1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2 . და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: "ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრდი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3 . ხიზნობდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები; გაკურთხებ და შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას; და განგიმტკიცებ ფიცს, რომლითაც აბრაჰამს, მამაშენს შევფიცე.
4 . ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და შენს მოდგმას მივცემ ყველა იმ მიწას; და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი,
5 . რადგან ისმინა აბრაჰამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი მცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული”.
6 . ასე დამკვიდრდა ისაკი გერარში.
7 . და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: "და არის ჩემი”, რადგან შეეშინდა ეთქვა ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად მშვენიერი იყო რებეკა.
8 . დიდი ხნის დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი თავის ცოლს, რებეკას.
9 . მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: "ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი! რატომ თქვი, ჩემი და არისო?!” მიუგო ისაკმა: "ვიფიქრე, არ მომკლან-მეთქი მის გამო!”
10 . უთხრა აბიმელექმა: "ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე!”
11 . და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს: "ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილი არ ასცდება”.
12 . დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს; და აკურთხა იგი უფალმა.
13 . გამდიდრდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14 . შეიძინა ცხვრის ფარა, ნახირი და დიდი სახნავ-სათესი მიწა. და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15 . ჭები, რომლებიც მამამისის მსახურებმა აბრაჰამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16 . და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
17 . წავიდა ისაკი იქიდან, დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა.
18 . და ისევ ამოთხარა ისაკმა მამამისის, აბრაჰამის დღეებში ამოთხრილი ჭები, ფილისტიმელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ; და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა.
19 . თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭას.
20 . და დავობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან: "ჩვენი წყალიაო”. და უწოდა ჭას სახელად ყესეკი რადგან დაობდნენ მასთან.
21 . სხვა ჭა ამოიღეს და მასზეც შეედავნენ. და უწოდა სახელად სიტნა.
22 . იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა. მასზე აღარ შედავებიან; და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: "ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე”.
23 . და წავიდა იქიდან ბეერ-შებაყისაკენ.
24 . იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: "მე ვარ აბრაჰამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ; გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაჰამის - ჩემი მსახურის გამო”.
25 . ააგო იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისაკის მსახურებმა.
26 . მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27 . უთხრა ისაკმა: "რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?”
28 . უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.
29 . რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის; მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ”.
30 . ნადიმი გაუმართა ისაკმა მათ; ჭამეს და სვეს.
31 . დილაადრიანად ადგნენ და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32 . იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ; უთხრეს, წყალი ვიპოვეთო!
33 . და უწოდა სახელად შებაყი; ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი დღემდე.
34 . ორმოცი წლის იყო ესავი, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბეერის ასული, და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული.
35 . და სული გაუმწარეს მათ ისაკსა და რებეკას.
1 . როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.
2 . უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
3 . აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.
4 . მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.
5 . ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.
6 . და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:
7 . "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.
8 . ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:
9 . წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.
10 . და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.
11 . უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: "ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ.
12 . ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე”.
13 . უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.
14 . წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა.
15 . აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე;
16 . ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა.
17 . და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური.
18 . მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
19 . უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.
20 . უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.
21 . უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
22 . და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
23 . ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
24 . ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
25 . უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.
26 . უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
27 . მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.
28 . მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.
29 . გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.
30 . როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან.
31 . მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: "ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა”.
32 . ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: "ვინ ხარ?” მან მიუგო: "მე ვარ, შენი ძე, პირმშო - ესავი”.
33 . ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: "ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული”.
34 . რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: "მეც მაკურთხე, მამაჩემო!”
35 . უთხრა ისაკმა: "ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
36 . თქვა ესავმა: "ამიტომაც ჰქვია სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ მომატყუა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კი ჩემი კურთხევაც მიუთვისებია!” ჰკითხა: "ნუთუ ჩემთვის არ შეგინახავს კურთხევა?”
37 . და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”
38 . ჰკითხა ესავმა მამას: "მამაჩემო, ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა, და აქვითინდა.
39 . მიუგო ისაკმა, მამამისმა: "ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
40 . შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.
41 . შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.
42 . ეუწყა რებეკას ესავის, თავისი უფროსი ძის, ნათქვამი, მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს და უთხრა: "აჰა, ესავი, შენი ძმა, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს!
43 . ახლა მისმინე, შვილო, ხარანში გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან.
44 . ერთხანს მასთან დაბინავდი, ვიდრე შენი ძმის გულისწყრომა დაცხრება.
45 . შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”
46 . უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”
1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.
2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.
3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.
4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”
5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.
6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.
9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.
10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.
11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.
13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.
14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.
15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.
16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.
17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.
18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.
20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.
22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.
23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.
24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.
25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.
26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.
27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.
28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,
29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.
30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.
31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”
1 . "როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;
2 . ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
3 . არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
4 . რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
5 . ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
6 . რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.
7 . იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;
8 . არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
9 . იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
10 . მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
11 . დაიცავი მცნებები, დადგენილებანი და სამართალი, რომელთაც გამცნობ დღეს, რათა აღასრულო.
12 . თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.
13 . შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს.
14 . კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.
15 . მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16 . შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი; არ შეიწყალოს შენმა თვალმა ისინი და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
17 . თუ იტყვი გულში: "ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?”
18 . არ შეგეშინდეს მათი, გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს;
19 . ის დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები, სასწაულები, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20 . კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპება ყველა, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21 . არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
22 . თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს; მალე არ უნდა მოსპო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23 . გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.
24 . ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
25 . ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
26 . ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
1 . როგორც კი დაასრულა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, საკუთარი თავივით შეიყვარა იგი იონათანმა.
2 . წაიყვანა იმ დღეს საულმა დავითი და აღარ გაუშვა მამის სახლში.
3 . კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.
4 . გაიძრო იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ემოსა, და მისცა დავითს; ასევე სამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5 . ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.
6 . და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ, საულ მეფესთან შესახვედრად ისრაელის ყველა ქალაქიდან გამოვიდნენ გახარებული ქალები, სიმღერით, ცეკვით, დაფდაფებითა და სიმებიანი საკრავებით.
7 . უკრავდნენ ქალები, მღეროდნენ და გაიძახოდნენ: "შემუსრა საულმა ათასები, ხოლო დავითმა ათი ათასები”.
8 . დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: "დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”
9 . ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს.
10 . მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.
11 . ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: "კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი.
12 . ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13 . განიშორა საულმა დავითი და დანიშნა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14 . ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.
15 . დაინახა საულმა, რომ დიდ წარმატებებს აღწევდა დავითი და შეეშინდა მისი.
16 . მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17 . უთხრა საულმა დავითს: "აჰა, ჩემი უფროსი ასული მერაბი, ცოლად შეირთე, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და იბრძოლე უფლის ომებში!” ფიქრობდა საული, ჩემი ხელი ნუ იქნებაო მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზე.
18 . უპასუხა დავითმა საულს: "ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
19 . დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი.
20 . შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21 . თქვა საულმა: "მივათხოვებ, რომ მახედ იყოს მისთვის და ფილისტიმელთა ხელი იყოს მის წინააღმდეგ”. უთხრა საულმა დავითს: "ერთი ქალიშვილით მაინც დამიმოყვრდები დღეს”.
22 . უბრძანა საულმა თავის მსახურებს: "ფარულად ელაპარაკეთ დავითს და უთხარით, აჰა, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე მეფეს!”
23 . ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: "ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”.
24 . და აუწყეს მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25 . თქვა საულმა: "ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს.
26 . აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.
27 . ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
28 . და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს,
29 . კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.
30 . გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავარნი საბრძოლველად; და როცა გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე მეტ წარმატებას აღწევდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
1 . დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ცოლად შეირთო მისი ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლსა და გალავანს იერუსალიმის გარშემო.
2 . მაგრამ ჯერ კიდევ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი, რადგან იმ დროს ჯერ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3 . შეიყვარა სოლომონმა უფალი და დადიოდა დავითის, მამამისის წესებით, მაგრამ მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4 . გაბაონში იყო მთავარი მაღლობი; წავიდა მეფე, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ. ათასი სრულადდასაწველი აღავლინა სოლომონმა იმ სამსხვერპლოზე.
5 . ღამით სიზმარში უფალი გამოეცხადა გაბაონში სოლომონს და უთხრა ღმერთმა: "მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე!”
6 . უთხრა სოლომონმა: "სიკეთით და წყალობით ექცეოდი შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენ წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი სიკეთე და ძე მიეცი, რომელიც მის ტახტზე ზის დღეს.
7 . ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური; მაგრამ პატარა ბავშვივით ვარ, არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა.
8 . შენი რჩეული ხალხის წიაღშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არ აღირიცხება სიმრავლის გამო.
9 . მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან, რადგან ვის შეუძლია განსაჯოს შენი ხალხი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?”
10 . მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
11 . უთხრა მას ღმერთმა: "იმის გამო, რომ ეს მთხოვე და არა ხანგრძლივი სიცოცხლე, სიმდიდრე ან შენი მტრების სული, არამედ გაგების უნარი მთხოვე სამართლის გასაკითხად!
12 . აჰა, შენი სიტყვებისამებრ მოვიქეცი და მოგეცი ბრძენი და გამგები გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა და არც შენს შემდეგ გამოჩნდება.
13 . რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრეს და დიდებას, ისე რომ მთელ შენს სიცოცხლეში, არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის.
14 . თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს წესებსა და მცნებებს დაიცავ, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი”.
15 . გაიღვიძა სოლომონმა და აჰა, სიზმარი! მივიდა იერუსალიმში და წარსდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, აღავლინა სრულადდასაწველი და შესწირა სამშვიდობო მსხვერპლები. ამის შემდეგ ნადიმი გამართა თავისი მსახურებისთვის.
16 . მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და წარსდგნენ მის წინაშე.
17 . თქვა ერთმა ქალმა: "ჩემო ბატონო, ერთ სახლში ვცხოვრობთ მე და ეს ქალი; იმ სახლში ვიმშობიარე მისი თანდასწრებით.
18 . ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
19 . მოკვდა ამ ქალის ვაჟი ღამით, რადგან ზედ დასწოლოდა.
20 . ადგა შუაღამისას, ეძინა შენს მხევალს, აიყვანა ჩემი ვაჟი ჩემი გვერდიდან და მკერდთან მიიწვინა, თავისი მკვდარი კი ჩემს მკერდთან დააწვინა.
21 . ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ჩემი ვაჟისთვის და აჰა, მკვდარია იგი. კარგად დავაკვირდი დილით და არ იყო ის ყრმა ჩემი შვილი, მე რომ ვშობე”.
22 . მეორე ქალმა თქვა: "არა, ცოცხალი ჩემი ვაჟია, მკვდარი კი შენი”. ის პასუხობდა: "არა, მკვდარი შენი ვაჟია, ცოცხალი კი ჩემი”. ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23 . თქვა მეფემ: "ერთი ამბობს: ცოცხალი ჩემი შვილია, შენი კი მკვდარიაო; მეორე ამბობს: "არა, მკვდარი შენი შვილია, ცოცხალი კი ჩემიაო.
24 . თქვა მეფემ: "მახვილი მომიტანეთ”; და მოიტანეს მახვილი.
25 . თქვა მეფემ: "ორად გაკვეთეთ ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთს მიეცით და მეორე ნახევარი მეორეს”.
26 . უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ მეფეს, რადგან გულ-მუცელი დაეწვა თავისი ვაჟის გამო: "ოჰ, ჩემო ბატონო, მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი, ოღონდ ნუ მოკლავთ”. მეორე იმეორებდა: "არც ჩემი იყოს და არც შენი. გაკვეთეთ!”
27 . მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: "ამ ქალს მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა!”
28 . გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, რომლითაც განსაჯა მეფემ და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის აღსასრულებლად.
1 . მდიდარი და პატივით მოსილი იყო იოშაფატი; და დაუმოყვრდა ახაბს.
2 . წლების შემდეგ ჩავიდა ახაბთან სამარიას; დაუკლა მას და მასთან მყოფ ხალხს ახაბმა მრავალი ცხვარ-ძროხა და არწმუნებდა, რომ გილყადის რამოთზე გაჰყოლოდა.
3 . ჰკითხა ახაბმა, ისრაელის მეფემ, იოშაფატს, იუდას მეფეს: „წამოხვალ ჩემთან გილყადის რამოთზე?” უპასუხა: „რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი? ომშიც შენთან ერთად ვიქნები”.
4 . და უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: „ჯერ უფალს დაეკითხე, რას იტყვის”.
5 . შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი, ოთხასი კაცი და ჰკითხა მათ: „წავიდეთ გილყადის რამოთის დასალაშქრად თუ არა?” უთხრეს: „წადი და მეფის ხელში ჩააგდებს მას ღმერთი”.
6 . თქვა იოშაფატმა: „ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?”
7 . მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: „არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე, რომლის პირითაც შეგვიძლია უფალს დავეკითხოთ, მაგრამ მძულს იგი, რადგან ჩემზე სიკეთე არასოდეს უწინასწარმეტყველებია, მხოლოდ ბოროტს ლაპარაკობს”. თქვა იოშაფატმა: „ასე ნუ ამბობს მეფე”.
8 . მოუხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ საჭურისს და უბრძანა: „გასწი სწრაფად მიქა იმლას ძესთან”.
9 . და, აი, ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, თითოეული მოსასხამით მოსილი იჯდა თავის ტახტზე, კალოზე, სამარიას კარიბჭის შესასვლელში და წინასწარმეტყველებდა მათ წინაშე ყველა წინასწარმეტყველი.
10 . გაიკეთა ციდკიაჰუ ქენაყანას ძემ რკინის რქები და თქვა, ასე ამბობსო უფალი: ამით ურქენ არამელებს და მოსპობ.
11 . ყველა წინასწარმეტყველი იგივეს წინასწარმეტყველებდა: „ადი გილყადის რამოთში და გამარჯვებას მისცემს მეფის ხელს უფალი”.
12 . ასე ეუბნებოდა მიქას მის მოსახმობად წასული დესპანი: „აჰა, მეფის წარმატებაზე ლაპარაკობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვები მათ სიტყვებს; შენც თქვი რამე სასიკეთო”.
13 . თქვა მიქამ: „ცოცხალია უფალი, რასაც ჩემი ღმერთი იტყვის, იმას ვილაპარაკებ!”
14 . მივიდა მეფესთან; უთხრა მას მეფემ: „მიქა, წავიდეთ გილყადის რამოთის დასალაშქრად თუ არა?” უპასუხა: „წადით და გამარჯვება მოგეცემათ!”
15 . უთხრა მეფემ: „რამდენჯერ დაგაფიცე, რომ არაფერი მითხრა უფლის სახელით, გარდა ჭეშმარიტებისა?”
16 . თქვა: „უმწყემსო ცხვარივით მთებზე გაბნეული ვიხილე მთელი ისრაელი და თქვა უფალმა: პატრონი აღარ ჰყავთ, დაე, მშვიდობით დაბრუნდეს თითოეული თავის სახლში!”
17 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „აკი გითხარი, სასიკეთოს არ იწინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ - ბოროტს?”
18 . კვლავ თქვა მიქამ: „აჰა, ისმინეთ სიტყვა უფლისა. ვიხილე უფალი თავის ტახტზე მჯდომი და ცის მთელი მხედრობა მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი.
19 . თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს ახაბს, ისრაელის მეფეს, რომ გავიდეს და დაეცეს გილყადის რამოთს? ზოგი იმას ამბობდა და ზოგი ამას.
20 . გამოვიდა სული, დადგა უფლის წინაშე და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი?
21 . თქვა: გავალ და სიცრუის სულად გარდავიქმნები მისი წინასწარმეტყველების ენაზე. უთხრა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი და ასე გააკეთე!
22 . აჰა, ჩაუდგა უფალმა სიცრუის სული ყველა შენს წინასწარმეტყველს; უფალს კი ცუდი აქვს შენზე ნათქვამი”.
23 . მივიდა ციდკიაჰუ ქენაყანის ძე, სახეში შემოარტყა მიქას და უთხრა: „რომელი გზით ამიარა უფლის სულმა, რომ შენით ელაპარაკა?”
24 . თქვა მიქამ: „აჰა, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ ირბენ დასამალავად”.
25 . თქვა ისრაელის მეფემ: „წაიყვანეთ მიქა და ამონს, ქალაქის მმართველსა და მეფისწულ იოაშს მიუყვანეთ;
26 . უთხარით, ასე ამბობს-თქო მეფე: საპყრობილეში ჩასვით და სიმწრის პური აჭამეთ და სიმწრის წყალი ასვით, ვიდრე მშვიდობით დავბრუნდებოდე!”
27 . უთხრა მიქამ: „თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკია ჩემგან”. თან დააყოლა: „ყველამ გაიგეთ, ხალხო!”
28 . წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატი, იუდას მეფე, გილყადის რამოთზე.
29 . უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: „გადავიცვამ და ჩავებმები ბრძოლაში, შენ კი შენი სამოსელით შეიმოსე”. გადაიცვა ისრაელის მეფემ და ჩაებნენ ბრძოლაში.
30 . ასე უბრძანა არამელთა მეფემ თავისი ეტლების მთავართ: „ნუ შეებრძოლებით ნურც პატარას და ნურც დიდს, არამედ მხოლოდ ისრაელის მეფეს”.
31 . და როცა დაინახეს ეტლების მთავრებმა იოშაფატი, იფიქრეს: „ეს არის ისრაელის მეფე” მისკენ გაეშურნენ, რომ შებრძოლებოდნენ. შეღაღადა იოშაფატმა და უფალმა იხსნა ის მათი ხელიდან.
32 . დაინახეს ეტლთა მთავრებმა, რომ ისრაელის მეფე არ იყო და გაბრუნდნენ.
33 . ალალბედზე მოზიდა მშვილდი ერთმა კაცმა და აბჯრის ნაწიბურებს შორის დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: „მოაბრუნე და გამიყვანე ბრძოლის ველიდან, რადგან დაჭრილი ვარ”.
34 . გამძვინვარდა იმ დღეს ბრძოლა და საღამომდე ეტლში დარჩა ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ. მზის ჩასვლისას მოკვდა.