1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . ადამი, შეთი, ენოში,
2 . კენანი, მაჰალალელი, იარედი,
3 . ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი,
4 . ნოე, სემი, ქამი და იაფეთი.
5 . იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
6 . გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
7 . იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და როდანიმი.
8 . ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
9 . ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთეხა. რაყმას ძენი: შება და დედანი.
10 . ქუშმა შვა ნიმროდი, ის გახდა პირველი მეომარი ქვეყანაზე.
11 . მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამი, ლეჰაბი და ნაფთუხი,
12 . ფათრუსი და ქასლუხი, რომელთაგანაც ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
13 . ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
14 . იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,
15 . ხიველნი, ყარკელნი და სინელნი,
16 . არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი.
17 . სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.
18 . არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.
19 . ორი ძე შეეძინა ყებერს: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი.
20 . იოკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,
21 . ჰადორამი, უზალი, დიკლა,
22 . ღებალი, აბიმაელი, შება,
23 . ოფირი, ხავილა, იობაბი - ყველა ესენი იოკტანის ძენი არიან.
24 . სემი, არფაქშადი, შელახი,
25 . ყებერი, ფელეგი, რეღუ,
26 . სერუგი, ნახორი, თერახი,
27 . აბრამი - იგივე აბრაჰამი.
28 . აბრაჰამის ძენი: ისაკი და ისმაელი.
29 . მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი და მიბსამი,
30 . მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,
31 . იეტური, ნაფიში და კედამა; ესენი არიან ისმაელის ძენი.
32 . შვა ძენი კეტურამ, აბრაჰამის ხარჭამ: ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი.
33 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოხი, აბიდაყი და ელყადა; ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ.
34 . აბრაჰამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი.
35 . ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი.
36 . ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი და ყამალეკი.
37 . რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.
38 . სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი.
39 . ლოტანის ძენი: ხორი, ჰომამი; თიმნაყი კი ლოტანის და იყო.
40 . შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ღებალი, შეფი და ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა.
41 . ყანას ძე: დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
42 . ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.
43 . ესენი არიან ის მეფენი, ედომის მიწაზე რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელის ძეებზე მეფე გამეფდებოდა: ბელაყი ბეყორის ძე. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
44 . მოკვდა ბელაყი და მის ნაცვლად გამეფდა იობაბ ზერახის ძე ბოცრადან.
45 . მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად ხუშამი გამეფდა, თემანის ქვეყნიდან.
46 . მოკვდა ხუშამი და მის ნაცვლად ბედადის ძე ჰადადი გამეფდა, მან გაანადგურა მიდიანელნი მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.
47 . მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა.
48 . მოკვდა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
49 . მოკვდა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე.
50 . მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი, მისი ცოლის სახელი - მეჰეტაბელი, მატრედის ასული, ასული მეზაჰაბისა.
51 . მოკვდა ჰადადი და გახდნენ ედომის მთავრები: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი იეთეთი,
52 . მთავარი აჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი,
53 . მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი,
54 . მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები.
1 . მიუგო იობმა და თქვა:
2 . "ოჰ, რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთიანად დადებულიყო სასწორზე,
3 . ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა იგი, ამიტომაა ნაჩქარევი ჩემი სიტყვები.
4 . რადგან ყოვლადძლიერის ისრები მაქვს ჩარჭობილი და მათ გესლს სვამს ჩემი სული. ღვთის საშინელებანი დაეწყვნენ ჩემს წინააღმდეგ.
5 . თუ იყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ იბღავლებს ხარი თივის ზვინის წინ?
6 . თუ ჭამენ უგემურს, უმარილოდ და თუ აქვს გემო კვერცხის ცილას?
7 . გული არ მიმდის მათზე, მწუხარებისაა ჩემი პური.
8 . ოჰ, რომ ახდებოდეს ჩემი სათხოვარი, და სანატრელს მომაგებდეს ღმერთი!
9 . ნეტავ ინებოს და დამლეწოს უფალმა, გამოიწოდოს ხელი და გამკვეთოს.
10 . ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში და ულმობელ სატკივარში გავიხარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11 . რადგან რა არის ჩემი ძალა, რომ მისი იმედი ვიქონიო? რა არის ჩემი ბოლო, რომ სიცოცხლე ვინატრო?
12 . განა ქვის სიმტკიცეა ჩემი სიმტკიცე? განა სპილენძისაა ჩემი ხორცი?
13 . აღარც რაიმე ძალა შემრჩა ჩემში და ყოველგვარი შეწევნაც გამშორდა.
14 . სასოწარკვეთილს თავისი მოყვასისგან აქვს თანაგრძნობა, თუნდაც მიტოვებული ჰქონდეს ყოვლადძლიერის შიში.
15 . გაუჩინარდნენ ჩემი მეგობრები დამშრალი წყაროებივით და მათი კალაპოტებივით,
16 . ყინულისგან რომ ამღვრეულან და თოვლი რომ ჩამდნარა მათში.
17 . დათბება და გაქრებიან, დააცხუნებს და ადგილზევე გაუჩინარდებიან;
18 . იცვლიან კალაპოტებს, არარაობაში მიედინებიან და იღუპებიან.
19 . მათ დაჰყურებდნენ თემას ქარავნები, მათი იმედი ჰქონდათ შებას მოგზაურებს.
20 . გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
21 . ახლა თქვენც მათი მსგავსნი გახდით, იხილეთ საშინელება და შეგეშინდათ.
22 . განა გითხარით, რამე მომიტანეთ-მეთქი, ან თქვენი ქონებიდან ქრთამი გაეცით-თქო ჩემთვის?
23 . ან დამიხსენით-მეთქი მტრის ხელიდან? ან გამომისყიდეთ-თქო მჩაგვრელთა ხელიდან?
24 . მასწავლეთ და დავდუმდები, რაში შევცდი, გამაგებინეთ.
25 . რა მტკივნეულია წრფელი სიტყვა, მაგრამ რას ადასტურებს თქვენი ლაპარაკი?
26 . ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!
27 . ობოლზეც კი იყრიდით წილს და ორმოს გაუთხრიდით საკუთარ მეგობარს.
28 . ახლა ინებეთ და შემომხედეთ, ნახეთ, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.
29 . მობრუნდით, გევედრებით, და ნუ იქნება უსამართლობა. მობრუნდით, ჯერ კიდევ აქ არის ჩემი სიმართლე.
30 . განა არის ჩემს ენაზე უმართლობა? ნუთუ ვერ არჩევს მზაკვრულად შეთხზულს სასა ჩემი?
1 . წინასწარმეტყველება ზღვისპირა უდაბნოზე: როგორც სამხრეთის ქარიშხალი აღგვის უდაბნოს, ისე მოდის იგი ძრწოლის ქვეყნიდან.
2 . სასტიკი ხილვა მეჩვენა: მოღალატე ღალატობს და ყაჩაღი ყაჩაღობს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდიავ! ყველა მის ოხვრას ბოლო მოვუღე.
3 . ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა.
4 . გული მითრთის, შიშის ზარი დამეცა; საამური საღამო საშინელებად მექცა.
5 . ტაბლას აწყობენ, სუფრას შლიან, ჭამენ და სვამენ - "ადექით, მთავარნო, ზეთი სცხეთ ფარს!”
6 . რადგან ასე ამბობს უფალი: "წადი, მსტოვარი გააგზავნე და მოგახსენოს რას ნახავს.
7 . დაინახავს წყვილ-წყვილად ამხედრებულთ, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს. ყურს მიუგდებს მათ, დიდი ყურადღებით”.
8 . ლომივით გასძახის მსტოვარი: "უფალო! მუდმივად საგუშაგოზე ვარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე.
9 . აჰა, ახლა წყვილ-წყვილად ამხედრებულნი მოდიან მხედარნი. თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი, მისი ღმერთების ყველა გამოსახულება მიწას დაენარცხა და დაიმსხვრა”.
10 . ძეო ჩემო, საცეხველში გალეწილო! რაც გაგონილი მაქვს ცაბაოთ უფლის, ისრაელის ღმერთისგან, ის გაუწყეთ.
11 . წინასწარმეტყველება დუმაზე: სეყირიდან მიხმობენ: "გუშაგო, რა მოხდა ღამით? გუშაგო, რა მოხდა ღამით?”
12 . ეუბნება გუშაგი: "დილა დგება, ღამეც მოდის; თუ დაეკითხებით, დაეკითხეთ! ისევ დაბრუნდით”.
13 . წინასწარმეტყველება არაბეთზე: არაბეთის უღრანში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო!
14 . შემხვედრი მწყურვალისთვის წყალი გამოჰქონდათ; პურით ეგებებოდნენ დევნილებს თემას მიწის მკვიდრნი.
15 . რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდსა და ომის სიმძიმეს.
16 . ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: "ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
17 . მშვილდოსანთა სიმრავლიდან გადარჩენილნი კი, მამაცი ძენი კედარისა, მცირედნი იქნებიან”, რადგან ასე აქვს ნათქვამი უფალს, ისრაელის ღმერთს.
1 . სიტყვა, რომელიც ისმინა იერემიამ იუდას მთელ ხალხზე იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეოთხე წელს. ეს იყო პირველი წელი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობისა.
2 . ელაპარაკა წინასწარმეტყველი იერემია იუდას მთელ ხალხსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს:
3 . "იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის მეცამეტე წლიდან დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც უფლის სიტყვა მოვიდა ჩემთან; ისევ და ისევ გელაპარაკებოდით, მაგრამ არ ისმენდით.
4 . გიგზავნიდათ უფალი თავის მსახურებსა და წინასწარმეტყველებს, განთიადიდანვე გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ უსმენდით, ყურად არ იღებდით.
5 . გეუბნებოდნენ: მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტმოქმედებიდან და, დაე, მკვიდრობდეს მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდეო.
6 . ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და თაყვანი არ სცეთ მათ, ნურც თქვენი ნახელავით გამაჯავრებთ, რომ არც მე გიბოროტოთო.
7 . მაგრამ არ მომისმინეთ, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინეთ თქვენი ნახელავით თქვენსავე საზიანოდ.
8 . ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვა,
9 . აჰა, გამოვგზავნი და მივიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ჩემს მსახურთან. და ავამხედრებ მათ ამ ქვეყანასა და მის მკვიდრებზე და ყველა ხალხზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, სამუდამო საფრთხობელად, დასაცინად და ნანგრევებად გადავაქცევ.
10 . ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ.
11 . გადაიქცევა მთელი ეს ქვეყანა ნანგრევებად და უდაბნოდ, ემსახურებიან ეს ერები ბაბილონის მეფეს სამოცდაათ წელს.
12 . სამოცდაათი წლის შესრულებისას კი დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ერს, ამბობს უფალი, მათი ურჯულოების გამო და საუკუნო უდაბნოდ ვაქცევ ქალდეველთა ქვეყანას.
13 . აღსრულდება იმ ქვეყანაზე ჩემი ყველა სიტყვა, მასზე რომ წარმოვთქვი, ყოველივე, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა ყველა ერზე.
14 . რადგან მათაც დაიმონებენ ერნი მრავალნი და დიდი მეფენი; მივუზღავ მათ თავიანთი საქმეებისა და ნახელავის მიხედვით”.
15 . ვინაიდან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: "აიღე, ეს თასი მრისხანების ღვინით და შეასვი ყველა ერს, ვისთანაც გაგგზავნი.
16 . შესვამენ და აბობოქრდებიან, შეიშლებიან მახვილის გამო, რომელსაც მათზე დავუშვებ”.
17 . ავიღე თასი უფლის ხელიდან და შევასვი ყველა ერს, ვისთანაც უფალმა გამგზავნა.
18 . იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს, მის მეფეებსა და მთავრებს, რათა გადამეცა ისინი ნგრევისთვის, თავზარდაცემისთვის, დაცინვისა და წყევლისთვის, როგორც ეს დღესაა.
19 . ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მთავრებს და მთელ მის ხალხს,
20 . ყველა აღრეულ ტომსა და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზასა და ყეკრონს, აშდოდის ნარჩენს,
21 . ედომს და მოაბს, ყამონის ძეთ,
22 . ტვიროსისა და სიდონის ყველა მეფეს, იმ კუნძულების მეფეებს, ზღვის გაღმა რომ იყვნენ;
23 . დედანს, თემას და ბუზს, ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს;
24 . არაბეთის ყველა მეფეს და უდაბნოში დასახლებული ყველა შერეული ტომის მეფეს;
25 . ზიმრის, ყელამისა და მადაის ყველა მეფეს;
26 . ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლობელსა და შორეულს; მსოფლიოს ყველა სამეფოს, რაც მიწის ზედაპირზეა; შეშაქის მეფე კი მათ შემდეგ შესვამს.
27 . და უთხარი მათ: "ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, დალევთ და დათვრებით, ამოარწყევთ და დაეცემით, ვერ ადგებით მახვილის გამო, რომელსაც თქვენზე დავუშვებ.
28 . და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის აღებასა და შესმაზე, მაშინ უთხარი: ასე ბრძანა ყოვლადძლიერმა უფალმა: შესვამთ!
29 . რადგან, აჰა, ჩემი სახელით წოდებული ქალაქის განადგურებით ვიწყებ და ნუთუ თქვენ დაუძვრებით სასჯელს? რადგან მახვილს ვუშვებ მიწის ყველა მცხოვრებზე!” ამბობს ცაბაოთ უფალი.
30 . "იწინასწარმეტყველებ მათზე ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: მაღლიდან იგრგვინებს უფალი, თავისი წმიდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას; ძლევამოსილად იგრგვინებს თავის სამკვიდროზე, საწნახელში ყურძნის მწურავივით დასძახებს დედამიწის ყველა მცხოვრების წინააღმდეგ.
31 . ქვეყნის კიდემდე მიაღწევს გრგვინვა, ვინაიდან დავა აქვს უფალს ერებთან, განიკითხავს ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედთ კი მახვილს გადასცემს” - ამბობს უფალი.
32 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, ერიდან ერში გადავა უბედურება და დიდი ქარიშხალი აღდგება ქვეყნის კიდიდან.
33 . და შეიმუსრებიან იმ დღეს უფლის მიერ ქვეყნის კიდიდან კიდემდე, არავინ დაიტირებს მათ, არ აკრეფენ და არ დამარხავენ, განავალივით ეყრებიან დედამიწის ზედაპირზე.
34 . იქვითინეთ, მწყემსებო! იკივლეთ, ნაცარში ჩაწექით, ფარის წინამძღოლნო! რადგან მოაწია თქვენი დაკვლისა და მიმოფანტვის დღემ; დაიმსხვრევით ძვირფასი ჭურჭელივით.
35 . აღარ ექნებათ მწყემსებს თავშესაფარი და ხსნა - ფარის წინამძღოლებს.
36 . მწყემსების ქვითინისა და ფარის წინამძღოლთა გლოვის ხმა ისმის, ვინაიდან უფალი აჩანაგებს მათ საძოვრებს.
37 . იღუპებიან მშვიდობიანი სამკვიდრებლები უფლის მძვინვარების გამო.
38 . ლომივით გამოვიდა იგი თავისი სადგომიდან, და გაუდაბურდა მათი ქვეყანა სასტიკი მახვილისა და მისი მრისხანების გამო”.