1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი.
2 . და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.
3 . და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
4 . ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას,
5 . არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა;
6 . ორთქლი ადიოდა დედამიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
7 . გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
8 . გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა.
9 . აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა.
10 . მდინარე გამოედინებოდა ედემიდან ბაღის მოსარწყავად და მერე ოთხ ტოტად იყოფოდა.
11 . ერთი ტოტის სახელია ფიშონი; ის გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12 . კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ბროლიც და ზურმუხტის ქვაც.
13 . მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი მთელ ეთიოპიის ქვეყანას უვლის გარს.
14 . მესამე მდინარეა ტიგროსი. იგი აშურის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარეა ევფრატი.
15 . აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
16 . უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: "ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო,
17 . ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.
18 . თქვა უფალმა ღმერთმა: "არ არის კარგი კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე”.
19 . გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი, ცის ყველა ფრინველი და მიუყვანა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა მათ. რასაც ადამი დაარქმევდა, თითოეული ცოცხალი არსების სახელიც ის იქნებოდა.
20 . დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა მისი შესაფერი შემწე.
21 . მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. ამოუღო მძინარეს ერთი ნეკნი და ხორცით დაფარა ის ადგილი.
22 . გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნისგან დედაკაცი და მიუყვანა იგი ადამს.
23 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
24 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.
25 . ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ.
1 . მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა ეს საგალობელი უფალს: "ვუგალობებ უფალს, რადგან განდიდდა ფრიად. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.
2 . ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.
3 . მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4 . ფარაონის ეტლები და მისი ჯარი ზღვაში ჩაყარა და მისი რჩეული მხედართმთავარნი ჩაიძირნენ წითელ ზღვაში.
5 . დაფარა ისინი წყალმა; ლოდებივით ჩაეშვნენ სიღრმეში.
6 . მარჯვენა შენი, უფალო, განდიდებულია ძალით, მარჯვენამ შენმა, უფალო, გააცამტვერა მტერი.
7 . შენი დიდების აღმატებულობით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს; გზავნი შენს რისხვას და ბზესავით შთანთქავს მათ.
8 . შენი ნესტოების ქარის ქროლვით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ტალღები, შედედდნენ მორევნი ზღვის გულში.
9 . თქვა მტერმა: "დავედევნები, დავეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ამოვიყრი, ვიშიშვლებ მახვილს, მოსრავს მათ ხელი ჩემი”.
10 . დაჰქროლე შენი სუნთქვით და ზღვამ დაფარა ისინი - ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ წყალში.
11 . ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?
12 . გაიწოდე მარჯვენა და მიწამ შთანთქა ისინი.
13 . წარმართავ შენი წყალობით ამ ხალხს, რომელიც გამოიხსენი; წინ წაუძეხი შენი ძალით შენს წმინდა სავანეში.
14 . ისმინეს ხალხებმა და ათრთოლდნენ; ძრწოლამ მოიცვა ფილისტიმის მკვიდრნი.
15 . მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთვარნი, აცახცახდნენ მოაბის თავკაცნი და შეკრთნენ მკვიდრნი ქანაანისა.
16 . დაეცათ შიში და ძრწოლა; შენი მკლავის სიმაგრემ ლოდივით დაადუმა ისინი, სანამ გაივლის შენი ხალხი, უფალო, სანამ გაივლის ეს ხალხი, რომელიც შეისყიდე.
17 . მიიყვანე და დააფუძნე ის შენს სამკვიდრებელ მთაზე, იმ ადგილზე, რომელიც შენს საცხოვრებლად შექმენი, უფალო. საწმიდარში, უფალო, რომელიც შენმა ხელებმა შექმნა.
18 . უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე”.
19 . როდესაც ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებით ზღვაში შევიდნენ, მოაქცია უფალმა მათზე ზღვის წყალნი, ისრაელის შვილებმა კი მშრალ მიწაზე გაიარეს შუა ზღვაში.
20 . აიღო წინასწარმეტყველმა მირიამმა, აჰარონის დამ, დაფდაფი ხელში, და მიჰყვა ყველა ქალი უკან დაფდაფებითა და ფერხულით.
21 . და ხოტბით უპასუხა მირიამმა: "უგალობეთ უფალს, რადგან ფრიად განდიდდა იგი; ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი”.
22 . წაიყვანა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. იარეს სამი დღე უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23 . მივიდნენ მარას და ვერ შეძლეს წყლის დალევა მარაში, რადგან მწარე იყო, ამიტომ ეწოდა მას სახელად მარა.
24 . და ებუზღუნებოდა ხალხი მოსეს: "რა დავლიოთ?”
25 . შეჰღაღადა მოსემ უფალს და უჩვენა მას უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26 . თქვა: "თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.
27 . მივიდნენ ელიმში და იყო იქ თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი პალმის ხე; და იქ დაიბანაკეს წყლის პირას.
1 . იმ დღეს, როცა უფალმა ყოველი მისი მტრის ხელთაგან იხსნა დავითი, ამ სიტყვებით უგალობა მან უფალს:
2 . "უფალი კლდეა ჩემი, ციხესიმაგრეა და მხსნელი ჩემი.
3 . ღმერთი კლდეა ჩემი, იგია ჩემი თავშესაფარი; ფარია ჩემი და ხსნის რქაა, სიმაგრეა და თავშესაფარი ჩემი, ჩემი მხსნელია, რომელმაც დამიფარა ძალადობისგან.
4 . მოვუხმე უფალს, დიდად საქებარს და გადამარჩინა ჩემი მტრებისგან.
