1 . შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.
2 . მერე აბელი შვა, მისი ძმა. გახდა აბელი მეცხვარე, ხოლო კაენი - მიწათმოქმედი.
3 . გავიდა ხანი და მიართვა უფალს კაენმა მიწის ნაყოფთაგან შემდგარი ძღვენი.
4 . აბელმაც მიართვა ძღვენი უფალს - თავის ცხვართა პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5 . კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა. დიდად გაბრაზდა კაენი და მოეღუშა სახე.
6 . ჰკითხა უფალმა ღმერთმა კაენს: "რად გაბრაზდი და მოიღუშე სახე?
7 . თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
8 . უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.
9 . ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”
10 . უთხრა უფალმა: "ეს რა ჩაიდინე?! შენი ძმის სისხლის ხმა მიწიდან შემომღაღადებს.
11 . ამიერიდან წყეულიმც იყავ მიწისაგან, რომელმაც შენი ხელით დაქცეული შენი ძმის სისხლის მისაღებად გახსნა პირი.
12 . დაამუშავებ მიწას, ის კი აღარ მოგცემს თავის ძალას; დევნილი და მოხეტიალე იქნები ქვეყანაზე!”
13 . უთხრა კაენმა უფალს: "მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი!
14 . აჰა, მაძევებ მიწის პირისაგან და დაფარული ვიქნები შენი სახისაგან, დევნილი და მოხეტიალე ვიქნები ქვეყანაზე და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა”.
15 . თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.
16 . გაშორდა კაენი უფლის სახეს და ედემის აღმოსავლეთით, ნოდის მიწაზე დასახლდა.
17 . შეიცნო კაენმა თავისი ცოლი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და თავისი შვილის სახელი - ენოქი უწოდა.
18 . შეეძინა ენოქს ყირადი და ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19 . ლამექმა ორი ცოლი შეირთო: ერთს ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20 . ყადას შეეძინა იაბალი - კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21 . მის ძმას იუბალი ერქვა; და იყო იგი მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22 . ხოლო ცილამ შვა თუბალ-კაენი - სპილენძისა და რკინის მჭედელი. თუბალ-კაენის დას ნაყამა ერქვა.
23 . უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: "ყადა და ცილა, ისმინეთ ჩემი! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი. მოვკალი კაცი, რადგან დამჭრა, ჭაბუკი - რადგან მგვემა.
24 . თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”
25 . კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ევამ ვაჟი და უწოდა შეთი, რადგან როგორც ევამ თქვა: "კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად მომმადლა უფალმა სხვა ნაშიერი”.
26 . შეთსაც შეეძინა ძე და სახელად უწოდა ენოში. მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
1 . სარაის, აბრამის ცოლს, შვილები არ უშვია; და ჰყავდა მას ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი.
2 . უთხრა სარაიმ აბრამს: "შვილები არ მომცა უფალმა. ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინძლო გავშვილიანდე მისგან”. და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.
3 . სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი მისცა ცოლად თავის ქმარს.
4 . შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. როცა მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში.
5 . უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.
6 . უთხრა აბრამმა სარაის: "აგერ არის ეს მხევალი, შენს ხელთაა იგი და როგორც გენებოს, ისე მოექეცი”. და ჩაგვრა დაუწყო მას სარაიმ, ის კი გაექცა მას.
7 . და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, აშურის გზაზე, ჭასთან.
8 . ჰკითხა: "ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?” უპასუხა: "სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ”.
9 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე”.
10 . კვლავ უთხრა უფლის ანგელოზმა: "გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ დაითვლება იგი სიმრავლის გამო”.
11 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "ორსულად ხარ, ვაჟს შობ და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ტანჯვას.
12 . ველური კაცი იქნება იგი. მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი - მის წინააღმდეგ. თავისი ძმების წინ იცხოვრებს იგი”.
13 . და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, "ელ როი” - "უფალი, რომელიც ხედავს!” და თქვა: "აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს”.
14 . ამიტომ შეარქვა ჭას "ბეერ ლაჰაი როი” - მხილველის ჭა. იგი კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს.
15 . და უშვა აბრამს ჰაგარმა ძე. აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი დაარქვა.
16 . ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ჰაგარმა ისმაელი უშვა.
1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . დაინახა რახელმა, რომ ვერ გაუჩინა შვილი იაკობს, შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: "მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები”.
2 . განრისხდა იაკობი რახელზე და უთხრა: "ღმერთი ხომ არ ვარ, რომელმაც მუცლის ნაყოფი დაგიბრკოლა?”
3 . უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.
4 . მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
5 . დაორსულდა ბილჰა და ძე უშვა იაკობს.
6 . თქვა რახელმა: "ღმერთმა განმსაჯა, შეისმინა ჩემი ხმა და მომცა ძე”. ამიტომ დანი უწოდა სახელად.
7 . კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.
8 . თქვა რახელმა: ღვთიური ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას და ვძლიე კიდეც”. და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9 . დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.
10 . და შვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობისთვის.
11 . თქვა ლეამ: "როგორ გამიმართლა” და უწოდა სახელად გადი.
12 . და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ძე.
13 . თქვა ლეამ: "ბედნიერი ვარ, რადგან ბედნიერად მიმიჩნევენ ქალები”. და დაარქვა სახელად აშერი.
14 . გავიდა ველად რეუბენი ხორბლის მკის დღეებში, იპოვა მანდრაგორები და მიართვა დედას. უთხრა რახელმა ლეას: "გთხოვ, მიწილადე შენი ძის მანდრაგორები”.
15 . უთხრა ლეამ: "ქმარი რომ წამართვი, აღარ გყოფნის? ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?” უთხრა რახელმა: "ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, ოღონდ მომეცი შენი ძის მანდრაგორები “.
16 . საღამოჟამს, ველიდან რომ დაბრუნდა იაკობი, გამოეგება ლეა და უთხრა: "ჩემთან შემოდი, რადგან ჩემი ძის მანდრაგორებით გამოგისყიდე”. და იმ ღამით იაკობი მასთან დაწვა.
17 . უსმინა ღმერთმა ლეას, დაორსულდა და მეხუთე ძე უშვა იაკობს.
18 . და თქვა ლეამ: "საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.
19 . კვლავ დაორსულდა ლეა და იაკობს მეექვსე ძე უშვა.
20 . თქვა ლეამ: "კარგი საჩუქარი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი ჩემთან დამკვიდრდება ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე გავუჩინე”. და უწოდა სახელად ზებულუნი.
21 . ამის შემდეგ შვა ასული და დაარქვა სახელად დინა.
22 . გაიხსენა ღმერთმა რახელი, ისმინა მისი და გაუხსნა საშო.
23 . დაორსულდა, გააჩინა ძე და თქვა: "მიხსნა ღმერთმა სირცხვილისგან”.
24 . უწოდა სახელად იოსები და თქვა: "სხვა ძეც შემძინოს უფალმა!”
25 . მას შემდეგ, რაც იოსები გააჩინა რახელმა, უთხრა იაკობმა ლაბანს: "გამიშვი, რომ წავიდე ჩემს ქვეყანაში.
26 . მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, რომელთათვისაც გემსახურე და წავალ; რადგან იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე”.
27 . უთხრა ლაბანმა: "თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ჩემთან დარჩი! მივხვდი, რომ შენს გამო მაკურთხა უფალმა”.
28 . უთხრა: "თქვი, რას ითხოვ ჩემგან საზღაურად და მოგცემ”.
29 . უთხრა იაკობმა: "შენც იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემს ხელში!
30 . რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და ფრიად გაგიმრავლდა. გაკურთხა შენ უფალმა ჩემი მოსვლით, ჩემი სახლისთვის კი როდისღა ვიზრუნო?”
31 . ჰკითხა ლაბანმა: "რა მოგცე?” მიუგო იაკობმა: "ნურაფერს მომცემ. რასაც გეტყვი, იმ საქმეს თუ გამიკეთებ, კვლავ დავმწყემსავ და დავიცავ შენს ცხვარს.
32 . გავივლი დღეს შენს ფარაში; და გამოაცალკევე ყოველი დაწინწკლული და ჭრელი კრავი, ყოველი შავი ცხვარი და ჭრელი და დაწინწკლული თიკანი. და ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
33 . და მომეგოს ჩემი სიმართლისამებრ იმ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი გასამრჯელო შენს წინაშე: ყოველი თხა, რომელიც დაწინწკლული და ჭრელი არ იქნება, ხოლო ცხვარი - შავი, ნაქურდლად ჩამითვალე”.
34 . უთხრა ლაბანმა: "დაე იყოს შენი სიტყვისამებრ”.
35 . და გამოაცალკევა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნერბი, და ყველა რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის ძეებს ჩააბარა.
36 . და დაცილდა იაკობს ლაბანი სამი დღის სავალ მანძილზე და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37 . აიღო იაკობმა ალვის ხის, ნუშისა და წაბლის ნედლი წნელები და ისე შემოაჭრა ქერქი, რომ თეთრი ზოლები გამოჩენილიყო.
38 . აჭრელებული წნელები გეჯებში ჩაალაგა, სადაც ცხვარი წყლის დასალევად მიდიოდა და ახურდებოდა ხოლმე.
39 . ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და იგებდა ზოლიან, დაწინწკლულ და ჭრელ ბატკნებს.
40 . გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და ლაბანის ზოლიანი და შავი ფარის პირდაპირ აყენებდა; ასე გამოყო თავისი სამწყსო და არ დატოვა ლაბანის ფარასთან.
41 . ჯანსაღი ფარის ახურებისას, იაკობი ცხვრის თვალწინ დაზოლილ წნელებს ჩაჰყრიდა ხოლმე გეჯებში, რათა წნელებთან შეწყვილებულიყვნენ.
42 . და როცა სუსტი იყო ფარა, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს კი - ჯანსაღი.
43 . და ძალიან გამდიდრდა ეს კაცი, ფრიად გაუმრავლდა ცხვარი, მხევლები და მსახურები, აქლემები და სახედრები.
1 . მაშინ იყო, რომ დაშორდა იუდა თავის ძმებს და ყადულამელი კაცის, სახელად ხირას მახლობლად დასახლდა.
2 . და ნახა იქ იუდამ ვინმე ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან.
3 . დაორსულდა და ეყოლა ძე; და დაარქვა სახელად ყერი.
4 . კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე, რომელსაც ონანი დაარქვა.
5 . კვლავ ეყოლა ძე, რომელსაც სახელად შელა დაარქვა. ქეზიბში იყო იუდა მისი შობის დროს.
6 . ყერს, თავის პირმშოს, ცოლი შერთო იუდამ, რომელსაც თამარი ერქვა.
7 . მაგრამ ბოროტი იყო უფლის თვალში ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.
8 . და უთხრა იუდამ ონანს: "შედი შენი ძმის ცოლთან, ქმრად გაუხდი და აღუდგინე თესლი შენს ძმას”.
9 . იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა შთამომავლობა და როცა ძმის ცოლთან შედიოდა, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის.
10 . ბოროტებად ჩაითვალა უფლის წინაშე მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
11 . უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: "ვიდრე შელა, ჩემი ძე, გაიზრდებოდეს, ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში”. ეშინოდა, ისიც მისი ძმებივით არ მომკვდარიყო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამის სახლში.
12 . მრავალმა დღემ განვლო. გარდაიცვალა იუდას ცოლი, შუაყის ასული; და გლოვის დღეების შემდგომ, თიმნაში, თავისი ცხვრის მპარსველებთან წავიდა იუდა, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად.
13 . ამცნეს თამარს: "ცხვრის გასაპარსად მიდისო შენი მამამთილი თიმნაში”.
14 . და გაიძრო მან ქვრივის სამოსელი, პირბადე ჩამოიფარა, დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან ნახა, რომ შელა გაიზარდა, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს.
15 . ქალი რომ დაინახა იუდამ, მეძავად მიიჩნია, რადგან სახე პირბადით ჰქონდა დაფარული.
16 . მიუბრუნდა და ჰკითხა: "შემომიშვებ შენთან?” არ იცოდა, რომ რძალი იყო მისი. უთხრა ქალმა: "რას მომცემ, რომ შემოგიშვა?”
17 . უპასუხა: "თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან”. უთხრა თამარმა: "წინდს თუ დამიტოვებ, სანამ თიკანს გამომიგზავნი?”
18 . ჰკითხა იუდამ: "რა გინდა, რომ წინდად მოგცე?” უპასუხა ქალმა: "შენი ბეჭედი, თასმა და კვერთხი, რომელიც ხელთ გაქვს”. მისცა იუდამ და შევიდა მასთან; და დაორსულდა ქალი მისგან.
19 . წავიდა, პირბადე მოიხადა და კვლავ შეიმოსა ქვრივის სამოსით.
20 . გაუგზავნა იუდამ თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით თიკანი, რათა წინდი დაებრუნებინა ქალისაგან, მაგრამ ვერ იპოვა ქალი ყადულამელმა.
21 . ა ჰკითხა იქაურ კაცებს: "სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?” მიუგეს, არ ყოფილაო აქ მეძავი.
22 . დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: "ვერ ვიპოვე ქალი, იქაურმა კაცებმაც მითხრეს, არ ყოფილაო აქ მეძავი”.
23 . თქვა იუდამ: "ნეტა აეღო, რომ დასაცინი არ გავხდეთ. აი, მე გაგატანე თიკანი, შენ კი ვერ იპოვე ქალი!”
24 . სამი თვის შემდეგ ამცნეს იუდას: "შენმა რძალმა თამარმა იბოზა და ორსულადაა ახლა”. თქვა იუდამ: "გამოიყვანეთ, რათა დაიწვას”.
25 . და როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა თავის მამამთილს: "იმ კაცისგან ვარ ორსულად, ვისაც ეს ნივთები ეკუთვნის”, თან დასძინა: "ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და კვერთხი”.
26 . იცნო იუდამ და თქვა: "მართალია თამარი, რადგან მე არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ძეს”. და მეტად აღარ შეუცვნია იგი.
27 . მშობიარობის ჟამმა რომ მოაწია, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
28 . და შობისას გამოყო ერთმა ხელი და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა; თქვა: "ეს გამოვიდა პირველად”.
29 . როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, გამოვიდა მისი ძმა. თქვა ბებიაქალმა: "როგორ გამოარღვიე ზღუდე?” და ეწოდა სახელად ფერეცი.
30 . შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც მეწამული ძაფი ება ხელზე; და ეწოდა სახელად ზერახი.
1 . იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი.
2 . ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო.
3 . ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ - ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
4 . ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს;
5 . ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6 . და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა.
7 . ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8 . და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: "რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”
9 . ერთხელ, შილოში პურობის შემდეგ, ადგა ხანა სუფრიდან და უფლის წინაშე წარდგა, მღვდელი ყელი კი სკამზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10 . სულგამწარებული იყო ხანა, ლოცულობდა უფლის წინაშე და ცხარედ ტიროდა.
11 . აღთქმა დაუდო და უთხრა: "ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს”.
12 . დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ყელი კი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13 . გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
14 . უთხრა მას ყელიმ: "როდემდე უნდა იყო მთვრალი? გამოფხიზლდი ღვინისგან!”
15 . მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.
16 . უკეთურ ქალად ნუ მიიჩნევ შენს მხევალს, რადგან დიდი მწუხარებისა და სიმწრის გამო ვლაპარაკობდი ამდენ ხანს”.
17 . უთხრა მას ყელიმ: "მშვიდობით წადი და შეგისრულოს ისრაელის ღმერთმა თხოვნა, რაც სთხოვე მას”.
18 . მიუგო ხანამ: "დაე, მადლი ჰპოვოს შენმა მხევალმა შენს თვალში!” მერე წავიდა თავისი გზით, საჭმელი ჭამა და აღარ ჰქონია მწუხარე სახე.
19 . ადგნენ განთიადისას, თაყვანი სცეს უფალს, გამობრუნდნენ და სახლში, რამათს დაბრუნდნენ. შეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.
20 . დაორსულდა ხანა, ეყოლა ძე და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან უფლისგან გამოვითხოვეო იგი.
21 . წავიდა ელკანა და მთელი მისი სახლეული, რომ უფლისთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა და აღთქმა შეესრულებინა.
22 . ხანა კი არ წასულა, უთხრა ქმარს: "როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ, წავიყვან, რათა წარდგეს უფლის წინაშე და იქ დარჩეს სამუდამოდ”.
23 . უპასუხა ელკანამ, მისმა ქმარმა: "ისე მოიქეცი, როგორც სწორად მიგაჩნია; დარჩი, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი სიტყვა”. დარჩა ქალი და აწოვებდა ძუძუს თავის ძეს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.
24 . როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი შილოში, უფლის სახლში, თან სამი მოზვერი, ერთი ეფა ფქვილი და ღვინის ტიკი გაიყოლა. ჯერ კიდევ ნორჩი იყო ყმაწვილი.
25 . დაკლეს მოზვერი და მიიყვანეს ყრმა ყელისთან.
26 . უთხრა ხანამ: "იცოცხლე, ჩემო ბატონო! მე ის ქალი ვარ, რომელიც აქ, შენს წინაშე ვიდექი და უფალს ვევედრებოდი;
27 . ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
28 . ამიტომ უფალს ვაძლევ მას, რათა მას ემსახუროს მთელი მისი სიცოცხლე”. და თაყვანისცა იქ უფალს ყელიმ.
1 . ილოცა ხანამ და თქვა: "ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.
2 . არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.
3 . აღარ ილაპარაკოთ ქედმაღლურად; კვეხნა ნუ გამოვა თქვენი ბაგეებიდან, რადგან ცოდნის ღმერთია უფალი, ის განსჯის ყველა საქმეს.
4 . ძლიერთა მშვილდი დაიმსხვრევა, უძლურნი კი ძალას შემოისარტყლავენ.
5 . მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ; უშვილომ შვიდი დაბადა; მრავალშვილიანი კი დაჭკნა.
6 . უფალი კლავს და აცოცხლებს, საფლავში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
7 . უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
8 . მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
9 . იცავს თავის წმიდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი.
10 . უფალი მოსპობს მის მოწინააღმდეგეთ, ციდან იგრგვინებს მათზე. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს, ძალას მისცემს თავის მეფეს და მოამაღლებს თავისი ცხებულის რქას!”
11 . წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი ყელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად.
12 . უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები, არ იცნობდნენ უფალს.
13 . არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ ხალხის წინაშე: როცა ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის მსახური სამკაპით ხელში.
14 . ჩაჰკრავდა ქვაბში, ან ქვაბქოთანში, ან ტაფაში, ანდაც ქილაში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდლის ძეს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მიმსვლელ ყველა ისრაელიანელს.
15 . უფრო მეტიც: ქონის კმევამდეც მოდიოდა მღვდლის მსახური და ეუბნებოდა შესაწირის პატრონს: "შესაწვავი ხორცი მიეცი მღვდელს, მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი”.
16 . თუ ეტყოდა კაცი: "ჯერ ქონს ვაკმევ და მერე წაიღე, რაც გენებოსო,” მიუგებდა: "არა, ახლა მომეცი, თორემ ძალით წაგართმევ”.
17 . ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.
18 . ყმაწვილი სამუელი კი მსახურებდა უფლის წინაშე და სელის ეფოდი ემოსა.
19 . პატარა სამოსელს უმზადებდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ამოდიოდა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად.
20 . აკურთხებდა ხოლმე ყელი ელკანასა და მის ცოლს და ეტყოდა: "უფალმა მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა, უფლისთვის მიძღვნილის სანაცვლოდ!” და ბრუნდებოდნენ სახლში.
21 . მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ძე და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფლის წინაშე იზრდებოდა.
22 . ძალზე მოხუცდა ყელი; ესმოდა, როგორც ექცეოდნენ მისი ვაჟები ისრაელს, და როგორ წვებოდნენ იმ ქალებთან, რომლებიც კარვის კართან მსახურებისთვის იკრიბებოდნენ.
23 . ეუბნებოდა: "რატომ იქცევით ასე? ხალხისგან მესმის თქვენი ბოროტების ამბავი.
24 . არ გინდათ, შვილებო, არ არის კარგი, რაც მესმის: თქვენგან ირყვნება უფლის ერი.
25 . თუ კაცმა კაცს შესცოდა, უფალი უშუამდგომლებს, მაგრამ თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ უშუამდგომლებს?” და არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან უფალმა ინება მათი დაღუპვა.
26 . ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მადლს იხვეჭდა უფლისა და ხალხის თვალში.
27 . მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის მონობის სახლში ყოფნისას?
28 . ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა ტომიდან ჩემს მღვდლად, რომ ჩემს სამსხვერპლოზე ასულიყო კეთილსურნელების საკმევად და ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე მივეცი მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო შესაწირი.
29 . რატომ თელავთ ფეხქვეშ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირს, მე რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირის საუკეთესო წილით?
30 . ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან!
31 . აჰა, დგება ჟამი და მოვკვეთ შენს მკლავს და მამაშენის სახლის მკლავს ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩება შენს სახლში.
32 . მეტოქეს დაინახავ ჩემს სამყოფელში, მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც ისრაელში მოხდება; შენს სახლში კი უკუნისამდე აღარ იქნება მოხუცებული.
33 . მაგრამ ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რათა თვალები დაგებინდოს და სული შეგიწუხდეს; და შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება კაცობის ასაკში.
34 . და აჰა, ნიშანი, რომელიც შენს ორ ვაჟზე, ხოფნიზე და ფინხასზე აღსრულდება: ერთ დღეს მოკვდებიან ორივენი.
35 . და დავიდგენ ჩემთვის ერთგულ მღვდელს, რომელიც იმას აღასრულებს, რაც ჩემს გულსა და აზრშია. მყარ სახლს ავუშენებ და ივლის მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე.
36 . და ყოველი გადარჩენილი შენს სახლში, მივა მასთან, მოიდრიკება მის წინაშე ვერცხლის ფულისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: დამადგინე რაიმე სამღვდლო მსახურებაზე, რომ ვჭამო ლუკმაპური”.
1 . მერე გახსნა იობმა პირი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.
2 . ალაპარაკდა იობი და თქვა:
3 . "ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე და ის ღამე, როცა ითქვა: ‘კაცი ჩაისახა!’
4 . წყვდიადად იქცეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა თავისი სიმაღლიდან და აღარც ნათელი გააბრწყინოს მასზე!
5 . ბნელში დაინთქას და სიკვდილის აჩრდილმა მოიცვას იგი, ღრუბელმა დაფაროს და შეაძრწუნოს იგი დღის სიშავემ!
6 . წყვდიადმა შეიპყროს ის ღამე, ნუღარ აღირიცხოს წლის დღეებში და თვეთა რიცხვში ნუღარ შევა!
7 . აჰა, გაბერწდეს ის ღამე და ნუღარ იქნება მასში სიხარულის შეძახილი.
8 . სწყევლონ იგი დღის მაწყევრებმა, რომლებიც მზად არიან ლევიათანი გააღვიძონ!
9 . დაბნელდნენ მისი გარიჟრაჟის ვარსკვლავნი, ნათელს ელოდოს და არ მოვიდეს, ნუ იხილავს გაცისკროვნებას.
10 . რადგან დედაჩემის საშოშივე არ დამიხშო კარი და არ დაფარა ტანჯვა ჩემი თვალისაგან.
11 . რატომ არ მოვკვდი დაბადებისას, რად არ მოვისპე მუცლიდან გამოსვლისას?
12 . რად მიმიღეს ბებიაქალის მუხლებმა და ძუძუს რისთვის ვწოვდი?
13 . რადგან ვიწვებოდი და მშვიდად ვიქნებოდი, ვიძინებდი და მოვისვენებდი,
14 . მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, თავისთვის სამარხთა აღმშენებლებთან
15 . ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო ჰქონდათ და ვერცხლით ივსებდნენ სახლებს.
16 . არ ვიარსებებდი ნაადრევად მოწყვეტილი გადამალული ჩვილებივით, რომელთაც არ უხილავთ ნათელი.
17 . შფოთვას წყვეტენ იქ ბოროტები და განისვენებენ ძალაგამოლეულნი.
18 . მშვიდად არიან ტუსაღნი, აღარ ესმით ზედამხედველთა ხმა.
19 . მცირეც იქაა და დიდიც, მონაც თავისუფალია თავისი ბატონისგან.
20 . რატომ ეძლევა სინათლე წამებულს და სიცოცხლე სულგამწარებულს,
21 . სიკვდილს რომ მოელის, ის კი არ მოდის! და დაფარული საუნჯესავით ეძიებს მას?
22 . სიხარულის ყიჟინას რომ დასცემს, როცა საფლავს იპოვის?
23 . რისთვის მიეცა სიცოცხლე კაცს, რომლისგანაც დაფარულია გზა და რომელიც ალყაში ჰყავს ღმერთს მოქცეული?
24 . რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი.
25 . რადგან, რისიც მეშინოდა, ის დამატყდა და რაც მაძრწუნებდა, ის არ ამცდა.
26 . არ მაქვს სიმშვიდე, აღარც სიწყნარე, აღარც მოსვენება. უბედურება მეწია”.
1 . მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2 . "ამაო სიტყვებს უნდა ამბობდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
3 . განა უნდა კამათობდეს უსარგებლო სიტყვებით და ლაპარაკით, რომელშიც არავითარი სიკეთე არ არის?
4 . ღვთის შიში მოგიშორებია და აკნინებ მის წინაშე ლოცვას,
5 . შენივე დანაშაული წარმართავს შენს ბაგეს და ცბიერთა ენა ამოირჩიე.
6 . შენივე პირი გდებს ბრალს, მე კი არა, შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
7 . პირველშობილი ხომ არ ხარ კაცთა შორის, მთებზე უწინ ხომ არ შექმნილხარ?
8 . ღვთის საიდუმლო ხომ არ ისმინე და მისი სიბრძნე ხომ არ მიისაკუთრე?
9 . რა იცი შენ, რაც ჩვენ არ ვიცით? ისეთი რა გაიგე, რაც ჩვენ არ გვესმის?
10 . ჭაღარაც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე მეტი დღეების მქონე.
11 . ნუთუ გეცოტავება ღვთის ნუგეში? შენთვის ნათქვამი ფაქიზი სიტყვები?
12 . რად გიტაცებს შენი გული და თვალებს რატომ ახამხამებ?
13 . რად წარმართავ შენს სულს ღვთის წინააღმდეგ და ასეთ სიტყვებს წარმოთქვამ შენი ბაგედან?!
14 . რა არის კაცი, რომ წმიდა იყოს? ან მართლობდეს დედაკაცის მიერ შობილი?
15 . აჰა, თავის წმინდანებსაც არ ენდობა და ცანიც არ არიან სუფთა მის თვალში.
16 . მით უმეტეს საძაგელი და გახრწნილი კაცი, წყალივით რომ სვამს უსამართლობას.
17 . გეტყვი და მომისმინე, რაც ნანახი მაქვს, გეტყვი.
18 . რაც სმენიათ ბრძენებს და არ დაუფარავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი.
19 . მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, უცხოს არ გაუვლია მათ შორის.
20 . ურჯულო მთელი ცხოვრება იტანჯება; დათვლილია მტარვალთა წელთა რიცხვი,
21 . შიშის ზარია მის ყურებში და მშვიდობის ჟამსაც მიუვა გამანადგურებელი.
22 . იმედი არა აქვს, რომ სიბნელეს გაექცევა; მახვილისთვის არის განწირული.
23 . ლუკმა-პურისთვის დახეტიალობს - ამბობს, სად არისო? იცის, რომ ახლოა შავი დღე.
24 . აძრწუნებს მას გაჭირვება და უბედურება, გადასძალავს, როგორც ბრძოლისათვის შემართული მეფე.
25 . რადგან ღმერთის წინააღმდეგ გაიწოდა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26 . უტევდა მას ჯიუტად, თავისი ჯავშნის სქელი შვერილებით,
27 . რადგან ქონით დაიფარა სახე და გვერდები ხორცით დაიმძიმა.
28 . აოხრებულ ქალაქებში ცხოვრობდა - დასანგრევად გამზადებულ უკაცრიელ სახლებში.
29 . ვერ გამდიდრდება და ვერ გაძლებს ქონება მისი და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში.
30 . ბნელს ვერ გადაურჩება, ალი გაახმობს მის ყლორტებს და მისი პირის ამონასუნთქი განაშორებს მას ამ წუთისოფელს.
31 . ნუ მიენდობა ამაოებას ასეთი კაცი და თავს ნუ მოიტყუებს, რადგან ამაოებავე იქნება მისი საზღაური.
32 . უდღეურად დაჭკნება და მისი ტოტები არ ამწვანდება.
33 . მკვახე ყურძენი დასცვივა მისი ვაზის ლერწებს და დაიბერტყება მისი ზეთისხილის ყვავილი.
34 . რადგან უნაყოფოა უღმრთოთა კრებული და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეთა კარვებს.
35 . დაორსულდებიან სიავით და შობენ სიცრუეს; გული სავსე აქვთ მზაკვრობით!”
1 . გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
2 . რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
3 . უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
4 . თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
5 . დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
6 . აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
7 . გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
8 . უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
9 . შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
10 . ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
11 . ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
12 . მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
13 . მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
14 . აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
15 . ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
16 . მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
17 . ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ,როცა ბათ-შებაყთან შევიდა. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
2 . მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
3 . რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
4 . შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
5 . აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
6 . აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
7 . მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
8 . მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
9 . სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
10 . სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
11 . ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
12 . დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
13 . ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
14 . მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
15 . უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
16 . რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
17 . შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
18 . კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
19 . მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსია ბეერის ძის მიმართ, იუდას მეფეების: ყუზიას, იოთამის, ახაზის, იეხიზკიას დღეებში და ისრაელის მეფის, იერობოამ იოაშის ძის დღეებში.
2 . როცა იწყო უფალმა ოსიას პირით ლაპარაკი, უთხრა ოსიას: "წადი, მოიყვანე ცოლად გარყვნილი ქალი და იყოლიე გარყვნილების შვილები; რადგან საშინელი მრუშობით გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს”.
3 . წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი.
4 . უთხრა მას უფალმა: "იზრეყელი დაარქვი სახელად, რადგან ცოტაც და მოვკითხავ იზრეყელის სისხლს იეჰუს სახლს და ბოლოს მოვუღებ ისრაელის სახლის მეფობას.
5 . იმ დღეს გადავტეხ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე”.
6 . კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა მას უფალმა: "ლორუხამა დაარქვი სახელად, რადგან აღარ შევიბრალებ ისრაელის სახლს და აღარასოდეს მივუტევებ.
7 . იუდას სახლს კი შევიბრალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც ცხენებითა და არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
8 . როცა მოწყვიტა ძუძუს ლორუხამა, კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი.
9 . თქვა უფალმა: "ლოყამი დაარქვი სახელად, რადგან აღარ ხართ ჩემი ხალხი და აღარც მე ვარ თქვენი ღმერთი!”
10 . მაგრამ ზღვის ქვიშასავით გახდება ისრაელის ძეთა რიცხვი, არც გაიზომება და არც აღირიცხება; იმის ნაცვლად, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან: "ცოცხალი ღმერთის ძენი ხართო”.
11 . ერთად შეიყრებიან იუდას ძენი და ისრაელის ძენი, ერთ მთავარს დაისვამენ თავიანთთვის და გამოვლენ ქვეყნიდან, რადგან დიდი იქნება იზრეყელის დღე.
1 . მიმართეთ თქვენს ძმებს: "ჩემო ხალხო”; თქვენს დებს: "შეწყალებულნო”.
2 . "ედავეთ დედათქვენს, ედავეთ, რადგან არ არის ის ჩემი ცოლი და არც მე ვარ მისი ქმარი; მოიშოროს სიძვა სახიდან და გარყვნილება - მკერდიდან.
3 . თორემ გავაშიშვლებ და გამოვამზევებ, როგორც შობის დღეს იყო. უდაბნოდ ვაქცევ და გამომშრალ მიწასავით წყურვილით მოვკლავ.
4 . არ შევიწყალებ მის შვილებს, ვინაიდან სიძვის შვილები არიან.
5 . რადგან იმრუშა მათმა დედამ, სირცხვილში დაორსულდა; ამბობდა: წავყვები ჩემს საყვარლებს და მომცემენ ჩემს წილ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.
6 . ამიტომ, აჰა, გადავუღობავ გზას ნარ-ეკლით, ზღუდეს ავაგებ და ვეღარ მიაგნებს თავის ბილიკებს.
7 . გაეკიდება თავის საყვარლებს, მაგრამ ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს და ვეღარ იპოვნის; იტყვის: წავალ, პირველ ქმარს დავუბრუნდები, რადგან მაშინ უკეთესად ვიყავი, ვიდრე ახლა ვარო.
8 . ის კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მარცვლეულს, მაჭარსა და ზეთს, ვუმრავლებდი ვერცხლსა და ოქროს, ბაყალს რომ ახარჯავდა.
9 . ამიტომ უკან წავიღებ ჩემს მარცვლეულს თავის დროზე და ჩემს მაჭარს თავის ჟამს; წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც იფარავდა სიშიშვლეს.
10 . ახლა გამოვამზეურებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
11 . ბოლოს მოვუღებ ყველა მის ლხინს, ზეიმს, ახალმთვარობებს, შაბათებსა და ყველა დღესასწაულს.
12 . გავატიალებ მის ვაზსა და ლეღვს, რომ ამბობს: ჩემი საზღაურია, ჩემმა საყვარლებმა რომ მომცესო! ტყედ გადავაქცევ და მინდვრის მხეცები შეჭამენ.
13 . მოვკითხავ იმ დღეებს, ბაყალებს რომ უკმევდა; საყურეებითა და სამკაულებით რომ ირთვებოდა და თავის საყვარლებს დასდევდა კუდში, მე კი მივიწყებდა!” - ამბობს უფალი.
14 . "ამიტომ მოვხიბლავ და წავიყვან უდაბნოში, სადაც გულითადად დაველაპარაკები.
15 . მივცემ იქ თავის ვენახებს და ყაქორის ხეობას - როგორც იმედის ზღურბლს; იმღერებს იქ, როგორც სიყმაწვილის დღეებში, ეგვიპტის ქვეყნიდან მისი გამოსვლის დღეს.
16 . და იქნება იმ დღეს - ამბობს უფალი - დამიძახებ: ’ჩემო ქმარო!’ და აღარ დამიძახებ ‘ჩემო ბაყალო!’
17 . მოვაცილებ ბაყალთა სახელებს მის ბაგეებს და აღარ იქნება ხსენებული მათი სახელები.
18 . აღთქმას დავუდებ იმ დღეს მათთვის ველის ცხოველებს, ცის ფრინველებსა და მიწის ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომებს და უსაფრთხოდ დაწვებიან.
19 . საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.
20 . დაგნიშნავ ჩემს ერთგულებაში და შეიცნობ უფალს.
21 . იმ დღეს ვუპასუხებ! - ამბობს უფალი ღმერთი - ცებს ვუპასუხებ, ისინი კი მიწას უპასუხებენ.
22 . გამოეხმაურება მიწა მარცვლეულს, მაჭარსა და ზეთს და ისინიც გაეხმიანებიან იზრეყელს.
23 . დავთესავ მას ჩემთვის მიწაზე, შევიწყალებ არაშეწყალებულთ და ვეტყვი არა ჩემს ხალხს: "ჩემი ხალხი ხარ”, ის კი მეტყვის: "ჩემი ღმერთი ხარ!”
1 . ნუ ხარობ, ისრაელო, სხვა ერებივით ნუ ილხენ, რადგან მრუშობ შენი ღმერთისგან განმდგარი; შეიყვარე საფასური სიძვისა ხორბლის ყველა კალოზე.
2 . კალო და საწნახელი არ გამოკვებავს და მაჭარი უმტყუნებს მათ.
3 . არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; დაბრუნდება ეფრემი ეგვიპტეში და უწმიდურ საჭმელს შეჭამენ აშურში.
4 . არ დაუღვრიან ღვინოს უფალს და არ აამებენ მას თავიანთი მსხვერპლებით; მათი პური გლოვის პურივით იქნება და ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან პური მათი, თავიანთი თავებისთვის ექნებათ და ვერ შეიტანენ უფლის სახლში.
5 . დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს რას იზამთ?
6 . რადგან, აჰა, განადგურების გამო წავლენ, მაგრამ ეგვიპტე შეკრებს მათ და მემფისი დამარხავს; მათ ვერცხლის საუნჯეებს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ, მათ კარვებში ნარ-ეკალი ამოვა.
7 . დადგა სასჯელის დღეები, დადგა შურისგების დღეები. და გაიგებს ისრაელი, რომ დიდი ურჯულოებისა და მტრობის გამო გაუგუნურდა წინასწარმეტყველი და შეიშალა სულის კაცი.
8 . ეფრემის გუშაგია წინასწარმეტყველი, ჩემს ღმერთთან ერთად, მაგრამ მახეა დაგებული მის ყველა გზაზე და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში.
9 . ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
10 . ისე ვიპოვე ისრაელი, როგორც ყურძენი უდაბნოში, ისე შევნიშნე თქვენი მამები, როგორც პირველნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ და სირცხვილს მიუძღვნეს თავი; ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.
11 . ჩიტივით გაუფრინდება დიდება ეფრემს! არც შობადობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!
12 . შვილებს გაზრდიან, მაგრამ წავართმევ, ერთი კაციც აღარ დარჩებათ და მართლაც ვაი მათ, როცა განვშორდები.
13 . აჰა, მშვენიერ მდელოზე დარგული ტვიროსივით დავინახე ეფრემი. მაგრამ მკვლელთან გაიყვანს თავის ძეებს იგი.
14 . მიეცი, უფალო! მაგრამ რას მისცემ? მიეცი მათ მოწყვეტილი მუცელი და გამომშრალი მკერდი.
15 . გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ბოროტი საქმეების გამო. გავაძევებ მათ ჩემი სახლიდან და აღარასოდეს შევიყვარებ; მეამბოხეა ყველა მათი მთავარი.
16 . გაიჩეხა ეფრემი, გახმა მათი ფესვები, აღარ გამოიღებენ ნაყოფს. კიდეც რომ შობონ მე მოვაკვდინებ მათი მუცლის ძვირფას ნაყოფს.
17 . გააძევებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და შეიქნებიან ხალხთა შორის მოხეტიალენი.
1 . წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 . აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 . იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 . რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი.
5 . სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 . იესემ შვა მეფე დავითი; მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 . სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 . ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 . ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 . ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ყამონი; ყამონმა შვა იოშია;
11 . იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ.
12 . ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი.
13 . ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;
14 . აზორმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იახინი; იახინმა შვა ელიჰუდი.
15 . ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი.
16 . იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება.
17 . ამრიგად, მთელი მოდგმა აბრაამიდან დავითამდე - თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე - თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე - თოთხმეტი თაობა.
18 . იესო ქრისტეს შობა კი ამგვარად მოხდა: დედამისის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე შეუღლდებოდნენ ისინი, აღმოჩნდა რომ ორსულად იყო სულიწმიდისგან.
19 . იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, არ სურდა მისი სახალხოდ მხილება და გადაწყვიტა ფარულად გაეშვა იგი.
20 . ამას ფიქრობდა და აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: "იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისგან არის.
21 . გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.
22 . ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს:
23 . "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”
24 . ძილისგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უბრძანა უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 . და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არ შვა ძე და უწოდა მას სახელად იესო.
1 . ადგა იაკობი და აღმოსავლეთის ძეთა ქვეყნისაკენ გაემართა.
2 . ხედავს: ველზე ჭაა და იქვე ცხვრის სამი ფარა წევს, რადგან იმ ჭიდან რწყულდებოდა ცხვარი, ხოლო ჭის პირს დიდი ქვა ახურავს.
3 . იქ გროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს; მერე კვლავ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე.
4 . ჰკითხა მათ იაკობმა: "სადაურები ხართ, ძმებო?” უპასუხეს: "ხარანელები ვართ!”
5 . ჰკითხა: "ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის ძეს?” უპასუხეს: "ვიცნობთ”.
6 . კვლავ ჰკითხა: "ჯანმრთელადაა?” მიუგეს: "ჯანმრთელადაა. აჰა, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება”.
7 . თქვა: "ჯერ ისევ დღეა, საქონლის შეკრების დრო არ დამდგარა! ცხვარი დაარწყულეთ და წაასხით საძოვრად”.
8 . უთხრეს: "ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიყრება და ქვას არ გადააგორებენ ჭის პირიდან. მაშინ დავარწყულებთ ცხვარს”.
9 . ჯერ ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მოვიდა რახელი მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
10 . და როდესაც დაინახა იაკობმა რახელი, თავის დედის ძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა, ჭის პირიდან ქვა გადააგორა და დაარწყულა ბიძამისის ცხვარი.
11 . აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა.
12 . უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას.
13 . როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.
14 . უთხრა ლაბანმა: "მართლა ჩემი ძვალთაგანი და ხორცთაგანი ხარ!” და ცხოვრობდა მასთან იაკობი ერთი თვე.
15 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.
16 . ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.
17 . ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი მშვენიერი იყო ტანად და ლამაზი - სახით.
18 . შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: "შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის”.
19 . უთხრა ლაბანმა: "უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვას. იცხოვრე ჩემთან”.
20 . შვიდი წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
21 . უთხრა იაკობმა ლაბანს: "მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.
22 . შეკრიბა ლაბანმა იქაური კაცები და ნადიმი გამართა.
23 . საღამოჟამს ლაბანმა ლეა, თავისი ასული, მიიყვანა იაკობთან; და შევიდა იაკობი ლეასთან.
24 . მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად.
25 . დაინახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან და უთხრა ლაბანს: "ეს რა მიყავი! განა რახელისათვის არ გემსახურე? რატომ მომატყუე?”
26 . უთხრა ლაბანმა: "ჩვენში არ ხდება ასე, რომ უმცროსი უფროსზე ადრე გათხოვდეს.
27 . გაასრულე ლეასთან ერთი კვირა და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რასაც შემდეგ შვიდ წელიწადს გასწევ”.
28 . ასეც მოიქცა იაკობი, გაასრულა ერთი კვირა და ლაბანმაც მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
29 . და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი.
30 . შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ შვიდ წელიწადს იმსახურა ლაბანთან.
31 . იხილა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა საშო, ხოლო რახელი ბერწი იყო.
32 . დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: "იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი”.
33 . კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე; თქვა: "ისმინა უფალმა, რომ მოძულებული ვარ, ამიტომ მომცა ეს ძეც”. და უწოდა სახელად სიმონი.
34 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან მომეწებება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი”. და უწოდა სახელად ლევი.
35 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან ვადიდებ უფალს”. ამიტომ უწოდა სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
1 . ვინაიდან ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენ შორის მომხდარი ამბების აღწერას,
2 . როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,
3 . მეც საჭიროდ მივიჩნიე, გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ყოველივე თანმიმდევრულად აღგიწერო, ღირსეულო თეოფილე,
4 . რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.
5 . იუდეის მეფის, ჰეროდეს დღეებში, იყო ვინმე მღვდელი, სახელად ზაქარია, აბიას წყებიდან; ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აჰარონის ასულთაგანი.
6 . ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე და უბიწოდ იცავდნენ უფლის ყოველ მცნებასა და წესდებას.
7 . შვილი კი არ ჰყავდათ, რადგან უნაყოფო იყო ელისაბედი; თანაც უკვე ხანდაზმულნი იყვნენ ორივენი.
8 . ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ მსახურობდა ღმერთის წინაშე,
9 . მღვდელთა სამსახურის წესის მიხედვით კმევა ხვდა წილად; და შევიდა უფლის ტაძარში.
10 . კმევის დროს მთელი ხალხი გარეთ ლოცულობდა.
11 . და ეჩვენა მას უფლის ანგელოზი - საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგომი.
12 . მისი მხილველი ზაქარია შეკრთა და შიშმა შეიპყრო.
13 . უთხრა ანგელოზმა: "ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
14 . გექნება სიხარული და ლხენა; და მრავალი გაიხარებს მისი შობით.
15 . ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და მაგარ სასმელს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.
16 . მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისკენ - მათი ღმერთისკენ.
17 . და ივლის მის წინაშე ელიას სულითა და ძალით, რათა მოაქციოს მამათა გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გზაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი”.
18 . ზაქარიამ უთხრა ანგელოზს: "რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია”.
19 . უთხრა ანგელოზმა პასუხად: "მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი და წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.
20 . და აჰა, დადუმდები, და ვეღარ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს არ ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც თავის დროზე აღსრულდება”.
21 . ხალხი კი იდგა და ელოდებოდა ზაქარიას; უკვირდა მისი ტაძარში დაყოვნება.
22 . გამოსულმა ვერ შეძლო მათთვის ხმის გაცემა და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნებდა მათ, ხმას ვერ იღებდა.
23 . მისი მსახურების დღენი რომ დასრულდა, შინ დაბრუნდა.
24 . იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი; ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:
25 . "ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რათა მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ხალხში”.
26 . მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,
27 . ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.
28 . შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”
29 . ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.
30 . უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 . აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!
32 . დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.
33 . უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.
34 . ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”
35 . მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.
36 . აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ძე სიბერეში, მეექვსე თვეშია უკვე, ბერწად შერაცხული.
37 . ვინაიდან ღმერთთან არცერთი მისი ნათქვამი არ იქნება შეუძლებელი”.
38 . მაშინ თქვა მარიამმა: "აჰა, უფლის მხევალი ვარ; დაე, მეყოს შენი სიტყვისამებრ”. და გაშორდა მას ანგელოზი.
39 . ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა იმ დღეებში მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.
40 . მივიდა ზაქარიას სახლში და ელისაბედს მიესალმა.
41 . მარიამის მისალმების გაგონებისთანავე ელისაბედს ყრმა შეუთამაშდა მუცელში და აღივსო სულიწმიდით ელისაბედი.
42 . შესძახა ხმამაღლა და თქვა: "კურთხეული ხარ დედაკაცთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი.
43 . როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?
44 . რადგან შენი მისალმების ხმა მოსწვდა თუ არა ჩემს ყურს, სიხარულით შეთამაშდა ყრმა ჩემს მუცელში.
45 . ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ”.
46 . თქვა მარიამმა: "ადიდებს სული ჩემი უფალს,
47 . და იზეიმა ჩემმა სულმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.
48 . რადგან მოხედა თავისი მხევლის თავმდაბლობას და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის ყოველი თაობა.
49 . ვინაიდან დიდი საქმე მიყო ყოვლადძლიერმა, წმიდაა მისი სახელი;
50 . წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
51 . გვიჩვენა თავისი მკლავის ძლიერება; გაფანტა ამპარტავანნი თავიანთ გულის ზრახვებთან ერთად;
52 . ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;
53 . მშივრები სიკეთით აღავსო და მდიდრები ხელცარიელი გაუშვა;
54 . შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,
55 . როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს, აბრაჰამს და მის თესლს საუკუნოდ”.
56 . და დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სახლში.
57 . დაუდგა ელისაბედს მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.
58 . და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.
59 . მერვე დღეს მოვიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ მისთვის,
60 . მაგრამ დედამისმა თქვა: "არა, იოანე ერქმევა მას”.
61 . უთხრეს: "შენს სანათესაოში არავინაა მაგ სახელის მქონე”.
62 . მაშინ ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.
63 . მან დაფა მოითხოვა და დაწერა: "მისი სახელია იოანე”. და ყველას გაუკვირდა.
64 . უცებ გაეხსნა მას ბაგე და ენა, ალაპარაკდა და აკურთხებდა ღმერთს.
65 . შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა; და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამის თაობაზე იუდეის მთიანეთში.
66 . ყველა, ვინც გაიგებდა, გულში ინახავდა ამას და ამბობდა: "ვინ დადგება ამ ყრმისგან?” და უფლის ხელი იყო მასთან.
67 . და აღივსო სულიწმიდით მამამისი ზაქარია, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68 . "კურთხეულ არს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოხედა თავის ხალხს და გამოსყიდვა მოუმზადა.
69 . და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში;
70 . როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
71 . რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72 . წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;
73 . როგორც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაჰამს, რომ მოგვანიჭებდა ჩვენ,
74 . რათა ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად გვემსახურა მისთვის,
75 . სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
76 . და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველი დაგერქმევა, ვინაიდან ივლი უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,
77 . რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
78 . ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა მზის აღმოსავლის სიმაღლიდან,
79 . სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა სამშვიდობო გზაზე წარსამართად”.
80 . ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა; და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
1 . "ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მსახურო და ისრაელ, ჩემო რჩეულო.
2 . ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო.
3 . რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.
4 . აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან.
5 . ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: "უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა.
6 . ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.
7 . ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ.
8 . ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.
9 . არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.
10 . ვინ გამოსახა ღმერთი და კერპი ვინ ჩამოასხა, რომელსაც სარგებლობა არ მოაქვს?
11 . აჰა, შერცხვებიან მათი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც უბრალო ადამიანები არიან; შეიკრიბონ ყველანი, წამოდგნენ, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ ერთიანად.
12 . მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 . გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 . მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 . შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 . ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 . ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 . არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 . ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”
20 . ფერფლით იკვებება, მოტყუებულმა გულმა გზას ააცდინა; თავს ვერ გადაირჩენს და ვერ იტყვის: "განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?”
21 . გახსოვდეს ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მსახური ხარ. მე გამოგსახე, ჩემი მსახური ხარ, ისრაელ, არ დაგივიწყებ!
22 . ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით - შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
23 . სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.
24 . ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: "მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა”.
25 . იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;
26 . ადასტურებს თავის მსახურთა სიტყვას და თავის მოციქულთა თათბირს აღასრულებს; ეუბნება იერუსალიმს: "დასახლდები!” იუდას ქალაქებს: "აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!”
27 . ეტყვის ზღვის უფსკრულს: "ამოშრი და მე დავაშრობ შენს მდინარეებს”.
28 . კიროსზე ამბობს: "ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: "აშენდები!” და ტაძარს: "ჩაიყრება შენი საძირკველი!”