1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . როცა მოხუცდა ისაკი და დაუსუსტდა თვალისჩინი ისე, რომ ვეღარ ხედავდა, მოუხმო მან ესავს, თავის უფროს ძეს, და უთხრა მას: "შვილო ჩემო!” და უპასუხა: "აქა ვარ”.
2 . უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;
3 . აიღე შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი ველად და მოინადირე ჩემთვის ნადირი.
4 . მომიმზადე ჩემი საყვარელი კერძი და მაჭამე, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა სანამ მოვკვდები”.
5 . ესმოდა რებეკას, როცა ისაკი ელაპარაკებოდა ესავს, თავის ძეს. და გასწია ესავმა ველად სანადიროდ, მამისთვის ნანადირევის მოსატანად.
6 . და უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ძეს: "მოვისმინე, მამაშენი რომ ელაპარაკებოდა ესავს, შენს ძმას; ასე უთხრა:
7 . "მომიტანე ნანადირევი და კერძი მომიმზადე, შევჭამ და გაკურთხებ უფლის წინაშე, სანამ ცოცხალი ვარ”.
8 . ახლა, მომისმინე შვილო, და ჩემი ბრძანებისამებრ მოიქეცი:
9 . წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.
10 . და მიართმევ მამაშენს, რომ ჭამოს, რათა შენ გაკურთხოს სიკვდილის წინ”.
11 . უთხრა იაკობმა რებეკას, დედამისს: "ჩემი ძმა ესავი ბალნიანი კაცია, მე კი უბალნო ვარ.
12 . ხელი რომ შემახოს მამაჩემმა, მატყუარა გამოვჩნდები მის თვალში და კურთხევას კი არა წყევლას დავიტეხ თავზე”.
13 . უთხრა დედამისმა: "ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე, წადი და მომიყვანე”.
14 . წავიდა და დედამისს ორი თიკანი მიუყვანა. და ისე მოამზადა კერძი დედამისმა, როგორც მამამისს უყვარდა.
15 . აიღო რებეკამ ესავის, თავისი უფროსი ძის, საუკეთესო სამოსი, სახლში რომ ჰქონდა, და შემოსა იაკობი, უმცროსი ძე;
16 . ხელებსა და ტიტველ კისერზე კი თიკნის ტყავი შემოაცვა.
17 . და მისცა ხელში იაკობს თავის მომზადებული კერძი და პური.
18 . მივიდა იგი მამასთან და უთხრა: "მამა!” მიუგო: "აქა ვარ, რომელი ხარ, შვილო?”
19 . უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.
20 . უთხრა ისაკმა თავის ძეს: "რა მალე მოგინადირებია, შვილო!” მიუგო: "უფალი, შენი ღმერთი შემეწია”.
21 . უთხრა ისაკმა იაკობს: "მომიახლოვდი, რომ ხელი შეგახო, შვილო, მართლა ჩემი ძე ესავი ხარ თუ არა”.
22 . და მიუახლოვდა იაკობი ისაკს, მამამისს. მან ხელი შეახო და თქვა: "ეს ხმა იაკობის ხმაა, მაგრამ ხელები ესავის, მისი ძმისაა;
23 . ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის ხელებივით ბალნიანი ჰქონდა. და აკურთხა იგი.
24 . ჰკითხა: "ეს შენ ხარ ჩემი ძე ესავი?” მიუგო: "მე ვარ!”
25 . უთხრა: "მომაწოდე და შევჭამ ჩემი შვილის ნანადირევს, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა”. მიაწოდა იაკობმა და ჭამა; ღვინოც მიუტანა და ისიც დალია.
26 . უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: "მომიახლოვდი და მაკოცე, შვილო”.
27 . მივიდა და აკოცა. იყნოსა მისი სამოსის სურნელი, აკურთხა იგი და თქვა: "აი, სურნელი ჩემი ძისა, ვით ველის სურნელი, რომელიც აკურთხა უფალმა.
28 . მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.
29 . გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.
30 . როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ჯერ კიდევ არ გასულიყო იაკობი მამამისისგან და ესავი, მისი ძმაც, დაბრუნდა ნადირობიდან.
31 . მანაც მოამზადა საჭმელი, მიართვა მამამისს და უთხრა: "ჭამოს მამაჩემმა თავისი ძის ნანადირევი და მაკურთხოს მისმა სულმა”.
32 . ჰკითხა ისაკმა, მამამისმა: "ვინ ხარ?” მან მიუგო: "მე ვარ, შენი ძე, პირმშო - ესავი”.
33 . ფრიად შეძრწუნდა ისაკი და თქვა: "ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომართვა და შენს მოსვლამდე მაჭამა? ის ვაკურთხე და ის იქნება კურთხეული”.
34 . რომ გაიგონა ესავმა მამის სიტყვები, შეჰყვირა ძალზე დიდი და მწარე ხმით, და უთხრა მამას: "მეც მაკურთხე, მამაჩემო!”
35 . უთხრა ისაკმა: "ცბიერებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო შენი კუთვნილი კურთხევა”.
36 . თქვა ესავმა: "ამიტომაც ჰქვია სახელად იაკობი, რადგან უკვე ორჯერ მომატყუა: ჯერ პირმშოობა წამართვა, ახლა კი ჩემი კურთხევაც მიუთვისებია!” ჰკითხა: "ნუთუ ჩემთვის არ შეგინახავს კურთხევა?”
37 . და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”
38 . ჰკითხა ესავმა მამას: "მამაჩემო, ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გქონდა? მეც მაკურთხე, მამაჩემო!” და აღიმაღლა თავისი ხმა ესავმა, და აქვითინდა.
39 . მიუგო ისაკმა, მამამისმა: "ნოყიერი მიწისაგან შორს იყოს შენი სამკვიდრებელი, შორს ცის ცვარისაგან.
40 . შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.
41 . შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: "ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.
42 . ეუწყა რებეკას ესავის, თავისი უფროსი ძის, ნათქვამი, მოუხმო თავის უმცროს ძეს, იაკობს და უთხრა: "აჰა, ესავი, შენი ძმა, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს!
43 . ახლა მისმინე, შვილო, ხარანში გაიქეცი ლაბანთან, ჩემს ძმასთან.
44 . ერთხანს მასთან დაბინავდი, ვიდრე შენი ძმის გულისწყრომა დაცხრება.
45 . შენი ძმის რისხვა რომ დაცხრება და შენს საქციელს დაივიწყებს, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან: ორივე ერთ დღეს რატომ დაგკარგოთ?”
46 . უთხრა რებეკამ ისაკს: "სიცოცხლე შემაძულეს ხეთელმა ასულებმა; და თუ იაკობიც ხეთელ ქალს მოიყვანს ცოლად, რაღა იქნება ჩემი სიცოცხლე?”
1 . გაძლიერდა შიმშილი ქვეყანაზე.
2 . როცა ეგვიპტიდან ჩამოტანილი პური გაუთავდათ, უთხრა მათ მამამ: "წადით და იყიდეთ ჩვენთვის მცირედი საზრდო”.
3 . უთხრა იუდამ: "მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა: თუ თან არ გეყოლებათ თქვენი ძმა, ჩემს სახეს ვერ იხილავთო.
4 . თუ გაგვაყოლებ ჩვენს ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5 . თუ არ გამოუშვებ, ვერ წავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, რომ არ დავენახოთ თვალით, თუ თან არ გვეყოლება ძმა”.
6 . თქვა ისრაელმა: "რად მიბოროტეთ, რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?”
7 . უთხრეს: "გამოგვკითხა იმ კაცმა ჩვენი და ჩვენი მოდგმის ამბავი; აინტერესებდა, მამათქვენი ცოცხალიაო თუ არა, კიდევ თუ გყავთო ძმა. ყველაფერი ვუამბეთ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ძმის ჩაყვანას მოგვთხოვდა?”
8 . უთხრა იუდამ მამამისს: "გამოუშვი ყმაწვილი; ავდგებით, წავალთ და აღარ დავიხოცებით შიმშილით, არც შენ და არც ჩვენი შვილები!
9 . მე ვიქნები მისი თავდები, ჩემგან მოითხოვე იგი. თუ არ დავაბრუნებ და არ წარმოვადგენ შენს წინაშე, შემცოდე ვიყო შენთან მთელი სიცოცხლე!
10 . რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ დავბრუნდებოდით”.
11 . თქვა ისრაელმა, მათმა მამამ: "სხვა გზა თუ არ არის, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ამ ქვეყნის დოვლათით ჭურჭლები; ჩაუტანეთ იმ კაცს საჩუქრად მცირეოდენი ბალსამონი და მცირეოდენი თაფლი, საკმეველი და მური, ფუსტუღი და ნუში.
12 . ორჯერ მეტი ვერცხლი წაიყოლეთ და უკან დააბრუნეთ თქვენს ტომრებში აღმოჩენილი ფული, ეგებ რაღაც შეცდომა იყო.
13 . წაიყვანეთ თქვენი ძმაც და დაბრუნდით იმ კაცთან.
14 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაპოვნინოთ წყალობა იმ კაცის თვალში, იქნებ მეორე ძმაც გამოუშვას და ბენიამინიც. შვილების გარეშე თუ უნდა დავრჩე, დაე, ასე იყოს”.
15 . წაიღეს კაცებმა საჩუქარი, ორჯერ მეტი ფული და ბენიამინიც თან წაიყვანეს. ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარსდგნენ იოსების წინაშე.
16 . დაინახა იოსებმა მათთან ერთად ბენიამინი და უთხრა თავისი სახლის მოურავს: "ეს ხალხი ჩემს სახლში მიიყვანე, საკლავი დაკალი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური შუადღისას”.
17 . ისე მოიქცა მოურავი, როგორც იოსებმა უთხრა და მიიყვანა ისინი იოსების სახლში.
18 . როცა იოსების სახლში მიიყვანეს, შეშინდნენ ძმები. თქვეს: "აქ, ალბათ, ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფულის გამო მოგვიყვანეს, რათა ცილი დაგვწამონ, თავს დაგვესხან და დაგვატყვევონ ჩვენ და ჩვენი სახედრები”.
19 . მივიდნენ იოსების სახლის მოურავთან და ელაპარაკნენ ჭიშკართან.
20 . "გთხოვთ ჩვენო ბატონო! აქ უწინაც ჩამოვსულვართ საზრდოს საყიდლად!
21 . ღამის გასათევში რომ შევჩერდით, ტომრები გავხსენით და, აჰა, თითოეულის ფული მისივე ტომარაშია! ჩვენივე ხელით უკან გიბრუნებთ.
22 . კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”
23 . უთხრა მათ: "მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი”. და გამოუყვანა სიმონი.
24 . შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვები სახედრებისთვის.
25 . და მოამზადეს საჩუქარი შუადღისას იოსების მოსვლამდე, რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.
26 . დაბრუნდა იოსები სახლში და მიართვეს საჩუქარი თავის ხელით, თან მიწამდე სცეს თაყვანი.
27 . გამოიკითხა იოსებმა მათი ჯანმრთელობის ამბავი და უთხრა: "ხომ მშვიდობითაა თქვენი მოხუცი მამა, ვისზეც მელაპარაკეთ? ხომ ჯერაც ცოცხალია?”
28 . უთხრეს: "ჯანმრთელადაა შენი მსახური მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია”. დაიჩოქეს და თაყვანი სცეს.
29 . აღაპყრო თვალი იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, ძე თავისი დედისა. თქვა: "ესაა თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მიამბობდით?” და დაამატა: "ღმერთი გწყალობდეს, შვილო!”
30 . და ისწრაფა იოსებმა გასვლა, რადგან გაღვივდა მისი გრძნობები თავისი ძმისადმი, და ტირილი მოუნდა; შევიდა თავის ოთახში და ატირდა.
31 . პირი დაიბანა, გული გაიმაგრა, გამოვიდა და თქვა: "პური მოგვიტანეთ”.
32 . ცალკე მიართვეს მას, იმათაც - ცალკე და მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც - ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან პურის ჭამა - სისაძაგლე იყო ეს ეგვიპტელთათვის
33 . და დასხეს ძმები მის წინაშე უფროს-უმცროსობის მიხედვით. და გაოგნებულნი უყურებდნენ ერთმანეთს კაცები.
34 . უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; მაგრამ ხუთჯერ მეტი იყო ბენიამინის კერძი სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
1 . შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: "აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2 . ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
3 . ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”.
4 . უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: "აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
5 . გაიღეთ შესაწირი უფლისათვის; ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
6 . მატყლი ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული, ბისონი და თხისური.
7 . ვერძების ალისფერი ტყავი, მაჩვის ტყავები და აკაციის ძელები.
8 . ზეთი გასანათებლად, სურნელი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
9 . ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის.
10 . მოვიდეს თქვენში ყოველი ოსტატი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა.
11 . სავანე, მისი კარავი და გადასახურავი, მისი კაუჭები და კოჭები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები.
12 . კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13 . მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
14 . სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.
15 . სასაკმევლე სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი და ჩამოსაფარებელი ფარდა კარვის შესასვლელისთვის.
16 . სრულადდასაწველის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ცხაურით, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
17 . ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის.
18 . სავანის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;
19 . ნაქარგი სამოსელი საწმიდარში მსახურებისთვის და წმიდა შესამოსელი აჰარონ მღვდლისა და მისი ძეებისთვის, მღვდლობის გასაწევად”.
20 . და გავიდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესგან.
21 . მივიდა ყველა, ვისაც გული ეწეოდა და ვისაც სული აღეძრა, მიიტანეს მათ უფლის შესაწირი, საკრებულო კარვის მოსაწყობად მისი ყოველი საჭიროებისა და წმიდა შესამოსელისთვის.
22 . მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.
23 . ყველას მიჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ნართი და ბისონი, თხისური, ვერძების ალისფერი და მაჩვის ტყავები.
24 . ყველას, ვისაც კი ვერცხლისა და სპილენძის შეწირვა სურდა, მიჰქონდა უფლისთვის შესაწირად; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა აკაციის ძელები რაიმე საქმისთვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25 . ყოველი გულბრძენი დედაკაცი, თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ნართი და ბისონი.
26 . ყოველი დედაკაცი, რომელსაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
27 . და მიჰქონდათ თავკაცებს სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის,
28 . სურნელება და ზეთი გასანათებლად; ზეთი საცხებლისა და საკმევლისთვის.
29 . ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.
30 . უთხრა მოსემ ისრაელის შვილებს: "შეხედეთ, სახელდებით მოუხმო უფალმა ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
31 . აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
32 . რათა ოსტატურად დაამუშავოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
33 . გამოთალოს ქვები ჩასასმელად, მოაჩუქურთმოს ხე და აღასრულოს ოსტატის ყოველი საქმე.
34 . გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
35 . აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.
1 . "ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი რჯული: წმიდათა წმიდაა იგი.
2 . იმ ადგილზე, სადაც დაკლავენ სრულადდასაწველს, დანაშაულისთვის შესაწირი დაიკლას და მოეპკუროს მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ.
3 . შესწიროს მთელი მისი ქონი: დუმა და ქონი, რომელიც შიგნეულს ფარავს;
4 . ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათ აკრავს, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა, მოაცილოს ქონის ფენა ღვიძლსა და თირკმელებს.
5 . და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირად უფლისთვის. ეს დანაშაულისთვის შესაწირია.
6 . ყოველმა მამრმა მღვდლების შვილთაგან ჭამოს იგი. წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
7 . ერთი რჯული აქვს ცოდვისთვის შესაწირს და დანაშაულისთვის შესაწირს: მღვდელს ეკუთვნის იგი, რომელიც მისი მეშვეობით გამოისყიდის.
8 . თუ ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს სწირავს მღვდელი, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის.
9 . ყოველი ძღვენი პურეულისა, რომელიც თონეშია გამომცხვარი და ყველაფერი, რაც ქოთანში ან ტაფაზეა დამზადებული, ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს.
10 . პურეულის ყოველი ძღვენი, ზეთში არეული თუ მშრალი, აჰარონის ყველა ძეს ეკუთვნის, როგორც ერთს, ასევე მეორესაც.
11 . ესაა რჯული სამშვიდობო შესაწირისა, რომელსაც უფალს სწირავენ:
12 . თუ სამადლობელს სწირავს, მაშინ სამადლობელის შეწირვისას შესწიროს ზეთში შეზელილი უფუარი პურები და ზეთწაცხებული უფუარი ნამცხვრები და ზეთში მოზელილი წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები.
13 . გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირი, მადლობის სამშვიდობო შესაწირთან ერთად.
14 . ერთი ნაწილი თითოეული შესაწირიდან უფლისადმი აღსამართი იყოს; იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლს აპკურებს.
15 . სამადლობელი და სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს; დილამდე არაფერი დარჩეს მისგან.
16 . თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს შეიჭამოს, რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.
17 . დარჩენილი მსხვერპლის ხორცი ცეცხლში დაიწვას მესამე დღეს.
18 . თუ მესამე დღესაც შეიჭმევა სამშვიდობო შესაწირის ხორცი, არ იქნება კეთილსასურველი, არ ჩაეთვლება მის შემწირველს; საძაგლობაა იგი და ვინც შეჭამს, ცოდვას იტვირთავს.
19 . ხორცი, რომელიც რაიმე უწმინდურს შეეხო, არ უნდა შეიჭამოს, ცეცხლში დაიწვას. ვინც განწმედილია, იმას შეუძლია ჭამოს ხორცი.
20 . ვინც წაბილწულია და შეჭამს უფლის სამშვიდობო შესაწირის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან;
21 . ვინც რაიმე არაწმიდას შეეხება, ადამიანურ სიბილწეს ან არაწმიდა პირუტყვს, ან რაიმე არაწმიდა ქვემძრომს და შეჭამს უფლის სამშვიდობო შესაწირის ხორციდან, თავისი ხალხიდან უნდა მოიკვეთოს”.
22 . უთხრა უფალმა მოსეს:
23 . "უთხარი ისრაელის შვილებს: არ ჭამოთ არც ხარის, არც ცხვრის და არც თხის ქონი.
24 . ლეშის ქონი და ნამხეცავის ქონი შეიძლება გამოიყენოთ ყველა საქმეში; ჭამით კი არ ჭამოთ,
25 . რადგან ვინც უფლისთვის საცეცხლო შესაწირად შეწირული პირუტყვის ქონს შეჭამს, მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
26 . არავითარი სისხლი არ ჭამოთ თქვენს სადგომებში: არც ფრინველისა და არც პირუტყვისა.
27 . ყოველი სული, რომელიც შეჭამს ამა თუ იმ სისხლს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან”.
28 . უთხრა უფალმა მოსეს:
29 . "უთხარი ისრაელის შვილებს: უფლისადმი სამშვიდობო შესაწირის შემწირველმა მიართვას თავისი შესაწირი უფალს თავისი სამშვიდობო შესაწირიდან.
30 . თავისი ხელით მიართვას საცეცხლო შესაწირი უფალს: ქონი მკერდთან ერთად მიართვას, რომ შეარხიოს მკერდი შესარხეველ შესაწირად უფლის წინაშე.
31 . დააკმევს მღვდელი ქონს სამსხვერპლოზე, მკერდი კი აჰარონისა და მისი ძეებისაა.
32 . მარჯვენა ბეჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღვლენის შესაწირი თქვენი სამშვიდობო შესაწირიდან.
33 . მარჯვენა ბეჭი ექნება ულუფად აჰარონის ძეს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლსა და ქონს შესწირავს.
34 . რადგან შესარხეველი მკერდი და აღსავლენი ბეჭი ავიღე მე ისრაელის ძეთაგან, მათ სამშვიდობო შესაწირთაგან და მივეცი ისინი აჰარონ მღვდელს და მის ძეებს, საუკუნო წესად ისრაელის ძეთათვის
35 . ეს არის წილი აჰარონისა და წილი მისი ძეებისა უფლისადმი შეწირული საცეცხლო შესაწირიდან, იმ დღიდან, რაც წარდგენილ იქნენ ისინი მსახურ მღვდლებად უფლის წინაშე;
36 . როგორც ბრძანა უფალმა მათთვის მისაცემად ისრაელიანთაგან მათი ცხების დღეს. ესაა საუკუნო წესი მათი თაობებისთვის.
37 . ესაა რჯული ყოვლადდასაწველისა, პურეული შესაწირის, ცოდვისათვის შესაწირის, დანაშაულის გამო შესაწირის, მიძღვნისა და სამშვიდობო შესაწირისა,
38 . რომელიც სინაის მთაზე უბრძანა მოსეს უფალმა, იმ დღეს, როცა უბრძანა ისრაელის შვილებს თავის მსხვერპლთა შეწირვა უფლისთვის სინაის უდაბნოში”.
1 . იყო ერთი კაცი მაყონში; ქარმელში ჰქონდა მამული; ფრიად შეძლებული იყო ეს კაცი - სამი ათასი ცხვარი და ათასი თხა ჰყავდა, პარსვის დროს ისიც ქარმელში იმყოფებოდა.
2 . ნაბალი ერქვა კაცს, მის ცოლს კი - აბიგაილი; კეთილგონიერი და მშვენიერი იყო ქალი, კაცი კი - ულმობელი და ბოროტმოქმედი; ხალების შთამომავალი იყო იგი.
3 . გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
4 . გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა: "ქარმელში ადით, ნაბალთან მიდით და ჩემი სახელით მოიკითხეთ.
5 . უთხარით: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს და მთელ შენს საბადებელს.
6 . გავიგე მპარსველები გყოლია; ამას წინათ შენი მწყემსები იყვნენ ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს და არაფერი დაუკარგავთ ქარმელში ყოფნის დღეებში.
7 . ჰკითხე შენს ჭაბუკებს და თავადაც გეტყვიან. დაე, მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რადგან სასიკეთო დღეს მოვედით; მიეცი შენს მსახურთ და შენს ძეს, დავითს, რასაც შესძლებ”.
8 . მივიდნენ დავითის ჭაბუკნი, გადასცეს ნაბალს დაბარებული სიტყვები და დაელოდნენ.
9 . მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ: "ვინაა დავითი და ვინაა იესეს ძე? მომრავლდნენ დღეს თავიანთი ბატონებისგან გაქცეული მონები.
10 . ჩემი პური, წყალი და ცხვრის მპარსველთათვის დაკლული საკლავი იმ კაცებს მივცე, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?”
11 . გამობრუნდნენ დავითის ჭაბუკნი თავის გზაზე, მივიდნენ და გადასცეს ეს სიტყვები დავითს.
12 . უთხრა დავითმა თავის კაცებს: "შეიბით ყველამ თქვენ-თქვენი მახვილი!” შემოირტყა ყოველმა მახვილი და დავითმაც შეიბა თავისი მახვილი. ოთხასამდე კაცი გაჰყვა დავითს, ორასი კი აღალთან დარჩა.
13 . უთხრა ერთმა ჭაბუკმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს: "აჰა, მოციქულნი გამოგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენი ბატონის მოსაკითხად, მან კი აბუჩად აიგდო ისინი.
14 . ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, სანამ ველზე ვიყავით მათთან ერთად, არ გვჩაგრავდნენ და არც არაფერი დაგვიკარგავს.
15 . ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის ღამით და დღისით, მთელი დროის მანძილზე, სანამ მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს.
16 . ახლა იფიქრე და როგორც გიჯობს ისე მოიქეცი, რადგან გარდაუვალია უბედურება ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლეულზე, ის კი უღირსი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება”.
17 . აჩქარდა აბიგაილი; აიღო ორასი პური, ორი ტიკჭორა ღვინო, ხუთი მომზადებული ცხვარი, ხუთი საწყაული მშრალი მარცვლეულობა, ასი ასხმა დაჩამიჩებული ყურძენი, ორასი ასხმა ლეღვი და სახედრებს აჰკიდა.
18 . უთხრა თავის ჭაბუკებს: "ჩემს წინ გასწით და მეც გამოგყვებით”. ხოლო ნაბალს, თავის ქმარს, არაფერი უთხრა.
19 . მთის ხრიოკებზე ეშვებოდა ვირზე შემჯდარი და, აჰა, დავითი და მისი კაცებიც მოდიან; და შეეგება მათ აბიგაილი.
20 . ამბობდა დავითი: "ნამდვილად ამაოდ ვიცავდი უდაბნოში ნაბალის ქონებას, არაფერი დაუკარგავს თავისი საბადებლიდან, მაგრამ ბოროტებით გადამიხადა სიკეთეზე.
21 . ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ მთელ მის მოდგმაში ერთი კედელთან მიმშარდავი მაინც დავტოვო ცოცხლად დილამდე”.
22 . დაინახა აბიგაილმა დავითი, სწრაფად ჩამოხტა ვირიდან, პირქვე დაეცა დავითის წინაშე და მიწამდე სცა თაყვანი.
23 . დაეცა მის ფეხებთან და თქვა: "ჩემზეა, ბატონო, დანაშაული; გთხოვ, ალაპარაკე შენი მხევალი და შეისმინე შენი მხევლის სიტყვები.
24 . ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უღირს კაცს, ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს - ნაბალი (უღირსი), თვითონაც ისეთია; მე კი, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ჭაბუკნი.
25 . ახლა, ჩემო ბატონო, ცოცხალია უფალი და ცოცხალია შენი სული, შეგაკავებს უფალი სისხლისღვრისა და შურისძიებისგან. დაე, ნაბალივით იყვნენ შენი მტრები და ჩემი ბატონისთვის ბოროტის მსურველნი.
26 . აი, ეს ძღვენი, რომელიც შენმა მხევალმა მოართვა ჩემს ბატონს, რათა მიეცეს ჭაბუკებს, ჩემი ბატონის ნაკვალევს რომ მიჰყვებიან.
27 . აპატიე შენს მხევალს დანაშაული, რადგან უსათუოდ აუშენებს მტკიცე სახლს უფალი ჩემს ბატონს, ვინაიდან საღვთო ომშია ჩართული ჩემი ბატონი და მთელი სიცოცხლე არ გაივლებს გულში ბოროტებას.
28 . და თუნდაც აღდგეს კაცი და გდევნოს და ეძიოს სული შენი, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალთან, შენს ღმერთთან, ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით გასტყორცნი.
29 . და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყოველ სიკეთეს, რაც ნათქვამი აქვს მისთვის და დაგადგენს ისრაელის წინამძღვრად,
30 . ნუ ექნება ჩემს ბატონს გულის ქეჯნა და წუხილი ამაო სისხლისღვრისა და შურისძიების გამო. და როცა კეთილს მიაგებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გაიხსენე შენი მხევალი”.
31 . მიუგო აბიგაილს დავითმა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელმაც მოგავლინა დღეს ჩემთან შესახვედრად.
32 . კურთხეულია გონიერება შენი და კურთხეული ხარ შენ, რომ გადამაფიქრებინე დღეს სისხლისღვრა და შურისძიება.
