1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, აჰა, ყენგედის უდაბნოშიაო დავითი.
2 . წაიყვანა საულმა მთელი ისრაელიდან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად ველური თხების კლდეებში.
3 . ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას გამოქვაბულთან მივიდა და შევიდა საული შიგ მოსასაქმებლად, ხოლო დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.
4 . უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: "აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
5 . წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.
6 . უთხრა თავის ხალხს: "ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.
7 . ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე.
8 . ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: "ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.
9 . უთხრა დავითმა საულს: "რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს, აჰა, ბოროტს გიპირებსო დავითი?
10 . აჰა, შენი თვალით დაინახე, რომ ხელში ჩამიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში. ზოგიერთნი მეუბნებოდნენ, მოკალიო, მაგრამ დაგინდე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ-მეთქი ჩემს ბატონზე, რადგან უფლის მიერაა ცხებული!
11 . შეხედე, მამაჩემო; დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ ვარ ბოროტი და მეამბოხე; არც ბოროტება განმიზრახავს, არაფერი შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
12 . უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.
13 . როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
14 . ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რაღაც რწყილს!
15 . უფალი იყოს ჩვენს შორის მსაჯული, მან განგვსაჯოს. ის შეხედავს და განსჯის ჩემს სამართალს და დამიხსნის შენი ხელიდან”.
16 . ეს სიტყვები რომ დაასრულა დავითმა, თქვა საულმა: "ნუთუ ეს შენი ხმაა, დავით, შვილო?” და ხმამაღლა აქვითინდა საული.
17 . მერე უთხრა დავითს: "შენ უფრო მართალი ხარ, ვიდრე მე; კეთილად მექცეოდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.
18 . დღესაც დამიმტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, შენ კი არ მომკალი.
19 . განა უვნებლად გაუშვებს კაცი დაჭერილ მტერს თავის გზაზე? სიკეთით მოგიზღოს უფალმა იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
20 . აჰა, ახლა კი ვიცი, რომ ნამდვილად გამეფდები და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
21 . შემომფიცე უფლის სახელით, რომ ჩემს შემდეგ არ გასწყვეტ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლიდან”.
22 . შეჰფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. დავითი და მისი ხალხი კი თავშესაფარში ავიდნენ.
23 . გარდაიცვალა სამუელი და შეიკრიბა მთელი ისრაელი, იგლოვეს და დაკრძალეს რამაში, თავის მამულში. დავითი კი ადგა და ფარანის უდაბნოში ჩავიდა.
1 . კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია, ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.
2 . მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.
3 . გონიერი წინასწარ ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, ბრიყვი კი გზას აგრძელებს და ისჯება.
4 . თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.
5 . უკუღმართს გზაზე ეკლები და ხაფანგები ხვდება, ის კი, ვინც საკუთარ თავს უფრთხილდება, შორს უვლის მათ.
6 . გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
7 . მდიდარი ღარიბზე ბატონობს, მსესხებელი კი გამსესხებელს ემონება.
8 . უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის; მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება.
9 . კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან თავისი საზრდოდან უწილადებს ღარიბებს.
10 . გააგდე დამცინავი და დავაც თან გაჰყვება, ჩხუბსაც და დავიდარაბასაც ბოლო მოეღება.
11 . ვისაც სუფთა გული აქვს და მადლიანი ლაპარაკი უყვარს, მისი მეგობარი მეფეა.
12 . უფლის თვალები ცოდნას იცავენ, მოღალატის ნათქვამს კი ძირს დასცემს.
13 . ზარმაცი ამბობს: ლომიაო გარეთ, მომკლავსო - შუა ქუჩაში.
14 . ღრმა ორმოა უცხო ქალის პირი, უფლის მიერ შერისხული ჩავარდება შიგ.
15 . სიბრიყვე მიეკრა ყმაწვილის გულს; შეგონების კვერთხი გამოდევნის მას.
16 . ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.
17 . ყური დაუგდე, ბრძენთა სიტყვები მოისმინე და ცოდნისკენ მოაქციე გული,
18 . ვინაიდან, გეამება თუ გულში შეინახავ მათ და მუდამ ბაგეზე გექნება.
19 . დღეს შენც გაუწყებ მათ, რომ უფალზე იყო დანდობილი.
20 . განა არ მოგწერე, რჩევითა და ცოდნით სავსე ოცდაათი გამონათქვამი,
21 . რომ მეჩვენებინა შენთვის, რა არის ჭეშმარიტი და მართალი, რათა ჭეშმარიტებით უპასუხო შენს მომავლინებელთ?
22 . ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან,
23 . რადგან უფალი იდავებს მათ დავას და წაიღებს მათი მძარცველების სიცოცხლეს.
24 . ნუ დაუმეგობრდები ბრაზიანს და ფიცხ კაცს ნუ დაემგზავრები,
25 . რომ არ ისწავლო მისი გზები და მახეში არ გააბა საკუთარი თავი.
26 . ნუ იქნები იმათგანი ხელს რომ ურტყამენ ხელზე და თავდებად უდგებიან სესხზე,
27 . რადგან თუ ვერ გადაიხდი, ქვეშაგებსაც კი გამოგაცლიან ძირიდან.
28 . ნურც შენი მამების მიერ ძველთაგანვე დადგენილ მიჯნას გადასწევ.
29 . გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი, და არა მდაბიოთა წინაშე.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . ვაი მე, რომ ნარჩენი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მომცვრელს დავემსგავსე! მაგრამ ერთი მტევანიც აღარ დარჩა საჭმელად, პირველმოწეული ლეღვიც კი სანატრელი გამიხდა.
2 . მოისპო ღვთისნიერი ქვეყანაზე, აღარავინ დარჩა წრფელი კაცთა შორის. ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით ხელში.
3 . გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მოსამართლე ქრთამს ითხოვენ; დიდებული ხარბი გულით ლაპარაკობს და სამართალს ამრუდებს.
4 . საუკეთესო მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, უწრფელესი კი ძეძვზე უარესია; დადგა შენი გუშაგის დღე, დღე შენი მონახულებისა. დაგიდგა შფოთვის ჟამი.
5 . ნუ ენდობი ახლობელს, ნუ დაეყრდნობი მეგობარს, შენს მკერდზე მწოლისგანაც კი დაიცავი შენი ბაგეთა კარი.
6 . რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი - დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.
7 . მე კი უფალს შევცქერი, ჩემი ხსნის ღმერთის მოლოდინში ვარ; მომისმენს ჩემი ღმერთი.
8 . ნუ ხარობ ჩემზე, მტერო! რომც დავეცე, წამოვდგები, ბნელშიც რომ დავჯდე, უფალია ჩემი ნათელი!
9 . უფლის გულისწყრომას დავითმენ, რადგან შევცოდე მის წინაშე, ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; სინათლეში გამომიყვანს და ვიხილავ მის სიმართლეს.
10 . იხილავს ამას ჩემი მტერი და შერცხვება, რომ მეუბნებოდა: სად არის უფალი, შენი ღმერთიო? იხილავენ ჩემი თვალები ჩემს მტერს, ქუჩის ტალახივით რომ გაითელება.
11 . შენი კედლების აშენების დღე შენი საზღვრების გავრცელების დღე იქნება.
12 . იმ დღეს იქნება, რომ შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან; ეგვიპტიდან მდინარე ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.
13 . გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა გამო, მათ საქმეთა ნაყოფის გამო.
14 . დამწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით, შენი სამკვიდრო ფარა, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს ტყეში, ქარმელის შუაგულში! იბალახოს ბაშანში და გილყადში, როგორც უწინდელ დღეებში.
15 . გიჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გიჩვენე, როცა გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან.
16 . ერები იხილავენ და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა, ხელს აიფარებენ პირზე და ყურები დაუყრუვდებათ.
17 . გველივით მტვერს ალოკავენ, მიწაზე მძრომი ქვეწარმავალივით; კანკალით გამოძვრებიან თავიანთი ციხე-სიმაგრეებიდან, შიშით მოვლენ უფალთან, ჩვენს ღმერთთან და შენს წინაშე შეძრწუნდებიან.
18 . ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია.
19 . კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
20 . მისცემ იაკობს ჭეშმარიტებას და აბრაჰამს - სიკეთეს, ძველთაგანვე რომ შეჰფიცე ჩვენს მამებს.
1 . წავიდა ერთი კაცი ლევის ტომიდან და ლევიანი ქალი შეირთო ცოლად.
2 . დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი. დაინახა, რომ მშვენიერი იყო ბავშვი და მალავდა სამ თვეს.
3 . დამალვა რომ ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კალათა, შეგლისა კუპრითა და ფისით, შიგ ყრმა ჩააწვინა და ლერწმიანში, ნილოსის პირას დადო.
4 . ხოლო ყრმის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოხდებოდა.
5 . ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მოახლენი კი მდინარის ნაპირზე მიმოდიოდნენ. დაინახა ლერწმიანში კალათა და გაგზავნა თავისი მოახლე მოსატანად.
6 . გახსნა და ბავშვი დაინახა; აჰა, ტირის ყრმა; შეიბრალა იგი და თქვა: "ებრაელის ბავშვია”.
7 . და უთხრა ყრმის დამ ფარაონის ასულს: "წავიდე და დავუძახო შენთვის ებრაელ ძიძას, რათა მან გამოგიკვებოს ეს ყრმა?”
8 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წადი”. წავიდა გოგო და დაუძახა ყრმის დედას.
9 . უთხრა ფარაონის ასულმა: "წაიყვანე ეს ყრმა, ძუძუ აწოვე და გასამრჯელოს მოგცემ”. ქალმაც წაიყვანა და აწოვებდა ძუძუს.
10 . გაიზარდა ყრმა და მიუყვანა ფარაონის ასულს და გახდა იგი ფარაონის ასულის ძე; და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: "რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი”.
11 . გავიდა დრო, გაიზარდა მოსე. გამოვიდა თავის ძმებთან და ნახა მათი მძიმე ყოფა; ხედავს, ერთი ეგვიპტელი ებრაელს, მის თვისტომს, სცემს.
12 . მიიხედ-მოიხედა და ვერავინ რომ ვერ დაინახა, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
13 . გამოვიდა მეორე დღეს და აჰა, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა მოძალადეს: "რად სცემ შენიანს?”
14 . მიუგო მოძალადემ: "ვინ დაგადგინა ჩვენს მთავრად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ იმ ეგვიპტელივით?” შეეშინდა მოსეს და თქვა: "გამჟღავნებულა ეს ამბავი”.
15 . ფარაონმაც შეიტყო ეს ამბავი და შეეცადა მოსეს მოკვლას; მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს, მივიდა მიდიანის ქვეყანაში და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.
16 . შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოვიდნენ, ამოხაპეს წყალი და აავსეს გობები მამისეული ფარის დასარწყულებლად.
17 . მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, გამოესარჩლა და ფარაც დაურწყულა.
18 . მოვიდნენ ქალები რეღუელთან, თავ-თავის მამასთან. ჰკითხა მამამ: "ასე ადრიანად რატომ დაბრუნდით დღეს?”
19 . მიუგეს: "ერთმა ეგვიპტელმა კაცმა დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიხაპა და ფარაც დაარწყულა”.
20 . უთხრა თავის ასულებს: "სად არის? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ”.
21 . და გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა. კაცმა კი თავისი ასული, ციფორა მიათხოვა ცოლად.
22 . და უშვა ქალმა ძე, რომელსაც გერშომი დაარქვა მოსემ, რადგან თქვა: "მწირი ვიყავი უცხო ქვეყანაში”.
23 . გავიდა დიდი დრო და მოკვდა ეგვიპტის მეფე; და ისე კვნესოდნენ დამონებული ისრაელის შვილები, რომ მათი გოდება ღმერთს მისწვდა.
24 . გაიგონა ღმერთმა მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
25 . მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.
1 . "აჰა, ეს ყოველივე იხილა ჩემმა თვალმა, ისმინა ჩემმა ყურმა და შეიგნო.
2 . რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, თქვენზე ნაკლები არა ვარ.
3 . მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, სურვილი მაქვს, რომ ვიდავო მასთან!
4 . თქვენ კი სიცრუის მთხზველნი და უსარგებლო მკურნალნი ხართ!
5 . ნეტავ სულ დადუმდებოდეთ, ეს იქნებოდა თქვენთვის სიბრძნე.
6 . ისმინეთ, გთხოვთ, ჩემი თავისმართლება და შეისმინეთ სამდურავი ჩემი ბაგისა.
7 . ნუთუ ღვთისთვის ილაპარაკებთ უმართლოდ და მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს?
8 . მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით?
9 . კარგი იქნება, თქვენც რომ გამოგიკვლიოთ; მასაც ისე მოატყუებთ, როგორც კაცი კაცს ატყუებს?
10 . უცილობლად გაგკიცხავთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.
11 . ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშის ზარი არ დაგტყდომიათ თავზე?
12 . ნაცარივითაა თქვენი დარიგებანი და თიხასავით - საყრდენი თქვენი.
13 . დადუმდით ჩემ წინაშე, რათა ვილაპარაკო და მეწიოს, რაც იქნება.
14 . რისთვის მეკავოს ჩემი ხორცი კბილებით და სიცოცხლე ხელებით?
15 . აჰა, მკლავს, მაგრამ მაინც მას მივენდობი, და მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე
16 . და ეს იქნება ხსნა ჩემთვის, რადგან უღმერთო კაცი ვერ მივა მის წინაშე.
17 . გულდასმით მოისმინეთ ჩემი ნათქვამი და ყურად იღეთ ჩემი სიტყვა!
18 . აჰა, სამსჯავრო გავმართე და ვიცი, რომ გავმართლდები.
19 . შემომედავება ვინმე? მაშინ დავდუმდები და მოვკვდები!
20 . მხოლოდ ორ რამეს ნუ მიზამ და არ დავემალები შენს სახეს.
21 . შენი ხელი მომარიდე და შენმა შიშის ზარმა არ შემაძრწუნოს!
22 . მაშინ მომიხმე და გიპასუხებ; ან მათქმევინე და შენვე გამეცი პასუხი!
23 . რა უმართლობა მაქვს და რამდენი ცოდვა? მაუწყე ჩემი ურჩობა და ცოდვა!
24 . სახეს რად მიმალავ, რატომ მიმიჩნევ შენს მტრად?
25 . ნუთუ მომწყდარ ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას დევნი?
26 . რადგან სიმწარეს წერ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სიჭაბუკის ცოდვებს მაზღვევინებ.
27 . ხუნდებს მადებ ფეხებზე, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას და ფეხდაფეხ მომყვები!
28 . მე კი დამპალივით ვიხრწნები, ჩრჩილით შეჭმული სამოსელივით!
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . გადარჩენილებმა მერეღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტა ერქვა.
2 . იქაურებმა უჩვეულო კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.
3 . პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა. სიცხის გამო გველი გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას.
4 . ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო”.
5 . მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია.
6 . ისინი კი ელოდნენ, დასივდება ან უცბად დაეცემაო მკვდარი. მაგრამ რაკი დიდი ხანი გავიდა და დაინახეს, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და ამბობდნენ, ღმერთი ყოფილაო.
7 . იმ ადგილას კუნძულის მთავარს, სახელად პოპლიოსს, მამული ჰქონდა. მან მიგვიღო და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა.
8 . პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.
9 . ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.
10 . მათ, თავის მხრივ, დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
11 . სამი თვის შემდეგ, დიოსკურიის ნიშნის მატარებელი ალექსანდრიული ხომალდით გავემგზავრეთ, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
12 . სირაკუზაში ჩავედით და სამი დღე დავყავით იქ.
13 . იქიდან წამოვედით და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პუტეოლისს მივაღწიეთ,
14 . სადაც ძმები ვნახეთ და მათი თხოვნით, შვიდ დღეს დავრჩით იქ, ხოლო შემდეგ რომში ჩავედით.
15 . იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ჩვენს შესახვედრად აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოვიდნენ. ისინი რომ დაინახა, პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა.
16 . როცა რომში მივედით, პავლეს უფლება მისცეს, თავისთვის ცალკე ეცხოვრა, მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
17 . სამი დღის შემდეგ პავლემ წარჩინებული იუდევლები მოიწვია. რომ შეგროვდნენ, უთხრა: "კაცნო, ძმანო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა წესების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც დამაპატიმრეს იერუსალიმში და რომაელთა ხელთ გადამცეს.
18 . მათ დამკითხეს და ჩემი გათავისუფლება მოინდომეს, ვინაიდან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მიმიძღვის;
19 . მაგრამ რაკი იუდეველნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრის სამსჯავრო მომეთხოვა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ხალხისთვის დამედო ბრალი.
20 . ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.
21 . მათ კი უთხრეს: "ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენზე რაიმე ბოროტი.
22 . მაგრამ გვსურს შენგან იმის მოსმენა, რას ფიქრობ, რადგან ვიცით, რომ ამ სექტას ყველგან ეწინააღმდეგებიან”.
23 . დღე დაუნიშნეს და ბევრი მივიდა მის სადგომში; პავლე დილიდან საღამომდე არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სამეფოზე და მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან იესოს შესახებ უდასტურებდა.
24 . ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარაკებს, სხვებმა კი არ ირწმუნეს.
25 . რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: "კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26 . მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
27 . რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
28 . ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
29 . ეს რომ თქვა, წავიდნენ იუდეველნი და დიდი მსჯელობა გამართეს ერთმანეთში.
30 . ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებში და ღებულობდა მასთან მიმსვლელებს;
31 . ღმერთის სამეფოს ქადაგებდა და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე.