შრომით, ოფლისღვრით, გაჭირვებით მოვიპოვებდეთ საზრდოს


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 17 ; დაბადება 5 : 29 ; იობი 7 : 1 ; ფსალმუნები 89 : 10 ; ეკლესიასტე 1 : 3 ; ეკლესიასტე 2 : 11 ; ეკლესიასტე 5 : 17 ; ესაია 24 : 5 ; დაბადება 3 : 19 ; ლუკა 12 : 19 ; რომაელთა 8 : 20 ; ზირაქი 7 : 1 ;
3.43.1. შრომით, ოფლისღვრით, გაჭირვებით მოვიპოვებდეთ საზრდოს

- ადამის შეცოდების გამო განგვიწესა უფალმა.ადამიანებს დაბ.3,[17.19 ] იობ.7,1-4 ფს.89,10 ეკლ.1,3; 2,11.17-23,, 5,17 ზირ.40,1 ეს.24,5.6 ლუკ.12,19.20

- ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწის მუშაკობას ზირაქ.7,15

- განთავისუფლების იმედი. დაბ.5,29 რომ.8,20-22

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.

დაბადება 5
29. უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა.

იობი 7
1. კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.
2. როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,
3. ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა.
4. თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;

ფსალმუნი 89
10. ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.

ეკლესიასტე 1
3. ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?

ეკლესიასტე 2
11. მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.
17. და შევიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა.
18. და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში, და რაც სხვას უნდა დავუტოვო, ჩემს შემდგომ მოსულს.
19. არავინ უწყის, ვის შეხვდება ჩემი ნაღვაწი, ბრძენს თუ უგუნურს, რაიც სიბრძნით მომიღვაწია ამ მზისქვეშეთში? აჰა, კიდევ ამაოება.
20. და წარვუხოცე იმედი ჩემს თავს, რომ აღარაფერს მოველოდე იმ ღვაწლისაგან, რაც მზისქვეშეთში გამიწევია.
21. ნახავ კაცს, იღვწის, არ იშურებს სიბრძნეს და ცოდნას, მაგრამ ნაღვაწი სხვას ხვდება წილად, ვისაც არასდროს უღვაწნია ამ საქმისათვის. ამაოება არის ესეც და უდიდესი ბოროტება.
22. მაშ, რაღა რჩება ადამიანს შრომისა და ზრუნვის შედეგად, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
23. დღენი მისნი სატანჯველია, საზრუნავი მისი - წუხილი, ღამითაც არ ისვენებს, შფოთავს გული. აჰა, კვლავ ამაოება.

ეკლესიასტე 5
17. აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.

სიბრძნე ზირაქისა 7
15. ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული.

სიბრძნე ზირაქისა 40
1. დიდი ჯაფაა გაჩენილი ყოველი ადამიანისთვის და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დღიდან მათი გამოსვლისა დედის მუცლიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან.

ესაია 24
5. წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა.
6. ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ.

ლუკა 12
19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?

რომაელთა 8
20. იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,
21. რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში.
22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.


__თემაზე წერდნენ__
***
ადამის შეცოდება სწორედ იმას მოჰყვა, რომ მას უშრომლად და გაუჭირვებლად ჰქონდა მიღებული ყოველი სიკეთე. ამიტომაც მის მიერ საღმრთო მცნების დარღვევისათვის ღმერთმა სასჯელად ასე განგვიწესა ჩვენ, ადამიანის მთელს მოდგმას, რომ შრომით, ოფლისღვრითა და გაჭირვებით მოვიპოვებთ არსობის პურს ქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე.
__ წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი __

***
დაბ.3:17-19 ადამი გადაურჩა პირდაპირ წყევლას. მისი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ღმერთის ხმაზე მეტად ცოლის ხმა გაითვალისწინა. იმის გამო, რომ მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მისი სასჯელიც უფრო ხანგრძლივი და სრული აღმოჩნდა. ტანჯვით მოიპოვებდე საზრდოს, ქმრის, როგორც მშრომელ-
უზრუნველმყოფელის ფუნდამენტური ფუნქციის დამძიმებაზე მიუთითებს. მისი საქმიანობა სიძნელეებით და ფუჭი შრომით აღსავსე იქნება (ძეძვი და ეკალი . . . ოფლი). ამქვეყნიური ტანჯვა სიკვდილით დამთავრდება.
__ ბიბლია კომენტარებით 2015 __

***
დაბ.3,17 - "მიწა დაიწყევლოს შენს გამო" - დაწყევლა, რომელიც ადამის გამო ჩნდება, არ შეიძლება ადამზე მოქმედებდეს, ამ შემთხვევაში იწყევლება მიწა.
"ტანჯვით მიიღებდე" შრომა თავისთავად წყევლის შედეგს არ წარმოადგენს. ეს ღვთაებრივი კურთხევაა; დაწყევლა, რომელიც მიწისკენ არის მიმართული, მტანჯველსა და დამამწუხრებელს ხდის მიწაზე შრომას.
მიწისადმი ადამიანის დამოკიდებულება, რომელშიც ადამიანის დომინანტობა იყო ნაგულისხმევი, რადიკალურად შეიცვალა; იმის ნაცვლად, რომ მიწა ადამიანს ემორჩილებოდეს, ის ეწინააღმდეგება მას. წარმოქმნილი დისჰარმონიის გამო, მთელი მიწა და "ყოველი ქმნილი არსება" აღდგომისა და განახლების მოლოდინშია.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __