1 . გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
2 . ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
3 . შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
4 . შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
5 . შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
6 . მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
7 . ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
8 . ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
9 . რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
10 . შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
11 . ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
12 . ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
13 . პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
14 . ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
15 . გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
16 . რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
17 . მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
18 . ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
19 . და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
20 . გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
21 . მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
22 . ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
23 . უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
24 . რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
25 . შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
26 . ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
27 . გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
28 . რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
29 . ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
30 . შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
31 . მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
1 . გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი. აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.
2 . როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.
3 . ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.
4 . აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
5 . მამა ობოლთა და მსაჯი ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
6 . ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
7 . ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,
8 . დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.
9 . ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.
10 . შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო.
11 . უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.
12 . ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.
13 . თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.
14 . როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.
15 . მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.
16 . რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
17 . ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.
18 . შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.
19 . კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი. სელა.
20 . ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები.
21 . მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს.
22 . თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,
23 . რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას;
24 . ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,
25 . წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,
26 . კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.
27 . იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.
28 . შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.
29 . შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.
30 . შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით.
31 . მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
32 . ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.
33 . ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
34 . მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში.
35 . საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
1 . უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
2 . ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
3 . ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
4 . გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
5 . მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.
6 . გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
7 . შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო.
8 . მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის, უფალო!
9 . რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.
10 . უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
11 . შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.
12 . იმხიარულეთ, წმიდანებო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი.
1 . უფლის სიტყვა, რომელიც მორეშეთელ მიქას მიმართ იყო იუდას მეფეების - იოთამისა და ახაზის დღეებში, სამარიასა და იერუსალიმზე რომ იხილა.
2 . ისმინე, ყველა ერო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
3 . რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოვა და ფეხქვეშ გათელავს დედამიწის სიმაღლეებს.
4 . მთები დადნებიან მის ქვეშ და ველები გაიპობიან, როგორც ცვილი ცეცხლში, როგორც ციცაბოდან ვარდნილი წყალი.
5 . იაკობის დაუმორჩილებლობისა და ისრაელის სახლის ცოდვის გამოა ეს ყველაფერი. რა არის იაკობის დაუმორჩილებლობა? განა სამარია არ არის? რა არის იუდას მაღლობი? განა იერუსალიმი არ არის?
6 . ქვის გროვად ვაქცევ ველზე სამარიას, ვენახის გასაშენებელ ადგილად; ტრამალზე გადავყრი მის ქვებს და მის საძირკვლებს გავაშიშვლებ.
7 . მისი ყველა კერპი დაიმსხვრევა, მისი ყველა შესაწირი ცეცხლში დაიწვება; გავანადგურებ მის ყველა ქანდაკს, რადგან მეძავობის გასამრჯელოთი აგროვებდა და მეძავობის გასამრჯელოთივე დაუბრუნდება მათ.
8 . ამაზე ვიგლოვებ და მოვყვები მოთქმას, ფეხშიშველი და ტიტველი ვივლი, ტურასავით ვიკივლებ და სირაქლემასავით ვიკვნესებ.
9 . რადგან განუკურნებელია მისი ჭრილობები, რადგან იუდას მიადგა და ჩემი ხალხის კარიბჭესაც, თვით იერუსალიმსაც უწია.
10 . ნუ ილაპარაკებთ გათში, ნუ იტირებთ ბეთ-ლეყაფრაში; მტვერში გაგორდით.
11 . წადი შენს გზაზე, შაფირის მკვიდრო, შიშველი და შერცხვენილი. ვერსად გაიქცევა ცაანანის მკვიდრი; გლოვაა ბეთ-ეცელში; არ არის შემწეობა.
12 . სიკეთის მოლოდინში დაუძლურდა მაროთის მკვიდრი, მაგრამ უბედურება ჩამოვიდა უფლისგან იერუსალიმის კარიბჭეზე.
13 . ეტლში შეაბა ბედაურები ლაქიშის მკვიდრმა; ის არის ცოდვის დასაბამი სიონის მკვიდრისთვის, რადგან მასში აღმოჩნდა ისრაელის დანაშაულებანი.
14 . ამიტომ მორეშეთ-გათს გაუგზავნი განშორების ძღვენს. არ არიან სანდონი აქზიბის სახლები, სიცრუედ ექცევიან ისინი ისრაელის მეფეებს.
15 . ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშას მკვიდრო, ყადულამამდე მიაღწევს ისრაელის დიდება.
16 . თავი მოიტიტვლე, თმა შეიჭერი შენი სანუკვარი შვილების გამო; არწივივით გაქაჩლდი, რადგან განდევნილნი იქნებიან ისინი შენგან.