1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . როცა გამრავლდნენ ადამიანები ქვეყანაზე და შეეძინათ ასულები,
2 . იხილეს ღმერთის შვილებმა რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ვისაც ვინ მოეწონებოდა, ცოლად ირთავდა.
3 . და თქვა უფალმა: "არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი”.
4 . ბუმბერაზები ცხოვრობდნენ დედამიწაზე იმ ხანებში და მას მერეც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომლებიც შვილებს უჩენდნენ მათ. ძველთაგანვე სახელოვანნი იყვნენ ისინი.
5 . და იხილა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ქვეყანაზე, რომ მუდამჟამს უკეთური იყო მათი გულისთქმა.
6 . მაშინ შეწუხდა უფალი, ადამიანი რომ შექმნა ამქვეყნად და დანაღვლიანდა.
7 . თქვა უფალმა: "აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.
8 . მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9 . ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.
10 . და ეყოლა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11 . მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით.
12 . გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე.
13 . უთხრა ღმერთმა ნოეს: "დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ.
14 . გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი.
15 . ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე - ორმოცდაათი და სიმაღლე - ოცდაათი წყრთა.
16 . სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე.
17 . და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე.
18 . შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19 . ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ.
20 . ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ.
21 . მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”.
22 . და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.
1 . ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.
2 . ძალზედ მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
3 . ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის.
4 . იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს.
5 . ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
6 . და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.
7 . დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
8 . და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.
9 . განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.
10 . აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.
11 . და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.
12 . აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13 . ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.
14 . და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან გაყრის შემდეგ: "აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.
15 . რადგან, მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე.
16 . მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
17 . ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას”.
18 . აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია; და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . მწყობრად დაიძრა ისრაელიანთა მთელი თემი სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკა რეფიდიმში, სადაც არ იყო წყალი, ხალხისთვის სასმელად.
2 . ამიტომ წაეჩხუბა ხალხი მოსეს. ეუბნებოდნენ: "მოგვეცით წყალი დასალევად”. უთხრა მათ მოსემ: "რად მეჩხუბებით? რატომ ცდით უფალს?”
3 . სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: "რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”
4 . და შეჰღაღადა მოსემ უფალს: "რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ”.
5 . უთხრა უფალმა მოსეს: "გაიარე ხალხის წინ და თან გაიყოლე ისრაელის უხუცესები. ხელში აიღე კვერთხი, რომლითაც მდინარეს დაჰკარი და წადი.
6 . აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა”. ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7 . და ეწოდა იმ ადგილს სახელად მასახი და მერიბახი, ისრაელის ძეთა შუღლისა და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: "არის კი ჩვენს შორის უფალი თუ არა?”
8 . მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9 . უთხრა მოსემ იეშუას: "გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად; დავდგები ხვალ ბორცვის თხემზე და ღვთის კვერთხი მექნება ხელში”.
10 . ისე მოიქცა იეშუა, როგორც მოსემ უთხრა და შეებრძოლა ყამალეკს, ხოლო მოსე, აჰარონი და ხური ბორცვის თხემზე ავიდნენ.
11 . როცა აღაპყრობდა მოსე ხელს, სძლევდა ისრაელი, ხოლო როცა დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა.
12 . დაუმძიმდა მოსეს ხელები; აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე, ხოლო აჰარონმა და ხურმა ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი და მეორემ მეორე მხრიდან. მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი ხელები.
13 . დაამარცხა იეშუამ ყამალეკი და მისი ხალხი მახვილის პირით.
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან”.
15 . ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა მას სახელად "იაჰვე-ნისი”
16 . და თქვა: რადგან დაიფიცა უფალმა, ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.
1 . ხმამაღლა მოსთქვამდა მთელი თემი და იტირა ხალხმა იმ ღამეს.
2 . წუწუნებდნენ ისრაელიანები მოსეზე და აჰარონზე და უთხრა მათ მთელმა თემმა: "ნეტავ ეგვიპტეში მოვმკვდარიყავით ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით!
3 . რისთვის მივყავართ უფალს ამ ქვეყანაში, რათა მახვილით დავეცეთ? ნადავლად იქცევიან ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება!”
4 . უთხრეს ერთმანეთს: "ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში”.
5 . და პირქვე დაემხნენ მოსე და აჰარონი ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე.
6 . და შემოიხიეს სამოსელი იეშუა ნავეს ძემ და ხალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც ქვეყნის მზვერავთაგანნი იყვნენ.
7 . უთხრეს ისრაელის მთელ თემს: "ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად, ძალზე კარგი ქვეყანაა.
8 . მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი.
9 . ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
10 . და თქვა მთელმა თემმა: "ქვებით ჩავქოლოთ ესენი!” მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
11 . უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა მგმოს ამ ხალხმა? როდემდე არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მოვახდინე მათ შორის?
12 . განვგმირავ მას შავი ჭირით და გავანადგურებ და შევქმნი შენგან ერს, მასზე უფრო დიდსა და ძლიერს”.
13 . უთხრა მოსემ უფალს: "მოისმენენ ეგვიპტელნი, რომელთა შუაგულიდანაც გამოიყვანე ეს ხალხი შენი ძლიერებით,
14 . და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც გაიგეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორის ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები მათ, შენი ღრუბელი ადგას თავზე, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით - ცეცხლოვან სვეტში;
15 . თუ ერთი კაცივით გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:
16 . რახან ვერ შეძლო უფალმა ამ ხალხის იმ ქვეყანაში მიყვანა, რომელიც ფიცით აღუთქვა მათ, ამიტომ დახოცა ისინი უდაბნოში.
17 . ახლა, გთხოვ, განდიდდეს უფლის ძალა, როგორც ნათქვამი გაქვს:
18 . სულგრძელია უფალი და მრავალმოწყალე, ბრალისა და დანაშაულის მიმტევებელი, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება დანაშაულს; მამათა ცოდვების მომკითხავი შვილებისგან, მესამე და მეოთხე თაობაში.
19 . გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე”.
20 . უთხრა უფალმა მოსეს: "მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
21 . ჭეშმარიტად, ცოცხალი ვარ და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
22 . ვერცერთი იმ კაცთაგანი, რომელმაც იხილა ჩემი დიდება და ჩემი ნიშნები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვახდინე, ათჯერ რომ გამომცადეს და მაინც არ ისმინეს ჩემი ხმა,
23 . ვერ იხილავს ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს; ვერცერთი ჩემი მოძულე ვერ იხილავს მას.
24 . მხოლოდ ხალებს, ჩემს მსახურს, მივიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ნახა, რადგან სხვა სული ჰქონდა და ბოლომდე მომყვებოდა; მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.
25 . ყამალეკი და ქანაანელნი ველზე ცხოვრობენ. ხვალ მობრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში წითელი ზღვის გზით”.
26 . და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
27 . "როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი ხალხი ჩემზე? ვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ისინი ჩემზე,
28 . უთხარი მათ: ცოცხალი ვარ მე, ამბობს უფალი. როგორც ილაპარაკეთ ჩემს გასაგონად, ისე მოგექცევით.
29 . ამ უდაბნოში დაეყრება თქვენი გვამები, თქვენი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე.
30 . ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ მასში, გარდა ხალებ იეფუნეს ძისა და იეშუა ნავეს ძისა.
31 . და თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით, ნადავლად იქცევიანო, მათ შევიყვან იქ და იხილავენ იმ ქვეყანას, რომელიც შეიძულეთ.
32 . თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაეყრება.
33 . მწყემსებივით იხეტიალებენ თქვენი ძეები უდაბნოში ორმოც წელს და დაისჯებიან თქვენი ორგულობის გამო, ვიდრე არ დაიყრება თქვენი გვამები უდაბნოში.
34 . იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით, რადგან ორმოცი დღე ზვერავდით - თითო დღე თითო წელიწადზე, ორმოცი წლის განმავლობაში დაისჯებით, რათა გამოსცადოთ ჩემთან დაპირისპირება.
35 . მე, უფალი, ვამბობ: ასე მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც აღდგა ჩემს წინააღმდეგ: აქ, ამ უდაბნოში მოკვდებიან და შთაინთქმებიან”.
36 . ის კაცები კი ქვეყნის დასაზვერად რომ გაგზავნა მოსემ და დაბრუნებისას, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრით აღაშფოთეს მთელი თემი მის წინააღმდეგ,
37 . წყლულებით დაიხოცნენ უფლის წინაშე, იმ ქვეყანაზე ბოროტი ხმების დაყრის გამო.
38 . მხოლოდ იეშუა ნავეს ძე და ხალებ იეფუნეს ძე დარჩნენ ცოცხლები იმ კაცთაგან, რომლებიც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასულები.
39 . თქვა მოსემ ეს სიტყვები ისრაელის ძეთა წინაშე და ფრიად დამწუხრდა ხალხი.
40 . ადგნენ დილაადრიანად, ავიდნენ მთის მწვერვალზე და თქვეს: "მივიდეთ იმ ადგილზე, რომელზეც გვითხრა უფალმა, რადგან შევცოდეთ”.
41 . უთხრა მოსემ: "რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას? ნახავთ, რომ არაფერი გამოვა.
42 . ნუ ახვალთ, რადგან არაა უფალი თქვენ შორის, რათა არ შეიმუსროთ თქვენი მტრების წინაშე.
43 . რადგან ყამალეკი და ქანაანელნი არიან თქვენს წინაშე და დაეცემით მახვილით, ვინაიდან ზურგი აქციეთ უფალს და აღარ იქნება თქვენთან”.
44 . მაგრამ არ შეისმინეს და ავიდნენ მთის მწვერვალზე; უფლის აღთქმის კიდობანი და მოსე კი არ გასულან ბანაკიდან.
45 . ჩამოვიდნენ ყამალეკნი და ქანაანელნი, რომლებიც იმ მთაზე მკვიდრობდნენ, და შემუსრეს და განდევნეს ისინი ხორმამდე.
1 . "როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს: ხეთელებსა და გირგაშელებს, ამორელებს, ქანაანელებსა და ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს, შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და გაცილებით ძლიერს;
2 . ხელში ჩაგაგდებინებს უფალი, შენი ღმერთი, და შენც შემუსრავ მათ. ბოლომდე გაანადგურე ისინი, კავშირი არ შეკრა მათთან და მოწყალე ნუ იქნები მათ მიმართ.
3 . არ დაუმოყვრდე მათ: არც შენი ასული მიათხოვო მის ძეს და არც მისი ასული შერთო ცოლად შენს ძეს!
4 . რადგან განაშორებს ჩემგან შენს ძეს და დაუწყებს მსახურებას უცხო ღმერთებს, აინთება უფლის რისხვა თქვენზე და დაუყოვნებლივ გაგანადგურებთ.
5 . ასე მოექეცი მათ: სამსხვერპლოები დაუნგრიეთ, სვეტები დაუმსხვრიეთ, აშერები აუკაფეთ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებანი.
6 . რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.
7 . იმის გამო კი არ შეგიყვარა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი ხარ, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ;
8 . არამედ, შენდამი უფლის სიყვარულისა და შენს მამებთან დადებული ფიცის გამო გამოგიყვანა უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნა მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის ხელიდან.
9 . იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
10 . მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
11 . დაიცავი მცნებები, დადგენილებანი და სამართალი, რომელთაც გამცნობ დღეს, რათა აღასრულო.
12 . თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.
13 . შეგიყვარებს, გაკურთხებს და გაგამრავლებს, გიკურთხებს მუცლისა და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს; საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მოსაცემად შეჰფიცა შენს მამებს.
14 . კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად; და არ იქნება ბერწი და უნაყოფო არც შენში, არც შენს საქონელში.
15 . მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16 . შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი; არ შეიწყალოს შენმა თვალმა ისინი და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
17 . თუ იტყვი გულში: "ჩვენზე მრავალრიცხოვანნი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნას?”
18 . არ შეგეშინდეს მათი, გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს;
19 . ის დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები, სასწაულები, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20 . კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ დაიღუპება ყველა, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21 . არ თრთი მათ წინაშე, რადგან უფალი, შენი ღმერთია შენს შორის, ღმერთი დიადი და საშინელი.
22 . თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი, ამ ხალხებს; მალე არ უნდა მოსპო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23 . გადმოგცემს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დიდ დაბნეულობას მოჰგვრის მათ, ვიდრე არ განადგურდებიან.
24 . ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
25 . ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.
26 . ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
1 . "როცა მოაწევს შენზე კურთხევისა და წყევლის ყველა ეს სიტყვა, რომლებიც გადმოგეცი და გულთან მიიტან მას ყველა იმ ერში მყოფი, რომელშიც გაგფანტავს უფალი, შენი ღმერთი,
2 . და მიუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს მთელი შენი გულითა და არსებით და შეისმენთ შენ და შენი ძენი მის ხმას ყველაფერში, რასაც გიბრძანებ დღეს,
3 . მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს, შეგიბრალებს და ისევ შემოგკრებს ყველა ხალხთაგან, რომელთა შორისაც დაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა.
4 . ცის კიდემდეც რომ გაიფანტო, იქიდანაც შეგკრებს უფალი, შენი ღმერთი, და იქიდან წამოგიყვანს;
5 . მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, შენი მამების მიერ დამკვიდრებულ ქვეყანაში და შენც დაიმკვიდრებ მას; სიკეთეს გიყოფს უფალი და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.
6 . გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.
7 . შენს მდევნელ მტრებსა და მოძულეებზე მიაქცევს მთელს ამ წყევლას უფალი, შენი ღმერთი.
8 . და შენც მოიქცევი, შეისმენ უფლის ხმას და აღასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც გამცნებ დღეს.
9 . სიუხვით გიკურთხებს უფალი ღმერთი შენი ხელის ყველა საქმეს, შენი მუცლის, საქონლისა და მიწის ნაყოფს, სიკეთისთვის; რადგან კვლავ სასიკეთოდ გაიხარებს უფალი შენზე, როგორც ხარობდა იგი შენს მამებზე,
10 . თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის ხმას, მისი მცნებებისა და წესების დასაცავად, რომლებიც ამ რჯულის წიგნშია ჩაწერილი; თუ მთელი შენი გულითა და არსებით მოიქცევი უფლის, შენი ღმერთისკენ.
11 . რადგან ეს მცნება, რომელსაც გამცნებ დღეს, არც მიუწვდომელია შენთვის და არც შეუძლებელი.
12 . ზეცაში არაა იგი, რომ თქვა: ვინ ავა ჩვენთვის ზეცად და ვინ ჩამოგვიტანს, რათა მოვისმინოთ და აღვასრულოთ?
13 . არც ზღვის გაღმაა იგი, რომ თქმა შეგეძლოს: ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და ვინ წამოგვიღებს, რომ მოგვასმენინოს და აღვასრულოთ?
14 . რადგან ძალიან ახლოა ეს სიტყვა შენთან; შენს ბაგეზეა იგი და შენს გულში, რათა ასრულებდე მას.
15 . აჰა, შენს წინაშე დამიდევს დღეს სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,
16 . რომელთაც იმისთვის გამცნებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, წესები და სამართალი; და იცოცხლებ, გამრავლდები და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
17 . ხოლო თუ უგულებელმყოფ, არ შეისმენ, ცდუნდები, უცხო ღმერთებს ეთაყვანები და მათ მოემსახურები,
18 . მაშინ დღესვე გაუწყებ, რომ დაიღუპები და ვერ იდღეგრძელებ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხარ იორდანეს, რათა შეხვიდე და დაიმკვიდრო იგი.
19 . მოწმედ მოვუხმობ დღეს ცასა და მიწას, რომ: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.
20 . და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, ისმინე მისი ხმა და მიელტვოდე მას; რადგან იგია შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რომ დამკვიდრდე იმ მიწაზე, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს - აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად”.
1 . შეკრიბა იეშუამ ისრაელის ყველა ტომი შექემში და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, ერისთავებს, მსაჯულებსა და ზემდგომებს და წარდგნენ ისინი უფლის წინაშე.
2 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "დასაბამიდან მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ თქვენი მამები - თერახი, აბრაჰამისა და ნახორის მამა და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს.
3 . მამათქვენი აბრაჰამი მდინარის გაღმიდან წამოვიყვანე და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, გავამრავლე მისი თესლი და მივეცი ისაკი.
4 . მივეცი ისაკს იაკობი და ესავი, ესავს სეყირის მთა მივეცი სამკვიდროდ, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.
5 . გავგზავნე მოსე და აჰარონი და დავაწყლულე ეგვიპტე იმ სასწაულებით, რომლებიც მოვიმოქმედე მის შუაგულში; მერე გამოგიყვანეთ.
6 . გამოვიყვანე თქვენი მამები ეგვიპტიდან და მიადგნენ ზღვას; წითელ ზღვამდე მოსდევდნენ ეგვიპტელნი თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით.
7 . შეჰღაღადეს უფალს და მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შორის, მოაქცია მათზე ზღვა და დაფარა ისინი; თქვენი თვალით ნახეთ, რაც მოვიმოქმედე ეგვიპტეში; და მკვიდრობდით უდაბნოში მრავალი დღე.
8 . მიგიყვანეთ ამორელთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ მკვიდრობდნენ. შეგებრძოლნენ, მაგრამ ხელში ჩაგიგდეთ ისინი, თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენი პირისგან.
9 . ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, შეებრძოლა ისრაელს და მიავლინა ბილყამ ბეყორის ძის მოსახმობად, რათა დაეწყევლეთ.
10 . მაგრამ არ ვინებე ბილყამის მოსმენა და კურთხევით გაკურთხათ მან. ასე გიხსენით მისი ხელისგან.
11 . გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. შეგებრძოლნენ იერიხოს პატრონები: ამორელები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელნი, გირგაშელნი, ხიველნი და იებუსელნი და ხელში ჩაგიგდეთ ისინი.
12 . კრაზანები მივუსიე და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორელი მეფე, მაგრამ არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.
13 . და მოგეცით ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ და ქალაქები, რომლებიც არ გიშენებიათ, მაგრამ თქვენ ცხოვრობთ მათში; ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც არ დაგირგავთ, მაგრამ თქვენ ჭამთ.
14 . ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ.
15 . და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ - იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ - ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
16 . მიუგო ხალხმა და თქვა: "შორს იყოს ჩვენგან ისეთი საქმე, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
17 . რადგან უფალია ჩვენი ღმერთი, მან ამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, მან მოიმოქმედა ჩვენს თვალწინ დიადი სასწაულები და გვიცავდა ყოველ გზაზე, რომელზეც დავდიოდით და ყველა ხალხში, რომელთა შორისაც გავიარეთ.
18 . განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი”.
19 . უთხრა იეშუამ ხალხს: "ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი - ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.
20 . თუ მიატოვებთ უფალს და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას, მოგიბრუნდებათ, ბოროტებას დაგათევთ და ბოლოს მოგიღებთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ”.
21 . უპასუხა ხალხმა იეშუას: "არა, მხოლოდ უფალს გვინდა ვემსახუროთ!”
22 . უთხრა იეშუამ ხალხს: "თქვენვე ხართ თქვენი თავის მოწმენი, რომ უფალი აირჩიეთ, რათა მას ემსახუროთ!” უპასუხეს: "მოწმენი ვართ!”
23 . "ახლა მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენ შორის რომ არიან და მომართეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისკენ”.
24 . უთხრა ხალხმა იეშუას: "უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”.
25 . იმ დღეს დადო იეშუამ აღთქმა ხალხთან და მისცა მათ წესი და სამართალი შექემში.
26 . და ჩაწერა იეშუამ ეს სიტყვები ღმერთის რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27 . უთხრა იეშუამ მთელ ხალხს: "აჰა, ეს ქვა იქნება მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც გვითხრა უფალმა; და იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი”.
28 . და გაუშვა იეშუამ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29 . ამ ამბების შემდედ, ას ათი წლის მოკვდა იეშუა ნავეს ძე, უფლის მსახური.
30 . და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომაა, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31 . ემსახურებოდა ისრაელი უფალს იეშუას სიცოცხლის დღეებში და უხუცესთა სიცოცხლის დღეებში, რომლებიც ცხოვრობდნენ იეშუას მერე და იცოდნენ უფლის ყოველი საქმე, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისთვის.
32 . დაკრძალეს ეგვიპტიდან ისრაელის ძეების მიერ ამოტანილი იოსების ძვლები შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც იოსების ძეების საკუთრება გახდა და ას კესიტად ჰქონდა ნაყიდი იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან.
33 . და მოკვდა ელეაზარი, აჰარონის ძე და დამარხეს იგი მისი ძის, ფინხასის ბორცვზე, რომელიც ეფრემის მთაზე მიეცა მას.
1 . ილოცა ხანამ და თქვა: "ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.
2 . არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.
3 . აღარ ილაპარაკოთ ქედმაღლურად; კვეხნა ნუ გამოვა თქვენი ბაგეებიდან, რადგან ცოდნის ღმერთია უფალი, ის განსჯის ყველა საქმეს.
4 . ძლიერთა მშვილდი დაიმსხვრევა, უძლურნი კი ძალას შემოისარტყლავენ.
5 . მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ; უშვილომ შვიდი დაბადა; მრავალშვილიანი კი დაჭკნა.
6 . უფალი კლავს და აცოცხლებს, საფლავში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
7 . უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
8 . მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
9 . იცავს თავის წმიდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი.
10 . უფალი მოსპობს მის მოწინააღმდეგეთ, ციდან იგრგვინებს მათზე. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს, ძალას მისცემს თავის მეფეს და მოამაღლებს თავისი ცხებულის რქას!”
11 . წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი ყელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად.
12 . უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები, არ იცნობდნენ უფალს.
13 . არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ ხალხის წინაშე: როცა ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის მსახური სამკაპით ხელში.
14 . ჩაჰკრავდა ქვაბში, ან ქვაბქოთანში, ან ტაფაში, ანდაც ქილაში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდლის ძეს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მიმსვლელ ყველა ისრაელიანელს.
15 . უფრო მეტიც: ქონის კმევამდეც მოდიოდა მღვდლის მსახური და ეუბნებოდა შესაწირის პატრონს: "შესაწვავი ხორცი მიეცი მღვდელს, მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი”.
16 . თუ ეტყოდა კაცი: "ჯერ ქონს ვაკმევ და მერე წაიღე, რაც გენებოსო,” მიუგებდა: "არა, ახლა მომეცი, თორემ ძალით წაგართმევ”.
17 . ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.
18 . ყმაწვილი სამუელი კი მსახურებდა უფლის წინაშე და სელის ეფოდი ემოსა.
19 . პატარა სამოსელს უმზადებდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ამოდიოდა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად.
20 . აკურთხებდა ხოლმე ყელი ელკანასა და მის ცოლს და ეტყოდა: "უფალმა მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა, უფლისთვის მიძღვნილის სანაცვლოდ!” და ბრუნდებოდნენ სახლში.
21 . მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ძე და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფლის წინაშე იზრდებოდა.
22 . ძალზე მოხუცდა ყელი; ესმოდა, როგორც ექცეოდნენ მისი ვაჟები ისრაელს, და როგორ წვებოდნენ იმ ქალებთან, რომლებიც კარვის კართან მსახურებისთვის იკრიბებოდნენ.
23 . ეუბნებოდა: "რატომ იქცევით ასე? ხალხისგან მესმის თქვენი ბოროტების ამბავი.
24 . არ გინდათ, შვილებო, არ არის კარგი, რაც მესმის: თქვენგან ირყვნება უფლის ერი.
25 . თუ კაცმა კაცს შესცოდა, უფალი უშუამდგომლებს, მაგრამ თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ უშუამდგომლებს?” და არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან უფალმა ინება მათი დაღუპვა.
26 . ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მადლს იხვეჭდა უფლისა და ხალხის თვალში.
27 . მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის მონობის სახლში ყოფნისას?
28 . ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა ტომიდან ჩემს მღვდლად, რომ ჩემს სამსხვერპლოზე ასულიყო კეთილსურნელების საკმევად და ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე მივეცი მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო შესაწირი.
29 . რატომ თელავთ ფეხქვეშ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირს, მე რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირის საუკეთესო წილით?
30 . ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან!
31 . აჰა, დგება ჟამი და მოვკვეთ შენს მკლავს და მამაშენის სახლის მკლავს ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩება შენს სახლში.
32 . მეტოქეს დაინახავ ჩემს სამყოფელში, მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც ისრაელში მოხდება; შენს სახლში კი უკუნისამდე აღარ იქნება მოხუცებული.
33 . მაგრამ ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რათა თვალები დაგებინდოს და სული შეგიწუხდეს; და შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება კაცობის ასაკში.
34 . და აჰა, ნიშანი, რომელიც შენს ორ ვაჟზე, ხოფნიზე და ფინხასზე აღსრულდება: ერთ დღეს მოკვდებიან ორივენი.
35 . და დავიდგენ ჩემთვის ერთგულ მღვდელს, რომელიც იმას აღასრულებს, რაც ჩემს გულსა და აზრშია. მყარ სახლს ავუშენებ და ივლის მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე.
36 . და ყოველი გადარჩენილი შენს სახლში, მივა მასთან, მოიდრიკება მის წინაშე ვერცხლის ფულისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: დამადგინე რაიმე სამღვდლო მსახურებაზე, რომ ვჭამო ლუკმაპური”.
1 . როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი ძენი დაადგინა.
2 . მის პირმშოს სახელად იოელი ერქვა, ხოლო მეორეს - აბია; ბეერ-შებაყში მსაჯულობდნენ ისინი.
3 . არ დადიოდნენ შვილები მამის კვალზე, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
4 . შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათში.
5 . უთხრეს: "აჰა, შენ მოხუცდი, შენი შვილები კი შენს გზას არ მიჰყვებიან; დაგვიდგინე მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია”.
6 . არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, რომ თქვეს: "მეფე მოგვეციო მსაჯულად!” და ილოცა სამუელმა უფლის მიმართ.
7 . უთხრა უფალმა სამუელს: "გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არა, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ!
8 . ასე იქცეოდნენ იმ დღიდან, რაც გამოვიყვანე ეგვიპტიდან, დღემდე, მივიწყებდნენ და სხვა ღმერთებს ემსახურებოდნენ, შენც ასევე გექცევიან.
9 . გაუგონე მათ, მაგრამ თან გააფრთხილე და აუხსენი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს მათზე!”
10 . და გადასცა სამუელმა უფლის ყოველი სიტყვა ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
11 . უთხრა: "ასეთი უფლებებით იმეფებს მეფე თქვენზე: წაიყვანს თქვენს ძეებს და თავის ეტლებთან და მხედრებთან დააყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
12 . დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრის მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურვლისა და ეტლების მკეთებლებად.
13 . მენელსაცხებლებად, მზარეულებად და ხაბაზებად წაიყვანს თქვენს ასულებს.
14 . საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის საუკეთესო ბაღებს წაიღებს და თავის მსახურებს გადასცემს.
15 . მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მსახურებს მისცემს.
16 . წაიყვანს საუკეთესო მონებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.
17 . წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი მონები გახდებით.
18 . შეჰღაღადებთ იმ დღეს მეფის გამო, რომელსაც ამოირჩევთ, მაგრამ არ გიპასუხებთ უფალი!”
19 . არ მოუსმინა ხალხმა სამუელს. თქვეს: "არა! მეფე უნდა გვესვას”.
20 . ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ერები არიან; მეფემ უნდა განგვსაჯოს, წინ წაგვიძღვება და ჩვენი ბრძოლებით იბრძოლებს”.
21 . მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი ყოველი სიტყვა და ელაპარაკა უფალს.
22 . უთხრა უფალმა სამუელს: "გაუგონე მათ და დაუდგინე მეფე”. და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: "დაბრუნდით თქვენ-თქვენს ქალაქებში”.
1 . აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, აკოცა და უთხრა: "აჰა, თავისი სამკვიდროს მთავრად გცხო უფალმა.
2 . დღესვე, ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის სამარხთან ცელცახში, ბენიამინის საზღვარზე. გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წახვედი; აჰა, დაავიწყდა მამაშენს ვირები და შენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო?
3 . გასცდები იმ ადგილს და თაბორის მუხნარამდე მიხვალ. იქ ბეთელისკენ ღმერთთან მიმავალ სამ კაცს შეხვდები. ერთს სამი თიკანი მიჰყავს, მეორეს სამი პური მიაქვს, ხოლო მესამეს - ტიკით ღვინო.
4 . მოგესალმებიან და ორ პურს მოგცემენ; და შენც გამოართმევ.
5 . ამის შემდეგ ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია; ქალაქში შესვლისას, გორაკიდან ჩამომავალ წინასწარმეტყველთა გუნდს შეხვდები, რომელთაც ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით მიუძღვებიან წინ; თავად კი წინასწარმეტყველებენ.
6 . უფლის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად იწყებ წინასწარმეტყველებას; სხვა კაცად გარდაიქმნები.
7 . ამ ნიშნების შემდეგ, როგორც მოგიხდეს, ისე მოიქეცი, რადგან ღმერთი იქნება შენთან.
8 . ჩემზე წინ ჩადი გილგალში და მეც მალე მოვალ შენთან, რათა შევწირო სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. შვიდი დღე მელოდე, ვიდრე არ მოვალ შენთან და მე გეტყვი, როგორ უნდა მოიქცე”.
9 . როგორც კი გატრიალდა საული სამუელისგან, სხვა გული მისცა ღმერთმა; და ყველა ნიშანი აუხდა იმ დღეს.
10 . მივიდნენ გორაკთან და, აჰა, წინასწარმეტყველთა გუნდი მოდის მასთან შესახვედრად. გადმოვიდა მასზე უფლის სული და მათთან ერთად იწყო წინასწარმეტყველება.
11 . ყველა, ვინც მანამდე იცნობდა საულს, ხედავდა: აჰა, წინასწარმეტყველთა შორის წინასწარმეტყველებს იგი; ლაპარაკი გააბეს ერთმანეთში: "ეს რა დაემართა კიშის ძეს? ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისაა?”
12 . და თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: "ვინ არის მათი მამა?” ასე წარმოიშვა ანდაზა: "ნუთუ საულიც წინასწარმეტყველთა შორისააო?”
13 . შეწყვიტა წინასწარმეტყველება და ავიდა მაღლობზე.
14 . უთხრა საულის ბიძამ საულსა და მის მსახურს: "სად იყავით?” უპასუხა: "ვირებს ვეძებდით და რომ ვერ ვიპოვეთ, სამუელთან მივედით”.
15 . "რა გითხრათ სამუელმა?” - ჰკითხა საულს ბიძამ.
16 . მიუგო საულმა: "გვითხრა, ნაპოვნიაო ვირები”. არ გაუმხელია სიტყვა მეფობის შესახებ, რომელიც უთხრა სამუელმა.
17 . და დაუძახა სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში.
18 . უთხრა ისრაელის ძეებს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან. მე გიხსენით ეგვიპტელთა და ყველა სამეფოს ხელთაგან, რომელიც გავიწროვებდათ”.
19 . გიხსნათ ძნელბედობისა და გაჭირვებისას, თქვენ კი უარყოფთ თქვენს ღმერთს და ეუბნებით: "მეფე დაგვიდგინეო. აჰა, წარსდექით უფლის წინაშე, თქვენ-თქვენი ტომისა და სახლეულის მიხედვით”.
20 . სათითაოდ მოიახლოვა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.
21 . მიიყვანა ბენიამინის ტომი სახლეულების მიხედვით და მატრის სახლს ხვდა წილი; მერე კი საულს, კიშის ძეს, ხვდა წილი. დაუწყეს ძებნა და ვერ იპოვეს;
22 . კვლავ დაეკითხნენ უფალს: "უკვე მოვიდა ის კაცი?” უთხრა უფალმა: "აჰა, აღალს არის ამოფარებული”.
23 . გაიქცნენ და წამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხს შორის და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
24 . უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: "ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა, რადგან არავინაა მისი მსგავსი მთელ ხალხში”. შესძახა მთელმა ხალხმა და თქვა: "დღეგრძელი იყოს მეფე!”
25 . და გამოუცხადა სამუელმა მთელ ხალხს მეფის უფლებები, ჩაწერა წიგნში და დადო უფლის წინაშე. გაუშვა სამუელმა ხალხი და დაბრუნდა ყველა თავის სახლში.
26 . საულიც წავიდა თავის სახლისკენ, გიბყაში; და თან გაჰყვნენ ვაჟკაცები, რომელთა გულებსაც შეეხო ღმერთი.
27 . უღირსი ხალხი კი ამბობდა: როგორ გვიხსნისო ეგ კაცი? შეიძულეს, არც პატივი მიაგეს და არც ძღვენი მიართვეს. მას კი არაფერი უთქვამს.
1 . უთხრა სამუელმა საულს: "უფალმა წარმომგზავნა, რომ მეცხე მისი ხალხის, ისრაელის მეფედ; ახლა მოისმინე უფლის სიტყვები.
2 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მახსოვს, როგორ მოექცა ყამალეკი ისრაელს, როცა წინ აღუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
3 . ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაანადგურე ყველაფერი, რაც გააჩნია. ნუ დაზოგავ, მოკალი ყოველი მამაკაცი, დედაკაცი, ყრმა და ძუძუმწოვარი, ყოველი ხარი, კრავი, აქლემი და სახედარი”.
4 . შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი და ათი ათასი კაცი იუდას ტომიდან.
5 . მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6 . უთხრა საულმა კენიელთ: "წადით, განშორდით, გადით ყამალეკელთაგან, რომ თქვენც არ მოგსრათ მათთან ერთად, ვინაიდან კეთილად მოექეცით ისრაელს ეგვიპტიდან გამოსვლისას”. და განშორდნენ კენიელნი ყამალეკელებს.
7 . და გაანადგურა საულმა ყამალეკი ხავილადან შურის მისადგომებამდე, რომელიც ეგვიპტის პირდაპირაა.
8 . აგაგი, ყამალეკის მეფე ცოცხლად შეიპყრო, დანარჩენი ხალხი კი მოსპო, მახვილის პირით ამოხოცა.
9 . მაგრამ დაზოგეს საულმა და ხალხმა აგაგი, აგრეთვე საუკეთესო ცხვარი და საქონელი, ნასუქი ვერძები და ყოველივე საუკეთესო. არ ისურვეს მათი მოსპობა, ხოლო ყოველივე უმნიშვნელო და ცუდი მოსპეს.
10 . და იყო სიტყვა უფლისა სამუელის მიმართ:
11 . "ვწუხვარ, რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაჰყოლია ჩემს ბრძანებებს”. დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა უფალს.
12 . მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: "აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.
13 . მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: "კურთხეული ხარ უფლისგან; აღვასრულე უფლის ბრძანება”.
14 . მაგრამ თქვა სამუელმა: "მაშ ცხვრისა და საქონლის ბღავილი რატომ ესმის ჩემს ყურებს?”
15 . უთხრა საულმა: "ყამალეკისგან გამორეკეს; ხალხმა საუკეთესო ცხვარი და საქონელი დაზოგა, რომ უფალს, შენს ღმერთს შესწიროს. დანარჩენი კი გავანადგურეთ”.
16 . მიუგო სამუელმა საულს: "მაცადე და გეტყვი, რაც წუხელ მითხრა უფალმა”. თქვა საულმა: "ილაპარაკე”.
17 . უთხრა სამუელმა: "განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?!
18 . წარგგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა: წადი და ააოხრე ეს ცოდვილი ყამალეკი, მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!
19 . რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?”
20 . უპასუხა საულმა სამუელს: "ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკელი ავაოხრე.
21 . მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარ-ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, შეეწირათ მსხვერპლად გილგალში”.
22 . მაგრამ მიუგო სამუელმა: "განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
23 . რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.
24 . მიუგო საულმა სამუელს: "შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.
25 . ახლა გთხოვ, შემინდე ცოდვა, დაბრუნდი ჩემთან ერთად და ვცეთ უფალს თაყვანი”.
26 . უპასუხა საულს სამუელმა: "არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან უარყავი უფლის სიტყვა და უფალმაც უარყო შენი მეფობა ისრაელზე”.
27 . გამობრუნდა სამუელი წამოსასვლელად, მაგრამ მოსასხამის კალთას ჩაებღაუჭა საული და მოგლიჯა იგი.
28 . მაშინ უთხრა სამუელმა: "ასე გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის სამეფო და მისცა იგი შენს მოყვასს, შენზე უკეთესს.
29 . არ იცრუებს და არ გადაიფიქრებს ისრაელის დიდება, რადგან ადამიანი არაა, რომ გადაიფიქროს”
30 . მიუგო საულმა: "შევცოდე. გემუდარები, დამდე ახლა პატივი ჩემი ხალხის უხუცესებისა და ისრაელის წინაშე და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რათა თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს”.
31 . გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32 . მასთან შებორკილი აგაგი, რადგან ფიქრობდა ნამდვილად ამცდაო მწარე სიკვდილი!
33 . უთხრა სამუელმა აგაგს: "როგორც შენმა მახვილმა დატოვა ქალები შვილების გარეშე, ისე დედაშენი იყოს ქალთა შორის შვილმკვდარი”. და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში, უფლის წინაშე.
34 . წავიდა სამუელი რამაში, საული კი გიბყაში, თავის სახლისკენ გაემართა
35 . და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი დარჩენილი სიცოცხლის დღეებში, მაგრამ წუხდა სამუელი საულისთვის, რადგან ინანა უფალმა, საული რომ გაამეფა ისრაელზე.
1 . მაშინ თქვა სოლომონმა: „თქვა უფალმა, რომ სქელ ღრუბელში დაივანებდა.
2 . სახლი ავაშენე, სავანე შენთვის და ადგილი შენი მარადიული სამყოფელისთვის!”
3 . სახე მოიბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის მთელი კრებული. ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული;
4 . თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და თავისივე ხელით აღასრულა ნათქვამი:
5 . იმ დღიდან, რაც ჩემი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, არ ამომირჩევია ქალაქი ისრაელის არცერთი ტომიდან სახლის ასაშენებლად და ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად და არც კაცი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად;
6 . მაგრამ იერუსალიმი ამოვირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად და დავითი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად!
7 . აჰა, გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
8 . უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე;
9 . ოღონდ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წელიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე!
10 . და აღასრულა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა, რადგან მე აღმადგინა დავითის, მამაჩემის ნაცვლად და დავჯექი ისრაელის ტახტზე, როგორც აღგვითქვა უფალმა და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
11 . დავდგი იქ კიდობანი, უფლის აღთქმასთან ერთად, რომელიც მან ისრაელის ძეებს დაუდო!”
12 . უფლის სამსხვერპლოს წინ დადგა სოლომონი ისრაელის მთელი კრებულის თანდასწრებით და აღაპყრო ხელები.
13 . სოლომონის მიერ გაკეთებული სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძითა და სიგანით ხუთი წყრთა, სიმაღლით კი სამი წყრთა იყო და შუა ეზოში იდგა; დადგა მასზე, დაიჩოქა ისრაელის მთელი კრებულის წინ და ზეცისკენ აღაპყრო ხელები.
14 . თქვა: „უფალო, ისრაელის ღმერთო! არავინაა შენი მსგავსი, ღმერთი, ცასა და მიწაზე, რადგან შენ უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთ, რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე.
15 . შენ შეუნახე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც შენი პირით გქონდა ნათქვამი და შენმა ხელმა აღასრულა ამ დღეს.
16 . ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, აღუსრულე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ მოისპობაო შენგან კაცი ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ დაიცვან შენმა ძეებმა თავიანთი გზები, რათა იარონ ჩემი რჯულის გზით, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.
17 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, დაადასტურე შენი სიტყვა, რომელიც დავითისთვის - შენი მსახურისთვის გაქვს ნათქვამი.
18 . ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი კაცთა შორის დედამიწაზე? აჰა, ცანი და ზეცა ვერ გიტევს შენ, მით უმეტეს ეს სახლი, რომელიც ავაშენე, როგორღა დაგიტევს?
19 . მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, და ისმინე ღაღადი, რომლითაც ლოცულობს მსახური შენი შენ წინაშე.
20 . რათა დღე და ღამ მიპყრობილი იყოს შენი თვალები ამ სახლზე, იმ ადგილისკენ, რომელზეც გაქვს ნათქვამი, რომ იქ დაამკვიდრებდი შენს სახელს, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც ილოცებს შენი მსახური ამ ადგილზე.
21 . უსმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის ვედრებას, როდესაც ილოცებენ ამ ადგილზე, ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან; და როცა მოისმენ - შეგვიწყალე.
22 . თუ მოყვასთაგან შესცოდოს ერთმა მეორეს და წყევლა აღევლინება ჩადენილის გამო ამ სახლში, შენი სამსხვერპლოს წინაშე,
23 . ისმინე ზეციდან, აღასრულე სამართალი და განიკითხე შენი მსახურნი, რათა თავისი ქმედებისამებრ მიაგო ბოროტს, მართალი კი გაამართლო და მისი სიმართლის მიხედვით მიუზღო.
24 . თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება, რადგან შეგცოდა, მერე კი მობრუნდება და შეაქებს შენს სახელს, ილოცებს და წყალობას გთხოვს აქ, ამ სახლში,
25 . მაშინ მოუსმინე ზეციდან, აპატიე შენს ხალხს, ისრაელს, ცოდვა და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის და მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
26 . როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იწვიმებს, რადგან გცოდავდნენ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ მობრუნებულნი, აღიარებენ შენს სახელსა და თავიანთ ცოდვებს მიატოვებენ, რადგან სჯიდი მათ,
27 . მაშინ ისმინე ზეციდან, აპატიე შენს მსახურებსა და შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, რათა დააყენო კეთილ გზაზე, რომლითაც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს ქვეყანას, რომელიც შენს ხალხს მიეცი სამკვიდრებლად,
28 . თუ შიმშილი იქნება ქვეყანაში ან შავი ჭირი, ხორშაკი ან სიყვითლე, კალია ან მწერი, რომ ავიწროებდეს მას მტერი ქვეყნის კარიბჭესთან, რაიმე წყლული იქნება თუ სნეულება,
29 . ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი ტვირთი და სატკივარი და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,
30 . მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აპატიე. ყოველ კაცს თავისი გზებისამებრ მიაგე, მისივე გულისამებრ, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანის ძეთა გულები,
31 . რათა ეშინოდეთ და დადიოდნენ შენი გზებით მთელი ცხოვრება, იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი.
32 . იმ უცხოტომელსაც მოუსმინე, რომელიც შენი ხალხისგან, ისრაელისგან არაა, მაგრამ მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლთან,
33 . შეისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე ყოველივე, რისთვისაც მოგიხმობს უცხოტომელი, რათა შეიცნოს დედამიწის ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდნენ, რომ შენი სახელი ეწოდა ამ სახლს, რომელიც მე ავაშენე.
34 . როდესაც შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საბრძოლველად, რომლითაც შენ გაგზავნი და ლოცვით მოგმართავს მობრუნებული ამ ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენი სახელისთვის ამოირჩიე და მე ავაშენე,
35 . მაშინ ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და ვედრება და სამართალი გაუჩინე.
36 . როცა შეგცოდებენ, რადგან არაა ადამიანი, რომელიც არ შესცოდავს, განრისხდები, მტერს ჩაუგდებ მათ და შორეულ ან ახლო ქვეყანაში ტყვედ წაიყვანენ,
37 . როცა გონს მოეგებიან ტყვეობის ქვეყანაში, იმ მიწიდან, სადაც ტყვედ იქნებიან, მობრუნდებიან და შემოგღაღადებენ: შევცოდეთ, უმართლობა და ბოროტება ჩავიდინეთო!
38 . როცა მოიქცევიან მთელი გულითა და გონებით ტყვეობის ქვეყანაში, სადაც წაყვანილ იქნენ, ილოცებენ თავიანთ მიწისკენ, იმ მიწისკენ მობრუნებულნი, მათ მამებს რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,
39 . მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მათი ლოცვა და ვედრება, სამართალი გაუჩინე და აპატიე შენს ხალხს, რომელმაც შეგცოდა.
40 . ახლა კი, ჩემო ღმერთო, თვალი გეჭიროს და ყურად იღე ამ ადგილზე აღვლენილი ლოცვა.
41 . აღსდექ ახლა, უფალო ღმერთო, შენს სავანეზე, შენი ძლიერების კიდობანზე. შენი მღვდლები, უფალო ღმერთო, ხსნით შეიმოსონ და შენი მოიმედენი სიკეთით ხარობდნენ.
42 . უფალო ღმერთო! ზურგს ნუ შეაქცევ შენი ცხებულის სახეს, გაიხსენე შენი წყალობა, რომელიც აღუთქვი შენს მსახურს, დავითს.
1 . ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2 . ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
3 . არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
4 . შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
5 . ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
6 . მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7 . განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8 . შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
9 . რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
10 . მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
11 . გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
12 . კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13 . ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14 . შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
15 . შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16 . შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
17 . კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
18 . აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19 . მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20 . მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21 . შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
22 . ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
23 . დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24 . შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
25 . მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26 . გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27 . გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28 . დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
29 . გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
30 . გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31 . მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
32 . შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33 . მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34 . გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35 . დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36 . განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
37 . ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
38 . დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39 . ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
40 . აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
41 . მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
42 . და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43 . ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.
44 . დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45 . ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46 . ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
47 . გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48 . ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49 . გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
50 . ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
51 . ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52 . ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
53 . თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
54 . სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55 . ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56 . ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57 . ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
58 . გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59 . ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60 . ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61 . ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
62 . შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
63 . თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
64 . შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
65 . კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66 . კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67 . ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68 . კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
69 . ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70 . დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71 . კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
72 . უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73 . შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74 . მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75 . ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76 . დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77 . მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78 . შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79 . დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80 . იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.
81 . დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?
83 . ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
84 . რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85 . გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.
86 . ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87 . ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.
88 . შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
89 . უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90 . თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
91 . შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92 . რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93 . უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
94 . შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
95 . მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96 . ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97 . რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98 . ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99 . ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
100 . მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101 . ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102 . შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
103 . რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
104 . შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
105 . ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
106 . დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
107 . დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
108 . აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109 . სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110 . დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111 . დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112 . მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.
