1 .
ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საფირასთან ერთად, ნაკვეთი გაყიდა.
2 .
და გადამალა საფასურიდან; ეს მისმა ცოლმაც იცოდა, რაღაც ნაწილი კი მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.
3 .
პეტრემ უთხრა: "ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
4 .
განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”
5 .
ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
6 .
წამოდგნენ ჭაბუკები, შეახვიეს იგი, გაიტანეს და დამარხეს.
7 .
სამიოდე საათის შემდეგ, მისი ცოლიც შემოვიდა, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
8 .
პეტრემ ჰკითხა: "მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?” მიუგო: "დიახ, ამდენად”.
9 .
პეტრემ უთხრა: "რატომ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხნი, და შენც გაგიტანენ”.
10 .
მაშინვე დაეცა იგი მის ფეხებთან და სული განუტევა. შემოსულმა ჭაბუკებმა მკვდარი იპოვეს იგი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
11 .
დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.
12 .
მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში.
13 .
დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ შეერთებოდა, ხალხი კი ადიდებდა მათ.
14 .
სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნენი, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი.
15 .
ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და საწოლებზე აწვენდნენ, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს.
16 .
იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც ბევრნი მოდიოდნენ, მოჰყავდათ ავადმყოფები და არაწმიდა სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
17 .
აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.
18 .
დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს.
19 .
მაგრამ ღამით, უფლის ანგელოზმა გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20 .
"წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.
21 .
გაუგონეს მას, განთიადისას ტაძარში შევიდნენ და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელიანების უხუცესთა საბჭო და გაგზავნეს საპყრობილეში მათ მოსაყვანად.
22 .
მაგრამ მისულმა მსახურებმა ვერ ნახეს ისინი საპატიმროში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს,
23 .
უთხრეს: "საპატიმრო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვიხვდა და მცველები კარებთან მდგომნი, მაგრამ გავაღეთ და შიგ ვერავინ ვნახეთ”.
24 .
ტაძრის მცველთა მეთაურმა და მღვდელმთავრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, შეფიქრიანდნენ, რა უნდა მომხდარიყოო.
25 .
ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ: "აგერ, ის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან”.
26 .
მაშინ წავიდა მეთაური მცველების თანხლებით და მოიყვანა ისინი, ოღონდ იძულების გარეშე, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
27 .
მოყვანისთანავე სინედრიონის წინაშე დააყენეს. ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა?
28 .
"განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!”
29 .
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: "ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
30 .
ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით;
31 .
ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
32 .
ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.
33 .
ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მათი დახოცვა მოინდომეს.
34 .
მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველთაგანი, გამალიელი რომ ერქვა, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა, მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ მოციქულები.
35 .
მერე უთხრა მათ: "კაცნო, ისრაელიანნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს,
36 .
რადგან ამას წინათ აღდგა თევდა, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა, და ოთხასამდე კაცი აიყოლია; მაგრამ, როგორც კი მოკლეს, ყველა მისი მიმდევარი გაიფანტა.
37 .
ამის შემდეგ, აღწერის დღეები იდგა და აღდგა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი აიყოლია. ისიც დაიღუპა და ყველა, ვინც მას მისდევდა, გაიფანტა.
38 .
ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება.
39 .
ხოლო თუ ღვთისგანაა, მაშინ თქვენ ვერ ჩაშლით მას და, ვაითუ ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ!”
40 .
დაუჯერეს. დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით და გაუშვეს.
41 .
ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.
42 .
ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ქრისტე იესოს, ტაძარსა და სახლებში