1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . "როდესაც მტრის წინააღმდეგ გახვალთ საბრძოლველად და დაინახავთ თქვენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ცხენებსა და ეტლებს, არ შეშინდეთ, რადგან თქვენთანაა უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
2 . როგორც კი მოახლოვდება ბრძოლა, წარდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს.
3 . უთხრას მათ: ისმინე, ისრაელ! დღეს შეებრძოლებით თქვენს მტრებს; ნუ დაგისუსტდებათ გულები, ნუ შეშინდებით, ნუ შეძრწუნდებით და ნუ აცახცახდებით მათ წინაშე,
4 . რადგან უფალი, თქვენი ღმერთი გამოდის თქვენს მტრებთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ.
5 . უთხრან ზემდეგებმა ხალხს: თუ ვინმემ სახლი აიშენა და ჯერ არ უზეიმია ახალსახლობა, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ იზეიმოს მის ნაცვლად ახალსახლობა.
6 . თუ ვინმემ ვენახი დარგო და ჯერ არ უგემია, დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ მიითვისოს იგი.
7 . თუ ვინმემ ქალი დანიშნა და ჯერ არ შეურთავს იგი, დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა არ მოკვდეს ბრძოლაში და სხვამ არ წაიყვანოს იგი.
8 . ელაპარაკონ ზემდეგნი ხალხს და ესეც უთხრან: თუ ვინმე მშიშარაა და გულით მხდალი, დაუბრუნდეს სახლს, რათა თავის მოძმეთაც არ დაუდნოს გული.
9 . როგორც კი დაასრულებენ ზემდეგნი ხალხთან ლაპარაკს, დაუნიშნეთ ლაშქარს სარდლები, ხალხის გასაძღოლად.
10 . როცა საომრად მიუახლოვდებით ქალაქს, ჯერ მშვიდობა გამოუცხადე მას.
11 . თუ მშვიდობით გიპასუხებენ და გაგიღებენ კარიბჭეს, მაშინ გახდება იქ მყოფი ხალხი თქვენი მოხარკე და მორჩილი.
12 . 12 ხოლო თუ არ დაგთანხმდა და შეგებრძოლა, მაშინ ალყაში მოიქციე იგი;
13 . და როცა ხელში ჩაგიგდებთ მათ უფალი, თქვენი ღმერთი, მახვილით განგმირეთ ყოველი მისი მამაკაცი.
14 . ხოლო ქალები, ბავშვები, საქონელი და ქალაქის მთელი ნადავლი დაიტაცეთ და ჭამეთ თქვენი მტრის დოვლათი, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
15 . ასევე მოექეცით ყველა შორეულ ქალაქს, რომელიც არ არის ამ ხალხების ქალაქთაგანი.
16 . ამ ხალხთა ქალაქებში კი რომლებსაც გაძლევთ სამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი, არ აცოცხლოთ არც ერთი სული.
17 . პირწმინდად გაანადგურეთ ისინი: ხეთელები და ამორელნი, ქანაანელნი და ფერიზელნი, ხივიელნი და იებუსელნი, როგორც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
18 . რათა არ გასწავლონ ყველა თავისი სისაძაგლის კეთება, რასაც აკეთებდნენ თავისი ღმერთებისთვის და არ შესცოდოთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე.
19 . თუ ქალაქი მრავალი დღე გეყოლებათ ალყაში და ეომებით, რათა დაიპყროთ იგი, ცულით ნუ მოსპობთ მის ხეებს, რათა გამოიკვებოთ მათგან, ნუ აჩეხავთ მათ, მინდვრის ხე კაცი ხომ არ არის, ციხე-სიმაგრეში რომ გაგერიდოს?
20 . ხოლო ხეები, რომლებზეც იცი, რომ არაა ნაყოფიერი, მოსპეთ და აჩეხეთ, რათა გასამაგრებლად გამოიყენოთ იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვით, ვიდრე დაიმორჩილებდეთ.
1 . "თუ ნახავ მოკლულს ან ველზე დაცემულს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, და არავის ეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2 . უნდა გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა;
3 . რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ უზიდია,
4 . ჩაიყვანონ დეკეული იმ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ მას ამ ხევში.