113 . ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
114 . თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115 . შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
116 . შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
117 . შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
118 . მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119 . როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
120 . თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121 . ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122 . გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123 . დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124 . მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125 . მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
126 . ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
127 . ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
128 . ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129 . საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130 . საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
131 . პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132 . მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
133 . ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
134 . გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135 . შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
136 . წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137 . მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
138 . ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139 . დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
140 . ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141 . მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142 . სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143 . განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
144 . სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
145 . მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
146 . შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
147 . ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148 . ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149 . ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
150 . მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
151 . ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152 . ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153 . იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
154 . გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
155 . შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
156 . წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
157 . ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
158 . ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
159 . ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160 . საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
161 . მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162 . ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163 . სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164/165 . დღეში შვიდგზის გაქებ შენ ,სიმართლის სამართალთათვის. 165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166 . იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
167 . იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168 . ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169 . მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
170 . მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171 . წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.
172 . იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.
173 . იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174 . ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175 . იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
176 . დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
1 . განა არ მოუხმობს სიბრძნე და ხმას არ იმაღლებს გონიერება?
2 . მაღლობთა მწვერვალებზე დგას, გზებსა და გზაჯვარედინებზე,
3 . კარიბჭეებთან, ქალაქის შესასვლელთან, ჭიშკრებთან ღაღადებს:
4 . თქვენ მოგიხმობთ კაცნო, ადამის ძეთ მიმართავს ჩემი ხმა.
5 . შეიგნეთ გამჭრიახობა გულუბრყვილნო და სიბრძნე - უგუნურნო.
6 . ისმინეთ, რადგან უმთავრესზე ვილაპარაკებ; გავხსნი ბაგეებს სიმართლის სათქმელად.
7 . რადგან, ჭეშმარიტებას წარმოსთქვამს ჩემი პირი და ბოროტება სისაძაგლეა ჩემს ბაგეთათვის.
8 . სამართლიანია ყოველი ნათქვამი ჩემი პირისა, მზაკვრული და მრუდე არაფერია მათში.
9 . წრფელია ყოველი მათგანი გამგებისთვის და მართებული - ცოდნის მპოვნელისთვის.
10 . აიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი; ცოდნა და არა რჩეული ოქრო.
11 . რადგან, ძვირფას თვლებზე უკეთესია სიბრძნე, ვერავითარი სანატრელი რამ ვერ შეედრება”.
12 . მე, სიბრძნე, გონიერებასთან ვმკვიდრობ და ცოდნასა და წინდახედულობას ვპოვებ.
13 . უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.
14 . ჩემთანაა რჩევა და ჯანსაღი სიბრძნე; მე ვარ გონიერება და მაქვს ძლიერება.
15 . ჩემით მეფობენ მეფენი და აწესებენ სამართალს ხელისუფალნი,
16 . ჩემით მთავრობენ მთავარნი და კეთილშობილნი, ქვეყნის ყველა მოსამართლე.
17 . მიყვარს ჩემი მოყვარულნი და გულმოდგინედ მაძიებელნი მიპოვნიან.
18 . ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19 . ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უმჯობესია და ჩემი მოსავალი - რჩეულ ვერცხლზე.
20 . სიმართლის გზით დავდივარ, სამართლიანობის ბილიკების შუაგულში,
21 . რათა სიმდიდრე დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულებს და ავავსო მათი საგანძურები.
22 . თავისი გზის დასაწყისშივე ვყავდი უფალს, თავის ქმნილებამდე, ძველთაგანვე.
23 . ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე - დედამიწის უწინარეს.
24 . მაშინ გამოვჩნდი, როცა არც უფსკრულები იყო და არც უხვი წყაროს წყლები.
25 . სანამ მთები დადგინდებოდნენ, ბორცვებზე ადრე გამოვჩნდი.
26 . როცა არც დედამიწა იყო შექმნილი, და არც მინდვრები და ქვეყნიერების პირველი მტვერი.
27 . იქ ვიყავი ცათა დაფუძნებისას, როცა წრე შემოავლო ზღვის ზედაპირს,
28 . როცა მაღლა ღრუბლებს ამაგრებდა და უფსკრულში წყაროებს აძლიერებდა,
29 . როცა წესი დაუდგინა ზღვებს, რათა წყლებს არ გადაელახათ მათი ნაპირი და ბრძანებით დაადგინა დედამიწის საფუძვლები.
30 . ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი, დღენიადაგ მისი სიხარული ვიყავი და ყოველთვის ვხარობდი მის წინაშე:
31 . ვხარობდი სამყაროთი და ქვეყნიერებით, ადამიანის ძეებში იყო ჩემი ნეტარება.
32 . ამიტომ მისმინეთ ახლა, შვილებო, რადგან ნეტარნი არიან ჩემი გზების შემნახველნი.
33 . ისმინეთ ჩემი დარიგება და დაბრძენდით, ნუღარ წაუყრუებთ.
34 . ნეტარია კაცი, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და ჩემი შესასვლელის ზღურბლთან მომელის.
35 . რადგან ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს ჰპოვებს და კეთილგანწყობას იღებს უფლისგან.
36 . ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.
1 . ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს "მე მიპყრია შენი მარჯვენა, რათა ერები დაგემორჩილონ, მე შევხსნი სარტყელთ მეფეთა წელს, რათა გავხსნა კარები შენ წინაშე და კარიბჭენი არ დაიკეტოს.
2 . მე წავალ შენს წინ და გამრუდებულს გავასწორებ, სპილენძის კარს შევამტვრევ და რკინის ურდულებს დავლეწავ.
3 . მოგცემ ბნელში დაცულს საუნჯეს და გადამალულ საგანძურს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც გიხმობს შენი სახელით.
4 . იაკობის, ჩემი მსახურისა და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისთვის მოგიხმე სახელით; საპატიო სახელი მოგეცი, თუმცა არ მიცნობდი.
5 . მე ვარ უფალი და არავინაა სხვა, ჩემს გარდა არ არის ღმერთი; მე შემოგარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ.
6 . რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინაა ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.
7 . მე ვსახავ სინათლეს და ვქმნი ბნელს, ვიქმ მშვიდობას და ვქმნი უბედურებას, მე ვარ უფალი, რომელიც იქმს ყოველივე ამას.
8 . მოაფრქვიეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე აწვეთონ, გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს, ხსნა და სამართლიანობა ერთად აღმოცენდეს; მე, უფალი, ვქმნი ამას.
9 . ვაი თავის შემქმნელთან მოდავეს, როგორც ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა მეთიხეს, რას აკეთებო? ან ნამოქმედარი იტყვის შენზე, ხელები არა აქვსო?
10 . ვაი თავის მამისთვის მთქმელს: "რისთვის ჩამსახე?” ან ქალისთვის: "რად ეწამე ჩემზე მშობიარობისას?”
11 . ასე ამბობს უფალი, წმიდა ისრაელისა და შემქმნელი მისი: "ჩემი ძეების მომავალზე მეკითხებით მე? და ჩემი ხელის ნაკეთებზე მავალდებულებთ?
12 . მე შევქმენი დედამიწა და შევქმენი ადამიანი მასზე; ჩემმა ხელებმა გადაჭიმეს ზეცა და მთელი მისი ლაშქარი მე დავადგინე.
13 . მე დავადგინე ის სიმართლით და ყველა მის გზას მე მოვასწორებ, ის ააშენებს ჩემს ქალაქს და წარგზავნის ჩემს დევნილებს საფასურისა და ძღვენის გარეშე!” - ამბობს ცაბაოთ უფალი.
14 . ასე ამბობს უფალი: "ეგვიპტის ნაყოფები, ქუშის ნავაჭრი და შებაელნი, ზორბა ხალხი, შენი გახდებიან, შენ გამოგყვებიან, ბორკილებში ივლიან, მოიდრიკებიან შენ წინაშე და შემოგღაღადებენ: ნამდვილად მხოლოდ შენშიაო ღმერთი და მის გარდა სხვა არავინაა ღმერთი.
15 . მართლაც შენა ხარ ღმერთი დაფარული, ღმერთი - ისრაელის მხსნელი.
16 . შერცხვებიან და დამცირდებიან ყველანი, ერთად გაილანძღებიან კერპთა მკეთებელნი.
17 . იხსნა უფალმა ისრაელი საუკუნო ხსნით; არა, არ შერცხვებით და არ დამცირდებით საუკუნოდ”.
18 . რადგან ასე ამბობს უფალი, ზეცის შემოქმედი, რომელიც დედამიწის გამომსახველი და შემქმნელი ღმერთია; მან დააფუძნა იგი არა ამაოდ, არამედ იმისთვის გააჩინა, რომ დამკვიდრებულიყვნენ მასზედ: "მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.
19 . ფარულად, დედამიწის წყვდიადში არ მილაპარაკია, არ მითქვამს იაკობის თესლისთვის: "ამაოდ მეძიებთ!” მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, მართებულის გამცხადებელი.
20 . შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით ერთაგან გადარჩენილნო; უცოდინარნი არიან ისინი, ვინც თავის ხის ქანდაკებებს დაატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ დაიხსნის.
21 . გამოაცხადეთ და თქვით, ერთმანეთში მოითათბირეთ: ვინ განაცხადა ეს ძველთაგანვე და წინდაწინ ვინ თქვა? განა მე არა, უფალმა? და არაა სხვა ღმერთი, ღმერთი - მართალი და მხსნელი, ჩემ გარდა!
22 . მომიბრუნდით და გადარჩით, დედამიწის ყველა კიდიდან, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.
23 . ჩემი თავი დავიფიცე! მართალი სიტყვა გამოვიდა ჩემი პირიდან და არ შეიცვლება: ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა.
24 . მხოლოდ უფალშიაო, იტყვიან, სიმართლე და ძალა; მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველა მასზე გაჯავრებულნი.
25 . უფალში გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი შთამომავლობა”.
1 . ეს სიტყვები რომ დაასრულა, გალილეიდან იუდეის საზღვრებში წავიდა იესო და იორდანეს გაღმა მივიდა.
2 . დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ.
3 . მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: "თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
4 . ხოლო მან უთხრა პასუხად: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
5 . და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
6 . ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
7 . უთხრეს მას: "აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?”
8 . უთხრა მათ: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
9 . მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
10 . უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”.
11 . უთხრა მათ: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
12 . ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.
13 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
14 . იესომ თქვა: "გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
15 . დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
16 . და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”
17 . ხოლო მან უთხრა: "რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.
18 . ჰკითხა: "რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.
19 . პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
20 . უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?”
21 . უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!
24 . კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
25 . ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
26 . გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.
27 . მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?”
28 . ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.
29 . და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
30 . ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
1 . "რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
2 . მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
3 . მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად.
4 . უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ.
5 . კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
6 . გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?
7 . უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო.
8 . რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.
9 . მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
10 . პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
11 . როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს.
12 . ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
13 . მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი?
14 . აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15 . ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ?
16 . ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
17 . იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა:
18 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
19 . წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
20 . მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.
21 . მან ჰკითხა: "რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
22 . მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”.
23 . უთხრა მათ: "ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.
24 . ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე.
25 . იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ.
26 . თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.
27 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
28 . ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
29 . იერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას.
30 . და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”
31 . უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!”
32 . იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: "რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?”
33 . უთხრეს: "უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”.
34 . შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.
1 . გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2 . ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
3 . ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
4 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6 . ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 . რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8 . ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10 . მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
11 . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
12 . და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13 . მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
14 . და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15 . ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
16 . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
17 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
18 . ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19 . მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20 . ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21 . რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
22 . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
24 . რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25 . აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26 . თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 . რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
28 . რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
29 . მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30 . მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31 . იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32 . ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33 . ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
34 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
36 . მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
38 . რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
39 . და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
40 . მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41 . ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 . ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44 . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45 . ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46 . ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48 . ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49 . და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
50 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51 . შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
1 . ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2 . ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
3 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
5 . და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
6 . მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
7 . მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
8 . მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
9 . იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
10 . თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11 . ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12 . იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
13 . დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14 . სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15 . მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
16 . იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17 . ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
18 . რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
19 . და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
20 . თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
21 . ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
22 . ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
23 . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24 . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
25 . ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26 . ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
27 . ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28 . აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
29 . ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
30 . ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 . და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
32 . თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33 . თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
34 . თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
35 . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
36 . იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37 . ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38 . მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
39 . იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40 . მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
41 . და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
42 . ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
43 . არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44 . რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
45 . კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
46 . რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47 . ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
48 . იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
49 . ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.
1 . იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2 . იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
3 . მიუგო იესომ და უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც მაღლიდან არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სამეფოს”.
4 . ეუბნება მას ნიკოდემოსი: "როგორღა შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?”
5 . მიუგო იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
6 . ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული.
7 . ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი.
8 . ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
9 . მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა: "როგორ შეიძლება ეს მოხდეს?”
10 . მიუგო იესომ: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?
11 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვამოწმებთ იმას, რაც ვიხილეთ, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას!
12 . თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ?
13 . არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია.
14 . და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა,
15 . რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
16 . ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
17 . რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.
18 . ვისაც სწამს იგი, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
19 . მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
20 . რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
21 . ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.
22 . ამის შემდეგ, იესო თავის მოწაფეებთან ერთად იუდას ქვეყანაში მივიდა; დარჩა იქ მათთან ერთად და ნათლავდა.
23 . იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ,
24 . ვინაიდან, იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
25 . მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდევლებს შორის დავა მოხდა განწმენდის გამო.
26 . მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: "რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან”.
27 . თქვა იოანემ: "ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
28 . თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი, მე არა ვარ-მეთქი ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.
29 . ვისაც პატარძალი ჰყავს, ნეფეც ისაა; ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს ნეფის ხმაზე. ჩემი ეს სიხარული უკვე აღსრულდა.
30 . ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.
31 . მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.
32 . რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს.
33 . ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაადასტურა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34 . რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
35 . მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ.
36 . ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი სიცოცხლეს ვერ იხილავს; ღმერთის რისხვა რჩება მასზე”.
1 . ერთხელ მიდიოდა და დაბადებიდან ბრმა კაცი დაინახა.
2 . ჰკითხეს მოწაფეებმა: "რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”
3 . უპასუხა იესომ: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, ღმერთის საქმენი რომ გამოჩდნენ მასში.
4 . სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
5 . სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.
6 . ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა და ბრმას თვალებზე წაუსვა.
7 . უთხრა: "წადი და დაიბანე სილოამის ანუ მოვლინებულის საბანელში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
8 . მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: "ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?”
9 . ერთნი ამბობდნენ - ეს სწორედ ისააო, სხვებმა თქვეს - არა, მაგრამ იმას ჰგავსო. მან კი თქვა: "ეს მე ვარ”.
10 . მაშინ ჰკითხეს: "როგორ აგეხილა თვალები?”
11 . მან უპასუხა: "კაცმა, სახელად იესომ, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები”.
12 . მაშინ ჰკითხეს: "სადაა იგი?” უპასუხა: "არ ვიცი”.
13 . მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, მანამდე რომ ბრმა იყო.
14 . ის დღე, ტალახი რომ მოზილა იესომ და თვალები აუხილა, შაბათი იყო.
15 . ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: "ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ”.
16 . მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: "ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: "როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა.
17 . კვლავ ჰკითხეს ბრმას: "შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: "წინასწარმეტყველია იგი”.
18 . მაინც არ დაიჯერეს იუდევლებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.
19 . ჰკითხეს მათ: "ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?”
20 . მშობლებმა უთხრეს: "ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა.
21 . მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”.
22 . ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.
23 . ამიტომ თქვეს მშობლებმა, ასაკოვანია და თავად მას ჰკითხეთო.
24 . მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო და უთხრეს: "დიდება მიაგე ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი”.
25 . მან კი უპასუხა: "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.
26 . კვლავ ჰკითხეს: "რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?”
27 . უპასუხა: "მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ ხელახლა მოსმენა? იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?”
28 . მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: "შენ თვითონ ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
29 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის”.
30 . უთხრა მათ კაცმა: "საკვირველი სწორედ ისაა, რომ არ იცით, საიდან არის, მან კი თვალები ამიხილა.
31 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.
32 . საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
33 . ეს რომ ღმერთისგან არ ყოფილიყო, ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა”.
34 . უთხრეს მას: "შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?” და გარეთ გამოაგდეს იგი.
35 . იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: "გწამს ძე კაცისა?”
36 . მან უთხრა: "ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?”
37 . იესომ უთხრა: "შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”.
38 . უპასუხა: "მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
39 . უთხრა იესომ: "განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ”.
40 . გაიგონა ეს სიტყვები მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა; და ჰკითხეს: "ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?”
41 . უთხრა მათ იესომ: "ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა თქვენზევე რჩება”.
1 . იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან
2 . მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: "არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.
3 . ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე.
4 . ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.
5 . მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი.
6 . წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.
7 . ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში; მღვდელთაგანიც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
8 . ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.
9 . მაშინ ადგნენ ზოგიერთები იმ სინაგოგებიდან ლიბერტინელებს, კვირინელებსა და ალექსანდრიელებს რომ უწოდებდნენ, აგრეთვე ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და შეედავნენ სტეფანეს.
10 . მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.
11 . მაშინ წააქეზეს კაცები და ათქმევინეს: "გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღმერთის საგმობ სიტყვებს”.
12 . აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს
13 . წარადგინეს ცრუ მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს: ეს კაცი გამუდმებით ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.
14 . გავიგონეთ, როგორ ამბობდა, იესო ნაზარეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცაო.
15 . და ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, უყურებდა სტეფანეს და ხედავდა მის სახეს, როგორც ანგელოზისას.
1 . ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველები და მოძღვრები: ბარნაბა და სიმონი, ნიგერი რომ ერქვა, ლუციუს კვირინელი და მანაინი - მეოთხედმთავარ ჰეროდეს ძუძუმტე, და სავლე.
2 . უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
3 . მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
4 . სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.
5 . სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.
6 . პაფომდე რომ მოიარეს მთელი კუნძული, ნახეს ერთი გრძნეული და ცრუწინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარიესუ,
7 . რომელიც პროკონსულ სერგიუს-პავლიუსთან, გონიერ კაცთან იყო. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, ვინაიდან ღვთის სიტყვის მოსმენა სურდა.
8 . თუმცა წინ აღუდგა მათ გრძნეული ელიმასი (ასე ითარგმნება მისი სახელი), და ცდილობდა რწმენისგან გადაეცდინა პროკონსული.
9 . სავლე, იგივე პავლე, სულიწმიდით აივსო, მიაპყრო მას მზერა
10 . და უთხრა: "ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
11 . აჰა, შენზეა ახლა უფლის ხელი, დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს”. მაშინვე დაეშვა მასზე წყვდიადი და სიბნელე, აქეთ-იქით აწყდებოდა და გამძღოლს ეძებდა.
12 . დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.
13 . პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ; ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14 . ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
15 . რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: "კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
16 . პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: "კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!
17 . ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18 . ასაზრდოებდა მათ უდაბნოში, ასე ორმოც წელიწადს.
19 . მოსპო შვიდი ერი ქანაანის მიწაზე და დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20 . ამის შემდეგ, ასე ოთხას ორმოცდაათ წელიწადს მსაჯულებს აძლევდა მათ, წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21 . მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული, კიშის ძე, კაცი ბენიამინის ტომიდან, ორმოცი წლის მანძილზე.
22 . მისი მოცილების შემდეგ, მეფედ დავითი აამაღლა მათთვის, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნება-სურვილს.
23 . ღმერთმა აღთქმისამებრ მისი თესლიდან აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო.
24 . სწორედ მისი მოსვლის წინ უქადაგებდა იოანე ისრაელის მთელ ხალხს მონანიების ნათლისღებას.
25 . თავის სარბიელს რომ ასრულებდა, იოანემ თქვა: თქვენ რომ გგონივართ, მე ის არა ვარ, არამედ, აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვისი სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ!
26 . კაცნო, ძმანო, აბრაჰამის მოდგმის ძენო, თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა!
27 . ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ ცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, ყოველ შაბათს რომ იკითხება.
28 . ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება რომ ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკვლა.
29 . როცა აღსრულდა ყოველივე, მასზე რომ დაიწერა, ჩამოხსნეს ძელიდან და სამარხში დაასვენეს.
30 . ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა იგი.
31 . მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც, ახლა მასზე ამოწმებენ ხალხის წინაშე.
32 . და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, მამებს რომ მისცა,
33 . ღმერთმა ჩვენ, მათ შვილებს, შეგვისრულა და აღგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუნში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ.
34 . ხოლო რაკი მკვდრეთით აღადგინა, რათა აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ასე თქვა: მოგცემთ თქვენ სიწმიდეს, დავითისთვის აღთქმულს.
35 . ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
36 . თუმცა დავითმა, რომელიც თავის თაობაში ღვთის ნებით მსახურებდა, განისვენა, თავის მამებს შეუერთდა და იხილა ხრწნილება.
37 . მან კი, ღმერთმა რომ აღადგინა, ხრწნილება არ იხილა!
38 . ცნობილი იყოს თქვენთვის, კაცნო, ძმანო, რომ ცოდვების მიტევება მის მიერ გეუწყებათ.
39 . ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ გამართლდით, მასში მართლდება ყველა მორწმუნე.
40 . გაფრთხილდით, რომ არ მოგეწიოთ წინასწარმეტყველებებში ნათქვამი:
41 . იხილეთ, აბუჩად ამგდებნო, განცვიფრდით და განადგურდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის”.
42 . იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ევედრებოდა მათ ხალხი, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკა მათთვის ეს სიტყვები.
43 . როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
44 . მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად.
45 . იუდევლებმა ამდენი ხალხი რომ დაინახეს, შურით აღივსნენ და პავლეს ნათქვამის საწინააღმდეგოდ დაიწყეს ლაპარაკი და გმობა.
46 . მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით.
47 . ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე.
48 . ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული.
49 . უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა.
50 . მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.
51 . მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
52 . მოწაფეები კი აღივსებოდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.
1 . იუდეიდან ჩამოსულთაგან კი, ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინ არ დაიცვეთთ, ვერ გადარჩებითო.
2 . პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ.
3 . ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკიასა და სამარიაში გაიარეს, იქაურებს წარმართთა მოქცევაზე უამბობდნენ, და ძმათაგან ყველას დიდად ახარებდნენ.
4 . იერუსალიმში რომ მივიდნენ, ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს; და უამბეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით.
5 . მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.
6 . შეიკრიბნენ მოციქულნი და უხუცესნი ამ საკითხის გასარჩევად.
7 . ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: "კაცნო, ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემგან მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
8 . გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
9 . განსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის, რადგან რწმენით განწმიდა მათი გულები.
10 . ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?
11 . ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი”.
12 . მაშინ მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა წარმართებს შორის, მათი მეშვეობით.
13 . მათი საუბრის შემდეგ, თქვა იაკობმა: "კაცნო, ძმანო, მომისმინეთ!
14 . მოგვითხრო სიმონმა, პირველად როგორ მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისთვის.
15 . ამას ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვებიც, როგორც დაწერილია:
16 . ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს,
17 . რათა ეძიოს უფალი ადამიანთა ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა - ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.
18 . საუკუნეთაგან ცნობილია ღვთისთვის ყოველი მისი საქმე.
19 . ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი,
20 . არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.
21 . ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.
22 . მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა, მთელ ეკლესიასთან ერთად, საჭიროდ მიიჩნიეს და ამოირჩიეს თავიანთი წრიდან კაცები - ბარსაბად წოდებული იუდა, და სილა, ძმებს შორის რომ პირველობდნენ, რათა ანტიოქიაში მიევლინათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად.
23 . და ასე მიწერეს თავიანთი ხელით: "მოციქულები, უხუცესები და ძმები - ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!
24 . როგორც გავიგეთ, ზოგიერთებმა, ჩვენგან რომ გამოვიდნენ, შეგაშფოთათ თავიანთი სიტყვებით და გულები აგიფორიაქათ; გეუბნებოდნენ, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის;
25 . ამის გამო, ერთსულოვნად მივიჩნიეთ საჭიროდ, კაცების არჩევა და თქვენთან გამოგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად.
26 . კაცებთან, რომელთაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის.
27 . გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გაუწყებენ სიტყვიერად.
28 . რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
29 . თავი შეიკავეთ კერპთშენაწირებისა და სისხლისგან, დამხრჩვალისა და სიძვისგან. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!”
30 . წამოსულნი ანტიოქიაში მივიდნენ, შეკრიბეს კრებული და წერილი გადასცეს.
31 . როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
32 . იუდამ და სილამ, რომლებიც წინასწარმეტყველებიც იყვნენ, მრავალი სიტყვით გაამხნევეს ძმები და განამტკიცეს.
33 . დაჰყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მათ წარმომგზავნელებთან.
34 . სილამ იქვე ინება დარჩენა.
35 . ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ ბევრ სხვასთან ერთად, ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
36 . რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა პავლემ ბარნაბას: "წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები იმ ქალაქებში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა; ვნახოთ, როგორ არიან”.
37 . ბარნაბას მარკოზად წოდებული იოანეს წაყვანა უნდოდა.
38 . პავლე კი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო არ წაეყვანათ ის, ვინც პამფილიაში ჩამოშორდა მათ და თან არ წაჰყვა საქმეზე.
39 . ჩამოვარდა უთანხმოება; ისე რომ, დასცილდნენ ერთმანეთს; ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსისკენ გასცურა.
40 . ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
41 . დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
1 . უთხრა აგრიპამ პავლეს: "ნება გეძლევა საკუთარ თავზე ილაპარაკო”. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
2 . "ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც იუდევლები მდებენ ბრალს.
3 . მით უმეტეს, რომ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს იცნობ. ამიტომ გთხოვ სულგრძელად მომისმინო.
4 . ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე ჩემს ხალხში, იერუსალიმში გავატარე.
5 . დიდი ხანია მიცნობენ და შეუძლიათ დამემოწმონ თუ მოისურვებენ, რომ მე, ჩვენი უზუსტესი სარწმუნოების მიმდინარეობის მიხედვით ვცხოვრობდი, როგორც ფარისეველი.
6 . და ახლა იმ აღთქმის იმედის გამო ვდგავარ სამსჯავროს წინაშე, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამებს მისცა,
7 . რომლის ასრულების იმედი აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ ამ იმედისთვის მდებენ ბრალს იუდევლები, მეფევ!
8 . დაუჯერებლად რატომ უნდა მიაჩნდეს ვინმეს, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?
9 . მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ,
10 . ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი.
11 . ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.
12 . სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ძალაუფლებითა და დავალებით.
13 . შუადღისას, მეფევ, გზაზე ციდან გადმოსული, მზეზე ბრწყინვალე სინათლე ვიხილე, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრებს მოგვეფინა.
14 . ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
15 . მივუგე: ვინ ხარ, უფალო? მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
16 . წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ,
17 . რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი
18 . მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.
19 . ამიტომ, არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას, მეფე აგრიპავ.
20 . პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას, ღვთისკენ მოქცევას, და მონანიების ღირსი საქმეების აღსრულებას.
21 . ამისათვის შემიპყრეს ტაძარში იუდევლებმა და მოკვლა დამიპირეს.
22 . მაგრამ ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ მცირესა და დიდს, და არაფერი მითქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ მომავალ მოვლენებზე,
23 . რომ უნდა წამებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდართაგან; და სინათლე ექადაგა ამ ხალხისთვის და წარმართებისთვის”.
24 . თავს რომ ასე იცავდა, ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: "შეიშალე პავლე! დიდ წიგნიერებას სიგიჟემდე მიყავხარ”.
25 . პავლემ კი მიუგო: "მე არ შევშლილვარ, აღმატებულო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ.
26 . იცის ეს ამბავი მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ; არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, რადგან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა.
27 . წინასწარმეტყველების თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს”.
28 . ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.
29 . პავლემ კი თქვა: "ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ოღონდ ამ ბორკილების გარეშე”.
30 . ეს რომ თქვა, მეფე და გამგებელი, ბერნიკე და მასთან მსხდომნი წამოიშალნენ,
31 . განზე გადგნენ და ერთმანეთს უთხრეს, ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო.
32 . ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: "შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა”.
1 . ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა;
2 . როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
3 . რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
4 . რომელთანაც მიხვედით: ცოცხალ ქვასთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისგან კი რჩეული და ძვირფასია.
5 . თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,
6 . ვინაიდან ნათქვამია წერილში: "აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”.
7 . ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, ის ძვირფასია, ურწმუნოთათვის კი ლოდია, მშენებლებისგან დაწუნებული; ის დაიდო ქვაკუთხედად,
8 . დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.
9 . თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.
10 . ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც - არაშეწყალებულნი, ახლა კი - შეწყალებულნი.
11 . საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.
12 . კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.
13 . დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი,
14 . თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
15 . რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.
16 . იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
17 . ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
18 . მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი მოშიშებით, არა მარტო კეთილებს და შემწყნარებლებს, არამედ უკუღმართთაც.
19 . რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
20 . რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე!
21 . ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
22 . რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;
23 . რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;
24 . რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხართ მისი ჭრილობებით,
25 . რადგან გზააბნეული ცხვრებივით იყავით, მაგრამ ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.
1 . შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე.
2 . ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვების მიმტევებელი.
3 . იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს.
4 . ვინც ამბობს, შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში.
5 . ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული; ამით ვიგებთ, რომ მასში ვართ.
6 . ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
7 . საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ; ძველი მცნება ის სიტყვაა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.
8 . ამასთან, ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; რადგან სიბნელე გადადის და ჭეშმარიტი სინათლე უკვე ბრწყინავს.
9 . ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია.
10 . ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში.
11 . თავისი ძმის მოძულე კი სიბნელეშია და ბნელში დადის და არ იცის საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.
12 . თქვენ გწერთ, შვილებო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელის მეშვეობით.
13 . თქვენ გწერთ, მამებო, რადგან ის შეიცანით, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკებო, რადგან სძლიეთ ბოროტი. მოგწერეთ თქვენ, ყრმებო, რადგან შეიცანით მამა.
14 . მოგწერეთ თქვენ, მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ, ჭაბუკებო, ვინაიდან ძლიერნი ხართ და ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში; და გაიმარჯვეთ ბოროტზე.
15 . ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.
16 . ვინაიდან ყოველივე, რაც წუთისოფელშია - ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და ამაო დიდება ცხოვრებისა - მამისგან კი არა, წუთისოფლისგან არის.
17 . წუთისოფელიც გადადის და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი უკუნისამდე რჩება.
18 . ყმაწვილნო! უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე, და უკვე მრავალი ანტიქრისტეა აღმდგარი; ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია.
19 . ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
20 . თქვენ კი გაქვთ ცხებულება წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
21 . იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი; იცით ისიც, რომ არავითარი სიცრუე არ არის ჭეშმარიტებიდან.
22 . ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ის არის ანტიქრისტე, უარმყოფელი მამისა და ძისა.
23 . ყოველი, ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს.
24 . დარჩეს თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძესა და მამაში.
25 . და ეს არის აღთქმა, რომელიც აღგვითქვა მან - საუკუნო სიცოცხლე!
26 . ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ.
27 . ცხებულება კი, მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ; არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი; რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით.
28 . ჰოდა ახლა, მასში დარჩით, შვილებო, რათა რომ გამოცხადდება, გაბედულება გვქონდეს და არ შევრცხვეთ მისი მოსვლისას.
29 . თუ იცით, რომ მართალია იგი, ისიც იცოდეთ, რომ სიმართლის ყოველი მოქმედიც მისგანაა შობილი.
1 . მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
2 . რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.
3 . და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,
4 . მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს,
5 . ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
6 . რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.
7 . ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის, შესაძლოა, ვინმემ კიდეც გაბედოს სიკვდილი.
8 . ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.
9 . მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან.
10 . რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
11 . და არა მარტო ამით, ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.
12 . ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,
13 . რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის,
14 . თუმცა სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ ადამივით, რომელიც მომავლის სახეა.
15 . მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.
16 . ხოლო საჩუქარი არ არის იგივე, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, რადგან განკითხვა ერთისაგან გამოდის მსჯავრდასადებად, მადლის საჩუქარი კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
17 . ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
18 . ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
19 . ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
20 . რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.
21 . რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
1 . ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად.
2 . რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
3 . ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
4 . რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;
5 . ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე.
6 . რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები - სიცოცხლე და მშვიდობა.
7 . იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
8 . ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.
9 . ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
10 . და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
11 . და რაკი თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.
12 . ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ;
13 . ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
14 . რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
15 . ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!”
16 . სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
17 . ხოლო თუ შვილები - მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.
18 . ვინაიდან, მიმაჩნია, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.
19 . ვინაიდან, ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის შვილთა გამოჩენას.
20 . რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ იმედით,
21 . რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან, ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის.
22 . ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;
23 . და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.
24 . ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?
25 . ხოლო თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26 . ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
27 . ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28 . ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
29 . ვინაიდან, ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის;
30 . ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც.
31 . ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
32 . ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?
33 . ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
34 . და ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და მით უმეტეს აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს კიდეც ჩვენთვის.
35 . ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36 . როგორც წერია: "რადგან შენ გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ მიჩნეულნი”.
37 . მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
38 . და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი,
39 . ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღმერთის ნებით და ძმა სოსთენი,
2 . ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილებს და მოწოდებულ წმიდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან - მათთან თუ ჩვენთან:
3 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
4 . ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს თქვენთვის და ღვთის მადლისთვის, რაც ქრისტე იესოში მოგეცათ,
5 . იმიტომ, რომ ყველაფრით გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი შემეცნებით,
6 . ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;
7 . და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
8 . ვინც ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
9 . ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.
10 . მაგრამ შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ ერთი გონებით და ერთი აზრით.
11 . რადგან ქლოეს ხალხისგან შევიტყვე ძმებო, რომ თქვენს შორის დავაა.
12 . ვგულისხმობ იმას, რომ ყველა თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13 . განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
14 . მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, კრისპუსისა და გაიოზის გარდა,
15 . რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
16 . მოვნათლე სტეფანას სახლეულიც; მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
17 . რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
18 . ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
19 . რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.
20 . სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?
21 . და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
22 . ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
23 . ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას,
24 . ხოლო მოწოდებულთათვის - იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც - ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს.
25 . რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე - ადამიანებზე უძლიერესი.
26 . ნახეთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული;
27 . არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი; და წუთისოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
28 . მდაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
29 . რომ ვერცერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე.
30 . მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
31 . რათა იყოს, როგორც სწერია: ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.
1 . პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღვთის ნებით, ეფესოში მყოფ წმიდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში:
2 . მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
3 . კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,
4 . როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
5 . წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
6 . თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,
7 . რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
8 . რომელიც უხვად მოგვცა. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
9 . გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.
10 . რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;
11 . მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.
12 . რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
13 . მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,
14 . რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
15 . ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
16 . არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,
17 . რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
18 . და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;
19 . და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,
20 . რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;
21 . ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალაზე, უფლებაზე და ყოველგვარ სახელზე მაღლა, რაც კი წოდებულა არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც.