33 . ცოცხალია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც არ ჩამადენინა შენთვის ბოროტება, რადგან საჩქაროდ რომ არ წამოსულიყავ ჩემთან შესახვედრად, არ დარჩებოდა ნაბალს განთიადამდე არც ერთი კედელთან მიმშარდავი”.
34 . მიიღო დავითმა მისი ხელიდან, რაც ჰქონდა მოტანილი და უთხრა: "მშვიდობით გაბრუნდი შენს სახლში; აჰა, ვისმინე შენი ხმა და პატივი დავდე შენს სახეს”.
35 . დაბრუნდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ნადიმობს სახლში, როგორც სამეფო ნადიმზე; მხიარულობდა ნაბალის გული და თან მთვრალი იყო ფრიად; დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
36 . დილით კი, როცა გამოფხიზლდა ნაბალი, ყოველივე უამბო ცოლმა. გული ჩაუკვდა ნაბალს მკერდში და ქვასავით გახდა.
37 . დაჰკრა უფალმა ნაბალს ათი დღის შემდეგ და მოკვდა იგი.
38 . გაიგო დავითმა, რომ მოკვდა ნაბალი და თქვა: "კურთხეულია უფალი, რომელმაც უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისთვის და აარიდა ბოროტებას თავისი მსახური; ნაბალს თავისივე სიავე მიუბრუნა უკან უფალმა!” და სიტყვა შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
39 . მივიდნენ დავითის მსახურნი აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: "დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად შეგირთოს”.
40 . ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: "აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი”.
41 . აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.
42 . იზრეყელელი ახინოყამიც მოიყვანა დავითმა და ეს ორნი იყვნენ მისი ცოლები.
43 . საულმა კი მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, ფალტის, გალიმელი ლაიშის ძეს მიათხოვა.
44 . მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: "იცი, რომ დავითი ხაქილას გორაზე იმალება, იეშიმონის პირდაპირ?”
1 . ამის შემდეგ იყო: ლამაზი და ჰყავდა დავითის ძეს, აბესალომს, თამარი ერქვა სახელად. და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს.
2 . ისე იტანჯებოდა ყამნონი, რომ დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ყამნონმა, რომ გაუძნელდებოდა მასთან რაიმეს გაკეთება.
3 . მეგობარი ჰყავდა ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ცბიერი კაცი იყო იონადაბი.
4 . უთხრა: "რა დაგემართა, დღითიდღე რომ ხმები უფლისწულო, არ მეტყვი?” და უთხრა ყამნონმა: "თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და”.
5 . უთხრა იონადაბმა: "ლოგინში ჩაწექი, ვითომ ავად გახდი. მამაშენი რომ მოვა შენს სანახავად, უთხარი: გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და პური მაჭამოს-თქო; აქვე, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო”.
6 . ჩაწვა ყამნონი, ვითომ ავად გახდა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: "გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და ჩემს თვალწინ გამოაცხოს ნამცხვარი. მინდა მისი ხელიდან ვჭამო”.
7 . გააგზავნა დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: "წადი შენი ძმის, ყამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე”.
8 . მივიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის სახლში. ლოგინად იწვა ყამნონი. და აიღო ქალმა ცომი, მის თვალწინ მოზილა და ნამცხვრები გამოაცხო.
9 . აიღო კეცი და წინ დაუდო, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ყამნონმა: "გაიყვანეთ ყველანი!” ყველა გავიდა.
10 . მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: "უკანა ოთახში გაიტანე საჭმელი, შენი ხელიდან შევჭამ”. აიღო თამარმა ნამცხვრები და უკანა ოთახში შეუტანა ყამნონს.
11 . და როცა მიაწოდა რომ ეჭამა, ხელი ჩაავლო ყამნონმა თამარს და უთხრა: "მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო”.
12 . მიუგო: "არა, ძმაო, ნუ მაიძულებ. არ უნდა მოხდეს ასეთი რამ ისრაელში, ნუ ჩაიდენ ამ სისაძაგლეს.
13 . სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი უგუნური კაცის სახელი გაგივარდება ისრაელში. ახლა გევედრები, ელაპარაკე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს”.
14 . მაგრამ, არ შეისმინა ყამნონმა მისი სიტყვები, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15 . და შესძულდა ყამნონს ქალი უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა. უთხრა ყამნონმა: "ადე, მოშორდი აქედან”.
16 . მიუგო თამარმა: "არა, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა ახლა ჩემი გაგდება”. მაგრამ არ ინდომა ყამნონმა მისი მოსმენა.
17 . დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: "გაიყვანე ეს ქალი აქედან და კარი ჩარაზე”.
18 . ჭრელი მოსასხამი ემოსა ქალს, რადგან ასეთი სამოსით იმოსებოდნენ მეფის ქალწული ასულები. გაიყვანა მსახურმა ქალი და კარი ჩარაზა.
19 . ნაცარი დაიყარა თავზე თამარმა, შემოიხია ჭრელი მოსასხამი ტანზე, თავზე ხელი დაიდო და წავიდა ტირილით.
20 . უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: "შენი ძმა ყამნონი იყო შენთან? დამშვიდდი, დაო. შენი ძმა არის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს”. და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, განმარტოებით.
21 . გაიგო ეს ამბავი მეფე დავითმა და განრისხდა დიდად.
22 . აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი. შეიძულა აბესალომმა ყამნონი იმის გამო, რომ შეურაცხჰყო თამარი, მისი და.
23 . გავიდა ორი წელი. ცხვარს აპარსვინებდა აბესალომი ბაყალ-ხაცორში, ეფრემის სიახლოვეს. მეფის ყველა ძე მიიწვია აბესალომმა.
24 . მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: "აჰა, ცხვრის მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. ეწვიოს მეფე შენს მსახურს თავის მსახურებთან ერთად”.
25 . უთხრა მეფემ აბესალომს: "არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, ტვირთად არ დაგაწვებით”. დაჟინებით სთხოვდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26 . თქვა აბესალომმა: "თუ ასეა, გთხოვ, ჩემი ძმა ყამნონი მაინც წამოვიდეს”. უთხრა მეფემ: "რისთვის წამოვიდეს?”
27 . არ მოეშვა აბესალომი და დავითმაც გაუშვა ყამნონი და სხვა უფლისწულები.
28 . უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: "თვალყური ადევნეთ და როცა ღვინით გამხიარულდება ყამნონი, გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს; თქვენც დაჰკარით და მოკალით, ნუ შეგეშინდებათ. მე გიბრძანებთ ამას, გამხნევდით და გაბედულად მოიქეცით”.
29 . ისე მოექცნენ აბესალომის მსახურები ყამნონს, როგორც ჰქონდა ნაბრძანები აბესალომს. და წამოცვივდნენ მეფის ძეები, შესხდნენ ჯორებზე და გაიქცნენ.
30 . ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ ამბავი მოუვიდა დავითს: "ამოჟლიტაო აბესალომმა მეფის ძეები, ერთიც არ გადარჩენილა”.
31 . ადგა მეფე, შემოიხია სამოსელი და მიწაზე გაწვა. მისი სამოსელშემოხეული მსახურებიც იქვე დადგნენ.
32 . უთხრა მეფეს იონადაბმა, შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა: "ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა ძალით დაწვა ყამნონი თამართან.
33 . ნუ მიიტანს გულთან მეფე, ჩემი ბატონი ამ ხმას, თითქოს მეფის ყველა ძე მოკვდაო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი”.
34 . გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და ხედავს, უამრავი ხალხი ეშვება გზაზე, მთის ფერდობზე.
35 . და უთხრა იონადაბმა მეფეს: "აჰა, მოდიან მეფის ძეები; როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა”.
36 . დაასრულა ლაპარაკი და, აჰა, მოვიდნენ მეფის ძენიც, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მსახურებიც.
37 . გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. ყოველდღე გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38 . და ენატრებოდა მეფე დავითს აბესალომის ნახვა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
1 . უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
3 . "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
4 . იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
5 . წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6 . და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
7 . გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
9 . "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
10 . ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
11 . წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
12 . მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
13 . უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
15 . წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
16 . არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
17 . ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
18 . უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
19 . უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
20 . უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
21 . სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
22 . ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
23 . აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
24 . უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
1 . აღნუსხეს მთელი ისრაელი და ჩაწერეს ისრაელის მეფეთა წიგნში. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს, მათი ორგულობის გამო.
2 . პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ - ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები და ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი ანუ ნეთინელნი.
3 . იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან:
4 . ყუთაი, ყამიჰუდის ძე, ყომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, ფერეცის - იუდას ძის, ძეთაგან.
5 . შილონელთაგან - პირმშო ყასაია და მისი ძენი.
6 . ზერახის ძეთაგან: იეყუელი და მისი ძმები, ექვსას ოთხმოცდაათნი.
7 . ბენიამინის ძეთაგან: სალუ, მეშულამის ძე, ჰოდავიას ძე, ჰასენუას ძე;
8 . იბნეია, იეროხამის ძე, ელა, ყუზის ძე, მიხრის ძე, მეშულამი, შეფატიას ძე, რეღუელის ძე, იბნიას ძე.
9 . მათი ძმები თავ-თავისი გვარ-ტომების მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველანი გვარის თავკაცები იყვნენ მამისსახლში.
10 . მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი და იაქინი,
11 . ყაზარია, ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე და ახიტუბის ძე, ღვთის სახლის მთავარი;
12 . ყადაია, იეროხამის ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე და მაყასაი ყადიელის ძე, იახზერას ძე, მეშულამის ძე, მეშილემითის ძე, იმერის ძე,
13 . მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ღვთის სახლის სამსახურში ნაცადი ათას შვიდას სამოცი კაცი.
14 . ლევიანთაგან: შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, მერარის ძეთაგან.
15 . ბაკბარი, ხერეში, გალალი, მათანია, მიქას ძე, ზიქრის ძე, ასაფის ძე.
16 . ყობადია, შემაყიას ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე და ბერექია, ასას ძე, ელკანას ძე, ნეტოფათელთა სოფლებში მცხოვრებნი.
17 . კარიბჭის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და მათი ძმები; შალუმი მთავარი იყო.
18 . დღემდე ისინი დგანან მეფის კარიბჭეში, აღმოსავლეთით, ისევე როგორც ლევიანთა ბანაკის კარისმცველნი.
19 . შალუმი, კორეს ძე, ებიასაფის ძე, კორახის ძე და მისი ძმები. კორახელთა მამისსახლიდან მსახურებდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკის შესასვლელს დარაჯობდნენ.
20 . ფინხას ელეაზარის ძე უწინ მათი მმართველი იყო და უფალი იყო მასთან.
21 . ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22 . სულ ორას თორმეტი კაცი შეირჩა ზღურბლების მცველებად; ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავისი სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. დავითმა და სამუელ მხედველმა დანიშნეს ისინი მათი ერთგულების გამო.
23 . თავის ძეებთან ერთად იდგნენ უფლის სახლისა და კარვის კარიბჭის სადარაჯოდ.
24 . ოთხივე მხრიდან იდგნენ კარისმცველები: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25 . მათი ძმები თავიანთ სოფლებში ცხოვრობდნენ, რათა დრო და დრო, შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან.
26 . რადგან კარიბჭის მცველთა ის ოთხი მთავარი, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებსა და ღვთის სახლის საგანძურებს მეთვალყურეობდნენ.
27 . ისინი ღვთის სახლის გარშემო ბანაკობდნენ მთელ ღამეს, ვინაიდან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28 . ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29 . ზოგიერთ მათგანს, წმიდა ნივთები ებარა, საწმიდრის ყველა ჭურჭელი, წმიდა პურის ფქვილი, ღვინო, ზეთი, საკმეველი და სურნელებანი.
30 . ზოგიერთი მღვდლის ძენი კი სურნელებათა შემზავებლები იყვნენ.
31 . მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს, პურეულის ცხობის საქმე მიენდო.
32 . ზოგიერთ მათ ძმას კეჰათიანთაგან, წინადაგების პური ჩააბარეს, რათა მოემზადებინათ შაბათობით.
33 . ესენი არიან მგალობლები, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან, რადგან დღე და ღამე გალობის საქმით იყვნენ დაკავებულნი.
34 . ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავისი გვარ-ტომის მთავარნი. იერუსალიმში ცხოვრობდნენ ისინი.
35 . გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი. სახელად მაყაქა ერქვა მის ცოლს.
36 . მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, მის შემდეგ ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი,
37 . გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38 . მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების პირისპირ ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39 . ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40 . იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი, მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41 . მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თახრეაყი და ახაზი.
42 . ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა;
43 . მოცამ შვა ბინყა; მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი;
44 . აცელს ექვსი ძე ჰყავდა. მათი სახელებია: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი; ესენი იყვნენ აცელის ძენი.
1 . საუფლო პასექი იდღესასწაულა იოშიამ იერუსალიმში და პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს დაკლეს საპასექო კრავი.
2 . თავ-თავის საქმეზე დააყენა მღვდლები და ამხნევებდა უფლის სახლის მომსახურებისთვის.
3 . უთხრა ლევიანებს, რომლებიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და წმიდად იდგნენ უფლის წინაშე: „დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონმა, დავითის ძემ, ისრაელის მეფემ რომ ააშენა, ნუღარ იტვირთებთ მხრებით; ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს და მის ხალხს - ისრაელს.
4 . მოემზადეთ თქვენ-თქვენი მამისსახლებისა და დასების მიხედვით, დავითის, ისრაელის მეფის განაწესის მიხედვით და სოლომონის, მისი ძის განაწესის მიხედვით;
5 . დადექით საწმიდარში: მამისსახლების, მოძმეებისა და ხალხის დასების მიხედვით და ლევიანთა მამისსახლების დასის მიხედვით.
6 . დაკალით საპასექო, ჯერ თავები განიწმიდეთ და შემდეგ თქვენი ძმებისთვის განამზადეთ კრავები, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცნენ”.
7 . უბოძა იოშიამ ერის შვილებს და ყველას, ვინც კი იქ იმყოფებოდა, ოცდაათი ათასი კრავი და თიკანი ფარიდან საპასექო მსხვერპლისთვის და სამი ათასი ხარი, მეფის ქონებიდან.
8 . მისი მთავრებიც ნებაყოფლობით გასცემდნენ ხალხისთვის, მღვდლებისა და ლევიანებისთვის. ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა, ღვთის სახლის წინამძღვრებმაც მისცეს მღვდლებს საპასექო მსხვერპლებისთვის ორი ათას ექვსასი კრავი და სამასი ხარი.
9 . ქანანიაჰუმ, შემაყიამ, ნეთანელმა და მისმა ძმებმა, ხაშაბიამ, იეყიელმა, იოზაბადმა - ლევიანთა მთავრებმა, ლევიანებს საპასექო მსხვერპლისთვის ორი ათას ექვსასი კრავი და ხუთასი ხარი მისცეს.
10 . ასე მომზადდა მსახურება. მღვდლები თავ-თავის ადგილებზე დადგნენ, ლევიანები კი თავისი დასების მიხედვით, მეფის ბრძანებისამებრ.
11 . დაკლეს საპასექო. მღვდლები ხელით აპკურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ.
12 . გამოაცალკევეს სრულადდასაწველნი, რომ მამისსახლთა დასებისთვის დაენაწილებინათ, რათა ისე შეეწირათ მსხვერპლი, როგორც მოსეს წიგნში სწერია. ასევე დაანაწილეს ხარებიც.
13 . წესის მიხედვით შეწვეს საპასექო ცეცხლზე, ქვაბებში, ქოთნებსა და ქვაბქოთნებში მოხარშეს წმინდა მსხვერპლები და აჩქარებით ჩამოურიგეს მთელ ხალხს.
14 . შემდეგ თავისთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები, აჰარონის ძენი, დაღამებამდე სწირავდნენ სრულადდასაწველს და ქონს; ამიტომაც მოამზადეს ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის, აჰარონის ძეთათვის.
15 . მგალობელნი, ასაფის ძენი, თავ-თავიანთ ადგილზე იდგნენ დავითის, ასაფის, ჰემანის და იედუთუნის, მეფის მხილველის ბრძანებით, კარისმცველებიც ყველა კარებთან იდგნენ, არ მიუტოვებიათ მსახურება, რადგან მათი ძმები, ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
16 . ასე მომზადდა იმ დღეს უფლის ყველა მსახურება, რომ პასექი დაცულიყო და სრულადდასაწველი აღვლენილიყო უფლის სამსხვერპლოზე, მეფე იოშიას ბრძანების მიხედვით.
17 . შვიდ დღეს დღესასწაულობდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელის ძეები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
18 . სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ უდღესასწაულიათ ისრაელში ასეთი პასექი; ისრაელის არცერთ მეფეს არ უდღესასწაულია ასეთი პასექი, იოშიამ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, იქ მყოფმა ისრაელმა და იერუსალიმის მკვიდრებმა რომ იდღესასწაულეს.
19 . იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იდღესასწაულეს ეს პასექი.
20 . ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც იოშიამ ღვთის სახლი მოამზადა, ამოვიდა ნექო, ეგვიპტის მეფე ქარქემიშთან საბრძოლველად მდინარე ევფრატზე; და გამოვიდა იოშია მასთან შესახვედრად.
21 . მოციქულები გაუგზავნა ნექომ, ამ სიტყვებით: „რა საქმე მაქვს შენთან, იუდას მეფევ? შენს წინააღმდეგ არ გამოვსულვარ დღეს, სხვა სახლს ვებრძვი და თვით ღმერთმა მიბრძანა რომ ვიჩქარო; შეჩერდი და ნუ შეეწინააღმდეგები ღმერთს, რომელიც ჩემთანაა, რომ არ გაგანადგუროს”.
22 . პირი არ იბრუნა მისგან იოშიამ და შეიმოსა მის წინააღმდეგ საბრძოლველად; არ შეისმინა ნექოს სიტყვები, ღვთის მიერ წარმოთქმული, და გავიდა მეგიდოს ველზე საბრძოლველად.
23 . ესროლეს მეისრეებმა მეფე იოშიას და დაჭრეს; უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „გამიყვანეთ, რადგან მძიმედ ვარ დაჭრილი”.
24 . ჩამოიყვანეს მისმა მსახურებმა ეტლიდან, ჩასვეს მეორე ეტლში და იერუსალიმში წაიყვანეს. მოკვდა იგი და თავისი მამების სამარხში დაიკრძალა. მთელი იუდა და იერუსალიმი გლოვობდა იოშიას.
25 . გოდებდა იერემია იოშიაზე: ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაზე თავის გოდებაში. წესად დაუდგინეს ეს ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
26 . იოშიას დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთე, უფლის რჯულშია ჩაწერილი.
27 . საქმენი მისი, პირველი და უკანასკნელი, აჰა, ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
1 . დიდი უკმაყოფილება ჩამოვარდა ხალხში და მათ ცოლებში იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ.
2 . იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენ, ჩვენი ძეებითა და ასულებით, ბევრნი ვართ, ამიტომ ვიშოვოთ მარცვლეული, რათა ვჭამოთ და ვიცოცხლოთ”.
3 . იყვნენ სხვები, რომლებიც ამბობდნენ: "ჩვენს ყანებს, ვენახებსა და სახლებს ვაგირავებთ, რათა მარცვლეული ვიშოვოთ და არ ვიშიმშილოთ”.
4 . და იყვნენ ისეთნიც, რომლებიც ამბობდნენ: "ფული ვისესხეთ, რათა მეფისათვის ხარკი გადაგვეხადა, ჩვენი ყანებისა და ვენახებისათვის.
5 . თუმცა ჩვენი ხორცი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ძმებისა და ჩვენი ძენიც ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ იძულებულნი ვართ ჩვენი ძეები და ასულები მონებად მივცეთ, ხოლო ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია; აღარ ძალუძს ჩვენს ხელებს მათი გამოხსნა; ჩვენი ყანები და ვენახებიც სხვებს ეკუთვნის”.
6 . ძალიან გავბრაზდი, როცა მათი მოთქმა და ასეთი სიტყვები მოვისმინე.
7 . გულმა მიკარნახა, ვედავე დიდებულებსა და მთავრებს და ვუთხარი, თქვენს ძმებს ვახშს ახდევინებთ-მეთქი! დიდი კრებული მოვიწვიე მათ წინააღმდეგ.
8 . ვთქვი: "რაც შევძელით გამოვისყიდეთ წარმართებზე მიყიდული იუდაელი ძმები, თქვენ კი საკუთარ ძმებს ყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ!” დადუმდნენ, რა ეთქვათ არ იცოდნენ.
9 . ვუთხარი: "არ არის კარგი თქვენი საქციელი! განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა ცხოვრობდეთ, რომ არ შერცხვეთ წარმართებისა და ჩვენი მტრების თვალში?
10 . მეც, ჩემი ძმებიც და მსახურებიც სესხად ვაძლევდით მათ ვერცხლსა და მარცვლეულს; მოდით, ნუღარ მოვითხოვთ ამ ვალს,
11 . დღესვე დაუბრუნეთ მათ ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, ვერცხლის სარგებელი, მარცვლეული, ღვინო და ზეთი, რასაც ვახშად იღებდით”.
12 . მითხრეს: "დავუბრუნებთ და აღარ მოვითხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც ამბობ!” მოვუხმე მღვდელს და აღთქმა დავადებინე, რომ შეესრულებინათ სიტყვა.
13 . კალთები ჩამოვიბერტყე და ვთქვი: "ასე გაბერტყოს ღმერთმა თავისი სახლისგან და ნაშრომისგან ყოველი კაცი, რომელიც არ შეასრულებს ამ სიტყვას; ასე გაბერტყილი და ცარიელი იყოს!” და თქვა მთელმა კრებულმა: "ამინ!” ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.
14 . იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყნის განმგებლობა მიბრძანა, ართახშასთას მეფობის მეოცედან ოცდამეთორმეტე წლამდე, თორმეტი წლის განმავლობაში, მე და ჩემს ძმებს განმგებლისთვის განწესებული პური არ გვიჭამია.
15 . განმგებლებმა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ, ხალხს ცხოვრება დაუმძიმეს, მათგან პურსა და ღვინოსაც იღებდნენ, ვერცხლის ორმოცი შეკელის გარდა; მათი მსახურებიც კი ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ ღვთის მოშიშობის გამო, მე ასე არ მოვქცეულვარ.
16 . პირიქით, კედლის შენებას ვჩქარობდი და ყველა ჩემი მსახური იქ იკრიბებოდა სამუშაოდ. მიწები არ მიყიდია.
17 . მაგიდასთან ჩვენთან მოსულ მეზობლად მცხოვრები ხალხებიდან მოსულთა გარდა, ას ორმოცდაათი ებრაელი და მოხელე მეჯდა.
18 . აი, რა მზადდებოდა ყოველდღიურად: ერთი მოზვერი, ექვსი რჩეული ცხვარი და ფრინველი; ყოველ ათ დღეში - ნაირგვარი ღვინო უხვად. მაგრამ არც ამის გამო მომითხოვია გამგებლის პური, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის შრომა.
19 . სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო, ყველაფერი რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.
1 . და ერთი კაცივით შეიკრიბა მთელი ხალხი იმ მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ რომ იყო, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
2 . მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა.
3 . განთიადიდან შუადღემდე კითხულობდა მოედანზე, რომელიც წყლის კარიბჭის წინ იყო, მამაკაცთა, დედაკაცთა და გამგებთა წინაშე; მთელი ხალხის ყურადღება რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
4 . იდგა ეზრა მწიგნობარი ხის კვარცხლბეკზე, რომელიც ამ ამბის გამო გააკეთეს. გვერდში ედგნენ: მათითია, შემა, ყანაია, ურია, ხილკია და ზაქარია - მარჯვნივ, მარცხნივ კი - ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშულამი.
5 . გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა იგი; და როდესაც გახსნა, მთელი ხალხი წამოდგა ფეხზე.
6 . და აკურთხა ეზრამ უფალი, დიდებული ღმერთი. მთელი ხალხი კი ხელაპყრობილი პასუხობდა "ამინ! ამინ!” და თაყვანს სცემდა უფალს პირქვე დამხობილი.
7 . იეშუა, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები განუმარტავდნენ ხალხს რჯულს, ხალხი კი იდგა თავის ადგილზე.
8 . გარკვევით კითხულობდნენ ისინი წიგნს, ღმერთის რჯულს, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს.
9 . ნეემია განმგებელმა, ეზრა მღვდელმა და მწიგნობარმა და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: "ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის - ნუ გლოვობთ და ნუ ტირით!” რადგან მთელი ხალხი ტიროდა, რჯულის სიტყვების მოსმენისას.
10 . უთხრა: "წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი, ნაწილი კი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარული თქვენი ძალაა”.
11 . ლევიანებიც ამშვიდებდნენ მთელ ხალხს ამ სიტყვებით: "დაწყნარდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ ნაღვლობთ”.
12 . წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, წილობების გასაგზავნად და დიდი ზეიმის აღსანიშნავად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომლებიც განუცხადეს მათ.
13 . მეორე დღეს ეზრა მწიგნობართან შეიკრიბნენ მთელი ხალხის მამისსახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.
14 . აღმოაჩინეს რჯულში დაწერილი, როგორ ამცნო უფალმა თავის ხალხს მოსეს მეშვეობით, რომ ისრაელის ძეებს კარვებში უნდა ეცხოვრათ მეშვიდე თვის დღესასწაულზე.
15 . ისინიც ადგნენ, გამოაცხადეს და ხმა გაავრცელეს ყველა ქალაქსა და იერუსალიმში: "გადით მთაზე და მოიტანეთ ზეთისხილის რტოები, ნაძვის ხის რტოები, პალმისა და სხვა ხეების რტოები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით”.
16 . გავიდა ხალხი, მოიტანეს და გაიკეთეს კარვები, თითოეულმა თავის ბანზე, თავის ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლის კარიბჭის მოედანზე და ეფრემის კარიბჭის მოედანზე.
17 . კარვები გაიკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდნენ მათში, რადგან იეშუა ნავეს ძის დღეებიდან ამ დღემდე არ გაუკეთებიათ ასე ისრაელის ძეთ. და იყო ფრიად დიდი სიხარული.
18 . კითხულობდა ეზრა ღმერთის რჯულის წიგნს ყოველდღე, პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდი დღე იზეიმეს დღესასწაული, მერვე დღეს კი შეკრება ჰქონდათ წესისამებრ.
1 . შეიმოსა ესთერმა დედოფლის სამოსი მესამე დღეს და მეფის სასახლის შიდა ეზოში, სასახლის პირდაპირ დადგა; მეფე კი სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.
2 . მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი რომ დაინახა, მადლი ჰპოვა მის თვალში; და გაუწოდა მეფემ ესთერს ოქროს კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა; მიუახლოვდა ესთერი და კვერთხის თავს შეეხო.
