1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
4 . ნუ მიბრუნდებით კერპებისკენ და ნუ გაიკეთებთ ჩამოსხმულ ღმერთებს: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . როცა სამშვიდობო შესაწირს შესწირავთ უფალს, ისე შესწირეთ, რომ წყალობა მიიღოთ.
6 . თქვენი მსხვერპლშეწირვის დღეს და მეორე დღეს შეიჭამოს იგი, ხოლო, რაც მესამე დღემდე მორჩება - ცეცხლში დაიწვას.
7 . თუ მესამე დღეს შეიჭამა მსხვერპლი, შებღალულად ჩაითვლება და არ იქნება მიღებული.
8 . მისი მჭამელი ცოდვას იტვირთავს, რადგან შებღალა უფლის სიწმინდე და მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
9 . როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
10 . ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
11 . არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
12 . ჩემი სახელი ტყუილზე არ დაიფიცოთ: არ შებღალოთ თქვენი ღმერთის სახელი; მე ვარ უფალი.
13 . არ შეავიწროო შენი მოყვასი და არ გაქურდო; მომსახურე კაცის გასამრჯელოს დილამდე ნუ დაიტოვებ.
14 . ყრუ არ დასწყევლო და ბრმას წინ დაბრკოლება არ დაუდო, შენი ღმერთის გეშინოდეს. მე ვარ უფალი.
15 . უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
16 . ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.
17 . შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
18 . შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
19 . დაიცავით ჩემი წესები; საქონელი სხვა ჯიშთან არ შეაჯვარო; მინდორზე შერეული ჯიშის თესლი არ დათესო და სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი არ ჩაიცვა.
20 . თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.
21 . მიიტანოს მან დანაშაულის შესაწირი უფლისთვის საკრებულო კარვის შესასვლელთან: ვერძი დანაშაულის მსხვერპლად.
22 . და გამოისყიდოს იგი მღვდელმა დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე მისი ცოდვიდან, რომლითაც შესცოდა და ეპატიება ცოდვა, რომლითაც შესცოდა.
23 . როცა შეხვალთ ქვეყანაში და რომელიმე მსხმოიარე ხეს დარგავთ, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა შეიჭამოს;
24 . მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი წმიდა, უფლის საქებარ შესაწირად.
25 . მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
26 . არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.
27 . არ შეიკრიჭოთ თმის კიდეები თავის ირგვლივ და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.
28 . მკვდართათვის სხეული არ დაიკაწროთ და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
29 . ნუ წაბილწავ შენს ასულს როსკიპობით, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აივსოს მრუშობით.
30 . დაიცავით ჩემი შაბათები და გეშინოდეთ ჩემი საწმიდრისა; მე ვარ უფალი.
31 . ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
32 . წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
33 . როცა ხიზანი შემოგეხიზნებათ თქვენს ქვეყანაში, არ შეავიწროოთ იგი.
34 . როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
35 . უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
36 . სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
37 . დაიცავით ყოველი წესი ჩემი და შეასრულეთ ყოველი სამართალი ჩემი. მე ვარ უფალი”.
1 . "თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.
2 . თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, რამდენსაც იმსახურებს.
3 . ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
4 . პირს ნუ აუკრავთ ხარს ლეწვისას.
5 . თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი.
6 . პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.
7 . თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა.
8 . დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო,
9 . მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას.
10 . და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში.
11 . თუ კაცები ერთმანეთს ეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,
12 . ხელი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
13 . ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
14 . ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.
15 . სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
16 . რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყველა, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის.
17 . გახსოვდეს, როგორ მოგექცა ყამალეკი გზაზე, როცა გამოდიოდი ეგვიპტიდან,
18 . გზაზე რომ დაგხვდა და შეგიმუსრა დაქანცულები უკანა რიგებში, შენ კი დაღლილი იყავი და ღონემიხდილი; და არ შეეშინდა მას ღვთისა.
19 . როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისგან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, აღგავე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან და არ დაივიწყო ეს!
1 . მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.
2 . მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.
3 . წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.
4 . ქონება ვერ გასარგებლებს რისხვის დღეს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
5 . უბიწოს სიმართლე გაუსწორებს გზას, ბოროტი კი თავისი ბოროტებით ეცემა.
6 . წრფელთ მათი სამართლიანობა იხსნის, მოღალატენი კი თავისი ბოროტი ვნებებით შეიპყრობიან.
7 . მოკვდება უმართლო და მისადმი მოლოდინიც კვდება, იღუპება მის შეძლებაზე დამყარებული იმედი.
8 . მართალი თავს დააღწევს განსაცდელს, მის ნაცვლად ბოროტს ეწევა იგი.
9 . უღმერთონი თავისი პირით ღუპავენ მოყვასს, ხოლო მართალი ცოდნით გამოიხსნება.
10 . მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვისას კი ყიჟინას დასცემს.
11 . წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
12 . გონიერებას მოკლებული ზიზღს გამოხატავს ახლობლისადმი, გონიერი კაცი კი დუმს.
13 . ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
14 . რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
15 . ვინც თავდებად უდგება უცხოს, უსათუოდ დაზიანდება, თავდებობის მოძულე კი უსაფრთხოდ იქნება.
16 . მადლიანი ქალი პატივს იხვეჭს, უმოწყალონი კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
17 . მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის თავს, სასტიკი კი თავისივე სხეულს აზიანებს.
18 . უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.
19 . სიმართლეს კაცი სიცოცხლისკენ მიჰყავს, ბოროტების მიმდევარს კი სიკვდილი დაატყდება.
20 . გულმრუდნი საძულველნი არიან უფლისთვის, სწორი გზით მავალნი კი სათნონი არიან მისთვის.
21 . ხელს ხელზე დავარტყამ, რომ ვერ გაექცევა სასჯელს ბოროტი, მართალთა მოდგმა კი გამოხსნილ იქნება.
22 . ღორის დინგზე წამოცმული ოქროს ბეჭედივითაა ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი.
23 . მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, ბოროტეულთა მოლოდინი კი რისხვა.
24 . ზოგი ხელგაშლილია, მაგრამ გამუდმებით ემატება, ზოგი ხელმოჭერილია, მაგრამ მაინც უჭირს.
25 . გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება.
26 . მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა.
27 . სიკეთის გულმოდგინედ მაძიებელი, კეთილგანწყობას მოიხვეჭს, ბოროტების მაძიებელს კი ბოროტება მოეწევა.
28 . თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.
29 . თავისი სახლეულის შემაჭირვებელი ქარს დაიმკვიდრებს; სულელი გულბრძენის მსახური იქნება.
30 . მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.
31 . აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს - უმართლოსა და ცოდვილს.
1 . ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.
2 . მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა, მისი განმარისხებელი თავს საფრთხეში იგდებს.
3 . დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.
4 . ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.
5 . კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გონიერი კაცი კი ამოზიდავს მას.
6 . ბევრს მოაქვს თავი ერთგულ ადამიანად, მაგრამ სანდო კაცს ვინ იპოვის?
7 . მართალი თავის უბიწობით დადის, ნეტარნი არიან მისი ძენი მის შემდეგ.
8 . მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
9 . ვინ იტყვის: გული გავისუფთავე, განწმედილი ვარო ჩემი ცოდვისგან?
10 . მრუდე საწონი, მრუდე საზომი - ერთიც და მეორეც სისაძაგლეა უფლისთვის.
11 . ბავშვიც კი იცნობა თავისი საქციელით, სუფთა და მართალი თუა მისი ნამოქმედარი.
12 . მსმენელი ყური და მხილველი თვალი - ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
13 . ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.
14 . არ ვარგა, არ ვარგაო - ამბობს მყიდველი; მაგრამ წავა და ნავაჭრით ტრაბახობს.
15 . არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული - გონიერი ბაგეებია.
16 . აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს უდგება თავდებად. უცხოს წილად გამოართვი გირაო.
17 . ტკბილია კაცისთვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაევსება პირი.
18 . ყველა გეგმა რჩევით მტკიცდება; ბრძნული მითითებით წარმართე ომი.
19 . დაიარება ცილისმწამებელი და საიდუმლოს ამხელს; ჭორიკანას ნუ დაუახლოვდები.
20 . დედ-მამის მაწყევარს უკუნეთ სიბნელეში ჩაუქრება ლამპარი.
21 . სწრაფად შეძენილი ქონება, საბოლოოდ კურთხეული არ იქნება.
22 . ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.
23 . სისაძაგლეა უფლისთვის ორგვარი საწონი, მატყუარა სასწორი არ არის კარგი.
24 . ადამიანს უფალი წარუმართავს ნაბიჯებს, როგორღა გაიგოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
25 . კაცისთვის მახეა რაიმეს ნაჩქარევად შერაცხვა ‘წმიდად’ და აღთქმის დადების შემდეგ დაფიქრება.
26 . გაფანტავს ბოროტეულთ ბრძენი მეფე და კევრით გალეწავს მათ.
27 . უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.
28 . წყალობა და ჭეშმარიტება იცავს მეფეს, სიმართლით განამტკიცებს თავის ტახტს.
29 . ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.
30 . ბოროტისგან განწმენდს მათრახით მიყენებული ჭრილობები და დარტყმები - შიგანს რომ წვდება.
1 . "როცა ქვეყანას წილისყრით გაინაწილებთ სამკვიდროდ, შესწირეთ უფალს ქვეყანაში წმიდა ადგილი სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათი ათასი წყრთა. წმიდა იქნება ის მთელ მის საზღვრებში ირგვლივ.
2 . აქედან საწმიდრის იქნება ხუთასი ხუთასზე - ოთხკუთხედი ნაკვეთი ირგვლივ და ორმოცდაათი წყრთა მოედანი მის ირგვლივ.
3 . ამ საზომით გადაზომავ სიგრძედ ოცდახუთ ათასს და სიგანედ ათი ათასს; იქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა.
4 . წმიდა წილი უნდა იყოს ეს ქვეყანაში და უნდა ეკუთვნოდეს საწმიდრის მომსახურე მღვდლებს, მსახურებისთვის რომ უახლოვდებიან უფალს; მათი სახლების ადგილად და წმიდა ადგილად უნდა იყოს საწმიდრისთვის.
5 . ოცდახუთი ათასი წყრთის სიგრძის და ათი ათასი წყრთის სიგანის ნაკვეთი უნდა ჰქონდეთ ტაძარში მომსახურე ლევიანებს საკუთრებად, ოც ოთახთან ერთად.
6 . ქალაქს საკუთრებად მიეცით: ხუთი ათასი წყრთა სიგანით და ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით, შეწირული ნაკვეთის პირდაპირ - მთელი ისრაელის ტაძრისთვის იქნება ის.
7 . მთავარს მფლობელობაში ჰქონდეს შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე; შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით, დასავლეთის მხარე დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი სიგრძე თანაბარი უნდა იყოს ერთი წილისა დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.
8 . ეს იქნება მისი საკუთარი მიწა ისრაელში, რომ აღარ დაჩაგრონ ჩემმა მთავრებმა ჩემი ხალხი და მისცენ დანარჩენი მიწა ისრაელის სახლს, მათი ტომების მიხედვით.
9 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: კმარა, ისრაელის მთავრებო! უარი თქვით ძალადობასა და ძარცვაზე, სამართალი და სიმართლე ქმენით, შეწყვიტეთ ჩემი ხალხის შევიწროება! - ამბობს უფალი ღმერთი.
10 . მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა იქონიოთ.
11 . ეფა და ბათი ერთი საწყაო იყოს; ხომერის მეათედს შეიცავდეს ბათი და ეფაც ხომერის მეათედი იყოს. ხომერის მიხედვით იქნება მათი საწყაო.
12 . შეკელი ოცი გერაა; ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.
13 . ეს არის შესაწირი, რომელსაც შესწირავთ: ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ხორბლიდან და ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ქერიდან.
14 . ზეთის დადგენილი წილია: ზეთის საწყაო ქორია ხომერიდან; ქორი ხომერის მეათედია, რადგან ათი ქორია ხომერში.
15 . ერთი ცხვარი, ყოველი ორასი ცხვრიდან, ისრაელის ნოყიერი საძოვრებიდან პურეულის საძღვნოდ, სრულადდასაწველ და სამშვიდობო შესაწირად, ცოდვების მისატევებლად! - ამბობს უფალი ღმერთი.
16 . ქვეყნის მთელმა ხალხმა უნდა გაიღოს ეს შესაწირი ისრაელის მთავართან ერთად.
17 . მთავარს კი ევალება: სრულადდასაწველები, მარცვლეული ძღვენი და საღვრელები დღესასწაულებზე, ახალ მთვარობებზე, შაბათებზე და ისრაელის ტაძრის ყოველ ზეიმზე. მან უნდა იზრუნოს ცოდვის გამოსასყიდ შესაწირზე, მარცვლეულ ძღვენზე, სრულადდასაწველზე და სამშვიდობო მსხვერპლზე, რათა მიეტევოს ისრაელის სახლს.
18 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველ დღეს აიყვან უნაკლო მოზვერს და საწმიდარს გაწმიდავ.
19 . აიღებს მღვდელი ცოდვის მსხვერპლიდან სისხლს და სცხებს ტაძრის წირთხლს, სამსხვერპლოს შვერილის ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წირთხლებს.
20 . ასე მოიქცევა თვის მეშვიდე დღესაც ყოველი უცოდინარისა და უნებლიეთ შებილწულისთვის, და განწმედს სახლს.
21 . პირველ თვის მეთოთხმეტე დღეს პასექი გექნებათ, შვიდდღიანი დღესასწაული; ხმიადს შეჭამთ.
22 . იმ დღეს მთავარმა მოზვერი უნდა მოიტანოს თავისთვის და ქვეყნის მთელი ხალხისთვის ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად.
23 . დღესასწაულის შვიდივე დღეს მოუტანოს სრულადდასაწველ შესაწირად უფალს დღეში შვიდი უნაკლო მოზვერი და შვიდი ვერძი, შვიდი დღის განმავლობაში, და თხა ცოდვის გამოსასყიდ შესაწირად ყოველდღიურად.
24 . მოიტანოს მარცვლეული ძღვენი, ერთი ეფა მოზვერზე და ერთი ეფა ვერძზე და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
25 . მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, დღესასწაულზე, ამასვე გააკეთებს შვიდი დღის განმავლობაში: იგივე ცოდვის გამოსასყიდ შესაწირს, იგივე სრულადდასაწველს, იმდენივე მარცვლეულის ძღვენს და იმდენივე ზეთს.
1 . ქარს მწყემსავს ეფრემი და აღმოსავლეთის ქარს დასდევს, ყოველდღიურად სიცრუესა და ნგრევას ამრავლებს; აღთქმას აშურთან დებს, ზეთს კი ეგვიპტეში ეზიდება.
2 . დავა აქვს უფალს იუდასთან, ის მოჰკითხავს იაკობს მისი გზების მიხედვით და მიუზღავს მისი ბოროტი საქმეებისამებრ.
3 . მუცელშივე მოეჭიდა თავის ძმას ქუსლზე და თავისი ძალით შეეჭიდა ღმერთს.
4 . გაუძალიანდა ანგელოზს და სძლია, ტიროდა და ევედრებოდა მას. ბეთელში გვიპოვა იაკობი და იქ გველაპარაკა.
5 . უფალი, ცაბაოთ ღმერთი, უფალია სახელი მისი.
6 . შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.
7 . ყალბი სასწორია ქანაანელის ხელში, უყვარს ჩაგვრა!
8 . თქვა ეფრემმა: "თუმცა გავმდიდრდი და ქონება შევიძინე, მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვნიან ურჯულოებას, რომელშიც შემიცოდავს”.
9 . მაგრამ მე, უფალი, ვარ შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან რომ გამოგიყვანე! კვლავ დაგასახლებ კარვებში, როგორც იმ დადგენილ დღეებში.
10 . წინასწარმეტყველებსაც ველაპარაკე და ხილვებიც გავამრავლე. წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვილაპარაკე.
11 . თუ ურჯულოებას გადაეცა გილყადი, ამაოებად იქცევა. გილგალში ხარებს სწირავდნენ, მათი სამსხვერპლოები ქვების გროვებივითაა მინდვრის ხნულებში.
12 . არამის ქვეყანაში გაიქცა იაკობი და ცოლისთვის მუშაობდა ისრაელი და ცოლისთვის მწყემსავდა.
13 . წინასწარმეტყველის ხელით გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მიერ იქნა დაცული.
14 . ეფრემმა განარისხა თავისი უფალი, მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები და დიდი ბატონი მიუზღავს მას სიძულვილისთვის.
1 . მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, კალათა იყო მწიფე ხილით სავსე.
2 . მითხრა: რას ხედავ, ამოს? მივუგე: კალათას, ზაფხულის ხილით სავსეს. მითხრა უფალმა: მოვიდა ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრული. მეტად აღარ ვაპატიებ.
3 . გოდებად იქცევა ტაძრის სიმღერები იმ დღეს, - ამბობს უფალი ღმერთი, - უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრილი უხმოდ.
4 . გაიგონეთ ეს, გაჭირვებულთა ფეხქვეშ გამთელავნო და გლახაკთა დამღუპველნო,
5 . რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით.
6 . ვერცხლით ვიყიდოთ უმწეონი და გაჭირვებული - წყვილი ქალამნით; რათა მონარჩენი მარცვლეულიც გავყიდოთ.
7 . იაკობის დიდება დაიფიცა უფალმა: უკუნისამდე არ დავივიწყებ არცერთ მათ საქმეს.
8 . განა არ უნდა შეიძრას მიწა ამის გამო და არ უნდა იგლოვოს ყოველმა მისმა მკვიდრმა?! აზვირთდება იგი და კვლავ უკან დაიხევს, როგორც ეგვიპტის მდინარე.
9 . და იქნება იმ დღეს - ამბობს უფალი ღმერთი - შუადღის მზეს ჩავიყვან და მთელ დღეს დავაბნელებ ქვეყანას.
10 . თქვენს დღესასწაულებს გლოვად ვაქცევ და თქვენს ყველა სიმღერას - გოდებად! ყველას ძაძას ჩავაცმევ და ყველა თავი გადაიპარსება; ქვეყანას ერთადერთ ძეზე მგლოვიარესავით ვაქცევ და მისი ბოლო მწარე დღე იქნება.
11 . აჰა, მოდის დღეები - ამბობს უფალი ღმერთი - შიმშილს დავუშვებ ქვეყანაზე; არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს.
12 . იწანწალებენ ზღვიდან ზღვამდე და იხეტიალებენ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე უფლის სიტყვის სათხოვნელად, მაგრამ ვერ იპოვნიან.
13 . ღონე გამოეცლებათ იმ დღეს წყურვილისგან მშვენიერ ქალწულთ და ჭაბუკთ,
14 . სამარიის ურჯულოებას რომ იფიცებენ და ამბობენ - ცოცხალიაო შენი ღმერთი, დან! და - ცოცხალიაო ბეერ-შებას გზა! დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.
1 . ახლა ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღსდექ და ედავე მთებს, გაიგონებენ შენს ხმას მაღლობები.
2 . ისმინეთ უფლის დავა, მთებო, თქვენც, დედამიწის მარადიულო საფუძველნო, რადგან სარჩელი აქვს უფალს თავისი ხალხის წინააღმდეგ და დავობს ისრაელთან.
3 . ჩემო ხალხო, რა გაგიკეთე ან რით დაგღალე? მიპასუხე.
4 . აკი გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან და გამოგისყიდე! მოსე, აჰარონი და მირიამი წარმოვგზავნე შენ წინაშე!
5 . ჩემო ხალხო, გაიხსენე, რა განიზრახა ბალაკმა, მოაბის მეფემ და რას პასუხობდა მას ბილყამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა შეგეცნო უფლის სამართალი.
6 . რით წარვდგე უფლის წინაშე და ვეთაყვანო მაღალ ღმერთს? ყოვლადდასაწველი ერთწლიანი ხბორებით ხომ არ მივეახლო?
7 . განა ეამება უფალს ათასობით ვერძი, თუნდაც ზეთის ათი ათასი ნაკადული? ჩემი პირმშო ხომ არ მივცე ჩემი დანაშაულისთვის? ნაყოფი ჩემი მუცლისა, ჩემი სულის შეცოდებისათვის?
8 . განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი - მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.
9 . ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია - შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.
10 . ჯერ კიდევ არის უმართლობის საგანძური ბოროტეულის სახლში და დაპატარავებული საწყაო, რომელიც სისაძაგლეა?
11 . განა ავიტან უმართლო სასწორს და ყალბ საწონებს კალთაში?
12 . რადგან დატაცებულით აივსნენ ქალაქის მდიდარნი! ცრუობენ მასში მცხოვრებნი და მათი ენა საცდურია მათ პირში.
13 . ჰოდა, მეც დაგცემ უკურნებლად და გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.
14 . შეჭამ, მაგრამ ვერ გაძღები; ცარიელი გექნება მუცელი; გადაინახავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ, ხოლო, რაც დაგრჩება, მახვილს მიეცემა.
15 . დათესავ, მაგრამ ვერ მოიმკი; ზეთისხილს დაწურავ, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ; მაჭარს დააყენებ, მაგრამ ღვინოს ვერ შესვამ.
16 . ყომრის დადგენილებებსა და ახაბის სახლის ყველა საქმეს ასრულებთ და დადიხართ მათი რჩევებით. ამიტომ გადაგცემ ასაოხრებლად და შენს მცხოვრებთ - სასირცხვოდ; იტვირთავს ჩემი ხალხი შერცხვენას.