1 . ილოცა ხანამ და თქვა: "ხარობს ჩემი გული უფალში და მომიმაღლა რქა უფალმა; ბაგე გამეხსნა მტრების წინააღმდეგ, რადგან ვხარობ შენმიერ ხსნაში.
2 . არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.
3 . აღარ ილაპარაკოთ ქედმაღლურად; კვეხნა ნუ გამოვა თქვენი ბაგეებიდან, რადგან ცოდნის ღმერთია უფალი, ის განსჯის ყველა საქმეს.
4 . ძლიერთა მშვილდი დაიმსხვრევა, უძლურნი კი ძალას შემოისარტყლავენ.
5 . მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი კი აღარ შიმშილობენ; უშვილომ შვიდი დაბადა; მრავალშვილიანი კი დაჭკნა.
6 . უფალი კლავს და აცოცხლებს, საფლავში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
7 . უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
8 . მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
9 . იცავს თავის წმიდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი.
10 . უფალი მოსპობს მის მოწინააღმდეგეთ, ციდან იგრგვინებს მათზე. უფალი განსჯის ქვეყნის კიდეებს, ძალას მისცემს თავის მეფეს და მოამაღლებს თავისი ცხებულის რქას!”
11 . წავიდა ელკანა რამათს, თავის სახლში, ყმაწვილი კი ყელი მღვდელთან დარჩა უფლის მსახურად.
12 . უღირსები იყვნენ ყელის ვაჟები, არ იცნობდნენ უფალს.
13 . არც მღვდლობის მოვალეობას ასრულებდნენ ხალხის წინაშე: როცა ვინმე საკლავს დაკლავდა, მივიდოდა ხორცის ხარშვისას მღვდლის მსახური სამკაპით ხელში.
14 . ჩაჰკრავდა ქვაბში, ან ქვაბქოთანში, ან ტაფაში, ანდაც ქილაში და ყველაფერი, რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდლის ძეს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ შილოში მიმსვლელ ყველა ისრაელიანელს.
15 . უფრო მეტიც: ქონის კმევამდეც მოდიოდა მღვდლის მსახური და ეუბნებოდა შესაწირის პატრონს: "შესაწვავი ხორცი მიეცი მღვდელს, მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი”.
16 . თუ ეტყოდა კაცი: "ჯერ ქონს ვაკმევ და მერე წაიღე, რაც გენებოსო,” მიუგებდა: "არა, ახლა მომეცი, თორემ ძალით წაგართმევ”.
17 . ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.
18 . ყმაწვილი სამუელი კი მსახურებდა უფლის წინაშე და სელის ეფოდი ემოსა.
19 . პატარა სამოსელს უმზადებდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ამოდიოდა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად.
20 . აკურთხებდა ხოლმე ყელი ელკანასა და მის ცოლს და ეტყოდა: "უფალმა მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა, უფლისთვის მიძღვნილის სანაცვლოდ!” და ბრუნდებოდნენ სახლში.
21 . მოხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ძე და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფლის წინაშე იზრდებოდა.
22 . ძალზე მოხუცდა ყელი; ესმოდა, როგორც ექცეოდნენ მისი ვაჟები ისრაელს, და როგორ წვებოდნენ იმ ქალებთან, რომლებიც კარვის კართან მსახურებისთვის იკრიბებოდნენ.
23 . ეუბნებოდა: "რატომ იქცევით ასე? ხალხისგან მესმის თქვენი ბოროტების ამბავი.
24 . არ გინდათ, შვილებო, არ არის კარგი, რაც მესმის: თქვენგან ირყვნება უფლის ერი.
25 . თუ კაცმა კაცს შესცოდა, უფალი უშუამდგომლებს, მაგრამ თუ უფალს შესცოდა კაცმა, ვინ უშუამდგომლებს?” და არ ისმინეს მამის სიტყვა, რადგან უფალმა ინება მათი დაღუპვა.
26 . ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და მადლს იხვეჭდა უფლისა და ხალხის თვალში.
27 . მივიდა ერთი ღვთისკაცი ყელისთან და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: განა მე არ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის მონობის სახლში ყოფნისას?
28 . ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა ტომიდან ჩემს მღვდლად, რომ ჩემს სამსხვერპლოზე ასულიყო კეთილსურნელების საკმევად და ჩემს წინაშე ეფოდის სატარებლად. მე მივეცი მამაშენის სახლს ისრაელიანთა მთელი საცეცხლო შესაწირი.
29 . რატომ თელავთ ფეხქვეშ ჩემს მსხვერპლსა და შესაწირს, მე რომ დავაწესე? რატომ ამჯობინე ჩემს თავს შენი შვილები, რომ სუქდებით ისრაელის, ჩემი ერის, შესაწირის საუკეთესო წილით?
30 . ამიტომ ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ნათქვამი მქონდა, რომ უკუნისამდე ივლიან ჩემს წინაშე შენი სახლი და მამაშენის სახლი. ამიერიდან, ამბობს უფალი, არამც და არამც! რადგან ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან!
31 . აჰა, დგება ჟამი და მოვკვეთ შენს მკლავს და მამაშენის სახლის მკლავს ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩება შენს სახლში.
32 . მეტოქეს დაინახავ ჩემს სამყოფელში, მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც ისრაელში მოხდება; შენს სახლში კი უკუნისამდე აღარ იქნება მოხუცებული.
33 . მაგრამ ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რათა თვალები დაგებინდოს და სული შეგიწუხდეს; და შენი სახლის მთელი ნამატი გაწყდება კაცობის ასაკში.
34 . და აჰა, ნიშანი, რომელიც შენს ორ ვაჟზე, ხოფნიზე და ფინხასზე აღსრულდება: ერთ დღეს მოკვდებიან ორივენი.
35 . და დავიდგენ ჩემთვის ერთგულ მღვდელს, რომელიც იმას აღასრულებს, რაც ჩემს გულსა და აზრშია. მყარ სახლს ავუშენებ და ივლის მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე.
36 . და ყოველი გადარჩენილი შენს სახლში, მივა მასთან, მოიდრიკება მის წინაშე ვერცხლის ფულისა და პურის ნატეხისთვის და ეტყვის: დამადგინე რაიმე სამღვდლო მსახურებაზე, რომ ვჭამო ლუკმაპური”.
1 . შემოკრიბა დავითმა ისრაელის ყველა მთავარი იერუსალიმში, მამისსახლთა თავკაცები, ჯარების სარდალნი, მეფის მსახურნი, ათასისთავნი, ასისთავნი, მეფისა და მისი ძეების მთელი ქონებისა და ჯოგის გამგებელნი, მეფისწულები თავისი საჭურისებით და ყველა მამაცი ვაჟკაცი.
2 . ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა: „მისმინეთ, ძმანო ჩემო და ხალხო ჩემო! გულში მქონდა უფლის აღთქმის კიდობნისთვის სამუდამო სახლისა და ჩვენი ღვთის ფეხთათვის კვარცხლბეკის აშენება; აჰა, ყველაფერი გავამზადე მშენებლობის დასაწყებად.
3 . მითხრა უფალმა: არ ააშენო ტაძარი ჩემს სახელზე, რადგან მებრძოლი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი!
4 . მამაჩემის მთელი სახლეულიდან გამომარჩია უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უკუნისამდე სამეფებლად ისრაელზე, რადგან იუდა გამოარჩია მმართველად, იუდას სახლში მამაჩემის სახლი აირჩია, მამაჩემის ძეთა შორის კი, ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე!
5 . ჩემი ყველა ვაჟიდან კი, ვინაიდან მრავალი ძე მომცა უფალმა, სოლომონი ამოირჩია, უფლის სამეფოს, ისრაელის ტახტზე დასასმელად.
6 . მითხრა: სოლომონი, შენი ძე, ის ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან ის ავირჩიე ჩემთვის ძედ და მე ვიქნები მის მამად.
7 . სამარადისოდ განვუმტკიცებ სამეფოს, თუ მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებსა და დადგენილებებს, როგორც დღეს იცავს!
8 . ახლა კი, მთელი ისრაელის, უფლის კრებულის წინაშე და ჩვენი ღმერთის გასაგონად ვამბობ: დაიცავით და გამოიკვლიეთ უფლის, თქვენი ღმერთის ყოველი მცნება, რათა დაიმკვიდროთ ეს ბარაქიანი ქვეყანა და დაუტოვოთ თქვენს ძეთ, თქვენ შემდეგ სამუდამოდ.
9 . შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას - იპოვი, თუ მიატოვებ - სამუდამოდ უარგყოფს.
10 . აჰა, შენ გამოგარჩია უფალმა, რათა სახლი აუშენო საწმიდრად, მტკიცედ იდექი და შეასრულე!”
11 . და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, კარიბჭის, მისი სახლების, ზედა სათავსების, ქორედების, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლის ნახაზები;
12 . ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც სულით უნდოდა, უფლის სახლის ეზოების, ირგვლივ თითოეული ოთახების, ღვთის ტაძრის საგანძურებისა და შეწირული ნივთების საგანძურებისა;
13 . მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის ყველა მსახურებისა და მისთვის საჭირო მთელი ჭურჭლისა;
14 . ოქროს ნივთებისა განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა, ვერცხლის ყველა ნივთისა, განსაზღვრული წონით, ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა.
15 . ოქროს სალამპრეებისა თავ-თავისი წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით და ვერცხლის სალამპრეებისა წონით, თითოეული სალამპრე, თავის სადგომზე წონის ნიშნულით, თითოეული სალამპრე თავისი სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ.
16 . ოქროს წონა, საწინაშეო პურის მაგიდისთვის, თითოეული მაგიდისთვის და ვერცხლიც, ვერცხლის მაგიდისთვის.
17 . ასევე სუფთა ოქრო ჩანგლების, თასებისა და ოქროს ფიალებისთვის ოქროსავე სარქვლებით, თითოეული სარქვლისთვის წონით, ასევე ვერცხლიც წონით, თითოეული სარქვლისთვის.
18 . და საკმევლის სამსხვერპლოსთვის ხალასი ოქრო, განსაზღვრული წონა და ეტლის გამოსახულება ოქროს ფრთებგაშლილი ქერუბებით, რომლებიც უფლის აღთქმის კიდობანს ფარავდნენ.
19 . და თქვა დავითმა: "ეს ყველაფერი უფლისგან არის, რაც ჩამაგონა აღსასრულებლად”.
20 . უთხრა დავითმა სოლომონს, თავის ძეს: „მტკიცედ იდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა და არ მიგატოვებს, უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე.
21 . და აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები ყოველგვარი მსახურებისთვის ღვთის სახლში და ყველა გულმოდგინე, ხელოსნობაში გაწაფული კაცი შენთან არის ყოველ საქმეში; ასევე ყველა მთავარი და მთელი ხალხი, შენს ბრძანებაზეა”.
1 . ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 . გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
3 . ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
4 . ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
5 . გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
6 . ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
7 . ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
8 . ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
9 . მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
10 . აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
11 . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
12 . მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
13 . ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
14 . ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
15 . აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
16 . ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
17 . ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
18 . ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
19 . ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
20 . ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
21 . განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
22 . ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
23 . გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
24 . დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
25 . "და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
26 . მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
27 . რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
28 . განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
29 . დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
30 . უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
31 . უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.
1 . მაშ, ვამბობ: ნუთუ უარყო თავისი ხალხი ღმერთმა? არამც და არამც! რადგან მეც ისრაელიანი ვარ, აბრაჰამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან.
2 . არ უარყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
3 . "უფალო! შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ”.
4 . მაგრამ რას ეუბნება მას ღმერთის პასუხი? "დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკავთ ბაყალის წინაშე”.
5 . ასევე ახლანდელ დროშიც, ღმერთის მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი.
6 . ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნებოდა მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის, თორემ საქმე აღარ არის საქმე.
7 . მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ.
8 . როგორც წერია: "მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”.
9 . და დავითიც ამბობს: "დაე, მახედ იქცეს მათი ტაბლა, ბადედ, საცდურად და შურისგებად,
10 . თვალები დაებინდოთ, რომ ვერ ხედავდნენ, ხოლო ხერხემალი მათი მუდამ მოხრილი იყოს”.
11 . მაშ, ვამბობ: ნუთუ იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დანაშაულით ხსნა ეწიათ წარმართებს, რათა შური აღძრულიყო მათში.
12 . და თუ მათი დანაშაული წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დაკნინება - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად დიდი იქნება მათი სავსება.
13 . ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14 . ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
15 . რადგან, თუ მათი განდევნა ღმერთთან ქვეყნიერების შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა მკვდართაგან სიცოცხლე?
16 . თუ ნათავარი წმიდაა, მაშ - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ - რტოც.
17 . ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი,
18 . ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
19 . შენ იტყვი: რტოები გადატყნენ, რათა მე დავმყნობილიყავიო!
20 . კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
21 . რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.
22 . ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.
23 . და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა.
24 . ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
25 . რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.
26 . და ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: "მოვა სიონიდან მხსნელი და უღმრთოებას ააცდენს იაკობს.
27 . ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს”.
28 . დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით - საყვარელნი მამების გულისათვის.
29 . რადგან არ იცვლება ღვთის ნიჭები და მოწოდება.
30 . ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობის გამო.
31 . ისე ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
32 . ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33 . ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
34 . რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?
35 . ან ვინ რა მისცა მას წინასწარ, რომ უკან დაუბრუნოს?
36 . რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ!
1 . და მეც, თქვენთან მოსვლისას, ძმებო, მაღალფარდოვანი სიტყვითა და სიბრძნით არ მოვსულვარ ღვთის მოწმობის გასაცხადებლად,
2 . რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
3 . ვიყავი თქვენთან უძლურებით, შიშითა და დიდი თრთოლვით.
4 . ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით,
5 . რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.
6 . ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან,
7 . არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.
8 . რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან; ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.
9 . მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.
10 . ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
11 . რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.
12 . ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
13 . რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
14 . მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
15 . ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
16 . ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!
1 . მსურს იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არც უხილავს ჩემი სახე.
2 . რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
3 . რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული.
4 . ამას იმიტომ გეუბნებით, რომ დამაჯერებელი მჭევრმეტყველებით არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
6 . ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში
7 . ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.
8 . იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
9 . ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
10 . და სრულქმნილნი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
11 . რომელშიც წინადაცვეთილნიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი ბუნების მოშორებით - ქრისტესმიერ წინადაცვეთაში.
12 . მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში - მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
13 . და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
14 . გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
15 . განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
16 . ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.
17 . ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესია.
18 . ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;
19 . არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც არის მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შეერთებული და უზრუნველყოფილი, და იზრდება ღვთიური ზრდით.
20 . თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით წუთისოფლის სტიქიებს, წუთისოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ:
21 . - ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები, -
22 . და რადგან ეს ყველაფერი კაცთა დადგენილებებისა და მოძღვრების მიხედვითაა, მათ გამოყენებას ხრწნილება მოაქვს,
23 . ყოველივე ამას მხოლოდ გარეგანი სახე აქვს სიბრძნისა; თვითნებურ მსახურებასა და თავმდაბლობაში, და სხეულის დაძაბუნებით - არა რაიმე ღირსებისათვის, არამედ ხორცის დასაკმაყოფილებლად.
1 . "ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია მარჯვენაში და ოქროს შვიდ სალამპრეს შორის მიმოდის:
2 . ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
3 . მოთმინებაც გაქვს და იტანჯე კიდეც ჩემი სახელის გულისთვის, და არ დაქანცულხარ.
4 . მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.
5 . ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.
6 . ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.
7 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.
8 . "სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
9 . ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.
10 . ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
11 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.
12 . "პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ორლესული მახვილი აქვს:
13 . ვიცი რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტი დგას, და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა, ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს.
14 . მაგრამ ცოტა რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან შენთან ისეთებიც, რომლებიც ბილყამის მოძღვრებას მისდევენ, ბალაკს რომ ასწავლა და აცდუნა ისრაელიანები, რათა კერპთშენაწირი ეჭამათ და ემეძავათ.
15 . ისეთებიც იმყოფებიან შენთან, ნიკოლაელთა მოძღვრებას რომ მისდევენ, მე რომ მძულს.
16 . მაშ, მოინანიე, თორემ მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
17 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მივცემ გამარჯვებულს დაფარულ მანნას და მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც მიმღების გარდა არავინ იცის”.
18 . "თიატირას ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ძე ღვთისა, ვისი თვალებიც ცეცხლის ალს წააგავს, ხოლო მისი ფეხები ელვარე სპილენძივითაა:
19 . ვიცი შენი საქმეები, სიყვარული, რწმენა, მსახურება და მოთმინება; და რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირველზე მეტია.
20 . მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ თავის ნებაზე უშვებ დედაკაც იეზაბელს, თავის თავს წინასწარმეტყველს რომ უწოდებს, და ასწავლის და აცდენს ჩემს მორჩილთ, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ.
21 . მე მივეცი დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძავობა.
22 . აჰა, დავაგდებ მას სარეცელზე. ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძავობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს.
23 . სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებსა და გულებს; და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.
24 . ხოლო დანარჩენებს, თიატირაში რომ იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იციან სატანის სიღრმეები - როგორც ისინი ამბობენ - სხვა ტვირთს აღარ გაკისრებთ.
25 . რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე.
26 . ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას ერებზე;
27 . და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან თიხის ჭურჭელივით, ისევე, როგორც მე მივიღე მამისგან.
28 . და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
29 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს”.
1 . 1. შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულნო, შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი. 2. რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი. 3. რადგან მრუდე ზრახვები უფალს გვაშორებს და გამოცდა მისი ძლიერებისა ამხელს უგუნურებას. 4. რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს. 5. რადგან სიბრძნის წმიდა სული მზაკვრობას გაექცევა, განუდგება უგუნურ ზრახვებსაც და მოწევნული უსამართლობისა შერცხვება. 6. კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით, რადგან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, მისი გულის მართალი მეთვალყურე და მსმენელი მისი ენისა. 7. რადგან ქვეყნიერება აავსო უფლის სულმა და ყოვლისმპყრობელმა ყოველი ნათქვამი უწყის. 8. ამიტომაც უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო. 9. რადგან ზრახვანი უღვთოსი გამოიძიება და უფლის სმენამდე ააღწევს მისი სიტყვები სამხილებლად. 10. რადგან შურისმგებლის ყური ყოველთვის ისმენს და გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება. 11. ფუჭ დრტვინვას ერიდეთ და მოეშვით ავსიტყვაობას, რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს. 12. ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ. 13. რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს; 14. რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. 15. რადგან უკვდავია სამართლიანობა, 16. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და, მასთან დამოყვრებულნი, დაიშრიტნენ, აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ.
1 . 1. უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული შეწუხებული შემოგღაღადებს შენ. 2. შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე, 3. რადგან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ჩვენ კი - საუკუნოდ დაკარგულები. 4. უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისა, შეისმინე ვედრება ისრაელის მკვიდრებისა და მათი შვილებისა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე, რომელთაც არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათის ღვთისა, და აგვეწება ჩვენ უბედურებანი. 5. ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს, არამედ გაიხსენე შენი ხელი და შენი სახელი ამ ჟამს, 6. რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და გადიდებთ შენ, უფალო. 7. რადგან მოგვეცი შენი შიში ჩვენს გულებში, რომ მოვუხმოთ შენს სახელს და გადიდოთ შენ ჩვენს გადასახლებაში, რადგან განვდევნეთ ჩვენი გულებიდან ყველა ჩვენი მამა-პაპის უსამართლობა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე. 8. აჰა, დღეს ჩვენს გადასახლებაში ვართ, სადაც გაგვფანტე ჩვენს შესაგინებლად და შესაჩვენებლად, და დასასჯელად ყველა უსამართლობის გამო ჩვენი მამა-პაპისა, რომელნიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს. 9. ისმინე, ისრაელ, მცნებანი ცხოვრებისა, ყურად იღე ჩასაწვდომად სიბრძნისა. 10. რა არის ეს, ისრაელ, რომ მტრის მიწაზე ხარ, რომ დაბერდი უცხო მიწაზე. 11. წაიბილწე მკვდრებთან ერთად, შეირაცხე ჯოჯოხეთში მყოფთა შორის? 12. შენ დატოვე წყარო სიბრძნისა. 13. ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით დამკვიდრდებოდი საუკუნოდ. 14. ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის გაგება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა. 15. ვინ იპოვა მისი ადგილი და ვინ შევიდა მის საუნჯეში? 16. სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის ცხოველთა მეუფენი, 17. ისინი, რომელნიც ზეცის ფრინველებით იქცევდნენ თავს, მომხვეჭელნი ოქრო-ვერცხლისა, რომელთა იმედი აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭას ბოლო არ უჩანს; 18. ან ისინი, ვერცხლს რომ ამუშავებდნენ და ერთ ზრუნვაში იყვნენ, რომელთა ნახელავი აღარსად ჩანს? 19. გაქრნენ და ჯოჯოხეთში ჩავიდნენ და სხვანი გამოჩდნენ მათ სანაცვლოდ. 20. ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ მიწაზე, მაგრამ ცოდნის გზა ვერ ისწავლეს; 21. ვერც მისი ბილიკები გაიგნეს და ვერც მას ჩასწვდნენ; მათი შვილები შორს იყვნენ მისი გზისგან. 22. არც ქანაანში გაისმა იგი და არც თემანში გამოჩნდა; 23. ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ, ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები. 24. ო, ისრაელ, რა დიდია ღვთის სახლი და რა ვრცელია მისი სამფლობელო! 25. დიდია იგი და არა აქვს დასასრული, მაღალია და განუსაზღვრელი. 26. იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა. 27. მაგრამ ისინი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა მიუცია მათთვის; 28. დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურებით. 29. ვინ ავიდა ზეცად, ვინ აიღო სიბრძნე და ჩამოიტანა ღრუბლებიდან? 30. ვინ გავიდა ზღვის გაღმა და მოიპოვა, და წამოიღო იგი, რჩეულ ოქროზე უმჯობესი? 31. არავინაა შემმეცნებელი მისი გზისა და არც გულისხმისმყოფელი მისი ბილიკისა, 32. მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით, 33. ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით; 34. ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს; 35. მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს. 36. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. 37. მან იპიავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. 38. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის.
1 . ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2 . ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
3 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
5 . და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
6 . მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
7 . მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
8 . მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
9 . იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
10 . თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11 . ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12 . იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
13 . დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14 . სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15 . მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
16 . იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17 . ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
18 . რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
19 . და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
20 . თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
21 . ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
22 . ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
23 . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24 . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
25 . ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26 . ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
27 . ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28 . აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
29 . ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
30 . ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 . და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
32 . თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33 . თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
34 . თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
35 . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
36 . იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37 . ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38 . მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
39 . იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40 . მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
41 . და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
42 . ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
43 . არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44 . რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
45 . კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
46 . რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47 . ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
48 . იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
49 . ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.