1 .
იაკობი, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.
2 .
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
3 .
რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;
4 .
მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
5 .
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
6 .
ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.
7 .
ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.
8 .
გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.
9 .
თავმდაბალი ძმა კი იქოს თავისი სიმაღლით,
10 .
მდიდარი - თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც მინდვრის ყვავილი.
11 .
ვინაიდან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზაზე.
12 .
ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
13 .
ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღმერთი მცდისო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს აცდუნებს.
14 .
არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
15 .
როცა ჩაისახება გულისთქმა, შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.
16 .
ნუ ტყუვდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
17 .
ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
18 .
მან თავისი ნებით გვშვა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.
19 .
ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი, სიტყვაში - მძიმე და რისხვაში - ნელი.
20 .
რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.
21 .
ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.
22 .
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
23 .
რადგან თუ ვინმე სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს;
24 .
შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.
25 .
მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მქმნელი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.
26 .
თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღმერთის მსახურია, ენას კი არ აილაგმავს, არამედ ატყუებს თავის გულს, მისი მსახურება ფუჭია.
27 .
ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.