1 . როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.
2 . უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
3 . აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.
4 . მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.
5 . ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.
6 . და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:
7 . "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.
8 . ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:
9 . წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.
10 . და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.
11 . უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: "ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ.
12 . ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე”.
13 . უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.
14 . წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა.
15 . აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე;
16 . ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა.
17 . და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური.
18 . მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
19 . უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.
20 . უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.
21 . უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
22 . და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
23 . ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
24 . ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
25 . უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.
26 . უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
27 . მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.
28 . მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.
29 . გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.
30 . როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან.
31 . მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: "ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა”.
32 . ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: "ვინ ხარ?” მან მიუგო: "მე ვარ, შენი ძე, პირმშო - ესავი”.
33 . ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: "ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული”.
34 . რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: "მეც მაკურთხე, მამაჩემო!”
35 . უთხრა ისაკმა: "ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
36 . თქვა ესავმა: "ამიტომაც ჰქვია სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ მომატყუა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კი ჩემი კურთხევაც მიუთვისებია!” ჰკითხა: "ნუთუ ჩემთვის არ შეგინახავს კურთხევა?”
37 . და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”
38 . ჰკითხა ესავმა მამას: "მამაჩემო, ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა, და აქვითინდა.
39 . მიუგო ისაკმა, მამამისმა: "ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
40 . შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.
41 . შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.
42 . ეუწყა რებეკას ესავის, თავისი უფროსი ძის, ნათქვამი, მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს და უთხრა: "აჰა, ესავი, შენი ძმა, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს!
43 . ახლა მისმინე, შვილო, ხარანში გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან.
44 . ერთხანს მასთან დაბინავდი, ვიდრე შენი ძმის გულისწყრომა დაცხრება.
45 . შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”
46 . უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”
1 . ეს არის ესავის, იგივე ედომის, მოდგმა:
2 . ესავმა ქანაანის ასულთაგან შეირთო ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხიველი ციბეყონის შვილიშვილი;
3 . და ბასმათი, ისმაელის ასული, ნებაიოთის და.
4 . უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ბასმათმა - რეღუელი.
5 . ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომლებიც ქანაანის ქვეყანაში შეეძინენ.
6 . წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები, ძენი და ასულნი, მთელი თავისი სახლეული, სამწყსო და პირუტყვი, მთელი თავისი ქონება წაიღო, რომელიც ქანაანში შეიძინა და სხვა ქვეყანაში წავიდა, რათა მოცილებოდა იაკობს, თავის ძმას.
7 . რადგან დიდი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. ჯოგების სიმრავლის გამო ვერ დაიტია ისინი მათი ხიზნობის ქვეყანამ.
8 . და დამკვიდრდა ესავი სეყირის მთაზე; იგივე ედომია ესავი.
9 . ესაა ედომელთა მამის, ესავის მოდგმა სეყირის მთაზე.
10 . ესავის ძეთა სახელებია: ელიფაზი, ყადას, ესავის ცოლის ძე; რეღუელი, ბასმათის, ესავის ცოლის ძე;
11 . ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი.
12 . თიმნაყი ესავის ძის, ელიფაზის ხარჭა იყო; მან უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი იყვნენ ყადას, ესავის ცოლის ძენი.
13 . რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ბასმათის, ესავის ცოლის ძენი.
14 . ესენი იყვნენ ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციბეყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი: მან უშვა ესავს იეყუში, იაყლამი და კორახი.
15 . ესენი იყვნენ ესავის ძეთა უხუცესნი, ელიფაზის, ესავის პირმშოს ძენი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი.
16 . თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის უხუცესები ედომის ქვეყანაში, ყადას ძენი.
17 . აი, რეღუელის, ესავის ძის ძენი: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ რეღუელის უხუცესნი ედომის ქვეყანაში; ესავის ცოლის, ბასმათის ძენი.
18 . აი, ოჰოლიბამას, ესავის ცოლის ძენი: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი. ესენი იყვნენ ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ესავის ცოლის ძენი.
19 . ესენი იყვნენ ესავის ძენი და ედომის უხუცესნი.
20 . აი, ხორიელი სეყირის ძენი, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბეყონი, ყანა.
21 . დიშონი, ეცერი და დიშანი: ესენი იყვნენ სეყირის ძენი, ხორიელი უხუცესნი ედომის ქვეყანაში.
22 . ლოტანის ძენი იყვნენ: ხორი და ჰემამი, თიმნაყი კი ლოტანის და იყო.
23 . აი, შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
24 . აი, ციბეყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც თბილი წყარო იპოვა უდაბნოში, როდესაც მამამისის, ციბეყონის სახედრებს მწყემსავდა.
25 . ესენი იყვნენ ყანას შვილები: დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული.
26 . აი, დიშონის ძენი: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
27 . ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყვანი და ყაკანი.
28 . აი, დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
29 . ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბეყონი, თავკაცი ყანა.
30 . თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები სეყირის ქვეყანაში.
31 . აი, მეფენი, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის ძეებზე გამეფდებოდა მეფე.
32 . ედომში გამეფდა ბელაყი, ბეყორის ძე; მის ქალაქს დენჰაბა ერქვა.
33 . გარდაიცვალა ბელაყი და მის ნაცვლად იობაბი გამეფდა, ზერახის ძე, ბოცრადან.
34 . გარდაიცვალა იობაბი და მის ნაცვლად ხუშამი გამეფდა, თემანელთა ქვეყნიდან.
35 . გარდაიცვალა ხუშამი, და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა, ბედადის ძე, მოაბის ველზე მიდიანის მძლეველი; მის ქალაქს ყავითი ერქვა.
36 . გარდაიცვალა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა გამეფდა, მასრეკადან.
37 . გარდაიცვალა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
38 . გარდაიცვალა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე.
39 . გარდაიცვალა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა და მის ნაცვლად ჰადარი გამეფდა; მის ქალაქს ფაყუ ერქვა, ცოლს - მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა.
40 . ესენია ესავის უხუცესთა სახელები მათი გვარტომობის, ადგილებისა და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი;
41 . თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
42 . თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,
43 . თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის უხუცესნი თავიანთი სამკვიდრებლებით მათ სამფლობელო ქვეყანაში. ეს იყო ესავი - ედომელთა მამამთავარი.
1 . შეკრიბა იეშუამ ისრაელის ყველა ტომი შექემში და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზემდგომებს და წარდგნენ ისინი უფლის წინაშე.
2 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები - თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.
3 . მამათქვენი აბრაჰამი მდინარის გაღმიდან წამოვიყვანე და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, გავამრავლე მისი თესლი და მივეცი ისაკი.
4 . მივეცი ისაკს იაკობი და ესავი, ესავს სეყირის მთა მივეცი სამკვიდროდ, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.
5 . გავგზავნე მოსე და აჰარონი და დავაწყლულე ეგვიპტე იმ სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში; მერე გამოგიყვანეთ.
6 . გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან და მიადგნენ ზღვას; წითელ ზღვამდე მოსდევდნენ ეგვიპტელნი თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით.
7 . შეჰღაღადეს უფალს და მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი; თქვენი თვალით ნახეთ, რაც მოვიმოქმედე ეგვიპტეში; და მკვიდრობდით უდაბნოში მრავალი დღე.
8 . მიგიყვანეთ ამორელთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ მკვიდრობდნენ. შეგებრძოლნენ, მაგრამ ხელში ჩაგიგდეთ ისინი, თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენი პირისგან.
9 . ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, შეებრძოლა ისრაელს და მიავლინა ბილყამ ბეყორის ძის მოსახმობად, რათა დაეწყევლეთ.
10 . მაგრამ არ ვინებე ბილყამის მოსმენა და კურთხევით გაკურთხათ მან. ასე გიხსენით მისი ხელისგან.
11 . გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. შეგებრძოლნენ იერიხოს პატრონები: ამორელები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელნი, გირგაშელნი, ხიველნი და იებუსელნი და ხელში ჩაგიგდეთ ისინი.
12 . კრაზანები მივუსიე და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორელი მეფე, მაგრამ არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.
13 . და მოგეცით ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ და ქალაქები, რომლებიც არ გიშენებიათ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ მათში; ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც არ დაგირგავთ, მაგრამ თქვენ ჭამთ.
14 . ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ.
15 . და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
16 . მიუგო ხალხმა და თქვა: "შორს იყოს ჩვენგან ისეთი საქმე, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
17 . რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ჩვენს თვალწინ დიადი სასწაულები და გვიცავდა ყოველ გზაზე, რომელზეც დავდიოდით და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გავიარეთ.
18 . განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი”.
19 . უთხრა იეშუამ ხალხს: "ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი - ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.
20 . თუ მიატოვებთ უფალს და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას, მოგიბრუნდებათ, ბოროტებას დაგათევთ და ბოლოს მოგიღებთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ”.
21 . უპასუხა ხალხმა იეშუას: "არა, მხოლოდ უფალს გვინდა ვემსახუროთ!”
22 . უთხრა იეშუამ ხალხს: "თქვენვე ხართ თქვენი თავის მოწმენი, რომ უფალი აირჩიეთ, რათა მას ემსახუროთ!” უპასუხეს: "მოწმენი ვართ!”
23 . "ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ”.
24 . უთხრა ხალხმა იეშუას: "უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”.
25 . იმ დღეს დადო იეშუამ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
26 . და ჩაწერა იეშუამ ეს სიტყვები ღმერთის რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს: "აჰა, ეს ქვა იქნება მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც გვითხრა უფალმა; და იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი”.
28 . და გაუშვა იეშუამ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29 . ამ ამბების შემდედ, ას ათი წლის მოკვდა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური.
30 . და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომაა, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31 . ემსახურებოდა ისრაელი უფალს იეშუას სიცოცხლის დღეებში და უხუცესთა სიცოცხლის დღეებში, რომლებიც ცხოვრობდნენ იეშუას მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისთვის.
32 . დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების მიერ ამოტანილი იოსების ძვლები შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც იოსების ძეების საკუთრება გახდა და ას კესიტად ჰქონდა ნაყიდი იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან.
33 . და მოკვდა ელეაზარი, აჰარონის ძე და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეცა მას.
1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . ამის შემდეგ მოსრა დავითმა ფილისტიმელნი და დაიმორჩილა ისინი. და გამოგლიჯა დავითმა ქალაქი მეთეგ ამა ფილისტიმელთა ხელს.
2 . დაამარცხა მოაბელნი, მიწაზე დააწვინა ისინი და საბლით გაზომა; საბლის ორი ზომა დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი კი - ცოცხლად დასატოვებლად. მონებად და მოხარკეებად გაუხდნენ დავითს მოაბელნი.
3 . დაამარცხა დავითმა ჰადადყეზერი, ცობას მეფე, რეხობის ძე, როდესაც ევფრატის მდინარეზე თავისი მმართველობის აღსადგენად მიდიოდა იგი.
4 . წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი. ძარღვები გადაუჭრა დავითმა საეტლე ცხენებს, მხოლოდ ასი ეტლისთვის დაიტოვა.
5 . მოვიდნენ დამასკოელი არამელები ცობას მეფის, ჰადადყეზერის დასახმარებლად და გაჟლიტა დავითმა არამელთა ოცდაორი ათასი კაცი.
6 . მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა დავითმა დამასკოს არამს და მონებად და მსახურებად გაუხდნენ არამელნი დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.
7 . აიღო დავითმა ჰადადყეზერის მსახურთა ოქროს ფარები და იერუსალიმში მოიტანა.
8 . ჰადადყეზერის ქალაქებიდან ბეთახიდან და ბეროთაიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო მეფე დავითმა.
9 . გაიგო თოყიმ, ხამათის მეფემ, რომ ჰადადყეზერის მთელი ლაშქარი მოსპო დავითმა.
10 . გაგზავნა თოყიმ იორამი, თავისი ძე, მეფე დავითის მოსაკითხად და სამადლობლად, რადგან გაილაშქრა ჰადადყეზერზე და გაანადგურა იგი, ვინაიდან ეომებოდა თოყის ჰადადყეზერი. ხელთ კი თან ვერცხლის, ოქროს და სპილენძის ჭურჭელი გაატანა იორამს.
11 . ეს ჭურჭელიც უფალს მიუძღვნა მეფე დავითმა, როგორც დაპყრობილ ხალხთაგან ნადავლად წამოღებული მთელი ოქრო-ვერცხლი;
12 . არამელთათვის, მოაბელთათვის, ყამონელთათვის, ფილისტიმელთათვის, ყამალეკელთათვის და რეხობის ძის, ცობას მეფის, ჰადადყეზერისთვის წართმეული ნადავლივით.
13 . და განითქვა დავითმა სახელი, თვრამეტი ათასი ედომელის დამარცხებით.
14 . მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა ედომს: მთელ ედომში დანიშნა მეფისნაცვალნი და მთელი ედომი მსახურად გაუხდა დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.
15 . მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი; სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა მთელი თავისი ხალხისთვის.
16 . იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო,
17 . ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი,
18 . ბენაია იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განაგებდა, დავითის ძენი კი პირველნი იყვნენ სამეფო კარზე.
1 . ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.
2 . იმ ერებიდან, რომლებზეც ნათქვამი ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის: "ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უსათუოდ მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ”, სოლომონი სწორედ ასეთებს მიეწება სიყვარულით.
3 . შვიდასი ცოლი ჰყავდა სამეფო გვარიდან და სამასი ხარჭა; და მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა.
4 . სიბერის ჟამს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ და ისე სრულად მიძღვნილი აღარ იყო მისი გული უფლის, თავისი ღმერთის მიმართ, როგორც დავითის, მამამისის გული.
5 . მიჰყვა სოლომონი აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს და მილქომს, ყამონელთა სიბილწეს.
6 . ბოროტად იქცეოდა სოლომონი უფლის თვალში და სრულად არ მიჰყვებოდა უფლის კვალს, როგორც მამამისი, დავითი.
7 . მაშინ აუშენა სოლომონმა მაღლობი ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ; ასევე მოლოქს, ყამონის ძეთა სიბილწეს.
8 . ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისთვის, რომლებიც თავ-თავის ღმერთებს უკმევდნენ და სწირავდნენ.
9 . განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
10 . რომელმაც უბრძანა, არ გაჰყოლოდა უცხო ღმერთების კვალს; მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11 . უთხრა უფალმა სოლომონს: "იმის გამო, რომ ასეთი გახდი და არ დაიცავი ჩემი აღთქმა და წესები, რომლებიც გიბრძანე, უსათუოდ გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს.
12 . ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას დავითის, მამაშენის გულისთვის; შენს ძეს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13 . მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ, ერთ ტომს შენს ძეს მივცემ - დავითის, ჩემი მსახურის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, მე რომ ავირჩიე”.
14 . და აღუდგინა უფალმა მტერი სოლომონს, ედომელი ჰადადი, ედომის მეფის შთამომავალი.
15 . ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხად იმის მერე, რაც გაწყვიტა ყოველი მამაკაცი ედომში,
16 . რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და მთელი ისრაელი, ვიდრე არ მოსპეს ყოველი მამაკაცი ედომში,
17 . გაიქცა ჰადადი მამამისის მსახურ ედომელებთან ერთად, რომ ეგვიპტეში ჩასულიყვნენ; პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
18 . აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს. წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ეგვიპტეში, ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, რომელმაც მისცა მას სახლი, სარჩო და მიწა.
19 . დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში და მისცა მას ცოლად თავისი ცოლის, დედოფალ თახფენესის და.
20 . და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. ფარაონის სახლში გაზარდა ბავშვი თახფენესმა და იზრდებოდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
21 . გაიგონა ჰადადმა ეგვიპტეში, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი. უთხრა ჰადადმა ფარაონს: "გამიშვი, წავალ ჩემს ქვეყანაში”.
22 . უთხრა ფარაონმა: "რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში წასვლა რომ მოინდომე?” უპასუხა: "არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი”.
23 . კიდევ აღუდგინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადად-ყეზერს, ცობის მეფეს, თავის ბატონს;
24 . შემოიკრიბა კაცები და გახდა მძარცველთა მეთაური. მას შემდეგ, რაც მოსრა დავითმა ისინი ცობში, დამასკოსკენ წავიდნენ, დასახლდნენ და იქ ბატონობდნენ.
25 . ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის დღეებში; იმ ხანად ისრაელს ჰადადიც მტრობდა. სძულდა მას ისრაელი და არამზე გამეფდა იგი.
26 . იერობყამ ნებატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, ხელი აღმართა მეფეზე.
27 . აი, მიზეზი, რის გამოც ხელი აღმართა მეფეზე: მილო ააშენა სოლომონმა, დანგრეულ ნაპრალებს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
28 . მამაცი კაცი იყო იერობყამი. დაინახა სოლომონმა, რომ კარგად ასრულებდა საქმეს ეს ახალგაზრდა და ჩააბარა იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
29 . ერთ დღეს გავიდა იერობყამი იერუსალიმიდან და შეხვდა გზად შილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ემოსა. მხოლოდ ეს ორნი იყვნენ მინდვრად.
30 . აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
31 . უთხრა იერობყამს: "აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.
32 . ერთი ტომი მას დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე ისრაელის ყველა ტომისგან,
33 . რადგან მიმატოვეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს, ქემოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონის ძეთა ღმერთს; არ იარეს ჩემს გზებზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესები და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა.
34 . არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელ სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს.
35 . ხელიდან გამოვგლეჯ მის ძეს სამეფოს და შენ მოგცემ ათ ტომს,
36 . მის ძეს კი ერთ ტომს მივცემ, რომ მუდმივად დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემ წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად.
37 . აგირჩევ და ისე იმეფებ, როგორც შენი სული მოისურვებს; შენ იქნები ისრაელის მეფე.
38 . თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც გიბრძანებ და ჩემს გზებზე ივლი, თუ იქმ სიმართლეს ჩემს თვალში და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური დავითი აკეთებდა, შენთან ვიქნები, აგიშენებ გამძლე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39 . ამის გულისთვის მოვდრეკ დავითის შთამომავლებს, ოღონდ არა სამუდამოდ”.
40 . ეძებდა სოლომონი იერობყამს მოსაკლავად, მაგრამ ადგა და ეგვიპტეში გაიქცა იერობყამი, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან; და იყო იქ სოლომონის სიკვდილამდე.
41 . სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა და მისი სიბრძნე სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
42 . ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში და მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
43 . განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დაიმარხა იგი დავითის, მამამისის ქალაქში, ხოლო მის ნაცვლად მისი ძე, რეხაბყამი გამეფდა.
1 . უთხრა ელისემ ქალს, რომლის ძეც გააცოცხლა: "ადექით, წადით, შენ და შენი სახლეული და იქ გაიხიზნეთ, სადაც მოგიხერხდებათ, რადგან შიმშილს მოუხმო უფალმა ამ მიწაზე და მოვიდა კიდეც შვიდი წლით”.
2 . ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყისამებრ მოიქცა; წავიდა თავისი სახლეულითურთ და ფილისტიმელთა ქვეყანაში მდგმურობდა შვიდ წელიწადს.
3 . დაბრუნდა ეს ქალი შვიდი წლის დამლევს ფილისტიმელთა ქვეყნიდან და მეფესთან მივიდა, რათა თავისი სახლი და მიწა გამოეთხოვა.
4 . ამ დროს გეხაზს ელაპარაკებოდა მეფე, ღვთისკაცის მსახურს: "მიამბე ყველა დიდი სასწაული, რომელიც ელისემ მოახდინაო”.
5 . ისიც უყვებოდა, მკვდარი რომ გააცოცხლა და, აჰა, სწორედ მაშინ მოვიდა ის ქალი, რომლის ძეც გააცოცხლა, თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად. თქვა გეხაზმა: "მეფევ, ჩემო ბატონო! ესაა ის ქალი და ესაა მისი ძე, რომელიც ელისემ გააცოცხლა”.
6 . გამოჰკითხა ქალს მეფემ და მანაც უამბო. გააყოლა მას მეფემ ერთი მთავართაგანი ამ სიტყვებით: "დაუბრუნე ყველაფერი, რაც მისია და მისი მიწის მთელი მოსავალი, რაც ქვეყნის დატოვების დღიდან დღემდე იქნა მოწეული”.
7 . მივიდა ელისე დამასკოს და ავად იყო ბენ-ჰადადი, არამელთა მეფე. შეატყობინეს: "ღვთისკაცი მოვიდაო”.
8 . უთხრა მეფემ ხაზაელს: "ძღვენი აიღე ხელში, წადი, შეხვდი ღვთისკაცს და აკითხვინე უფალთან, თუ განვიკურნები ამ სნეულებისგან.
9 . ხაზაელიც გაემართა მასთან შესახვედრად, თან ძღვენი წაიღო თავისი ხელით: ყოველგვარი სიკეთე დამასკოდან, ორმოცი დატვირთული აქლემი; მივიდა, დადგა მის წინაშე და თქვა: "შენმა ძემ, ბენ-ჰადადმა, არამელთა მეფემ, წარმომგზავნა შენთან ამ სიტყვებით, თუ განვიკურნებიო ამ სნეულებისგან”.
10 . მიუგო მას ელისემ: "წადი და უთხარი: უცილობლად განიკურნები. თუმცა, მიჩვენა უფალმა, რომ უცილობლად მოკვდება იგი”.
11 . სახეზე მიაშტერდა ელისე, ვიდრე არ შერცხვა ხაზაელს. აქვითინდა ღვთისკაცი.
12 . ჰკითხა ხაზაელმა: "რად მოსთქვამს ჩემი ბატონი?” მიუგო: "რადგან ვიცი, რა ბოროტებას დააწევ ისრაელიანებს: მათ სიმაგრეებს ცეცხლს მისცემ და ჭაბუკებს მახვილით ამოხოცავ, ჩვილებს გასრეს და ორსულებს აჩეხავ”.
13 . თქვა ხაზაელმა: "ვინ ძაღლია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე მოიმოქმედოს?” უპასუხა ელისემ: "შენი თავი მიჩვენა უფალმა არამის მეფედ”.
14 . წავიდა ხაზაელი ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. ჰკითხა მეფემ: "რა გითხრა ელისემ?” მიუგო: "მითხრა, რომ უცილობლად განიკურნები”.
15 . მეორე დღეს კი აიღო საბანი, ამოავლო წყალში, სახეზე გადააფარა და მოკვდა მეფე, ხოლო მის ნაცვლად ხაზაელი გამეფდა.
16 . ისრაელზე იორამ ახაბის ძის გამეფების მეხუთე წელს, გამეფდა იუდაზე იოშაფატის ძე, იორამი.
17 . ოცდათორმეტი წლის იყო, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
18 . ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა ისიც, ახაბის სახლეულივით, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად; ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში,
19 . მაგრამ არ ინება უფალმა იუდას მოსპობა, თავისი მსახურის, დავითის გამო, რადგან აღთქმული ჰქონდა, რომ ლამპარს მისცემდა მას და მის ძეებს.
20 . მისი მეფობის დღეებში აუმხედრდა ედომი იუდას და დაისვა მეფე.
21 . წავიდა იორამი ცაყირში, თან ახლდა მთელი თავისი ეტლიონი; ადგა ღამით, გაემზადა და დაეცა ედომელებს და ეტლების მთავრებს, გარს რომ ეხვივნენ. და გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.
22 . გამოეცალა ედომი იუდას ხელს და ასეა დღემდე. იმავე დროს აჯანყდა ლიბნაც.
23 . იორამის დანარჩენი საქმენი და ყოველივე, რაც გააკეთა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
24 . მიიძინა იორამმა და დაიკრძალა დავითის ქალაქში თავის მამებთან. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა.
25 . ისრაელის მეფის, იორამ ახაბის ძის გამეფებიდან მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის ძე.
26 . ოცდაორი წლის იყო ახაზია, როცა გამეფდა და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ღოთოლია, ყომრის, ისრაელის მეფის ასული.
27 . ახაბის სახლის გზით დადიოდა ისიც და ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, რადგან ახაბის სახლის სიძე იყო.
28 . იორამთან, ახაბის ძესთან ერთად წავიდა იგი, რათა არამელთა მეფეს, ხაზაელს შებრძოლებოდა გილყადის რამოთს და დაჭრეს იორამი არამელებმა.
29 . დაბრუნდა მეფე იორამი, რათა განეკურნა ჭრილობები, რომლებიც არამელებმა ხაზაელის წინააღმდეგ ბრძოლისას მიაყენეს იზრეყელის რამაში. ჩავიდა იზრეყელში იუდას მეფე, ახაზია იორამის ძე, იორამის მოსანახულებლად, რადგან სნეული იყო იგი.
1 . ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის გამეფების მეორე წელს იუდაში გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
2 . ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. იერუსალიმელი იეჰოყადანი იყო დედამისი.
3 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მამამის დავითივით, არამედ ისიც მამამისის, იოაშის მსგავსად იქცეოდა.
4 . ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხი ჯერ კიდევ იქ სწირავდა და აკმევდა.
5 . განუმტკიცდა ამაციაჰუს ხელში მეფობა და დახოცა თავისი მსახურნი, რომლებმაც მამამისი, მეფე მოკლეს.
6 . მკვლელთა შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია, რადგან ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილთა გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამათა გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის დაისაჯოს სიკვდილით”.
7 . ათი ათასი ედომელი გაჟლიტა მარილოვან ველზე, ომით დაიპყრო სელა და იოკთეყელი უწოდა, როგორც დღემდე უწოდებენ.
8 . ამის მერე მოციქულები გაუგზავნა ამაციაჰუმ იოაშს, იოახაზის ძეს, იეჰუს ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: "გამოდი, პირისპირ შევხვდეთ”.
9 . შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: "სთხოვა ლიბანის ძეძვმა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს, მაგრამ გაიარა ლიბანის ველურმა ცხოველმა და გასრისა ძეძვი.
10 . აჰა, დაგიმარცხებია ედომი და გაამაყდი? განდიდებულხარ, მაგრამ დაჯექი შენს სახლში. რაღად ეძიებ შფოთს, შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
11 . არ შეისმინა მისი ამაციაჰუმ; მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე.
12 . დამარცხდა იუდა ისრაელთან; ყველანი თავ-თავისი სახლებისკენ გაიქცნენ.
13 . იოაშმა, ისრაელის მეფემ შეიპყრო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიას ძის ძე ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმს და ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე დაანგრია მისი გალავანი, ოთხასი წყრთა.
14 . აიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი უფლის ტაძარსა და მეფის სახლის საგანძურში ნახა, ტყვეები წაიყვანა და სამარიაში გაბრუნდა.
15 . იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, მიღწევები და ამაციაჰუსთან, იუდას მეფესთან ბრძოლის ამბები, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
16 . განისვენა იოაშმა თავის მამებთან და სამარიაში, ისრაელის მეფეებთან დაიკრძალა. მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა.
17 . ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ, თხუთმეტი წელი იცოცხლა, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ.
18 . ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
19 . შეთქმულება მოუწყვეს მას იერუსალიმში; ლაქიშს გაიქცა. ბოლომდე სდიეს და იქ მოკლეს.
20 . ცხენებით მოასვენეს და დაკრძალეს იერუსალიმში, თავის მამებთან, დავითის ქალაქში.
21 . ადგა იუდას მთელი ხალხი და თექვსმეტი წლის აზარია გაამეფა მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად.
22 . ეილათი ააშენა და დაუბრუნა იუდას. მერე თავის მამებთან განისვენა.
23 . იუდას მეფის, ამაციაჰუ იოაშის ძის, გამეფებიდან მეთხუთმეტე წელს გამეფდა სამარიაში იერობყამი, ისრაელის მეფის, იოაშის ძე და იმეფა ორმოცდაერთი წელიწადი.
24 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განუშორებია იერობყამის, ნაბატის ძის ყველა ის ცოდვა, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
25 . ხამათის მისადგომებიდან ყარაბას ზღვამდე აღუდგინა ისრაელს საზღვრები, როგორც უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით ჰქონდა ნათქვამი.
26 . რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.
27 . არ უნდოდა უფალს ისრაელის სახელის გაქრობა ცისქვეშეთიდან და იხსნა ისინი იერობყამის, იოაშის ძის ხელით.
28 . იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, მისი მიღწევები, როგორ იბრძოდა და როგორ დაუბრუნა ისრაელს დამასკო და ხამათი, რომლებიც იუდას ეკუთვნოდა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
29 . მიიძინა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან; მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.
1 . ყამონის ძეებზე კი ასე ამბობს უფალი: "განა, არა ჰყავს ისრაელს ძენი? განა არა ჰყავს მემკვიდრე? მაშ რატომ დაეპატრონა მალქომი გადს? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში?
2 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი, როცა რაბამდე გაიგებენ ყამონის ძეთა საბრძოლო საყვირის ხმას, და იქცევა ის ნანგრევების გროვად, მისი შემოგარენი კი ცეცხლით გადაიბუგება; და დაეპატრონება ისრაელი თავის სამკვიდროს! ამბობს უფალი.
3 . იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე. იყვირეთ, რაბას ასულნო, ძაძები ჩაიცვით, დაიტირეთ და გალავანს მიაშურეთ, რადგან ტყვეობაში წავა მალქომი თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.
4 . რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?
5 . აჰა, მე მოვაწევ შენზე ძრწოლას, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, შენ ირგვლივ მყოფთაგან; სათითაოდ გაგაძევებენ და არავინ იქნება განდევნილთა შემკრები.
6 . ამის შემდეგ კი მე დავაბრუნებ ყამონის ძეებს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
7 . ედომზე კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აღარ არის სიბრძნე თემანში? გამტყუნდა გონიერთა რჩევა? გაქრა მათი სიბრძნე?
8 . გაიქეცით, გაბრუნდით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი მისი დასჯისა.
9 . ყურძნის მკრეფავნი რომ შემოგსეოდნენ, განა არ დარჩებოდათ მარცვლები? ქურდები რომ შემოპარულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მიიტაცებდნენ?
10 . რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი სამალავი და ვეღარ შეძლებს თავის შეფარებას. გაცამტვერდა მისი შთამომავლობა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. აღარ იქნება იგი.
11 . დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.
12 . რადგან, ასე ამბობს უფალი: აჰა, ვისაც მისჯილი არ ჰქონდა ამ ფიალის შესმა, აუცილებლად შესვამს და შენ არ დაისჯები? დაუსჯელი არ დარჩები, აუცილებლად შესვამ.
13 . რადგან ჩემი თავი დავიფიცე, ამბობს უფალი, რომ საფრთხობელად, სამარცხვინოდ, აოხრებულად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი - საუკუნო ნანგრევებად”.
14 . ამბავი მესმა უფლისგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: "შეიკრიბეთ და მოდით მის წინააღმდეგ და აღსდექით საბრძოლველად!
15 . რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხებში, საძულველი გაგხადე ადამიანებში.
16 . საშიში იყავი, გულით გაკადნიერდი და ამან გაცდუნა; კლდის ნაპრალების მკვიდრო, მთის წვერზე გამაგრებულო. არწივივითაც რომ აიმაღლო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ! ამბობს უფალი.
17 . საფრთხობელად გადაიქცევა ედომი, გაოცდება ყოველი გამვლელი და დაუსტვენს მისი წყლულების დამნახავი.
18 . როგორც სოდომის, გომორასა და მისი მეზობელი ქალაქების მოსპობის შემდეგ, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ იცხოვრებს, ადამის ძე აღარ დასახლდება მასში.
19 . აჰა, ლომივით ამოვა იგი იორდანეს უღრანიდან გამაგრებულ საცხოვრებლებზე, მაგრამ მყისიერად ვაიძულებ მისგან გაქცევას; ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი, ან ვინ დამინიშნავს დროს? ვინაა ის მწყემსი, წინ რომ დამიდგება?
20 . ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!
21 . მათი დაცემის ხმაზე მიწა შეირყევა და მათი ყვირილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
22 . აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული”.
23 . დამასკოზე: "შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბავი მოისმინეს და სულით დაეცნენ; ზღვასავით ღელავენ, არ შეუძლიათ დაწყნარება.
24 . დაუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
25 . როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი სიხარულის ქალაქი?
26 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და მისი ყველა მებრძოლი დადუმდება იმ დღეს! ამბობს ცბაოთ უფალი.
27 . ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შთანთქავს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.
28 . კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასცა. ასე ამბობს უფალი: "ადექით, წადით კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი.
29 . თავისთვის წაასხამენ მათ ფარებს და წაიღებენ მათ კარვებს; მათ ფარდაგებს, მთელ მათ ჭურჭელსა და აქლემებს; ყველა მხრიდან ძრწოლას მოჰგვრიან.
30 . გაიქეცით, შორს წადით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, ხაცორის მცხოვრებნო, ამბობს უფალი, რადგან გადაწყვეტილება მიიღო თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და სიავე განიზრახა თქვენზე.
31 . ადექით, დაეცით უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს! ამბობს უფალი, არც კარები აქვს, არც დარაბები, განმარტოებულად სახლობს.
32 . წაასხამენ მათ აქლემებს და მათ საქონელს ნადავლად. გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ ქარის ყველა მიმართულებით და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას! ამბობს უფალი.
33 . იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად და საუკუნო უდაბნოდ; არავინ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში”.
34 . უფლის სიტყვა ელამზე, რომელიც ესმა იერემიას იუდაზე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში.
35 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გადავტეხავ ელამის მშვილდს, მისი ძლევამოსილების საფუძველს.
36 . ოთხ ქარს მოვაწევ ცის ოთხი კიდიდან ელამზე და გავფანტავ მათ ამ ქარებთან ერთად; არ დარჩება ერი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ელამელი.
37 . მე გავანადგურებ ელამელთ მათი მტრებისა და სულის მაძიებელთა თვალწინ; მოვაწევ მათზე უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, ამბობს უფალი, მახვილს დავადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.
38 . დავიდგამ ტახტს ელამში და იქიდან მოვსპობ მეფესა და მთავრებს, ამბობს უფალი.
39 . მაგრამ უკანასკნელ დღეებში დავაბრუნებ ელამს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
1 . ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი. მითხრა: ბუღაურებს დაჰკარი, რომ შეირყეს ზღურბლის ძელნი და თავზე დაემხოს ყველას; მათგან გადარჩენილთ მახვილით მოვსრავ, ვერსად გაიქცევა გამქცევი, მათგან ვერავინ გადარჩება.
2 . ქვესკნელშიც რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან.
3 . ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი და წამოვიყვან; ზღვის ფსკერზეც რომ მიეფარონ ჩემს თვალს, იქ ვუბრძანებ გველს და დაგესლავს მათ.
4 . ტყვედ რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, მახვილს ვუბრძანებ, რომ იქ ამოხოცოს ისინი. საბოროტოდ დავადგამ თვალს და არა სასიკეთოდ.
5 . ადონაი, ცაბაოთ უფალი, მიწას რომ ეხება, დნება იგი და ტირის ყოველი მისი მკვიდრი. ნილოსივით მაღლა აიწევს და ეგვიპტის მდინარესავით დაბლა დაიწევს.
6 . ცაში აიშენა თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა კამარა; ზღვის წყლებს მოუხმობს და მიწის ზედაპირზე მოღვრის. უფალია მისი სახელი.
7 . განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელის ძენო? - ამბობს უფალი - განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, ხოლო ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?
8 . აჰა, უფალი ღმერთის თვალები ცოდვილ სამეფოზეა და მე აღვგვი მას მიწის პირისაგან; ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს! - ამბობს უფალი.
9 . რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
10 . მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ხალხში, რომელიც ამბობს: არ გვეწევა და არ შეგვხვდებაო ბოროტება.
11 . იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს, შევკრავ გარღვეულ კედელს, ნანგრევებიდან აღვადგენ და ისე ავაშენებ, როგორც უწინდელ დღეებში იყო,
12 . რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ერს, რომლებიც ჩემი სახელით იწოდებიან! - ამბობს უფალი, ამის მომქმედი.
13 . აჰა, დგება დღეები, - ამბობს უფალი, - როცა მხვნელი წამოეწევა მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს; ტკბილ ღვინოს ჩამოწვეთენ მთები და ყველა ბორცვი დადნება.
14 . ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ხალხს - ისრაელს, ნანგრევებად ქცეულ ქალაქებს ააშენებენ და იქ იცხოვრებენ; ვენახებს ჩაყრიან და მათ ღვინოს დალევენ, ბაღებს გააშენებენ და მათ ნაყოფს შეჭამენ.
15 . თავიანთ მიწაზე დავნერგავ მათ და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, მათ რომ მივეცი! - ამბობს უფალი, შენი ღმერთი.
1 . უფლის სიტყვის განაჩენი ისრაელისადმი, მალაქიას მეშვეობით.
2 . მე შეგიყვარეთ - ამბობს უფალი - თქვენ კი კითხულობთ: როგორ შეგვიყვარეო? განა ესავი იაკობის ძმა არ არის? - ამბობს უფალი - მაგრამ მე იაკობი შევიყვარე;
3 . ესავი კი შევიძულე, გავაუდაბურე მისი მთები და უდაბნოს ტურებს მივეცი მისი სამკვიდრო;
4 . ედომი კი ამბობს: "დაგვარბიეს, მაგრამ კვლავ ავაშენებთო ნანგრევებს”, მაგრამ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ისინი ააშენებენ, მე დავანგრევ; ბოროტების მხარედ იქნება წოდებული და იმ ერად შეირაცხება, რომელსაც სამუდამოდ განურისხდა უფალი”.
5 . იხილავენ ამას თქვენი თვალები და იტყვით: განდიდდაო უფალი ისრაელის საზღვრებს გარეთ.
6 . ძე პატივს სცემს მამას, მსახური - თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი მოშიშება? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო; თქვენ კი გიკვირთ: როგორ მოვიძულეთო შენი სახელი?
7 . შებილწული პური მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე და კითხულობთ: რითი შეგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო!
8 . ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, განა ეს ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, განა ეს ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს, ან სიკეთით თუ გადაგიხდის? - ამბობს ცაბაოთ უფალი.
9 . ახლა შეევედრეთ ღმერთს, იქნებ შეგიწყალოთ. ასეთი შესაწირის შემდეგ, განა კეთილად მიგიღებთ? - ამბობს ცაბაოთ უფალი.
10 . ნეტა რომელიმე თქვენგანს კარიბჭე ჩაეკეტა, რომ ფუჭად არ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე. ვერ მოგიწონებთ! - ამბობს ცაბაოთ უფალი, და ვერც თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს მივიღებ.
11 . რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; საკმეველს დაუკმევენ ჩემს სახელს ყოველ ადგილზე და წმიდა მსხვერპლს მომართმევენ, რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში - ამბობს ცაბაოთ უფალი.
12 . თქვენ კი შებღალეთ იგი, როცა თქვით: შებილწულიაო უფლის ტაბლა და მოძულებული საჭმელი მისი.
13 . ამბობთ: როგორ მოგვქანცაო ამ ყველაფერმა და ზიზღით ყნოსავთ სამსხვერპლოს - ამბობს ცაბაოთ უფალი. ნატაცები, კოჭლი და სნეული მოგყავთ; და ეს არის თქვენი ძღვენი. როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? - ამბობს უფალი.
14 . წყეულიმც იყოს ის თაღლითი, ვისაც ფარაში საღი მამალი პირუტყვი ჰყავს და მას აღუთქვამს, მაგრამ მსხვერპლად დასახიჩრებულს აღუვლენს უფალს. რადგან დიდი მეფე ვარ მე! - ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი სახელის მოშიშება აქვთ ერებში.
1 . დაიბადა რა იესო იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, აჰა, მოგვები მოვიდნენ აღმოსავლეთიდან იერუსალიმში და თქვეს:
2 . "სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
3 . ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
4 . შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე.
5 . უპასუხეს: "იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:
6 . და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; რადგან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს”.
7 . მაშინ ჰეროდემ ფარულად დაიბარა მოგვები და ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი გამოკითხა.
8 . გაგზავნა ისინი ბეთლემს, თან უთხრა: "წადით და გულმოდგინედ გამოიძიეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას”.
9 . მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ; და აჰა, ვარსკვლავი, აღმოსავლეთში რომ იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, ვიდრე არ მივიდა და დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10 . ვარსკვლავი რომ დაინახეს, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11 . შიგნით რომ შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დამხობილებმა სცეს მას თაყვანი; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12 . და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.
13 . მათი წასვლის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა დედამისთან ერთად და ეგვიპტეში გაიქეცი; იქ იყავი, სანამ მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი”.
14 . ისიც ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და წავიდა ეგვიპტეში.
15 . და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: "ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.
16 . როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.
17 . მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
19 . ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ, აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში.
20 . უთხრა: "ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ ისინი, ვინც მაგ ყრმის სიცოცხლეს ეძებდნენ”.
21 . ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.
22 . ხოლო როცა გაიგო, რომ მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად არქელაოსი მეფობდა იუდაში, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმრით გაფრთხილებულმა გალილეის მხარეს მიაშურა.
23 . მისული კი ნაზარეთად წოდებულ ქალაქში დასახლდა; რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.