1 . ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი; დაუძახა: "აბრაჰამ!” და უპასუხა: "აქა ვარ!”
2 . მან უთხრა: "წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.
3 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.
4 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა მესამე დღეს და შორიდან დაინახა ის ადგილი.
5 . უთხრა აბრაჰამმა მსახურებს: "თქვენ სახედართან დარჩით, მე და ჩემი ვაჟი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით”.
6 . აიღო აბრაჰამმა სამსხვერპლო შეშა და თავის ძეს, ისაკს აჰკიდა ზურგზე, თვითონ ცეცხლი და დანა აიღო ხელში და წავიდნენ ერთად.
7 . უთხრა ისაკმა აბრაჰამს: "მამა!” და მიუგო აბრაჰამმა: "აქა ვარ, შვილო!” ჰკითხა მას ისაკმა: "ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულადდასაწველი კრავი სად არის?”
8 . უთხრა აბრაჰამმა: "ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო”. ასე მიდიოდნენ ერთად.
9 . მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე.
10 . გაიწოდა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
11 . მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: "აბრაჰამ, აბრაჰამ!” უპასუხა: "აქა ვარ!”
12 . უთხრა: "ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!”
13 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართულიყო ბუჩქნარში. მივიდა აბრაჰამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულადდასაწველ მსხვერპლად, თავისი ძის ნაცვლად.
14 . და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად "იაჰვე ირე” - უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის - "მთაზე უფალი გამოჩნდა”.
15 . და მეორედ მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაჰამს ციდან.
16 . უთხრა: "გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,
17 . ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
18 . და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.
19 . დაბრუნდა აბრაჰამი თავის მსახურებთან; ადგნენ და წავიდნენ ბეერ-შებაყისკენ. და დამკვიდრდა აბრაჰამი ბეერ-შებაყში.
20 . ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაჰამს: "მილქამაც შვა ძენი ნახორისათვის, შენი ძმისათვის:
21 . ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, მისი ძმა, კემუელი - არამის მამა,
22 . ქესედი, აზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი”.
23 . ბეთუელი გახდა რებეკას მამა. ეს რვა ვაჟი უშვა მილქამ ნახორს, აბრაჰამის ძმას.
24 . მის ხარჭას, სახელად რეუმახს, ასევე ეყოლა ვაჟები: თებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
1 . როცა გაიგო იაკობმა, რომ ხორბალი იყო ეგვიპტეში, უთხრა თავის ძეებს: "რას უყურებთ?”
2 . თქვა: "გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში. წადით და იყიდეთ ხორბალი, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ!”
3 . და ჩავიდნენ იოსების ძმები ეგვიპტეში ხორბლის საყიდლად.
4 . ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუგზავნია იაკობს ძმებთან ერთად, რადგან ამბობდა: "ფათერაკი არ შეემთხვასო”.
5 . და მივიდნენ ისრაელის ძენი სხვა მიმსვლელებთან ერთად ხორბლის საყიდლად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
6 . ქვეყნის განმგებელი იყო იოსები; ის ასყიდებდა ხორბალს ქვეყნის ყველა ხალხს. და მივიდნენ იოსების ძმები და მიწამდე სცეს თაყვანი.
7 . დაინახა თუ არა, იცნო იოსებმა თავისი ძმები, მაგრამ თავი არ გაამხილა და მკაცრად ელაპარაკა. ჰკითხა: "საიდან მოხვედით?” უპასუხეს: "ქანაანის ქვეყნიდან, საზრდოს საყიდლად”.
8 . იცნო იოსებმა თავისი ძმები, მათ კი ვერ იცნეს იგი.
9 . და გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათ შესახებ რომ დაესიზმრა. უთხრა: "ჯაშუშები ხართ, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით”.
10 . უთხრეს: "არა, ბატონო, საზრდოს საყიდლად მოვედით შენი მსახურნი!
11 . ყველანი ერთი კაცის ძენი ვართ; პატიოსანი ხალხი ვართ შენი მსახურნი, ჯაშუშები არა ვართ!”
12 . თქვა იოსებმა: "არა, ამ ქვეყნის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით!”
13 . უთხრეს: "თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”.
14 . თქვა იოსებმა: "ასეა, როგორც გითხარით, ჯაშუშები ხართ!
15 . ამით გამოიცდებით: ფარაონს ვფიცავ, მანამდე ვერ გახვალთ აქედან, სანამ თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
16 . გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; თქვენ კი დაკავებულნი იქნებით. მაშინ გავიგებ, თუ სიმართლე მითხარით. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, ჯაშუშები ყოფილხართ”.
17 . და სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
18 . უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: "ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!
19 . გულწრფელნი თუ ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, დანარჩენები კი წადით და ხორბალი წაუღეთ თქვენს მშიერ სახლეულს.
20 . მოიყვანეთ ჩემთან თქვენი უმცროსი ძმა, ამით დადასტურდება თქვენი სიტყვები და არ მოკვდებით”. ასეც მოიქცნენ.
21 . უთხრეს ერთმანეთს: "ნამდვილად დამნაშავენი ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვხედავდით მის ტანჯვას, როცა გვევედრებოდა, ჩვენ კი არ შევისმინეთ! ამიტომ დაგვატყდა ეს გასაჭირი”.
22 . თქვა რეუბენმა: "ხომ გეუბნებოდით, არ შეგეცოდათ ბიჭის წინააღმდეგ და არ დამიჯერეთ. აჰა, მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი”.
23 . არ ეგონათ, რომ ესმოდა იოსებს, რადგან თარჯიმანი იდგა მათ შორის.
24 . შეტრიალდა იოსები და აქვითინდა. მერე მოუბრუნდა და დაელაპარაკა. სიმონი კი მათ თვალწინ დააპატიმრა.
25 . ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ტომრები, ფულიც უკან ჩაედოთ მათსავე ტომრებში და საგზალიც მიეცათ მათთვის. და შეასრულეს ბრძანება.
26 . აჰკიდეს ხორბალი სახედრებს და გაემგზავრნენ.
27 . ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა პირი მოხსნა ტომარას, რათა საკვები დაეყარა სახედრისათვის და თავისი ვერცხლი დაინახა: ტომრის პირზე იდო.
28 . უთხრა ძმებს: "დაუბრუნებიათ ჩემი ფული, აჰა, ჩემს ტომარაშია!” გული შეუკრთათ და თრთოლვით უთხრეს ერთმანეთს: "ეს რა გვიყო ღმერთმა?”
29 . და მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და, უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:
30 . "მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი და ჯაშუშებად მიგვიჩნია.
31 . ვუთხარით: "პატიოსანი კაცები ვართ, არ ვართ ჯაშუშები,
32 . თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები, ერთი ჩვენთან აღარაა, უმცროსი კი მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში”.
33 . გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: "ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა ჩემთან დატოვეთ, დანარჩენებმა კი წაიღეთ ხორბალი თქვენი მშიერი სახლეულისათვის და წადით.
34 . მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და მაშინ დავიჯერებ, რომ ჯაშუშები კი არა, პატიოსანი ხალხი ხართ. დაგიბრუნებთ თქვენს ძმას და ივაჭრებთ ამ ქვეყანაში”.
35 . თავ-თავისი ტომრები რომ გადმოცალეს, აჰა, თითოეულმა თავისი ფულის ქისა იპოვა ტომარაში. დაინახეს მათ და მათმა მამამ თავისი ფულის ქისები და შეეშინდათ.
36 . უთხრა იაკობმა, მათმა მამამ: "შვილმკვდარად მაქციეთ: იოსები აღარ არის, სიმონი აღარ არის და ბენიამინიც მიგყავთ; ყველაფერი მე დამატყდა თავს!”
37 . უპასუხა რეუბენმა მამამისს: "ორივე ძე მომიკალი, უკან თუ არ მოგიყვანო; მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ”.
38 . მაგრამ უთხრა მას მამამისმა: "არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.
1 . მრავალი დღის შემდეგ, მესამე წელს ეუწყა უფლის სიტყვა ელიას: "წადი, გამოეცხადე ახაბს და მივცემ წვიმას მიწის პირს”.
2 . წავიდა ელია, რათა ახაბს ჩვენებოდა. დიდი შიმშილი იყო სამარიაში.
3 . და მოუხმო ახაბმა ობადიაჰუს, სასახლის მოურავს; ძალზე ღვთისმოშიში იყო ობადიაჰუ.
4 . როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5 . უთხრა ახაბმა ობადიაჰუს: "მოიარე ქვეყნად ყოველი წყარო და ნაკადული: ეგებ ვპოვოთ ბალახი, რომ ცხენები და ჯორები გამოვკვებოთ და არ დაგვეხოცოს საქონელი”.
6 . გაინაწილეს მიწები გამოსაკვლევად: ერთი გზით ახაბი წავიდა მარტო, მეორე გზით კი - ობადიაჰუ.
7 . გზაზე იდგა ობადიაჰუ და აჰა, ელია შემოხვდა. იცნო, პირქვე დაეცა და ჰკითხა: "ეს შენ ხარ ელია, ჩემო ბატონო?”
8 . უპასუხა: "მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არის-თქო ელია”.
9 . უთხრა ობადიაჰუმ: "განა რა შეგცოდე, რომ ახაბის ხელს აძლევ მოსაკლავად შენ მსახურს?
10 . როგორც უფალი, შენი ღმერთია ცოცხალი, ისე არ არსებობს ერი და სამეფო, სადაც არ წარეგზავნოს ჩემს ბატონს შენს მოსაძებნად. როცა ეუბნებოდნენ, ვერსად ვნახეთო, ფიცით აფიცებდა იმ ხალხსა და სამეფოს, რომ ვერ გიპოვნეს.
11 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია.