5 . ალყაში მომიქციეს სიკვდილის ტალღებმა, განადგურების ნაკადები დამესხნენ თავს,
6 . ქვესკნელის ბორკილები შემომეხლართა და სიკვდილის ბადეებში გავები.
7 . გასაჭირში მოვუხმე უფალს, ჩემს ღმერთს შევღაღადე; და ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8 . შეირყა, იძრა დედამიწა, ათრთოლდა და შეირყა ზეცის საფუძველი ღვთის განრისხებისას.
9 . კვამლი ავარდა მისი ნესტოებიდან, მშთანმთქმელი ცეცხლი - მის ბაგეებიდან; ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
10 . მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა; უკუნი ნისლი იდგა მის ფეხქვეშ.
11 . ქერუბიმებზე ამხედრებული გაფრინდა და გამოჩნდა ქარიშხლის ფრთებზე;
12 . წყვდიადი შემოირტყა გარშემო კარვებად, წყლის ბინულებად ცათა ღრუბელნი.
13 . მისმა ელვარებამ ცეცხლის ნაკვერჩხლები ააგიზგიზა.
14 . ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.
15 . ისრებით გაფანტა ჩემი მტრები, ელვით გაანადგურა ისინი.
16 . შერისხა უფალმა, თავისი ნესტოების სუნთქვა მიაქცია და გამოჩნდნენ ზღვის დინებანი და გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძველნი.
17 . მაღლიდან მომწვდა, ამიყვანა და წყალთა მორევიდან გამომიყვანა.
18 . უძლიერესი მტრისგან მიხსნა, მათგან, ვისაც ვძულდი, ვინც ძლიერი იყო ჩემზე.
19 . თავს დამესხნენ ჩემი გასაჭირის დღეს და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20 . გაშლილ სივრცეში გამიყვანა და მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.
21 . ჩემი სიმართლისამებრ მომაგო უფალმა, ჩემი ხელის სიწმინდისამებრ გადამიხადა.
22 . რადგან ვიცავდი უფლის გზას, და ჩემი ღმერთისთვის არ შემიცოდავს.
23 . რადგან ჩემ წინაშეა მისი მცნებები და არ გადამიხვევია მის დადგენილებათაგან;
24 . უბიწო ვიყავი მის წინაშე და ცოდვას გავურბოდი.
25 . საზღაური მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისა და სიწმიდის გამო მის თვალში.
26 . წყალობის მქნელს - წყალობით ექცევი და წრფელ კაცთან წრფელი ხარ.
27 . წმიდასთან - წმიდა ხარ და მზაკვართან - მისი ცბიერებისამებრ.
28 . დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;
29 . რადგან შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო; უფალი გამინათებს ბნელს.
30 . რადგან შენით შევმუსრავ ლაშქარს და ჩემი ღვთით გადავევლები გალავანს.
31 . უმწიკვლოა ღვთის გზა; წმიდაა უფლის სიტყვა, ფარია მათთვის, ვინც მასში ეძებს თავშესაფარს.
32 . რადგან ვინაა ღმერთი უფლის გარდა ან ვინაა კლდე გარდა ჩვენი ღმერთისა?
33 . ღმერთი მტკიცე ციხესიმაგრეა ჩემი; უბიწოებს, თავის გზაზე აყენებს იგი,
34 . ფურირმის ფეხებს მომცემს და მწვერვალებზე დამაყენებს.
35 . გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
36 . შენგან მომეცა ხსნის ფარი და შენმა მოწყალებამ შემმოსა დიდებით.
37 . შენ გამიფართოვე ნაბიჯები, რათა არ მომიცურდეს ფეხები.
38 . ვდიე ჩემს მტრებს და არ მოვბრუნებულვარ, ვიდრე არ წარვხოცე ისინი.
39 . ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარასოდეს წამოდგებიან, ჩემს ფეხქვეშ დაეცნენ ისინი.
40 . შენ მმოსავ ძალით ბრძოლისთვის და ჩემს წინ აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ.
41 . შენ უკუაქციე ჩემგან მტრები, და მეც გავანადგურე ჩემი მოძულენი.
42 . ეძიებენ და არავინ ჰყავთ მშველელი; უფალსაც კი უხმობენ და არ პასუხობს უფალი.
43 . მიწის მტვერივით ვფანტავ, ქუჩის ტალახივით ვთელავ მათ.
44 . შენ მიხსენი ჩემი ხალხის ამბოხისგან; შენ შემინახე, რათა ერების მთავარი ვიყო; ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45 . უცხოტომელთა შვილები მეპირფერებიან, მემორჩილებიან, როგორც კი ესმით ჩემს შესახებ.
46 . უცხოტომელთა შვილები მისავათდებიან და თავისი სიმაგრეების მიღმა შეძრწუნდებიან.
47 . ცოცხალია უფალი! კურთხეულ იყოს სიმტკიცე ჩემი! ამაღლდეს ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა;
48 . ღმერთი იძიებს ჩემთვის შურს და ის დამიმორჩილებს ხალხებს.
49 . ის მიხსნის მტრისგან და ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემს წინააღმდეგ აღსდგა; მიხსნის მოძალადე კაცისგან.
50 . ამიტომ გმადლობ, შენ უფალო, ერებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს.
51 . ხსნის გოდოლია უფალი თავისი ცხებული მეფის, დავითისა და მისი შთამომავლობისთვის უკუნისამდე!
1 . მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2 . "სიტყვის თქმა რომ ვცადო, ხომ არ გაბეზრდები? მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?
3 . აჰა, ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ ხელებს უმაგრებდი;
4 . წაბორძიკებულს ფეხზე აყენებდა შენი სიტყვა და ჩაკეცილ მუხლებს ამაგრებდი.
5 . ახლა შენც მოგადგა და მოუთმენელი გახდი, შეგეხო და შეძრწუნდი,
6 . შენი მოშიშება ხომ შენი სიმტკიცეა, და შენი გზების უბიწოება - შენი იმედი.
7 . გაიხსენე, უდანაშაულო თუ დაღუპულა ვინმე ან მართალნი თუ მოკვეთილან?
8 . როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.
9 . ღმერთის სუნთქვაზე იღუპებიან და მისი რისხვის ქროლვით შთაინთქმებიან.
10 . მათი ხმა ლომის ღრიალივით არის, მაგრამ შეემუსრებათ მათ კბილები.
11 . ლომი უნადავლოდ იღუპება და ძუ ლომის ბოკვერნი იფანტებიან.
12 . საიდუმლოდ მომეცა სიტყვა და ყურში ჩურჩული ჩამესმა.
13 . ღამის ხილვებით ჩაფიქრებულს, როცა ძილქუში ეცემათ ადამიანებს.
14 . შიშმა შემიპყრო, ძრწოლა დამეცა და ყველა ძვალი ამიცახცახდა.
15 . სულმა ჩამიქროლა ჩემი სახის წინ და ყალყზე დამიდგა თმები ტანზე.
16 . შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე სახე, ხატება - ჩემ თვალწინ; იყო დუმილი და მერე ხმა გავიგონე:
17 . ღმერთზე მართალია მოკვდავი? უმწიკვლოა თავისი შემოქმედის წინაშე?
18 . აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა და თავის ანგელოზებშიც პოულობს ნაკლს,
19 . მით უმეტეს თიხის სახლებში მცხოვრებნი, მტვერზე რომ უდგათ საფუძველი და ჩრჩილზე უწინ რომ იჭყლიტებიან,
20 . დილიდან საღამომდე იმუსრებიან და შეუმჩნევლად იღუპებიან.
21 . აჰა, ამოძვრა მათი კარვის საბელი და სიბრძნის გარეშე კვდებიან.
1 . მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2 . "ამაო სიტყვებს უნდა ამბობდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
3 . განა უნდა კამათობდეს უსარგებლო სიტყვებით და ლაპარაკით, რომელშიც არავითარი სიკეთე არ არის?
4 . ღვთის შიში მოგიშორებია და აკნინებ მის წინაშე ლოცვას,
5 . შენივე დანაშაული წარმართავს შენს ბაგეს და ცბიერთა ენა ამოირჩიე.
6 . შენივე პირი გდებს ბრალს, მე კი არა, შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
7 . პირველშობილი ხომ არ ხარ კაცთა შორის, მთებზე უწინ ხომ არ შექმნილხარ?
8 . ღვთის საიდუმლო ხომ არ ისმინე და მისი სიბრძნე ხომ არ მიისაკუთრე?
9 . რა იცი შენ, რაც ჩვენ არ ვიცით? ისეთი რა გაიგე, რაც ჩვენ არ გვესმის?
10 . ჭაღარაც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე მეტი დღეების მქონე.
11 . ნუთუ გეცოტავება ღვთის ნუგეში? შენთვის ნათქვამი ფაქიზი სიტყვები?
12 . რად გიტაცებს შენი გული და თვალებს რატომ ახამხამებ?
13 . რად წარმართავ შენს სულს ღვთის წინააღმდეგ და ასეთ სიტყვებს წარმოთქვამ შენი ბაგედან?!
14 . რა არის კაცი, რომ წმიდა იყოს? ან მართლობდეს დედაკაცის მიერ შობილი?
15 . აჰა, თავის წმინდანებსაც არ ენდობა და ცანიც არ არიან სუფთა მის თვალში.
16 . მით უმეტეს საძაგელი და გახრწნილი კაცი, წყალივით რომ სვამს უსამართლობას.
17 . გეტყვი და მომისმინე, რაც ნანახი მაქვს, გეტყვი.
18 . რაც სმენიათ ბრძენებს და არ დაუფარავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი.
19 . მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, უცხოს არ გაუვლია მათ შორის.
20 . ურჯულო მთელი ცხოვრება იტანჯება; დათვლილია მტარვალთა წელთა რიცხვი,
21 . შიშის ზარია მის ყურებში და მშვიდობის ჟამსაც მიუვა გამანადგურებელი.
22 . იმედი არა აქვს, რომ სიბნელეს გაექცევა; მახვილისთვის არის განწირული.
23 . ლუკმა-პურისთვის დახეტიალობს - ამბობს, სად არისო? იცის, რომ ახლოა შავი დღე.
24 . აძრწუნებს მას გაჭირვება და უბედურება, გადასძალავს, როგორც ბრძოლისათვის შემართული მეფე.
25 . რადგან ღმერთის წინააღმდეგ გაიწოდა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26 . უტევდა მას ჯიუტად, თავისი ჯავშნის სქელი შვერილებით,
27 . რადგან ქონით დაიფარა სახე და გვერდები ხორცით დაიმძიმა.
28 . აოხრებულ ქალაქებში ცხოვრობდა - დასანგრევად გამზადებულ უკაცრიელ სახლებში.
29 . ვერ გამდიდრდება და ვერ გაძლებს ქონება მისი და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში.
30 . ბნელს ვერ გადაურჩება, ალი გაახმობს მის ყლორტებს და მისი პირის ამონასუნთქი განაშორებს მას ამ წუთისოფელს.
31 . ნუ მიენდობა ამაოებას ასეთი კაცი და თავს ნუ მოიტყუებს, რადგან ამაოებავე იქნება მისი საზღაური.
32 . უდღეურად დაჭკნება და მისი ტოტები არ ამწვანდება.
33 . მკვახე ყურძენი დასცვივა მისი ვაზის ლერწებს და დაიბერტყება მისი ზეთისხილის ყვავილი.
34 . რადგან უნაყოფოა უღმრთოთა კრებული და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეთა კარვებს.
35 . დაორსულდებიან სიავით და შობენ სიცრუეს; გული სავსე აქვთ მზაკვრობით!”
1 . „ესეც აძრწუნებს ჩემს გულს, ლამის ამომივარდეს საგულედან.
2 . გულისყურით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან რომ გამოდის.
3 . მთელ ცის ქვეშეთში აგზავნის მას და ელვა მისი დედამიწის კიდეებს სწვდება;
4 . ელვას თან მოსდევს მისი ხმის გრგვინვა; ქუხს თავისი დიადი ხმით და არა წყვეტს ელვას, როცა მისი ხმა ისმის.
5 . გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, ვერ ჩავწვდებით მისი სიდიადის ძალას.
6 . რადგან ეუბნება თოვლს: დაეფინეო მიწას”, ამასვე უბრძანებს წვიმასა და ძლიერ თავსხმას.
7 . აჩერებს ყველა ადამიანის ხელს, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს მისი ნამოქმედარი.
8 . თავშესაფარში გარბიან მხეცები და თავიანთ ბუნაგებში ინაბებიან.
9 . სამხრეთიდან ქარიშხალი მოდის, ჩრდილოეთიდან - ყინვა.
10 . ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და მყარდება სიმრავლე წყლისა.
11 . ტენით ავსებს სქელ ღრუბლებს და მისი ელვით ნათდებიან ისინი.
12 . მისი ნება-სურვილით მოძრაობენ ღრუბლები, მის ბრძანებას ასრულებენ მთელი დედამიწის ზურგზე.
13 . ხან არგნით, თავისივე ხალხის საკეთილდღეოდ, ხანაც წყალობისთვის.
14 . ყური მომაპყარ იობ, აღსდექ და ჩაუკვირდი ღვთის სასწაულებს.
15 . თუ იცი, როგორ დააფუძნა ისინი, როგორ აცისკროვნებს ღმერთი თავის ღრუბლებს ელვის სინათლით?
16 . თუ იცი ღრუბელთა განფენილობა, საოცრებანი ცოდნაში უნაკლოსი?
17 . რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა სამხრეთის ქარში მყუდროვდება ქვეყანა?
18 . თუ შეძლებ მასთან ერთად ცათა გადაჭიმვას, ჩამოსხმული სარკესავით მტკიცე რომ არის?
19 . გვასწავლე, რა ვუთხრათ მას, ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელის გამო.
20 . მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? ვინმე გაბედავს და მოინდომებს მისგან შთანთქმას?
21 . ახლა არ ჩანს ღრუბლებში მბრწყინავი მნათობი, მაგრამ ჩაუქროლებს ქარი და გაასუფთავებს.
22 . ჩრდილოეთიდან ბრწყინავს ოქროს ციალი; შიშის მომგვრელია ღვთაებრივი შარავანდედი.
23 . ვერ მივაგენით ყოვლადძლიერს, ძალაშია ამაღლებული, სიმართლესა და მრავალმოწყალებაში - არავის ჩაგრავს.
24 . ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს; არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია”.
1 . გუნდისლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა,რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს,როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
2 . და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
3 . უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
4 . ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
5 . გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
6 . შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
7 . გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8 . შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
9 . აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.
10 . დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
11 . ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
12 . წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
13 . მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
14 . და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
15 . გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია.
16 . და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
17 . გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
18 . დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
19 . აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20 . გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.
21 . მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
22 . ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
23 . ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
24 . უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
25 . და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
26 . გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
27 . ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
28 . რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
29 . ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
30 . შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
31 . უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.
32 . რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?
33 . ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
34 . ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
35 . ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
36 . მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.
37 . გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.
38 . დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.
39 . დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა ქვეშ განირთხმებიან.
40 . და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
41 . ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.
42 . იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და არ უპასუხებს.
43 . გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.
44 . მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.
45 . ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.