3 . ჰკითხა მეფემ: "რაო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!”
4 . მიუგო ესთერმა: "თუ ინებებს მეფე, ჰამანთან ერთად მოვიდეს დღეს ნადიმზე, რომელიც მისთვის მოვამზადე”.
5 . თქვა მეფემ: "დააჩქარეთ ჰამანი, რათა აღსრულდეს ესთერის სიტყვა!” და მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც მოამზადა ესთერმა.
6 . ჰკითხა ესთერს მეფემ ღვინის სმისას: "რა სათხოვარი გაქვს? თქვი და მოგეცემა. ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, აღსრულდება!”
7 . მიუგო ესთერმა: "აი, ჩემი სახვეწარი და სათხოვარი:
8 . თუ მადლი ვპოვე მეფის თვალში და ინებებს მეფე ჩემი სურვილის შესრულებას და სათხოვრის მოცემას, ხვალ მოვიდეს მეფე ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელსაც მოვამზადებ. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ!”
9 . გახარებული და კმაყოფილი გამოვიდა იმ დღეს ჰამანი, მაგრამ როცა მეფის კარიბჭესთან მჯდარი მორდექაი დაინახა, რომელიც არ წამოუდგა და არც განძრეულა მის წინაშე, რისხვით აღივსო ჰამანი მორდექაიზე.
10 . მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა, სახლში მივიდა, გაგზავნა და მოაყვანინა თავისი მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი.
11 . და უამბო მათ ჰამანმა თავის სიმდიდრესა და მრავალრიცხოვან ძეებზე; როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღამაღლა მთავრებსა და მეფის სხვა მსახურებზე მეტად.
12 . თქვა ჰამანმა: "თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია თავის მომზადებულ ნადიმზე! ხვალაც მასთან ვარ მიწვეული მეფესთან ერთად.
13 . და მაინც, ეს ყოველივე არაფრად მიღირს, სანამ სამეფო კარიბჭესთან მჯდარ ებრაელ მორდექაის ვხედავ!”
14 . მიუგო მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და ყველა მეგობარმა: "გაამზადებინე მაღალი, ორმოცდაათწყრთიანი ძელი და უთხარი დილით მეფეს, რომ ჩამოკიდონ მასზე მორდექაი. შენ კი მეფესთან ერთად მხიარული წადი ნადიმზე”. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და გაამზადებინა ძელი.
1 . მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
2 . „ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით?
3 . წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგეკითხები და მიპასუხე:
4 . სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება.
5 . ვინ დაადგინა მისი საზომი, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?
6 . რაზე დგას მისი საძირკვლები, ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი?
7 . როცა ერთობლივად გალობდნენ ცისკრის ვარსკვლავები და ყიჟინებდა ღვთის ყველა შვილი?
8 . ვინ ჩაკეტა ზღვა კარიბჭეებით, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?
9 . როცა ნისლი სამოსელად მივეცი და სქელი ღრუბელი - სახვევებად,
10 . როცა დავუდგინე ჩემი წესები, დავუყენე ურდული და ბჭენი?
11 . ვუთხარი: აქამდე მოხვალ, მეტად არა; აქ უნდა შედგნენ შენი ამაყი ზვირთები-მეთქი.
12 . შენს დღეში თუ გიბრძანებია განთიადისთვის და გიჩვენებია მისი ადგილი ცისკრისთვის,
13 . რომ მოეცვა დედამიწის კიდეები და ბოროტეულნი ჩამოეფერთხა მისგან,
14 . შეეცვალა იგი, როგორც თიხა ტვიფარის ქვეშ და ისინი დგანან, როგორც სამოსელი.
15 . რათა წართმეოდათ ნათელი ბოროტეულთ და შემუსვროდათ შემართული მკლავი.
16 . თუ ჩასულხარ ზღვის სიღრმეებში და უფსკრულის ფსკერზე თუ გივლია?
17 . თუ გახსნილან შენთვის სიკვდილის ბჭენი და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს?
18 . თუ განგიჭვრიტავს დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი.
19 . სად არის გზა, სინათლის სამკვიდრებლისკენ და სად არის ადგილი წყვდიადისა?
20 . ნამდვილად მიგიღწევია მის საზღვრებამდე და იცი მისი სახლის ბილიკები?!
21 . გეცოდინება ეს, რადგან უკვე დაბადებული იყავი და მრავალია რიცხვი შენი დღეების!
22 . თუ შესულხარ თოვლის სანახებში და სეტყვის სანახები თუ გინახავს?
23 . შეჭირვების ჟამისთვის რომ შემოვინახე, ბრძოლისა და ომის დღისთვის.
24 . რა გზით ნაწილდება ნათელი და როგორ ვრცელდება მიწაზე აღმოსავლეთის ქარი?
25 . ვინ გაიყვანა არხი ნიაღვრისთვის და გზა - ელვისა და ქუხილისთვის?
26 . რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც არ არის ადამიანი,
27 . რომ დაარწყულოს უდაბური ხრიოკი და ჯეჯილი აღმოაცენოს?
28 . თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ცვარის წვეთები?
29 . ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა?
30 . წყალი ქვასავით მაგრდება და მყარდება უფსკრულის ზედაპირი.
31 . თუ შეკრავ თანავარსკვლავედის საბელებს ან თუ გახსნი საბელებს ორიონისას?
32 . თუ იცი ცათა დადგენილებანი და თუ დაადგენ მის წესს მიწაზე?
33 . თუ იცი ცათა დადგენილებანი და თუ დაადგენ მის წესს მიწაზე?
34 . თუ მიაწვდენ ხმას ღრუბლებს, რათა დაგფაროს წყლის სიუხვემ?
35 . ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და თქვან, აჰა, აქა ვართო?
36 . ვინ ჩადო სიბრძნე გულის სიღრმეში და ვინ მისცა გონებას გაგება?
37 . ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით ან ვინ წამოაქცევს ცათა წყლის ჭურჭელს,
38 . როცა მტვერი გამაგრდება და გოროხები ერთმანეთს მიეწებება?
39 . შენ უნადირებ მსხვერპლს ძუ ლომს და უკლავ შიმშილს ლომის ბოკვრებს,
40 . როცა განირთხმებიან ბუნაგებში ან თავიანთ საფარში ისვენებენ?
41 . საკვებს ვინ უმზადებს ყორანს, როცა ღმერთს შესჩხავიან მისი ბახალები და უსაზრდოოდ წანწალებენ?
1 . გუნდის ლოტბარს,ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.
2 . მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
3 . ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.
4 . ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
5 . საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა.
6 . განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.
7 . აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.
8 . და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.
9 . კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
10 . მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.
11 . გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე.
12 . წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით შეიმოსებიან.
13 . საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.
1 . მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
2 . იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
3 . რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,
4 . არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება- დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
5 . დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.
6 . რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
7 . და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.
8 . და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
9 . ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
10 . მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
11 . გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.
12 . მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
13 . გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
14 . და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
15 . გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
16 . გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
17 . ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
18 . ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
19 . და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20 . ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
21 . ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
22 . რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
23 . და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
24 . და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
25 . ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
26 . აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.
27 . და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.
28 . და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა.
29 . ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
30 . ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;
31 . რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
32 . მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
33 . და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
34 . როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.
35 . და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
36 . და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.
37 . ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
38 . და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
39 . გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.
40 . რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
41 . ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას.
42 . არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი გასაჭირიდან.
43 . როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე.
44 . და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
45 . მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.
46 . და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.
47 . სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.
48 . და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.
49 . მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები.
50 . გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა.
51 . განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.
52 . წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.
53 . უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.
54 . მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.
55 . განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.
56 . კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
57 . იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.
58 . განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.
59 . მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.
60 . მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
61 . და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
62 . და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
63 . მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
64 . მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.
65 . და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
66 . და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
67 . დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
68 . ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
69 . მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
70 . ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.
71 . მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.
72 . და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
1 . სიმღერას ვუმღერებ ჩემს მიჯნურს მის ვენახზე. ვენახი ჰქონდა ჩემს საყვარელს ნაყოფიერ გორაკზე.
2 . დაამუშავა, გაასუფთავა ქვებისგან, ჩაყარა საუკეთესო ვაზი, კოშკი ააგო მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა; იმედოვნებდა, რომ ყურძენს მოისხამდა, მაგრამ ველური ნაყოფი გამოიღო.
3 . ახლა კი, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას კაცებო, გთხოვთ განგვსაჯეთ მე და ჩემი ვენახი.
4 . რაღა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და არ გავუკეთე? რატომ მოისხა ველური ნაყოფი, როცა ყურძენს ველოდებოდი?
5 . ახლა კი გთხოვთ მათქმევინოთ, რის გაკეთებას ვუპირებ ჩემს ვენახს - შემოვარღვევ ღობეს და საძოვრად იქცევა, შემოვუნგრევ ზღუდეს და გაპარტახდება.
6 . გავაუდაბურებ მას, არ გაიმარგლება და არ გაითოხნება იგი; გაიზრდება ნარ-ეკლად და ვუბრძანებ ღრუბლებს არ აწვიმონ მასზე წვიმა.
7 . ისრაელის სახლია ცაბაოთ უფლის ვენახი და იუდას ხალხი - ნერგი მისი სიამისა; სამართალს მოელოდა და აჰა - სისხლისღვრაა; სიმართლეს და აჰა - ტანჯვის მოთქმაა.
8 . ვაი თქვენ, სახლზე სახლს რომ მიიტაცებთ და მინდორზე მინდორს რომ იმატებთ და სხვას ადგილი აღარ რჩება, თითქოს მხოლოდ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაზე.
9 . გამაგონა ცაბაოთ უფალმა: "მრავალი სახლი დაიქცევა, დიდები და კარგად ნაშენები, მცხოვრებთა გარეშე დარჩება.
10 . რამეთუ ათი უღელი ხარის სათოხნი ვენახი ერთ ბათს მოიწევს და ხომერი თესლი - ეფას”.
11 . ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან.
12 . ქნარი და ებანი, დაფი, სტვირი და ღვინოა მათ ნადიმებზე; უფლის საქმეებს არ უმზერენ და მის ხელთა ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
13 . ტყვეობაში წავა ჩემი ხალხი უმეცრების გამო; მისი დიდებულნი შიმშილით დაიხოცებიან, ბრბო კი წყურვილით გაითანგება.
14 . ამიტომაცაა ქვესკნელი ხახადაფჩენილი და უსაზღვროდ გაფართოვებული; ის ჩაყლაპავს მის მშვენებას, მის ხმაურიანსა და მოზეიმე ბრბოს.
15 . დამდაბლდება ადამიანი, დამცირდება კაცი, დაიხრება ქედმაღალთა თვალები.
16 . ამაღლდება ცაბაოთ უფალი სამართალში და გამოჩნდება წმიდა ღმერთი სიმართლეში.
17 . დაიმწყემსება ცხვარი საძოვარზე და ნასუქთა ნარჩენებს მწირნი შეჭამენ.
18 . ვაი მათ, ვინც ამაოების ღვედებით იზიდავს უმართლობას, და ცოდვას - თითქოს და ურმის საბლებით.
19 . ამბობენ: "ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რათა ვიხილოთ; დაე, მოახლოვდეს და მოვიდეს რჩევა ისრაელის წმიდისა, რომ გავიგოთ!”
20 . ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.
21 . ვაი ბრძენთ საკუთარ თვალში და გონიერთ თავიანთი აზრით.
22 . ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში!
23 . ქრთამით დამნაშავის გამმართლებელთ და ალალ-მართალთათვის სიმართლის წამრთმევთ.
24 . ამიტომ, როგორც ბზეს შთანთქავს ცეცხლის ენები და თივა იფერფლება ალში, ისე დალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, ვინაიდან უკუაგდეს რჯული ცაბაოთ უფლისა და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს.
25 . ამის გამო აენთება უფლის რისხვა თავის ხალხზე, ხელს გაიწვდენს და შემუსრავს მას. შეირყევიან მთები და მათი გვამები სკორესავით ეყრება შუა ქუჩებში; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ შემართული ექნება.
26 . ალამს აღმართავენ შორეული ერებისთვის და დაუსტვენს მას ქვეყნიერების კიდეებამდე; და აჰა, ისინიც სწრაფად და მსუბუქად მოვლენ.
27 . არც დაღლილი ეყოლებათ, არც დაქანცული; არ ჩათვლემენ და არც ჩაეძინებათ. არ შეეხსნებათ წელშემოსარტყმელი და ფეხსაცმლის თასმები არ გაუწყდებათ.
28 . მათი ისრები წამახულია და ყველა მშვილდი მოზიდულია; მათი ცხენების ფლოქვები კაჟივითაა და ეტლების ბორბლები - გრიგალივით.
29 . მათი ბრდღვინვა ლომის ბრდღვინვასავითაა; ღრიალებენ ლომის ბოკვრებივით, დაეცემიან ნადავლს, გაიტაცებენ და არავინ იქნება მხსნელი.
30 . შეღმუვლებენ იმ დღეს ზღვის ღმუილით. შეხედავს კაცი ქვეყანას და აჰა, სიბნელეა და სივიწროვე; სინათლეც დაუბნელებია ღრუბლებს.
1 . წინასწარმეტყველება ზღვისპირა უდაბნოზე: როგორც სამხრეთის ქარიშხალი აღგვის უდაბნოს, ისე მოდის იგი ძრწოლის ქვეყნიდან.
2 . სასტიკი ხილვა მეჩვენა: მოღალატე ღალატობს და ყაჩაღი ყაჩაღობს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდიავ! ყველა მის ოხვრას ბოლო მოვუღე.
3 . ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა.
4 . გული მითრთის, შიშის ზარი დამეცა; საამური საღამო საშინელებად მექცა.
5 . ტაბლას აწყობენ, სუფრას შლიან, ჭამენ და სვამენ - "ადექით, მთავარნო, ზეთი სცხეთ ფარს!”
6 . რადგან ასე ამბობს უფალი: "წადი, მსტოვარი გააგზავნე და მოგახსენოს რას ნახავს.
7 . დაინახავს წყვილ-წყვილად ამხედრებულთ, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს. ყურს მიუგდებს მათ, დიდი ყურადღებით”.
8 . ლომივით გასძახის მსტოვარი: "უფალო! მუდმივად საგუშაგოზე ვარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე.
9 . აჰა, ახლა წყვილ-წყვილად ამხედრებულნი მოდიან მხედარნი. თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი, მისი ღმერთების ყველა გამოსახულება მიწას დაენარცხა და დაიმსხვრა”.
10 . ძეო ჩემო, საცეხველში გალეწილო! რაც გაგონილი მაქვს ცაბაოთ უფლის, ისრაელის ღმერთისგან, ის გაუწყეთ.
11 . წინასწარმეტყველება დუმაზე: სეყირიდან მიხმობენ: "გუშაგო, რა მოხდა ღამით? გუშაგო, რა მოხდა ღამით?”
12 . ეუბნება გუშაგი: "დილა დგება, ღამეც მოდის; თუ დაეკითხებით, დაეკითხეთ! ისევ დაბრუნდით”.
13 . წინასწარმეტყველება არაბეთზე: არაბეთის უღრანში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო!
14 . შემხვედრი მწყურვალისთვის წყალი გამოჰქონდათ; პურით ეგებებოდნენ დევნილებს თემას მიწის მკვიდრნი.
15 . რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდსა და ომის სიმძიმეს.
16 . ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: "ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
17 . მშვილდოსანთა სიმრავლიდან გადარჩენილნი კი, მამაცი ძენი კედარისა, მცირედნი იქნებიან”, რადგან ასე აქვს ნათქვამი უფალს, ისრაელის ღმერთს.
1 . "შენ კი, ძეო კაცისავ, აიღე აგური, დაიდე წინ და ამოკვეთე მასზე ქალაქი იერუსალიმი.
2 . ალყაში მოაქციე იგი, სიმაგრე ააშენე მის წინააღმდეგ და მიწაყრილები შემოავლე, განალაგე მათზე ბანაკები და გარშემოარტყი კედლის სანგრევი მანქანები.
3 . შენ კი, აიღე რკინის დაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის; სახე მისკენ მიაქციე, რათა ალყაში მოექცეს და გარშემორტყმული გყავდეს. ეს იქნება ნიშანი ისრაელის ტაძრისთვის.
4 . დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდე ისრაელის ტაძრის ურჯულოება. რამდენ დღესაც იწვები, იმდენხანს ატარებ მის ურჯულოებას.
5 . მე განგისაზღვრე მათი ურჯულოების წლები დღეთა რიცხვის მიხედვით: სამას ოთხმოცდაათ დღეს ატარებ ისრაელის ტაძრის ურჯულოებას.
6 . შეასრულებ ამას და დაწვები მარჯვენა გვერდზე; ორმოც დღეს ატარებ იუდას ტაძრის ურჯულოებას. თითო დღე თითო წლისთვის დაგიდგინე.
7 . იერუსალიმის ალყისკენ მიმართავ სახეს და შიშველ მკლავს, და იწინასწარმეტყველებ მასზე.
8 . აჰა, შეგბოჭავ და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორეზე, სანამ არ დასრულდება შენი ალყის დღეები.
9 . აიღე ხორბალი და ქერი, ცერცვი და მურდუმაქი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ერთ ჭურჭელში და საჭმელი მოიმზადე. დღეთა იმ რიცხვის მიხედვით უნდა მოიმზადო, რამდენსაც გვერდზე იწვები, სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო.
10 . დღეში შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, წონით ოცი შეკელი იყოს, ჟამიდან ჟამამდე ჭამე.
11 . წყალიც მოზომილად სვი, მეექვსედი ჰინი დალიე ჟამიდან ჟამამდე.
12 . ქერის კვერს შეჭამ, ადამიანის გამომშრალ განავალზე გამოაცხობ მას, მათ დასანახად”.
13 . და თქვა უფალმა: "ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმინდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ”.
14 . მივუგე: "ო, არა უფალო ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა; სიჭაბუკიდან მოყოლებული დღემდე მძორი და მხეცის მიერ დაგლეჯილი არ მიჭამია; აქამდე საზიზღარი ხორცისთვის პირი არ დამიკარებია”.
15 . მითხრა: "კარგი, საქონლის ნეხვს მოგცემ ადამიანის განავლის ნაცვლად და მასზე მოიმზადე კვერი”.
16 . მითხრა: "ძეო კაცისავ! აი, მე გავანადგურებ საკვების მარაგს იერუსალიმში და წონითა და დარდით შეჭამენ პურს, მოზომილად და ძრწოლით შესვამენ წყალს.
17 . ვინაიდან მოაკლდებათ პური და წყალი, ძრწოლით შეხედავენ ერთმანეთს და გატიალდებიან თავიანთ ურჯულოებაში.
1 . 1 ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იგი და მოეკლათ.
2 . ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აჯანყდესო.
3 . როცა იესო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში იყო და სუფრასთან იჯდა, მივიდა ქალი, რომელსაც ძვირადღირებული ნარდის სუფთა ნელსაცხებელი ჰქონდა ალებასტრონით; გატეხა ალებასტრონი და თავზე დაასხა მას.
4 . ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ასე რად გაიფლანგა ნელსაცხებელიო?
5 . ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის სამას დინარზე მეტად გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგება? და კიცხავდნენ ქალს.
6 . ხოლო იესომ უთხრა მათ: "თავი გაანებეთ, რატომ კიცხავთ? მან სიკეთე მიყო.
7 . რადგან ღარიბნი მუდამ თქვენთან გეყოლებათ და როცა მოისურვებთ, შეგეძლებათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.
8 . მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს ნელსაცხებელი დასამარხად.
9 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ ქვეყანაზე, იმასაც იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად”.
10 . და წავიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი.
11 . ეს რომ მოისმინეს, გაიხარეს და ვერცხლის მიცემას შეპირდნენ. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.
12 . უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს სწირავდნენ, ჰკითხეს მოწაფეებმა: "სად გინდა, რომ წავიდეთ და პასექი მოგიმზადოთ საჭმელად?”
13 . გაგზავნა ორი მოწაფეთაგანი, თან უთხრა: "ქალაქში წადით და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მიაქვს; უკან გაჰყევით.
14 . სადაც შევა, იმ სახლის პატრონს უთხარით: მოძღვარმა თქვა: სად არის სასტუმრო ოთახი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს?
15 . და ის გიჩვენებთ ზემო ოთახს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ ჩვენ”.
16 . გამოვიდნენ მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში, მისი ნათქვამისამებრ იპოვეს, და მოამზადეს პასექი.
17 . მოსაღამოვებულზე თორმეტთან ერთად მოვიდა.
18 . როცა სუფრასთან ისხდნენ და ჭამდნენ, თქვა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე”.
19 . ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: "მე ხომ არა?”
20 . ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: "მე ხომ არა?”
21 . თუმცა ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მის შესახებ, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა: იმ კაცისთვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო”.
22 . როცა ჭამდნენ, იესომ პური აიღო, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: "მიიღეთ და ჭამეთ - ეს ჩემი სხეულია!”
23 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. იქიდან შესვა ყველამ.
24 . უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.
25 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს, ღმერთის სამეფოში”.
26 . იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
27 . უთხრა მათ იესომ: "ამ ღამით ყველანი ცდუნდებით ჩემში, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები.’
28 . ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში”.
29 . უთხრა პეტრემ: "თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მე მაინც არა”.
30 . უთხრა მას იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ”.
31 . ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: "თუნდაც მოვკვდე შენთან ერთად, მაინც არ უარგყოფ”. ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც.
32 . და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც გეთსემანია ჰქვია; უთხრა თავის მოწაფეებს: "აქ დასხედით, ვიდრე ვილოცებდე”.
33 . თან გაიყოლა პეტრე, იაკობი და იოანე და იწყო წუხილი და ურვა.
34 . უთხრა: "სიკვდილამდეა დამწუხრებული ჩემი სული. აქ იყავით და იფხიზლეთ”.
35 . ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ კი შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.
36 . თქვა: "აბბა, მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც - შენ”.
37 . მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: "სიმონ, გძინავს? ვერ შეძელი, ერთ საათს გეფხიზლა?
38 . იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.
39 . კვლავ წავიდა და იმავე სიტყვებით ლოცულობდა.
40 . მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.
41 . მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: "ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა! მოვიდა ჟამი. აჰა, ცოდვილთა ხელს გადაეცემა ძე კაცისა.
42 . ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.
43 . სიტყვა არ დაესრულებინა რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან მახვილებითა და კეტებით შეიარაღებული ხალხი მოიყოლა.
44 . გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც ვეამბორები, ის არის. შეიპყარით და ბადრაგით წაიყვანეთ”.
45 . უმალვე მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი!” და ეამბორა მას.
46 . მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს.
47 . ერთმა იქ მდგომთაგანმა მახვილი იძრო, მოუქნია მღვდელმთავრის მონას და ყური მოათალა.
48 . მაშინ უთხრა მათ იესომ: "როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად.
49 . ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი”.
50 . მაშინ მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.
51 . ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და მცველებმა შეიპყრეს იგი.
52 . მან კი ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაიქცა.
53 . მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა.
54 . პეტრე შორიახლო მიჰყვებოდა მას თვით მღვდელმთავრის ეზომდე; დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თბებოდა.
55 . ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი იესოს წინააღმდეგ მოწმობას ეძებდნენ, რომ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.
56 . მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
57 . ზოგი წამოდგა და ცილს სწამებდა მას; ამბობდნენ:
58 . გავიგონეთ, რომ ამბობდა: ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს ავაშენებო.
59 . მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.
60 . ადგა მღვდელმთავარი, იესოსთან მივიდა და ჰკითხა: "არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?”
61 . ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. ისევ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?”
62 . იესომ თქვა: "მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.
63 . მაშინ სამოსელი შემოიხია მღვდელმთავარმა და თქვა: "რაღად გვინდა მოწმეები?
64 . თქვენ გაიგონეთ გმობა! რას იტყვით?” მაშინ ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო მას.
65 . ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს, თვალები აუხვიეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო. მსახურნი კი სახეში ურტყამდნენ.
66 . როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მოახლეთაგანი.
67 . როცა დაინახა პეტრე, რომელიც თბებოდა, დააკვირდა და უთხრა: "შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი”.
68 . მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც გამეგება რას ამბობო. ეზოს გარეთ გავიდა პეტრე და მამალმაც იყივლა.
69 . მხევალმა რომ დაინახა იგი, კვლავ უთხრა იქ მდგომთ: ესეც ერთი მათგანიაო.
70 . მან კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: ნამდვილად ერთი მათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი იქნები, კილოზე გეტყობაო.
71 . პეტრემ კი იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო.
72 . მყისვე მეორედ იყივლა მამალმა; და გაახსენდა პეტრეს სიტყვა, იესომ რომ უთხრა: "სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს სამჯერ უარმყოფო; და იწყო ტირილი”.
1 . უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: "შეუძლებელია არ მოვიდნენ ცდუნებანი, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვლენ.
2 . მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ეს მცირეთაგანი ეცდუნებინა.
3 . გაფრთხილდით: თუ შეგცოდოს შენმა ძმამ, გაუწყერი; თუ მოინანიოს, მიუტევე.
4 . დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას ვინანიებო, აპატიე”.
5 . უთხრეს უფალს მოციქულებმა: "მოგვიმატე რწმენა”.
6 . უთხრა მათ უფალმა: "მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, დაგემორჩილებათ.
7 . რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს - მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას, ნუთუ ეტყვის, ახლავე მიდი და სუფრას მიუჯექიო?
8 . განა არ ეტყვის, ვახშამი მომიმზადე და წელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
9 . ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისთვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.
10 . ასევე თქვენც, ყველაფერს რომ გააკეთებთ, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა”.
11 . ისე მოხდა, რომ იერუსალიმისკენ მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.
12 . ერთ სოფელში რომ შედიოდა ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც შორიახლოს გაჩერდნენ.
13 . ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: "შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!”
14 . დაინახა და უთხრა: "წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.
15 . ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს.
16 . პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და ჰმადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო.
17 . მაშინ თქვა იესომ: "ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან?
18 . არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად გარდა ამ უცხოტომელისა?”
19 . უთხრა: "ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა!”
20 . ჰკითხეს ფარისევლებმა: "როდის მოვა ღმერთის სამეფო?” და უთხრა: "ღმერთის სამეფო თვალსაჩინოდ არ მოვა.
21 . ვერ იტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო. რადგან, აჰა, თვითონ თქვენშია ღმერთის სამეფო”.
22 . მოწაფეებს უთხრა: "დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა, მაგრამ ვერ იხილავთ.
23 . გეტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო, ნუ წახვალთ, ნუ გაედევნებით!
24 . ვინაიდან, როგორც ელვა გაიელვებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისაც თავის დღეს.
25 . ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ თაობის მიერ.
26 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას დღეებშიც.
27 . ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდოდა ნოე კიდობანში. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა.
28 . ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
29 . იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა.
30 . ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.
31 . იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები - სახლში, ნუ ჩავა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, ნურც ის დაბრუნდება უკან.
32 . გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
33 . ვინც ეცდება შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას; ხოლო ვინც დაკარგავს თავის სიცოცხლეს, შეინარჩუნებს მას.
34 . გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
35 . ორნი დაფქვავენ ერთ ადგილზე, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე კი დარჩება.
36 . ორნი იქნებიან ყანაში, ერთი წაყვანილ იქნება, მეორე დარჩება”.
37 . ჰკითხეს: "სად, უფალო?” ხოლო მან უპასუხა: "სადაც ლეშია, სვავებიც იქვე მოგროვდებიან”.
1 . და აი, პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაულიც მოახლოვდა.
2 . მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხერხს ეძებდნენ, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
3 . და შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.
4 . წავიდა და მოელაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა მეთაურებს, როგორ გაეცა მათთვის იესო.
5 . გაუხარდათ და დათანხმდნენ ვერცხლის მიცემას.
6 . მანაც აღუთქვა და მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რომ ხალხის დაუსწრებლად გაეცა იგი.
7 . დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო.
8 . იესომ პეტრე და იოანე გაგზავნა და უთხრა: "წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ”.
9 . ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოვამზადოთ?”
10 . უთხრა: "აჰა, ქალაქში რომ შეხვალთ, კაცი შემოგხვდებათ, რომელსაც წყალი მიაქვს დოქით და იმ სახლამდე მიჰყევით, რომელშიც შევა;
11 . უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარი გეკითხება-თქო: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
12 . და გიჩვენებთ ის დიდ მოფარდაგებულ ზედათვალს; იქ მოამზადეთ”.
13 . წავიდნენ და იპოვეს, როგორც უთხრა მათ. და მოამზადეს პასექი.
14 . ჟამმა რომ მოაღწია, დაჯდა იგი და მოციქულებიც დასხდნენ მასთან ერთად.
15 . უთხრა მათ: "დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
16 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”.
17 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: "აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის.
18 . რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”.
19 . აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: "ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.
20 . ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.
21 . აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.
22 . ძე კაცისა განწესებისამებრ მიდის, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც მას გასცემს”.
23 . და იწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.
24 . ასევე დავობდნენ, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.
25 . მან კი უთხრა: "წარმართებზე მეფეები ბატონობენ და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.
26 . თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი - როგორც მსახური.
27 . რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.
28 . თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
29 . და მეც ისევე გაძლევთ სამეფოს, როგორც მე მომცა მამაჩემმა,
30 . რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად”.
31 . და თქვა უფალმა: "სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.
32 . მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები”.
33 . მან კი უპასუხა: "უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც”.
34 . ხოლო მან უთხრა: "შენ გეუბნები, პეტრე, დღეს მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ”.
35 . უთხრა მათ: "ქისის, აბგისა და ფეხსაცმლის გარეშე რომ გაგაგზავნეთ, თუ გაკლდათ რამე?” უპასუხეს მათ: "არაფერი”.
36 . მაშინ უთხრა: "ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა; ხოლო ვისაც არა აქვს მახვილი, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს.
37 . თქვენ გეუბნებით, რომ უნდა აღსრულდეს ჩემზე დაწერილი: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა’, რადგან ის, რაც ჩემზეა დაწერილი, დასასრულს უახლოვდება”.
38 . მათ უთხრეს: "უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია”. მიუგო მან: "საკმარისია”.
39 . გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთისკენ გაემართა. მოწაფეებიც გაჰყვნენ.
40 . ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: "ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
41 . თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
42 . ამბობდა: "მამაო! თუ გნებავს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი”.
43 . ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.
44 . ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა.
45 . ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და მწუხარებისგან ჩაძინებულები ნახა ისინი.
46 . უთხრა: "რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა ხალხი რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, რომელიც იუდად იწოდებოდა; და საამბოროდ მიუახლოვდა იესოს.
48 . უთხრა იესომ: "იუდა, ამბორით გასცემ ძე კაცისას?”
49 . მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: "უფალო, დავცხოთ მახვილი?”
50 . ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.
51 . მაშინ იესომ უთხრა: "თავი დაანებეთ, კმარა!” შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.
52 . უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მეთაურებსა და უხუცესებს: "როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად.
53 . ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და არ აღგიმართავთ ხელი ჩემზე; მაგრამ თქვენია ეს ჟამი და სიბნელის ხელმწიფება”.
54 . და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და შეიყვანეს მღვდელმთავრის სახლში. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.
55 . შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.
56 . ერთმა მხევალმა ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააცქერდა და თქვა: "ესეც მასთან ერთად იყო”.
57 . მაგრამ მან უარყო და თქვა: "დედაკაცო, არ ვიცნობ მას”.
58 . ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: "შენც ერთი მათგანი ხარ”. მაგრამ პეტრემ მიუგო: "არა ვარ, ადამიანო”.
59 . დაახლოებით ერთი საათი რომ გავიდა, სხვამაც დაიწყო დაჟინებით მტკიცება, ამბობდა: "ნამდვილად ესეც მას ახლდა, რადგან გალილეველია”.
60 . პეტრემ კი მიუგო იმ კაცს: "ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ”. და უცებ, ამას რომ ამბობდა, მამალმა იყივლა.
61 . მაშინ შემობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, მას რომ უთხრა: დღეს, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,
62 . გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
63 . ხოლო კაცნი, რომელთაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, დასცინოდნენ და სცემდნენ მას.
64 . თვალები აუხვიეს სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო?
65 . და კიდევ მრავალნაირად გმობდნენ.
66 . როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები; და მიიყვანეს იესო თავიანთ სინედრიონში.
67 . უთხრეს: "თუ ქრისტე ხარ, გვითხარი”. უთხრა: "რომ გითხრათ, არ მერწმუნებით,
68 . და რომ გკითხოთ, არ მიპასუხებთ.
69 . მაგრამ ამიერიდან ღმერთის ძალის მარჯვნივ დაჯდება ძე კაცისა”.
70 . მაშინ თქვა ყველამ: "მაშ, შენა ხარ ღმერთის ძე?” მიუგო: "თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ”.
71 . მათ კი თქვეს: "მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? თვითონვე მოვისმინეთ მისი პირიდან”.
1 . კვირის პირველ დღეს უთენია მივიდნენ სამარხთან და მიიტანეს სურნელებანი, მომზადებული რომ ჰქონდათ.
2 . კვირის პირველ დღეს უთენია მივიდნენ სამარხთან და მიიტანეს სურნელებანი, მომზადებული რომ ჰქონდათ.
3 . შიგნით რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს სხეული.
4 . ამის გამო შეფიქრიანდნენ და აჰა, მათ წინაშე ბრწყინვალე სამოსლით მოსილი ორი მამაკაცი წარდგა.
5 . შეძრწუნებულთ და მიწისკენ სახე დახრილთ, უთხრეს: "რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?
6 . არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ რას გეუბნებოდათ ჯერ კიდევ გალილეაში:
7 . რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს”.
8 . და გაიხსენეს მისი ნათქვამი.
9 . დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს თერთმეტსა და ყველა დანარჩენს.
10 . ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი.
11 . მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ დაიჯერეს.
12 . პეტრე კი ადგა, სამარხისკენ გაიქცა და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა; და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.
13 . და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.
14 . ისინიც ყველა იმ ამბავზე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, რაც მოხდა.
15 . ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თვითონ იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.
16 . მაგრამ თვალები დახშული ჰქონდათ, რომ ვერ ეცნოთ იგი.
17 . უთხრა მათ: "რაზე მსჯელობთ ერთმანეთში, გზად მიმავალნი?” ისინი კი დამწუხრებულნი შეჩერდნენ.
18 . ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, უთხრა: "ნუთუ შენ ერთადერთი უცხო ხარ იერუსალიმში, რომელმაც არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?”
19 . ჰკითხა მათ: "რა მოხდა?” ხოლო მათ უპასუხეს: "იესო ნაზარეველი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, საქმითა და სიტყვით ძლიერი ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,
20 . ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად გადასცეს და ჯვარს აცვეს.
21 . ჩვენ კი ვიმედოვნებდით, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. აგერ, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.
22 . მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან მივიდნენ სამარხთან,
23 . ვერ იპოვეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და თქვეს, ანგელოზები ვიხილეთო, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
24 . ზოგიერთი ჩვენგანიც წავიდა სამარხის სანახავად და მათაც, იგივე ნახეს, რაც დედაკაცებმა გვითხრეს. ის კი ვერ ნახეს”.
25 . მან უთხრა: "ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყოველივე იმის სარწმუნებლად, რაც ილაპარაკეს წინასწარმეტყველებმა.
26 . განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?”
27 . მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს.
28 . მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ; ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა.
29 . მაგრამ ისინი აკავებდნენ და ეუბნებოდნენ: "დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა”. ისიც შევიდა მათთან დასარჩენად.
30 . ინახად რომ დაჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.
31 . მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს იგი. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.
32 . უთხრეს ერთმანეთს: "განა არ გიზგიზებდა ჩვენში გული, როცა გველაპარაკებოდა გზაში და განგვიმარტავდა წერილებს?”
33 . ადგნენ და მაშინვე დაბრუნდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
34 . რომლებიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.
35 . მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
36 . ამას რომ ლაპარაკობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა: "მშვიდობა თქვენდა!”
37 . შეძრწუნებულებმა და შეშინებულებმა იფიქრეს, რომ სულს ხედავდნენ.
38 . მაგრამ მან უთხრა: "რატომ შეძრწუნდით? რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები?
39 . შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს არ აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ”.
40 . ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები;
41 . მაგრამ რაკი სიხარულისგან ვერ იჯერებდნენ და გაოცებულები იყვნენ; ჰკითხა მათ: "საჭმელი თუ გაქვთ აქ?”
42 . და მიაწოდეს შემწვარი თევზის ნაწილი და გოლეული.
43 . აიღო და მათ თვალწინ შეჭამა.
44 . უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: რომ უნდა აღსრულდეს ყოველივე, რაც მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებსა და ფსალმუნებშია დაწერილი ჩემზე”.
45 . და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად.
46 . უთხრა: "ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;
47 . და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.
48 . თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.
49 . და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.
50 . ბეთანიამდე გაიყვანა და ხელებაპყრობილმა აკურთხა ისინი.
51 . კურთხევისას განშორდა მათ და ზეცად ამაღლდა.
52 . მათაც თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.
53 . გამუდმებით ტაძარში იყვნენ და ღმერთს აქებდნენ და ადიდებდნენ. ამინ!
1 . 1. როცა მოვედი ჩემს სახლში და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე, მეერგასის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მომიმზადეს მე დიდებული სადილი და შევუდექი ჭამას. 2. გადავხედე უამრავ სასმელ-საჭმელს და მივმართე ჩემს ძეს: წადი და მომიყვანე, ვინც კი შეგხვდება ჩვენს მოძმეთაგან გაჭირვებული, ვისაც ახსოვს უფალი. აბა, გელოდები-მეთქი. 3. უკან რომ მობრუნდა, მითხრა: მამა, ერთი ჩვენი თვისტომი გაგუდული გდია მოედანზე. 4. და მეც, ვიდრე შევუდგებოდი სმა-ჭამას, წამოვვარდი და შევინახე გვამი რომელიღაც სახლში მზის ჩასვლამდე. 5. შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და ვჭამე ჩემი პური დადარდიანებულმა. 6. გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა: დღესასწაულები გლოვად გადაგექცევათ და ყველა თქვენი სიმღერა - გოდებად. და ავტირდი. 7. მზე რომ ჩაესვენა, გავედი და გავთხარე მიწა და დავმარხე იგი. 8. ახლობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, არ ეშინია, რომ მოკლან ამ საქმისათვის, გაიქცა და აჰა, ისევ მარხავს მიცვალებულებსო. 9. იმავე ღამეს აღვასრულე დაკრძალვის წესი და გაუწმინდურებული დავწექი ეზოს კედელთან. სახე დაუფარავი მქონდა. 10. ვერ შევნიშნე, რომ კედელზე ბეღურები ისხდნენ და ჩემს გახელილ თვალებს გადმოაღვარეს თბილი სითხე და ლიბრი გადამეკრა თვალებზე. ვიარე მკურნალებთან, მაგრამ ვერ მიშველეს. აქიაქაროსი მინახავდა, ვიდრე ელამში წავიდოდა. 11. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ცოლი ხანა მოჯამაგირედ დაუდგა ბანოვანებს. 12. უგზავნიდა თავის ბატონებს ნაშრომს და უხდიდნენ მას გასამრჯელოს. ერთხელაც თიკანი აჩუქეს. 13. როცა მომიახლოვდა თიკანი, კიკინი მორთო. ვკითხე ხანას, საიდან არის ეს თიკანი? ნაქურდალი ხომ არ არის-მეთქი? დაუბრუნე პატრონებს, რადგან არა ხამს ნაქურდალის ჭამა-მეთქი. 14. მან კი მიპასუხა, საჩუქრად მიბოძესო გასამრჯელოსთან ერთად. არ დავუჯერე და ვუთხარი, პატრონისთვის დაებრუნებინა, და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: სად არის შენი მოწყალებანი და სამართალნი? აჰა, ახდა შენზე ყოველივეო.
1 . 1. ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი; 2. არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად. 3. თუკი მათი სილამაზით დატყვევებულთ ესენი ღმერთები ეგონათ, ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმა მშვენებისა შექმნა ისინი. 4. ხოლო თუ მათი ძალა და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი იქნებოდა მათზე მათი შემოქმედი. 5. რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა; 6. მაგრამ ესენი მაინც ნაკლებად გასაკიცხნი არიან, რადგან თუ სცდებიან, ღვთის ძიებისას სცდებიან, მისი პოვნის მოწადინენი. 7. რადგან ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძებენ და მზერას ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია. 8. და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა; 9. რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე? 10. მაგრამ უფრო უბადრუკნი არიან მკვდართა მსასოებელნი, რომელნიც ღმერთებს უწოდებენ: ადამიანთა ხელით ნაქმნარს - ოქროსა და ვერცხლს, ხელოვნების ქმნილებებს, ცხოველთა გამოსახულებებს, ან უსარგებლო ქვას - ძველების ხელით ნაკეთებს. 11. მოჭრის ხისმჭრელი ვინმე ხურო ადვილდასამუშავებელ ხეს და მარჯვედ გალოპრავს, ლამაზად გათლის და მისგან საჭირო ჭურჭელს დაამზადებს. 12. სამუშაოდან მორჩენილ ნაჭრებს კი კერძის მოსამზადებლად მოიხმარს და გაძღება; 13. ხოლო იმათგან ერთი ნაჭერს, ყოვლად უვარგისს, მრუდეს და ნუჟრებიანს, აიღებს და მოცალეობისას გულმოდგინედ გამოთლის, ოსტატურად დაამუშავებს და ადამიანის სახედ გამოსახავს, 14. ან მიამსგავსებს რომელიმე უბადრუკ ცხოველს, სურინჯს წაუსვამს, მეწამული საღებავით შეღებავს მის ზედაპირს და ყველა მის ხინჯს დაფარავს, 15. მოუწყობს მას შესაფერის ადგილ-სამყოფელს, კედელზე ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს. 16. ამგვარად, აწინასწარ იზრუნებს, რომ ძირს არ ჩამოუვარდეს, რადგან იცის, რომ იგი ვერ უშველის საკუთარ თავს, რადგან ხატია მხოლოდ და შემწეს საჭიროებს. 17. როცა ლოცულობს თავისი სიმდიდრისთვის, ქორწინებისთვის და შვილებისათვის, არ რცხვენია უსულოსთან საუბრისა; ჯანმრთელობისათვის უძლურს მიმართავს, 18. სიცოცხლეს მკვდარს შესთხოვს, შემწეობისთვის გამოუცდელს ევედრება, კეთილი მგზავრობისთვისმას, ვინც ნაბიჯსაც ვერ დგამს; 19. მოგებისთვის, საშრომელისთვის და ხელის მომართვისთვის ხელით უძლურს ეხვეწება, რომ ძალა მისცეს.
1 . 1. წყალობის გამღები სესხს აძლევს მახლობელს და თავისი ხელით მისი მომაღონიერებელი მცნებათა დამცველია. 2. ასესხე მახლობელს მისი გასაჭირის ჟამს და თავადაც დროზე დაუბრუნე ვალი. 3. მტკიცედ დაიცავი სიტყვა, მისი ერთგული იყავი და ყოველ ჟამს იპოვი შენთვის საჭიროს. 4. ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და ტანჯვაში ჩააგდო თავისი შემაწევარნი. 5. ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მას და მახლობლის ფულზე ლაპარაკისას ხმას დაუწევს, გადახდისას კი დროს გააჭიანურებს, დაუდევრად გასცემს პასუხს და დროს მოიმიზეზებს. 6. თუკი შეძლებს გადახდას, ნახევარს ძლივს მიუტანს და მსესხებელს ნაპოვნად ჩაეთვლება; თუ არა და, დაუკარგავს თავისი ფული და ტყუილუბრალოდ მტერიც შეუძენია, რადგანაც წყევლას და გინებას შეუთვლიან და ნაცვლად პატივისა უპატიობას მიაგებენ. 7. ამგვარი ვერაგობის გამო მრავალნი უარს ამბობენ სესხებაზე. ეშინიათ, ტყუილუბრალოდ არ იზარალონ. 8. მაგრამ ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავი და მოწყალებას ნუ დაუგვიანებ. 9. შეეწიე გლახაკს მცნებისამებრ და გასაჭირში მყოფს ხელცარიელს ნუ გაუშვებ. 10. დახარჯე ვერცხლი ძმისა და მეგობრის გულისათვის და ნუ დაჟანგავ მას ლოდის ქვეშ დასაღუპავად. 11. შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე მეტ სარგებლობას მოგიტანს. 12. სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის ყოველგვარ გასაჭირში, 13. და მტკიცე ფარზე და მძიმე შუბზე უკეთ დაგიცავს მტრისგან. 14. კეთილი კაცი მახლობელს თავდებად დაუდგება, სირცხვილდაკარგული კი მიატოვებს. 15. ნუ დაუკარგავ თავდებობის მადლს, რადგან შენთვის გასცა მან თავისი სიცოცხლე. 16. თავმდების დოვლათს დაავსებს ცოდვილი და უმადური თავის მხსნელს მიატოვებს. 17. თავდებობამ ბევრი შეძლებული დაღუპა და, როგორც ზღვის ტალღამ, შეარყია. 18. სახლიდან განდევნა ძლიერი ვაჟკაცები და უცხო ტომებში ახეტიალა. 19. ცოდვილი, თავდებობის მტვირთველი და მოგებას გამოდევნებული, სასჯელს იტვირთავს. 20. შეეწიე მახლობელს შენი შეძლებისამებრ და უფრთხილდი, რომ თავადაც არ ჩავარდე. 21. დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სამოსელი და სახლი კი - სირცხვილის დამფარველი. 22. ფიცრულში ერჩიოს ღატაკს ცხოვრება უცხოთა შორის ბრწყინვალე ნადიმებს. 23. მცირედითაც და დიდითაც მადლიერი იყავი და სახლეულის საყვედურს არ მოისმენ. 24. ცუდია სიცოცხლე სახლიდან სახლამდე ხეტიალში; სადაც ხიზნად ხარ, პირს ვერ გააღებ. 25. უმასპინძლებ და ასვამ უმადლოდ და, ამასთან ერთად, მწარესაც მოისმენ. 26. მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გაშალე და, თუ რამე გაქვს, მეც მაჭამეო. 27. დაუთმე ადგილი, გადამთიელო, პატივსაცემ კაცს, ძმა მესტუმრა და სახლი მჭირდება. 28. მძიმეა ეს მგრძნობიარე კაცისათვის: თავშესაფრის დამადლება და სესხის დაყვედრება.
1 . 1. გამოხდა მცირე ხანი და მეფემ იუდაში ერთი ათენელი უხუცესი გაგზავნა, რომ დაეყოლიებინა იუდაელები, მამათა წესებს განდგომოდნენ და ღვთის რჯულით აღარ ეცხოვრათ. 2. კიდეც შეებილწათ იერუსალიმის ტაძარი და ეწოდებინათ მისთვის ტაძარი ოლიმპიელი ზევსისა; ხოლო გარიზიმში კი, რაკი მის მიდამოებში უცხოელები ცხოვრობდნენ, ტაძრისთვის სტუმართმოყვარე ზევსის სახელი დაერქმიათ. 3. მძიმე და ყველასთვის მტანჯველი იყო თავს დატეხილი უბედურება. 4. აღივსო ტაძარი აღვირახსნილობით და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმიდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან და შიგნით შესაწირად შეჰქონდათ ყოველგვარი აკრძალული. 5. აღივსო სამსხვერპლო უკადრისი, რჯულით აკრძალული შენაწირებით. 6. აღარ იცავდნენ აღარც შაბათს, აღარც მამაპაპეულ დღესასწაულს, ისე რომ, იუდაელებიც კი აღარ ეთქმოდათ. 7. ყოველთვიურად, მეფის დაბადების დღეს, სასტიკი ძალდატანებით გაჰყავდათ იუდაელები კერპთაყვანისმცემელთა წესის აღსასრულებლად, ხოლო დიონისეს დღესასწაულზე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ, და, სუროს გვირგვინებით თავშემკობილნი, დიონისეს მიაგებდნენ პატივს. 8. პტოლემეოსის შთაგონებით, მეზობელ ელინურ ქალაქებსაც დაუდგინეს, რომ ამგვარადვე ემოქმედათ იუდაელთა მიმართ და აეძულებინათ ისინი, კერპთმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა. 9. ხოლო ვინც არ მოინდომებდა ელინურ ადათებზე გადასვლას, დაეხოცათ. უნდა გენახათ, რა ცოდვის დღე დატრიალდა. 10. ორი ქალი, ბავშვთა წინადაცვეთაში ბრალდებულნი, ძუძუებზე მიკრული ჩვილებით მთელი ქალაქის თვალწინ ჩამოატარეს და გალავნიდან გადაჩეხეს. 11. სხვები კი, ვინც მახლობელ გამოქვაბულებში გარბოდა, რათა მეშვიდე დღე მალულად ედღესასწაულა, ფილიპესთან დააბეზღეს და ერთიანად გადაბუგეს, რადგან ისინი თავდაცვას არც ცდილან, რომ ამით უწმიდესი დღესასწაული არ შეელახათ. 12. ვისაც ეს წიგნი ხელთ ჩაუვარდება, ვთხოვ, არ შეუშინდეს ამგვარ ბედუკუღმართობას, პირიქით, ჩათვალოს, რომ ეს სასჯელი დასაღუპად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. 13. ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი. 14. რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი; 15. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. 16. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და, თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი. 17. მაგრამ ამას შეგონებისათვის შეგახსენებთ და მცირედი წიაღსვლის შემდეგ თხრობაზე გადავდივარ. 18. ელეაზარს, ერთ-ერთ პირველ მწიგნობარს, უკვე ასაკოვან კაცს, თუმცა სილამაზით ჯერ კიდევ გამორჩეულს ძალათი გაუღეს პირი და ღორის ხორცის ჭამას აიძულებდნენ. 19. მან კი ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა და ნებაყოფლობით გასწირა საწამებლად თავი. 20. იგი უკან აფურთხებდა ხორცს, როგორც ეს შეეფერება კაცს, რომელიც მიუხედავად სიცოცხლის სიყვარულისა, ბედავს უარი თქვას აკრძალული საჭმლის ჭამაზე. 21. ხოლო ურჯულო მსხვერპლშეწირვისთვის განწყობილნი, ვისაც კი ამ უხუცესთან მრავალი წლის ნაცნობობა აკავშირებდა, გაიხმობდნენ ხოლმე მას და ცალ-ცალკე ჩუმად სთხოვდნენ, ეჭამა საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი, ის, რისი ჭამაც ნებადართული იყო, თან თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მეფის ბრძანებით შემოთავაზებულ სამსხვერპლო ხორცს ჭამდა. 22. რადგან ამით იგი სიკვდილისგანაც დაიხსნიდა თავს და, ძველი სიყვარულის წყალობით, მათი კაცთმოყვარებითაც ისარგებლებდა. 23. მაგრამ ელეაზარმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება - მის ასაკს, ღირსეულ ხანდაზმულობასა და სახელოვან ჭაღარას რომ ეკადრებოდა და შედეგი იყო სიყრმიდანვე ღვთისმოსავური აღზრდისა, ყველაზე მეტად კი წმიდა და ღვთისგან ბოძებულ რჯულდებას რომ შეესაბამებოდა: უარი უთხრა მათ და განუცხადა, რომ უმალ ჯოჯოხეთში ჩავიდოდა. 24. ჩვენს ასაკს თვალთმაქცობა არ ეკადრებაო, თქვა მან, რადგან ბევრი ახალგაზრდა გაიგებს, რომ ოთხმოცდაათი წლის ელეაზარი უცხო ტომთა მიმდევარი გახდაო, 25. თავადაც, ჩემი თვალთმაქცობის წამხედვარე, ცთუნებას აჰყვება ხანმოკლე და ფუჭწარმავალი სიცოცხლისთვის, მე კი მოვაყივნებ და ჩირქს მოვსცხებ ჩემს ხანდაზმულობასო. 26. იქნება ახლა კი დავაღწიოთ თავი ადამიანთა სასჯელს, მაგრამ ყოვლისშემძლის ხელს ვერც სიცოცხლეში, ვერც სიკვდილის შემდეგ ვერსად გავექცევით. 27. ამიტომ, თუ ახლა ვაჟკაცურად გამოვეთხოვები სიცოცხლეს, მოხუცებულობის ღირსიც აღმოვჩნდებიო. 28. ახალგაზრდებს კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ, ღირსეულად და მამაცურად შეეგებონ სიკვდილს დიდებული და წმინდა რჯულისთვისო. ესა თქვა და მაშინვე გაემართა საწამებლად. 29. მაშინ იმათაც კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მისდამი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა, ნათქვამის გამო ეს განწყობილება ზიზღით შეეცვალათ, რადგან მისი სიტყვები უგუნურებად ჩათვალეს. 30. ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ ვამჯობინე სხეულით გავტანჯულიყავი, სულით კი ტკბილად დამეთმინა ეს სატანჯველი, რადგან უფლის შიში მაქვს. 31. ასე აღესრულა იგი და თავისი სიკვდილით არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ თავისი ხალხის უმეტესობას დაუტოვა ვაჟკაცობის მაგალითი და კეთილშობილების ძეგლი დაიდგა.