12 . შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.
13 . განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.
14 . ახლა კი მეუბნები, წადი, უთხარი შენს ბატონს: აჰა, აქ არისო ელია. ის კი მომკლავს”.
15 . უპასუხა ელიამ: "როგორც ცაბაოთ უფალია ცოცხალი, ვის წინაშეც ვდგავარ, ისე დღესვე უცილობლად გამოვეცხადები მას!”
16 . წავიდა ობადიაჰუ და შეატყობინა ახაბს, და ისიც გაემართა ელიასთან შესახვედრად.
17 . დაინახა ახაბმა ელია და უთხრა: "ნუთუ შენა ხარ, ისრაელის შემაჭირვებელო?”
18 . მიუგო: "მე კი არ შევაჭირვე ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა, რადგან მიატოვეთ უფლის მცნებანი და ბაყალთა ნაკვალევს გაჰყევით.
19 . ახლა წარგზავნე და ქარმელის მთაზე შემიკრიბე მთელი ისრაელი და ბაყალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ და აშერას ოთხასი წინასწარმეტყველი.
20 . წარგზავნა ახაბმა ისრაელის ყოველ ძესთან და ქარმელის მთაზე შეკრიბა წინასწარმეტყველნი.
21 . მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: "როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
22 . უთხრა ხალხს ელიამ: "მარტო მეღა დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი ოთხას ორმოცდაათი კაცია.
23 . მოგვცენ ორი მოზვერი; ამოირჩიონ თავისთვის ერთი მოზვერი, დაჭრან და დადონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ. მე მეორე მოზვერს გავამზადებ, შეშაზე დავდებ, თუმცა ცეცხლს არ შევუნთებ.
24 . ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, მეც ვახსენებ უფლის სახელს. ის ღმერთი, რომელიც ცეცხლით გვიპასუხებს, ნამდვილად ღმერთია!” მიუგო მთელმა ხალხმა: "კეთილი სიტყვაა!”
25 . უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: "ამოირჩიეთ მოზვერი და ჯერ თქვენ მოამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ”.
26 . აიყვანეს მოზვერი, რომელიც მისცა, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე მოუხმობდნენ ბაყალის სახელს: "ბაყალ, გვიპასუხე!” მაგრამ არც ხმა ყოფილა და არც რაიმე პასუხის მსგავსი. და ხტოდნენ სამსხვერპლოს ირგვლივ, რომელიც გააკეთეს.
27 . შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.
28 . გაჰყვიროდნენ ხმამაღლა. ჩვეულებისამებრ თავებს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, სანამ არ გადმოინთხა მათი სისხლი.
29 . შუადღე გადაიხარა, ისინი კი ისევ ამაოდ ცდილობდნენ მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე; არც ხმა ყოფილა, არც პასუხი და არც ჩქამი.
30 . უთხრა ელიამ ყველა იქ მყოფს: "ახლოს მოდით”. ყველანი მიუახლოვდნენ და აღადგინა უფლის დამხობილი სამსხვერპლო.
31 . თორმეტი ქვა აიღო ელიამ, იაკობის თორმეტი ძის შტოების მიხედვით, იაკობისა, რომელსაც უთხრა უფალმა: ისრაელი იქნებაო სახელი შენი.
32 . ააშენა ამ ქვებით სამსხვერპლო უფლის სახელზე, ირგვლივ კი ორი საწყაული თესლის ტევადობის თხრილი შემოავლო.
33 . დააწყო შეშა, შუაზე გაკვეთა მოზვერი და დადო შეშაზე.
34 . უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.
35 . სამსხვერპლოს გარშემო ჩამოედინა წყალი და თხრილიც აივსო წყლით.
36 . შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: "უფალო, ღმერთო აბრაჰამისა, ისაკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე;
37 . მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”
38 . ჩამოვარდა უფლის ცეცხლი. შთანთქა სრულადდასაწველი და შეშა, ქვები და მტვერი და თხრილში ჩასხმული წყალიც ამოლოკა.
39 . დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაეცა და შესძახა: "უფალი - ისაა ღმერთი, უფალი - ისაა ღმერთი!”
40 . უთხრა მათ ელიამ: "შეიპყრეთ ბაყალის წინასწარმეტყველნი, არავინ გაიქცეს”. და შეიპყრეს. კიშონის ხევში ჩაიყვანა ისინი ელიამ და იქ დახოცა.
41 . უთხრა ახაბს ელიამ: "წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის შხაპუნის ხმა ისმის”.
42 . წავიდა ახაბი საჭმელ-სასმელად, ელია კი ქარმელის მთაზე ავიდა, მიწაზე დაწვა და სახე მუხლებს შორის მოიქცია.
43 . უთხრა მსახურს: წადი, გაიხედე ზღვის მხარეს”. ავიდა, გაიხედა და თქვა: "არაფერი ჩანს”. მან შვიდჯერ უთხრა: "კიდევ წადი”.
44 . მეშვიდე ჯერზე რომ მობრუნდა, თქვა: "აჰა, ზღვიდან ამომავალი ღრუბელი მოსჩანს, მცირე, როგორც კაცის მუჭი”. უთხრა ელიამ: "წადი, უთხარი ახაბს: ეტლი მოიმზადე და აუჩქარე, წვიმამ არ მოგისწროს-თქო”.
45 . ამასობაში ცა მოიქუფრა, ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა თავსხმა წვიმა. შეჯდა ეტლზე ახაბი და იზრეყელს გაემგზავრა.
46 . უფლის ხელი იყო ელიაზე, სარტყელი შემოირტყა წელზე და სირბილით გადაასწრო ახაბს იზრეყელამდე.
1 . ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
2 . უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.
3 . უთხრა ელისემ: "წადი და მთელი შენი სამეზობლოდან ითხოვე ჭურჭელი; ყველა მეზობლისგან წამოიღე, რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი ინათხოვრე.
4 . მერე შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა; ჩაასხი ზეთი ყოველ ამ ჭურჭელში და სავსეები განზე გადგი”.
5 . წავიდა და შეიკეტა კარი თავის ძეებთან ერთად. აწვდიდნენ მას ჭურჭელს, ის კი ზეთს ასხამდა.
6 . როცა ყველა ჭურჭელი აივსო, უთხრა თავის ძეს: "კიდევ მომიტანე ჭურჭელი”. უპასუხა: "აღარაა მეტი ჭურჭელი” და ზეთიც შეწყდა.
7 . მივიდა ქალი და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: "წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე შენი ვალი; დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა ძეებმა”.
8 . ერთ დღეს შუნამში მივიდა ელისე; იყო იქ ერთი დიდგვაროვანი ქალი; დაჟინებით მიიწვია პურის საჭმელად; გავლისას ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე მასთან პურის საჭმელად.
9 . უთხრა ქალმა თავის ქმარს: "აჰა, ვიცი, რომ წმიდაა ის ღვთისკაცი, რომელიც ჩვენთან დადის მუდამ.
10 . მოვუწყოთ პატარა ოთახი ზედა სართულზე, დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი, სასანთლე და როცა ჩვენთან შემოივლის, იქ გაჩერდეს”.
11 . ერთ დღესაც მივიდა ელისე, ავიდა ზედა ოთახში და დაწვა.
12 . უთხრა ელისემ გეხაზს, თავის მსახურს: "მოუხმე იმ შუნამელ ქალს”. მოუხმო და დადგა ქალი მის წინაშე.
13 . უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
14 . ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.
15 . უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.
16 . უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.
17 . დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.
18 . გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.
19 . შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.
20 . წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.
21 . ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა.
22 . მოიხმო ქმარი და უთხრა: "გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”.
23 . ჰკითხა ქმარმა: "რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: "მშვიდად იყავი!”
24 . შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: "წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”.
25 . წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: "აგერ, ის შუნამელი ქალი.
26 . ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: "მშვიდობით”.
27 . როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: "დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
28 . უთხრა ქალმა: "განა მე ვითხოვე შვილი ჩემი ბატონისგან? აკი ვთქვი, ამაოდ ნუ დამპირდები-მეთქი”.
29 . უთხრა გეხაზს: "შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
30 . უთხრა ბიჭუნას დედამ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ადგა ელისე და წაჰყვა.
31 . მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.
32 . შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.
33 . შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
34 . ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
35 . გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.
36 . უთხრა ელისემ გეხაზს: "მოუხმე იმ შუნამელს”. მანაც მოუხმო. მივიდა ქალი და უთხრა ელისემ: "წაიყვანე შენი ძე”.
37 . მის ფერხთით დაემხო ქალი, მდაბლად მოიდრიკა, მერე აიყვანა თავისი ძე და ოთახიდან გავიდა.
38 . ელისე გილგალში დაბრუნდა. შიმშილი იყო იმ მიწაზე; მის წინაშე ისხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. უთხრა თავის მსახურს: "დიდი ქვაბი შემოდგი ცეცხლზე და შეჭამანდი მოხარშე წინასწარმეტყველთა ძეთათვის”.
39 . ერთი მათგანი ველზე გავიდა მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური მცენარე, მოკრიფა მისი ველური ნაყოფი, აივსო სამოსელი, მივიდა და წვრილად ჩააჭრა შეჭამანდის ქვაბში _ მათ კი არ იცოდნენ რა იყო.
40 . დაუსხეს კაცებს საჭმელად და შეჭამანდს რომ შეექცეოდნენ, შეჰყვირეს: "სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეძლეს ჭამა.
41 . თქვა ელისემ: "მოიტანეთ ფქვილი”. ჩაყარა ქვაბში და თქვა: "დაუსხი ხალხს, რათა ჭამონ”. საზიანო აღარაფერი დარჩა ქვაბში.
42 . კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.
43 . ჰკითხა მსახურმა: "განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.
44 . მისცა, ჭამეს და კიდეც დარჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
1 . იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
2 . შვიდი ძე და სამი ასული შეეძინა მას.
3 . საქონელი ჰყავდა: შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ხრდალი ვირი და ფრიად მრავალი მსახური; აღმოსავლეთის ყველა ძეზე მეტად იყო განდიდებული ეს კაცი.
4 . მორიგეობით იკრიბებოდნენ მისი ძენი ერთმანეთთან და ნადიმობდნენ, თითოეულის სახლში; აგზავნიდნენ და ეპატიჟებოდნენ თავის სამ დას, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ.
5 . ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.
6 . და მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად და სატანაც მივიდა მათ შორის.
7 . ჰკითხა უფალმა სატანას: "საიდან მოხვედი?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
8 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მასავით უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი დედამიწაზე”.
9 . მიუგო სატანამ უფალს: "განა ამაოდაა იობი ღვთისმოშიში?
10 . განა შენ არ აღმართე ზღუდე მისი სახლისა და მთელი საბადებლის გარშემო? შენგან ეკურთხა ნახელავი მისი და დიდად გამრავლდა ჯოგები მისი ქვეყანაზე.
11 . აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე ყოველივეს, რაც გააჩნია, თუ მაშინვე პირში არ დაგიწყოს გმობა!”
12 . უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, ყოველივე, რაც გააჩნია, შენს ძალაუფლებაშია, ოღონდ თავად მასზე ნუ აღმართავ ხელს!” და გასცილდა სატანა უფლის სახეს.
13 . ერთ დღეს მისი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
14 . მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: "ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ მათ გვერდით,
15 . შებაელნი დაესხნენ თავს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
16 . ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა მეორე და თქვა: "ღვთის ცეცხლი დაეშვა ზეციდან, ცხვარი და მსახურები გადაბუგა და შთანთქა ისინი; მეღა გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
17 . ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა კიდევ მოვიდა სხვა და თქვა: "სამ მწკრივად დაეწყვნენ ქალდეველნი, აქლემებს დაესხნენ თავს და გაირეკეს, მსახურნი კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
18 . ამას რომ ამბობდა, მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: "შენი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
19 . აჰა, ძლიერმა ქარიშხალმა დაბერა უდაბნოდან, წარხოცა სახლის ოთხივე კუთხე, ნანგრევები ზედ დაემხოთ ჭაბუკებს და მოკვდნენ; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
20 . ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მიწას დაემხო და თაყვანი სცა.
21 . თქვა: "შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!”
22 . ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.
1 . მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად; და მათ შორის სატანაც მივიდა უფლის წინაშე წარსადგომად.
2 . უთხრა უფალმა სატანას: "საიდან მოდიხარ?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
3 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.
4 . მიუგო სატანამ უფალს: "ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერს გაიღებს კაცი;
5 . აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!
6 . უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, შენს ხელშია იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!”
7 . გავიდა სატანა უფლისგან და ტერფიდან თხემამდე საშინელი ქეცი შეჰყარა იობს.
8 . აიღო იობმა თიხის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ჩაჯდა ნაცარში.
9 . უთხრა ცოლმა იობს: "ისევ შენს უბიწოებას ებღაუჭები? დაგმე ღმერთი და მოკვდი!”
10 . უპასუხა: "ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთის მიღება ვიცით ღვთის ხელიდან, სიავე კი არ უნდა მივიღოთ?” არც ამჯერად შეუცოდავს იობს თავისი ბაგით.
11 . გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს და მოვიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი. შეიკრიბნენ, რომ თანაგრძნობისა და ნუგეშისცემისათვის მისულიყვნენ.
12 . შორიდანვე აღაპყრეს თვალები, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ტირილი მორთეს, სამოსელი შემოიხიეს და თავს ზემოთ ცისკენ მტვერი აბნიეს.
13 . შვიდ დღესა და შვიდ ღამეს ისხდნენ მის წინ მიწაზე. სიტყვა არ დასცდენიათ, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.
1 . მიუგო მას იობმა:
2 . "დღესაც კი ურჩობაა ჩემი დრტვინვა, მისი ხელი მძიმედ მაწევს ჩემი კვნესის მიუხედავად.
3 . ო, ნეტავ ვიცოდე, სად ვიპოვო იგი და მის სამყოფლამდე მივიდოდი,
4 . წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და ჩემი პირით გავიმართლებდი თავს.
5 . მოვისმენდი მის სიტყვებს და გავიგებდი, რასაც მეტყოდა.
6 . ნუთუ მთელი თავისი ძლიერებით იპაექრებდა ჩემთან? არა, უსათუოდ ყურს დამიგდებდა!
7 . იქ შეუძლია წრფელს გამართლება, სამუდამოდ დავიხსნიდი თავს ჩემი მსაჯულისგან;
8 . აჰა, წინ მივდივარ და არ არის იგი, უკან და - ვერ ვპოვებ მას;
9 . ჩემს მარცხნივ თუ იქმს რასმე - ვერ ვამჩნევ, მარჯვნივაა შეფარული და ვერ ვხედავ მას.
10 . თუმცა იცის მან ჩემი გზები, რომლითაც დავდივარ და როცა გამომცდის, ოქროსავით ხალასი გამოვალ.
11 . მტკიცედ მისდევს ჩემი ტერფი მის ნაფეხურებს, მის გზას ვიცავდი და გვერდზე არ გადამიხვევია;
12 . მის ბაგეთა მცნება არ მიმიტოვებია და საკუთარ საზრდოზე მეტად ვიცავდი მისი პირის სიტყვებს;
13 . თუ გადაწყვიტა, ვინ შეაცვლევინებს აზრს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს;
14 . რადგან ის აღასრულებს ჩემთვის დაწესებულს და მრავალი ასეთი განზრახვა აქვს მას.
15 . ამიტომ ვკრთი მისი სახის წინაშე, ჩავუკვირდები და მეშინია მისი.
16 . ღმერთმა დამიძაბუნა გული და ყოვლადძლიერმა შემაძრწუნა;
17 . მაგრამ სიბნელემ ვერ დამადუმა და ვერც წყვდიადმა დამიფარა სახე.
1 . "ჭეშმარიტად, ვერცხლს თავისი საბადო აქვს და ოქროს - ადგილი, სადაც მას ასუფთავებენ.
2 . რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძს კი მადნიდან ადნობენ.
3 . ზღვარი დაუდო კაცმა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს წიაღისეულს წყვდიადსა და სიბნელის სიღრმეებში.
4 . მაღაროს თხრიან მიწის სიღრმეში, უკაცრიელ ადგილებში. კაცთაგან შორს არიან გამოკიდებულნი და ქანაობენ.
5 . ცეცხლივით არის აბრუნებული ქვეშეთი მიწისა, საიდანაც აღმოცენდება პური,
6 . მისი ქვები საფირონის საბადოა და ოქროს მტვერია მასში.
7 . მისი ბილიკი არ იცის მტაცებელმა ფრინველმა, შევარდენს თვალი არ მოუკრავს მისთვის;
8 . ამაყ მხეცებს ფეხი არ დაუდგამთ იქ, ლომს არ გაუვლია მასზე.
9 . სალი კლდისკენ გაიშვირა ხელი, ძირფესვიანად აყირავებს მთებს;
10 . არხები გაჰყავს კლდეებში და ყოველივე ძვირფასს ხედავს მისი თვალი;
11 . მდინარეთა ნიაღვრებს აკავებს, და სინათლეზე გამოაქვს დაფარული.
12 . მაგრამ სად იპოვება სიბრძნე? სად არის ცოდნის ადგილი?
13 . მისი ფასი არ იცის კაცმა და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება.
14 . უფსკრული ამბობს: ის ჩემში არ არის; ზღვაც ამბობს: ჩემთან არ არის!
15 . არ გაიცვლება იგი ოქროში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
16 . არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;
17 . ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი, ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება იგი!
18 . მარჯანი და ბროლი არაფერია მასთან, მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე!
19 . ვერ გაუსწორდება მას ეთიოპიის ტოპაზი, სუფთა ოქროთი არ შეფასდება.
20 . საიდან მოდის სიბრძნე და სად მკვიდრობს გონიერება?
21 . დაფარულია იგი ყოველი ცოცხალის თვალთაგან და თვალთაგან ცის ფრინველებისა;
22 . ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: სმენია მისი ამბავი ჩვენს ყურებს.
23 . ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი,
24 . რადგან ის გაჰყურებს დედამიწის კიდეებს და ხედავს მთელ ცისქვეშეთს.
25 . როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალი არწყა საწყაულით;
26 . წვიმას საზომი დაუდგინა და ჭექა-ქუხილს გზა-სავალი!
27 . მაშინ იხილა სიბრძნე და გამოაცხადა; დააფუძნა და გამოიკვლია;
28 . უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომა - გონიერება!”
1 . "აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი გულისთქმით?
2 . , რა წილი გვაქვს მაღლა მყოფი ღმერთისგან, ანდა რა მემკვიდრეობას ვიღებთ ყოვლადძლიერისგან, მაღლიდან?
3 . განა უმართლოსთვის არ არის დაღუპვა და ავბედობა ბოროტმოქმედისთვის?
4 . განა არ ხედავს ჩემს გზებს და ჩემს ყოველ ნაბიჯს არ ითვლის?
5 . განა სიცრუით დავდიოდი და სამზაკვროდ ისწრაფოდა ჩემი ფეხი?
6 . დაე, ამწონოს სამართლიან სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება.
7 . თუ გადამიხვევია გზიდან ან თვალებს თუ აჰყოლია ჩემი გული, ან ბიწი თუ მისცხებია ჩემს ხელებს.
8 . მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
9 . თუ ცთუნებულა ჩემი გული დედაკაცით ან მოყვასის კართან თუ ჩავსაფრებულვარ?
10 . მაშინ სხვას უფქვას ჩემმა ცოლმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
11 . რადგან მრუშობის დანაშაულია ეს და მსაჯულები უნდა სჯიდნენ მას,
12 . რადგან ცეცხლი იქნებოდა ეს, განადგურებამდე მშთანთქმელი და ამოძირკვავდა მთელ ჩემს მონაგარს!
13 . თუ ოდესმე უგულებელვჰყავი ჩემი მსახურისა და მხევლის საჩივარი ჩემს წინააღმდეგ,
14 . რაღას ვიზამ მაშინ, როცა აღდგება ღმერთი და მომინახულებს, რა პასუხი გავცე?
15 . განა ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, მანვე არ შექმნა ისინი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?
16 . თუ უარმიყვია ღატაკთა სათხოვარი ან მოლოდინით მომიქანცავს ქვრივთა თვალები?
17 . ან თუ მეჭამოს პურის ლუკმა მარტოს და ობლისთვის არ გამეყოს?
18 . რადგან სიყრმიდანვე ვზრდიდი მამასავით, და დედის მუცლიდანვე ვუძღვებოდი;
19 . თუ მინახავს სიშიშვლის გამო მომაკვდავი ან გლახაკი უმოსასხამოდ
20 . და არ დავულოცივარ მის გულს, რადგან გათბნენ ჩემი ცხვრის მატყლით?
21 . ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?
22 . მაშინ მომწყდეს მხრები ბეჭიდან და იდაყვში მომტყდეს მკლავები!
23 . რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებ.
24 . ან თუ ოქროზე ვდებდი იმედს და ბაჯაღლო მაძლევდა გაბედულებას?
25 . თუ მახარებდა ჩემი სიმდიდრის სიმრავლე ან ის, რომ ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელებმა?
26 . თუ შემიხედავს გაბრწყინებული მზის ან მოლივლივე ბადრი მთვარისთვის,
27 . და ფარულად ცდუნებულიყოს ჩემი გული და ხელით გამეგზავნოს მათთვის კოცნა;
28 . ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან უზენაეს ღმერთს უარვყოფდი.
29 . ან თუ გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება და მიზეიმია, როცა ბოროტება მიეწია მას?
30 . არა, შეცოდების უფლებას არ ვაძლევდი ჩემს ბაგეს, რომ დამეწყევლა მისი სიცოცხლე.
31 . განა არ ამბობდნენ ჩემი კარვის კაცები, ვინ არ გამძღარა მისი ხორცითო?!
32 . მგზავრს გარეთ არ გაუთევია და კარი ღია მქონდა სტუმრისთვის.
33 . იქნება ადამივით დავფარე დანაშაული, და გულში დავმალე უწმიდურება?
34 . ნუთუ ხალხის სიმრავლე მაშინებდა და მოძმეთა ზიზღი მაძრწუნებდა, ისე, რომ ვდუმდი და კარში არ გავდიოდი?
35 . ნეტავი ვინმე მომისმენდეს, აჰა, ეს არის ჩემი სურვილი, რომ მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და საბუთი დაწეროს ჩემმა მოქიშპემ.
36 . განა მხრებზე არ შევისვამდი და გვირგვინივით არ შემოვიხვევდი?
37 . ჩემს ნაბიჯებს ჩამოვუთვლიდი და როგორც მთავარს, ისე მივეახლებოდი.
38 . ოდესმე მიწას თუ დაუჩივლია ჩემზე ან ერთად თუ ატირებულან მისი ხნულები?
39 . ოდესმე მუქთად თუ მიჭამია მისი მოსავალი ან მისი მფლობელი თუ შემიწუხებია?
40 . მაშინ ხორბლის ნაცვლად ნარშავა აღმოცენდეს და ქერის ნაცვლად - ღვარძლმა იხაროს!” და დაასრულა სიტყვა იობმა.
1 . დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
2 . ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
3 . ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.
4 . შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
5 . წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.
6 . გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა.
7 . ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
8 . კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
9 . წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
10 . ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.
11 . შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.
12 . ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
13 . მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
14 . საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
15 . ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
16 . გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.
17 . განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
18 . შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
19 . შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
20 . შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ.
21 . უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.
22 . იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.
1 . ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.
2 . დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.
3 . სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
4 . სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
5 . ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.
6 . ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
7 . მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
8 . იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
9 . ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.
10 . სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
1 . ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
2 . ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
3 . სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
4 . ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
5 . კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
6 . რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
7 . ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.
8 . იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
9 . გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
10 . ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
1 . ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2 . ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
3 . არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
4 . შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
5 . ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
6 . მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7 . განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8 . შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
9 . რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
10 . მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
11 . გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
12 . კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13 . ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14 . შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
15 . შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16 . შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
17 . კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
18 . აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19 . მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20 . მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21 . შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
22 . ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
23 . დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24 . შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
25 . მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26 . გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27 . გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28 . დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
29 . გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
30 . გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31 . მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
32 . შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33 . მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34 . გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35 . დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36 . განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
37 . ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
38 . დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39 . ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
40 . აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
41 . მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
42 . და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43 . ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.
44 . დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45 . ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46 . ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
47 . გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48 . ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49 . გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
50 . ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
51 . ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52 . ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
53 . თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
54 . სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55 . ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56 . ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57 . ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
58 . გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59 . ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60 . ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61 . ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
62 . შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
63 . თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
64 . შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
65 . კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66 . კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67 . ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68 . კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
69 . ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70 . დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71 . კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
72 . უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73 . შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74 . მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75 . ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76 . დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77 . მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78 . შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79 . დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80 . იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.
81 . დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?
83 . ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
84 . რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85 . გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.
86 . ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87 . ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.
88 . შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
89 . უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90 . თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
91 . შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92 . რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93 . უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
94 . შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
95 . მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96 . ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97 . რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98 . ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99 . ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
100 . მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101 . ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102 . შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
103 . რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
104 . შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
105 . ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
106 . დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
107 . დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
108 . აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109 . სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110 . დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111 . დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112 . მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.
113 . ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
114 . თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115 . შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
116 . შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
117 . შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
118 . მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119 . როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
120 . თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121 . ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122 . გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124 . მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125 . მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
126 . ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
127 . ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
128 . ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129 . საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130 . საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
131 . პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132 . მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
133 . ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
134 . გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135 . შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
136 . წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137 . მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
138 . ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139 . დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
140 . ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141 . მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142 . სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143 . განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
144 . სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
145 . მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
146 . შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
147 . ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148 . ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149 . ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
150 . მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
151 . ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152 . ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153 . იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
154 . გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
155 . შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
156 . წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
157 . ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
158 . ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
159 . ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160 . საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
161 . მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162 . ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163 . სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164/165 . დღეში შვიდგზის გაქებ შენ ,სიმართლის სამართალთათვის. 165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166 . იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
167 . იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168 . ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169 . მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
170 . მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171 . წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.
172 . იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.
173 . იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174 . ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175 . იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
176 . დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
1 . გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
2 . შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
3 . ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
4 . აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.
5 . გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.
6 . იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!
1 . განა არ მოუხმობს სიბრძნე და ხმას არ იმაღლებს გონიერება?
2 . მაღლობთა მწვერვალებზე დგას, გზებსა და გზაჯვარედინებზე,
3 . კარიბჭეებთან, ქალაქის შესასვლელთან, ჭიშკრებთან ღაღადებს:
4 . თქვენ მოგიხმობთ კაცნო, ადამის ძეთ მიმართავს ჩემი ხმა.
5 . შეიგნეთ გამჭრიახობა გულუბრყვილნო და სიბრძნე - უგუნურნო.
6 . ისმინეთ, რადგან უმთავრესზე ვილაპარაკებ; გავხსნი ბაგეებს სიმართლის სათქმელად.
7 . რადგან, ჭეშმარიტებას წარმოსთქვამს ჩემი პირი და ბოროტება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
8 . სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, მზაკვრული და მრუდე არაფერია მათში.
9 . წრფელია ყოველი მათგანი გამგებისთვის და მართებული - ცოდნის მპოვნელისთვის.
10 . აიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი; ცოდნა და არა რჩეული ოქრო.
11 . რადგან, ძვირფას თვლებზე უკეთესია სიბრძნე, ვერავითარი სანატრელი რამ ვერ შეედრება”.
12 . მე, სიბრძნე, გონიერებასთან ვმკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას ვპოვებ.
13 . უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
14 . ჩემთანაა რჩევა და ჯანსაღი სიბრძნე; მე ვარ გონიერება და მაქვს ძლიერება.
15 . ჩემით მეფობენ მეფენი და აწესებენ სამართალს ხელისუფალნი,
16 . ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყველა მოსამართლე.
17 . მიყვარს ჩემი მოყვარულნი და გულმოდგინედ მაძიებელნი მიპოვნიან.
18 . ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19 . ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უმჯობესია და ჩემი მოსავალი - რჩეულ ვერცხლზე.
20 . სიმართლის გზით დავდივარ, სამართლიანობის ბილიკების შუაგულში,
21 . რათა სიმდიდრე დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულებს და ავავსო მათი საგანძურები.
22 . თავისი გზის დასაწყისშივე ვყავდი უფალს, თავის ქმნილებამდე, ძველთაგანვე.
23 . ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე - დედამიწის უწინარეს.
24 . მაშინ გამოვჩნდი, როცა არც უფსკრულები იყო და არც უხვი წყაროს წყლები.
25 . სანამ მთები დადგინდებოდნენ, ბორცვებზე ადრე გამოვჩნდი.
26 . როცა არც დედამიწა იყო შექმნილი, და არც მინდვრები და ქვეყნიერების პირველი მტვერი.
27 . იქ ვიყავი ცათა დაფუძნებისას, როცა წრე შემოავლო ზღვის ზედაპირს,
28 . როცა მაღლა ღრუბლებს ამაგრებდა და უფსკრულში წყაროებს აძლიერებდა,
29 . როცა წესი დაუდგინა ზღვებს, რათა წყლებს არ გადაელახათ მათი ნაპირი და ბრძანებით დაადგინა დედამიწის საფუძვლები.
30 . ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი, დღენიადაგ მისი სიხარული ვიყავი და ყოველთვის ვხარობდი მის წინაშე:
31 . ვხარობდი სამყაროთი და ქვეყნიერებით, ადამიანის ძეებში იყო ჩემი ნეტარება.
32 . ამიტომ მისმინეთ ახლა, შვილებო, რადგან ნეტარნი არიან ჩემი გზების შემნახველნი.
33 . ისმინეთ ჩემი დარიგება და დაბრძენდით, ნუღარ წაუყრუებთ.
34 . ნეტარია კაცი, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და ჩემი შესასვლელის ზღურბლთან მომელის.
35 . რადგან ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს ჰპოვებს და კეთილგანწყობას იღებს უფლისგან.
36 . ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.
1 . ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
2 . თავის პირის ნაყოფთაგან იგემებს კაცი სიკეთეს, მოღალატეთა წადილი კი ძალადობაა.
3 . ვინც თავის ბაგეს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს; ბაგემორღვეულს კი განადგურება მოელის.
4 . ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.
5 . მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.
6 . უბიწო გზით მავალს სიმართლე იცავს, ცოდვილს კი ბოროტება ღუპავს.
7 . ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და - არაფერი არა აქვს, ზოგი კი ღარიბად - და დიდი ქონება აქვს.
8 . ადამიანის სიცოცხლის გამოსასყიდი მისი სიმდიდრეა, ღარიბი კი მუქარასაც არ მოისმენს.
9 . მართალთა სინათლე კაშკაშებს, ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.
10 . ქედმაღლობასა და თავხედობას მხოლოდ შეხლა-შემოხლა მოსდევს, რჩევის მძებნელთ კი სიბრძნე აქვთ.
11 . არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.
12 . გაცრუებული იმედი გულს ასნეულებს, ასრულებული წადილი კი სიცოცხლის ხეა.
13 . სიტყვის აბუჩად ამგდები თავს იზიანებს, მცნების მოშიშს კი საზღაური ელის.
14 . ბრძენისგან დამოძღვრა სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეების ამრიდებელი.
15 . კეთილგონიერება წყალობას გაპოვნინებს, მოღალატეთა გზა კი მძიმეა.
16 . ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს, რეგვენი კი სიბრიყვეს ავლენს.
17 . უკეთური მაცნე ჭირში ვარდება, ერთგულ დესპანს კი კურნება მოაქვს.
18 . დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.
19 . ტკბილია სულისთვის ასრულებული წადილი, უგუნურთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისგან განდგომა.
20 . ბრძენკაცებთან მავალი დაბრძენდება, რეგვენთა მეგობარი კი ზიანს განიცდის.
21 . ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.
22 . კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისთვის ინახება.
23 . ღარიბი კაცის დაუმუშავებელ მიწაზეც შეიძლება უხვი საზრდო მოვიდეს, მაგრამ უსამართლობის გამო აღიგვება.
24 . წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.
25 . მართალი ძღომამდე ჭამს, ბოროტეულთა მუცელს კი მუდამ შია.
1 . გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.
2 . კაცის ყველა გზა სუფთაა მის თვალში, მაგრამ უფალი სწონის სულებს.
3 . უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება.
4 . უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისთვის შექმნა, ბოროტეულიც კი - ავი დღისთვის.
5 . ყველა გულით ამაყი საძაგელია უფლისთვის, უსათუოდ დაუსჯელი ვერ გადარჩება ასეთი.
6 . წყალობითა და ჭეშმარიტებით გამოისყიდება დანაშაული, უფლის შიშით განერიდებიან ბოროტებას.
7 . როდესაც მოსაწონია უფლისათვის კაცის გზები, მტერთანაც კი შეარიგებს მას.
8 . სჯობს სიმართლით მცირედი, უმართლობით მოხვეჭილ დიდ შემოსავალს.
9 . კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს.
10 . ღვთიური განაჩენია მეფის ბაგეზე, განკითხვისას არ უნდა უმართლობდეს მისი პირი.
11 . მართალი სასწორი და საწყაო აქვს უფალს, მისი შექმნილია აბგის ყველა საწონი.
12 . სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.
13 . მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.
14 . სიკვდილის მაუწყებელია მეფის რისხვა, ბრძენი კი დააცხრობს მას.
15 . მეფის ხალას მზერაში სიცოცხლეა, მისი კეთილგანწყობა კი გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
16 . სიბრძნის შეძენა ოქროზე ბევრად უკეთესია, გონიერების შეძენა - რჩეულ ვერცხლზე უმჯობესი.
17 . წრფელთა გზა ბოროტებისგან განშორებაა, თავისი გზის დამცველი სიცოცხლეს უფრთხილდება.
18 . დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას - ქედმაღლობა.
19 . ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და მდაბიოებთან იყო, ვიდრე ამაყებთან იყოფდე ნადავლს.
20 . საქმის გონივრულად მკეთებელი სიკეთეს ჰპოვებს; ნეტარია უფალზე დაიმედებული.
21 . გულით ბრძენს გონიერს უწოდებენ, ტკბილი საუბარი დამაჯერებლობას მატებს.
22 . გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
23 . ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.
24 . სასიამოვნო სიტყვები გოლეული თაფლივითაა, ტკბილი - სულისთვის და კურნება - ძვლებისთვის.
25 . არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილია.
26 . მშრომელს თავისი მადა აშრომებს, შიმშილი უბიძგებს შრომისკენ.
27 . უღირსი კაცი სიავეს განიზრახავს, მწველი ცეცხლივითაა მისი სიტყვები.
28 . უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
29 . მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე ატარებს.
30 . ვინც თვალებს ჭუტავს უკუღმართობას განიზრახავს, ვინც ბაგეს იკვნეტს ბოლომდე მიჰყავს ბოროტი ზრახვები.
31 . ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
32 . რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი ქალაქის ამღებს.
33 . წილს კალთაში ყრიან, მაგრამ ყველა განაჩენი უფლისგან მოდის.
1 . უბიწოდ მავალი ღარიბი სჯობს, მრუდებაგიანსა და თანაც უგუნურს.
2 . ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს - შესცოდავს.
3 . ადამიანს თავისი უგუნურება უმრუდებს გზაკვალს, მისი გული კი უფალზე წყრება.
4 . ქონება მრავალ მეგობარს ჰმატებს, უქონელს თავისი მოყვასიც კი შორდება.
5 . სასჯელს ვერ აცდება ცრუ მოწმე და ვერ გადარჩება ტყუილის მოლაპარაკე.
6 . მრავალი ეძიებს დიდებულთა კეთილგანწყობას და ყველა მეგობრობს საჩუქრების დამრიგებელთან.
7 . ძმებსაც კი სძულთ ღარიბი კაცი; კიდევ უფრო გაურბიან მას მეგობრები; ევედრება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.
8 . სიბრძნის შემძენს თავისი თავი უყვარს; ვინც გონიერებას ინარჩუნებს სიკეთეს ჰპოვებს.
9 . ცრუ მოწმე სასჯელს ვერ აცდება და ტყუილების მოლაპარაკე დაიღუპება.
10 . ბრიყვს არ შეეფერება ფუფუნება, მით უმეტეს მონას - მთავრებზე ბატონობა.
11 . განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.
12 . ლომის ბრდღვინვასავითაა მეფის რისხვა, მისი კეთილგანწყობა კი ბალახზე დაფენილი ცვარივით.
13 . ბრიყვი ვაჟი მამის უბედურებაა, ცოლის ჭირვეულობა კი შეუწყვეტელი წვეთა.
14 . სახლი და ქონება - მამისგან მიღებული მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისგანაა.
15 . სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.
16 . მცნების დამცველი თავის თავს იცავს, უფლის გზების აბუჩად ამგდები მოკვდება.
17 . ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.
18 . გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.
19 . ფიცხი და მრისხანე კაცი მკაცრად დასაჯე, რადგან თუ დაინდობ, მაინც მოგიწევს დასჯა.
20 . შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
21 . მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
22 . კაცი თავისი სიკეთით ფასობს; გაჭირვებული სჯობს მატყუარას.
23 . უფლის შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი; კმაყოფილი დაიძინებს და ბოროტება არ ეწევა.
24 . ზარმაცი ლანგარში ჩაყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.
25 . დამცინავს სცემე და გულუბრყვილო დაჭკვიანდება; შეაგონე კეთილგონიერს და მიხვდება.
26 . მამის გამძარცველი და დედის გამგდები შემარცხვენელი და უპატიო შვილია.
27 . ჩემო შვილო, შეწყვიტე იმ დარიგების მოსმენა, რომელიც გონიერი ნათქვამიდან გადახვევას მოგიწოდებს.
28 . აბუჩად იგდებს სამართალს არამზადა მოწმე, ბოროტთა პირი უმართლობას ყლაპავს.
29 . აბუჩად ამგდებთათვის სასჯელია გამზადებული, რეგვენთა ზურგისთვის კი - ცემა.
1 . სიტყვანი მეფე ლემუელისა, რომლითაც მისი დედა არიგებდა:
2 . "რაო, ძეო ჩემო? რაო, ძეო ჩემი მუცლისა? რაო, ძეო ჩემი აღთქმებისა?
3 . ნუ შეალევ ქალებს შენს ძალას და შენს გზებს - მეფეთა დამღუპველებს!
4 . მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს - მაგარ სასმელთა სიყვარული;
5 . თორემ დალევენ, დაივიწყებენ დადგენილებებს და გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს.
6 . მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო - სულგამწარებულს;
7 . რათა დალიოს და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და აღარ ახსოვდეს თავისი ტანჯვა!
8 . გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად,
9 . გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები.
10 . გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიტზე ძვირფასია იგი.
11 . დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება.
12 . სიკეთეს მიაგებს მას და არა ბოროტს, მთელი მისი ცხოვრების დღეებში.
13 . მატყლს და სელს მოიძევს და სიხარულით შრომობს თავისი ხელებით.
14 . სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი საზრდო.
15 . ღამიანად დგება, საკვებს აძლევს სახლეულს და საქმეზე აყენებს მხევალთ.
16 . იფიქრებს მინდორზე და შეიძენს მას, საკუთარ ხელთა მტევნით რგავს ვენახს.
17 . ძალას ისარტყლავს წელზე და მკლავებს იმაგრებს.
18 . ხვდება, რომ კარგია მისი მონაგები; ღამითაც არ ქრება მისი ლამპარი.
19 . იწვდენს ხელს სართავი ჯარასკენ და თითისტარს დაიჭერს.
20 . ხელს უმართავს ღარიბს და ხელს უწვდის გაჭირვებულს.
21 . არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული.
22 . ფარდაგებს იმზადებს, ბისონი და მეწამულია მისი სამოსელი.
23 . ცნობილია მისი ქმარი კარიბჭეებთან და ქვეყნის უხუცესთა შორის ზის იგი.
24 . სელის ტანსაცმელს კერავს და ყიდის, სარტყლებით ამარაგებს ვაჭარს.
25 . ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.
26 . სიბრძნით ხსნის პირს და კეთილი დარიგებაა მის ენაზე.
27 . თვალყურს ადევნებს თავისი სახლეულის სვლას და სიზარმაცის პურს არ ჭამს.
28 . დგებიან მისი შვილები და ლოცავენ მას, ქმარიც აქებს და ეუბნება:
29 . მრავალი ასული მოქცეულა სანაქებოდ, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!
30 . მაცდურია მომხიბვლელობა და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი განდიდებული იქნება!
31 . მიეცით საკუთარ ხელთა ნაყოფისაგან და საქმენი მისნი განადიდებენ მას კარიბჭეებთან”.
1 . კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, ხოლო სიკვდილის დღე - შობის დღეს.
2 . გლოვის სახლში მისვლა სჯობს ლხინის სახლში მისვლას, რადგან ისაა ყოველი ადამიანის ბოლო. დაე, გულში დაიმარხონ ეს ცოცხლებმა!
3 . სიცილს მწუხარება სჯობს, ვინაიდან სახის დაღვრემისას გული უკეთესდება.
4 . ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ხოლო ბრიყვთა გული - მხიარულების სახლში.
5 . ბრძენთაგან მხილების მოსმენა სჯობს, ბრიყვთაგან ქების მოსმენას.
6 . რადგან ქვაბის ქვეშ მოტკაცუნე ეკლების ხმასავითაა ბრიყვის სიცილი; და ესეც ამაოებაა.
7 . ჩაგვრა ბრძენსაც გააუგუნურებს, ქრთამი კი - გულს აფუჭებს.
8 . საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს და თავშეკავება - ქედმაღლობას.
9 . ნუ იჩქარებ გაბრაზებას, რადგან ბრიყვთა გულში ბუდობს სიბრაზე.
10 . ნუ იტყვი: "წარსული დღეები რატომ სჯობდაო ახლანდელს?!” _ რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ სიტყვებს!
11 . კარგია სიბრძნე მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლო - მზის მომზირალთათვის.
12 . სიბრძნეც დაგიფარავს და ვერცხლიც, ცოდნის სარგებელი კი ისაა, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს.
13 . ჩაუკვირდი ღვთის მოქმედებას, ვინაიდან ვინ შეძლებს მისი გამრუდებულის გასწორებას?
14 . დატკბი სიკეთის დღეს და უბედურების დღეს - ჩაუკვირდი; ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ კაცი ვერ მიხვდეს რა იქნება მის შემდეგ.
15 . ვიხილე ეს ყოველივე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი, რომელიც თავის სიმართლეში იღუპება და ბოროტი - დღეგრძელი თავის ბოროტებაში.
16 . ნუ იქნები გარდამეტებულად მართალი და ზედმეტად ნუ დაბრძენდები; ნუ დაიღუპავ თავს!
17 . დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები - დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?
18 . კარგია თუ ამას ჩაეჭიდები და არც იმას გაუშვებ ხელს, რადგან უფლის მოშიში ყოველივეს გადალახავს.
19 . სიბრძნე, ქალაქში მყოფ ათ ხელისუფალზე მეტად განამტკიცებს ბრძენს.
20 . მართლაც არ არის ქვეყანაზე მართალი ადამიანი, რომელიც სიკეთეს იქმს და არ სცოდავს.
21 . ნურც ყოველ ნათქვამ სიტყვას მიაყურადებ, რათა არ გაიგონო როგორ გწყევლის შენი მონა.
22 . რადგან ბევრჯერ მიხვდა შენი გული, რომ შენც სწყევლიდი სხვებს.
23 . ყოველივე ეს, სიბრძნით გამოვცადე და ვამბობდი დავბრძენდები-თქო, მაგრამ შორსაა ჩემგან სიბრძნე.
24 . შორია გარდასული და ღრმაა, ძალიან ღრმა, ვინ მოიძიებს?
25 . მოვმართე ჩემი გული, რათა მესწავლა და გამომეკვლია რა არის სიბრძნე და გონიერება, რომ უკეთურება სიბრიყვეა და უგუნურება _ შეშლილობა.
26 . აღმოვაჩინე, რომ სიკვდილზე მწარეა ქალი, რადგან ხაფანგია ის, მისი გული - ბადე და მისი ხელები კი - ბორკილები! უფლის წინაშე კეთილი დაუსხლტება მას, ცოდვილი კი გაებმება მასში.
27 . "აჰა, ეს აღმოვაჩინე!” - თქვა ეკლესიასტემ - "ერთიმეორეს მიყოლებით, ხანგრძლივი კვლევით,
28 . რასაც ეძიებდა ჩემი გული, მაგრამ ვერ ვპოვე; ათასი კაციდან ერთი ღირსეული ვპოვე, ქალებიდან კი _ ვერც ერთი.
29 . აჰა, მხოლოდ ეს აღმოვაჩინე - რომ ღმერთმა წრფელი შექმნა ადამიანები, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს!”
1 . ასე ამბობს უფალი: "სად არის გაყრის წერილი, რომლითაც დედათქვენი გავუშვი? ან რომელ ჩემს მოვალეს მიგყიდეთ? აჰა, თქვენი ურჯულოების გამო გაიყიდეთ და თქვენი დანაშაულის გამო იქნა დედათქვენი გაშვებული.
2 . რატომ არავინ იყო, როცა მოვედი? ვიძახდი და არ იყო პასუხის გამცემი. ნუთუ დამოკლდა ჩემი ხელი გამოსასყიდად, იქნებ აღარ მაქვს გამოხსნის ძალა? აჰა, ავუკრძალავ და დაშრება ზღვა, მდინარეებს უდაბნოდ ვაქცევ, აყროლდება მათი თევზი უწყლობით და წყურვილით დაიხოცება.
3 . მე ვმოსავ ცებს წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად.
4 . უფალმა ღმერთმა მომცა დამმოძღვრავის ენა, რათა შევძლო დაღლილის გამაგრება სიტყვით. დილაობით მაღვიძებს, ჩემს ყურს აღვიძებს, რომ მოწაფესავით მოვისმინო.
5 . უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის.
6 . ზურგი ჩემს მცემელთ მივეცი და ლოყები - წვერების მგლეჯელთ; არ დამიფარავს პირსახე დამცირებისგან და ფურთხისგან.
7 . მაგრამ მეხმარება უფალი ღმერთი, ამიტომაც არ ვიჩაგრები; სახე გავიკაჟე, ვიცი, რომ არ დავრჩები შერცხვენილი.
8 . ახლოს არის ჩემი გამმართლებელი, ვინ შემედავება? ერთად დავდგეთ! ვინ არის ჩემი მომჩივანი? მომიახლოვდეს.
9 . აჰა, უფალი ღმერთი მეხმარება, მსჯავრს ვინ დამდებს? აჰა, სამოსელივით გაიცრიცებიან ყველანი, ჩრჩილის კერძად იქცევიან.
10 . ვის ეშინია თქვენში უფლისა და ვინ ემორჩილება მისი მსახურის ხმას? ვინ დადის ბნელში უსინათლოდ? მიენდოს უფლის სახელს და თავის ღმერთს დაეყრდნოს.
11 . აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, აალებული ისრებით გარშემორტყმულნო, იარეთ თქვენი ცეცხლისა და თქვენს მიერ აალებული ისრების სინათლეში! ამას მიიღებთ ჩემი ხელიდან; ტანჯვებში განერთხმებით!”
1 . კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთ წოდებულ იტალიურ კოჰორტას ასისთავობდა.
2 . მთელი თავისი სახლეულით მართალი და ღვთისმოშიში, ბევრ მოწყალებას გასცემდა ხალხისთვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის მიმართ.
3 . მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!”
4 . მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: "რა არის, უფალო?” უთხრა: "შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.
5 . გაგზავნე ახლა კაცები იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება.
6 . იგი, მეტყავე სიმონს სტუმრობს, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას”.
7 . მასთან მოსაუბრე ანგელოზი რომ წავიდა, დაუძახა თავის ორ მსახურს და ერთ ღვთისმოსავ ჯარისკაცს, მუდმივად თან რომ ახლდა.
8 . უამბო ყოველივე და გაგზავნა იაფოში.
9 . მეორე დღეს, გაგზავნილები ქალაქს რომ უახლოვდებოდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცად. ასე ექვსი საათი იქნებოდა.
10 . მოშივდა და ჭამა მოუნდა. სანამ რამეს მოუმზადებდნენ, აღტაცებაში მოვიდა და ჩვენება იხილა.
11 . დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე.
12 . დედამიწის ყველანაირი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი იყო მასში.
13 . და იყო ხმა მის მიმართ: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე”.
14 . მიუგო პეტრემ: "არა, უფალო, ბიწიერი და უწმიდური არასოდეს არაფერი მიჭამია”.
15 . მეორედაც იყო ხმა მის მიმართ: "რაც ღმერთმა განწმიდა, უწმიდურად ნუ მიიჩნევ”.
16 . ასე მოხდა სამგზის და მყისვე ცისკენ ამაღლდა ჭურჭელი.
17 . ვიდრე პეტრე თავისთვის ფიქრობდა, როგორ უნდა გაეგო ჩვენება, რომელიც იხილა, აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა იკითხეს სიმონის სახლი და ჭიშკართან დადგნენ.
18 . დაიძახეს და იკითხეს: "აქ დგას ბინად სიმონი, პეტრედ წოდებული?”
19 . სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: "აი, სამი კაცი გეძებს.
20 . ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.
21 . ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: "მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?”
22 . ხოლო მათ უთხრეს: "ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც იუდეველთა მთელი ერი ემოწმება, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მიგიხმოს თავის სახლში და მოისმინოს შენი სიტყვები”.
23 . მაშინ მიიწვია ისინი პეტრემ და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ. თან ზოგიერთი იაფოელი ძმაც გაიყოლა.
24 . კესარიას მეორე დღეს მიაღწიეს. კორნელიუსს თავისი ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა და მათ ელოდებოდა.
25 . პეტრე რომ შედიოდა, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
26 . პეტრემ წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც ადამიანი ვარ”.
27 . მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც მრავალი დახვდა შეკრებილი.
28 . უთხრა: "როგორც იცით, იუდეველ კაცს ეკრძალება ურთიერთობა და დაახლოება უცხოტომელთან; მაგრამ მე ღმერთმა მაჩვენა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური.
29 . ამიტომ, როცა მომიხმეს, უსიტყვოდ მოვედი. ახლა გეკითხებით: რა საქმეზე დამიძახეთ?”
30 . მიუგო კორნელიუსმა: "ოთხი დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე საათზე კი შინ ვლოცულობდი და აჰა, ჩემს წინაშე, ელვარე სამოსით შემოსილი კაცი დადგა.
31 . მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.
32 . ამიტომ გაგზავნე იაფოში და დაუძახე სიმონს, პეტრედ რომ იწოდება; იგი მეტყავე სიმონთან დგას ბინად, ზღვის პირას.
33 . მეც მაშინვე გამოვგზავნე შენთან და კარგად მოიქეცი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ მოვისმინოთ ყოველივე, რაც უფლისგან გაქვს ნაბრძანები”.
34 . გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,
35 . არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.
36 . მან მოუვლინა ისრაელიანებს სიტყვა და ახარა მშვიდობა, იესო ქრისტეს მეშვეობით; ის არის ყოველთა უფალი!
37 . თქვენ იცით, რა მოხდა გალილეიდან დაწყებული მთელ იუდეაში, იმ ნათლისღების შემდეგ, იოანე რომ ქადაგებდა;
38 . როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
39 . ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანასა და იერუსალიმში, ბოლოს კი მოკლეს ძელზე დაკიდებით.
40 . მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მესამე დღეს და მისცა მას, რომ გამოცხადებოდა,
41 . არა მთელ ხალხს, არამედ ღმერთის მიერ წინასწარ ამორჩეულ მოწაფეებს, ჩვენ, რომლებიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
42 . მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
43 . მასზე ამოწმებს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვათა მიტევებას.
44 . პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ეს სიტყვა ესმოდა.
45 . მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი,
46 . რადგან ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ თქვა პეტრემ:
47 . "ვის შეუძლია წყლით ნათლობა დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”
48 . და უბრძანა მათ, იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
1 . ჩავიდა დერბესა და ლისტრას. იქ იყო ერთი მოწაფე, ტიმოთედ წოდებული, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
2 . რომელზეც ამოწმებდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.
3 . პავლემ მისი თან წაყვანა მოისურვა. წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადაცვითა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.
4 . ქალაქებში გავლისას ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.
5 . ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.
6 . კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
7 . მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
8 . გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ.
9 . და ჩვენება იხილა ღამით პავლემ: წარუდგა ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო;
10 . ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება; ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა მათთვის სახარებლად.
11 . გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი - ნეაპოლისს;
12 . იქიდან - ფილიპეს, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი ქალაქი-კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე.
13 . შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით, იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ.
14 . გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.
15 . ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გვთხოვა: "თუ უფლის მორწმუნედ მთვლით, მოდით, ჩემს სახლში და დარჩით”. და დაგვიყოლია.
16 . ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
17 . იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო.
18 . ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.
19 . დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.
20 . მთავრებს რომ მიჰგვარეს, უთხრეს: "ეს კაცები იუდეველნი არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს.
21 . გვასწავლიან ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება შეგვშვენის და არც შესრულება, რადგან რომაელები ვართ”.
22 . აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ; მთავრებმა ტანისამოსი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.
23 . მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.
24 . ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.
25 . შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.
26 . უეცრად დიდი მიწისძვრა მოხდა, ისე, რომ საძირკვლიანად შეარყია საპყრობილე; ყოველი კარი გაიღო და ყველას დასცვივდა ბორკილები.
27 . ზედამხედველს რომ გაეღვიძა და ღია დაინახა საპყრობილის ყველა კარი, იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
28 . მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა: "შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან აქა ვართ ყველანი”.
29 . მან სინათლე მოითხოვა, შიგნით შეიჭრა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე.
30 . გარეთ გამოიყვანა ისინი და ჰკითხა: "ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?”
31 . მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.
32 . უქადაგეს ღმერთის სიტყვა მასაც და ყველას, მის სახლში მყოფს.
33 . იმავე ღამეს წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლნენ ის და ყველა მისიანი.
34 . სახლში შეიყვანა, სუფრა გაუშალა და ხარობდა მთელ თავის სახლეულთან ერთად, ღმერთი რომ იწამა.
35 . გათენებისთანავე, მსახურები გაგზავნეს მთავრებმა და უთხრეს: "გაუშვი ის კაცები”.
36 . შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: "მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და წადით მშვიდობით”.
37 . მაგრამ პავლემ შეუთვალა: "ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, სახალხოდ, განუკითხავად გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, დაე მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ”.
38 . ეს სიტყვები მთავრებს მოახსენეს მსახურებმა. ხოლო მათ შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელნი ყოფილანო.
39 . მოვიდნენ, მოუბოდიშეს, გამოიყვანეს საპყრობილედან და სთხოვეს, ქალაქიდან წასულიყვნენ.
40 . საპყრობილედან გამოსვლისთანავე მივიდნენ ლიდიას სახლში, ძმები მოინახულეს, ანუგეშეს და გაემგზავრნენ.
1 . გაიარეს ამფიპოლი და აპოლონია და თესალონიკეს მიადგნენ, სადაც იუდეველთა სინაგოგა იყო.
2 . პავლე, როგორც სჩვეოდა, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან;
3 . უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეს ქრისტე სწორედ იესოა, მე რომ გახარებთო.
4 . ზოგმა ირწმუნა და პავლესა და სილას შეუერთდა, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, რომელთა შორისაც წარჩინებული ქალებიც არ იყვნენ ცოტანი.
5 . იუდევლებს შეშურდათ, ვიღაც უკეთური კაცები მოიყვანეს ბაზრიდან, შეყარეს ბრბო და აშფოთებდნენ ქალაქს; მიადგნენ იასონის სახლს და შეეცადნენ ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
6 . რომ ვერ მიაგნეს, ქალაქის მთავრებთან წაათრიეს იასონი და ზოგიერთი ძმა და ყვიროდნენ: "აქაც მოვიდნენო ქვეყნიერების ამრევ-დამრევნი,
7 . იასონმა შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას აღიარებენ მეფედ, იესოს!”
8 . აღაშფოთეს ხალხი და ამის მომსმენი ქალაქის თავნი.
9 . მაგრამ მიიღეს სათავდებო იასონისგან და სხვათაგან, და გაუშვეს ისინი.
10 . ძმებმა იმავე ღამით გაისტუმრეს პავლე და სილა ბერეაში, სადაც ჩავიდნენ თუ არა, იუდეველთა სინაგოგაში შევიდნენ.
11 . ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.
12 . ბევრმა ირწმუნა მათგან, წარჩინებულმა ბერძენმა ქალებმაც და კაცებმაც, არამცირედმა.
13 . მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდევლებმა შეიტყვეს, პავლე ბერეაშიც ქადაგებსო ღვთის სიტყვას, იქაც მივიდნენ და ააღელვეს და ააშფოთეს ხალხი.
14 . ძმებმაც მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ; სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
15 . გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე; მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან, და გამობრუნდნენ.
16 . სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ.
17 . ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.
18 . ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას; ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს; სხვები ამბობდნენ, ეტყობა, უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რაკი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
19 . მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს: "შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
20 . რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს?”
21 . ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრადმყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
22 . პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა: "კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ;
23 . რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: "უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
24 . ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს,
25 . არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
26 . ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,
27 . რათა ეძიათ ღმერთი. ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან.
28 . რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!
29 . და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს.
30 . ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.
31 . რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.
32 . მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.
33 . ასე გამოვიდა პავლე მათგან.
34 . ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს; მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი, სახელად დამარისი, და სხვებიც მათთან ერთად.
1 . ამის შემდეგ, ათენიდან წამოსული, კორინთოში მივიდა.
2 . ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან.
3 . და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
4 . ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.
5 . ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.
6 . მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: "თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.
7 . წავიდა იქიდან და ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის, სახლში მივიდა, რომელიც სინაგოგის გვერდით იდგა.
8 . ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
9 . უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: "ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
10 . ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.
11 . წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.
12 . იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს.
13 . თქვეს: "ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს”.
14 . როცა ხმის ამოღება დააპირა პავლემ, უთხრა გალიონმა იუდევლებს: "იუდევლებო! ეს რომ რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის;
15 . მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს წერილებს, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენ თვითონ მიხედეთ; მე არ მსურს ამის მსაჯული ვიყო”.
16 . და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
17 . მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენი და სამსჯავროს წინ სცემეს; გალიონს კი არაფერი ანაღვლებდა ამათგან.
18 . პავლე კიდევ კარგა ხანს დარჩა იქ; მერე გამოეთხოვა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გასცურა. კენქრეში გადაიპარსა თავი, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული.
19 . ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდევლებს.
20 . სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, მაგრამ არ დათანხმდა.
21 . გამოეთხოვა მათ და თქვა: "მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან.
22 . კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმში ავიდა, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში წავიდა.
23 . ერთხანს იქ დაჰყო, იქიდან წამოსულმა რიგრიგობით მოიარა ჯერ გალატელთა, შემდეგ კი ფრიგიის ქვეყანა, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
24 . ჩავიდა ეფესოში ერთი იუდეველი, სახელად აპოლო, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი და ძლიერი წერილებში.
25 . განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
26 . მან გაბედულად იწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
27 . ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით.
28 . რადგან მოურიდებლად საჯაროდ ამხელდა იუდევლებს და წერილების მიხედვით ამტკიცებდა, რომ იესოა ქრისტე.
1 . საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.
2 . ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის;
3 . ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
4 . შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.
5 . ისინი წუთისოფლისანი არიან, ამიტომაც წუთისოფლისას ლაპარაკობენ და წუთისოფელიც ყურს უგდებს მათ.
6 . ჩვენ ღვთისგან ვართ, ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.
7 . საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
8 . ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.
9 . ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ.
10 . იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.
11 . საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!
12 . ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენშია.
13 . იმით ვგებულობთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის - ჩვენში, რომ თავისი სულისგან მოგვცა.
14 . ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე - ქვეყნიერების მხსნელი.
15 . ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის - ღმერთში.
16 . ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი - მასში.
17 . ამგვარად, ისეთ სრულყოფას აღწევს სიყვარული ჩვენში, რომ გაბედულება გვაქვს განკითხვის დღეს, რადგან როგორიც ისაა, ჩვენც ისეთივე ვართ ამ ქვეყნიერებაზე.
18 . სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრული სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, მშიშარა კი სრული არ არის სიყვარულში.
19 . ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.
20 . თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს!
21 . და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს!
1 . ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა!
2 . რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.
3 . კიდევ თქვეს: "ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე”.
4 . დაემხნენ ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და ამბობდნენ: "ამინ! ალილუია!”
5 . გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: "აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
6 . და გავიგონე ხმა, როგორც ხმა დიდძალი ხალხისა და მრავალი წყლისა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.
7 . გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
8 . და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ბრწყინვალე და სუფთა ბისონი, ვინაიდან ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა”.
9 . და მითხრა: "დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო სერობაზე მიწვეულნი”. მითხრა: "ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვებია ესენი”.
10 . და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.
11 . ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12 . მისი თვალები მსგავსია ცეცხლის ალისა, თავზე მრავალი დიადემა ედგა და ზედ ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
13 . სისხლში ამოვლებული სამოსელი ემოსა. მისი სახელია ‘ღმერთის სიტყვა’.
14 . ციური ლაშქარი მისდევდა მას თეთრ ცხენებზე, თეთრი და სუფთა ბისონით შემოსილი.
15 . მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს; ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით; და დაწურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
16 . სამოსელსა და თეძოზე აწერია სახელი: "მეფეთა მეფე და უფალთა უფალი".
17 . ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. მან დიდი ხმით შესძახა და უთხრა ყოველ ფრინველს, შუა ცაში რომ დაფრინავდა: "მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ სერობაზე,
18 . რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, პატარებისა და დიდების ხორცი”.
19 . და ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი ერთად შეკრებილნი, რათა შებძოლებოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
20 . და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.
21 . დანარჩენები კი ცხენზე მჯდომის პირიდან გამოსული მახვილით ამოიხოცნენ, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
1 . წინასიტყვა რაკი ბევრი დიდებული რამ გადმოგვეცა რჯულის, წინასწარმეტყველთა და სხვათა, მათ მიმდევართა წყალობით, რის გამოც ქების ღირსია ისრაელი, მისი მოძღვრებისთვის და მისი სიბრძნისთვის; და რაკი აუცილებელია, რომ არა მხოლოდ თავად მკითხველებმა მიიღონ ცოდნა, არამედ სწავლის მოყვარულებმა გარეთ მცხოვრებნიც უნდა დამოძღვრონ ზეპირი სწავლებით და წერილობით, ამიტომაც ჩემმა პაპამ, იესომ, მას შემდეგ, რაც დიდის გულმოდგინებით შეისწავლა რჯულის, წინასწარმეტყველთა და მამათა სხვა წიგნები, და შეიძინა საკმარისი ცოდნა, გადაწყვიტა თავადაც დაეწერა რაიმე მოძღვრებაში და სიბრძნეში, რათა სწავლის მოწადინენი ჩაღრმავებოდნენ მის ნაშრომს და წარმატება ჰქონოდათ რჯულიერ ცხოვრებაში. მაშ მოგიწოდებთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს წიგნი და შემინდოთ, თუ ზოგჯერ, მიუხედავად ჩემი სიბეჯითისა, სწორად ვერ მითარგმნია ზოგიერთი სიტყვა. რადგან იგივე მნიშვნელობა არა აქვს შერჩენილი ებრაულ სიტყვებს, როცა ისინი სხვა ენაზეა გადატანილი. არა მხოლოდ ეს წიგნი, არამედ თავად რჯული, წინასწარმეტყველნი და დანარჩენი წიგნები მცირედ როდი განსხვავდებიან მათი დედნისგან. როცა ევერგეტეს მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს ეგვიპტეში ჩამოვედი და რაოდენიმე ხანი დავყავი, დავინახე არამცირედი სხვაობა სწავლებაში. სასიკეთოდ და აუცილებლად ჩავთვალე მეზრუნა ამ წიგნის სათარგმნელად. ამ ხნის მანძილზე ბევრი უძილო ღამე გავათენე, არ დავიშურე ძალა და ცოდნა, რათა დამესრულებინა ეს წიგნი და მიმეწვდინა დიასპორაში მყოფთათვის, ვისაც სწავლის წყურვილი აქვს და გადაუწყვეტია რჯულიერი ცხოვრებისთვის გაამზადოს თავი. თავი პირველი 1. ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ. 2. ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს? 3. ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს? 4. ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნე და გონების გამჭრიახობა უკუნისიდან. 6. ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხელოვნებანი მისი ვინ შეიცნო? 8. ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტზე დაბრძანებული. 9. უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა და აღრიცხა იგი, მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს. 10. მყოფობს ყოველ ხორციელში მისი ნიჭის მიხედვით, მიმადლა იგი მის მოყვარულებს. 11. უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა. 12. უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს. 13. უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს. 14. სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან. 15. ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა. 16. უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით. 17. მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თავის ქმნილებებით. 18. სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი ასაყვავებლად. 19. იხილა და აღრიცხა იგი, ხელოვნება და ცოდნა მეცნიერებისა დააწვიმა და მისთა მფლობელთა დიდება აამაღლა. 20. უფლის შიში სიბრძნის ძირია და წვეროები მისი დღეგრძელობაა. 22. ვერ გამართლდება უსამართლო რისხვა, რადგან სიმძიმე მისი გულისწყრომისა დაამხობს მას. 23. დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მიიღებს ჯილდოდ. 24. დრომდე დაიმარხავს თავის სიტყვებს და მრავალთა ბაგენი მის კეთილგონიერებას აღიარებენ. 25. სიბრძნის საგანძურებშია გონიერი იგავები, ცოდვილისათვის კი საძულველია ღვთისმოშიშება. 26. თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას. 27. რადგან უფლის შიშია სიბრძნე და განსწავლულობა, მისდამი სასოება - რწმენა და სიმშვიდე. 28. ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას. 29. პირში ნუ ელაქუცები ადამიანებს და გაუფრთხილდი შენს ბაგეებს. 30. თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გააცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით.