1 . იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი.
2 . და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყს, დღევანდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყანაში. და წავიდა აბრაჰამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
3 . წამოდგა აბრაჰამი თავის მკვდრისაგან და უთხრა ხეთელებს:
4 . "მწირი და ხიზანი ვარ თქვენთან; გთხოვთ, მომცეთ სამარხი ადგილი, რომ ჩემი მიცვალებულის დაკრძალვა შევძლო”.
5 . და მიუგეს ხეთელებმა აბრაჰამს:
6 . "მოგვისმინე, ჩვენო ბატონო, ღვთის მთავარი ხარ ჩვენ შორის! დაკრძალე შენი მიცვალებული ჩვენს საუკეთესო სამარხში; ჩვენგან არავინ დაგიკავებს სამარხს შენი მიცვალებულის დასაკრძალავად”.
7 . წამოდგა აბრაჰამი და მიწამდე დაუკრა თავი იმ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.
8 . უთხრა მათ აბრაჰამმა: "თუ თანახმა ხართ, რომ ჩემი მიცვალებული დავკრძალო, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს,
9 . რომ მომცეს მახფელას მღვიმე, მისი მინდვრის კიდეზე რომ არის; სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთარი სამარხი რომ მქონდეს”.
10 . ყეფრონი კი ხეთელებს შორის იჯდა. მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაჰამს, ხეთელებისა და ქალაქის კარიბჭეში შემავალთა გასაგონად:
11 . "არა ჩემო ბატონო, მისმინე: მინდორიც მომიცია შენთვის და მღვიმეც; ჩემი ხალხის წინაშე გაძლევ, რომ დაკრძალო შენი მიცვალებული”.
12 . მიწამდე დაუკრა თავი აბრაჰამმა ამ ქვეყნის ხალხს
13 . და ელაპარაკა ყეფრონს, ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: "იქნებ ისმინო ჩემი! მინდვრის საფასურს გადაგიხდი, გამომართვი, და დავკრძალავ იქ ჩემს მიცვალებულს”.
14 . მიუგო ყეფრონმა აბრაჰამს:
15 . "ბატონო, ყური დამიგდე! ჩვენ შორის ოთხასი შეკელის საღირალი მიწა რა სალაპარაკოა? დაკრძალე შენი მიცვალებული!”
16 . დაეთანხმა აბრაჰამი ყეფრონს და მიუწონა ოთხასი შეკელი ვერცხლი სავაჭრო მაზანდით, როგორც ხეთელთა გასაგონად მოითხოვა.
17 . და დაუმტკიცდა მას საკუთრებად ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს პირდაპირ, ასევე მღვიმე, რომელიც იქ არის, და ხეები, რომლებიც იმ მინდორზე და მის ირგვლივ არის,
18 . შეიძინა აბრაჰამმა საკუთრებად, ხეთელებისა და ქალაქში ყველა შემავალის თანდასწრებით.
19 . ამის შემდეგ დაკრძალა აბრაჰამმა თავისი ცოლი, სარა, მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ანუ ხებრონის პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში.
20 . დაუმტკიცდა აბრაჰამს ხეთელთაგან მინდორი და იქ მდებარე მღვიმე საკუთარ სამარხად.
1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . მოუხმო იაკობმა თავის ძეებს და უთხრა: "შეიკრიბეთ და გაუწყებთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
2 . შეგროვდით და ისმინეთ, იაკობის ძენო! უსმინეთ ისრაელს, მამათქვენს!
3 . რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალისა, აღმატებულება ღირსებისა და აღმატებულება ძლევამოსილებისა!
4 . მაგრამ წყალივით დაუოკებელი ხარ და ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!
5 . სიმონი და ლევი ძმები არიან, ძალადობის იარაღია მათი მახვილი.
6 . ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!
7 . წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან დაუნდობელია; და გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავანაწილებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
8 . იუდა! გაქებენ ძმები. მტრის ხერხემალზე გიდევს ხელი და გეთაყვანებიან მამაშენის ძენი.
9 . ლომის ბოკვერია იუდა; ნადავლზე აღმართულხარ, შვილო. წაიხარა, გაწვა, როგორც ხვადი ლომი და როგორც ძუ ლომი - ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
10 . არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!
11 . გამოაბამს ვაზზე თავის ჩოჩორს, ლერწზე - თავისი ფაშატის ნაშიერს. ღვინოში გარეცხავს თავის ტანსაცმელს, ყურძნის სისხლში - სამოსელს.
12 . თვალები მისი ღვინოზე უწითლესია, კბილები მისი - რძეზე უთეთრესი!
13 . ზებულუნი ზღვათა სანაპიროზე დამკვიდრდება, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; ციდონს მისწვდება საზღვარი მისი!
14 . ისაქარი საპალნეებს შორის გაწოლილი ძვალმსხვილა სახედარია.
15 . იხილა, რომ კარგია მოსვენება, რომ საამოა მიწა: ტვირთის საზიდად წაუხრია ქედი, ხარკის მუშად იქცა!
16 . დანი განსჯის თავის ხალხს, როგორც ერთ-ერთი ტომი ისრაელისა.
17 . იქნება დანი გველად გზაზე და გესლიან ასპიტად - ბილიკზე, რომელიც გესლავს ცხენის ტერფს და უკან გადაექანება მხედარი!
18 . შენგან მოველი ხსნას, უფალო!
19 . მოაწყდებიან გადს ურდოები, ის კი თავად მისწვდება მათ ქუსლებს.
20 . აშერის პური ნოყიერია, გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
21 . ნაფთალი - ფეხმარდი ფურირემია, კაზმული სიტყვების მომცემი.
22 . ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან, გალავანზეა გასული მისი ლერწები!
23 . გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
24 . ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.
25 . მამაშენის ღმერთისაგან, რომელიც გშველის და ყოვლადძლიერისგან, რომელიც გაკურთხებს ზეციური კურთხევით ზემოდან, უფსკრულში გაწოლილი კურთხევით ქვემოდან, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
26 . კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
27 . მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”.
28 . ეს ყველანი ისრაელის თორმეტი ტომია. ეს იყო, რაც უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული თავისი კურთხევით აკურთხა.
29 . და უანდერძა მათ: "მალე შევუერთდები ჩემს ხალხს; და დამკრძალეთ ჩემს მამებთან მღვიმეში, რომელიც ხეთელი ყეფრონის ველზეა.
30 . მღვიმეში, რომელიც მახფელას ველზეა, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში; მინდორზე, რომელიც აბრაჰამმა იყიდა ხეთელი ყეფრონისაგან საკუთარ სამარხად.
31 . იქ დაკრძალეს აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი; იქ დაკრძალეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავკრძალე მე ლეა.
32 . ეს ველი და მღვიმე, რომელიც იქ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი”.
33 . დაასრულა იაკობმა ანდერძი თავისი ძეებისათვის, აკრიბა სარეცელზე ფეხები, აღესრულა და შეუერთდა თავის ხალხს.
1 . დაემხო იოსები მამის პირსახეს, დასტიროდა და ჰკოცნიდა მას.
2 . უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი.
3 . შეუსრულდა მას ორმოცი დღე, რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას. და დასტიროდა ეგვიპტე სამოცდაათი დღე.
4 . განვლო გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლეულს: "თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს:
5 . მამაჩემმა დამაფიცა ამ სიტყვებით: "აჰა, ვკვდები მე, ჩემს სამარხში, ქანაანის ქვეყანაში რომ გავითხარე, იქ დამმარხეთ”. ახლა ნება მომეცი, წავიდე, დავმარხო მამაჩემი და დავბრუნდები”.
6 . უთხრა ფარაონმა: "წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა”.
7 . წავიდა იოსები მამის დასამარხად. და წაჰყვა ფარაონის ყველა მსახური, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი;
8 . იოსების მთელი სახლეული, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში.
9 . მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები, ფრიად დიდი კრებული იყო ეს.
10 . და მივიდნენ ჰატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა; იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. შვიდი დღე იგლოვა მამამისი.
11 . იხილეს ქანაანელებმა გლოვა ჰატადის კალოზე და თქვეს: "მძიმეა ეგვიპტელთა ეს გლოვა!” ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა.
12 . და ყველაფერი ისე აღუსრულეს მისმა ძეებმა, როგორც უანდერძა მათ.
13 . წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში და დაკრძალეს მახფელას ველის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ, რომელიც ამ ველთან ერთად იყიდა აბრაჰამმა ხეთელი ყეფრონისგან.
14 . დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, თავის ძმებთან და ყველასთან ერთად, ვინც კი მამამისის დასაკრძალად იყო წასული, მას შემდეგ, რაც დაკრძალა მამამისი.
15 . ხილეს იოსების ძმებმა, რომ გარდაიცვალა მათი მამა და თქვეს: "ვაითუ გვიმტროს იოსებმა იმ ბოროტებისთვის, რაც მას გავუკეთეთ!”
16 . და შეუთვალეს იოსებს ამ სიტყვებით: "სიკვდილის წინ დაგვიბარა მამაშენმა:
17 . ‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტად მოგექცნენ.’ ახლა შეუნდე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს”. და ატირდა იოსები, როდესაც ამას ეუბნებოდნენ.
18 . მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: "აჰა, შენი მონები ვართ!”
19 . უთხრა მათ იოსებმა: "ნუ გეშინიათ, განა ღმერთის მაგიერი ვარ?
20 . ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე.
21 . ამიტომ ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენც და თქვენს ბავშვებსაც”. ანუგეშა ისინი და გულითადად ელაპარაკა.
22 . და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის სახლეულთან ერთად. ას ათი წელი იცოცხლა იოსებმა.
23 . და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე; მაქირის, მენაშეს ძის შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ.
24 . უთხრა იოსებმა თავის ძმებს: "ვკვდები, მაგრამ უსათუოდ გაგიხსენებთ ღმერთი და გაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომლის შესახებაც შეჰფიცა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს”.
25 . და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: "როცა ღმერთი გაგიხსენებთ, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!”
26 . გარდაიცვალა იოსები ას ათი წლისა. შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.
1 . ეს არგუნა წილისყრამ იუდას ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით: ედომის საზღვართან, ცინის უდაბნო, სამხრეთის კიდემდე.
2 . მისი სამხრეთის საზღვარი ყურედან, მარილოვანი ზღვის კიდიდან სამხრეთისკენ იწყებოდა.
3 . სამხრეთიდან ყაკრაბიმის მაღლობისკენ გადიოდა და ცინამდე გრძელდებოდა, სამხრეთიდან კადეშ-ბარნეაყამდე მაღლდებოდა, ხეცრონზე გადიოდა, მერე კარკაყასკენ უხვევდა და ადარასთან გადიოდა;
4 . ყაცმონის შემდეგ, ეგვიპტის ხევისკენ გადიოდა; იქ კი საზღვარი ზღვასთან სრულდებოდა. ეს იყო მათთვის სამხრეთის საზღვარი.
5 . აღმოსავლეთიდან მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა, იორდანეს შესართავამდე. ჩრდილოეთის საზღვარი, ზღვის ყურედან იყო, იორდანეს შესართავიდან.
6 . ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე და ბეთ-ყარაბასკენ გადიოდა ჩრდილოეთით რეუბენის ძის, ბოჰანის ქვამდე.
7 . ყაქორის ველიდან დებირას საზღვარს წვდებოდა და ჩრდილოეთით, გილგალისკენ უხვევდა, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო, ხევის სამხრეთით; ყენ-შემეშის წყლებისკენ გადადიოდა საზღვარი და ყენ-როგელთან სრულდებოდა.
8 . ბენ-ჰინომის ველის გასწვრივ ადიოდა იგი, იებუსის იგივე იერუსალიმის სამხრეთით, მთის მწვერვალისკენ, რომელიც ჰინომის ჭალის ზემოთაა დასავლეთით, რეფაიმის ველის კიდეზე ჩრდილოეთიდან.
9 . მთის მწვერვალიდან წყაროს წყლებისკენ უხვევდა საზღვარი, ყეფრონის მთის ქალაქებისკენ გრძელდებოდა და ბაყალასკენ, იგივე კირიათ-იეყარიმისკენ მიემართებოდა.
10 . ბაყალადან დასავლეთისკენ, სეყირის მთისკენ უხვევდა საზღვარი და იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო მხარეს გრძელდებოდა, ბეთ-შემეშისკენ ეშვებოდა და თიმნაყისკენ გადადიოდა;
11 . ყეკრონის ჩრდილო მხარისკენ გადიოდა საზღვარი, შოქრონისკენ უხვევდა, ბაყალას მთაზე გადადიოდა და იაბნელამდე აღწევდა, ზღვასთან კი ბოლოვდებოდა.
12 . დასავლეთიდან დიდი ზღვა ესაზღვრებოდა; აი, საზღვარი იუდას ტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით, ყოველი მხრიდან.
13 . ხალებ იეფუნეს ძეს ნაკვეთი იუდას ძეთა შორის მისცა, როგორც უფალს ჰქონდა ნაბრძანები იეშუასადმი; კერძოდ კირიათ-არბაყი. არბა ყენაკელთა მამაა იგივე ხებრონი.
14 . და განდევნა იქიდან ხალებმა ყენაკის სამი ძე: შეშაი, ახიმანი და თალმაი, ყენაკის შვილები.
15 . იქიდან კი იგი დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ ავიდა; უწინ კირიათ-სეფერი ერქვა დებირს.
16 . თქვა ხალებმა: "ვინც კირიათ-სეფერს მოსრავს და დაიპყრობს, მივცემ ცოლად ყაქსას, ჩემს ასულს.
17 . და დაიპყრო იგი ღოთენიელმა, ხალების ძმის, კენაზის ძემ და მისცა მას ცოლად ყაქსა, თავისი ასული.
18 . წასვლისას ქალმა დაიყოლია ღოთენიელი, რომ მამამისისგან მინდორი მოეთხოვა; თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ხალებმა ჰკითხა: "რა გინდა?”
19 . უპასუხა: "მაკურთხე, და რადგან ნეგები ანუ სამხრეთის მიწა გაქვს მოცემული, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მანაც მისცა ზემო და ქვემო წყაროები.
20 . ესაა იუდას ტომის ძეთა სამკვიდრებელი მათი საგვარეულოების მიხედვით.
21 . აი, ქალაქები, იუდას ტომის მიწის კიდეზე, ედომის საზღვრის მიმართულებით, სამხრეთით: კაბცეელი, ედერი, იაგური;
22 . კინა, დიმონა, ყადყადა;
23 . კედეში, ხაცორი, ითნანი;
24 . ზიფი, ტელემი, ბაყალოთი;
25 . ხაცორ-ხადათა, კირიოთი, ხეცრონი იგივე ხაცორი;
26 . ამამი, შემაყი, მოლადა;
27 . ხაცორ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი;
28 . ხაცორ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია;
29 . ბაყალა, ყიიმი, ყეცემი;
30 . ელთოლადი, ქესილი, ხორმა;
31 . ციკლაგი, მადმანა, სანსანა;
32 . ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი - სულ ოცდაცხრა ქალაქი, თავისი სოფლებით.
33 . დაბლობზე: ეშთაოლი, ცორყა, აშნა;
34 . ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ჰაყენამი;
35 . იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა;
36 . შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი - სულ თოთხმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
37 . ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი;
38 . დილყანი, მიცფე, იოკთეყელი;
39 . ლაქიში, ბაცკათი, ყეგლონი;
40 . ქაბონი, ლახმასი, ქითლიში;
41 . გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა - თექვსმეტი ქალაქი, თავისი სოფლებით.
42 . ლიბნა, ყეთერი, ყაშანი;
43 . იფთახი, აშნა, ნეციბი;
44 . კეყილა, აქზიბი, მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
45 . ყეკრონი, შემოგარენი დაბებითა და სოფლებით.
46 . ყველა ქალაქი ყეკრონიდან ზღვამდე, რომელიც აშდოდის მახლობლად იყო, თავისი სოფლებით:
47 . აშდოდი, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით, ღაზა, შემოგარენი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე, რომელსაც დიდი ზღვა ებჯინება.
48 . მთაში: შამირი, იათირი, სოქო;
49 . დანა, კირიათ-სანა, იგივე დებირი;
50 . ყანაბი, ეშთემო, ყანიმი;
51 . გოშენი, ხოლონი და გილო - თერთმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
52 . არაბი, რუმა, ეშყანი;
53 . იანუმი, ბეთ-თაფუახი და აფეკა;
54 . ხუმტა, კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი და ციყორი - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
55 . მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა;
56 . იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი;
57 . კინი, გიბყა და თიმნა - ათი ქალაქი თავისი სოფლებით.
58 . ხალხული, ბეთ-ცური, გედორი;
59 . მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელ-თეკონი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით;
60 . კირიათ-ბაყალი იგივე კირიათ-იეყარიმი და რაბა - ორი ქალაქი თავისი სოფლებით.
61 . უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა;
62 . ნიბშანი, ირმელახი და ყენგედი - ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით.
63 . ვერ შეძლეს იუდას ძეებმა იებუსელთა, იერუსალიმის მკვიდრთა განდევნა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი იუდას ძეებთან ერთად იერუსალიმში.