1 . წავიდა იაკობი თავისი გზით; და შემოხვდნენ მას ღმერთის ანგელოზები.
2 . როცა დაინახა იაკობმა ისინი, თქვა: "ეს ღვთის ბანაკია” და უწოდა ამ ადგილს მახანაიმი - ორბანაკი.
3 . გაგზავნა იაკობმა მოციქულები ესავთან, თავის ძმასთან, რომელიც სეყირის ქვეყანაში, ედომის ველზე ცხოვრობდა.
4 . უბრძანა: "უთხარით ჩემს ბატონს, ესავს, ასე ამბობს-თქო შენი მსახური იაკობი: ლაბანთან ვიყავი და მასთან ვცხოვრობდი აქამდე;
5 . მყავს ხარები და სახედრები, ცხვარი, მსახურნი და მხევალნი; და გაუწყებ ჩემს ბატონს, რადგან მინდა მადლი ვპოვო შენს თვალში”.
6 . დაბრუნდნენ მოციქულები იაკობთან და უთხრეს: "მივედით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც ოთხასი კაცით მოდის შენს შესახვედრად”.
7 . ძლიერ შეშინდა და შეშფოთდა იაკობი. ორ ჯგუფად გაყო ხალხი, რომელიც თან ახლდა, აგრეთვე საქონელი და აქლემები.
8 . თქვა: "ერთ ბანაკს თუ დაარბევს ესავი, მაშინ მეორე ბანაკი მაინც გადარჩება”.
9 . და თქვა იაკობმა: "მამაჩემის, აბრაჰამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.
10 . ღირსი არა ვარ ყველა იმ წყალობისა და სიკეთისა, რომელიც შენს მსახურს უწყალობე; ერთი ჯოხით გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
11 . მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და ოჯახიანად არ ამომწყვიტოს.
12 . ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.
13 . ღამე იქ გაათია და ძღვენი შეურჩია ძმას თავისი ქონებიდან.
14 . ორასი დედალი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნეზვი და ოცი ვერძი,
15 . ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.
16 . თავის მსახურებს ჩააბარა ცალცალკე ჯოგებად და უთხრა: "იარეთ ჩემ წინ და ჯოგსა და ჯოგს შორის მანძილი მოიტოვეთ”.
17 . უბრძანა პირველს: "როცა ჩემი ძმა, ესავი შეგხვდება და გკითხავს, ვისი ხარ, საით მიდიხარ ან ეგ სამწყსო ვისიაო,
18 . მაშინ ეტყვი: "შენი მსახურის, იაკობისაა-თქო, ესავისთვისაა გამოგზავნილი და თავადაც უკან მოგვყვება-თქო”.
19 . ასევე უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც სამწყსოს გააყოლა: "შეხვედრისას ასე უთხარით ესავს:
20 . "შენი მსახური იაკობიც უკან მოგვყვება-თქო”. ფიქრობდა: "გულს მოვუგებ, მის რისხვას დავაცხრობ და მერე შევხედავ სახეზე, ეგებ შემიწყნაროსო”.
21 . და მიდიოდა ეს ძღვენი მის წინ; ის ღამე ბანაკში გაათია.
22 . ადგა ღამით, აიყვანა თავისი ორი ცოლი, ორი მხევალი და თერთმეტი შვილი და გადავიდა იაბოკის ფონზე.
23 . აიყვანა ისინი და მდინარეზე გადაიყვანა, რაც კი ჰქონდა, ყველაფერი გადაიტანა.
24 . მარტო დარჩა იაკობი და განთიადამდე ერკინებოდა მას კაცი.
25 . როცა მიხვდა, რომ ვერ ერეოდა, მის თეძოს სახსარს შეეხო და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან ბრძოლისას.
26 . უთხრა: "გამიშვი, რადგან თენდება”. უთხრა იაკობმა: "არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ”.
27 . ჰკითხა: "რა გქვია?” უპასუხა: "იაკობი”.
28 . და უთხრა: "ამიერიდან აღარ გერქვას იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე!”
29 . ჰკითხა იაკობმა: "მითხარი შენი სახელი”. უპასუხა: "რისთვის მეკითხები სახელს?” და იქვე აკურთხა.
30 . და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი _ ღვთის ხილვა, რადგან თქვა: "ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი”.
31 . როგორც კი ფენუელს გასცდა, მზე ამოუბრწყინდა. და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
32 . ამიტომ დღემდე არ ჭამენ ისრაელნი მენჯის ძარღვს, რომელიც თეძოს სახსარზეა, რადგან თეძოს ძარღვზე შეეხო იაკობის სახსარს.
1 . გაიხედა იაკობმა და, აჰა, ხედავს, ოთხასი კაცით მოდის მისკენ ესავი. და გაანაწილა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელსა და ორ მხევალს შორის.
2 . წინ მხევლები და მათი ბავშვები დააყენა, მათ უკან - ლეა და მისი ბავშვები, ხოლო რახელი და იოსები - სულ ბოლოს.
3 . თავად წინ წარუძღვა და ვიდრე ძმას მიუახლოვდებოდა, შვიდჯერ სცა თაყვანი მიწამდე.
4 . და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდა ორივე.
5 . გაიხედა ესავმა და ქალები და ბავშვები დაინახა; ჰკითხა: "ვინ არიან ესენი შენთვის?” უპასუხა: "შვილები, რომლებიც ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს”.
6 . და მიეახლნენ მხევლები თავიანთ შვილებთან ერთად და თაყვანი სცეს.
7 . ლეაც მიეახლა თავისი ბავშვებით და თაყვანი სცა; ბოლოს რახელი და იოსები მიეახლნენ და თაყვანი სცეს.
8 . ჰკითხა ესავმა: "რა იყო მთელი ის ბანაკი წინ რომ შემომხვდა?” უთხრა იაკობმა: "რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში!”
9 . უთხრა ესავმა: "არაფერი მაკლია, ძმაო. რაც შენია, შენთან იყოს!”
10 . უთხრა იაკობმა: "არა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი, რადგან შენი სახე რომ დავინახე, თითქოს ღვთის სახე დამენახოს და შენც კეთილად შემხვდი.
11 . გთხოვ, მიიღე ჩემი ძღვენი, რომელიც მოგართვი, რადგან ღმერთმა შემიწყალა და ყველაფერი მაქვს”. დაიყოლია იგი და მანაც მიიღო.
12 . უთხრა ესავმა: "დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წავალ”.
13 . უპასუხა იაკობმა: "იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, ჩემი ცხვარ-ძროხა კი მეწველია; წინ რომ გავირეკო, მთელი სამწყსო ერთ დღეში გამიწყდება.
14 . იაროს ჩემმა ბატონმა თავისი მსახურის წინ, მე კი ნელა, ჩემს სამწყსოსა და ბავშვებს წამოვყვები, ვიდრე მივიდოდე ჩემს ბატონთან სეყირში”.
15 . თქვა ესავმა: "ვინმეს მოგიჩენ იმ ხალხიდან, რომელიც თან მახლავს”. უთხრა იაკობმა: "რა საჭიროა? ოღონდ კი მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში”.
16 . და დაბრუნდა ესავი იმავე დღეს თავისი გზით სეყირისაკენ.
17 . იაკობი კი სუქოთისკენ დაიძრა, თავისთვის სახლი აიშენა და პირუტყვსაც გაუკეთა სადგომები. ამიტომ უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი.
18 . ფადან-არამიდან დაბრუნებული იაკობი მშვიდობით მივიდა შექემში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია და ქალაქის წინ დაიბანაკა.
19 . ას კესიტად იყიდა შექემის მამის, ხამორის ძეებისგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი გაშალა.
20 . აღმართა სამსხვერპლო და უწოდა მას "ელ-ელოჰი-ისრაელ” - ღმერთი, ღმერთი ისრაელისა.
1 . ვეღარ შეძლო თავის შეკავება იოსებმა და შეჰყვირა: "ყველანი გაიყვანეთ!” და არავინ იყო მასთან, როცა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ძმებს.
2 . ხმამაღლა აქვითინდა და გაიგონეს ეგვიპტელებმა, და გაიგონა ფარაონის სახლეულმაც.
3 . უთხრა თავის ძმებს: "იოსები ვარ. კიდევ ცოცხალია მამაჩემი?” და ვერ შეძლეს მისმა ძმებმა პასუხის გაცემა, რადგან შეცბნენ მის წინაშე.
4 . უთხრა ძმებს იოსებმა: "მომიახლოვდით!” მიეახლნენ. თქვა: "იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.
5 . ახლა ნუღარ სწუხართ და ნუღარ ბრაზობთ საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმომგზავნა ღმერთმა.
6 . რადგან ეს ორი წელია შიმშილია ქვეყანაზე და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
7 . თქვენს წინ წარმომგზავნა ღმერთმა, ქვეყნად თქვენი ნატამალის დასატოვებლად, რათა დიადი ხსნით შეგინარჩუნოთ სიცოცხლე.
8 . თქვენ კი არ წარმომგზავნეთ აქ, არამედ ღმერთმა; და მან დამადგინა ფარაონის მამად, მთელი მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
9 . საჩქაროდ დაბრუნდით მამაჩემთან და უთხარით: "ასე ამბობს-თქო იოსები, შენი ძე - მთელი ეგვიპტის ბატონად დამადგინა ღმერთმა; ჩამოდი ჩემთან, ნუღარ დააყოვნებ!
10 . იცხოვრებ გოშენის მიწაზე, ჩემს მახლობლად, შენ, შენი შვილები და შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და ყველაფერი თან გექნება, რაც გაგაჩნია.
11 . აქ გარჩენ, რადგან კიდევ ხუთი წელი იქნება შიმშილი, რათა არ გაღატაკდეთ შენ და შენი სახლეული და მთელი შენი მონაგები.
12 . ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის თვალი, რომ ჩემი ბაგეა, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
13 . უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში; ყველაფერი უამბეთ, რაც ნახეთ; იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი”.
14 . დაემხო თავისი ძმის, ბენიამინის კისერზე და აქვითინდა; და ბენიამინიც ქვითინებდა მის კისერზე.
15 . ეამბორა ყველა თავის ძმას და ტიროდა მათთან ერთად. ამის შემდეგღა ილაპარაკეს მასთან ძმებმა.
16 . მიაღწია ხმამ ფარაონის სახლამდე, ძმები ჩამოუვიდნენო იოსებს და ეამათ ფარაონსა და მის მსახურებს.
17 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "შენს ძმებს უთხარი: ასე მოიქეცით: დატვირთეთ თქვენი პირუტყვი და წადით ქანაანის ქვეყანაში;
18 . წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეული და მოდით ჩემთან. საუკეთესოს გარგუნებთ ეგვიპტის მიწაზე და ამ მიწის დოვლათს შეჭამთ.
19 . შენ კი გებრძანება: წაიყოლეთ ეგვიპტის ქვეყნიდან ურმები თქვენი პატარებისა და ცოლებისათვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოდით;
20 . თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან ყოველივე საუკეთესო თქვენია ეგვიპტის მიწაზე”.
21 . ასეც მოიქცნენ ისრაელის ძენი. მისცა მათ იოსებმა ურმები და საგზალი ფარაონის ბრძანებისამებრ.
22 . ერთი ხელი სამოსელი თითოეულ მათგანს, ხოლო ბენიამინს სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი მისცა.
23 . მამამისს კი ეგვიპტური დოვლათით დატვირთული ათი სახედარი, ათი ჭაკი ვირი ხორბლით და პურით დატვირთული გაუგზავნა, და საკვები - მამამისის სამგზავროდ.
24 . გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: "გზაში ნუ იდავებთ”.
25 . წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან.
26 . ახარეს: "ცოცხალია იოსები და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე განმგებლობს!” გაოგნდა, თუმცა არ ერწმუნა მათ.
27 . გადასცეს იოსების ყოველი სიტყვა და ნახა ურმები, რომლებიც მის წასაყვანად გამოგზავნა იოსებმა და გაცოცხლდა იაკობის, მათი მამის, სული.
28 . თქვა ისრაელმა: "კმარა, ცოცხალია ჩემი ძე, იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ”.
1 . მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს: "მამაჩემი და ჩემი ძმები მოვიდნენ ქანაანიდან თავიანთი საქონლით და მთელი სარჩო-საბადებლით; უკვე გოშენის მიწაზე არიან”.
2 . ძმათაგან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარადგინა ფარაონის წინაშე.
3 . ჰკითხა ფარაონმა მის ძმებს: "რა საქმიანობას ეწევით?” უთხრეს: "ცხვრის მწყემსნი გახლავართ შენი მსახურნი, როგორც ჩვენი მამა-პაპა”.
4 . უთხრეს ფარაონს: "ხიზნად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან შიმშილობის გამო აღარაა საძოვარი შენი მსახურების ცხვრისთვის ქანაანში. ახლა თუ ინებებ, დასახლდებიან შენი მსახურნი გოშენის მიწაზე”.
5 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მამაშენი და შენი ძმები მოგივიდნენ.
6 . შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები. დაე იცხოვრონ გოშენის მიწაზე. და თუ არიან მათ შორის უნარიანი კაცები, ზედამხედველებად დაუდგინე ჩემს საქონელს”.
7 . მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8 . ჰკითხა ფარაონმა იაკობს: "რამდენი წლისა ხარ?”
9 . უპასუხა იაკობმა ფარაონს: "ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი ხიზნობის ხანი. მცირე და ავი იყო ჩემი ცხოვრების წლები. ვერ მივაწიე ჩემი მამების ხანს, ხიზნობაში რომ გაატარეს”.
10 . აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა ფარაონისაგან.
11 . დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამზესის ქვეყანაში, როგორც ფარაონმა ბრძანა.
12 . ამარაგებდა იოსები მამასა და ძმებს და მთელ მათ სახლეულს პურით, ბავშვთა სულადობის მიხედვით.
13 . და არ იყო პური მთელ ქვეყანაზე, რადგან ფრიად გაძლიერდა შიმშილი. დაუძლურდნენ ეგვიპტისა და ქანაანის ქვეყნები შიმშილისაგან.
14 . შეკრიბა იოსებმა მთელი ფული, რომელიც მარცვლეულის გაყიდვით შემოდიოდა და მოხვეჭილი ვერცხლი ფარაონის სახლში შეიტანა.
15 . და გამოილია ფული ქანაანისა და ეგვიპტის ქვეყნებში. მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: "მოგვეცი პური! რატომ უნდა დავიხოცოთ შენს წინაშე იმის გამო, რომ ვერცხლი გამოგველია?!”
16 . უთხრა მათ იოსებმა: "მოასხით თქვენი საქონელი და საქონლის ფასად მოგცემთ, ფული თუ გამოგელიათ”.
17 . მოასხეს საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენებისა და ცხვრის ფარების, ნახირისა და სახედრების სანაცვლოდ; კვებავდა მათ იოსები პურით იმ წლის განმავლობაში მთელი მათი პირუტყვის სანაცვლოდ.
18 . გავიდა ის წელი; მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: "არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ფული და ჩვენი პირუტყვიც ჩვენს ბატონთანაა: არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19 . რად დავიხოცოთ შენს თვალწინ და გავნადგურდეთ ჩვენც და ჩვენი მიწაც? გვიყიდე ჩვენს მიწასთან ერთად პურის საფასურში და ვიქნებით ფარაონის მონები. მოგვეცი მარცვალი, რათა ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ და არ გაუკაცრიელდეს მიწა”.
20 . და იყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან გაყიდა ყველა ეგვიპტელმა თავისი ყანა აუტანელი შიმშილის გამო და გახდა მიწა ფარაონისა.
21 . მონებად აქცია ხალხი ქალაქებში - ეგვიპტის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
22 . მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან იყო დაწესებული ქურუმთათვის ნაკვეთები; თავს ირჩენდნენ ისინი თავიანთი ნაკვეთებით, რომლებიც ფარაონმა მისცა მათ. ამიტომ არ გაყიდეს თავიანთი მიწები.
23 . უთხრა იოსებმა ხალხს: "აჰა, გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენს მიწებთან ერთად. აი, თესლი თქვენთვის, დათესეთ მიწა.
24 . მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, და ოთხი წილი კი მინდვრის დასათესად, თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი ბავშვების გამოსაკვებად დაიტოვეთ”.
25 . თქვეს: "სიცოცხლე შეგვინარჩუნე! ოღონდ მადლი ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავუხდებით ფარაონს მონებად”.
26 . დღემდე იოსების დადგენილი წესია ეგვიპტის მიწაზე: მოსავლის მეხუთედი ფარაონისაა; მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
27 . და დამკვიდრდა ისრაელი ეგვიპტეში, გოშენის ქვეყანაში. დაეუფლნენ მას, მოშენდნენ და გამრავლდნენ ფრიად.
28 . იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო მისი სიცოცხლის დღენი ასორმოცდაშვიდი წელი.
29 . როცა მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის ჟამი, უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ხელი ამომიდე საზარდულქვეშ, მიყავი სიკეთე და მიერთგულე! ნუ დამმარხავ ეგვიპტეში!
30 . და როცა ჩემს მამებთან განვისვენებ, წამიღე ეგვიპტიდან და დამკრძალე მათ სამარხში”. უთხრა იოსებმა: "შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი!”
31 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” შეჰფიცა იოსებმა. და სცა ისრაელმა თაყვანი სარეცლის თავზე.
1 . თუ სამშვიდობო შესაწირია მსხვერპლი და თუ მსხვილფეხას სწირავს, ხარს ან ფურს, უმანკო შესწიროს უფლის წინაშე.
2 . თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, მოაპკურონ სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
3 . შესწიროს უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან საცეცხლო შესაწირად: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რაც შიგნეულობაზეა.
4 . ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
5 . დააკმიონ იგი აჰარონის ძეებმა სამსხვერპლოზე სრულადდასაწველთან ერთად, რომელიც ცეცხლზე, შეშის ზემოთ დევს; ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისთვის.
6 . თუ ფარიდან იქნება მისი მსხვერპლი, სამშვიდობო შესაწირად უფლისთვის, უმანკო მამალი ან დედალი შესწიროს.
7 . თუ კრავს სწირავს, შესწიროს იგი უფლის წინაშე.
8 . თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან. მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
9 . სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს: მისი ქონი, მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც ფარავს შიგნეულს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.
10 . ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
11 . და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, შესაწირი უფლისთვის.
12 . თუ თხაა მისი შესაწირი, შესწიროს იგი უფლის წინაშე;
13 . თავზე დაადოს ხელი თავის შესაწირს და დაკლას საკრებულო კარვის შესასვლელთან; და მოაპკურონ აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
14 . შესწიროს საცეცხლო შესაწირად უფალს სამშვიდობო შესაწირის მსხვერპლისგან: ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს და მთელი ქონი, რომელიც შიგნეულობაზეა.
15 . ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ფერდებზეა; მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლს და თირკმელებს.
16 . დააკმიოს ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე: ეს არის საცეცხლო საზრდო, კეთილსურნელება. მთელი ქონი უფლისაა.
17 . სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ; არავითარი ქონი და სისხლი არ ჭამოთ”.
1 . "უფლის, თქვენი ღმერთის ძეები ხართ; მკვდრის გამო სხეულს ნუ დაისერავთ და თვალთა შორის ნუ გაიპარსავთ;
2 . რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; მან ამოგირჩიათ თავის ხალხად - ყველა ხალხთაგან, დედამიწის პირზე.
3 . სისაძაგლე არაფერი ჭამოთ.
4 . ამ ცხოველების ჭამა შეიძლება: ხარი, კრავი, ცხვარი, თხა,
5 . ირემი, ქურციკი, შველი, ჯიხვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი.
6/7 . ყოველი ცხოველი, რომელსაც ორად გაყოფილი ჩლიქი და ორივე ჩლიქზე ღრმა ჭრილი აქვს და რომელიც იცოხნება - ჭამეთ
8 . და ღორი, რომელსაც ჩლიქი კი აქვს ორად გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნება - უწმიდურია თქვენთვის; მათი ხორცი არ ჭამოთ და ნურც მათ მძორს შეეხებით.
9 . შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი, რაც კი არსებობს წყალში, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს;
10 . რასაც ფარფლი და ქერცლი არ აქვს - ნუ შეჭამთ, სუფთა არ არის იგი თქვენთვის.
11 . ჭამეთ ყოველი სუფთა ფრინველი;
12 . არ უნდა შეჭამოთ: არწივი, ორბი, სვავი,
13 . ძერა, შევარდენი, სონღული თავისი გვარებით,
14 . არც ერთი სახის ყორანი,
15 . სირაქლემა, ბუ, თოლია, ქორი თავისი გვარებით,
16 . კიოტა, ბუკნაჭო, ჭოტი,
17 . ვარხვი, ფსოვი, თევზიყლაპია,
18 . ყარყატი, ყანჩა თავისი გვარებით, ოფოფი და ღამურა.
19 . ყოველი ფრთოსანი მწერი უსუფთაოა თქვენთვის, არ ჭამოთ.
20 . ყოველი სუფთა ფრინველი ჭამეთ.
21 . არავითარი ლეში არ ჭამოთ; თქვენს შორის მყოფ მდგმურს მიეცით და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ; რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში.
22 . ყოველწლიურად მინდვრის ნათესის მთელი მოსავლის მეათედი გამოყავით,
23 . და ჭამეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც თვითონ ამოირჩევს თავისი სახელის დასამკვიდრებლად: თქვენი მარცვლეულის, ღვინის და ზეთის მეათედი; თქვენი საქონლისა და ფარის პირველმონაგებნი, რათა ისწავლოთ უფლის, თქვენი ღმერთის შიში სამუდამოდ.
24 . თუ შორია გზა თქვენგან და ვერ შეძლებთ მის ზიდვას, იმ ადგილის სიშორის გამო, რომელიც ამოირჩია უფალმა, თქვენმა ღმერთმა, როდესაც გაკურთხებთ უფალი, ღმერთი თქვენი,
25 . მაშინ ფულზე გადაცვალეთ, აიღეთ ეს ფული და წადით იმ ადგილზე, რომელიც ამოირჩია უფალმა, თქვენმა ღმერთმა;
26 . შეიძინეთ ამ ფულით ყველაფერი, რასაც ისურვებთ: ძროხა, ცხვარი, ღვინო თუ მაგარი სასმელი, ყველაფერი, რასაც ინატრებთ და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლეულმა.
27 . არ მიატოვოთ თქვენს მხარეში მყოფი ლევიანი, ვინაიდან წილი და სამკვიდრებელი არა აქვს მას თქვენთან.
28 . სამი წლის მიწურულს გამოიტანეთ იმ წლის მოსავლის მეათედი და დადეთ კარიბჭესთან.
29 . მოვა ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრებელი თქვენთან, მოვა მწირი, ობოლი და ქვრივი, რომლებიც თქვენთან ცხოვრობენ, ჭამენ და გაძღებიან, რათა გაკურთხოთ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყოველ საქმეში, რომლისკენაც ხელს გაიწვდი.
1 . "ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინე, დედამიწავ, ჩემი სიტყვები.
2 . წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.
3 . რადგან გამოვაცხადებ უფლის სახელს, დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს.
4 . სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
5 . გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.
6 . ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
7 . გაიხსენე ძველი დღეები, გარდასულ თაობათა წლები; ჰკითხე მამაშენს და გეტყვის; მოხუცებულთ და ისინი გეტყვიან.
8 . როცა სამკვიდროს უნაწილებდა ხალხებს უზენაესი და ერთმანეთს დააშორა ადამის ძენი, მაშინ დაუდგინა ერებს საზღვრები ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ.
9 . რადგან უფლის ხვედრია მისი ხალხი; მემკვიდრეობად ერგო მას იაკობი.
10 . უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
11 . როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დასტრიალებს მართვეებს, გაშლის ფრთებს, შეისხავს და მხრებით მიჰყავს ისინი.
12 . მარტოდ-მარტო უფალი მიუძღოდა მას და უცხო ღმერთი არ ჰყოლია გვერდით.
13 . წარუძღვა მას დედამიწის სიმაღლეებზე, კვებავდა ველის ნაყოფებით და აწოვებდა კლდიდან თაფლსა და ზეთს,
14 . ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.
15 . გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.
16 . აეჭვიანეს იგი უცხო კერპებით, სისაძაგლით განარისხეს.
17 . ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა თავის ღმერთს; ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ მანამდე, ახალგაჩენილთ, მეზობელთაგან მოსულთ, რომლებისაც არ ეშინოდათ თქვენს მამებს;
18 . შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი - დაივიწყე.
19 . იხილა უფალმა და რისხვით უარყო თავისი ძეები და ასულები.
20 . თქვა: დავუფარავ ჩემს სახეს და ვნახავ, როგორი იქნება მათი ბოლო; რადგან უკუღმართთა მოდგმაა, ძენი, რომლებშიც არაა ერთგულება.
21 . მაეჭვიანეს არაღმერთებით და განმარისხეს თავიანთი კერპებით: მეც ვაეჭვიანებ არახალხით და გავაღიზიანებ უგვანი ერით.
22 . რადგან ცეცხლივით აინთო ჩემი მრისხანება, ფსკერამდე ბუგავს შავეთს, ნთქავს დედამიწას თავის მოსავლიანად და წვავს მთათა საფუძვლებს.
23 . უბედურებას დავუხვავებ და ჩემს ისრებს დავხარჯავ მათზე.
24 . მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.
25 . გარეთ მახვილი მოსრავს ჭაბუკებს, ქალწულთ და ძუძუმწოვრებს, ჭაღარა მოხუცებთან ერთად და შიგნით - ძრწოლა!
26 . ვთქვი: განვაბნევ მათ, გავაქრობ-მეთქი კაცთაგან მათ სახსენებელს,
27 . რომ არ მოვრიდებოდი მტრის გაკადნიერებას, არამც გაამაყებულიყო და ეთქვა: ჩემი ხელია შემართული და უფალს არ ჩაუდენიაო ეს ყველაფერი.
28 . რჩევას განრიდებული ხალხია, გონიერება არ არის მათში.
29 . ბრძენნი რომ ყოფილიყვნენ მიხვდებოდნენ ამას და განჭვრეტდნენ თავიანთ აღსასრულს.
30 . როგორ დაედევნება ერთი - ათასს და როგორ განდევნის ორი - ათი ათასს, თუ მათი კლდე არ გაყიდის მათ და მათი უფალი არ ჩაუგდებს ხელში?!
31 . რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!
32 . ვინაიდან სოდომის ვაზისგანაა და გომორას ველებიდან მათი ყურძენი, შხამიანია მისი მტევნები და მწარეა მარცვლები;
33 . გველეშაპის შხამია მათი ღვინო და ასპიტის განუქარვებელი გესლი.
34 . განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!
35 . ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.
36 . რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
37 . და იტყვის უფალი: სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც თავს აფარებდნენ?
38 . ვინც ჭამდა მათი შესაწირის ქონს და სვამდა მათ ჩამოსხმულ ღვინოს? ადგნენ ახლა - შეგეწიონ და შეგიფარონ!
39 . ახლა ხომ ხედავთ, რომ ეს მე ვარ, მე ვარ და არავინ არის ღმერთი ჩემს გარდა; მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვლახვრავ და ვკურნავ: არავის ძალუძს დახსნა ჩემი ხელიდან.
40 . ამიტომ ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41 . თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
42 . სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს; მტრის მთავართა თავებით, მოკლულთა და ტყვეთა სისხლითა და ხორცით გაძღება ჩემი მახვილი.
43 . მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.
44 . და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.
45 . და დაასრულა მოსემ ეს სიტყვა მთელი ისრაელის მიმართ,
46 . უთხრა მათ: "გულში აღიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს და ამცნეთ თქვენს ძეებს, რათა იფხიზლონ ამ რჯულის ყოველი სიტყვის აღსასრულებლად.
47 . რადგან ფუჭი სიტყვა არაა ის თქვენთვის, თქვენი სიცოცხლეა იგი და მისით გაიგრძელებთ დღეებს იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს”.
48 . იმავე დღეს უთხრა უფალმა მოსეს:
49 . "ადი ყაბარიმის ამ მთაზე, ნებოს მთაზე, მოაბის ქვეყანაში, იერიხოს პირდაპირ და იხილე ქანაანის ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ძეთ ვაძლევ სამკვიდრებლად.
50 . და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ და შეუერთდი შენს ხალხს, როგორც აჰარონი, შენი ძმა მოკვდა ჰორის მთაზე და შეუერთდა თავის ხალხს.
51 . რადგან არ მიერთგულე ისრაელის ძეთა შორის მერიბაჰ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში და წმიდად არ მყავი ისრაელიანთა შორის.
52 . შორიდან კი იხილავ ქვეყანას, რომელსაც ვაძლევ ისრაელის ძეთ, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
1 . შვიდი თვე იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
2 . მოიხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: "რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვირჩიეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე”.
3 . უპასუხეს: "თუ ისრაელის ღმერთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვენის გარეშე ნუ გაგზავნით, შესწირეთ დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი”.
4 . თქვეს: "რა უნდა გავატანოთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად?” მიუგეს: "ოქროს ხუთი ბუგრი და ოქროს ხუთი თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთი სასჯელი გეწიათ თქვენც და თქვენს მთავრებსაც.
5 . გააკეთეთ თქვენი ბუგრებისა და იმ თაგვების გამოსახულებანი, რომლებიც გინადგურებენ ქვეყანას და ამით მიაგებთ დიდებას ისრაელის ღმერთს; იქნებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებსა და ქვეყანაზე.
6 . რატომ იქვავებთ გულებს, როგორც იქვავებდნენ ეგვიპტელები და ფარაონი? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი სასტიკად დასაჯა ისინი უფალმა?!
7 . ახლა ადექით, გააკეთეთ ერთი ახალი ურემი, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდებელი ფური, ფურები ურემში შეაბით, ხბორები კი სახლისკენ წამოიყვანეთ.
8 . აიღეთ უფლის კიდობანი და დადეთ ურემზე. ის ოქროს ნივთები, რომელთაც დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად ატანთ, სკივრში ჩააწყეთ და გვერდში მიუდგით. მერე გაუშვით და წავიდეს.
9 . შეხედეთ, თუ დაადგა გზას თავისი ქვეყნის, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მისმა ხელმა კი არ შეგვმუსრა, შემთხვევით გვეწია ეს ამბავი”.
10 . ასეც მოიქცა ხალხი: შეარჩიეს ორი მეწველი ფური და შეაბეს ურემში; ხბორები კი სახლში დაამწყვდიეს.
11 . ურემზე დადეს უფლის კიდობანი და სკივრი, ოქროს თაგვებითა და ბუგრების გამოსახულებებით.
12 . არც მარჯვნივ გადაუხვევიათ ფურებს და არც მარცხნივ, პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ. ერთ გზას მიჰყვებოდნენ და ბღაოდნენ. უკან კი ფილისტიმელთა მთავრები მიჰყვებოდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
13 . ამ დროს, ხალხი ხორბალს მკიდა ველზე, ბეთ-შემეშში; გაიხედეს, დაინახეს კიდობანი და დიდი სიხარულით გაიხარეს.
14 . მივიდა ურემი და გაჩერდა ბეთ-შემეშელი იეშუას ყანაში. დიდი ქვა იდო იქ. დაჩეხეს ურმის ხეები, ფურები კი სრულადდასაწველად შესწირეს უფალს.
15 . გადმოიღეს ლევიანებმა უფლის კიდობანი და მის გვერდით მდგარი სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები იყო და დადეს იმ დიდ ქვაზე. ბეთ-შემეშელებმა კი სრულადდასაწველი აღუვლინეს და მსხვერპლები შესწირეს უფალს იმ დღეს.
16 . ეს რომ დაინახეს, იმავე დღეს გაბრუნდა ფილისტიმელთა ხუთი მთავარი ყეკრონისაკენ.
17 . ესენია ის ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი ღაზასთვის, ერთი აშკელონისთვის, ერთი გათისთვის და ერთიც ყეკრონისთვის.
18 . იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვისამებრ, რომელიც ხუთ მთავარს ეკუთვნოდა გამაგრებული ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო სოფლებამდე და იმ დიდ ქვამდე, რომელზეც დადეს უფლის კიდობანი და რომელიც დღემდე ბეთ-შემეშელი იეშუას ყანაშია.
19 . მოსრა უფალმა ბეთ-შემეშში მცხოვრები ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი, რომლებმაც ჩაიხედეს უფლის კიდობანში; და გლოვობდა ხალხი, რადგან დიდი მოსვრით მოსრა უფალმა ხალხი.
20 . თქვეს ბეთ-შემეშის მცხოვრებლებმა: "ვინ შეძლებს უფლის, ამ წმიდა ღმერთის წინაშე დგომას? ვისთან წავა იგი ჩვენგან?”
21 . ამ სიტყვებით გაუგზავნეს მოციქულები კირიათ-იეყარიმის მოსახლეობას: "დააბრუნეს ფილისტიმელებმა უფლის კიდობანი, ჩამოდით და წაიღეთ”.
1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . გაუგზავნა უფალმა დავითს ნათანი; ისიც მივიდა და უთხრა: "ორი კაცი იყო ერთ ქალაქში, ერთი მდიდარი, ერთი ღარიბი.
2 . მრავალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა მდიდარს.
3 . ღარიბს კი არაფერი ებადა ერთი პატარა კრავის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა. კვებავდა და თავის შვილებთან ერთად ზრდიდა, მისი ლუკმიდან ჭამდა, მისი თასიდან სვამდა და მის უბეში ეძინა. საკუთარი ასულივით ჰყავდა.
4 . ერთხელ მგზავრი ეწვია ამ მდიდარ კაცს, მაგრამ მდიდარმა ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ სტუმარს გამასპინძლებოდა; წამოიყვანა ღარიბი კაცის კრავი და მასთან მოსულ კაცს სადილად მოუმზადა”.
5 . ძლიერი რისხვით აინთო დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: "ცოცხალია უფალი, სიკვდილს იმსახურებს ამის ჩამდენი კაცი!
6 . კრავი კი ოთხმაგად უნდა ზღოს, რადგან ასე შეუბრალებლად მოიქცა”.
7 . მიუგო დავითს ნათანმა: "ის კაცი შენა ხარ! ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხე ისრაელის მეფედ და მე გიხსენი საულის ხელიდან;
8 . შენი ბატონის სახლი მოგეცი და შენი ბატონის ცოლები მოგიწვინე. ისრაელისა და იუდას სახლები მოგეცი და თუ გეცოტავა, ამდენივეს და კვლავ ამდენივეს დაგიმატებდი!
9 . რატომ მოიძულე უფლის სიტყვა და რად ჩაიდინე ბოროტება მის თვალში! მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ცოლი; ის კი ყამონის ძეთა მახვილით მოკალი.
10 . ამიერიდან მახვილი აღარ მოშორდება შენს სახლს, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი დაისვი ცოლად.
11 . ასე ამბობს უფალი: აჰა, შენივე სახლიდან მოგივლენ უბედურებას, ავიყვან შენს ცოლებს შენს თვალწინ და მივცემ მათ შენს მოძმეს, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან!
12 . შენ ფარულად გააკეთე, მე კი მზისით გავაკეთებ ამას, მთელი ისრაელის თვალწინ!”
13 . და უთხრა დავითმა ნათანს: "შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: "უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!
14 . მაგრამ, რადგან ამ საქმით გმობის საბაბი მიეცი უფლის მტრებს, ძე, რომელიც შეგეძინა, მოკვდება”.
15 . წავიდა ნათანი თავის სახლში და დალახვრა უფალმა ბავშვი, რომელიც ურიას ცოლმა უშვა დავითს და დასნეულდა იგი.
16 . ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.
17 . თავზე დაადგნენ სახლის უხუცესნი მიწიდან ასაყენებლად, მაგრამ არ ინება და არც პური ჭამა მათთან.
18 . მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ეშინოდათ დავითის მსახურებს, რომ ეუწყებინათ მისთვის ბავშვის სიკვდილი; ამბობდნენ: "აჰა, სანამ ცოცხალი იყო ბავშვი, ველაპარაკებოდით და არ გვისმენდა, როგორღა ვაცნობოთ მისი სიკვდილი, თავს ბოროტი არაფერი აუტეხოს!”
19 . დაინახა დავითმა მოჩურჩულე მსახურები, მიხვდა, რომ მოკვდა ბავშვი და ჰკითხა მათ: "მოკვდა ბავშვი?” უპასუხეს: "მოკვდა”.
20 . ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, მივიდა უფლის სახლში და თაყვანი სცა. მერე დაბრუნდა თავის სახლში, საჭმელი მოითხოვა და ჭამა.
21 . ჰკითხეს მსახურებმა: "რას ნიშნავს შენი საქციელი: ცოცხალი ბავშვისთვის მარხულობდი და მოსთქვამდი, მოკვდა ბავშვი, შენ კი ადექი და პური ჭამე?!”
22 . მიუგო დავითმა: "ბავშვის სიცოცხლეში ვმარხულობდი და მოვთქვამდი, რადგან ვფიქრობდი: ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და ცოცხალი დამიტოვოს ბავშვი?
23 . ახლა მკვდარია იგი, რაღად ვიმარხულო? განა შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან და ის კი აღარ დამიბრუნდება”.
24 . ნუგეში სცა დავითმა ბათ-შებაყს, თავის ცოლს, მივიდა და დაწვა მასთან; ძე გაუჩინა მან და უწოდა სოლომონი. და შეიყვარა იგი უფალმა.
25 . წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია (უფლის საყვარელი).
26 . ებრძოდა იოაბი ყამონის რაბათს და დაიპყრო სამეფო ქალაქი.
27 . გაუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შეუთვალა: "ვებრძოლე რაბათს და ქალაქის წყაროები ვიგდე ხელთ.
28 . ახლა შემოიკრიბე ხალხი, ალყაში მოაქციე ქალაქი და აიღე, თორემ მე ავიღებ და ჩემი სახელი დაერქმევა”.
29 . შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი, წავიდა რაბათს, შეებრძოლა და აიღო.
30 . გვირგვინი მოჰხადა დავითმა მეფეს, ტალანტ ოქროს იწონიდა, ზედ ძვირფასი ქვა ამშვენებდა. თავზე დაიდგა დავითმა იგი და დიდძალი ნადავლი გამოიტანა იმ ქალაქიდან.
31 . იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა მხერხავებად, ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავის ხალხთან ერთად იერუსალიმში
1 . აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და დაუდგინა ათასისთავები და ასისთავები.
2 . გაგზავნა დავითმა ხალხის მესამედი და იოაბს ჩააბარა, მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას და მესამედი - ითაი გითელს. უთხრა მეფემ ხალხს: "მეც თქვენთან ერთად გამოვალ”.
3 . უპასუხა ხალხმა მეფეს: "არ უნდა გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ გავიქცევით, ყურადღებას არავინ მოგვაქცევს, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ აღელდებიან, რადგან, შენ ერთი, ათიათას ჩვენნაირს უტოლდები. ამიტომ გვიჯობს, ქალაქიდან შეგვეწიო”.
4 . მიუგო მეფემ: "როგორც თქვენ გინდათ, ისე მოვიქცევი”. კარიბჭესთან დადგა მეფე, მთელი ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად დაწყობილი გავიდა.
5 . უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: "დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.
6 . გავიდა ხალხი ისრაელის წინააღმდეგ ველზე და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7 . დამარცხდა ისრაელი დავითის მსახურებთან; დიდი ჟლეტა იყო იმ დღეს, ოცი ათასი კაცი დაეცა.
8 . მთელ იმ მხარეში განივრცო ბრძოლა; ტყემ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოსრა, ვიდრე მახვილმა იმ დღეს.
9 . შეეჩეხა აბესალომი დავითის მსახურებს. ჯორზე იჯდა აბესალომი. დიდი მუხის ხშირი ტოტების ქვეშ გარბოდა ჯორი; წამოედო აბესალომის თმები მუხას და ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, ხოლო მის ქვეშ მყოფმა ჯორმა გაიარა და გაიქცა.
10 . დაინახა ეს ერთმა კაცმა და უთხრა იოაბს: "მუხაზეა აბესალომი ჩამოკიდებული”.
11 . მიუგო იოაბმა კაცს, რომელმაც ამბავი მიუტანა: "თუ დაინახე, იქვე რატომ არ მოკალი? ვერცხლის ათ შეკელსა და ერთ სარტყელს მოგცემდი”.
12 . უპასუხა იმ კაცმა იოაბს: "ვერცხლის ათასი შეკელიც რომ ჩაგეთვალა ხელში, მაინც არ აღვმართავდი ხელს მეფისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის: დაზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13 . კიდეც რომ ჩამედინა ეს უმართლობა, მაინც არ დაიფარებოდა ეს მეფისგან და შენც განზე გადგებოდი”.
14 . მიუგო იოაბმა: "ტყუილად ვკარგავ შენთან დროს!” აიღო სამი ისარი და შიგ გულში გაუყარა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15 . გარშემოერტყა აბესალომს ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველები, და განგმირეს აბესალომი.
16 . ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და უკან გამობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეიწყალა ისინი იოაბმა.
17 . აიღეს აბესალომი და ტყეში, დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს. მერე თავ-თავის კარვებში მიმოიფანტა მთელი ისრაელი.
18 . თავის სიცოცხლეშივე დაიდგა აბესალომმა სვეტი სამეფო ველზე, რადგან ამბობდა: ძე არ მყავს, რომ ჩემი სახელი მოიხსენიოსო; და უწოდა იმ სვეტს თავისი სახელი, დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19 . და უთხრა იოაბს ახიმაყაც ცადოკის ძემ: "გავიქცევი და ვაუწყებ მეფეს, რომ იხსნა იგი მტრის ხელიდან უფალმა”.
20 . მიუგო იოაბმა: "ვერ იქნები დღეს კეთილის მაუწყებელი, სხვა დღეს ახარე. დღეს კი ვერ მიიტან ამბავს, რადგან მოკვდა მეფისწული”.
21 . უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: "წადი, უამბე მეფეს, რაც იხილე”. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22 . კვლავ მიმართა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: "რაც უნდა მოხდეს, მეც გავიქცევი ქუშელის უკან”. უპასუხა იოაბმა: "შვილო, რად უნდა გაიქცე, კარგ ამბავს ვერ მიიტან”.
23 . დაიჟინა ახიმაყაცმა: "რაც უნდა მოხდეს, გავიქცევი!” და დათანხმდა იოაბი: "გაიქეცი”. გაიქცა ახიმაყაცი იორდანეს დაბლობის გზით და გაუსწრო ქუშელს.
24 . იჯდა დავითი ორ კარიბჭეს შორის. ავიდა გუშაგი გალავნის კარიბჭეზე ერდოსკენ, აღაპყრო თვალები და ხედავს, კაცი მორბის მარტო.
25 . შესძახა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: "თუ მარტოა, კარგი ამბავი ექნება”. მორბენალი სულ უფრო ახლოვდებოდა.
26 . დაინახა გუშაგმა სხვა მორბენალი კაციც და უთხრა მეკარეს: "კიდევ ერთი კაცი მორბის”. თქვა მეფემ: "მასაც კარგი ამბავი ექნება”.
27 . თქვა გუშაგმა: "სირბილით ვცნობ, პირველი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს”. თქვა მეფემ: "კარგი კაცია და კარგის საუწყებლადაც უნდა მორბოდეს!”
28 . შესძახა ახიმაყაცმა მეფეს: "მშვიდობა!” თაყვანისცა მიწამდე და უთხრა: "კურთხეულია უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!”
29 . ჰკითხა მეფემ: "ხომ მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” უთხრა ახიმაყაცმა: "დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი შენს მსახურს აგზავნიდა, ოღონდ არ ვიცი, რა ხდებოდა”.
30 . უთხრა მეფემ: "განზე გადი და იქ დადექი”. ისიც განზე გავიდა და დადგა.
31 . აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: "ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”.
32 . ჰკითხა მეფემ ქუშელს: "მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” მიუგო ქუშელმა: "ისე გახდნენ მეფის, ჩემი ბატონის მტრები და ყოველი, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგა, როგორც ის ჭაბუკია!”
33 . შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: "შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
1 . ვუთხარი ჩემს თავს: "მოდი ახლა, მხიარულებას გამოვცდი, რომ ვნახო, რა არის კარგი!” და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა.
2 . სიცილზე ვთქვი: "სისულელეა!” - მხიარულებაზე: "რის მაქნისია?”
3 . ვცადე ღვინით გამეხალისებინა ჩემი სხეული, გონება კი სიბრძნით მომემართა; უგუნურებაც გამომეცადა, რათა მეხილა, რისი კეთება არის სასიკეთო კაცთათვის ცისქვეშეთში, მათი სიცოცხლის დათვლილ დღეებში.
4 . განვავრცე ჩემი საქმეები, სახლები ავიშენე, ვენახები გავაშენე;
5 . მოვაწყვე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე იქ ყოველგვარი ხეხილი.
6 . წყალსატევები ავაშენე, ხეების ასაყვავებლად და ბაღის მოსარწყავად.
7 . შევიძინე მრავალი მონა და მხევალი, შინ დაბადებული მონაც მრავლად იყო ჩემს სახლში. ცხვარ-ძროხაც იმათზე მეტი მყავდა, ვინც ჩემზე წინ მეფობდა იერუსალიმში.
8 . დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, სამეფო და სამხარეო საგანძურებში. დავიდგინე მომღერალი კაცნი და ქალნი, და ადამიანთა ძეთა სიამე - ხარჭა მრავალი.
9 . განვდიდდი და გადავაჭარბე ყველას, ვინც ჩემზე წინ იყო იერუსალიმში და სიბრძნე ჩემი - გვერდში მედგა.
10 . უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს, რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა.
11 . შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა მოიმოქმედეს და შრომას, რომელიც გავწიე: და აჰა, ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და არ არის სარგებელი მზისქვეშეთში.
12 . მოვბრუნდი, რომ სიბრძნე, სიგიჟე და სიბრიყვე მეხილა. რადგან რა შეუძლია გააკეთოს კაცმა, ვინც მეფის შემდეგ მოვა? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია.
13 . და ვნახე, რომ სიბრძნე აღემატება სიბრიყვეს, ისევე, როგორც სინათლე - სიბნელეს,
14 . რადგან ბრძენის თვალები მის გონებაშია, ბრიყვი კი სიბნელეში დადის; და მაინც - ერთი ხვედრი ეწევათ ორივეს.
15 . ვთქვი ჩემთვის: "მეც და ბრიყვსაც ერთი ხვედრი გვაქვს, მაშ, რაღად ვიყავ სხვაზე ბრძენი?” და ვთქვი ჩემს გულში, ესეც ამაოებაა,
16 . არც ბრძენი ეხსომებათ მარადიულად და არც - ბრიყვი. ყველაფერი დავიწყებულ იქნება მომავალ დღეებში. ბრძენიც ისევე კვდება, როგორც ბრიყვი!
17 . მოვიძულე ცხოვრება, რადგან მწუხარებად მივიჩნიე ყოველივე რაც მზისქვეშეთში ხდება; რადგან ამაოებაა ყოველივე და ქარის დევნა!
18 . მთელი ჩემი ნახელავიც მოვიძულე, რისთვისაც ამ მზისქვეშეთში მიშრომია, რადგან ვუტოვებ კაცს, ჩემ შემდეგ მოსულს.
19 . და ვინ იცის, ბრძენი იქნება იგი თუ ბრიყვი; ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით მოპოვებულს მზისქვეშეთში. ესეც ამაოებაა!
20 . ამიტომ გული ამიცრუვდა - მზისქვეშეთში მთელი ჩემი შრომის ნაყოფზე.
21 . ვინაიდან არის კაცი, რომელიც სიბრძნით, ცოდნითა და ნიჭით იღწვის, მემკვიდრეობას კი ისეთ კაცს უტოვებს, რომელსაც არ უშრომია. ესეც ამაოებაა და დიდი ბოროტება!
22 . მაშ, რაღას იღებს ადამიანი, მთელი მისი შრომისა და გულის წადილის შედეგად რომ შრომობს მზისქვეშეთში?
23 . აკი ტკივილია დღეები მისი და მწუხარება - საქმე მისი, ღამითაც კი არ აქვს მოსვენება მის გულს. ესეც ამაოებაა.
24 . კაცისთვის არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ჭამოს, სვას და თავისი ნაშრომის სიკეთით დატკბეს; ვიხილე ეს და ვთქვი - ესეც, ღმერთის ხელიდანაა.
25 . რადგან ვინ შეჭამს და ვინ დატკბება - მის გარეშე?
26 . მისთვის სათნო კაცს, ღმერთი სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს აძლევს. ცოდვილს კი - მოგროვებისა და შეკრების საზრუნავი მისცა, რათა ღმერთის სათნოს დაუტოვოს მონაგარი. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
1 . გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს.
2 . და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
3 . უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს.
4 . სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.
5 . სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.
6 . იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.
7 . ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი.
8 . ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს.
9 . არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.
10 . და იქნება იმ დღეს: ნიშნად დადგება ხალხებისთვის იესეს ფესვი და მისკენ იდენენ ერები. დიდებული იქნება სავანე მისი.
11 . იმ დღეს იქნება, რომ უფალი მეორედ გაიწვდის ხელს, რათა გამოისყიდოს თავისი ხალხის ნატამალი, რომელიც აშურსა და ეგვიპტეს, ფათროსსა და ქუშს, ელამსა და შინყარს, ხამათსა და ზღვის კუნძულელებს გადაურჩება.
12 . ნიშანს აამაღლებს ერებისთვის, შეკრებს გაძევებულთ ისრაელიდან და დაფანტულთ იუდადან - დედამიწის ოთხივე კიდიდან შეაგროვებს.
13 . გაუჩინარდება ეფრემის შური და იუდას შემჭირვებლები ამოწყდებიან; არა, აღარ შეშურდება ეფრემს იუდასი და აღარც იუდა შეაჭირვებს ეფრემს.
14 . დააცხრებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, დამძიმდება მათი ხელი ედომსა და მოაბზე, დაემორჩილებიან ყამონის ძენი.
15 . უფალი ამოაშრობს ეგვიპტის ზღვის ყურეს და ხელს მოუქნევს მდინარეს თავის ძლიერ ქარში, შვიდ ტოტად განშლის მას და ფეხშემოსილთ წარუძღვება ხალხს, როგორც ხმელეთზე.
16 . გაიკვეთება გზა აშურში დარჩენილი მისი ხალხის ნატამალისთვის, როგორც გაიკვეთა ისრაელისთვის, ეგვიპტიდან მისი გამოსვლის დღეს.
1 . "იმ დროს, ამბობს უფალი, მე ვიქნები ისრაელის ყველა ტომის ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი!
2 . ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა წყალობა მახვილს გადარჩენილმა ხალხმა. მოვდივარ, რათა ისრაელი დავამშვიდო”.
3 . შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: "სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.
4 . კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.
5 . ისევ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებში, დარგავენ დამრგველნი და მოიმკიან.
6 . ვინაიდან დადგება დღე და დაიძახებენ გუშაგნი ეფრემის მთაზე: ადექით და ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.
7 . ასე ამბობს უფალი: "სიხარულით უმღერეთ იაკობს და შემოსძახეთ ხალხთა წინამძღოლს; გამოაცხადეთ, შეაქეთ და უთხარით: შენ იხსენი, უფალო, შენი ხალხი, ნარჩენი ისრაელისა!
8 . აჰა, მომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დედამიწის კიდეებიდან შევკრებ მათ; ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე მათთან ერთად იქნებიან, დიდი კრებული დაბრუნდება.
9 . ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.
10 . ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!
11 . რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.
12 . მოვლენ და ხმამაღლა შესძახებენ სიონის სიმაღლეებზე; უფლის სიკეთეზე იყიჟინებენ: მარცვლეულზე და მაჭარზე, ზეთზე და ცხვარ-ძროხის მონაგებზე, და იქნება მათი სული მორწყული ბაღივით და აღარასოდეს დანაღვლიანდებიან.
13 . მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.
14 . მღვდელთა სულებს ცხიმით დავანაყრებ და ჩემი ხალხი ჩემი სიკეთით გაძღება! ამბობს უფალი.
15 . ასე ამბობს უფალი: "ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები”.
16 . ასე ამბობს უფალი: "თავი შეიკავე ტირილისგან, ნუღარ გდის ცრემლი, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს, ამბობს უფალი, დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
17 . არის იმედი შენი მომავლისა, ამბობს უფალი, დაგიბრუნდებიან შენი ძენი ტყვეობიდან!”
18 . ნამდვილად გავიგონე ეფრემის წუხილი: "შენ დამსაჯე და დასჯილი ვარ, როგორც მოურჯულებელი მოზვერი; დამაბრუნე და დავბრუნდები, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
19 . მოვბრუნდი და მოვინანიე მას შემდეგ, რაც მივხვდი და მკერდზე ვიცემდი ხელს; შემრცხვა და დავმცირდი, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილი მიტარებია!”
20 . "განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
21 . "აღმართე ბოძები, განალაგე გზის მაჩვენებლები, გული დაუდე და დაუკვირდი გზას, რომლითაც დადიხარ. დაბრუნდი, ქალწულო ისრაელისა, დაუბრუნდი შენს ქალაქებს.
22 . როდემდე იხეტიალებ, განდგომილო ასულო? უფალმა ახალი რამ მოიტანა ქვეყანაზე - დიაცი დაუწყებს დევნას მამაკაცს!”
23 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "კვლავ იტყვიან ამ სიტყვებს იუდას ქვეყანასა და მის ქალაქებში, როცა ტყვეობიდან მობრუნდებიან: უფალმა გაკურთხოს, სამკვიდრებელო სიმართლისა, წმიდა მთაო!
24 . კვლავ ერთად დასახლდებიან იუდასა და ყველა მის ქალაქში მიწათმოქმედნი და მესაქონლენი.
25 . რადგან დავარწყულებ გადაღლილებს და განვაახლებ ყველა დამწუხრებულ სულს”.
26 . ამაზე გამომეღვიძა და გავახილე თვალი; სასიამოვნო იყო ჩემი ძილი.
27 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, დავთესავ ისრაელისა და იუდას სახლებში ადამიანისა და საქონლის თესლს.
28 . და როგორც ვფხიზლობდი მათზე, რომ აღმომეფხვრა, შემემუსრა, დამენგრია, მომესპო და გამეუბედურებინა, ისევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო” - ამბობს უფალი.
29 . იმ დღეებში აღარ იტყვიან: "მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს კბილები მოეკვეთათო!”
30 . რადგან თითოეული თავისი ურჯულოებით მოკვდება. ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.
31 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელისა და იუდას სახლებს.
32 . არა ისეთ აღთქმას, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; აღთქმა, რომელიც დაარღვიეს, თუმცა ქმრობას ვუწევდი მათ!” - ამბობს უფალი.
33 . "რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! - აცხადებს უფალი, - შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;
34 . და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
35 . ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
36 . "თუ გაუქმდება ეს წესი ჩემ წინაშე, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის შთამომავლობაც სამუდამოდ შეწყვეტს ხალხად ყოფნას ჩემ წინაშე”.
37 . ასე ამბობს უფალი: "თუ გაიზომება ზემოთ ცა და გამოიკვლევა ქვემოთ დედამიწის საფუძვლები, მაშინ მეც შევიძულებ ისრაელის მთელ შთამომავლობას ყოველივე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” - ამბობს უფალი.
38 . "აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და კვლავ აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.
39 . ზღვარი მისი შორს, პირდაპირ გიბყათის ღარებამდე გადავა და გოყათისკენ მობრუნდება.
40 . გვამებისა და ფერფლის მთელი ხეობა, მთელი მინდორი კედრონის ნაკადულამდე, ცხენების კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - წმიდაა უფლისთვის, არ აღმოიფხვრება და აღარასოდეს დაინგრევა”.
1 . ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელის ძენო; რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მცხოვრებლებთან, ვინაიდან არ არის ერთგულება, არ არის მოწყალება და არ არის ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.
2 . ცრუ ფიცი, მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა გახშირდა; სისხლის ღვრა სისხლის ღვრას მოსდევს.
3 . ამის გამო გლოვობს მიწა და ღონემიხდილია ყველა მცხოვრები მასში, ველის ცხოველებთან და ცის ფრინველებთან ერთად, ზღვის თევზებიც იღუპებიან.
4 . ნურავინ იდავებს და ნურც ამხელს კაცს, რადგან შენი ხალხი მღვდელთან მოდავეებს ჰგავს.
5 . და დაეცემი შენ დღისით, ღამით კი _ წინასწარმეტყველიც, შენთან ერთად; და გავანადგურებ დედაშენს.
6 . ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, რაკი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მღვდლობიდან; ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძეებს.
7 . რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
8 . ჩემი ხალხის ცოდვებით იკვებებიან და მათ უკეთურებაში ნეტარებენ.
9 . რაც ხალხს მოუვა, ის მოეწევა მღვდელსაც; მოვკითხავ მათ მათი გზებისამებრ და მათი ნამოქმედარისამებრ მივუზღავ!
10 . შეჭამენ და ვერ გაძღებიან, იმრუშებენ და ვერ გამრავლდებიან, ვინაიდან მიატოვეს უფლის სამსხვერპლო.
11 . სიძვამ, ღვინომ და მაჭარმა წარიტაცა მათი გული.
12 . ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით.
13 . მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი.
14 . არ მოვკითხო თქვენს ასულებს, რომ მეძავობენ და თქვენს საპატარძლოთ, რომ მრუშობენ? თქვენც მათთან ერთად ხართ და ტაძრის მეძავებთან ერთად სწირავთ მსხვერპლს; უმეცარი, მიუხვედრელი ხალხი კი იღუპება!
15 . აკი მეძავობ, ისრაელ! იუდა მაინც ნუ შესცოდავს! ნუ მიხვალ გილგალს და ნუ ახვალ ბეთ-ავენში! ნუ დაიფიცებ, ცოცხალიაო უფალი!
16 . რადგან ურჩი ფურივით ჯიუტია ისრაელი; განა დამწყემსავს მათ უფალი, როგორც კრავებს ტრიალ მინდორზე?
17 . კერპებს მიეკრა ეფრემი, მარტოდ დატოვე იგი!
18 . მჟავეა მათი სასმელი - მრუშობენ, მათმა მთავრებმა მეტად შეიყვარეს უზნეობა.
19 . შეავიწროებს მათ ქარი თავისი ფრთებით და შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლებისა.
1 . მეორედ იყო უფლის სიტყვა იონას მიმართ; უთხრა:
2 . "ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში და ის აუწყე, რასაც მე გეტყვი!”
3 . ადგა იონა და უფლის სიტყვის თანახმად წავიდა ნინევეში. ძალზე დიდი ქალაქი იყო ნინევე, სამი დღის სავალი.
4 . ერთი დღე იარა იონამ ქალაქში; ქადაგებდა და ამბობდა: "კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე!”
5 . იწამეს ღმერთი ნინეველებმა, მარხვა გამოაცხადეს და დიდიდან პატარამდე ჯვალოთი შეიმოსნენ.
6 . ეუწყა ეს ამბავი ნინევეს მეფეს; ჩამოვიდა ტახტიდან, გაიხადა სამეფო სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა და ნაცარში ჩაჯდა.
7 . ბრძანა და გამოაცხადა: "ნინევეში, მეფისა და მთავრების განკარგულებით, არც კაცმა და არც პირუტყვმა, არც ძროხამ და არც ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს!
8 . კაცმაც და პირუტყვმაც ჯვალო ატაროს და მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, რათა მოექცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და ძალადობისგან, რაშიც ხელი აქვს გარეული!
9 . ვინ იცის, იქნებ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს მგზნებარე რისხვა და აღარ დაგვღუპოს”.
10 . იხილა ღმერთმა მათი საქმენი, რომ მოექცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, გული მოუბრუნდა და აღარ მოუვლინა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე.
1 . ორი წლის თავზე სიზმარი ნახა ფარაონმა: თითქოს ნილოსის პირას იდგა;
2 . და აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ბალახობს ლერწმიანში.
3 . მერე შვიდი უშნო და გამხდარი ძროხა ამოვიდა ნილოსიდან და გვერდში ამოუდგა იმ ძროხებს ნილოსის პირას.
4 . და შეჭამეს უშნო და გამხდარმა ძროხებმა შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა. და გაეღვიძა ფარაონს.
5 . კვლავ დაეძინა და კვლავ ნახა სიზმარი: აჰა, შვიდი თავთავი ამოვიდა ერთ ღეროზე, საღი და სავსე.
6 . მერე აღმოცენდა შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავი.
7 . და შთანთქეს გამოფიტულმა თავთავებმა შვიდი საღი და სავსე თავთავი; და გამოეღვიძა ფარაონს და აჰა, ეს იყო სიზმარი.
8 . შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.
9 . და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: "ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:
10 . განურისხდა ფარაონი თავის მსახურებს და მცველთა უფროსის სახლში მეპურეთუხუცესთან ერთად დამატუსაღა.
11 . ერთ ღამეს სიზმარი გვესიზმრა მე და მას, თითოეულს საკუთრივ ასახსნელი.
12 . იყო ჩვენთან ებრაელი ყმაწვილი, მცველთა უფროსის მსახური. ვუამბეთ მას ჩვენი სიზმრები და მანაც ზუსტად აგვიხსნა ისინი.
13 . როგორც აგვიხსნა, ისე აგვიხდა: მე ჩემს ადგილზე დამაბრუნა ფარაონმა, ის კი - ჩამოკიდა”.
14 . მიავლინა კაცი ფარაონმა და მოაყვანინა იოსები. სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან. გაიპარსა იოსებმა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
15 . უთხრა ფარაონმა: "სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა ამხსნელი. შენზე გავიგე, რომ იცი სიზმრების ახსნა”.
16 . მიუგო იოსებმა ფარაონს: "მე რა ძალმიძს, ღმერთი უპასუხებს ფარაონს სამშვიდობოდ”.
17 . და უამბო ფარაონმა იოსებს: "სიზმარში ნილოსის პირას ვიდექი.
18 . აჰა, ამოვიდა ნილოსიდან შვიდი მშვენიერი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში იწყეს ბალახობა.
19 . მერე კიდევ შვიდი სხვა ძროხა ამოვიდა, მეტისმეტად უშნო და გამხდარი; მთელ ეგვიპტეში მათზე უშნო არაფერი მინახავს.
20 . დამჭლევებულმა და უშნო ძროხებმა წინა შვიდი საღი ძროხა შეჭამეს.
21 . შთანთქეს, მაგრამ არ ემჩნეოდათ, რომ მათ შიგნეულში იყვნენ შესული; ისეთივე უშნონი დარჩნენ, როგორც მანამდე იყვნენ და გამეღვიძა.
22 . კიდევ ვიხილე სიზმარი: შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და კარგი.
23 . აჰა, სხვა შვიდი თავთავიც აღმოცენდა მათ შემდეგ, გამოფიტული, წვრილი და ხორშაკისაგან გარუჯული.
24 . წვრილმა თავთავებმა შვიდი კარგი თავთავი შთანთქეს. ვუამბე მისნებს, მაგრამ ვერ განმიმარტეს!”
25 . უთხრა იოსებმა ფარაონს: "ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები: ღმერთი უცხადებს ფარაონს, რის გაკეთებასაც აპირებს.
26 . შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელია, შვიდი კარგი თავთავიც შვიდი წელია: ეს ერთი სიზმარია.
27 . მათ შემდეგ ამოსული შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა შვიდი წელია; შვიდი გამოფიტული და ხორშაკისგან გარუჯული თავთავიც შიმშილობის შვიდი წელია.
28 . ეს ისაა, რაც უკვე ვუთხარი ფარაონს - რის გაკეთებასაც აპირებს ღმერთი, სიზმრად აჩვენა მან ფარაონს.
29 . აჰა, მოდის შვიდი უხვმოსავლიანი წელი ეგვიპტის ქვეყანაში.
30 . მას შემდეგ შიმშილობის შვიდი წელიწადი დადგება და დავიწყებული იქნება სიუხვე ეგვიპტეში და შიმშილი დააუძლურებს ქვეყანას.
31 . ვეღარავინ გაიხსენებს სიუხვეს იმ შიმშილობის გამო, რომელიც დადგება, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
32 . და რაკი ორჯერ გამეორდა ფარაონის სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისაგანაა ეს საქმე და აღარ დააყოვნებს ღმერთი მის აღსრულებას.
33 . ახლა გამოძებნოს ფარაონმა და დააყენოს ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად გონიერი და ბრძენი კაცი.
34 . ბრძანოს ფარაონმა და ზედამხედველნი განაწესოს ქვეყანაზე, რომ მეხუთედი ახდევინოს ეგვიპტის ქვეყანას სიუხვის წლებში.
35 . დააგროვონ მომავალი კარგი წლების მთელი საზრდო, ფარაონის განმგებლობაში მყოფ ქალაქებში დაახვავონ საზრდოდ ხორბალი და შეინახონ.
36 . ხოლო შვიდწლიანი შიმშილობის დროს, რომელიც დადგება ეგვიპტის ქვეყანაში, ეს მარაგი საზრდო იქნება ქვეყნისათვის და არ დაიღუპება შიმშილისაგან”.
37 . მოეწონა ფარაონს და მის ყველა მსახურს ეს სიტყვა.
38 . უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: "ნუთუ ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?”
39 . და უთხრა ფარაონმა იოსებს: "რაკი ღმერთმა შენ გაუწყა ეს ყველაფერი, არავინაა შენზე გონიერი და ბრძენი!
40 . შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.
41 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "აჰა, დაგადგინე მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად”.
42 . და წაიძრო ფარაონმა ხელიდან ბეჭედი და გაუკეთა იოსებს; ბისონის სამოსლით შემოსა და კისერზე ოქროს ძეწკვი ჩამოკიდა,
43 . დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: დაიჩოქეთ! და დაადგინა იგი განმგებლად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44 . უთხრა ფარაონმა იოსებს: "მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელ-ფეხს ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
45 . უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასული ასენათი შერთო ცოლად; და გამოვიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
46 . ოცდაათი წლის იყო იოსები, როცა ეგვიპტის ფარაონის წინაშე წარსდგა. გამოვიდა იოსები ფარაონისაგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.
47 . უხვი მოსავალი წარმოქმნა მიწამ სიუხვის შვიდწლეულში.
48 . და შეაგროვა იოსებმა მთელი შვიდი წლის მოსავალი, რომელიც ფრიად უხვად მოვიდა ეგვიპტის ქვეყანაში და საზრდოდ დაუდგინა ქალაქებს. თითოეულ ქალაქს თავისი შემოგარენი მინდვრებიდან აღებული მოსავალი დაუდგინა საზრდოდ.
49 . ზღვის ქვიშასავით დაახვავა იოსებმა ხორბალი, იმდენი, რომ შეწყვიტა მისი აღრიცხვა, რადგან სათვალავი აღარ იყო.
50 . ორი ვაჟი შეეძინა იოსებს შიმშილობის წელიწადის დადგომამდე, რომლებიც ასენათმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა უშვა.
51 . და დაარქვა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: "ღმერთმა დამავიწყა ყოველგვარი ტანჯვა და მამაჩემის სახლეული”.
52 . მეორეს დაარქვა ეფრემი, რადგან თქვა: "ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი წამების ქვეყანაში”.
53 . დასრულდა სიუხვის შვიდი წელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში იდგა
54 . და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელი, როგორც თქვა იოსებმა. ყველა ქვეყანა შიმშილობდა, ხოლო ეგვიპტელებს კი ჰქონდათ პური.
55 . და როცა მთელი ეგვიპტის ქვეყანაც დაიმშა, შეჰღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის; და გამოუცხადა ფარაონმა მთელ ეგვიპტეს: "იოსებთან მიდით და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით”.
56 . შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.
57 . ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ იოსებთან პურის საყიდლად, რადგან გაძლიერდა შიმშილი დედამიწაზე.