1 . მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაავალა: "ცოლი ქანაანის ასულთაგან არ შეირთო.
2 . წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და დედაშენის ძმის, ლაბანის ასულთაგანი შეირთე ცოლად;
3 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, გაგამრავლოს და გაქციოს მრავალრიცხოვან ხალხებად.
4 . მოგცეს შენ აბრაჰამის კურთხევა, შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაჰამს”.
5 . გაგზავნა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
6 . დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და შუამდინარეთში ცოლის შესართავად გაგზავნა და რომ კურთხევისას უთხრა: "არ შეირთო ცოლი ქანაანის ასულთაგან”.
7 . და რომ გაუგონა იაკობმა თავის დედ-მამას და წავიდა შუამდინარეთში.
8 . დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ასულები.
9 . წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაჰამის ძის, ისმაელის ასული, და ნებაიოთისა, სხვა ცოლების გვერდით.
10 . წავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და ხარანისკენ გაემართა.
11 . მიადგა ერთ ადგილს და რაკი მზე ჩაესვენა, ღამე იქ გაათია. აიღო ერთი ქვა იმ ადგილიდან, სასთუმლად დაიდო და დაწვა იმ ადგილას.
12 . და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თხემი ზეცას სწვდებოდა; ზედ კი უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ.
13 . აჰა, უფალი იდგა მასზე და უთხრა: "მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაჰამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს თესლს მოგცემთ.
14 . ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება შენი თესლი, განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით; და შენით და შენი შთამომავლობით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი.
15 . შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.
16 . გაიღვიძა იაკობმა და თქვა: "ჭეშმარიტად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!”
17 . შეშინდა და თქვა: "რა გასაოცარი ადგილი ყოფილა! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღვთის სახლი და ზეცის კარიბჭე!”
18 . ადგა იაკობი დილაადრიან, აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.
19 . და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი - ღვთის სახლი; მანამდე კი ლუზი ერქვა იმ ქალაქს.
20 . დადო იაკობმა აღთქმა და თქვა: "თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგავარ, მომცემს პურს საჭმელად, სამოსს შესამოსად
21 . და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი.
22 . და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, ღვთის სახლი იქნება და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი: თუ ვინმე განსაკუთრებული აღთქმით მიუძღვნის რომელიმე სულს უფალს, შენი შეფასებით შეაფასე.
3 . შეფასდეს ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცი ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად, საწმიდარის შეკელით, შენი შეფასებით.
4 . თუ ქალია, მაშინ ოცდაათი შეკელი იყოს შენი შეფასება.
5 . თუ ხუთი წლიდან ოც წლამდეა, შენი შეფასება მამაკაცისთვის ოცი შეკელი იყოს, ქალისთვის კი - ათი.
6 . თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, შენი შეფასება ვაჟისთვის ვერცხლის ხუთი შეკელი იყოს, ხოლო ქალისთვის - ვერცხლის სამი შეკელი.
7 . თუ სამოცი წლის ან უფრო მეტისაა, მამაკაცისთვის შენი შეფასება თხუთმეტი შეკელი იყოს და ქალისთვის - ათი.
8 . თუ ღარიბია და შენი შეფასებით არ შეუძლია საფასურის გადახდა, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს მას; აღთქმის მიმცემის ქონების შესაბამისად შეაფასოს იგი მღვდელმა.
9 . თუ პირუტყვია აღთქმული, მსხვერპლად რომ შეიწირება უფლისთვის, უფლისთვის მიცემული, წმიდა უნდა იყოს.
10 . არ შეიძლება გაიცვალოს და არც შეიცვალოს კარგი ცუდით, ან ცუდი კარგით; და თუ შეცვლის, შეცვალოს პირუტყვი პირუტყვით, მაშინ იგი და მისი სანაცვლო წმიდა იქნება.
11 . თუ არაწმიდაა პირუტყვი, ისეთი, როგორიც არ უნდა მიუტანო მსხვერპლად უფალს, მაშინ მღვდელს წარუდგინონ პირუტყვი.
12 . შეაფასოს მღვდელმა კარგია თუ ცუდი და როგორც შეაფასებს, ისე იყოს.
13 . თუ გამომსყიდველი გამოისყიდის, მაშინ დაუმატოს მეხუთედი ნაწილი შენს შეფასებას.
14 . თუ ვინმე თავის სახლს სიწმიდედ შესწირავს უფალს, მაშინ შეაფასოს მღვდელმა, კარგია თუ ცუდი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.
15 . თუ გამოისყიდის თავის სახლს შემწირავი, საფასურის მეხუთედი დაუმატოს შენს შეფასებას და მისი იქნება.
16 . თუ ვინმე თავისი საკუთარი სამფლობელოდან ყანის ნაწილს მიუძღვნის უფალს, საფასური ნათესის ზომის მიხედვით უნდა განისაზღვროს: ერთი ღომერი ქერის ნათესისთვის - ვერცხლის ორმოცდაათი შეკელი.
17 . თუ ვინმე საზეიმო წლის დროს მიუძღვნის თავის ყანას, მაშინ შენი შეფასებისამებრ მოხდეს.
18 . და თუ ვინმე ზეიმის შემდეგ მიუძღვნის თავის ყანას, მაშინ მღვდელმა ფული საზეიმო წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით იანგარიშოს და მისი საფასურიდან გამოუქვითოს.
19 . თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირავი, მაშინ შენ შეფასებას ფულის მეხუთედი ნაწილი დაუმატოს და მას დარჩება.
20 . თუ არ გამოისყიდის ყანას ან თუ ყანა სხვა კაცს მიჰყიდა, მაშინ ვეღარ გამოისყიდის.
21 . თუ ყანას საზეიმო წელიწადი ათავისუფლებს, უფლის სიწმიდედ ჩაითვალოს, როგორც მიძღვნილი ყანა; მღვდელს ექნება ის სამფლობელოდ.
22 . თუ მიუძღვნის უფალს ნაყიდ ყანას, რომელიც არ არის მისი სამფლობელო ყანებიდან,
23 . უანგარიშოს მღვდელმა საფასური საზეიმო წლამდე და ამ შეფასების მიხედვით იმავე დღეს გადაიხადოს ფული, როგორც სიწმიდე უფლისთვის.
24 . საზეიმო წელს ყანა იმას დაუბრუნდება, ვისგანაც იყო ნაყიდი, ვისაც მიწის მფლობელობა ეკუთვნის.
25 . ყოველი შენი შეფასება საწმიდრის შეკელით იყოს, ოცი გერა იყოს შეკელში.
26 . საქონლის პირველმოგებულს კი, რომელიც პირველმონაგებია და უფალს ეკუთვნის, ვერავინ მიუძღვნის - ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა.
27 . თუ უწმიდურია პირუტყვი, მაშინ გამოსყიდული იქნება შენი შეფასებისამებრ და მისი მეხუთედიც დაემატოს; თუ არ გამოისყიდება, მაშინ გაიყიდოს შენი შეფასებით.
28 . ხოლო ყოველი აღკვეთილი, რასაც თავისი საკუთრებიდან აღკვეთს კაცი უფლისთვის: ადამიანს, საქონელს, თავის სამფლობელო ყანას, არ გაიყიდება და არც გამოისყიდება; ყოველი აღკვეთილი ყოვლად წმიდაა უფლისთვის.
29 . ყოველი აღკვეთილი, რაც ადამიანმა აღკვეთა, არ გამოისყიდება - უნდა მოკვდეს.
30 . ყოველი მეათედი მიწისა: მიწის თესლისა, ხის ნაყოფისა, უფლისაა, უფლის წმიდაა.
31 . თუ ვინმეს თავისი მეათედის გამოსყიდვა უნდა, მისი მეხუთედი ნაწილი დაუმატოს.
32 . ყოველი მეათედი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისა, ყოველი, რაც მეათე კვერთხის ქვეშ გაივლის, უფლის წმიდაა;
33 . არ გაირჩეს კარგი და ცუდი და არ შეიცვალოს; და თუ შეცვლით, ორივე შეცვლილთან ერთად წმიდა იქნება და არ გამოისყიდება”.
34 . ეს არის ბრძანებანი, რომლებიც ამცნო უფალმა მოსეს სინაის მთაზე ისრაელიანთათვის.
1 . გაიგო ქანაანელმა ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ მოდის ისრაელი ათარიმის გზით, შეებრძოლა ისრაელს და ტყვედ წაიყვანა ზოგიერთი მათგანი.
2 . აღთქმა დაუდო ისრაელმა უფალს და თქვა: "თუ ხელში ჩამიგდებ ამ ხალხს, მაშინ ავაოხრებ მათ ქალაქებს”.
3 . და შეისმინა უფალმა ისრაელის ხმა, მისცა ქანაანელნი, ააოხრეს ისინი თავის ქალაქებიანად და უწოდეს იმ ადგილს სახელად ხორმა ანუ აოხრება.
4 . ჰორის მთიდან წითელი ზღვისაკენ მიმავალი გზით დაიძრნენ, რათა შემოევლოთ ედომის ქვეყნისთვის. სულმოკლეობა გამოიჩინა ხალხმა გზაში.
5 . და ლაპარაკობდა ხალხი ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ: "რად გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა უდაბნოში დავიხოცოთ? არც პურია, არც წყალი და ეს უვარგისი საჭმელიც შესძაგდა ჩვენს სულს”.
6 . მოუვლინა უფალმა ხალხს ცეცხლოვანი გველები, დაკბინეს ხალხი და დაიხოცა მრავალი ისრაელიანი.
7 . მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: "შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის.
8 . უთხრა უფალმა მოსეს: "გააკეთე ცეცხლოვანი გველი და სვეტზე მიამაგრე, შეხედავს რა მას ყოველი დაგესლილი, იცოცხლებს”.
9 . გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და სვეტზე მიამაგრა; თუ დაგესლავდა გველი კაცს, შეხედავდა სპილენძის გველს და უვნებელი რჩებოდა.
10 . დაიძრნენ ისრაელის ძენი და დაიბანაკეს ობოთში.
11 . აიყარნენ ობოთიდან და დაიბანაკეს ყიე-ყაბარიმში, უდაბნოში, რომელიც მოაბის პირდაპირაა, მზის აღმოსავლეთისკენ.
12 . დაიძრნენ იქიდან და დაბანაკდნენ ზარედის ხევში.
13 . გაემგზავრნენ იქიდან და არნონის მიღმა დაბანაკდნენ უდაბნოში, რომელიც ამორელთა საზღვრიდან გამოდის; ვინაიდან არნონი მოაბს ესაზღვრება, მოაბსა და ამორელებს შორის.
14 . ამიტომაა ნათქვამი უფლის ომების წიგნში: ვაჰები ქარიშხალში და არნონის ნაკადებში,
15 . ქანობი ნაკადებისა, რომელიც შებეთ-არასაკენ ეშვება და მოაბის საზღვარს ემიჯნება.
16 . იქიდან ჭისკენ წავიდნენ. ეს ის ჭაა, რომელზეც უთხრა უფალმა მოსეს: "შეკრიბე ხალხი, რათა მივცე მათ წყალი”.
17 . მაშინ იგალობა ისრაელმა ეს საგალობელი: "აღივსე, ჭაო! უგალობეთ მას.
18 . ჭას, რომელიც მთავრებმა ამოთხარეს, წარჩინებულებმა ხალხთაგან, თავიანთი კვერთხითა და არგნებით!” ხოლო უდაბნოდან მათანასაკენ გაემართნენ.
19 . მათანადან - ნახალიელისკენ და ნახალიელიდან - ბამოთისკენ.
20 . ბამოთიდან - მოაბის ველის ხეობისკენ, ფისგას მწვერვალთან, უდაბნოს პირდაპირ.
21 . და წარგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონთან, ამორელთა მეფესთან, ამ სიტყვებით:
22 . "გავივლით შენს ქვეყანაზე; არც მდელოზე შევალთ და არც ვენახში, არ დავლევთ შენი ჭის წყალს და სამეფო გზაზე ვივლით, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვრებს”.
23 . მაგრამ არ მისცა სიხონმა თავის საზღვრებში გავლის ნება ისრაელს; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი და გამოვიდა ისრაელის წინააღმდეგ უდაბნოში; მივიდა იაჰცაში და შეებრძოლა ისრაელს.