22 . და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,
23 . რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
1 . ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.
2 . მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
3 . ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
4 . ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
5 . ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
6 . ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
7 . ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.
8 . ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.
9 . ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?
10 . ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11 . და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
12 . რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13 . ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
14 . რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15 . არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
16 . ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
17 . ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში,
18 . დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19 . ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20 . ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
21 . რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
22 . რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,
23 . და განიახლოთ თქვენი გონება სულით,
24 . და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
25 . ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
26 . განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
27 . ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
28 . მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.
29 . არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
30 . ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
31 . ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32 . იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . გაემგზავრა აბრაჰამი ნეგების ქვეყნისაკენ და კადეშსა და შურს შორის - გერარში დასახლდა.
2 . თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე, რომ და იყო მისი. აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი გაგზავნა და თავისთან მიაყვანინა სარა.
3 . მაგრამ ღმერთი მოევლინა სიზმარში აბიმელექს და უთხრა: "აჰა, მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი!”
4 . მაგრამ არ მიჰკარებია მას აბიმელექი და ამიტომ უთხრა უფალს: "უფალო, განა მართალ ხალხსაც დაღუპავ?
5 . მან ხომ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც თქვა: ჩემი ძმა არისო! გულმართლად და უმწიკვლო ხელით ჩავიდინე ეს”.
6 . და უთხრა ღმერთმა სიზმარში: "ვიცი, რომ გულმართლად გააკეთე ეს, ამიტომ განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე და არ მიგაკარე მაგ ქალს.
7 . ახლა კი დაუბრუნე ცოლი თავის ქმარს, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ისიც ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენ და შენიანებს სიკვდილი არ აგცდებათ”.
8 . ადგა აბიმელექი დილაადრიანად, დაიბარა კარისკაცნი და ყველაფერს მოუყვა. ფრიად შეშინდა ხალხი.
9 . მოიხმო აბიმელექმა აბრაჰამი და უთხრა: "ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!”
10 . უთხრა აბიმელექმა აბრაჰამს: "რა გქონდა განზრახული, ამას რომ სჩადიოდი?”
11 . მიუგო აბრაჰამმა: "მე მეგონა, ღვთის შიში არ იქნებოდა ამ მხარეში და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
12 . მართლაც ჩემი და არის სარა, მამაჩემის ასულია, თუმცა დედაჩემის ასული არ არის; და გახდა ჩემი ცოლი.
13 . ღმერთმა რომ გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი ქალს: "ერთი სიკეთე მიყავი, ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ, თქვი: ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი”.
14 . და აიღო აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი და მისცა აბრაჰამს; და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
15 . უთხრა აბიმელექმა: "აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გენებოს, იქ დამკვიდრდი”.
16 . სარას კი უთხრა: "აი, ათასი შეკელი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. იმის დასტურია ეს შენი თანმხლებისა და ყველას წინაშე, რომ უდანაშაულო ხარ”.
17 . ილოცა აბრაჰამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი და მხევლები და კვლავ დაორსულდნენ ისინი.
18 . რადგან დაეხშო უფალს აბიმელექის სახლში ყველასთვის საშო, აბრაჰამის ცოლის - სარას გამო.
1 . ამის შემდეგ, იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა გავიდა.
2 . უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, ავადმყოფებზე რომ ახდენდა.
3 . იესო ავიდა მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
4 . ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
5 . გაიხედა იესომ და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან. ჰკითხა ფილიპეს: "სად ვიყიდოთ პური, რომ მათ ვაჭამოთ?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა.
7 . მიუგო ფილიპემ: "თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც რომ ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ”.
8 . ერთ-ერთმა მის მოწაფეთაგან, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ უთხრა:
9 . "აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის?”
10 . თქვა იესომ: "დასხით ხალხი”. იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა.
11 . იესომ პურები აიღო, მადლი შესწირა და მოწაფეებს ჩამოურიგა, მოწაფეებმა კი - იქ მსხდომთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.
12 . რომ დანაყრდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: "მოაგროვეთ ნარჩენები, რომ არაფერი დაიკარგოს”.
13 . მოაგროვეს და თორმეტი გოდორი აავსეს, ქერის იმ ხუთი პურის ნარჩენით, ჭამის შემდეგ რომ დარჩა.
14 . მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: "ეს არის ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო წუთისოფელში”.
15 . იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.
16 . მოსაღამოვებულზე მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ,
17 . ავიდნენ ნავზე და გაღმა, კაპერნაუმისკენ გაემართნენ. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან.
18 . ძლიერი ქარი ამოვარდა და ზღვა აღელდა.
19 . ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, ზღვაზე მომავალი იესო დაინახეს, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეშინდნენ;
20 . მან კი უთხრა მათ: "მე ვარ, ნუ გეშინიათ”.
21 . უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი, მაგრამ ნავი მაშინვე იმ ნაპირთან აღმოჩნდა, საითაც მიცურავდნენ.
22 . მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგარმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ; იესო კი არ მჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს.
23 . ტიბერიიდან სხვა ნავებიც მოცურდნენ იმ ადგილის მახლობლად, სადაც პური ჭამეს, მას შემდეგ, რაც უფალმა მადლობა შესწირა.
24 . დაინახა ხალხმა, რომ იქ აღარც იესო იყო და აღარც მისი მოწაფეები, ამიტომ თავადაც ჩასხდნენ ნავებში და კაპერნაუმში მივიდნენ იესოს საძებნელად.
25 . ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, ჰკითხეს: "რაბი, აქ როდის მოხვედი?”
26 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სასწაულის გამო კი არ მეძებთ, რომელიც იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
27 . ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.
28 . ჰკითხეს: "როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?”
29 . იესომ მიუგო: "ეს არის ღმერთის საქმე, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა”.
30 . ამაზე უთხრეს: "რა ნიშანს გვაჩვენებ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?
31 . ჩვენი მამები მანნას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც წერია: ზეციდან მისცა მათ პური საზრდოდ”.
32 . იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
33 . რადგან ღმერთის პური ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს”.
34 . მაშინ უთხრეს: "უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური”.
35 . უთხრა მათ იესომ: "მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.
36 . მაგრამ ხომ გითხარით, კიდეც მიხილავთ, მაგრამ არ მირწმუნებთ.
37 . ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა; ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.
38 . რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
39 . ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
40 . ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”.
41 . დრტვინავდნენ იუდევლები მის გამო, რადგან თქვა: "მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული”.
42 . ამბობდნენ: "ეს ხომ იესოა, იოსების ძე, ხომ ვიცნობთ მის მამას და მის დედას? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?”
43 . უთხრა მათ იესომ: "ნუ დრტვინავთ ერთმანეთში.
44 . არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
45 . წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
46 . იმიტომ კი არა, რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა, ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა.
47 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.
48 . მე ვარ პური სიცოცხლისა.
49 . თქვენმა მამებმა მანნა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ.
50 . ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს.
51 . მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული. ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას”.
52 . კამათობდნენ იუდევლები ერთმანეთში და ამბობდნენ: "როგორ შეუძლია თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?”
53 . იესომ უთხრა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ ჭამთ ძე კაცისას ხორცს და არ სვამთ მის სისხლს, არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში.
54 . ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის მსმელს კი საუკუნო სიცოცხლე აქვს; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
55 . რადგან ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელია.
56 . ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, მე კი - მასში.
57 . როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს.
58 . ეს არის ზეციდან ჩამოსული პური; ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანნა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს”.
59 . ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
60 . ამის მოსმენისას, მის მოწაფეთაგან ბევრი ამბობდა: "მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია მისი მოსმენა?”
61 . იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: "ეს გაცდუნებთ თქვენ?
62 . მაშინ რაღა იქნება, თუ ძე კაცისას იქ აღმავალს იხილავთ, სადაც წინათ იყო?
63 . სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.
64 . მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ”. რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
65 . უთხრა: "ამიტომ გეუბნებოდით, რომ არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული”.
66 . ამის შემდეგ ბევრი მის მოწაფეთაგან უკან გაბრუნდა და აღარ მისდევდა მას.
67 . უთხრა თორმეტს იესომ: "თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?”
68 . მიუგო სიმონ-პეტრემ: "უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.
69 . ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
70 . უთხრა მათ იესომ: "განა თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია”.
71 . ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან მას, თორმეტთაგან ერთ-ერთს, უნდა გაეცა იგი.
1 . გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ბჭობა გამართა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
2 . შებოჭეს, წაიყვანეს და გადასცეს გამგებელ პილატეს.
3 . როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა.
4 . უთხრა: "შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: "ჩვენ რა? შენ იცი!”
5 . ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
6 . მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: "არ შეიძლება ამის საგანძურში დადება, რადგან სისხლის საფასურია”.
7 . მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ.
8 . ამის გამო იმ მინდორს დღემდე სისხლის მინდორი ეწოდება.
9 . მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: "აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ისრაელის ძეთა მიერ!
10 . და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა”.
11 . იესო კი გამგებლის წინაშე წარსდგა; ჰკითხა მას გამგებელმა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” იესომ უპასუხა: "შენ ამბობ”.
12 . როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა.
13 . მაშინ უთხრა მას პილატემ: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?”
14 . არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
15 . დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე ერთ პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.
16 . სწორედ მაშინ, ბარაბად წოდებული, ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ.
17 . თავი რომ მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: "ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”
18 . ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი.
19 . სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.
20 . მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კი დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ.
21 . ამიტომ, როცა იკითხა გამგებელმა, ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთო, უპასუხეს, ბარაბაო.
22 . უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს!”
23 . ხოლო მან თქვა: "რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: "ჯვარცმულ იქნეს!”
24 . როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.
25 . და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: "ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.
26 . მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.
27 . გამგებლის ჯარისკაცებმა სამსჯავროში წაიყვანეს იესო; გარს მთელი რაზმი შემოეხვია.
28 . ტანთ გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს.
29 . ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინ
30 . აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ.
31 . დაცინვით რომ გული იჯერეს, მოსასხამი მოხადეს, თავისივე სამოსელი ჩააცვეს და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
32 . როცა გამოდიოდნენ, ნახეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს, მისი ჯვარი ეზიდა.
33 . და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს.
34 . მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად; რომ იგემა, არ ინდომა დალევა.
35 . ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
36 . ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას.
37 . თავს ზემოთ კი დაწერილი ბრალდება მოათავსეს: "ეს არის იესო, იუდეველთა მეფე”.
38 . მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთიც - მარცხნივ.
39 . გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
40 . ამბობდნენ: "ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან”.
41 . მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ:
42 . "სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
43 . ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”.
44 . მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
45 . მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
46 . მეცხრე საათი იქნებოდა რომ დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”
47 . იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს ეს და თქვეს, ელიას უხმობსო.
48 . უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და სასმელად მიაწოდა.
49 . სხვები კი ამბობდნენ, მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო.
50 . ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
51 . და აჰა, მაღლიდან დაბლამდე, ორად გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები.
52 . სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა.
53 . გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმიდა ქალაქში და მრავალს ეჩვენნენ.
54 . ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!”
55 . იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
56 . მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
57 . როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო.
58 . მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.
59 . აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
60 . დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი; სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
61 . იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც საფლავის წინ ისხდნენ.
62 . პარასკევის შემდგომ დღეს მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან.
63 . თქვეს: "ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
64 . ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფენი, არ მოიპარონ იგი და არ უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი იქნება”.
65 . უთხრა მათ პილატემ: "თქვენ გყავთ მცველები, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით”.
66 . წავიდნენ, უსაფრთხოდ ჰყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს.