1 . ეს არის ნოეს ძეთა - სემის, ქამისა და იაფეთის - შთამომავლობა. ძენი შეეძინათ მათ წარღვნის შემდეგ.
2 . იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
3 . გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
4 . იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
5 . ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირელი ხალხები თავიანთ ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით, საკუთარ ხალხში.
6 . ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
7 . ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და რაყმას ძენი: შება და დედანი.
8 . ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო ძალის გამოჩენა დედამიწაზე.
9 . ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა - ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე!
10 . თავიდან მის სამეფოს შეადგენდა ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე - შინყარის ქვეყანაში.
11 . ამ ქვეყნიდან წამოვიდა აშურში და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი და ქალახი.
12 . და რესენი, რომელიც ნინევესა და ქალახს შორის იყო, დიდი ქალაქი.
13 . მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,
14 . ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგანაც გამოვიდნენ ფილისტიმელნი) და ქაფთორელთა.
15 . ქანაანს ეყოლა სიდონი, მისი პირმშო, და ხეთი,
16 . იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,
17 . ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,
18 . არვადელნი, ცემარელნი და ჰამათელნი და მერე გაიფანტნენ ქანაანის ტომებად.
19 . და იყო ქანაანელთა საზღვარი სიდონიდან გერარის მიმართულებით - ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით - ლაშაყამდე.
20 . ესენი იყვნენ ქამის ძენი თავისი გვარებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის მიწებსა და ერებში.
21 . სემს, იაფეთის უფროს ძმასაც, შეეძინა შვილები. სემი იყო ყებერის მთელი შთამომავლობის მამა.
22 . სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
23 . არამის ძენი: ყუცი, ჰული, გეთერი და მაში.
24 . არფაქშადს შეეძინა შელახი, შელახს - ყებერი.
25 . ყებერმა შვა ორი ძე: ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო დედამიწა, მის ძმას ერქვა იოკტანი.
26 . იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი.
27 . ჰადორამი, უზალი და დიკლა,
28 . ყობალი, აბიმაელი და შება,
29 . ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველა იოკტანის ძენი იყვნენ.
30 . მათი დასახლება მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე ვრცელდებოდა.
31 . ესენი არიან სემის ძენი თავიანთი გვარებისა და ენების მიხედვით, თავიანთ მიწებზე და ერებში.
32 . ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავისი გვარების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ერები მთელ დედამიწაზე.
1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . ადამი, შეთი, ენოში,
2 . კენანი, მაჰალალელი, იარედი,
3 . ხანოქი, მეთუშელახი, ლამექი,
4 . ნოე, სემი, ქამი და იაფეთი.
5 . იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
6 . გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
7 . იავანის ძენი: ელიშა, თარშიშა, ქითიმი და როდანიმი.
8 . ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
9 . ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთეხა. რაყმას ძენი: შება და დედანი.
10 . ქუშმა შვა ნიმროდი, ის გახდა პირველი მეომარი ქვეყანაზე.
11 . მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამი, ლეჰაბი და ნაფთუხი,
12 . ფათრუსი და ქასლუხი, რომელთაგანაც ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.
13 . ქანაანმა შვა ციდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
14 . იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,
15 . ხიველნი, ყარკელნი და სინელნი,
16 . არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი.
17 . სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი, არამი, ყუცი, ხული, გეთერი და მეშექი.
18 . არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.
19 . ორი ძე შეეძინა ყებერს: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი.
20 . იოკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,
21 . ჰადორამი, უზალი, დიკლა,
22 . ღებალი, აბიმაელი, შება,
23 . ოფირი, ხავილა, იობაბი - ყველა ესენი იოკტანის ძენი არიან.
24 . სემი, არფაქშადი, შელახი,
25 . ყებერი, ფელეგი, რეღუ,
26 . სერუგი, ნახორი, თერახი,
27 . აბრამი - იგივე აბრაჰამი.
28 . აბრაჰამის ძენი: ისაკი და ისმაელი.
29 . მათი მოდგმა: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, კედარი, ადბეელი და მიბსამი,
30 . მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა,
31 . იეტური, ნაფიში და კედამა; ესენი არიან ისმაელის ძენი.
32 . შვა ძენი კეტურამ, აბრაჰამის ხარჭამ: ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი.
33 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოხი, აბიდაყი და ელყადა; ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ.
34 . აბრაჰამმა შვა ისაკი. ისაკის ძენი: ესავი და ისრაელი.
35 . ესავის ძენი: ელიფაზი, რეღუელი, იეყუში, იაყლამი და კორახი.
36 . ელიფაზის ძენი: თემანი, ომარი, ცეფი, გაყთამი, კენაზი, თიმნაყი და ყამალეკი.
37 . რეღუელის ძენი: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა.
38 . სეყირის ძენი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა, დიშონი, ეცერი და დიშანი.
39 . ლოტანის ძენი: ხორი, ჰომამი; თიმნაყი კი ლოტანის და იყო.
40 . შობალის ძენი: ყალიანი, მანახათი, ღებალი, შეფი და ონამი. ციბყონის ძენი: აია და ყანა.
41 . ყანას ძე: დიშონი. დიშონის ძენი: ხამრანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
42 . ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყავანი, იაყაკანი. დიშონის ძენი: ყუცი და არანი.
43 . ესენი არიან ის მეფენი, ედომის მიწაზე რომ მეფობდნენ, ვიდრე ისრაელის ძეებზე მეფე გამეფდებოდა: ბელაყი ბეყორის ძე. მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
44 . მოკვდა ბელაყი და მის ნაცვლად გამეფდა იობაბ ზერახის ძე ბოცრადან.
45 . მოკვდა იობაბი და მის ნაცვლად ხუშამი გამეფდა, თემანის ქვეყნიდან.
46 . მოკვდა ხუშამი და მის ნაცვლად ბედადის ძე ჰადადი გამეფდა, მან გაანადგურა მიდიანელნი მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.
47 . მოკვდა ჰადადი და მის ნაცვლად სამლა მასრეკელი გამეფდა.
48 . მოკვდა სამლა და მის ნაცვლად შაული გამეფდა, მდინარისპირა რეხობოთიდან.
49 . მოკვდა შაული და მის ნაცვლად ბაყალ-ხანანი გამეფდა, ყაქბორის ძე.
50 . მოკვდა ბაყალ-ხანანი და მის ნაცვლად ჰადადი გამეფდა. მისი ქალაქის სახელი იყო ფაყი, მისი ცოლის სახელი - მეჰეტაბელი, მატრედის ასული, ასული მეზაჰაბისა.
51 . მოკვდა ჰადადი და გახდნენ ედომის მთავრები: მთავარი თიმნაყი, მთავარი ყალია, მთავარი იეთეთი,
52 . მთავარი აჰოლიბამა, მთავარი ელა, მთავარი ფინონი,
53 . მთავარი კენაზი, მთავარი თემანი, მთავარი მიბცარი,
54 . მთავარი მაგდიელი, მთავარი ყირამი. ესენი იყვნენ ედომის მთავრები.
1 . წინასწარმეტყველება ზღვისპირა უდაბნოზე: როგორც სამხრეთის ქარიშხალი აღგვის უდაბნოს, ისე მოდის იგი ძრწოლის ქვეყნიდან.
2 . სასტიკი ხილვა მეჩვენა: მოღალატე ღალატობს და ყაჩაღი ყაჩაღობს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდიავ! ყველა მის ოხვრას ბოლო მოვუღე.
3 . ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა.
4 . გული მითრთის, შიშის ზარი დამეცა; საამური საღამო საშინელებად მექცა.
5 . ტაბლას აწყობენ, სუფრას შლიან, ჭამენ და სვამენ - "ადექით, მთავარნო, ზეთი სცხეთ ფარს!”
6 . რადგან ასე ამბობს უფალი: "წადი, მსტოვარი გააგზავნე და მოგახსენოს რას ნახავს.
7 . დაინახავს წყვილ-წყვილად ამხედრებულთ, ვირთა ქარავანს და აქლემთა ქარავანს. ყურს მიუგდებს მათ, დიდი ყურადღებით”.
8 . ლომივით გასძახის მსტოვარი: "უფალო! მუდმივად საგუშაგოზე ვარ დღისით და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე.
9 . აჰა, ახლა წყვილ-წყვილად ამხედრებულნი მოდიან მხედარნი. თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი, მისი ღმერთების ყველა გამოსახულება მიწას დაენარცხა და დაიმსხვრა”.
10 . ძეო ჩემო, საცეხველში გალეწილო! რაც გაგონილი მაქვს ცაბაოთ უფლის, ისრაელის ღმერთისგან, ის გაუწყეთ.
11 . წინასწარმეტყველება დუმაზე: სეყირიდან მიხმობენ: "გუშაგო, რა მოხდა ღამით? გუშაგო, რა მოხდა ღამით?”
12 . ეუბნება გუშაგი: "დილა დგება, ღამეც მოდის; თუ დაეკითხებით, დაეკითხეთ! ისევ დაბრუნდით”.
13 . წინასწარმეტყველება არაბეთზე: არაბეთის უღრანში გაათიეთ ღამე, დედანელთა ქარავნებო!
14 . შემხვედრი მწყურვალისთვის წყალი გამოჰქონდათ; პურით ეგებებოდნენ დევნილებს თემას მიწის მკვიდრნი.
15 . რადგან მახვილებს გაურბოდნენ ისინი, გაშიშვლებულ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდსა და ომის სიმძიმეს.
16 . ვინაიდან, ასე ამბობს უფალი: "ერთი წლის შემდეგ, მოჯამაგირის წლებისამებრ, გაქრება კედარის მთელი სიდიადე.
17 . მშვილდოსანთა სიმრავლიდან გადარჩენილნი კი, მამაცი ძენი კედარისა, მცირედნი იქნებიან”, რადგან ასე აქვს ნათქვამი უფალს, ისრაელის ღმერთს.
1 . სიტყვა, რომელიც ისმინა იერემიამ იუდას მთელ ხალხზე იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეოთხე წელს. ეს იყო პირველი წელი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მეფობისა.
2 . ელაპარაკა წინასწარმეტყველი იერემია იუდას მთელ ხალხსა და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს:
3 . "იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის მეცამეტე წლიდან დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც უფლის სიტყვა მოვიდა ჩემთან; ისევ და ისევ გელაპარაკებოდით, მაგრამ არ ისმენდით.
4 . გიგზავნიდათ უფალი თავის მსახურებსა და წინასწარმეტყველებს, განთიადიდანვე გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ უსმენდით, ყურად არ იღებდით.
5 . გეუბნებოდნენ: მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტმოქმედებიდან და, დაე, მკვიდრობდეს მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდეო.
6 . ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და თაყვანი არ სცეთ მათ, ნურც თქვენი ნახელავით გამაჯავრებთ, რომ არც მე გიბოროტოთო.
7 . მაგრამ არ მომისმინეთ, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინეთ თქვენი ნახელავით თქვენსავე საზიანოდ.
8 . ამიტომ, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "იმის გამო, რომ არ ისმინეთ ჩემი სიტყვა,
9 . აჰა, გამოვგზავნი და მივიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ჩემს მსახურთან. და ავამხედრებ მათ ამ ქვეყანასა და მის მკვიდრებზე და ყველა ხალხზე ირგვლივ, გავანადგურებ მათ, სამუდამო საფრთხობელად, დასაცინად და ნანგრევებად გადავაქცევ.
10 . ჩავაჩუმებ მათი სიხარულისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, წისქვილთა ხმაურსა და ლამპრის სინათლეს გავაქრობ.
11 . გადაიქცევა მთელი ეს ქვეყანა ნანგრევებად და უდაბნოდ, ემსახურებიან ეს ერები ბაბილონის მეფეს სამოცდაათ წელს.
12 . სამოცდაათი წლის შესრულებისას კი დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ერს, ამბობს უფალი, მათი ურჯულოების გამო და საუკუნო უდაბნოდ ვაქცევ ქალდეველთა ქვეყანას.
13 . აღსრულდება იმ ქვეყანაზე ჩემი ყველა სიტყვა, მასზე რომ წარმოვთქვი, ყოველივე, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, იერემიამ რომ იწინასწარმეტყველა ყველა ერზე.
14 . რადგან მათაც დაიმონებენ ერნი მრავალნი და დიდი მეფენი; მივუზღავ მათ თავიანთი საქმეებისა და ნახელავის მიხედვით”.
15 . ვინაიდან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: "აიღე, ეს თასი მრისხანების ღვინით და შეასვი ყველა ერს, ვისთანაც გაგგზავნი.
16 . შესვამენ და აბობოქრდებიან, შეიშლებიან მახვილის გამო, რომელსაც მათზე დავუშვებ”.
17 . ავიღე თასი უფლის ხელიდან და შევასვი ყველა ერს, ვისთანაც უფალმა გამგზავნა.
18 . იერუსალიმსა და იუდას ქალაქებს, მის მეფეებსა და მთავრებს, რათა გადამეცა ისინი ნგრევისთვის, თავზარდაცემისთვის, დაცინვისა და წყევლისთვის, როგორც ეს დღესაა.
19 . ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მთავრებს და მთელ მის ხალხს,
20 . ყველა აღრეულ ტომსა და ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზასა და ყეკრონს, აშდოდის ნარჩენს,
21 . ედომს და მოაბს, ყამონის ძეთ,
22 . ტვიროსისა და სიდონის ყველა მეფეს, იმ კუნძულების მეფეებს, ზღვის გაღმა რომ იყვნენ;
23 . დედანს, თემას და ბუზს, ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს;
24 . არაბეთის ყველა მეფეს და უდაბნოში დასახლებული ყველა შერეული ტომის მეფეს;
25 . ზიმრის, ყელამისა და მადაის ყველა მეფეს;
26 . ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლობელსა და შორეულს; მსოფლიოს ყველა სამეფოს, რაც მიწის ზედაპირზეა; შეშაქის მეფე კი მათ შემდეგ შესვამს.
27 . და უთხარი მათ: "ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, დალევთ და დათვრებით, ამოარწყევთ და დაეცემით, ვერ ადგებით მახვილის გამო, რომელსაც თქვენზე დავუშვებ.
28 . და თუ უარს იტყვიან შენი ხელიდან თასის აღებასა და შესმაზე, მაშინ უთხარი: ასე ბრძანა ყოვლადძლიერმა უფალმა: შესვამთ!
29 . რადგან, აჰა, ჩემი სახელით წოდებული ქალაქის განადგურებით ვიწყებ და ნუთუ თქვენ დაუძვრებით სასჯელს? რადგან მახვილს ვუშვებ მიწის ყველა მცხოვრებზე!” ამბობს ცაბაოთ უფალი.
30 . "იწინასწარმეტყველებ მათზე ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: მაღლიდან იგრგვინებს უფალი, თავისი წმიდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას; ძლევამოსილად იგრგვინებს თავის სამკვიდროზე, საწნახელში ყურძნის მწურავივით დასძახებს დედამიწის ყველა მცხოვრების წინააღმდეგ.
31 . ქვეყნის კიდემდე მიაღწევს გრგვინვა, ვინაიდან დავა აქვს უფალს ერებთან, განიკითხავს ყველა ხორციელს, ბოროტმოქმედთ კი მახვილს გადასცემს” - ამბობს უფალი.
32 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, ერიდან ერში გადავა უბედურება და დიდი ქარიშხალი აღდგება ქვეყნის კიდიდან.
33 . და შეიმუსრებიან იმ დღეს უფლის მიერ ქვეყნის კიდიდან კიდემდე, არავინ დაიტირებს მათ, არ აკრეფენ და არ დამარხავენ, განავალივით ეყრებიან დედამიწის ზედაპირზე.
34 . იქვითინეთ, მწყემსებო! იკივლეთ, ნაცარში ჩაწექით, ფარის წინამძღოლნო! რადგან მოაწია თქვენი დაკვლისა და მიმოფანტვის დღემ; დაიმსხვრევით ძვირფასი ჭურჭელივით.
35 . აღარ ექნებათ მწყემსებს თავშესაფარი და ხსნა - ფარის წინამძღოლებს.
36 . მწყემსების ქვითინისა და ფარის წინამძღოლთა გლოვის ხმა ისმის, ვინაიდან უფალი აჩანაგებს მათ საძოვრებს.
37 . იღუპებიან მშვიდობიანი სამკვიდრებლები უფლის მძვინვარების გამო.
38 . ლომივით გამოვიდა იგი თავისი სადგომიდან, და გაუდაბურდა მათი ქვეყანა სასტიკი მახვილისა და მისი მრისხანების გამო”.
1 . ყამონის ძეებზე კი ასე ამბობს უფალი: "განა, არა ჰყავს ისრაელს ძენი? განა არა ჰყავს მემკვიდრე? მაშ რატომ დაეპატრონა მალქომი გადს? მისი ხალხი რატომ ცხოვრობს მის ქალაქებში?
2 . ამიტომ, აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი, როცა რაბამდე გაიგებენ ყამონის ძეთა საბრძოლო საყვირის ხმას, და იქცევა ის ნანგრევების გროვად, მისი შემოგარენი კი ცეცხლით გადაიბუგება; და დაეპატრონება ისრაელი თავის სამკვიდროს! ამბობს უფალი.
3 . იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე. იყვირეთ, რაბას ასულნო, ძაძები ჩაიცვით, დაიტირეთ და გალავანს მიაშურეთ, რადგან ტყვეობაში წავა მალქომი თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად.
4 . რას ტრაბახობ ხეობებით? რძისა და თაფლის მადინებელი შენი ხეობით, განდგომილო ასულო, დაიმედებული რომ ხარ შენს საგანძურზე: ვინ გამოვაო ჩემ წინააღმდეგო?
5 . აჰა, მე მოვაწევ შენზე ძრწოლას, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, შენ ირგვლივ მყოფთაგან; სათითაოდ გაგაძევებენ და არავინ იქნება განდევნილთა შემკრები.
6 . ამის შემდეგ კი მე დავაბრუნებ ყამონის ძეებს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
7 . ედომზე კი ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აღარ არის სიბრძნე თემანში? გამტყუნდა გონიერთა რჩევა? გაქრა მათი სიბრძნე?
8 . გაიქეცით, გაბრუნდით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი მისი დასჯისა.
9 . ყურძნის მკრეფავნი რომ შემოგსეოდნენ, განა არ დარჩებოდათ მარცვლები? ქურდები რომ შემოპარულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ თავის სამყოფს არ მიიტაცებდნენ?
10 . რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი სამალავი და ვეღარ შეძლებს თავის შეფარებას. გაცამტვერდა მისი შთამომავლობა, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. აღარ იქნება იგი.
11 . დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.
12 . რადგან, ასე ამბობს უფალი: აჰა, ვისაც მისჯილი არ ჰქონდა ამ ფიალის შესმა, აუცილებლად შესვამს და შენ არ დაისჯები? დაუსჯელი არ დარჩები, აუცილებლად შესვამ.
13 . რადგან ჩემი თავი დავიფიცე, ამბობს უფალი, რომ საფრთხობელად, სამარცხვინოდ, აოხრებულად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი - საუკუნო ნანგრევებად”.
14 . ამბავი მესმა უფლისგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: "შეიკრიბეთ და მოდით მის წინააღმდეგ და აღსდექით საბრძოლველად!
15 . რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხებში, საძულველი გაგხადე ადამიანებში.
16 . საშიში იყავი, გულით გაკადნიერდი და ამან გაცდუნა; კლდის ნაპრალების მკვიდრო, მთის წვერზე გამაგრებულო. არწივივითაც რომ აიმაღლო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ! ამბობს უფალი.
17 . საფრთხობელად გადაიქცევა ედომი, გაოცდება ყოველი გამვლელი და დაუსტვენს მისი წყლულების დამნახავი.
18 . როგორც სოდომის, გომორასა და მისი მეზობელი ქალაქების მოსპობის შემდეგ, ამბობს უფალი, აქაც აღარავინ იცხოვრებს, ადამის ძე აღარ დასახლდება მასში.
19 . აჰა, ლომივით ამოვა იგი იორდანეს უღრანიდან გამაგრებულ საცხოვრებლებზე, მაგრამ მყისიერად ვაიძულებ მისგან გაქცევას; ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი, ან ვინ დამინიშნავს დროს? ვინაა ის მწყემსი, წინ რომ დამიდგება?
20 . ამიტომ ისმინეთ უფლის მსჯავრი, ედომს რომ გამოუტანა და მისი ჩანაფიქრი თემანის მცხოვრებლებზე: ბატკანთაგან უმცირესნი ათრევენ მათ და აუოხრებენ სამკვიდრებელს!
21 . მათი დაცემის ხმაზე მიწა შეირყევა და მათი ყვირილი მეწამულ ზღვას მისწვდება.
22 . აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული”.
23 . დამასკოზე: "შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბავი მოისმინეს და სულით დაეცნენ; ზღვასავით ღელავენ, არ შეუძლიათ დაწყნარება.
24 . დაუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
25 . როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი სიხარულის ქალაქი?
26 . ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და მისი ყველა მებრძოლი დადუმდება იმ დღეს! ამბობს ცბაოთ უფალი.
27 . ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შთანთქავს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.
28 . კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასცა. ასე ამბობს უფალი: "ადექით, წადით კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი.
29 . თავისთვის წაასხამენ მათ ფარებს და წაიღებენ მათ კარვებს; მათ ფარდაგებს, მთელ მათ ჭურჭელსა და აქლემებს; ყველა მხრიდან ძრწოლას მოჰგვრიან.
30 . გაიქეცით, შორს წადით, მღვიმეებში შეიხიზნეთ, ხაცორის მცხოვრებნო, ამბობს უფალი, რადგან გადაწყვეტილება მიიღო თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და სიავე განიზრახა თქვენზე.
31 . ადექით, დაეცით უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს! ამბობს უფალი, არც კარები აქვს, არც დარაბები, განმარტოებულად სახლობს.
32 . წაასხამენ მათ აქლემებს და მათ საქონელს ნადავლად. გავფანტავ ამ საფეთქლებაპარსულთ ქარის ყველა მიმართულებით და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას! ამბობს უფალი.
33 . იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად და საუკუნო უდაბნოდ; არავინ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში”.
34 . უფლის სიტყვა ელამზე, რომელიც ესმა იერემიას იუდაზე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში.
35 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "აჰა, გადავტეხავ ელამის მშვილდს, მისი ძლევამოსილების საფუძველს.
36 . ოთხ ქარს მოვაწევ ცის ოთხი კიდიდან ელამზე და გავფანტავ მათ ამ ქარებთან ერთად; არ დარჩება ერი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ელამელი.
37 . მე გავანადგურებ ელამელთ მათი მტრებისა და სულის მაძიებელთა თვალწინ; მოვაწევ მათზე უბედურებასა და ჩემს მძვინვარებას, ამბობს უფალი, მახვილს დავადევნებ უკან, სანამ არ ამოვწყვეტ.
38 . დავიდგამ ტახტს ელამში და იქიდან მოვსპობ მეფესა და მთავრებს, ამბობს უფალი.
39 . მაგრამ უკანასკნელ დღეებში დავაბრუნებ ელამს ტყვეობიდან!” - ამბობს უფალი.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! მიმართე სახე ყამონის ძეთაკენ და მათ წინააღმდეგ იწინასწარმეტყველე.
3 . უთხარი: ყამონის ძენო, ისმინეთ-თქო უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგანაც გაიცინე ჩემს საწმიდარზე, როცა შეიბღალა და ისრაელის მიწაზე, როცა გაუკაცრიელდა და იუდას სახლზე, როცა დევნილობაში წავიდა.
4 . ამიტომ, აჰა, მეც აღმოსავლეთის ძეთ მიგცემ სამკვიდროდ, შენ შორის დასცემენ ბანაკებს და საცხოვრებლებს მოიწყობენ. შენს ნაყოფს შეჭამენ და შენს რძეს დალევენ.
5 . აქლემების საძოვრად ვაქცევ რაბას, ყამონის ძეთა ქვეყანას კი - ცხვრის ფარების სადგომად; და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი.
6 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ტაშს უკრავდი, ფეხს აბაკუნებდი და სულის მთელი მძულვარებით ხარობდი ისრაელის მიწაზე.
7 . ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და გასაძარცვად გადაგცემ ხალხებს; აღმოგფხვრი ხალხებიდან და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი.
8 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, სხვა ერებივით გახდაო იუდას სახლი;
9 . ამიტომ, აჰა, გვერდებს შემოვაცლი მოაბის ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას ბეთ-იეშიმოთს, ბაყალ-მეყონს და კირიათაიმს.
10 . აღმოსავლეთის ძეთ მივცემ სამკვიდროდ ყამონის ძეებიანად, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონის ძენი ხალხებში.
11 . სამართალს აღვუსრულებ მოაბს და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.
12 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ ედომი იუდას ტაძრის წინააღმდეგ წავიდა და შური იძია, ამით დააშავა და მასზეც შური იქნება ნაძიები!
13 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც მოვუღერებ ხელს ედომს, მოვუსპობ კაცსა და პირუტყვს, ნანგრევებად ვაქცევ მას და თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
14 . შურისგებას აღვასრულებ ედომზე, ჩემი ხალხის, ისრაელის ხელით. ჩემი რისხვისა და გულისწყრომისამებრ მოექცევიან ედომს; ასე გაიგებენ ჩემს შურისგებას! - ამბობს უფალი ღმერთი.
15 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელნი და შური იძიეს სულის ზიზღით, რათა გაენადგურებინათ იუდა მარადიული მტრობით,
16 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, მოვსპობ კრეტელებს და გავანადგურებ ზღვისპირეთის ნატამალს.
17 . მრისხანე მხილებებით აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა ჩემს შურისგებას აღვასრულებ მათზე!”
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "შენ კი, ძეო კაცისავ! გოდება გამართე ტვიროსზე.
3 . და უთხარი ზღვის შესასვლელთან დასახლებულ ტვიროსს, მრავალ ზღვისპირა ქვეყნების ხალხებთან მოვაჭრეს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, გითქვამს, სრულყოფილი ვარო მშვენებაში.
4 . ზღვების გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს მშვენება შენი.
5 . სენირის კვიპაროსებისგან დაგიმზადეს ყველა ფიცარი, ლიბანიდან კედარი ჩამოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
6 . ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.
7 . ეგვიპტის მოქარგული ქსოვილისა იყო შენი იალქნები, რომ დროშად გქონოდა. გადასახურავი ცისფერი და მეწამული ქსოვილისა იყო ელიშას ზღვისპირეთიდან;
8 . ციდონელები და არვადელები გყავდა მენიჩბეებად; შენი ბრძენკაცები გყავდა, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
9 . გებალის უხუცესნი და მისი ბრძენკაცები შენთან იყვნენ ბზარების შესაკეთებლად, ზღვის ყველა გემი და მათი მეზღვაურნი იყვნენ შენში, რომ ვაჭრობა წარემართათ.
10 . სპარსელნი, ლუდელნი და ფუტელნი იყვნენ შენს ლაშქარში, შენი ომის კაცები. ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ, ისინი გმატებდნენ ბრწყინვალებას.
11 . არვადის ძენი და შენი ლაშქარი იდგნენ კედლებზე გუშაგებად შენს გარშემო, გამადიმელნი იყვნენ შენს კოშკებში; თავიანთ ფარებს ირგვლივ შენს კედლებზე ჰკიდებდნენ. ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
12 . თარშიში ვაჭრობდა შენთან, ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ შენს საქონელში.
13 . იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი ვაჭრები, ცოცხალ ადამიანებს და სპილენძის ჭურჭელს გიცვლიდნენ საქონელში;
14 . თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებსა და ჯორებს გაძლევდნენ შენს საქონელში.
15 . დედანის ძენი იყვნენ შენთან მოვაჭრენი და მრავალი ზღვისპირა ქვეყანა იყო შენი სავაჭრო ადგილი. სპილოს ეშვები და შავი ხე მოჰქონდათ საფასურად.
16 . არამის ძენი ვაჭრობდნენ შენთან, შენი ნაკეთობების სიმრავლის გამო; ზურმუხტს, მეწამულსა და ნაქარგ ქსოვილს, ბისონს, მარჯანსა და ლალს იძლეოდნენ შენს საქონელში.
17 . იუდა და ისრაელის ქვეყანა იყვნენ შენთან მოვაჭრენი, მინითის ხორბალს, პანაგს, თაფლს, ზეთსა და ბალსამონს გაძლევდნენ სანაცვლოდ.
18 . დამასკო იყო შენთან მოვაჭრე, შენი მრავალი ნაკეთობისა და ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ხელბონის ღვინისა და თეთრი მატყლის გამო.
19 . დანი და იავანი ნაწრთობ რკინას, დარიჩინსა და ტკბილ ლერწამს გაძლევდნენ შენი საქონლის სანაცვლოდ უზალიდან.
20 . დედანი საუნაგირე მორთულობით გევაჭრებოდა.
21 . არაბეთი და კედარის ყველა მთავარი ვაჭრობდა შენთან; ბატკნებით, ვერძებითა და ვაცებით გევაჭრებოდნენ.
22 . შებასა და რაყმას მოვაჭრენიც შენთან ვაჭრობდნენ; ყველანაირ საუკეთესო ნელსაცხებელს, ყოველგვარ ძვირფას ქვასა და ოქროს გიცვლიდნენ შენს საქონელში.
23 . ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, ასევე აშური და ქილმადი შენთან ვაჭრობდნენ,
24 . შენთან ვაჭრობდნენ ძვირფასი სამოსელით, ლურჯი ნაქარგი მოსასხამებით, სხვადასხვაფერის ქსოვილით გაწყობილი ხალიჩებითა
25 . თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდათ შენი საქონელი, აივსე და დიდად განდიდდი ზღვის შუაგულში.
26 . დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა მენიჩბეებმა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა დაგლეწა ზღვის შუაგულში.
27 . შენი სიმდიდრე, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი მეზღვაურნი და მესაჭეები, ბზარების შემკეთებელნი და შენი საქონლით მოვაჭრენი, ყველა შენი მეომარი, ვინც შენთანაა და მთელი კრებული, შენ შორის მყოფი, ზღვის შუაგულში ჩაცვივდებიან შენი დაცემის დღეს.
28 . შენი მესაჭეების ყვირილი შეარყევს შემოგარენს.
29 . თავ-თავიანთი ხომალდიდან ჩამოვა ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაური, ყველა ზღვის მესაჭე და ხმელეთზე დადგებიან.
30 . ხმას აიმაღლებენ შენ გამო და მწარედ აქვითინდებიან, მტვერს დაიყრიან თავზე და ნაცარში გაგორდებიან.
31 . შენ გამო თავს გადაიპარსავენ, ჯვალოს ჩაიცვამენ და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
32 . კვნესით დაგიტირებენ და გიგლოვებენ: "ვინ არის ტვიროსივით? მასავით ვინ დადუმებულა შუაგულ ზღვაში?”
33 . როცა ზღვებით გადიოდა შენი საქონელი, მრავალ ხალხს აძღობდი შენი უხვი დოვლათით და შენი ვაჭრობით ამდიდრებდი ქვეყნის მეფეებს.
34 . ახლა კი ზღვამ ჩაგლეწა წყლების სიღრმეებში, შენი საქონელი და მთელი შენი კრებული გაქრა შენთან ერთად.
35 . შენ გამო შეძრწუნდა ყველა ზღვისპირა ქვეყანა, მათ მეფეებს შიში დაეცათ, სახე აელეწათ.
36 . ხალხებში მოსიარულე ვაჭრები უსტვენენ შენ გამო, საშინელი აღსასრული გეწია, აღარ იქნები უკუნისამდე!”
1 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! სახე მიაპყარი გოგს, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლეს მთავარს და იწინასწარმეტყველე მასზე.
3 . უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო!
4 . მოგაბრუნებ და კავებს გაგიყრი ყბებში; გამოგიყვან შენ და მთელ შენს ლაშქარს, ცხენებსა და მხედრებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ყველას, დიდ სიმრავლეს აბჯრითა და ფარით, მახვილის ყველა დამჭერს;
5 . სპარსეთთან, ქუშთან და ფუტთან ერთად, თითოეულს ფარითა და მუზარადით;
6 . გომერთან და მთელ მის რაზმთან, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეგანიდან თავისი რაზმებით, მრავალ ხალხებთან ერთად.
7 . გაემზადეთ და საჭურველი აისხით შენ და მთელმა შენმა რაზმმა, შენთან შემოკრებილმა, და სარდლად დაუდექი.
8 . მრავალი დღის შემდეგ იქნები მონახულებული, წლების ბოლოს მოხვალ ურიცხვ ხალხთაგან შემოკრებილ, მახვილისგან გათავისუფლებულ მიწაზე, ისრაელის მთებზე, მუდამ რომ გაუდაბურებულნი იყვნენ; თუმცა ახლა, ხალხებიდან გამოსულნი, უსაფრთხოდ დასახლდებიან ყველანი.
9 . ქარიშხალივით მოხვალ და ნისლივით დაფარავ ქვეყანას, შენ და მთელი შენი ხალხის ლაშქარი.
10 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს მოგივა გულში ფიქრები და ბოროტ გეგმას განიზრახავ;
11 . იტყვი: აღვდგები უგალავნო ქვეყანაზე, მივადგები მოსვენებულ, უსაფრთხოდ მცხოვრებთ, უკედლებოდ რომ ცხოვრობენ, ურდულებისა და კარების გარეშე.
12 . რომ გაძარცვო და ნადავლი დაიტაცო, ხელი აღმართო ხელახლა აღდგენილ ნანგრევებზე, ხალხთაგან გამოკრებილ ერზე, საქონლისა და სიმდიდრის მქონეზე, ხალხზე, რომელიც დედამიწის შუაგულში მკვიდრობს.
13 . შება და დედანი, ვაჭარნი თარშიშელნი და მათი ბოკვრები გკითხავენ: ნადავლის მისატაცებლად მოხვედი? საძარცვად შეკრიბე შენი ლაშქარი, ვერცხლისა და ოქროს წასაღებად, საქონლისა და დოვლათის ხელში ჩასაგდებად, დიდი ნადავლის მისატაცებლად?
14 . ამიტომ იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: განა არ გეცოდინება იმ დღეს, ჩემი ხალხი, ისრაელი რომ უსაფრთხოდ იცხოვრებს?
15 . მოხვალ შენი სამყოფელიდან, ჩრდილოეთის კიდიდან, შენ და უთვალავი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე მსხდომნი, დიდი მხედრობა და დიდძალი ლაშქარი.
16 . აღდგები ჩემს ხალხზე, ისრაელზე, როგორც ნისლი, ქვეყანას რომ ფარავს; უკანასკნელ დღეებში იქნება ეს, მე მოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა გამიცნონ ხალხებმა, როდესაც მათ თვალწინ გავაცხადებ ჩემს სიწმიდეს, შენი მეშვეობით, გოგ!
17 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა ის არა ხარ, ვისზეც გარდასულ დღეებში მითქვამს ჩემი მსახურების, ისრაელის წინასწარმეტყველების პირით, რომლებიც იმ დღეებში წინასწარმეტყველებდნენ, რომ მოგიყვანდი მათ წინააღმდეგ?
18 . და იქნება იმ დღეს, როცა გოგი მოადგება ისრაელის მიწას, ამბობს უფალი ღმერთი, გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომასა და რისხვას.
19 . ვთქვი ჩემს შურისგებასა და რისხვის ცეცხლში: ნამდვილად დიდი რყევა იქნება იმ დღეს ისრაელის მიწაზე.
20 . შეარყევს ჩემი შიში ზღვაში თევზებს და ცაში ფრინველებს, მინდვრის მხეცებს, ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე მცოცავს და ყოველ ადამიანს მიწის ზედაპირზე; ჩამოემხობიან მთები, ჩამოიქცევიან კიბეები და ყოველი კედელი მიწას დაენარცხება.
21 . ჩემს ყველა მთაზე მოვუხმობ მახვილს გოგის წინააღმდეგ, ამბობს უფალი ღმერთი, თითოეულის მახვილი თავისი ძმის წინააღმდეგ იქნება.
22 . განვიკითხავ მას შავი ჭირითა და სისხლით, წვიმის ნიაღვრებით და სეტყვით; ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე, მრავალ ხალხზე, მასთან რომ იქნებიან.
23 . განვდიდდები, წმიდად გამოვჩნდები და გამოვცხადდები მრავალი ერის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი”.