24 . წარხოცა იგი ისრაელმა მახვილის პირით და დაეუფლა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ტომებამდე, ვინაიდან გამაგრებული იყო ყამონელთა ტომების საზღვარი.
25 . აიღო ისრაელმა ყველა ეს ქალაქი და დასახლდა იგი ამორელთა ქალაქებში, ხეშბონსა და მის ყველა სოფელში.
26 . რადგან ხეშბონი ამორელთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო; ებრძოდა იგი მოაბის წინა მეფეს და წაგლიჯა ხელიდან მთელი ქვეყანა არნონამდე.
27 . ამიტომ ამბობდნენ: "შემოდით ხეშბონში, აშენდება იგი და განმტკიცდება ქალაქი სიხონისა!
28 . ვინაიდან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი სიხონის ქალაქიდან, შთანთქა მან ყარ-მოაბი, არნონის სიმაღლეთა მფლობელი.
29 . ვაი შენ, მოაბ! განადგურდა ხალხი ქემოშისა! მისცა თავისი ძენი ლტოლვილებად და ასულნი ტყვეებად ამორელთა მეფეს, სიხონს.
30 . ჩვენ განვგმირეთ ისინი; დაიღუპა ხეშბონი დიბონამდე და ავაოხრეთ ნოფახამდე, რომელიც მედების მახლობლადაა”.
31 . და დასახლდა ისრაელი ამორელთა ქვეყანაში.
32 . წარგზავნა მოსემ ჯაშუშები იაყზერის დასაზვერად; დაიპყრეს მისი გარეუბნები და განდევნეს იქაური ამორელნი.
33 . შემობრუნდნენ და წამოვიდნენ ბაშანის გზით. და გამოვიდა მათ წინააღმდეგ ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით, ედ-რეყიში საბრძოლველად.
34 . უთხრა უფალმა მოსეს: "ნუ გეშინია მისი, რადგან შენს ხელს გადავეცი იგი, მთელი მისი ხალხი და ქვეყანა; მასაც ისე მოექეცი, როგორც სიხონს, ამორელთა მეფეს, რომელიც ხეშბონში მკვიდრობდა”.
35 . განგმირეს იგი, მისი ძენი და მთელი ხალხი, არ დატოვეს არც ერთი გადარჩენილი და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა.
1 . მამაცი კაცი იყო გილყადელი იფთახი, მეძავი ქალის ძე იყო და გილყადმა შვა იფთახი.
2 . გილყადის ცოლმაც შვა ძეები. დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი, გააძევეს იფთახი და უთხრეს: "ვერ დაიმკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ”.
3 . გაექცა იფთახი თავის ძმებს და ტობის ქვეყანაში დამკვიდრდა; უღირსმა კაცებმა მოიყარეს თავი იფთახთან და თარეშობდნენ მასთან ერთად.
4 . რამდენიმე ხნის შემდეგ ყამონელები შეებრძოლნენ ისრაელს.
5 . როცა ყამონის ძენი შეებრძოლნენ ისრაელს, წავიდნენ გილყადელი უხუცესები ტობის ქვეყნიდან იფთახის წამოსაყვანად.
6 . უთხრეს: "მოდი და დაგვიდექი მეთაურად, რომ ვეომოთ ყამონელებს”.
7 . უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: "ხომ მომიძულეთ და გამაძევეთ მამაჩემის სახლიდან, ახლა რაღად მოხვედით, როცა გაგიჭირდათ?”
8 . და მიუგეს გილყადის უხუცესებმა: "იმიტომ მოვედით, რომ წამოხვიდე, ყამონელებს შეება და გილყადის ყველა მკვიდრის მეთაური გახდე”.
9 . უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: "თუ წამოვედი ყამონელებთან საბრძოლველად და ხელში ჩამიგდო ისინი უფალმა, კვლავ დავრჩები თქვენს მეთაურად?
10 . უპასუხეს გილყადის უხუცესებმა: "უფალი იყოს მოწმე ჩვენ შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ”.
11 . გაჰყვა იფთახი გილყადის უხუცესებს და მეთაურად და წინამძღოლად დანიშნა ხალხმა; და თქვა იფთახმა ყველა ეს სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.
12 . მოციქულნი გაგზავნა იფთახმა ყამონელთა მეფესთან და შეუთვალა: "რა გვაქვს გასაყოფი მე და შენ, საომრად რომ მოსულხარ ჩემს მიწაზე?”
13 . უპასუხა ყამონელთა მეფემ იფთახის წარგზავნილებს: "ჩემი ქვეყანა მიითვისა ისრაელმა ეგვიპტიდან გამოსვლისას, არნონიდან - იაბოკამდე და იორდანემდე; ახლა მშვიდობით დამიბრუნე ისინი”.
14 . და კვლავ გაგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონელთა მეფესთან.
15 . უთხრეს, ასე ამბობსო იფთახი: "არ მიუთვისებია ისრაელს მოაბისა და ყამონის მიწა,
16 . რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდა, უდაბნოში წავიდა ისრაელი წითელ ზღვამდე და კადეშში მივიდა.
17 . მოციქულები გაგზავნა ისრაელმა ედომის მეფესთან და შეუთვალა: გთხოვ, შენს ქვეყანაზე გავლის უფლება მომეციო, მაგრამ არ ისმინა ედომის მეფემ; მოაბის მეფესთანაც მიგზავნა მოციქულები, მაგრამ არც მან ინება; და დამკვიდრდა ისრაელი კადეშში.
18 . წავიდა უდაბნოში და შემოუარა ედომისა და მოაბის ქვეყნებს. მოვიდა მოაბის ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან და დაიბანაკა არნონის გაღმა, არ გადაულახავს მოაბის საზღვარი, რადგან არნონი იყო მისი საზღვარი.
19 . გაუგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონს, ამორელთა მეფეს, ხეშბონის მეფეს და შეუთვალა: "გთხოვ, გამატარო შენს ქვეყანაზე, რათა მივიდე ჩემს ადგილამდე!”
20 . არ დართო სიხონმა ნება ისრაელს, რომ გაევლო მის ქვეყანაზე; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, დაიბანაკეს იაჰცაში და შეებრძოლნენ ისრაელს.
21 . ხელში ჩაუგდო უფალმა, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი ისრაელს და მოსრეს ისინი. ასე დაიმკვიდრა ისრაელმა ამორელთა მთელი ქვეყანა;
22 . და დაიმკვიდრეს ამორელთა მთელი საზღვარი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
23 . აჰა, უფალმა, ისრაელის ღმერთმა, განდევნა ამორელნი თავისი ხალხის, ისრაელის პირისგან და შენ ეცილები?
24 . განა იმას არ ფლობ, რაც ქემოშმა, შენმა ღმერთმა, მოგცა? ჩვენ კი, ვისაც უფალი, ჩვენი ღმერთი, განდევნის ჩვენგან, იმას ვიმკვიდრებთ.
25 . განა სჯობნი ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? განა შეწინააღმდეგებია ისრაელს ან უომია მასთან?
26 . უკვე სამასი წელია, რაც ხეშბონსა და მის სოფლებში, ყაროყერსა და მის სოფლებში და არნონის ყველა ქალაქში მკვიდრობს ისრაელი. ამდენ ხანს რატომ არ დაიბრუნე ისინი?
27 . მე არაფერი დამიშავებია შენთვის, შენ კი - ბოროტს სჩადიხარ, საომრად რომ მოდიხარ ჩემთან. დაე, უფალმა, რომელიც მსაჯულია, განსაჯოს ამ დღეს ისრაელიანთა და ყამონელთა შორის!”
28 . და არ შეისმინა ყამონელთა მეფემ იფთახის შეთვლილი სიტყვები.
29 . უფლის სული გადმოვიდა იფთახზე; გაიარა გილყადი და მენაშე, გაიარა გილყადის მიცფა და იქიდან გავიდა ყამონელთა წინააღმდეგ.
30 . აღთქმა დაუდო უფალს იფთახმა: "თუ ხელში ჩამიგდებ ყამონის ძეებს
31 . და შინ მშვიდობით დამაბრუნებ ყამონელთაგან, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის კარიდან, უფლისთვის იქნება და სრულადდასაწველად აღვავლენ მას”.
32 . გაემართა იფთახი ყამონელებთან საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ისინი.
33 . წარხოცა ისინი ყაროყერიდან მინითის შესასვლელამდე - ოცი ქალაქი და აბელ-ქერამიმამდე - დიდი მოსვრით; და დამორჩილდნენ ყამონელები ისრაელის ძეთა წინაშე.
34 . დაუბრუნდა იფთახი მიცფას, თავის სახლს და, აჰა, თავისი ასული გამოეგება სიმღერითა და ცეკვით; ის ერთი ჰყავდა იფთახს, მის გარდა არც ძე ჰყავდა და არც ასული.
35 . მის დანახვაზე შემოიხია იფთახმა სამოსი და თქვა: "ვაიმე, შვილო! შენ დამღუპე, შენ დამატეხე უბედურება; სიტყვა მივეცი უფალს და არ ძალმიძს მისი უარყოფა”.
36 . უთხრა ასულმა: "მამა, თუ სიტყვა მიეცი უფალს, უნდა აღასრულო, რადგან შენი ხელით იძია შური უფალმა მტრებზე, ყამონის ძეებზე”.
37 . უთხრა მამამისს: "ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულე: გამიშვი ორი თვით, წავალ მთაში და ჩემს მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ქალწულობას”.
38 . უთხრა იფთახმა: "წადი” და გაუშვა იგი ორი თვით. ისიც წავიდა თავის მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად და იგლოვა მთებში თავისი ქალწულობა.
39 . ორი თვის დასასრულს დაბრუნდა მამასთან და აღასრულა იფთახმა თავისი აღთქმა, რომელიც დადებული ჰქონდა; არ შეუცვნია მას მამაკაცი. და წესად იქცა ეს ისრაელში:
40 . წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2 . ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.
3 . ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”
4 . ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
5 . წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.
6 . ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.
7 . ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: "გევედრები, წავალ ხებრონში და შევასრულებ უფლისთვის მიცემულ აღთქმას.
8 . რადგან აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნის დროს: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს”.
9 . უთხრა მეფემ: "მშვიდობით წადი”. ადგა და წავიდა ხებრონს.
10 . და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
11 . ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
12 . მსხვერპლის შესაწირად გილონელი ახითოფელი, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა გილონიდან, მისი ქალაქიდან. უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ და განმტკიცდა შეთქმულება.
13 . მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.
14 . უთხრა დავითმა ყველა თავის მსახურს, ვინც თან ახლდა იერუსალიმში: "ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ, რომ უცაბედად არ დაგვეცეს, თავს უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილს არ მისცეს ქალაქი”.
15 . უთხრეს მეფეს მსახურებმა: "რაც არ უნდა გადაწყვიტოს მეფემ, ჩვენმა ბატონმა, აჰა, აქ ვართ, შენი მსახურნი”.
16 . გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.
17 . გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი. და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
18 . გვერდით მიჰყვებოდნენ მსახურები, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გითელები, ექვსასი კაცი, გითიდან რომ წამოჰყვა, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19 . უთხრა მეფემ ითაი გითელს: "შენ რატომ მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ, შენი ქვეყნიდან გადმოსახლებული.
20 . გუშინ მოხვედი და დღეს ვერ გაიძულებ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მე წავალ, სადაც იქნება, შენ გაბრუნდი და შენი ძმებიც თან გაიყოლე. წყალობა და სიმართლე იყოს შენთან!”
21 . მიუგო ითაიმ მეფეს: "უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.
22 . უთხრა დავითმა ითაის: "კეთილი, გადმოდი მეორე მხარეს”. და წაჰყვა ითაი გითელი თავისი ხალხით და წვრილშვილით, ვინც მასთან იყო.
23 . ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
24 . აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25 . უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26 . თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
27 . უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: "განა წინასწარმეტყველი არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში, შენს ვაჟთან, ახიმაყაცთან, და აბითარის ვაჟთან იონათანთან ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
28 . აჰა, უდაბნოს ველზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან”.
29 . გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30 . დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.
31 . შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: "უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.
32 . ავიდა დავითი მთის წვერზე და თაყვანისცა ღმერთს. ხედავს, აჰა, მოდის ხუშაი არქელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერწაყრილი.
33 . უთხრა დავითმა: "თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34 . მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფეო. ადრე თუ მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები-თქო, ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას.
35 . განა შენთან ერთად არ იქნებიან ცადოკი და აბიათარ მღვდლები? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს შეატყობინე.
36 . ორი ვაჟი ჰყავთ, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. რასაც გაიგებთ, მათი მეშვეობით მომაწვდინეთ”.
37 . შევიდა დავითის მეგობარი ხუშაი ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
1 . გუნდის ლოტბარს. გალობა -ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
2 . უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
3 . უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.
4 . მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.
5 . მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
6 . გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
7 . გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა.
8 . ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.
9 . შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
10 . რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
11 . მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
12 . შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
13 . მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
14 . რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
15 . მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.
16 . მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.
17 . მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
18 . სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
19 . ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
20 . კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.
1 . დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღვთის სახლისაკენ მიემართები, უმჯობესია მოსასმენად მიეახლო, ვიდრე უგუნურთა მსხვერპლი შესწირო, რადგან არ იციან მათ, ბოროტს რომ სჩადიან.
2 . ნუ იჩქარებ შენი ბაგით და შენი გული ნუ ისწრაფებს სიტყვის წარმოთქმას ღმერთის წინაშე, რამეთუ ღმერთი ცაშია, შენ კი დედამიწაზე ხარ _ ამიტომ მცირე იყოს ნათქვამი შენი.
3 . როგორც სიზმარი მოჰყვება მრავალ საზრუნავს, ისე უგუნურის ხმა - მრავალსიტყვაობას.
4 . რასაც აღუთქვამ ღმერთს, ნუ დაუგვიანებ მის შესრულებას, რადგან სათნო არაა მისთვის ბრიყვნი. რაც აღუთქვი, შეუსრულე.
5 . ამიტომ, სჯობია არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.
6 . შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი - "შეცდომა იყოო ეს!” რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი?
7 . ვინაიდან ფუჭია ოცნებათა და სიტყვათა სიმრავლე. ამიტომ გეშინოდეს ღვთისა.
8 . თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლესა და სამართალში ძალმომრეობას იხილავ რომელიმე მხარეში, ნუ შეგაცბუნებს, ვინაიდან მაღალს მასზე დიდი ზედამხედველობს და მათზე კი - უმაღლესი.
9 . თუმცა - ყოველმხრივ სასარგებლოა ქვეყნისათვის მეფე, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს.
10 . ფულის მოყვარული ვერ გაძღება ფულით და სიმდიდრის მოყვარული - სიმდიდრით; ესეც ამაოებაა.
11 . მრავლდება ქონება და უმრავლდება მჭამელიც; მის პატრონს კი რა სარგებელი აქვს, თავისი თვალებით ცქერის გარდა?
12 . ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს იგი, მაგრამ სიმაძღრე ძილს არ ანებებს მდიდარს.
13 . დიდი ბოროტება ვიხილე მზის ქვეშ: სიმდიდრე, თავის პატრონის მიერ შენახული - მისდა საუბედუროდ.
14 . დაიკარგა ის სიმდიდრე ცუდი შემთხვევის გამო; აჰა, შვა მან ძე, ხელთ კი არაფერი აქვს მისთვის.
15 . თავისი დედის მუცლიდან შიშველი გამოვიდა იგი - ისევე წავა; არაფერს აიღებს ის თავისი შრომის საზღაურად, რომ ხელთ გაიყოლოს.
16 . ესეც დიდი ბოროტებაა - როგორც მოვიდა, ისე წავა. და რა სარგებელი აქვს მას, ქარისათვის შრომაში?
17 . მთელ თავის დღეებში სიბნელეში ჭამდა, ბევრს წუხდა, ავადმყოფობდა და ბრაზობდა.
18 . აი, რას მივხვდი: სათნოა და მართებული, რომ ჭამოს და სვას კაცმა და ნახოს სიკეთე მთელი თავისი ნაღვაწიდან, რასაც მზის ქვეშ თავისი სიცოცხლის იმ დათვლილ დღეებში ეწევა, ღმერთმა რომ მისცა - ვინაიდან ესაა მისი წილხვედრი.
19 . ყოველს - ვისაც ღმერთმა სიმდიდრე და ქონება მისცა, რომ ჭამოს და ისიამოვნოს მისგან, მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი ნაშრომით - ღვთისგან აქვს ეს საჩუქარი.
20 . რადგან დიდხანს არ ემახსოვრება მას თავისი სიცოცხლის დღეები, ვინაიდან ღმერთი სიხარულით უვსებს გულს.
1 . განაჩენი ეგვიპტისა: ნახეთ, უფალი ამხედრებულა სწრაფ ღრუბელზე, რათა მიქროლდეს ეგვიპტეში; ათრთოლდებიან ეგვიპტის კერპები მის წინაშე და დადნება ეგვიპტის გული მის წიაღში.
2 . "დაჩრდილავენ ეგვიპტელნი ეგვიპტელთ და შეებრძოლება თითოეული თავის ძმასა და მოყვასს, ქალაქი - ქალაქს, სამეფო - სამეფოს.
3 . სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;
4 . სასტიკი ბატონის ხელში ჩავაგდებ ეგვიპტელთ და ძლიერი მეფე იქნება მათი ხელისუფალი”. - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
5 . ამოშრება წყალი ზღვიდან, დაიწრიტება მდინარე და დაშრება.
6 . ამყრალდებიან მდინარეები, დაწვრილდება და დაშრება ეგვიპტის ნაკადულები, გახმება ლერწამი და ლელი.
7 . მოშიშვლდება ნილოსის ნაპირები, სანაპირო და მთელი ნათესები გახმება, გადაიბუგება და აღარ იქნება.
8 . იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
9 . გაწბილდებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი.
10 . ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
11 . გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა?
12 . მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს?
13 . სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე - ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.
14 . უფალმა შეურია მაცდური სული მის წიაღში და აცდუნეს ეგვიპტე ყველა საქმეში; მთვრალივით გორაობს საკუთარ ნარწყევში.
15 . არც არა იქნება საქმე ეგვიპტეში, რომელსაც მისი თავი ან კუდი, ფინიკი ან ლელქაში გააკეთებს.
16 . ქალებს დაემსგავსებიან იმ დღეს ეგვიპტელნი; დაფრთხებიან და შეძრწუნდებიან ცაბაოთ უფლის ხელის გამო, მათ რომ მოუქნევს.
17 . თავზარდამცემი იქნება იუდას მიწა ეგვიპტისთვის; ყველას, ვისაც გაახსენდება, ააკანკალებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, რასაც გამოიტანს მასზე.
18 . იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს ცაბაოთ უფალს. ერთ-ერთს დამხობის ქალაქს უწოდებენ.
19 . იმ დღეს უფლის სამსხვერპლო იქნება ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი - მის საზღვართან.
20 . და იქნება ეს ნიშნად და ცაბაოთ უფლის მოწმობად ეგვიპტის ქვეყანაში, როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, გამოუგზავნის მხსნელსა და ქომაგს, რომელიც გადაარჩენს მათ.
21 . გამოეცხადება უფალი ეგვიპტეს და შეიცნობენ უფალს იმ დღეს ეგვიპტელნი, მოიტანენ შესაწირსა და ძღვენს, აღთქმას დაუდებენ უფალს და შეუსრულებენ.
22 . დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
23 . იმ დღეს ფართო გზა გაიჭრება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში; ეგვიპტელნი აშურელებთან ერთად მოემსახურებიან უფალს.
24 . იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა; კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნიერების შუაგულში.
25 . რადგან ასე აკურთხა ცაბაოთ უფალმა: "კურთხეულ იყოს ეგვიპტე - ჩემი ხალხი, აშური - ჩემი ხელით შექმნილი და ისრაელი - ჩემი სამკვიდრო”.