოკვდა სამუელი და მთელმა ისრაელმა დაიტირა იგი; და დაკრძალეს რამათში, თავის ქალაქში. მოსრა საულმა ქვეყანაში სულთა გამომძახებელნი და ჯადოქარნი.
3 . შეიკრიბნენ ფილისტიმელები, მივიდნენ და შუნემში დაბანაკდნენ; საულმაც შეკრიბა მთელი ისრაელი და გილბოაყში დაბანაკდა.
4 . ფილისტიმელთა ლაშქარი რომ დაინახა, შეეშინდა საულს; ძლიერ შეუკრთა გული.
5 . დაეკითხა უფალს საული, მაგრამ არ უპასუხა უფალმა, არც სიზმრით, არც ურიმით, არც წინასწარმეტყველთა პირით.
6 . უთხრა საულმა თავის მსახურებს: "მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: "აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”.
7 . შეინიღბა საული, სხვა სამოსელი გადაიცვა, ორი კაცი გაიყოლა და ღამით მიაკითხა იმ ქალს. უთხრა: "დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი”.
8 . უთხრა ქალმა: "აჰა, კარგად იცი, რა გააკეთა საულმა, რომ მოსპო ამ ქვეყანაში სულთა გამომძახებლები და ჯადოქრები. მახეს რატომ მიგებ დასაღუპად?”
9 . უფალი დაიფიცა საულმა: "ცოცხალია უფალი! არ დაისჯები ამ საქმისთვის”.
10 . ჰკითხა ქალმა: "ვინ ამოგიხმო?” უთხრა: "სამუელი ამომიხმე”.
11 . დაინახა ქალმა სამუელი და ხმამაღლა იყვირა. უთხრა ქალმა საულს: "რად მომატყუე? რადგან საული ხარ შენ!”
12 . უთხრა მეფემ: "ნუ გეშინია. რას ხედავ?” თქვა ქალმა: "სულს ვხედავ, მიწიდან ამომავალს”.
13 . ჰკითხა: "როგორ გამოიყურება?” მიუგო: "მოხუცი კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამშია გახვეული”. მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, დაიხარა და მიწას განერთხა.
14 . უთხრა სამუელმა საულს: "რად შემაწუხე და ამომიყვანე?” უთხრა საულმა: "ძალიან გამიჭირდა. ფილისტიმელები მებრძვიან, ღმერთი განმშორდა და პასუხს აღარ მცემს, არც წინასწარმეტყველთა პირით, არც სიზმრებში. ამის გამო ამოგიხმე, რომ მითხრა, როგორ მოვიქცე”.
15 . უთხრა სამუელმა: "რას ითხოვ ჩემგან, როცა გაგშორდა უფალი და მტრად მოგეკიდა?
16 . ისე გააკეთა უფალმა, როგორც ბრძანა ჩემი ბაგით; ხელიდან გამოგგლიჯა სამეფო და მისცა დავითს, შენს თვისტომს.
17 . იმის გამო, რომ არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულა დღეს უფალმა შენზე თავისი სიტყვა.
18 . და ისრაელსაც შენთან ერთად ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს. ხვალვე ჩემთან იქნებით შენ და შენი შვილები; ისრაელის ლაშქარსაც ჩაუგდებს უფალი ხელში ფილისტიმელებს”.
19 . მაშინ მთელი სხეულით მიწაზე დაეცა საული, დიდად შეაშინა სამუელის სიტყვებმა; ძალაც გამოელია, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.
20 . მივიდა ის ქალი საულთან, დაინახა, რომ ძლიერ კანკალებდა იგი და უთხრა: "აჰა, დაგემორჩილა შენი მხევალი და ხიფათში ჩაიგდო თავი. ისე მოვიქეცი, როგორც მიბრძანე.
21 . ახლა გთხოვ, შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნატეხს დაგიდებ წინ და შეჭამე, რომ ძალა დაგიბრუნდეს შენს გზაზე წასასვლელად”.
22 . იუარა საულმა და თქვა: "არ შევჭამ”. არ მოეშვნენ მისი მსახურები და ის ქალიც. მაშინ დაჰყვა მათ ნებას. მიწიდან ადგა და საწოლზე ჩამოჯდა.
23 . ნასუქალი ხბო ჰყავდა იმ ქალს სახლში; სასწრაფოდ დაკლა, აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და ხმიადები გამოაცხო.
24 . მოიტანა და საულსა და მის მსახურებს დაუდგა წინ; მათაც ჭამეს. მერე ადგნენ და იმ ღამესვე წავიდნენ.
25 . შეკრიბეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ისრაელიანები კი იზრეყელის წყაროსთან დაბანაკდნენ.
1 . ამის შემდეგ იყო: ლამაზი და ჰყავდა დავითის ძეს, აბესალომს, თამარი ერქვა სახელად. და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს.
2 . ისე იტანჯებოდა ყამნონი, რომ დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ყამნონმა, რომ გაუძნელდებოდა მასთან რაიმეს გაკეთება.
3 . მეგობარი ჰყავდა ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ცბიერი კაცი იყო იონადაბი.
4 . უთხრა: "რა დაგემართა, დღითიდღე რომ ხმები უფლისწულო, არ მეტყვი?” და უთხრა ყამნონმა: "თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და”.
5 . უთხრა იონადაბმა: "ლოგინში ჩაწექი, ვითომ ავად გახდი. მამაშენი რომ მოვა შენს სანახავად, უთხარი: გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და პური მაჭამოს-თქო; აქვე, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო”.
6 . ჩაწვა ყამნონი, ვითომ ავად გახდა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: "გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და ჩემს თვალწინ გამოაცხოს ნამცხვარი. მინდა მისი ხელიდან ვჭამო”.
7 . გააგზავნა დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: "წადი შენი ძმის, ყამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე”.
8 . მივიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის სახლში. ლოგინად იწვა ყამნონი. და აიღო ქალმა ცომი, მის თვალწინ მოზილა და ნამცხვრები გამოაცხო.
9 . აიღო კეცი და წინ დაუდო, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ყამნონმა: "გაიყვანეთ ყველანი!” ყველა გავიდა.
10 . მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: "უკანა ოთახში გაიტანე საჭმელი, შენი ხელიდან შევჭამ”. აიღო თამარმა ნამცხვრები და უკანა ოთახში შეუტანა ყამნონს.
11 . და როცა მიაწოდა რომ ეჭამა, ხელი ჩაავლო ყამნონმა თამარს და უთხრა: "მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო”.
12 . მიუგო: "არა, ძმაო, ნუ მაიძულებ. არ უნდა მოხდეს ასეთი რამ ისრაელში, ნუ ჩაიდენ ამ სისაძაგლეს.
13 . სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი უგუნური კაცის სახელი გაგივარდება ისრაელში. ახლა გევედრები, ელაპარაკე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს”.
14 . მაგრამ, არ შეისმინა ყამნონმა მისი სიტყვები, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15 . და შესძულდა ყამნონს ქალი უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა. უთხრა ყამნონმა: "ადე, მოშორდი აქედან”.
16 . მიუგო თამარმა: "არა, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა ახლა ჩემი გაგდება”. მაგრამ არ ინდომა ყამნონმა მისი მოსმენა.
17 . დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: "გაიყვანე ეს ქალი აქედან და კარი ჩარაზე”.
18 . ჭრელი მოსასხამი ემოსა ქალს, რადგან ასეთი სამოსით იმოსებოდნენ მეფის ქალწული ასულები. გაიყვანა მსახურმა ქალი და კარი ჩარაზა.
19 . ნაცარი დაიყარა თავზე თამარმა, შემოიხია ჭრელი მოსასხამი ტანზე, თავზე ხელი დაიდო და წავიდა ტირილით.
20 . უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: "შენი ძმა ყამნონი იყო შენთან? დამშვიდდი, დაო. შენი ძმა არის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს”. და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, განმარტოებით.
21 . გაიგო ეს ამბავი მეფე დავითმა და განრისხდა დიდად.
22 . აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი. შეიძულა აბესალომმა ყამნონი იმის გამო, რომ შეურაცხჰყო თამარი, მისი და.
23 . გავიდა ორი წელი. ცხვარს აპარსვინებდა აბესალომი ბაყალ-ხაცორში, ეფრემის სიახლოვეს. მეფის ყველა ძე მიიწვია აბესალომმა.
24 . მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: "აჰა, ცხვრის მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. ეწვიოს მეფე შენს მსახურს თავის მსახურებთან ერთად”.
25 . უთხრა მეფემ აბესალომს: "არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, ტვირთად არ დაგაწვებით”. დაჟინებით სთხოვდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26 . თქვა აბესალომმა: "თუ ასეა, გთხოვ, ჩემი ძმა ყამნონი მაინც წამოვიდეს”. უთხრა მეფემ: "რისთვის წამოვიდეს?”
27 . არ მოეშვა აბესალომი და დავითმაც გაუშვა ყამნონი და სხვა უფლისწულები.
28 . უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: "თვალყური ადევნეთ და როცა ღვინით გამხიარულდება ყამნონი, გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს; თქვენც დაჰკარით და მოკალით, ნუ შეგეშინდებათ. მე გიბრძანებთ ამას, გამხნევდით და გაბედულად მოიქეცით”.
29 . ისე მოექცნენ აბესალომის მსახურები ყამნონს, როგორც ჰქონდა ნაბრძანები აბესალომს. და წამოცვივდნენ მეფის ძეები, შესხდნენ ჯორებზე და გაიქცნენ.
30 . ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ ამბავი მოუვიდა დავითს: "ამოჟლიტაო აბესალომმა მეფის ძეები, ერთიც არ გადარჩენილა”.
31 . ადგა მეფე, შემოიხია სამოსელი და მიწაზე გაწვა. მისი სამოსელშემოხეული მსახურებიც იქვე დადგნენ.
32 . უთხრა მეფეს იონადაბმა, შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა: "ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა ძალით დაწვა ყამნონი თამართან.
33 . ნუ მიიტანს გულთან მეფე, ჩემი ბატონი ამ ხმას, თითქოს მეფის ყველა ძე მოკვდაო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი”.
34 . გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და ხედავს, უამრავი ხალხი ეშვება გზაზე, მთის ფერდობზე.
35 . და უთხრა იონადაბმა მეფეს: "აჰა, მოდიან მეფის ძეები; როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა”.
36 . დაასრულა ლაპარაკი და, აჰა, მოვიდნენ მეფის ძენიც, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მსახურებიც.
37 . გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. ყოველდღე გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38 . და ენატრებოდა მეფე დავითს აბესალომის ნახვა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
1 . წავიდა რეხაბყამი შექემს, რადგან იქ შეიკრიბა მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
2 . ეს ამბავი იერობყამ ნებატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას გაიგო, სადაც მეფე სოლომონს გაექცა და დარჩა.
3 . გაუგზავნეს მას კაცები და მოიხმეს იგი. მივიდა იერობყამი და ისრაელის მთელი კრებული და უთხრეს რეხაბყამს:
4 . "უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა, ახლა შენ შეგვიმსუბუქე მამაშენის მიერ დაკისრებული რთული სამსახური და მძიმე უღელი, რომ გემსახუროთ”.
5 . უპასუხა რეხაბყამმა: "წადით და სამი დღის შემდეგ კვლავ დაბრუნდით ჩემთან”. წავიდა ხალხი.
6 . ითათბირა მეფე რეხაბყამმა უხუცესებთან, რომლებიც მამამისს, სოლომონს ემსახურებოდნენ, ვიდრე ცოცხალი იყო; ჰკითხა მათ: "რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?”
7 . უთხრეს: "თუ ამ ხალხის მსახური გახდები დღეს, დაეთანხმები და კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამო მსახურებად გაგიხდებიან”.
8 . მაგრამ ზურგი აქცია უხუცესთა რჩევას, მას რომ ურჩიეს და მასთან ერთად გაზრდილ და მის წინაშე მდგომ ჭაბუკებს დაეკითხა;
9 . ჰკითხა: "რას მირჩევთ, რა ვუპასუხო იმ ხალხს, მამაჩემის მიერ დადებული უღლის შემსუბუქება რომ მთხოვეს?”
10 . უპასუხეს ჭაბუკებმა, რომლებიც მასთან ერთად აღიზარდნენ: "ასე უთხარი ხალხს, რომელმაც გითხრა, შეგვიმსუბუქეო მამაშენის მიერ ჩვენზე დამძიმებული უღელი: მამაჩემის წელზე უფრო მსხვილია-თქო ჩემი ნეკი.
11 . თუ მამაჩემის მიერ დადებული უღელი გემძიმებათ, მე უფრო მეტად დაგიმძიმებთ; მამაჩემი შოლტებით გსჯიდათ, მე კი მორიელებით დაგსჯით”.
12 . მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი რეხაბყამთან მესამე დღეს, როგორც უბრძანა მათ მეფემ: დაბრუნდითო ჩემთან მესამე დღეს!
13 . მკაცრად ელაპარაკა ხალხს მეფე; არად ჩააგდო უხუცესთა მიერ მისთვის მიცემული რჩევა.
14 . ჭაბუკთა ამალის რჩევისამებრ უთხრა: "მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგაკისრათ, მე უფრო მეტად დაგიმძიმებთ; მამაჩემი შოლტებით გსჯიდათ, მე კი მორიელებით დაგსჯით”.
15 . არ შეისმინა მეფემ ხალხის თხოვნა, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რომელიც ახია შილონელის მეშვეობით გამოუცხადა იერობყამ ნებატის ძეს უფალმა.
16 . როცა იხილა სრულიად ისრაელმა, რომ არ შეისმინა მეფემ მისი სიტყვა, ასე შეეპასუხა მეფეს: "რა წილი გვაქვს დავითთან? არც მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძესთან! შენი კარვებისკენ გასწი, ისრაელო! ახლა შენს სახლს შენ თვითონ მიხედე, დავით! და თავის კარვებში გაბრუნდა ისრაელი.
17 . მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რეხაბყამი.
18 . გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი ხარკის ასაკრეფად, მაგრამ ქვებით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა და მოკვდა. ისწრაფა მეფე რეხაბყამმა ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა.
19 . ასე განუდგა ისრაელი დავითის სახლეულს.
20 . როცა გაიგო სრულიად ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობყამი, წარგზავნეს, მოუხმეს და გაამეფეს მთელ ისრაელზე. აღარავინ ერთგულებდა დავითის სახლს, გარდა იუდას ტომისა.
21 . მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში, შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის ტომი: ას ოთხმოცი ათასი რჩეული მებრძოლი, ისრაელის სახლთან საბრძოლველად, რათა რეხაბყამ სოლომონის ძისთვის დაებრუნებინათ სამეფო.
22 . მაგრამ ღვთის სიტყვა გამოეცხადა შემაყიას, ღვთისკაცს:
23 . "უთხარი რეხაბყამს, სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდას მთელ სახლს, ბენიამინსა და დანარჩენ ხალხს:
24 . ასე ამბობს უფალი: ნუ გახვალთ და ნუ იბრძოლებთ თქვენს ძმებთან, ისრაელის ძეებთან; თითოეული თავის სახლს დაუბრუნდეს, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს”. და ისმინეს უფლის სიტყვა და დაბრუნდნენ უკან უფლის სიტყვისამებრ.
25 . ააშენა იერობყამმა შექემი ეფრემის მთაში და იქ დამკვიდრდა; გამოვიდა იქიდან და ააშენა ფენუელი.
26 . გულში ამბობდა იერობყამი: "ისევ დაუბრუნდება სამეფო დავითის სახლს;
27 . თუ იერუსალიმში, უფლის ტაძარში ივლის ეს ხალხი მსხვერპლის შესაწირად, მაშინ ისევ თავისი ბატონის, რეხაბყამისკენ, იუდას მეფისკენ მიიქცევა ხალხის გული, მომკლავენ და დაბრუნდებიან რეხაბყამთან, იუდას მეფესთან”.
28 . ითათბირა მეფემ თავის მრჩევლებთან, ოქროს ორი ხბო გააკეთა და უთხრა თავის ხალხს: "გეყოფათ იერუსალიმში სიარული; აჰა, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც გამოგიყვანეს ეგვიპტიდან”.
29 . ერთი ბეთელში დადგეს, მეორე დანში.
30 . ცოდვად ექცა ეს ხალხს და დანამდე ადიოდა ხბოს თაყვანსაცემად.
31 . საკერპე ააშენა იერობყამმა მაღლობზე და მღვდლები დანიშნა ყველა ტომიდან, გარდა ლევის ძეებისა.
32 . დღესასწაული დაადგინა იერობყამმა მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსად, იუდაში რომ იყო და სამსხვერპლოზეც ავიდა; ასევე მოიქცა ბეთელშიც, რათა ხბოებისთვის შეეწირა, რომლებიც გააკეთა. და მღვდლები დაუდგინა ბეთელში მაღლობებს, რომლებიც აღმართა.
33 . და ავიდა თავის გაკეთებულ სამსხვეპლოზე ბეთელში, მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეს, რომელიც თვითონ დაუდგინა დღესასწაულად ისრაელის ძეებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევად.
1 . უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც გააკეთა ელიამ. ისიც უთხრა, მახვილით რომ დახოცა წინასწარმეტყველნი.
2 . მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: "ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს”.
3 . ეს რომ გაიგო ელიამ, ადგა და გაიქცა, თავი რომ გადაერჩინა. მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და იქ დატოვა თავისი მსახური,
4 . თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, მივიდა ერთ ბელეკონის ბუჩქთან და მის ქვეშ დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: "ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან არა ვარ ჩემს მამებზე უკეთესი”.
5 . დაწვა და დაიძინა ბელეკონის ბუჩქის ქვეშ. და აჰა, ანგელოზი შეეხო და უთხრა: "ადექი, ჭამე”.
6 . გაიხედა ელიამ და აჰა, ნაკვერჩხლებზე გამომცხვარი ნამცხვარი და წყლით სავსე ქილა უდგას სასთუმალთან. შეჭამა, დალია და ისევ დაწვა.
7 . მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: "ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”.
8 . ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
9 . მივიდა მღვიმემდე და ღამე იქ გაათია. აჰა, უფლის სიტყვა იყო მის მიმართ და უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
10 . თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
11 . უთხრა უფალმა: "წადი და მთაზე დადექი უფლის წინაშე”. აჰა, ჩაიარა უფალმა, მოჰყვა მას დიდი და ძლიერი ქარი, მთებს შლიდა და კლდეებს ამსხვრევდა უფლის წინაშე, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.
12 . მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე - ჩუმი, ნაზი ხმა.
13 . მოისმინა ელიამ და მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, ხმა მოესმა; უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
14 . თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
15 . უთხრა უფალმა: "წადი, გაბრუნდი დამასკოს უდაბნოს გზით; და როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
16 . იეჰუ ნიმშის ძეს ისრაელზე სამეფოდ სცხე, ელისე შაფატის ძეს კი აბელ-მეხოლადან, სცხე, რათა შენს ნაცვლად წინასწარმეტყველებდეს.
17 . ისე იქნება, რომ ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება იეჰუ მოკლავს; და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება - ელისე მოკლავს.
18 . მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”.
19 . წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, მიწას ხნავდა, თორმეტი უღელი ხარი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.
20 . მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: "გამიშვი, ვაკოცებ ჩემს დედ-მამას და მერე გამოგყვები”. უთხრა ელიამ: "გაბრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?”
21 . დაბრუნდა, აიყვანა უღელი ხარი და დაკლა, ხარის უღლით ხორცი მოხარშა, ხალხს დაუნაწილა და ხალხმაც ჭამა. ადგა, გაჰყვა ელიას და ემსახურებოდა.
1 . როცა უფალი ელიას ცად ატაცებას აპირებდა ქარბორბალათი, ელისესთან ერთად გილგალიდან მოდიოდა ელია.
2 . უთხრა ელიამ ელისეს: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა შორს, ბეთელში მიმავლინა”. მიუგო ელისემ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ჩავიდნენ ბეთელს.
3 . გამოვიდნენ ბეთელში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს ელისეს: "იცი, რომ უფალი დღეს აიტაცებს შენს თავს ზემოთ შენს ბატონს?” უპასუხა: "მეც ვიცი, დადუმდით”.
4 . უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იერიხოში წარმავლინა”. მიუგო ელიას: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” მივიდნენ იერიხოს.
5 . მიეახლნენ ელისეს იერიხოში მყოფი წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრეს: "იცი, რომ უფალი დღეს შენს თავს ზემოთ აიტაცებს შენს ბატონს?” უპასუხა: "ვიცი, დადუმდით”.
6 . უთხრა მას ელიამ: "გთხოვ, აქ დარჩი, რადგან უფალმა იორდანესთან გამაგზავნა”. მიუგო: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” წავიდნენ ორივენი.
7 . ორმოცდაათი კაცი, წინასწარმეტყველთა ძეთაგან, მივიდნენ და მათ პირდაპირ დადგნენ მოშორებით, ეს ორნი კი იორდანესთან იდგნენ.
8 . აიღო ელიამ თავისი მოსასხამი დაგორგლა და დაჰკრა წყალს; ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ორივემ.
9 . როგორც კი გადალახეს, უთხრა ელიამ ელისეს: "მთხოვე, რაც გინდა, სანამ ავიტაცები შენგან”. მიუგო ელისემ: "გთხოვ, სული, რომელიც შენზეა, ორმაგად იყოს ჩემზე”.
10 . უთხრა ელიამ: "ძნელ საქმეს ითხოვ, მაგრამ თუ დამინახავ ატაცებულს, აგისრულდება; თუ ვერ დამინახავ, არ აგისრულდება”.
11 . როცა მიდიოდნენ და საუბრობდნენ, აჰა, გამოჩნდა ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები, განაშორა ორნი ერთმანეთს და ზეცაში ავიდა ელია ქარბორბალით.
12 . დაინახა ელისემ და შეჰყვირა: "მამაო ჩემო, მამაო ჩემო! ისრაელის ეტლობავ და მხედარნო!” და მეტად აღარ დაუნახავს. ჩაბღუჯა თავისი სამოსი და ორად გაგლიჯა.
13 . აიღო მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაბრუნდა და იორდანეს ნაპირთან დადგა.
14 . მოიმარჯვა მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა, დაჰკრა წყალს და თქვა: "სადაა უფალი, ელიას ღმერთი?” წყალს რომ დაჰკრა ორად გაიყო წყალი და ხმელზე გაიარა ელისემ.
15 . შორიდან დაინახეს იგი იერიხოში მყოფმა წინასწარმეტყველთა ძეებმა და თქვეს: "ელიას სულია ელისეზე”. მოვიდნენ მასთან შესახვედრად და მიწამდე დაუკრეს თავი.
16 . უთხრეს: "აჰა, შენს მსახურთ ორმოცდაათი ძლიერი კაცი გვყავს, წავიდნენ და მოძებნონ შენი ბატონი. იქნებ აიტაცა უფლის სულმა და სადმე მთაში ან ველზე დააგდო!” მიუგო ელისემ: "ნუ გაგზავნით”.
17 . ისე დაიჟინეს, რომ შერცხვა და უთხრა: "გაგზავნეთ!” გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამი დღე ამაოდ ეძებეს, ვერ იპოვეს.
18 . მობრუნდნენ. ელისე იერიხოში იჯდა; უთხრა: "განა არ გითხარით, ნუ გაგზავნით-მეთქი?”
19 . უთხრეს ელისეს იმ ქალაქის კაცებმა: "კარგ ადგილზე მდებარეობს ეს ქალაქი, როგორც ჩვენი ბატონი ხედავს, მაგრამ წყალი ცუდია და უნაყოფოა მიწა”.
20 . თქვა ელისემ: "მომეცით ახალი თასი და შიგ მარილი ჩაყარეთ”. მათაც მიუტანეს.
21 . გამოვიდა ელისე წყლის სათავესთან, ჩაყარა შიგ მარილი და თქვა: "ასე ამბობს უფალი: მე განვკურნე ეს წყალი! აღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა”.
22 . დღემდე განკურნებულია ის წყალი ელისეს სიტყვისამებრ, რომელიც თქვა.
23 . იქიდან ბეთელში წავიდა. გზაზე რომ მიდიოდა, ბავშვები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და ეძახდნენ: "წადი, ქაჩალო! წადი, ქაჩალო!”
24 . მოტრიალდა, დაინახა ისინი და დაწყევლა უფლის სახელით. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი ბავშვი.
25 . წავიდა ქარმელის მთისკენ, იქიდან კი სამარიაში დაბრუნდა.
1 . და აიშენა დავითმა სახლები დავითის ქალაქში. ადგილი გაუმზადა ღვთის კიდობანს და კარავი გაუშალა.
2 . მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და მის მსახურებად უკუნისამდე”.
3 . შეკრიბა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ უფლის კიდობანი იმ ადგილზე მიეტანათ, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
4 . შეკრიბა დავითმა აჰარონის ძენი და ლევიანები:
5 . კეჰათის ძეთაგან: მთავარი ურიელი და მისი მოძმენი - ას ოცი კაცი;
6 . მერარის ძეთაგან: მთავარი ყასაია და მისი მოძმენი - ორას ოცი კაცი;
7 . გერშომის ძეთაგან: მთავარი იოელი და მისი მოძმენი - ას ოცდაათი კაცი;
8 . ელიცაფანის ძეთაგან: მთავარი შემაყია და მისი მოძმენი - ორასი კაცი;
9 . ხებრონის ძეთაგან: მთავარი ელიელი და მისი მოძმენი - ოთხმოცი კაცი;
10 . ყუზიელის ძეთაგან: მთავარი ყამინადაბი და მისი მოძმენი - ას თორმეტი კაცი.
11 . მოუხმო დავითმა მღვდლებს - ცადოკს, აბიათარსა და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელსა და ყამინადაბს.
12 . უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანების მამისსახლთა თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი, რათა შეძლოთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობნის იმ ადგილზე მიტანა, მე რომ მოვუმზადე მას.
13 . რაკი ასე არ მოიქეცით უწინ, ღმერთი გამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან წესისამებრ არ დავეკითხეთ მას”.
14 . განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანნი უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობნის წამოსაღებად.
15 . ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც ჰქონდა მოსეს ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე.
16 . უთხრა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით: ჩანგებით, ქნარებითა და წინწილებით, რათა სიხარულის ხმები აღემაღლებინათ.
17 . და დააყენეს ლევიანებმა ჰემან იოელის ძე, ხოლო მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე; ასევე მერარის ძეთაგან, მათი მოძმე ეთან კუშაიაჰუს ძე;
18 . მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორე რიგისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, ბენაიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარიბჭის მცველნი.
19 . მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი, სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.
20 . ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენაიაჰუ კი - ქნარს ალამოთზე.
21 . მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი და ყაზაზიაჰუ რვასიმიან ქნარზე, სალოტბაროდ.
22 . ქენანიაჰუ კი, ლევიანთა მთავარი - გალობას უძღვებოდა, ვინაიდან ამაში იყო დახელოვნებული.
23 . ბერექია და ელკანა კიდობნის კარიბჭის მცველები იყვნენ.
24 . ხოლო მღვდლები: შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარიაჰუ, ბენაიაჰუ და ელიეზერი საყვირებს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კიდობნის კარიბჭის მცველები იყვნენ.
25 . გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები, რათა მხიარულებით წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან.
26 . ღმერთი დაეხმარა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველებს და შესწირეს შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი.
27 . წმიდა ბისონის მოსასხამი ემოსათ დავითს, ყველა ლევიანს, კიდობნის მტვირთველებს, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს კი სელის ეფოდიც ემოსა ზემოდან.
28 . მოჰყვებოდა უფლის აღთქმის კიდობანს მთელი ისრაელი ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების მაღალ ხმაზე.
29 . და როცა მიაღწია დავითის ქალაქს უფლის აღთქმის კიდობანმა, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა; დაინახა მეფე დავითი მროკველი და მოყიჟინე და დამცირდა იგი მის გულში.
1 . ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,
2 . ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”.
3 . ეს სიტყვები რომ მოვისმინე, შემოვიხიე სამოსი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და ვიჯექი გაოგნებული.
4 . შემოიკრიბა ყველა, ვინც თრთოდა ისრაელის ღმერთის სიტყვაზე განდევნილობიდან დაბრუნებულთა შორის მომხდარ ამ უმართლობის გამო; მე კი საღამოს მსხვერპლშეწირვის დაწყებამდე გაოგნებული ვიჯექი.
5 . საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.
6 . ვთქვი: „ღმერთო ჩემო! შერცხვენილი ვარ და ვერ ვბედავ სახე მოგაპყრო, ღმერთო ჩემო, რადგან დანაშაული ჩვენი გამრავლდა და ბრალი ჩვენი ცას მისწვდა.
7 . ჩვენი მამების დღეთაგან დღემდე ბევრს ვაშავებთ; ჩვენი ცოდვების გამო ჩავუვარდით ჩვენ, ჩვენი მეფენი და მღვდელნი უცხო ქვეყნების მეფეთა ხელს - მახვილის ქვეშ, ტყვეობაში, ძარცვასა და სირცხვილში, როგორც დღეს ვართ.
8 . ახლა მცირე ხნით გვაჩვენა თავისი წყალობა ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ნატამალი და დავფუძნებულიყავით ჩვენი ღმერთის წმიდა ადგილზე, რათა გაენათებინა ჩვენი თვალები და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში,
9 . რადგან მონები ვართ, თუმცა მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და წყალობა გაგვიმრავლა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რათა გამოვეცოცხლებინეთ, ჩვენი ღვთის სახლის ასაშენებლად და მისი ნანგრევების აღსადგენად, რომ ზღუდე მოგვცემოდა იუდასა და იერუსალიმში.
10 . ახლა კი რაღა ვთქვათ, ღმერთო ჩვენო, როცა მივატოვეთ შენი მცნებანი,
11 . რომლებიც გვამცნე შენი წინასწარმეტყველებისა და მსახურთა მეშვეობით: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდურია იმ მიწაზე მცხოვრები ხალხების საზიზღრობათა გამო, რადგან კიდეებამდე აღავსეს თავისი უწმიდურებით.
12 . აჰა, ნუ მიათხოვებთ მათ ძეებს თქვენს ასულებს და ნურც მათ ასულებს შერთავთ თქვენს ძეთ. უკუნისამდე ნუ გექნებათ მათთან მშვიდობა და სიკეთე, რათა შეძლოთ განმტკიცება და ამ ქვეყნის დოვლათის ჭამა, თქვენ შემდეგ კი, თქვენი ძეებისთვის დატოვება საუკუნოდ!
13 . ყოველივეს შემდეგ, რაც ჩვენი ბოროტი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო შეგვემთხვა, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ჩვენი უკეთურების გამო გვეკუთვნოდა და ასეთი ხსნა მოგვივლინე,
15 . უფალო, ისრაელის ღმერთო, მართალი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღემდე. აჰა, შენ წინაშე ვართ ჩვენს დანაშაულში, თუმცა არავის ძალუძს შენ წინაშე დგომა ამის გამო”.
1 . იმავე დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს ებრაელთა მტრის, ჰამანის სახლი. მორდექაი კი მეფის წინაშე წარსდგა, რადგან გაუმხილა ესთერმა, ვინ იყო იგი მისთვის.
2 . წაიძრო მეფემ ჰამანისთვის ჩამორთმეული ბეჭედი და მისცა მორდექაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სასახლის განმგებლად დანიშნა მორდექაი.
3 . კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხთით და ტირილით ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტება და მისი განზრახვა, რომელიც ებრაელთა წინააღმდეგ განიზრახა.
4 . გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.
5 . თქვა: "თუ ინებებს მეფე, თუ მადლი მიპოვია მის წინაშე, თუ მისაღებია ეს საქმე მეფისთვის და მეც სათნო ვარ მის თვალში, დაიწეროს ბრძანება, რომელიც გააუქმებს აგაგელი ჰამან ჰამედათას ძის მიერ მეფის ყველა სამთავროში მცხოვრებ ებრაელთა გასანადგურებლად შეთხზულ წერილებს.
6 . რადგან, როგორ ვუყურო იმ ბოროტებას, რაც ჩემს ხალხს უნდა შეემთხვას? როგორ ვუყურო ჩემიანების დაღუპვას?”
7 . და უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და მორდექაი ებრაელს: "აჰა, მე მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოჰკიდეს, რადგან ებრაელებზე აღმართა ხელი.
8 . თქვენ კი მეფის სახელით დაწერეთ და მეფის ბეჭედით დაბეჭდეთ ებრაელებზე ის, რაც სათნოდ მიგაჩნიათ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი განკარგულება”.
9 . მაშინ მესამე თვეს, სივანის თვის ოცდამესამე დღეს, მოუხმეს მეფის მწიგნობრებს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მორდექაიმ ებრაელებს, სატრაპებს, განმგებლებსა და სამთავროთა მთავრებს, ინდოეთიდან ეთიოპიამდე, ას ოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, ებრაელებსაც თავისი დამწერლობით და თავის ენაზე.
10 . მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა, მეფის ბეჭდით დაბეჭდა და სამეფო ცხენებზე, ჯორებსა და აქლემებზე ამხედრებული შიკრიკების მეშვეობით დააგზავნა წერილები.
11 . ნებას აძლევდა მეფე ებრაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, რომ შეკრებილიყვნენ და დაეცვათ თავისი სიცოცხლე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ იმ ხალხებისა და სამთავროს შენაერთები, რომელიც მტრულად მოეკიდებოდა მათ და გაილაშქრებდა მათი შვილებისა და ქალების წინააღმდეგ და ნადავლად წაეღოთ მათი ქონება.
12 . ერთი დღის განმავლობაში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს,
13 . წერილის ასლი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში და უნდა გამოქვეყნებულიყო ყველა ხალხისთვის, რომ მზად ყოფილიყვნენ ებრაელები ამ დღისთვის, თავის მტრებზე შურის საძიებლად.
14 . აჩქარებით და გამალებით დაიძრნენ სამეფო ბედაურებზე ამხედრებული შიკრიკები, მეფის ბრძანებით. სატახტო ქალაქ შუშანშიც გამოცხადდა მეფის განკარგულება.
15 . გამოვიდა მორდექაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელით, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და მეწამული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა ქალაქი შუშანი.
16 . და იყო ებრაელთათვის ნათელი, სიხარული, მხიარულება და პატივი.
17 . ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და განკარგულება, სიხარული და მხიარულება ჰქონდათ ებრაელებს, ნადიმი და დღესასწაული. იმ მიწაზე მცხოვრები ხალხებისგან ბევრი გაებრაელდა, რადგან ებრაელთა შიშმა მოიცვა ისინი.
1 . "აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი გულისთქმით?
2 . , რა წილი გვაქვს მაღლა მყოფი ღმერთისგან, ანდა რა მემკვიდრეობას ვიღებთ ყოვლადძლიერისგან, მაღლიდან?
3 . განა უმართლოსთვის არ არის დაღუპვა და ავბედობა ბოროტმოქმედისთვის?
4 . განა არ ხედავს ჩემს გზებს და ჩემს ყოველ ნაბიჯს არ ითვლის?
5 . განა სიცრუით დავდიოდი და სამზაკვროდ ისწრაფოდა ჩემი ფეხი?
6 . დაე, ამწონოს სამართლიან სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება.
7 . თუ გადამიხვევია გზიდან ან თვალებს თუ აჰყოლია ჩემი გული, ან ბიწი თუ მისცხებია ჩემს ხელებს.
8 . მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
9 . თუ ცთუნებულა ჩემი გული დედაკაცით ან მოყვასის კართან თუ ჩავსაფრებულვარ?
10 . მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
11 . რადგან მრუშობის დანაშაულია ეს და მსაჯულები უნდა სჯიდნენ მას,
12 . რადგან ცეცხლი იქნებოდა ეს, განადგურებამდე მშთანთქმელი და ამოძირკვავდა მთელ ჩემს მონაგარს!
13 . თუ ოდესმე უგულებელვჰყავი ჩემი მსახურისა და მხევლის საჩივარი ჩემს წინააღმდეგ,
14 . რაღას ვიზამ მაშინ, როცა აღდგება ღმერთი და მომინახულებს, რა პასუხი გავცე?
15 . განა ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, მანვე არ შექმნა ისინი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?
16 . თუ უარმიყვია ღატაკთა სათხოვარი ან მოლოდინით მომიქანცავს ქვრივთა თვალები?
17 . ან თუ მეჭამოს პურის ლუკმა მარტოს და ობლისთვის არ გამეყოს?
18 . რადგან სიყრმიდანვე ვზრდიდი მამასავით, და დედის მუცლიდანვე ვუძღვებოდი;
19 . თუ მინახავს სიშიშვლის გამო მომაკვდავი ან გლახაკი უმოსასხამოდ
20 . და არ დავულოცივარ მის გულს, რადგან გათბნენ ჩემი ცხვრის მატყლით?
21 . ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?
22 . მაშინ მომწყდეს მხრები ბეჭიდან და იდაყვში მომტყდეს მკლავები!
23 . რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებ.
24 . ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას?
25 . თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა?
26 . თუ შემიხედავს გაბრწყინებული მზის ან მოლივლივე ბადრი მთვარისთვის,
27 . და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა;
28 . ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.
29 . ან თუ გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება და მიზეიმია, როცა ბოროტება მიეწია მას?
30 . არა, შეცოდების უფლებას არ ვაძლევდი ჩემს ბაგეს, რომ დამეწყევლა მისი სიცოცხლე.
31 . განა არ ამბობდნენ ჩემი კარვის კაცები, ვინ არ გამძღარა მისი ხორცითო?!
32 . მგზავრს გარეთ არ გაუთევია და კარი ღია მქონდა სტუმრისთვის.
33 . იქნება ადამივით დავფარე დანაშაული, და გულში დავმალე უწმიდურება?
34 . ნუთუ ხალხის სიმრავლე მაშინებდა და მოძმეთა ზიზღი მაძრწუნებდა, ისე, რომ ვდუმდი და კარში არ გავდიოდი?
35 . ნეტავი ვინმე მომისმენდეს, აჰა, ეს არის ჩემი სურვილი, რომ მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და საბუთი დაწეროს ჩემმა მოქიშპემ.
36 . განა მხრებზე არ შევისვამდი და გვირგვინივით არ შემოვიხვევდი?
37 . ჩემს ნაბიჯებს ჩამოვუთვლიდი და როგორც მთავარს, ისე მივეახლებოდი.
38 . ოდესმე მიწას თუ დაუჩივლია ჩემზე ან ერთად თუ ატირებულან მისი ხნულები?
39 . ოდესმე მუქთად თუ მიჭამია მისი მოსავალი ან მისი მფლობელი თუ შემიწუხებია?
40 . მაშინ ხორბლის ნაცვლად ნარშავა აღმოცენდეს და ქერის ნაცვლად - ღვარძლმა იხაროს!” და დაასრულა სიტყვა იობმა.
1 . გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
2 . ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
3 . შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
4 . შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
5 . შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
6 . მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
7 . ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
8 . ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
9 . რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
10 . შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
11 . ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
12 . ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
13 . პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
14 . ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
15 . გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
16 . რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
17 . მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
18 . ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
19 . და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
20 . გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
21 . მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
22 . ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
23 . უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
24 . რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
25 . შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
26 . ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
27 . გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
28 . რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
29 . ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
30 . შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
31 . მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
1 . აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2 . გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3 . წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4 . რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5 . დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6 . უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7 . შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8 . ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9 . საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10 . გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11 . დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12 . მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13 . რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14 . აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15 . და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16 . გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17 . რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18 . მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19 . შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20 . განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21 . ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22 . ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23 . გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24 . რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25 . ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26 . იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27 . ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28 . მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29 . დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30 . გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31 . იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32 . დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33 . ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34 . ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35 . გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
1 . გუნდის ლოტბარს, დავითისფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
2 . რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
3 . რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
4 . ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
5 . მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
6 . დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
7 . განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
8 . იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.
9 . დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
10 . იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
11 . მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
12 . ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.
13 . გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
14 . გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.
15 . იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.
16 . იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.
17 . და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.
18 . და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში.
19 . იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი, გამუდმებით შემორტყმული.
20 . ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ.
21 . ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,
22 . რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.
23 . ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
24 . მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
25 . და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.
26 . შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
27 . დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.
28 . ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
29 . შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.
30 . შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას.
31 . რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
1 . სიტყვები აგურ იაქეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი ითიელის, ითიელისა და უქალის მიმართ:
2 . მართლაც უმეცარი ვარ კაცთა შორის და ადამიანური გონიერება არ გამაჩნია.
3 . ვერც სიბრძნე მისწავლია და წმიდის შემეცნებაც არ გამაჩნია.
4 . ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ დაიჭირა მუჭით? წყალი ვინ შეკრა მოსასხამით? ვინ დაადგინა დედამიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
5 . ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.
6 . ნურაფერს მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხელს და მატყუარა გამოხვალ.
7 . ორ რამეს გთხოვ და სანამ მოვკვდებოდე, უარს ნუ მეტყვი:
8 . ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,
9 . რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი, ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო ჩემი ღმერთის სახელი.
10 . ცილს ნუ დასწამებ მონას ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
11 . არიან ისეთნი, ვინც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ აკურთხებს.
12 . არიან, საკუთარ თვალში სუფთანი, მაგრამ არ განბანილან საკუთარი სიბინძურისგან,
13 . არიან ისეთნი - და რა ზვიადია მათი თვალები, როგორ აუზიდავთ ქუთუთოები.
14 . არიან, რომელთა კბილებიც მახვილებია და ყბები - დანები, რათა გადაჭამონ ქვეყნის ჩაგრულნი და კაცთა შორის უქონელნი.
15 . წურბელას ორი ასული ჰყავს: მომეცი, მომეცი! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
16 . ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა!
17 . მამის დამცინავ და დედის მორჩილების მოძულე თვალებს ხევის ყორნები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
18 . სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ ვერ გამიგია:
19 . ცაში არწივის გზა, კლდეზე გველის გზა, შუაგულ ზღვაში გემის გზა და მამაკაცის გზა ქალწულისკენ.
20 . მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის - არაფერი დამიშავებიაო!
21 . სამი რამის ქვეშ ზანზარებს მიწა და ოთხ რამეს ვერ იტვირთავს:
22 . გამეფებულ მონას და უგუნურს - პურით რომ ძღება,
23 . კახპა ქალს, როცა გათხოვდება და მხევალს, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იმკვიდრებს.
24 . ოთხნი არიან დედამიწაზე, მცირედნი, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
25 . ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან, მაგრამ საზრდოს ზაფხულობით იმარაგებენ;
26 . კლდის ბოცვერი ძლიერი არ არის, მაგრამ კლდეზე იდგამს სახლს;
27 . კალიებს მეფე არა ჰყავთ, მაგრამ მწყობრად გამოდიან;
28 . ხვლიკს ხელით დაიჭერ, ის კი მეფის სასახლეებშია.
29 . ეს სამნი მედიდურად დააბიჯებენ, ოთხნი თამამად დადიან:
30 . ლომი - ცხოველთა შორის ძლიერი, არავის წინაშე დაიხევს უკან.
31 . შემართული მამლაყინწა, ვაცი და მეფე ჯარს რომ მიუძღვის!
32 . თუ ბრიყვულად მოიქეცი და თავი აღიმაღლე ან ბოროტება განიზრახე - ხელი მიიფარე პირზე!
33 . რადგან რძის ჯანჯღარით, კარაქი გამოდის; ცხვირის ქექვით, სისხლი გამოდის; ბრაზის ჯანჯღარით, ჩხუბი გამოდის”.
1 . მოვედი ჩემს ბაღში, დაო, სატრფოვ ჩემო, მოვკრიფე მური სურნელებასთან ერთად, ვჭამე ფიჭა ჩემს თაფლთან ერთად, დავლიე ღვინო ჩემს რძესთან ერთად; ჭამეთ მოყვასნო, სვით და დათვერით, მიჯნურნო!
2 . მძინავს, მაგრამ გული მღვიძარია; ხმაა! ჩემი მიჯნური აკაკუნებს: გამიღე, ჩემო სატრფოვ, ჩემო უმანკო მტრედო, რადგან ნამით ამევსო თავი, ღამის ცვრის წვეთებით - კულულები!
3 . გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა შევიმოსო? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4 . ხელი შემოყო ჩემმა მიჯნურმა კარის ღრიჭოდან და შემეძრა შიგნეული!
5 . ავდექი, რათა კარი გამეღო ჩემი მიჯნურისთვის. ხელებიდან მური მდიოდა და თითებიდან კლიტის სახელურს ეღვენთებოდა იგი.
6 . გავუღე ჩემს მიჯნურს, მაგრამ გაბრუნებულა და წასულა იგი. გულამოვარდნილი ვეძახდი, ვეძებდი მას, მაგრამ ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი, მაგრამ არ მპასუხობდა!
7 . მცველები, ქალაქის დარაჯები შემომხვდნენ, მცემეს და დამჭრეს; გალავნის მცველებმა მოსასხამი შემომაძარცვეს.
8 . გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, თუ იპოვით ჩემს მიჯნურს, რას ეტყვით? უთხარით, რომ სიყვარულით ვარ სნეული.
9 . რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, მშვენიერო ასულთა შორის? რითი სჯობს შენი მიჯნური სხვათა მიჯნურთ, ასე რომ გვაფიცებ?
10 . სპეტაკია ჩემი მიჯნური, მწითური, მრავალთაგან გამორჩეული.
11 . მისი თავი - ბაჯაღლოა, კულულები - დახვეული, ყორანივით შავი.
12 . მისი თვალები წყლის ნაკადებთან მსხდომი მტრედებია, რძეში განბანილნი, კოხტად რომ სხედან ბუდეში.
13 . მისი ღაწვები სურნელოვან მცენარეთა კვლებია, საამო სურნელის მფრქვეველნი; მისი ბაგეები შროშანებია - მურს აწვეთებენ.
14 . მისი ხელები იაგუნდით მორთული თლილი ოქროა, მისი გულმკერდი საფირონით დაფარული სპილოს ძვლის ფარია.
15 . მისი წვივები ბაჯაღლოს კვარცხლბეკზე აზიდული მარმარილოს სვეტებია, მისი გარეგნობა დიდებულია, როგორც ლიბანი და კედარნი მისი.
16 . მისი ბაგეები სიტკბოებაა, ძლიერ საწადელი! აი, ესაა ჩემი მიჯნური, ჩემი საყვარელი, ასულნო იერუსალიმისა!
1 . ვინაიდან, აჰა, ცაბაოთ უფალი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენსა და შეწევნას, პურისა და წყლის მთელ მარაგს.
2 . მამაცსა და მებრძოლს, მოსამართლესა და წინასწარმეტყველს, ჯადოსანსა და უხუცესს,
3 . ორმოცდაათისთავსა და წარჩინებულს, მრჩეველსა და ბრძენს, ოსტატსა და გამოცდილ მისანს.
4 . ყმაწვილებს დავუყენებ მთავრებად და ჩვილნი იბატონებენ მათზე.
5 . შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო - პატივდებულს.
6 . ამიტომ ჩაეჭიდება კაცი თავის ძმას მამამისის სახლიდან და ეტყვის: "მოსასხამი გაქვს, უფროსად უნდა გაგვიხდე, შენს განკარგულებაში იყოს ეს ნანგრევები!”
7 . ის კი ასე შეეპასუხება იმ დღეს: "არ გაგიხდებით უფროსად, რადგან არც პურია ჩემს სახლში და არც სამოსელი; მე ნუ დამაყენებთ ხალხის უფროსად!”
8 . ვინაიდან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან უფლის წინააღმდეგაა მათი ენა და მოქმედება, რათა აუჯანყდნენ მის დიდებულ თანდასწრებას.
9 . მათივე სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ, სოდომელებივით ამჟღავნებენ თავიანთ ცოდვებს, არ ფარავენ; ვაი მათ, რადგან ბოროტებას მოაწევენ საკუთარ თავებს.
10 . უთხარით მართალს, რომ ნეტარია, რადგან თავის შრომის ნაყოფს შეჭამს.
11 . ვაი უმართლო ბოროტმოქმედს, რადგან თავისი ხელის საქმეთა მიხედვით მიეზღვება.
12 . ჩვილნი ავიწროებენ ჩემს ხალხს და დედაკაცნი მმართველობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღოლნი გაცდუნებენ და სავალი გზები გაგიმრუდეს.
13 . აღდგება უფალი შესადავებლად და წამოიმართება ხალხთა განსაკითხად.
14 . განიკითხავს უფალი თავისი ხალხის უხუცესებსა და მთავრებს: "თქვენ გადაჭამეთ ვენახები და ღარიბთათვის წართმეულით აივსეთ სახლები.
15 . ძალადობთ ჩემს ხალხზე და აჭირვებთ გლახაკებს!” - თქვა მბრძანებელმა, ცაბაოთ უფალმა.
16 . ამბობს უფალი: "რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ.
17 . თხემზე ქეცს შეჰყრის უფალი სიონის ასულთ და გამოაჩენს მათ სიშიშვლეს”.
18 . იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავებს, თმის ბადეებსა და ნახევარმთვარეებს,
19 . საყურეებს, სამაჯურებსა და პირბადეებს,
20 . თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებსა და ბაფთებს, სუნამოებსა და თილისმებს,
21 . ბეჭდებსა და ნესტოების რგოლებს,
22 . მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს,
23 . გამჭვირვალე ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს;
24 . იქნება: კეთილსურნელების ნაცვლად - ხრწნის სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად - საბელი, ვარცხნილობის ნაცვლად - სიქაჩლე, კოხტა მოსასხამის ნაცვლად - ჯვალო, მშვენიერების ნაცვლად კი - დაღი.
25 . შენი კაცები მახვილით დაეცემიან და შენი ძლიერნი ბრძოლაში დაიხოცებიან.
26 . იქვითინებენ და იგლოვებენ კარიბჭენი და გამოცარიელებული დარჩება ეს ქვეყანა.
1 . წინასწარმეტყველება ხილვათა ხეობაზე: რა დაგემართა, მთლიანად ერდოებზე რომ ამოსულხართ,
2 . მღელვარებით სავსე, ხმაურიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ დაცემულან და არც ბრძოლაში დაღუპულან.
3 . ყველა შენი მთავარი ერთად გაიქცა, უმშვილდოთ შეიპყრეს, ვინც შენში ჰპოვეს, ყველანი ერთად შეიპყრეს, თუმცა შორს იყვნენ გაქცეულნი.
4 . ამიტომ ვთქვი: "მზერა მომარიდეთ, მაცალეთ მწარედ ტირილი, ნუ იჩქარებთ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის უბედურების გამო”.
5 . რადგან ჩოჩქოლის, დამორჩილებისა და დაბნეულობის დღეა ხილვის ხეობაში ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან. კედლებს ანგრევენ და მთებს შეჰღაღადებენ.
6 . კაპარჭი აიღო ყელამმა, მეეტლეები და მხედრები მოდიან, ფარი გააშიშვლა კიროსმა.
7 . შენი რჩეული ველები ეტლებით გაივსო, კარიბჭესთან მწყობრად განლაგდნენ მხედრები.
8 . ჯავშანი შემოეძარცვა იუდას და იმ დღეს ხის სასახლის საჭურველზე დადე შენი იმედი.
9 . ნახეთ ნაპრალების სიმრავლე დავითის ქალაქის კედლებში და ქვემო აუზის წყალს ხაპავდით,
10 . აღრიცხავდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით მათ გალავნის გასამაგრებლად,
11 . წყალსატევი გაიკეთეთ ორ გალავანს შორის, ძველი აუზის წყლებისთვის. მაგრამ მის შემოქმედს არ შეხედეთ და ძველთაგანვე მისი დამსახველი არ შეიცანით.
12 . იმ დღეს იყო, რომ მოგიხმოთ ცაბაოთ უფალმა სატირლად და საგლოვად, თმების გადასაპარსად და ჯვალოთი შესამოსად.
13 . მაგრამ, აჰა, ილხენდით და მხიარულობდით! ხარებს კლავდით და ცხვარს ჟლეტდით, ხორცს ჭამდით და ღვინოს სვამდით: ვჭამოთ და ვსვათ, ხვალ მაინც დავიხოცებითო!
14 . გამოუცხადა ცაბაოთ უფალმა ჩემს ყურს: "ნამდვილად არ მიგეტევებათ ეს დანაშაული, სანამ არ მოკვდებით”, ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი.
15 . ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: "ადექი, მიდი მაგ კარისმცველთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს და უთხარი:
16 . რა უფლება გაქვს, ან ვინა გყავს აქ, სამარხი რომ გამოგიკვეთია შენთვის? მაღლობზე გაგიჭრია სამარხი და კლდეში გამოგიკვეთია მოსასვენებელი.
17 . აჰა, შურდულივით გისვრის უფალი; მტკიცე ალყაში მოგაქცევს.
18 . ფუთასავით დაგგორგლავ და ბურთივით გისვრი შორეულ მიწაზე; იქ მოკვდები და იქ დარჩება შენი დიდების ეტლები, სირცხვილო შენი ბატონის სახლისა!
19 . გადაგაყენებ შენი მსახურებიდან და გადაგაგდებ შენი ადგილიდან.
20 . იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მსახურ ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს.
21 . შენი მოსასხამით შევმოსავ, წელზე შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელთ გადავცემ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
22 . მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
23 . სოლივით ჩავარჭობ მტკიცე ადგილზე და დიდების ტახტად იქნება თავისი მამის სახლისთვის.
24 . მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას, შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს თასებიდან ქოთნამდე.
25 . იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, შეირყევა მტკიცე ადგილზე ჩასობილი სოლი, გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფლის ნათქვამია ეს”.
1 . ასე ამბობს უფალი: "სად არის გაყრის წერილი, რომლითაც დედათქვენი გავუშვი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ? აჰა, თქვენი ურჯულოების გამო გაიყიდეთ და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული.
2 . რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.
3 . მე ვმოსავ ცებს წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.
4 . უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
5 . უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის.
6 . ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები - წვერების მგლეჯელთ; არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისგან.
7 . მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები; სახე გავიკაჟე, ვიცი, რომ არ დავრჩები შერცხვენილი.
8 . ახლოს არის ჩემი გამმართლებელი, ვინ შემედავება? ერთად დავდგეთ! ვინ არის ჩემი მომჩივანი? მომიახლოვდეს.
9 . აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება, მსჯავრს ვინ დამდებს? აჰა, სამოსელივით გაიცრიცებიან ყველანი, ჩრჩილის კერძად იქცევიან.
10 . ვის ეშინია თქვენში უფლისა და ვინ ემორჩილება მისი მსახურის ხმას? ვინ დადის ბნელში უსინათლოდ? მიენდოს უფლის სახელს და თავის ღმერთს დაეყრდნოს.
11 . აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, აალებული ისრებით გარშემორტყმულნო, იარეთ თქვენი ცეცხლისა და თქვენს მიერ აალებული ისრების სინათლეში! ამას მიიღებთ ჩემი ხელიდან; ტანჯვებში განერთხმებით!”
1 . აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
2 . არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
3 . რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
4 . არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.
5 . ასპიტის კვერცხს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. თუ მათ კვერცხს შეჭამს ვინმე - მოკვდება, თუ გაჭყლეტს - გველგესლა გამოძვრება.
6 . არც სამოსლად გამოდგება მათი ქსელი და ვერც თავისი ნაშრომით შეიმოსებიან ისინი; მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში.
7 . ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
8 . მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
9 . ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
10 . ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
11 . ყველანი დათვებივით ვღრიალებთ და მტრედებივით ვკვნესით; სამართალს მოველით და არ არის, გადარჩენას და - შორსაა ის ჩვენგან.
12 . ვინაიდან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენ წინაშე და ჩვენივე ცოდვები მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაული და ვიცით ჩვენი ურჯულოება:
13 . ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
14 . უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
15 . და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
16 . იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
17 . ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
18 . ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
19 . შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში - მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.
20 . და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
21 . მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.
1 . უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.
2 . უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
3 . მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.
4 . კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, გაუდაბურებული რომ იყო თაობიდან თაობამდე.
5 . დადგებიან უცხონი და მათ ცხვარს დამწყემსავენ; უცხოტომელთა ძენი იქნებიან მათი მიწათმოქმედნი და მევენახენი.
6 . და უწოდებენ უფლის მღვდლებს, ჩვენი ღვთის მსახურნიო - იტყვიან მათზე; ერთა სიმდიდრეს შეჭამენ და მათი დიდებით დაიტრაბახებენ.
7 . ნაცვლად სირცხვილისა ორმაგად განდიდდებიან; დამცირების წილ იყიჟინებენ, თავიანთ მიწაზე ორმაგს დაეუფლებიან და საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებენ.
8 . რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.
9 . და ცნობილი იქნება მათი თესლი ერებში და მათი შთამომავლობა - ხალხთა შორის, ყველა მათი მნახველი იცნობს მათ, რადგან უფლის მიერ კურთხეულის თესლია ისინი.
10 . სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით.
11 . რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი გააღვივებს მასში ჩათესილს, ისე უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლესა და დიდებას ყველა ერის წინაშე.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "შენ კი, ძეო კაცისავ! გოდება გამართე ტვიროსზე.
3 . და უთხარი ზღვის შესასვლელთან დასახლებულ ტვიროსს, მრავალ ზღვისპირა ქვეყნების ხალხებთან მოვაჭრეს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, გითქვამს, სრულყოფილი ვარო მშვენებაში.
4 . ზღვების გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს მშვენება შენი.
5 . სენირის კვიპაროსებისგან დაგიმზადეს ყველა ფიცარი, ლიბანიდან კედარი ჩამოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
6 . ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.
7 . ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რომ დროშად გქონოდა. გადასახურავი ცისფერი და მეწამული ქსოვილისა იყო ელიშას ზღვისპირეთიდან;
8 . ციდონელები და არვადელები გყავდა მენიჩბეებად; შენი ბრძენკაცები გყავდა, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
9 . გებალის უხუცესნი და მისი ბრძენკაცები შენთან იყვნენ ბზარების შესაკეთებლად, ზღვის ყველა გემი და მათი მეზღვაურნი იყვნენ შენში, რომ ვაჭრობა წარემართათ.
10 . სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცები. ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ, ისინი გმატებდნენ ბრწყინვალებას.
11 . არვადის ძენი და შენი ლაშქარი იდგნენ კედლებზე გუშაგებად შენს გარშემო, გამადიმელნი იყვნენ შენს კოშკებში; თავიანთ ფარებს ირგვლივ შენს კედლებზე ჰკიდებდნენ. ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
12 . თარშიში ვაჭრობდა შენთან, ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ შენს საქონელში.
13 . იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი ვაჭრები, ცოცხალ ადამიანებს და სპილენძის ჭურჭელს გიცვლიდნენ საქონელში;
14 . თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებსა და ჯორებს გაძლევდნენ შენს საქონელში.
15 . დედანის ძენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი და მრავალი ზღვისპირა ქვეყანა იყო შენი სავაჭრო ადგილი. სპილოს ეშვები და შავი ხე მოჰქონდათ საფასურად.
16 . არამის ძენი ვაჭრობდნენ შენთან, შენი ნაკეთობების სიმრავლის გამო; ზურმუხტს, მეწამულსა და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანსა და ლალს იძლეოდნენ შენს საქონელში.
17 . იუდა და ისრაელის ქვეყანა იყვნენ შენთან მოვაჭრენი, მინითის ხორბალს, პანაგს, თაფლს, ზეთსა და ბალსამონს გაძლევდნენ სანაცვლოდ.
18 . დამასკო იყო შენთან მოვაჭრე, შენი მრავალი ნაკეთობისა და ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ხელბონის ღვინისა და თეთრი მატყლის გამო.
19 . დანი და იავანი ნაწრთობ რკინას, დარიჩინსა და ტკბილ ლერწამს გაძლევდნენ შენი საქონლის სანაცვლოდ უზალიდან.
20 . დედანი საუნაგირე მორთულობით გევაჭრებოდა.
21 . არაბეთი და კედარის ყველა მთავარი ვაჭრობდა შენთან; ბატკნებით, ვერძებითა და ვაცებით გევაჭრებოდნენ.
22 . შებასა და რაყმას მოვაჭრენიც შენთან ვაჭრობდნენ; ყველანაირ საუკეთესო ნელსაცხებელს, ყოველგვარ ძვირფას ქვასა და ოქროს გიცვლიდნენ შენს საქონელში.
23 . ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, ასევე აშური და ქილმადი შენთან ვაჭრობდნენ,
24 . შენთან ვაჭრობდნენ ძვირფასი სამოსელით, ლურჯი ნაქარგი მოსასხამებით, სხვადასხვაფერის ქსოვილით გაწყობილი ხალიჩებითა
25 . თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდათ შენი საქონელი, აივსე და დიდად განდიდდი ზღვის შუაგულში.
26 . დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა მენიჩბეებმა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა ზღვის შუაგულში.
27 . შენი სიმდიდრე, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი მეზღვაურნი და მესაჭეები, ბზარების შემკეთებელნი და შენი საქონლით მოვაჭრენი, ყველა შენი მეომარი, ვინც შენთანაა და მთელი კრებული, შენ შორის მყოფი, ზღვის შუაგულში ჩაცვივდებიან შენი დაცემის დღეს.
28 . შენი მესაჭეების ყვირილი შეარყევს შემოგარენს.
29 . თავ-თავიანთი ხომალდიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგებიან.
30 . ხმას აიმაღლებენ შენ გამო და მწარედ აქვითინდებიან, მტვერს დაიყრიან თავზე და ნაცარში გაგორდებიან.
31 . შენ გამო თავს გადაიპარსავენ, ჯვალოს ჩაიცვამენ და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
32 . კვნესით დაგიტირებენ და გიგლოვებენ: "ვინ არის ტვიროსივით? მასავით ვინ დადუმებულა შუაგულ ზღვაში?”
33 . როცა ზღვებით გადიოდა შენი საქონელი, მრავალ ხალხს აძღობდი შენი უხვი დოვლათით და შენი ვაჭრობით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს.
34 . ახლა კი ზღვამ ჩაგლეწა წყლების სიღრმეებში, შენი საქონელი და მთელი შენი კრებული გაქრა შენთან ერთად.
35 . შენ გამო შეძრწუნდა ყველა ზღვისპირა ქვეყანა, მათ მეფეებს შიში დაეცათ, სახე აელეწათ.
36 . ხალხებში მოსიარულე ვაჭრები უსტვენენ შენ გამო, საშინელი აღსასრული გეწია, აღარ იქნები უკუნისამდე!”
1 . ოქროს კერპი გააკეთა ნაბუქოდონოსორმა: სიმაღლე სამოცი წყრთა ჰქონდა, სიგანე - ექვსი წყრთა; და დადგა დურას ველზე, ბაბილონის ოლქში.
2 . ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა შეეკრიბათ სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები, მრჩევლები, საგანძურთა მცველები, მსაჯულები, კანონმდებლები და ოლქთა გამგებლები; უნდა მოსულიყვნენ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპის მიძღვნაზე.
3 . და შეიკრიბნენ სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები, მრჩევლები, საგანძურთა მცველები, მსაჯულები, კანონმდებლები და ოლქთა გამგებლები, და მოვიდნენ კერპის მიძღვნაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა და დადგნენ კერპის წინ.
4 . მაშინ ხმამაღლა გამოაცხადა მაცნემ: "ხალხნო, ტომებო და ყოველო ენავ! თქვენ გებრძანებათ!
5 . როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხობით და თაყვანს სცემთ იმ ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა!
6 . ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!”
7 . ამიტომ, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმა გაისმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა პირქვე დაემხო და მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცა თაყვანი.
8 . ამ დროს მივიდა ზოგიერთი ქალდეველი და ბრალს სდებდა იუდაელთ.
9 . და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: "უკუნისამდე იცოცხლე, მეფევ!
10 . მეფევ, შენი ბრძანების თანახმად ყოველი კაცი, როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, პირქვე უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი.
11 . ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში.
12 . მაგრამ არიან იუდეველნი, შენ რომ განაწესე ბაბილონის საქვეყნო საქმეებზე - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფევ, ეს კაცნი არ დაემორჩილნენ შენს ბრძანებას, არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც შენს მიერ აღმართულ კერპს სცემენ თაყვანს”.
13 . მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა; და მოიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე.
14 . მიუგო და უთხრა მათ ნაბუქოდონოსორმა: "შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მართალია, რომ არც ჩემს ღმერთებს ემსახურებით და არც ჩემ მიერ აღმართულ ოქროს კერპს სცემთ თაყვანს?
15 . ახლა, თუ ხართ მზად, რომ როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, დაემხოთ და თაყვანი სცეთ ჩემ მიერ აღმართულ კერპს? თუ თაყვანს არ სცემთ, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაგდებულნი! რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?”
16 . მიუგეს შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ და უთხრეს მეფე ნაბუქოდონოსორს: "არ გვჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
17 . ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩინოს, მეფევ,
18 . მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დაე, ცნობილი იყოს შენთვის მეფევ, რომ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და არც შენს მიერ აღმართულ ოქროს კერპს ვცემთ თაყვანს!”
19 . მაშინ რისხვით აღივსო ნაბუქოდონოსორი; შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა. ბრძანა, ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ.
20 . უბრძანა თავისი მხედრობის ძლიერ კაცებს, შეებოჭათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.
21 . შებოჭეს ეს კაცები, რომლებიც ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა სამოსით იყვნენ შემოსილნი, და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს.
22 . მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ამიტომ ის კაცები, რომლებმაც შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ჩაყარეს ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა.
23 . ეს სამნი კი - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო - ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაცვივდნენ შებოჭილნი.
24 . მაშინ ფეხზე წამოიჭრა გაოცებული ნაბუქოდონოსორი და თავის მთავრებს უთხრა: "განა სამი შებოჭილი კაცი არ ჩავყარეთ ცეცხლში?” მიუგეს და უთხრეს მეფეს: "ჭეშმარიტად, მეფევ!”
25 . მიუგო მან და თქვა: "შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდიმოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს!”
26 . მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი ცეცხლით გავარვარებული ღუმლის კარს და თქვა: "შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, უზენაესი ღმერთის მსახურებო! გამოდით და აქ მოდით!” და გამოვიდნენ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლის შუაგულიდან.
27 . შემოიკრიბნენ სატრაპები, მთავრები, მეფისნაცვლები და მრჩევლები მათ გარშემო და ნახეს, რომ ამ კაცებს ტანზე ცეცხლის კვალიც არ ეტყობოდათ, არც თმები შეტრუსოდათ თავზე და არც სამოსელი დასწვიათ; კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ.
28 . მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: "კურთხეულია შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთი, რომელმაც თავისი ანგელოზი მოავლინა და იხსნა თავისი მსახურები, რომლებიც მას მიენდნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და თავიანთი სხეულები გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, არც ერთი ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.
29 . ამიტომ ვბრძანებ, თუ რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან ვინმე აუგს ილაპარაკებს შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა!”
30 . ამის შემდეგ კვლავ აღამაღლა მეფემ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ბაბილონის ქვეყანაში.
1 . ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.
2 . მოუნდებათ მიწა - ართმევენ, მოუნდებათ სახლები - იტაცებენ; ძალადობენ ადამიანსა და მის სახლზე, კაცსა და მის სამკვიდრებელზე.
3 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, ისეთი სიავის მოწევას ვაპირებ თქვენი მამების სახლებზე, რომლიდანაც ქედს ვერ დაიძვრენთ და მედიდურად ვეღარ ივლით, რადგან უბედურების ჟამი იქნება.
4 . იმ დღეს ანდაზებს გამოთქვამენ თქვენზე, დიდი გლოვა იქნება და იტყვიან: სრულად გავნადგურდით! ჩემი ხალხის წილხვედრი სხვებს მიეცა, როგორ წამერთვა?! ჩვენი მიწები უცხოთ დაუნაწილდა!
5 . ამიტომ არ გეყოლება შენი წილის საბლით გადამზომი უფლის საკრებულოში.
6 . ნუ წინასწარმეტყველებთ! - ამბობენ ცრუწინასწარმეტყველები, - ნუ წინასწარმეტყველებთ, რადგან შერცხვენა არ გვეწევაო!
7 . ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
8 . ხალხი, გუშინ რომ ჩემი იყო, დღეს მტრად აღმიდგა. სამოსელსა და მოსასხამს ხდით ბრძოლიდან დაბრუნებულთ, მშვიდად მომავალთ.
9 . ჩემი ხალხის დედაკაცებს აძევებთ მათი სანუკვარი სახლებიდან, მათ ბავშვებს საუკუნოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
10 . ადექით და წადით, რადგან არ არის აქ განსასვენებელი ადგილი, შებილწულია იგი და სასტიკად განადგურდება.
11 . რომ მოგატყუოთ ქარისა და სიცრუის მადევარმა კაცმა, მე გიწინასწარმეტყველებთო ღვინოსა და მაგარ სასმელზე! ამ ხალხის სასურველი წინასწარმეტყველიც ის იქნებოდა!
12 . უცილობლად შემოგკრებ, იაკობ, მთლიანად. შევკრებ ისრაელი ხალხის მონარჩენს, ერთად შევკრებ მათ, როგორც ცხვარს ფარეხში და ფარას - შუაგულ საძოვარზე; ახმაურდებიან ისინი, ხალხის სიმრავლის გამო.
13 . აივლის მათ წინაშე მნგრეველი, კედლებს შემუსრავენ, კარიბჭეს გაივლიან და გამოივლიან! მეფე წარუძღვებათ წინ, უფალი კი - სათავეში”.
1 . დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 . და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 . "ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
4 . ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 . ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 . ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
7 . ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
8 . ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 . ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
10 . ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
11 . ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.
12 . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13 . თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
14 . თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 . არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.
16 . ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17 . არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19 . მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
20 . გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
21 . გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
22 . მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23 . ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო,
24 . მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
25 . სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 . ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
27 . გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
28 . მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 . თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30 . თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31 . ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.
32 . მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 . ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
34 . მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი;
35 . არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 . არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია.
37 . არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
38 . გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
39 . მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 . თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.
41 . ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42 . ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43 . გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 . მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45 . რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
46 . რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 . და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 . მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 . იმ ხანებში ესმა იესოს ამბავი მეოთხედმთავარ ჰეროდეს.
2 . უთხრა თავის მსახურებს: "ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომაც მოქმედებენ მასში ძალნი”.
3 . რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო.
4 . ვინაიდან იოანე ეუბნებოდა, ნებადართული არ არისო შენთვის მისი ყოლა.
5 . უნდოდა მოეკლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.
6 . ჰეროდეს დაბადების დღეს კი შეკრებილთა წინაშე იცეკვა ჰეროდიას ასულმა და აამა ჰეროდეს.
7 . ამიტომ ფიცით შეპირდა, რომ მისცემდა, რასაც სთხოვდა.
8 . ხოლო მან, დედისგან წინასწარ დარიგებულმა, უთხრა: "ლანგრით მომეცი იოანე ნათლისმცემლის თავი”.
9 . შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.
10 . წარგზავნა და იოანესთვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში.
11 . მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა.
12 . მოვიდნენ იოანეს მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და შეატყობინეს იესოს.
13 . ეს რომ გაიგო იესომ, ნავით გაეცალა იქაურობას და ერთ უდაბურ ადგილზე განმარტოვდა; შეიტყო ეს ხალხმა და ფეხით გაჰყვნენ ქალაქებიდან.
14 . გამოვიდა და უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.
15 . როცა მოსაღამოვდა მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს: "აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის”.
16 . იესომ კი უთხრა მათ: "არ არის საჭირო მათი წასვლა; თქვენ მიეცით საჭმელი”.
17 . უპასუხეს: "არაფერი გვაქვს გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა”.
18 . უთხრა: "აქ მომიტანეთ ისინი”.
19 . უბრძანა ხალხს ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს.
20 . ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო.
21 . მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
22 . მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ მეორე მხარეს, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.
23 . ხალხი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა; მოსაღამოვდა, ის კი მარტო იყო იქ.
24 . ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე შესულიყო ზღვაში; ტალღები ეხეთქებოდნენ, რადგან პირქარი ქროდა.
25 . ღამის მეოთხე გუშაგობა იყო, ზღვაზე სვლით რომ მივიდა მათთან.
26 . ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ მოწაფეები; ამბობდნენ, მოჩვენებააო და შიშისგან შეჰყვირეს.
27 . მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!”
28 . მიუგო პეტრემ და უთხრა: "უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, რომ წყალდაწყალ მოვიდე შენთან”.
29 . უთხრა: "მოდი!” პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალზე გაიარა, რათა იესოსთან მისულიყო.
30 . მაგრამ ძლიერი ქარი რომ იხილა, შეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: "უფალო, მიხსენი!”
31 . იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: "რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?”
32 . ნავში რომ ავიდნენ, ქარი ჩადგა.
33 . ხოლო ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ”.
34 . გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
35 . იცნეს იგი იქაურებმა, დაგზავნეს მთელ იმ მხარეში და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი.
36 . ევედრებოდნენ, რომ მისი მოსასხამის კიდეს მაინც შეხებოდნენ; და ვინც შეეხო, განიკურნა.
1 . გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ბჭობა გამართა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
2 . შებოჭეს, წაიყვანეს და გადასცეს გამგებელ პილატეს.
3 . როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა.
4 . უთხრა: "შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: "ჩვენ რა? შენ იცი!”
5 . ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
6 . მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: "არ შეიძლება ამის საგანძურში დადება, რადგან სისხლის საფასურია”.
7 . მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ.
8 . ამის გამო იმ მინდორს დღემდე სისხლის მინდორი ეწოდება.
9 . მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: "აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ისრაელის ძეთა მიერ!
10 . და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა”.
11 . იესო კი გამგებლის წინაშე წარსდგა; ჰკითხა მას გამგებელმა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” იესომ უპასუხა: "შენ ამბობ”.
12 . როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა.
13 . მაშინ უთხრა მას პილატემ: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?”
14 . არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
15 . დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე ერთ პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.
16 . სწორედ მაშინ, ბარაბად წოდებული, ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ.
17 . თავი რომ მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: "ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”
18 . ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი.
19 . სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.
20 . მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კი დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ.
21 . ამიტომ, როცა იკითხა გამგებელმა, ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთო, უპასუხეს, ბარაბაო.
22 . უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს!”
23 . ხოლო მან თქვა: "რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: "ჯვარცმულ იქნეს!”
24 . როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.
25 . და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: "ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.
26 . მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.
27 . გამგებლის ჯარისკაცებმა სამსჯავროში წაიყვანეს იესო; გარს მთელი რაზმი შემოეხვია.
28 . ტანთ გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს.
29 . ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინ
30 . აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ.
31 . დაცინვით რომ გული იჯერეს, მოსასხამი მოხადეს, თავისივე სამოსელი ჩააცვეს და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
32 . როცა გამოდიოდნენ, ნახეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს, მისი ჯვარი ეზიდა.
33 . და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს.
34 . მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად; რომ იგემა, არ ინდომა დალევა.
35 . ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
36 . ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას.
37 . თავს ზემოთ კი დაწერილი ბრალდება მოათავსეს: "ეს არის იესო, იუდეველთა მეფე”.
38 . მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთიც - მარცხნივ.
39 . გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
40 . ამბობდნენ: "ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან”.
41 . მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ:
42 . "სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
43 . ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”.
44 . მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
45 . მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
46 . მეცხრე საათი იქნებოდა რომ დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”
47 . იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს ეს და თქვეს, ელიას უხმობსო.
48 . უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და სასმელად მიაწოდა.
49 . სხვები კი ამბობდნენ, მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო.
50 . ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
51 . და აჰა, მაღლიდან დაბლამდე, ორად გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები.
52 . სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა.
53 . გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმიდა ქალაქში და მრავალს ეჩვენნენ.
54 . ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!”
55 . იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
56 . მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
57 . როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო.
58 . მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.
59 . აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
60 . დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი; სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
61 . იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც საფლავის წინ ისხდნენ.
62 . პარასკევის შემდგომ დღეს მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან.
63 . თქვეს: "ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
64 . ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფენი, არ მოიპარონ იგი და არ უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი იქნება”.
65 . უთხრა მათ პილატემ: "თქვენ გყავთ მცველები, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით”.
66 . წავიდნენ, უსაფრთხოდ ჰყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს.
1 . ადგა და იქიდან იუდეაში, იორდანეს გაღმა მივიდა. მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2 . მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: "ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”
3 . მან მიუგო და ჰკითხა: "რა დაგიწესათ მოსემ?”
4 . უთხრეს: "მოსემ დაგვრთო ნება დავწეროთ გაყრილობის წიგნი და გავუშვათ”.
5 . უთხრა მათ იესომ: "თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.
6 . მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7 . ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკვრება თავის ცოლს.
8 . და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9 . ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”.
10 . სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11 . უთხრა: "ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.
12 . თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
13 . და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14 . ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: "გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.
16 . მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
17 . გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
18 . ხოლო იესომ უთხრა: "რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
19 . იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.
20 . მან მიუგო: "მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”
21 . იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: "ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: "რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
24 . მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: "შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25 . აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: "ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
27 . შეხედა მათ იესომ და თქვა: "ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია”.
28 . დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”.
29 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,
30 . და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31 . მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი - პირველი”.
32 . იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას:
33 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34 . შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.
35 . მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე, და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”.
36 . ჰკითხა: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
37 . მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.
38 . იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
39 . უთხრეს: "შეგვიძლია”. იესომ მიუგო: "სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
40 . მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემგან არ არის, არამედ, ვისთვისაც გამზადებულია”.
41 . ეს რომ ათმა გაიგო, დრტვინვა იწყეს იაკობსა და იოანეზე.
42 . იესომ მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43 . თქვენ შორის კი ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი.
44 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45 . რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
46 . მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47 . როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48 . ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
49 . შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50 . გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51 . იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52 . იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.
1 . ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე - იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი - აბილინეს მეოთხედმთავარი.
2 . ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, ღმერთის სიტყვა იყო იოანე ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.
3 . დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
4 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
5 . ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება.
6 . და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”. .
7 . ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
8 . მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
9 . ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.
10 . და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათო?
11 . ეუბნებოდა მათ პასუხად: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.
12 . მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: "მოძღვარო, რა ვქნათ?”
13 . ხოლო მან უპასუხა: "თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”.
14 . ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: "ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: "ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
15 . ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო.
16 . იოანე ყველას პასუხობდა: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
17 . მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.
18 . ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19 . მეოთხედმთავარმა ჰეროდემ კი, რომელსაც ამხელდა იგი მისი ძმის ცოლის ჰეროდიას და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
20 . ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩასვა იოანე.
21 . როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა
22 . და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.
23 . თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
24 . მატთათისა, ლევისა, მელხისა, იანაისა, იოსებისა,
25 . მატათიასი, ამოსისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,
26 . მახათისა, მატათიასი, შემეინისა, იოსებისა, იუდასი,
27 . იოხანანისა, რესასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,
28 . მელხისა, ადდისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,
29 . იესოსი, ელიეზერისა, იორიმისა, მატათისა, ლევისა,
30 . სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იორამისა, ელიაკიმისა,
31 . მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32 . იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,
33 . ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,
34 . იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,
35 . სერუგისა, რეგისა, ფელეგისა, ყებერისა, შელახისა,
36 . კეინანისა, არფახშადისა, სემისა, ნოესი, ლამეხისა,
37 . მეთუშელახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კეინანისა,
38 . ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღმერთისა.
1 . ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს, ტიბერიის ზღვაზე. აი, ასე ეჩვენა მათ:
2 . ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა, მის მოწაფეთაგან.
3 . უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: "მე სათევზაოდ მივდივარ”. მიუგეს: "ჩვენც შენთან მოვდივართ”. გავიდნენ და ნავზე ავიდნენ. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.
4 . რომ გათენდა, იესო იდგა ნაპირზე, თუმცა, მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო.
5 . უთხრა მათ იესომ: "შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი?” მიუგეს: "არა”.
6 . უთხრა მათ: "ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით”. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.
7 . მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: "ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.
8 . სხვა მოწაფეები კი ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, დაახლოებით ორას წყრთაზე. თან თევზებიანად მოათრევდნენ ბადეს.
9 . ხმელეთზე რომ გამოვიდნენ, ნახეს დალაგებული ნაკვერჩხლები და თევზი ზემოდან, და პური.
10 . უთხრა მათ იესომ: "იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ”.
11 . ავიდა სიმონ-პეტრე და ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით სავსე ბადე ხმელეთზე გამოათრია; სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.
12 . უთხრა მათ იესომ: "მოდით, ისაუზმეთ”. მოწაფეთაგან ვერცერთმა ვერ გაბედა ჩაძიებოდა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.
13 . აიღო იესომ პური და მისცა მათ, ასევე თევზიც.
14 . ეს მესამედ ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი იესო მოწაფეებს.
15 . ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: "სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: "აძოვე ჩემი კრავები”.
16 . კვლავ ეუბნება მას მეორედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა მას: "მწყემსე ჩემი ცხვრები”.
17 . ეუბნება მას მესამედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: "უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: "აძოვე ჩემი ცხვრები.
18 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა; მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს”.
19 . ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: "მომყევი”.
20 . მობრუნებულმა პეტრემ დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, უბეზე რომ მიეკრა სერობისას და ჰკითხა: უფალო, ვინ არისო, შენი გამცემი?
21 . დაინახა რა იგი პეტრემ ჰკითხა იესოს: "უფალო, ამას რაღა მოუვა?”
22 . იესომ უპასუხა: "თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რა? შენ მე გამომყევი”.
23 . ამიტომ გამოვიდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ არ მოკვდებოდა ის მოწაფე. მაგრამ იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რაო?
24 . ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს; და ვიცით, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა.
25 . კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც მოიმოქმედა იესომ; ყველაფერი რომ დაწვრილებით დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით წუთისოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ!
1 . სავლე კი, რომელიც უფლის მოწაფეებისადმი ჯერ კიდევ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, მღვდელმთავართან გამოცხადდა.
2 . ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში.
3 . გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.
4 . გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.
5 . მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
6 . უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: "რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: "ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”.
7 . კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ.
8 . წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.
9 . სამი დღე ვერაფერს ხედავდა. არც ჭამდა, არც სვამდა.
10 . იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. უფალმა ჩვენებაში უთხრა: "ანანია!” უპასუხა: "აქ ვარ, უფალო”.
11 . უთხრა უფალმა: "ადექი და წადი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია "პირდაპირი” და იუდას სახლში, სავლედ წოდებული ტარსუსელი კაცი მოიკითხე, რადგან, აჰა, ლოცულობს იგი”.
12 . იხილა სავლემ ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაასხა მას, რათა თვალი ახელოდა.
13 . მიუგო ანანიამ: "უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენ ბოროტად ექცეოდა შენს წმიდებს იერუსალიმში.
14 . აქაც აქვს ძალაუფლება მღვდელმთავართაგან, შეიპყროს ყველა, ვინც შენს სახელს მოუხმობს”.
15 . მაგრამ უთხრა მას უფალმა: "წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
16 . რადგან მე ვაჩვენებ, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გამო”.
17 . წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: "ძმაო, სავლე, უფალმა გამომგზავნა, იესომ, რომელიც გზაზე მიმავალს გეჩვენა, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით”.
18 . და მაშინვე, თითქოს ქერცლი გადასძვრაო მის თვალებს, თვალი აეხილა, ადგა და მოინათლა.
19 . საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.
20 . მაშინვე დაიწყო სინაგოგებში იესოს ქადაგება, რომ ის არის ძე ღვთისა.
21 . ყველა მსმენელს უკვირდა და ამბობდა: "ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში ამ სახელის მხმობელთ რომ სპობდა? განა აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეიპყროს და მღვდელმთავრებთან წაიყვანოს ისინი?”
22 . სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.
23 . კარგა ხნის შემდეგ, მის მოსაკლავად შეითქვნენ იუდევლები.
24 . გაიგო სავლემ მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღე და ღამ კარიბჭესთან დარაჯობდნენ, რომ მოეკლათ იგი.
25 . მაგრამ ღამით აიყვანეს იგი მოწაფეებმა და გოდრით ჩაუშვეს გალავნიდან.
26 . იერუსალიმში რომ ავიდა, ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა; მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ მისი მოწაფეობა.
27 . წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.
28 . დარჩა იგი მათთან, გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით.
29 . გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.
30 . ეს რომ ძმებმა შეიტყვეს, წაიყვანეს კესარიაში და ტარსუსში გაგზავნეს.
31 . ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
32 . ერთხელ, ყველა ადგილი რომ შემოიარა, პეტრე ლიდაში მცხოვრებ წმიდებთანაც მივიდა.
33 . ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რვა წელიწადს დავრდომილი რომ იწვა სარეცელზე.
34 . უთხრა პეტრემ: "ენეას, გკურნავს იესო ქრისტე. ადექი და თავად გაისწორე სარეცელი”. და მაშინვე წამოდგა.
35 . ყველამ, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, იხილა იგი და უფლისკენ მოიქცა.
36 . იაფოში ერთი მოწაფე დედაკაცი იყო, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს. იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც გასცემდა.
37 . იმ დღეებში იყო, რომ ავად გახდა და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში.
38 . იაფო ლიდიასთან ახლოსაა, ამიტომ მოწაფეებმა შეიტყვეს, პეტრე აქ არისო და ორი კაცი გაუგზავნეს სათხოვნელად: "ნუ დააყოვნებ ჩვენთან მოსვლას”.
39 . ადგა პეტრე და წავიდა. როცა მივიდა, ზედა ოთახში აიყვანეს. ნახა იქ ქვრივი დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უქსოვდა, სანამ მათთან იყო.
40 . პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: "ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
41 . ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
42 . ეს ცნობილი გახდა მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი.
43 . კარგა ხანი დაჰყო მან იაფოში, ვინმე მეტყავე სიმონთან.
1 . იმ დღეებში, მეფე ჰეროდემ საბოროტოდ აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.
2 . მან მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა;
3 . და როცა დაინახა, რომ ამით იუდევლებს აამა, პეტრეც დააპატიმრა. უფუარობის დღეები იყო.
4 . შეიპყრო თუ არა, სატუსაღოში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს უბრძანა მისი დაცვა. განზრახული ჰქონდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე.
5 . ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
6 . იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.
7 . და აჰა, უფლის ანგელოზი წარდგა და სინათლე გაბრწყინდა საკანში. პეტრეს ფერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: "ჩქარა ადექი!” და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა.
8 . უთხრა ანგელოზმა: "სარტყელი შემოირტყი და სანდლები ჩაიცვი”. ასეც მოიქცა. უთხრა: "მოსასხამი მოისხი და გამომყევი”.
9 . პეტრეც გამოვიდა და გაჰყვა. არ იცოდა, რომ ის, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადში ხდებოდა; ფიქრობდა, ჩვენებას ვხედავო.
10 . გასცდნენ პირველსა და მეორე საგუშაგოს და ქალაქში შესასვლელ შერკინულ კარიბჭეს მიადგნენ, რომელიც თავისით გაიღო მათ წინაშე. შევიდნენ, ერთი ქუჩა გაიარეს და მაშინვე გაშორდა მას ანგელოზი.
11 . გონს მოეგო პეტრე და თქვა: "ახლა ნამდვილად ვიცი, რომ უფალმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი და დამიხსნა როგორც ჰეროდეს ხელიდან, ისე ყოველივე იმისგანაც, რასაც იუდეველი ხალხი ელოდა”.
12 . გონსმოსული, მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13 . პეტრემ ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე, სახელად როდი, კარის გასაღებად გამოვიდა.
14 . როგორც კი პეტრეს ხმა იცნო, ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღება დაავიწყდა, შინ შევარდა და იქ მყოფთ შეატყობინა, კართან პეტრე დგასო.
15 . უთხრეს: "ჭკუიდან გადახვედი?” ის კი თავისას ამტკიცებდა. და ამბობდნენ: "ეს მისი ანგელოზი იქნება”.
16 . პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.
17 . მან ხელით ანიშნა, გაჩუმდითო და უამბო, როგორ გამოიყვანა საპყრობილედან უფალმა. ბოლოს თქვა: "შეატყობინეთ ეს ამბავი იაკობსა და ძმებს”. მერე გავიდა და სხვაგან წავიდა.
18 . გამთენიისას ჯარისკაცებს შორის დიდი განგაში ატყდა, პეტრე რა იქნაო?
19 . ჰეროდემ ეძება და ვერ მიაგნო. ბოლოს მცველები დაჰკითხა და ბრძანა, ყველანი დაეხოცათ. მერე იუდეიდან კესარიაში წავიდა და იქ დარჩა.
20 . ჰეროდე გაბრაზებული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ისინი ერთსულოვნად მივიდნენ მასთან, მიიმხრეს მეფის მესაწოლე ბლასტონი და მშვიდობა ითხოვეს, რადგან ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა მათი ქვეყანა.
21 . დაწესებულ დღეს ჰეროდემ სამეფო სამოსი ჩაიცვა, ტახტზე დაჯდა და მათ მიმართა.
22 . ხალხი კი ღაღადებდა: "ღმერთის ხმაა და არა კაცისა”.
23 . მაგრამ მოულოდნელად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, ვინაიდან დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისგან შეჭმულს, სული ამოხდა.
24 . უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა.
25 . ბარნაბამ და სავლემ გაასრულეს თავიანთი მსახურება, იერუსალიმიდან უკან გაბრუნდნენ და თან წაიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული.
1 . გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი,
2 . რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
3 . ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს.
4 . ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.
5 . შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.
6 . ვინაიდან მე უკვე ვიღვრები შესაწირივით, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.
7 . კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
8 . ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.
9 . ისწრაფე, რომ მალე მოხვიდე ჩემთან.
10 . ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი - გალატიას, ტიტე - დალმატიას;
11 . მარტო ლუკაღა არის ჩემთან. აიყვანე მარკოზი და თან წამოიყვანე, ვინაიდან მსახურებისთვის მჭირდება.
12 . ტვიქიკოსი ეფესოში მივავლინე.
13 . მოსასხამი, ტროაში რომ დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა მოხვალ; აგრეთვე წიგნები და უფრო მეტად - პერგამენტები.
14 . მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.
15 . შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან ძალიან ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს.
16 . როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
17 . მე კი, უფალი ამომიდგა მხარში და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით გასრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა; და თავი დავაღწიე ლომის ხახას.
18 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
19 . გამომიხსნის უფალი ბოროტის ყოველი საქმისგან და დამიფარავს თავისი ზეციური სამეფოსთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
20 . მომიკითხე პრისკილა და აკვილა და ონისიფორეს სახლეული.
21 . ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი, კლავდია და ყველა ძმა.
22 . უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან, ამინ!
1 . ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,
2 . ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები.
3 . ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.
4 . ანგელოზებზე იმდენადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
5 . ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: "ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ”. ან კიდევ: "მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე?”
6 . ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: "დაე, თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა”.
7 . ანგელოზებზე კი ამბობს: "ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურებს - ცეცხლის ალად”.
8 . ხოლო ძეზე: "შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
9 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.
10 . და: "შენ დააფუძნე, უფალო, თავდაპირველად დედამიწა და ზეცა, შენი ხელის ნამოქმედარია.
11 . ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები; და ყოველივე დაძველდება სამოსელივით.
12 . მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება”.
13 . ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად?”
14 . განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს?
1 . გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
2 . რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა, იესო ქრისტეს მოწმობა და ყოველივე, რაც იხილა.
3 . ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა დრო.
4 . იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;
5 . და იესო ქრისტესგან, რომელიც ერთგული მოწმეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი; მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან;
6 . და გვქმნა ჩვენ სამეფოდ, და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
7 . აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!
8 . "მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.
9 . მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე იესო ქრისტეს ჭირში, მეფობასა და მოთმინებაში; ვიყავი კუნძულზე, პატმოსი რომ ჰქვია, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისთვის.
10 . სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.
11 . მითხრა: "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”.
12 . მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე ოქროს შვიდი სალამპრე.
13 . ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
14 . მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
15 . მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.
16 . მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი; და მისი სახე იყო როგორც მზე, თავისი ძლიერებით მბრწყინავი.
17 . ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: "ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,
18 . და ცოცხალი; მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე; მე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები.
19 . დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
20 . რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.
1 . "მიიახლოვე აჰარონი, შენი ძმა და მისი ძენი, ისრაელის ძეთაგან, რომ მღვდლობა გამიწიონ: აჰარონი, ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, აჰარონის ძეები.
2 . გაუმზადე წმიდა სამოსელი აჰარონს, შენს ძმას, დიდებისა და მშვენებისათვის.
3 . ელაპარაკე ყველა გულბრძენ კაცს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აჰარონს მის გამოსაცალკევებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს.
4 . აჰა, სამოსელი, რომელიც უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. დაუმზადონ სამოსელი აჰარონს, შენს ძმას და მის ძეებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.
5 . აიღონ ოქრო, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული მატყლი და ბისონი.
6 . ოქროსგან გააკეთონ ეფოდი, ცისფერი და ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით.
7 . ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას ორივე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს.
8 . ეფოდის სარტყელი, რომელიც მასზეა, ისეთივე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისა.
9 . აიღე სარდიონის ორი ქვა და ამოკვეთე ზედ ისრაელის ძეთა სახელები.
10 . ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
11 . ქვისმთლელის ნაკეთობით, საჭრეთელით ამოკვეთე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები და ჩასვი ოქროს ბუდეებში.
12 . მიამაგრე ორივე ქვა ეფოდის სამხრეებზე - ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები. და ატაროს აჰარონმა მათი სახელები უფლის წინაშე სამახსოვროდ ორივე სამხრეზე.
13 . ბუდეები ოქროსი გააკეთე;
14 . ასევე სუფთა ოქროს ორი ძეწკვი; გრეხილი ნაკეთობა, წნული ნამუშევარი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
15 . გააკეთე განკითხვის სამკერდული, ოსტატური ნაკეთობით, ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსგან, ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან დაამზადე.
16 . ოთხკუთხედი იყოს, ორკეცი, მტკაველი - სიგრძე და მტკაველი - სიგანე.
17 . და ჩასვი მასში ჩასასმელი ქვები, ქვების ოთხი მწკრივი - ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა - ერთი მწკრივი.
18 . მეორე მწკრივი - ზურმუხტი, საფირონი და ალმასი.
19 . მესამე მწკრივი - იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო.
20 . მეოთხე მწკრივი - ქრიზოლითი, ონიქსი, იასპის ქვა; ოქროს ბუდეში უნდა ჩასვა ისინი.
21 . ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე თორმეტიდან თითო შტოს სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული.
22 . ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი ქვა მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე თორმეტიდან თითო შტოს სახელი უნდა იყოს ამოტვიფრული.
23 . ოქროს ორი რგოლიც გააკეთე სამკერდულზე და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორ კიდეზე.
24 . ჩასვი ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
25 . ორთავე წნულის ორივე კიდე მიაბი მის ორ ბუდეზე და წინიდან მიამაგრე ეფოდის სამხრეებზე.
26 . გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორივე კიდეზე, მის არშიაზე, რომელიც ეფოდის შიგნითაა.
27 . გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორთავე სამხრეზე ქვემოთა წინა მხრიდან, ეფოდის ოსტატურად ნაქარგ სარტყელთან შეერთების ადგილზე.
28 . მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონარით, რათა იყოს იგი ეფოდის სარტყელზე და არ მოსცილდეს სამკერდული ეფოდს.
29 . ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე.
30 . ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აჰარონის გულზე, უფლის წინაშე მისი შესვლისას; მუდამ გულზე ატაროს აჰარონმა ისრაელის ძეთა სამართალი უფლის წინაშე.
31 . დაამზადე მოსასხამი ეფოდისთვის, მთლიანად ცისფერი ქსოვილისგან.
32 . შუაში თავის გასაყრელი ჰქონდეს ამოჭრილი, ჯაჭვის პერანგივით; ჭრილს ოსტატური არშია ჰქონდეს კიდეზე შემოვლებული, რომ არ შემოირღვეს.
33 . მის კალთებზე, გარშემო ბროწეულები ამოქარგე ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
34 . ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსლის კალთებზე ირგვლივ.
35 . იყოს იგი აჰარონზე მსახურებისას, რათა ისმოდეს მისი ხმა წმიდაში უფლის წინაშე შესვლისას და გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს.
36 . გააკეთე სუფთა ოქროს გვირგვინი და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფრით: წმიდა უფლისათვის.
37 . მიამაგრე იგი ცისფერი ზონარით და იყოს იგი თავსაბურველზე. თავსაბურველის წინა მხარეს იყოს იგი.
38 . ეკეთოს აჰარონს შუბლზე და იტვირთოს აჰარონმა შესაწირავთა ბრალი, რომელთაც შესწირავენ ისრაელის ძენი ყოველი შეწირვისას და მუდამ შუბლზე ეკეთოს, რათა სასურველი იყვნენ უფლის წინაშე.
39 . მოქსოვე ბისონის კვართი და ოსტატურად მოქარგული სარტყელი გაუკეთე.
40 . გაუმზადე აჰარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი და ქუდებიც გაუკეთე მათ დიდებად და მშვენებად.
41 . შემოსე ამ სამოსით შენი ძმა აჰარონი და მისი ძენი, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
42 . დაუმზადე მათ სელის ქვედა სამოსელი, სხეულის სიშიშვლის დასაფარად; წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს.
43 . იქონიონ ისინი აჰარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისთვის, რომ არ დაედოთ ცოდვა და არ დაიხოცონ. საუკუნო წესია ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის მას შემდეგ”.