5 . მივიდნენ ახლოს ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით და მათი პირით წყდება ყველა დავა და ყველა ზარალი.
6 . მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა ხელი დაიბანოს ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე,
7 . ილაპარაკებენ და იტყვიან: ჩვენს ხელს არ დაუღვრიაო ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ დაუნახავს;
8 . მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი.
9 . უნდა მოაშორო უდანაშაულო სისხლი შენს წიაღს, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10 . როცა ომში შენი მტრის წინააღმდეგ გახვალ, ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი და წამოასხამ ტყვეებს,
11 . დაინახავ ტყვეთა შორის მშვენიერი გარეგნობის ქალს, ისურვებ მას და ცოლად წაყვანას დაუპირებ;
12 . მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,
13 . გაიხადოს ტყვეობის სამოსელი, დარჩეს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეუღლდით და გახდება შენი ცოლი.
14 . თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ფულზე არ გაყიდო, მონასავით არ მოექცე, რადგან დაიმორჩილე იგი.
15 . თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,
16 . ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;
17 . არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18 . თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა,
19 . მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე.
20 . უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21 . ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.
22 . თუ სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს კაცი, მოკლავენ მას და ჩამოკიდებენ ხეზე.
23 . არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
1 . "როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ ჰპოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში - დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან.
2 . დატოვებს ქალი მის სახლს, წავა და გახდება სხვა კაცის ცოლი;
3 . თუ მეორე ქმარმაც მოიძულა იგი, დაუწერა განქორწინების წერილი, მისცა და გაუშვა თავისი სახლიდან ან მოუკვდა ეს მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად შეირთო ქალი,
4 . პირველ ქმარს, რომელსაც გაშვებული ჰყავდა, აღარ შეუძლია მისი ხელახლა ცოლად შერთვა, მას შემდეგ, რაც წაიბილწა იგი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე; ნუ ჩააგდებთ ცოდვაში ქვეყანას, რომელსაც გაძლევთ დასამკვიდრებლად უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . თუ ცოლი ახალი შერთული ყავს კაცს, ლაშქარში ნუ გააგზავნით და ნურაფერს დაავალებთ; იყოს ერთი წელი თავისუფლად თავის სახლში და გაახაროს ცოლი, რომელიც შეირთო.
6 . ნურავინ აიღებს წისქვილსა და დოლაბს გირაოდ, რადგან სიცოცხლეს იღებს იგი გირაოდ.
7 . თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც თავისი მოძმე ისრაელიანი გაიტაცა, დაიმონა და გაყიდა, დაე მოკვდეს გამტაცებელი; ასე ამოშანთეთ ბოროტი თქვენგან.
8 . გაფრთხილდი, გულდასმით და იცავი კეთროვნების წყლულის მთელი რჯული, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები; როგორც მე ვუბრძანე მათ, ისე დაიცავით და აღასრულეთ.
9 . გახსოვდეს, რა უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას.
10 . თუ რაიმეს ასესხებ მოყვასს, არ შეხვიდე მასთან სახლში გირაოს წამოსაღებად,
11 . გარეთ დაელოდე და იქ გამოგიტანს შენი მოვალე გირაოს.
12 . თუ ღარიბია კაცი, შენთან ნუ გაათევინებ ღამეს გირაოს.
13 . დაუბრუნე გირაო მზის ჩასვლისას, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; გაკურთხებს და სიმართლედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
14 . ნუ შეავიწროებ დაქირავებულ მუშას, ღარიბსა და გლახაკს, შენი მოძმე იქნება თუ ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანასა და კარიბჭეშია.
15 . იმავე დღეს მიეცი თავისი ქირა, სანამ მზე ჩავა, რადგან ღარიბია იგი და მასზეა დანდობილი; თორემ შეღაღადებს შენზე უფალს და დაგედება ცოდვა.
16 . ნუ მოკვდებიან მამები შვილების ცოდვებისთვის და შვილები - მამების ცოდვებისთვის; კაცი მხოლოდ თავისი ცოდვების გამო უნდა მოკვდეს.
17 . ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.
18 . გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში და იქიდან გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა; ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
19 . ყანის მკისას ძნა თუ დაგავიწყდა მინდორში, მის წამოსაღებად ნუღარ დაბრუნდები; ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის იყოს, რათა გაკურთხოს ყოველ საქმეში უფალმა, შენმა ღმერთმა.
20 . როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, ხეზე მონარჩენს ნუღარ დაუწყებ ძებნას: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
21 . როცა შენი ვენახის მოსავალს მოკრეფ, დარჩენილს ნუღარ ააგროვებ: ხიზნის, ობლისა და ქვრივისთვის დარჩეს.
22 . გახსოვდეს, მონა იყავი ეგვიპტეში, ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვის შესრულებას.
1 . ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: "მოდი - სახელით მოუხმო - აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა.
2 . მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.
3 . უთხრა ნათესავს: "მოაბის ველიდან დაბრუნებული ნაყომი, მინდვრის ნაკვეთს ჰყიდის, რომელიც ჩვენს ძმას - ელიმელექს ეკუთვნოდა.
4 . ვიფიქრე, შემეტყობინებინა შენთვის ეს ამბავი და მეთქვა: იყიდე ეს ნაკვეთი აქ მსხდომთა და ჩემი ხალხის უხუცესთა წინაშე. თუ გამოისყიდი, გამოისყიდე და თუ არ გამოისყიდი, მითხარი, რადგან არავის არა აქვს უფლება ის ნაკვეთი შენზე წინ გამოისყიდოს, შენ შემდეგ კი მე ვარ”. უთხრა მას ნათესავმა: "თანახმა ვარ, გამოვისყიდი”.
5 . თქვა ბოყაზმა: "როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.
6 . თქვა იმ ნათესავმა: "ვერ გამოვისყიდი, ვაითუ დავაქციო ჩემი სამკვიდრო, შენს თავზე აიღე გამოსყიდვის უფლება, მე ვერ გამოვისყიდი”.
7 . იმ დღეებში ასეთი წესი იყო ისრაელში: ყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს, ერთი მათგანი გაიძრობდა ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
8 . უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: "შენ იყიდე”. და გაიძრო ფეხსამოსი.
9 . უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: "მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს.
10 . ხოლო მოაბელ რუთს, მახლონის ცოლს, ცოლად გამოვისყიდი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რათა არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი თავის მოძმეთა შორის და მისი სამკვიდრებლის კარიბჭესთან. ამის მოწმენი ხართ თქვენ დღეს!
11 . უთხრეს ქალაქის კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: "მოწმენი ვართ! უფლის მიერ იყოს შენს სახლში შემომავალი ქალი, როგორც რახელი და როგორც ლეა, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი; შეგძინოს სიმდიდრე ეფრათში და სახელი გაგითქვას ბეთლემში!
12 . იყოს შენი სახლი, ფერეცის სახლივით, რომელიც თამარმა უშვა იუდას, იმ თესლიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილქალისგან”.
13 . წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.
14 . დედაკაცებმა უთხრეს ნაყომის: "კურთხეულია უფალი, რომელმაც არ დაგტოვა უმემკვიდრეოდ! სახელოვანი იყოს იგი ისრაელში!
15 . სიცოცხლეს განგიახლებს და მარჩენლად გეყოლება სიბერეში, რადგან შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია, გიშვა იგი”.
16 . აიყვანა ნაყომიმ ბავშვი, კალთაზე დაიწვინა და გახდა მისი გამდელი.
17 . სახელი მეზობელმა ქალებმა დაარქვეს, თქვეს: "ძე შეეძინა ნაყომის”. და დაარქვეს სახელად ყობედი. ის იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
18 . აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
19 . ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინადაბი,
20 . ყამინადაბმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი,
21 . სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
22 . ყობედმა შვა იესე და იესემ შვა დავითი.