46 . უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
47 . უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
48 . ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
49 . ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
50 . ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
1 . 1. კეთილად წარმართა სიბრძნემ მათი საქმენი წმიდა წინასწარმეტყველის ხელით. 2. გადალახეს უდაბნო უკაცური და უვალ ადგილებში კარვები აღმართეს, 3. წინ აღუდგნენ მომხდურთ და მოიგერიეს მტრები. 4. მოსწყურდათ და შენ შეგღაღადეს, და შენც მიეცი მათ წყალი სალი კლდიდან და დარწყულება - პიტალო ქვიდან. 5. რადგან გასაჭირში მყოფთ ის მიემადლათ, რითაც დაისაჯნენ მათი მტრები: 6. ნაცვლად სისხლით შემღვრეული და წაბილწული წყაროსი, 7. ყრმათა ჟლეტის ბრძანების სამხილებელად რომ ადინე, მოულოდნელად მიეცი მათ უხვი წყალი. 8. და მაშინ უჩვენე წყურვილის ძალით, თუ როგორ დასაჯე მათი წინააღმდგომნი. 9. რადგან, როცა გამოიცადნენ, თუმცა წყალობებში იყვნენ გაწვრთნილნი, მაშინ შეიცნეს, როგორ იტანჯებოდნენ რისხვით განკითხული უღვთოები. 10. რადგან ესენი, როგორც მამა, შეგონებით გამოსცადე, ისინი კი დასაჯე, როგორც სასტიკმა მეფემ. 11. იქ არმყოფნიც და იქ მყოფნიც ერთნაირად იტანჯებოდნენ. 12. რადგან მოეცვა ისინი ორკეც მწუხარებას და თავგადანახადის გახსენებაზე გოდებდნენ. 13. როცა შეიტყვეს, რომ მათი დასჯით დამწყალობდნენ მართალნი, მიხვდნენ, რომ უფლისგან იყო ეს საქმე. 14. თუმცა ადრე, როგორც განკიცხული, მოიკვეთეს და აბუჩად აიგდეს, მაგრამ საბოლოოდ უკვირდათ მისი, რადგან მათი წყურვილი არ ჰგავდა მართლის წყურვილს. 15. იმის სანაცვლოდ, რომ უგუნური და უკეთური ფიქრებით მოცთუნებულნი ემსახურებოდნენ უტყვ ქვეწარმავლებს და უბადრუკ მხეცებს, აჰა, პირუტყვ ქმნილებათა სიმრავლე მოუვლინე სასჯელად. 16. რათა გაეგოთ, ვინც რითი შესცოდავს, იმით რომ დაისჯება. 17. რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა, წარეგზავნა მათთვის დათვთა სიმრავლე ან მძვინვარე ლომები, 18. ან ახლადშექმნილი და უცნობი მძვინვარე მხეცები, ან ცეცხლოვანი სუნთქვის მომბერველნი, ან ამომფრქვეველნი ბოლქვებად კვამლისა, ან თვალთაგან შემზარავ ნაპერწკალთა გამომტყორცნელნი, 19. რომელთაც არა მხოლოდ ვნების მიყენებით შეეძლოთ მაიაი განადგურება, არამედ შიშისმომგვრელი შესახედაობითაც დაღუპავდნენ. 20. და მათ გარეშეც, ერთი მობერვითაც შეიძლებოდა დამხობილიყვნენ მართლმსაჯულებისგან დევნილნი და შენი ძლიერი სულისგან დაფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე; 21. რადგან დიდი ძლიერება მარადის შენთანაა და ვინ აღუდგება წინ შენი მკლავის ძალას? 22. რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა. 23. ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ. 24. რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! 25. როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო? 26. ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო.
1 . 1. სიბრძნე თავის თავს განადიდებს და თავის ხალხში შეიქება. 2. პირს გახსნის უზენაესის საკრებულოში და მისი მხედრობის წინაშე შეიქება. 3. მე გამოვედი უზენაესის პირიდან და ნისლივით დავფარე დედამიწა. 4. მაღალზე დავდგი ჩემი კარავი და ჩემი ტახტი სვეტზე ღრუბლისა. 5. მარტომ შემოვიარე ზეცის სიმრგვალე და მოვვლე სიღრმენი უფსკრულისა. 6. ზღვის ტალღებში მთელს დედამიწაზე ყოველი ხალხში და ტომში მოვიხვეჭე დოვლათი. 7. ყველა მათგანში ვეძებე განსვენება, ვის სამკვიდროებში დავბინავებულიყავი. 8. მაშინ მიბრძანა მე ყოველთა დამბადებელმა, ჩემმა შემქმნელმა, და საბოლოოდ განმიჩინა კარავი და მითხრა: იაკობში დაივანე და ისრაელში დამკვიდრდიო. 9. უწინარეს საუკუნისა, დასაბამითვე, შემქმნა მე და უკუნისამდე არ გავთავდები. 10. წმინდა კარავში ვიმსახურე მის წინაშე და სიონში ასე განვმტკიცდი. 11. ასევე თავის საყვარელ ქალაქში მომასვენა და იერუსალიმში იყო ჩემი ხელმწიფება. 12. გავიდგი ფესვი სახელგანთქმულ ხალხში, წილხვედრილში უფლისა, რომელიც დაიმკვიდრეს მათ. 13. ავმაღლდი, როგორც კედარი ლიბანში, და როგორც კვიპაროსი ჰერმონის მთებზე. 14. ავმაღლდი, როგორც ფინიკი ენგადში, და როგორც ბუჩქები ვარდისა იერიქონში, როგორც მშვენიერი ზეთისხილი ველზე და როგორც ჭადარი ავმაღლდი. 15. გამოვეცი კეთილსურნელება, როგორც დარიჩინმა და ასპალანთმა და როგორც რჩეულმა გუნდრუკმა ამო სურნელი მოვფინე, როგორც ხალბანმა, ონიქსმა და შტახსმა და როგორც საკმევლის კვამლმა კარავში. 16. გავშალე რტოები, როგორც ბელეკონმა და ჩემი რტოები დიდებისა და მადლის რტოებია. 17. მე წარმოვშვი მადლი, როგორც ვაზმა და ჩემი ყვავილები დიდებისა და დოვლათის ნაყოფია. 19. მოდით ჩემთან, მსურველნო ჩემნო, და გაძეხით ჩემი ნაყოფით. 20. რადგან ჩემი გახსენება თაფლზე უტკბესია და ჩემი დამკვიდრება გოლეულზე გემრიელია. 21. ჩემ მჭამელთ კიდევ მოშივდებათ და მსმელთა ჩემთა კიდევ მოსწყურდებათ. 22. მსმენელი ჩემი არ შერცხვება და ჩემით მუშაკნი არ შესცოდავენ. 23. ყოველივე ეს უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია, რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს. 25. ის ავსებს სიბრძნით, როგორც ფისონი და როგორც ტიგრისი მწიფობის დღეებში. 26. ის ავსებს გონებით, როგორც ევფრიტი და როგორც იორდანე მკის დღეებში. 27. ის ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელი და როგორც გეონი რთვლის დღეებში. 28. პირველმა ვერ შეიმეცნა იგი სრულად და ასევე ვერ ჩასწვდება მას უკანასკნელიც. 29. რადგან ზღვის უვრცესია მისი აზრი და მისი განგება უფსკრულზე ღრმაა. 30. მე კი, როგორც რუსხმული მდინარიდან და როგორც ნაკადული გავედი წალკოტში. 31. ვთქვი, მოვრწყავ-მეთქი ჩემს ბაღს და დავათრობ ჩემს კვლებს. და აჰა, რუსხმული ჩემი მდინარედ იქცა, მდინარე ჩემი კი - ზღვად. 32. კვლავ გამოვანათებ სწავლებას, როგორც განთიადს და შორს გავაბრწყინებ მას. 33. კვლავ გადმოვღვრი მოძღვრებას, როგორც ქადაგებას და დავუტოვებ მას თაობებს საუკუნოდ. 34. ხომ ხედავთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავმშვრალვარ, არამედ ყოველი მძებნელისთვის.
1 . იმ დღეს დასჯის უფალი თავისი უმოწყალო, დიადი და მძიმე მახვილით ლევიათანს, გაქცეულ გველს; ლევიათანს, დაკლაკნილ გველს და მოკლავს ზღვის ურჩხულს.
2 . იმღერეთ იმ დღეს მასზე - საყვარელ ვაზზე:
3 . "მე, უფალი, ვფხიზლობ მასზე ყოველ წამს, ვარწყულებ, რომ არ დაზიანდეს, ღამით და დღისით ვდარაჯობ.
4 . რისხვა არაა ჩემში! მაგრამ თუ ვინმე ნარსა და ეკალს დამიგებს ბრძოლაში, გავილაშქრებ და ერთიანად გადავბუგავ!
5 . თუ არა და ჩაეჭიდოს ჩემს დაცვას, მშვიდობა ქმნას ჩემთან, დიახ, მშვიდობა ქმნას ჩემთან!”
6 . და იქნება, ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიფურჩქნება და გაიკვირტება ისრაელი და მთელი მსოფლიო აივსება ნაყოფით.
7 . განა ისე სცემდა მას, როგორც მის მცემელთ სცემდა? განა ისე ჰკლავდა, როგორც მისი მკვლელნი დახოცა?
8 . მთელი სისავსით სჯიდა მას, როცა უარყოფდა, გადახვეწა თავისი ძლიერი ქროლვით, როგორც აღმოსავლეთის ქარიან დღეს.
9 . ამიტომ ამით მიეტევება იაკობს დანაშაული და ასეთია სრული საფასური ცოდვათაგან განრიდებისა, როცა კირივით დაფშვნეტს სამსხვერპლოს ყველა ქვას და მეტად აღარ იდგებიან აშერები და მზის სვეტები.
10 . ვინაიდან დაცარიელდა გამაგრებული ქალაქი, მიტოვებულია საცხოვრებლები, უდაბნოსავით მიგდებული. ხბო იბალახებს იქ, წამოწვება და მისი რტოებით გამოიკვებება.
11 . გახმება მისი რტოები და დაამტვრევენ. მოვლენ დედაკაცები და დასწვავენ, რადგან გონიერი ხალხი არ არიან ისინი. ამიტომაც არ შეიბრალებს შემოქმედი და გამჩენი არ შეიწყალებს.
12 . და იქნება იმ დღეს: ჩამობერტყავს უფალი თავის ნაყოფს მდინარის შესართავიდან ეგვიპტის ნაკადულამდე და სათითაოდ აიკრიფებით, ისრაელის ძენო.
13 . და იქნება იმ დღეს: ჩაბერავენ დიდ საყვირს და მოვლენ აშურის ქვეყანაში გადაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანაში გაძევებულნი და თაყვანს სცემენ უფალს წმიდა მთაზე, იერუსალიმში.
1 . "ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.
2 . ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.
3 . მაგრამ სირცხვილად გექცევათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში თავის შეფარება - დამცირებად.
4 . რადგან მისი მთავრები ცოყანში არიან და მისმა წარგზავნილებმა ხანესამდე მიაღწიეს.
5 . ყველა შერცხვება იმ ხალხის გამო, რომელიც უსარგებლოა, ვერ იხსნის, სარგებლობას ვერ მოუტანს, მხოლოდ შეარცხვენს და შეურაცხყოფს.
6 . წინასწარმეტყველება ნეგების პირუტყვზე: უბედურებისა და გაჭირვების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ძუ და ხვადი ლომი, ასპიტი და მფრინავი ურჩხული! ჩოჩორთა ზურგით მიაქვთ მათ თავიანთი სიმდიდრე და აქლემთა კუზით - თავიანთი საუნჯე უსარგებლო ხალხთან.
7 . ეგვიპტის შემწეობა ფუჭია და ამაო, ამიტომ განვაცხადე: ‘მათი ძალა უქმად ჯდომაშია.’
8 . ახლა მიდი, ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოუკვეთე და დარჩეს უკანასკნელ დღემდე, მოწმობად უკუნითი უკუნისამდე.
9 . რადგან მეამბოხეა ეს ხალხი, ცრუ ძენი არიან, შვილები, რომლებსაც უფლის შეგონების მოსმენა არ სურთ;
10 . მხედველებს ეუბნებიან: "ნუ ხედავთ ხილვებს”, წინასწარმეტყველებს: "სიმართლეს ნუ გვიწინასწარმეტყველებთ, სასიამოვნო სიტყვები გვითხარით, სიცრუე გვიწინასწარმეტყველეთ.
11 . გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, მოგვაშორეთ ისრაელის წმიდა”.
12 . ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: "რადგან უარყავით ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედად ხართ და ამას ეყრდნობით,
13 . ამიტომ ეს დანაშაული თქვენთვის დამანგრეველი ბზარივით იქნება, მაღალ კედელზე გაჩენილი ნაპრალივით, რომლის ჩამოქცევაც უცაბედად, ერთ წამში მოხდება.
14 . ისე დალეწავს, როგორც მექოთნის ჭურჭელს ლეწავენ, ისე შეუბრალებლად, რომ ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვის ნამსხვრევებში, რათა კერიდან ცეცხლი აიღოს ან ჭურჭლიდან წყალი ამოხაპოს.
15 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: "მონანიებასა და სიმშვიდეში იქნებოდით დახსნილნი, სიწყნარესა და მყუდროებაში იქნებოდა თქვენი ძალა. მაგრამ არ ინდომეთ.
16 . ამბობდით: არა, ცხენებით გავიქცევითო - ამიტომაც გაიქცევით; კიდევ: სწრაფად გავაჭენებთო! - ამიტომაც სწრაფები იქნებიან თქვენი მდევრები.
17 . ერთის მუქარა ათასს გააქცევს, ხუთის მუქარაზე კი ყველანი გაიქცევით, ვიდრე ალამივით არ შერჩებით მთის თხემზე და ნიშანივით - მაღლობზე”.
18 . მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.
19 . რადგან, აღარ იტირებ და მოსთქვამ, ხალხო სიონისა, მცხოვრებო იერუსალიმში. შეგიწყალებს შენი ღაღადის ხმაზე; მოსმენისთანავე გიპასუხებს.
20 . უფალი მოგცემს გაჭირვებაში პურს და ძალადობისას წყალს, აღარ დაიმალება შენი წარმმართველი და შენი თვალები იხილავენ მას.
21 . შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: "ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.
22 . სიბილწედ მიიჩნევთ ვერცხლით დაფარულ თქვენს ქანდაკებებს და ოქროთი მოჭედილ ჩამოსხმულ კერპებს, გაფანტავთ მათ როგორც სისაძაგლეს და იტყვით: მოგვცილდითო.
23 . და იქნება: წვიმას მისცემს იგი შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე; და პური, მიწის ნაყოფი, მსუყე იქნება და ნოყიერი. იბალახებს იმ დღეს შენი პირუტყვი გაშლილ საძოვარზე.
24 . ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა და ფოცხებით გასუფთავებულს.
25 . ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ მომაღლებულ ბორცვზე წყლის ნაკადები იდინებენ, მრავალთა შემუსვრის დღეს, როცა დაეცემიან კოშკები.
26 . მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი შვიდჯერ მეტად გაბრწყინდება, შვიდი დღის ნათელივით; იმ დღეს უფალი შეუხვევს ჭრილობებს თავის ერს და მის მიერ მიყენებულ ჭრილობებს განუკურნავს.
27 . აჰა, შორიდან მოდის უფლის სახელი, გიზგიზებს მისი რისხვა, შენივთდა კვამლი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით, მისი ენა მჭამელი ცეცხლია.
28 . მისი სუნთქვა მოვარდნილ ნიაღვარს ჰგავს და ყელამდე უწვდენს; რომ ცხრილით გაცხრილოს ხალხები, ლაგამი ამოსდოს ყბაზე და ნგრევისკენ გაუძღვეს.
29 . სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის კურთხევის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურის ჰანგებით მიმავალს, რომ ავიდეთ უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე.
30 . უფალი მოასმენინებს თავისი ძალაუფლების ხმას და შემართულ მკლავს გაიწვდენს მძვინვარე რისხვაში, მშთანმთქმელი ცეცხლის ალში, ქუხილსა და ღვართქაფში, ქვის სეტყვაში.
31 . რადგან უფლის ხმაზე შეძრწუნდება აშური, როცა კვერთხს დასცემს.
32 . ყოველი ჩავლა დამსჯელი კვერთხისა, რომელსაც უფალი დაუშვებს მასზე, დაფდაფთა და ქნართა ხმაზე მოხდება. მოღერებული მკლავით შეებრძოლება მას.
33 . რადგან დიდი ხანია გამზადებულია სამსხვერპლო ადგილი, მეფისთვის არის გამზადებული, მან გააღრმავა და გააფართოვა იგი. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა, გოგირდის ნიაღვარივით ააგიზგიზებს მას უფლის სუნთქვა.
1 . ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 . გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
3 . ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
4 . ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
5 . გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6 . ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
7 . ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
8 . ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
9 . მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
10 . აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11 . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
12 . მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
13 . ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
14 . ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
15 . აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
16 . ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
17 . ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
18 . ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
19 . ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
20 . ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
21 . განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22 . ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23 . გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
24 . დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25 . "და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
26 . მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
27 . რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
28 . განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29 . დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
30 . უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31 . უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
1 . იღუპება მართალი და კაცი არ არის ამის გულთან მიმტანი; ღვთისმოსავი კაცები წაყვანილ არიან და ვერავინ ხვდება, რომ მართალნი უბედურების გამო არიან წაყვანილნი.
2 . ის სიმშვიდეში შედის, თავის სარეცელზე განისვენებს, სწორი გზით მავალი.
3 . მოახლოვდით, გრძნეული ქალის ძენო, შთამომავალნო მრუშთა და მეძავთა.
4 . ვისზე სეირობთ, ვისზე აფჩენთ პირს, იგრძელებთ ენას, განა
5 . კერპებით აღეგზნებით ყოველი აყვავებული ხის ძირში, ბავშვების შემწირავნო ხევებსა და კლდეთა ნაპრალებში.
6 . ხევის გლუვ ქვებშია შენი წილი. ისაა შენი ხვედრი. მათ სწირავდი საღვრელსა და პურეულს. არაფრად ჩავაგდო ეს ყველაფერი?
7 . მაღალ და წარმოსაჩენ მთაზე გაიწყობ სარეცელს და იქაც მსხვერპლის შესაწირად ადიხარ.
8 . კარებისა და წირთხლის უკან ტოვებ სამახსოვრო ნიშნებს, რადგან გამშორდი, გაშიშვლდი და ამაღლდი, გაიფართოვე შენი სარეცელი და აღთქმა დადე მათთან, რომელთა საწოლიც შეიყვარე და იხილე მათი კაცობა.
9 . მეფესაც ეახელი ნელსაცხებლით, გაიმრავლე ფერუმარილი, ძალიან შორს გზავნიდი მაცნეებს და ქვესკნელამდე დამდაბლდი.
10 . იღლებოდი შენს შორეულ გზებზე, მაგრამ არ გითქვამს, იმედი დავკარგეო. ძალებს განიახლებდი და ამიტომ არ იქანცებოდი.
11 . ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, როცა იცრუე, არ გამიხსენე და გულს აღარ მიდებდი? დიდხანს ვდუმდი და ამიტომ აღარ გეშინოდა ჩემი?
12 . გამოვაცხადებ შენს ეგრეთწოდებულ სიმართლესა და ნამოქმედარს, მაგრამ სარგებელს არ მოგიტანს შენ.
13 . როცა იყვირებ, გიშველოს შენი კერპების კრებულმა! ყველას ქარი წარიტაცებს და ორთქლი წარხვეტავს, ჩემზე დაიმედებული კი ქვეყანას მიიღებს მემკვიდრეობად და ჩემს წმიდა მთას დაეუფლება”.
14 . იტყვის: "მოასწორეთ, მოასწორეთ, გაათავისუფლეთ გზა, მოაშორეთ დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!”
15 . ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: "მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
16 . ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: "მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
17 . მისი ანგარების ცოდვის გამო ვბრაზობდი და ვლახვრავდი მას; დავემალე, რადგან ვბრაზობდი, ის კი თავხედურად დადიოდა თავისი გულის გზით.
18 . ვიხილე მისი გზები, მაგრამ განვკურნავ მას. წავუძღვები და ნუგეშს აღვუდგენ მას და მასზე მგლოვიარეთ.
19 . მე ვქმნი ბაგეთა ნაყოფს: მშვიდობა, მშვიდობა შორეულსა თუ ახლობელს, ამბობს უფალი, - და მე განვკურნავ მას!
20 . ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელსაც დამშვიდება არ შეუძლია, შლამსა და ტალახს გამორიყავს მისი წყალი.
21 . არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის! - ამბობს ჩემი ღმერთი.
1 . აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს!
2 . არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
3 . რადგან სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი და ურჯულოებაში - თითები, თქვენი ბაგენი სიყალბეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უმართლობას წარმოსთქვამს.
4 . არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, ამაოებაზე დაიმედებულან, ცრუობენ, უსამართლობით ფეხმძიმდებიან და ბოროტებას შობენ.
5 . ასპიტის კვერცხს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. თუ მათ კვერცხს შეჭამს ვინმე - მოკვდება, თუ გაჭყლეტს - გველგესლა გამოძვრება.
6 . არც სამოსლად გამოდგება მათი ქსელი და ვერც თავისი ნაშრომით შეიმოსებიან ისინი; მათი შრომა - უმართლობის ჩადენაა და ძალმომრეობის საქმეა მათ ხელებში.
7 . ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
8 . მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
9 . ამიტომ გაგვშორდა სამართალი და ვერც სიმართლე გვეწია. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ სიბნელეში ვართ, შუქზე ვოცნებობთ და წყვდიადში დავდივართ.
10 . ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
11 . ყველანი დათვებივით ვღრიალებთ და მტრედებივით ვკვნესით; სამართალს მოველით და არ არის, გადარჩენას და - შორსაა ის ჩვენგან.
12 . ვინაიდან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენ წინაშე და ჩვენივე ცოდვები მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაული და ვიცით ჩვენი ურჯულოება:
13 . ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
14 . უკან დაიხია სამართალმა და შორს გადგა სიმართლე, რადგან მოედანზე წაბორძიკდა ჭეშმარიტება და ვერ შემოდის სიწრფელე.
15 . და დაილია ჭეშმარიტება და ნადავლად გაიხადა თავი ბოროტებას განრიდებულმა. დაინახა უფალმა და ბოროტებად შეირაცხა მის თვალში, რადგან არ იყო სამართალი.
16 . იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
17 . ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაიდგა თავზე. ტანსაცმელივით შეიმოსა შურისგების მოსასხამი და ნაბადივით შემოიხვია მოშურნეობა.
18 . ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს იგი: რისხვას - შემჭირვებელთ, შურისგებას - თავის მტრებს, სამაგიეროს მიუზღავს ზღვისპირეთს.
19 . შეეშინდებათ დასავლეთში უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთში - მისი დიდებისა; თუნდაც ნიაღვარივით მოვიდეს მტერი, უფლის სული განდევნის მას.
20 . და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! - ამბობს უფალი.
21 . მე კი, აჰა, მათთანაა ჩემი აღთქმა! ამბობს უფალი, ჩემი სული, რომელიც შენზეა და სიტყვები, რომლებიც მე ჩავდე შენს პირში, არ განდგებიან შენი პირიდან, არც შენი შთამომავლობის პირიდან, არც შენი შთამომავლობის შთამომავალთა პირიდან, ამიერიდან და უკუნისამდე! - ამბობს უფალი.